სამ-გზის ნათლის-ცემასა გვასწავებს ჩვენ ერთ ნათლის-ღებად, სამ-გზის შთაყვანებასა ემბაზსა შინა და აღმოყვანებასა. თვითოეულსა შთასლვასა და აღმოყვანებასა ზედა ვიტყვით თვითეულსა სახელსა ყოვლადწმიდისა სამებისასა, და ნუ ერთი ნათლისღებაი სიკვდილისა მიმართ უფლისა აღსრულებული, ვითარმცა ერთ-გზის შთაიყვანებოდენ სანათლოსა შინა და არა ერთ-გზის შთაიყვანთ მსგავსად სიკვდილისა უფლისა, ვითარ-იგი იტყვიან ევნომიანნი მწვალებელნი, ვითარცა მეორისა კრებისა მეშვიდე კანონი მოიხსენებს, რამეთუ არა თქვა უფალმან, ვითარმედ სიკვდილისა მიმართ ჩემისა ნათელ-სცემდით, არამედ: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა“.
.
რომელმანცა ეპისკოპოსმან ანუ მღვდელმან ესე ესრეთ არა აღასრულოს, – განიკვეთოს.
ჯერ-არს, რათა ნათელ-სცემდენ სახელსა ზედა მამისა და ძისა და წმიდისა სულისასა, სიტყვისაებრ უფლისა, და არა სამსა დაუსაბამოსა, არცა სამსა ძესა და არცა სამსა ნუგეშინის-მცემელსა; არამედ ერთი არს დაუსაბამო მამა, უმიზეზო, და ერთი არს ძე, გამოუთქმელად შობილი, და ერთი ნუგეშინის-მცემელი სული წმიდა, რომელი უშობელისაგან მამისა გამოვალს.
.
რომელიცა ესრეთ არა აღასრულებდეს ეპისკოპოსი ანუ მღვდელი, განიკვეთოს.
ესენი ორ წილად განიყოფის, ერთი რომლისა ჯერ-არს ემბაზისა ქმნა, და მეორისა უემბაზოდ მირონის ცხება. არიანოზთა, მაკედონიანთა, სავატიანელთა, ნავატიანელთა, რომელნი იტყვიან თავსა თვისსა წმიდად, მარცხენეთა მეათოთხმეტელთა, ანუ მეოთხშაბათეთა და აპოლინარიანთა – ამათ ყოველთა ემბაზი ჩვენი თანასწორი აქვთ და ამათი არა ჯერ-არს ემბაზისა ქმნა. პირველად, რათა მათ ხელით-წერილნი და თვისი წვალებანი შეაჩვენებინონ და მერმე წმიდა მირონი სცხონ, პირველად შუბლსა, თვალთა, საყნოსელთა, პირსა და ყურთა სცხებდეს და იტყოდეს ამას: „ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ“. ევნომიანნი, რომელნიცა დასავლეთისაკენ ნათელ-სცემენ ერთ-გზის შთაყოფითა, და მონტანისტის, რომელსა უწოდიან ფრიგვიელად და საბელიანოზნი, რომელნი ჰქადაგებენ ძესა მამად და რომელნი მახლობელ არიან მათ თანა, ესენი არა შორს არიან კერპთაგან უნათლავთა; და რაჟამს მოვიდენ ესენი კათოლიკე ეკლესიასა შინა, უკეთუ არა ნათელ-უღებიეს, მსგავსად წესისაებრ ქრისტიანეთასა, ნათელ-სცენ მას.
მღვდელმან შეჰბეროს ყრმასა მას 3-გზის, და გამოსახოს მას ზედა სახე ჯვარისა, დასდვას ხელი თავსა ზედა ყრმასა მას, და იტყოდეს ლოცვასა ამას:
.- უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
.- სახელითა შენითა, უფალო ღმერთო ჭეშმარიტებისაო, და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა და წმიდისა სულისა შენისათა, დავსდებ ხელსა ჩემსა მონასა ამას შენსა ზედა (სახელი), რათა ღირს-იქმნას მოლტოლვად წმიდისა სახელისა შენისა და დაცვად საფარველსა ფრთეთა შენთასა, რათა განეშოროს ამისგან ძველი იგი საცთური, და აღივსოს ესე შენდა მომართ სარწმუნოებითა, სასოებითა, და სიყვარულითა. რათა ცნას, რამეთუ შენ ხარ მხოლო ჭეშმარიტი ღმერთი, და მხოლოდშობილი ძე შენი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და წმიდა სული შენი. და მოეც ამას ყოველთა შინა მცნებათა შენთა სლვა, და სათნოებათა დაცვად. რამეთუ უკეთუ ქმნას ესე კაცმან, ცხოვნდეს მას შინა. და დასწერე ესე წიგნსა მას შინა ცხოველთა შენთასა, და შეაერთე ესე სამწყსოსა სამკვიდრებელისა შენისასა, და დიდებულ ყავ სახელი შენი წმიდა ამის შორის, და საყვარელისა ძისა შენისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა. და იყავნ თვალნი შენი ამას ზედა წყალობით, და ყურნი შენნი სმენად ლოცვასა ამისსა, მხიარულ ყავ ესე საქმითა ხელთა ამისთათა, და თანად ყოველნი ნათესავნი ამისნი, რათა აღგიარონ შენ და თაყვანის-გცენ, და ადიდებდენ სახელსა შენსა დიდსა და მაღალსა, და გიგალობდენ მარადის, ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მათისათა. რამეთუ შენ გიგალობენ ყოველნი ძალნი ცათანი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
შეგრისხებს შენ უფალი, ეშმაკო, რომელი მოვიდა სოფლად, და დაემკვიდრა კაცთა შორის, რათა შენი დაამხოს ძლიერება, და კაცნი გამოიხსნნეს, რომელმან ძელსა ზედა წინააღმდგომნი ძალნი განაქარვნა. მზე დააბნელა, და ქვეყანა სძრა, საფლავნი აღახუნა, და გვამნი წმიდათანი აღადგინნა. რომელმან იგი დახსნა სიკვდილითა სიკვდილი და განაქარვა, რომელსა იგი აქუნდა ხელმწიფება სიკვდილისა, ესე იგი არს შენი, ეშმაკო. გაფუცებ შენ ღმრთისა მიმართ, რომელმან აჩვენა ძელი ცხოვრებისა, და უბრძანა ქერუბიმსა მოტყინარესა, და მახვილსა იქცევისსა დაცვად მისსა. შერისხებულ იქმენ და წარვედ, რამეთუ მისა მიმართ გაფუცებ შენ, რომელი ვიდოდა წყალთა ზედა ზღვისათა, ვითარცა ხმელსა ქვეყანასა და შერისხნა ღელვასა ქართასა. რომლისა მიხედვითა განხმებინ უფსკრულნი, და შიშისაგან შეიძრვიან მთანი. რამეთუ იგივე თავადი გიბრძანებს ჩვენ მიერ აწ, გამოვედ, შეშინდი, განეშორე დაბადებულისა ამისგან, და ნუ უკუ-მოიქცევი, და ნუცა დაიმალვი ამას თანა, და ნუცა შეემთხვევი ამას, გინა შემთხვევით, გინა კვეთებით, ნუცა ღამით, ნუცა დღისით, გინა ჟამსა, გინა შუადღე. არამედ წარვედ თვისსა ტარტაროზსა, რომელი განმზადებულ არს შენთვის დიდსა მას დღესა სასჯელისასა. გეშინოდენ ღმრთისა მიმართ, რომელი ჰზის საყდართა ზედა ქერუბიმთასა, და ხედავს უფსკრულთა, რომლისაგან ძრწიან ანგელოსნი, მთავარანგელოსნი, საყდარნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ძალნი, და მრავალთვალნი ქერუბიმნი, და ექვს-ექვსფრთენი სერაფიმნი, რომლისაგან ძრწიან ცანი, და ქვეყანა, ზღვა, და ყოველი რა არს მას შინა. გამოვედ, და განეშორე აღბეჭდულისა ამისგან ახლისა მხედრისა, ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა. და მისა მიმართ გაფუცებ, რომელი ვალს ფრთეთა ზედა ქართასა და ხედავს უფსკრულთა, რომელმან შეჰქმნნა ანგელოსნი მისნი სულად და მსახურნი მისნი ალად ცეცხლისა, გამოვედ და წარვედ დაბადებულისა ამისგან მისისა, და მივედ ყოველთა ძალთა და ანგელოსთა შენთა თანა. რამეთუ დიდებულ არს სახელი მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
ღმერთმან წმიდამან და საშინელმან და დიდებულმან, რომელი ყოვლითა საქმითა და ძალითა მისითა მიუწვდომელ არს და გამოუკვლეველ, მან თავადმან განაჩინა შენი, ეშმაკო, საუკუნესა მას სატანჯველსა შინა გვემა, და გიბრძანებს შენ ჩვენ მიერ, უხმართა მონათა მისთა და ყოველთა თანაშემწეთა ძალთა შენთა, განშორებად ახალ აღბეჭდულისა ამისგან, სახელსა ზედა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, და ჭეშმარიტისა ღმრთისა ჩვენისა. შეგრისხენინ შენ ყოვლად-ბოროტო და არაწმიდაო, ბილწო, და ამაო, სულო უცხოო, ძალითა იესო ქრისტესითა, რომელსა ყოველივე ხელმწიფება აქვს ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, რომელმან ჰრქვა ყრუსა მას და უტყვსა ეშმაკსა: გამოვედ კაცისა ამისგან, და ნურღარა შეხვალ ამისსა. განეშორე და უწყოდე შენი ამაო ძალი, რამეთუ ღორთაცა ზედა არა გაქვს ხელმწიფება, მოიხსენე, რომელმან იგი გიბრძანა შენ კოლტსა მას ღორთასა შესლვად. გეშინოდენ ღმრთისა, რომლისა ბრძანებითა ქვეყანა წყალთა ზედა დამტკიცებულ არს, რომელმან შეჰქმნნა ცანი და მთანი, და აღსწონნა მთანი სასწორითა, და ბორცვნი უღლითა სასწორისათა, დასდვა ქვიშა საზღვრად ზღვისა, და წყალთა მრავალთა განუწესა ალაგი კრძალულად. რომელი შეახებს მთათა და კუმოდიან. რომელმან შეიმოსა ნათელი ვითარცა სამოსელი. რომელმან გარდაართხნა ცანი ვითარცა კამარანი. რომელმან დაჰრთნა წყალთა ზესკნელნი მისნი. რომელმან დააფუძნა ქვეყანა სიმტკიცესა ზედა თვისსა, არა შეიძრას იგი უკუნითი უკუნისამდე. რომელი მოუწოდს წყალთა ზღვისათა, და მიჰფენს მას პირსა ზედა ყოვლისა ქვეყანისასა. განვედ და განეშორე ამისგან, რომელი ესე წმიდასა ნათლისღებასა განმზადებულ არს. გაფუცებ საცხოვრებელსა მას ვნებასა უფლისა ღმრთისა ჩვენისა იესო ქრისტესსა, და პატიოსანსა ხორცსა და სისხლსა მისსა, და მოსლვასა მისსა საშინელსა. რამეთუ მოვიდეს და არა ყოვნოს განკითხვად ყოვლისა ქვეყანისა, შენ და შენთანა შემწეთა შენთა ძალთა თანა ტანჯვად მიგცნეს გეჰენიასა შინა ცეცხლისასა, და მიგცნეს შენ ბნელსა მას გარესკნელსა, სადა იგი არს მატლი დაუძინებელი, და ცეცხლი დაუშრეტელი. რამეთუ ძლიერ არს ქრისტე ღმერთი ჩვენი, თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
უფალო საბაოთ, ღმერთო ისრაელისაო, რომელი ჰკურნებ ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა, მოიხილე მონასა ამას შენსა ზედა, გამოიძიე, და გამოიკვლიე, და განსდევნე ამისაგან ყოველი საქმე საეშმაკო, შერისხენ არაწმიდათა სულთა, და განიოტენ იგინი და განსწმიდე ქმნული ესე ხელთა შენთა, და მსწრაფლი შეწევნა შენი აჩუენე, და მსწრაფლ შემუსრე ეშმაკი ქვეშე ფერხთა ამისთა, და მოეც ამას ძლევა არაწმიდათა სულთა ზედა, რათა შენ მიერისა წყალობისა მიმთხვეული, ღირს-იქმნას უკვდავთა და ზეცისა საიდუმლოთა შენთა, და შენდა დიდებასა შესწირვიდეს, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
რომელი ეგე ხარ მეუფე და უფალი, რომელმან შეჰქმენ კაცი ხატად შენდა და მსგავსად, და მიეც მას უფლება და ხელმწიფება ცხოვრებისა საუკუნოისა. ხოლო და-რაი-ეცა ცოდვითა, არა უგულებელს-ყავ იგი, არამედ განაგე განკაცებითა ქრისტეს ძისა შენისათა ცხოვრება სოფლისა. შენ აწცა, მეუფეო, დაბადებული ესე შენი იხსენ მონებისაგან მტერისა, და შეიწყნარე შენსა ზეცისა სასუფეველსა, და განახვენ თვალნი გონებისა ამისნი განცდად ნათელსა სახიერებისა შენისასა. შეაუღლე ამისსა ცხოვრებასა ანგელოზი ნათლისა. იხსენ ესე ყოვლისაგან ზაკვისა წინააღმდგომისა, და შემთხვევისაგან ეშმაკისა შუადღისა და საცთურთაგან მისთა ბოროტთა.
მღვდელმან: შეჰბეროს ყრმასა მას პირსა, შუბლსა, მკერდსა და თქვას:
გამოვედ ამისაგან ყოველივე ბოროტი და არაწმიდა სული, დამალული და დაბუდებული გულსა ამისსა. და თქვას ესე 3-გზის.
და შემდგომად ლოცვა ესე:
სული მაცთურებისა, სული უკეთურებისა, სული კერპთმსახურებისა და ყოვლისა ანგარებისა, სული ტყუილისა, და ყოვლისა არაწმიდებისა, რომელი იქმნების მოძღვრებითა ეშმაკისათა და ჰყავ ესე ცხოვარ პირმეტყველ წმიდისა სამწყსოსა ქრისტეს შენისა, ასოდ პატიოსნად ეკლესიისა შენისა, ძედ და მკვიდრად სასუფეველისა შენისა. რათა მსგავსად მცნებათა შენთა მოქალაქობდეს, და დაიცვას ბეჭედი აღუტეხელად, და დაჰმარხოს სამოსელი შეუგინებელად, და მიემთხვიოს სანატრელსა ცხოვრებასა სუფევასა წმიდათა შენთასა.
მადლითა და წყალობითა, და კაცთ-მოყვარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ამისა შემდგომად, მღვდელმან დაადგინოს დასავლეთით ყრმა იგი და თქვას:
განვეშორები ეშმაკისაგან, და ყოველთა საქმეთა მისთაგან, და ყოველთა მსახურთა მისთაგან, და ყოველთა ანგელოზთა მისთაგან, და ყოველთა სიბილწეთა მისთაგან.
მიუგებს მოსანათლავი (ნათლიებითურთ):
- განვეშორები 3-გზის ჰსთქვან ესე.
ხოლო რაჟამს იტყვის ამას 3-გზის, კვლავ ჰკითხავს მღვდელი მოსანათლავსა მას:
განაგდებ სატანასა?
მიუგებს მოსანათლავი ნათლიებითურთ:
განვაგდებ!
და რაჟამს თქვას ესე 3-გზის, მღვდელი ეტყვის: შეჰბერე, და შენერწყვე მას.
და ესრეთ ჰყოფს მოსანათლავი:
ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!
მოაქცევს მღვდელი აღმოსავლეთით ყრმასა მას და ეტყვის 3-გზის:
შეუდგები ქრისტესა?
მიუგებს მოსანათლავი ნათლიებითურთ და ეტყვის:
შევუდგები.
კვალად ეტყვის მღვდელი მას:
და გწამს იგი?
მიუგებს:
მრწამს იგი ვითარცა მეუფე და ღმერთი.
იტყვის ამას:
მრწამს ერთი ღმერთი, მამა ყოვლისა მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისა, ხილულთა ყოველთა და არახილულთა;
და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდ-შობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველა საუკუნეთა, ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, ერთ-არსი მამისა, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩვენთვის, კაცთათვის, და ჩვენისა ცხოვრებისათვის გარდამოხდა ზეცით, და ხორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, განკაცნა და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელისა პილატესზე, და ივნო, და დაეფლა და, აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კვალად მომავალ არს დიდებით განსჯად ცხოველთა და მკვდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ;
და სული წმიდა, უფალი და ცხოველს-მყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყვანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინასწარმეტყუელთა მიერ; ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლის-ღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკვდრეთით. და ცხოვრებასა მერმისა მის საუკუნესასა, ამინ.
კვალად ჰკითხავს მღვდელი მას 3-გზის:
შედგომილხარ ქრისტესა?
და მიუგებს:
შედგომილვარ.
იტყვის მღვდელი:
თაყვანის-ეც მას.
თაყვანის-სცეს და თქვას:
თაყვანსა-ვცემ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, სამებასა ერთარსებასა და განუყოფელსა.
ხოლო მღვდელი იტყვის:
კურთხეულ-არს ღმერთი, რომელსა ჰნებავს ყოველთა კაცთა ცხოვრება, და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან: ლოცვა ესე თქვას:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან მოუწოდე მონასა ამას შენსა (ანუ მხევალსა) (სახელი), წმიდასა ნათელსა შენსა, და ღირს-ჰყავ ესე დიდსა ამას მადლსა, წმიდისა ამის ნათლის-ღებისასა. განძარცვე ესე სიძველისაგან, და განაახლე ესე ცხოვრებითა საუკუნოითა, და აღავსე ესე წმიდისა სულისა შენისა ძალითა, შეერთებითა ქრისტეს შენისათა, რათა არღარა შვილ ხორციელ იყოს, არამედ შვილ სასუფევლისა შენისა. სათნოყოფითა და მადლითა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისათა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლად-წმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყრმითურთ მოვალს მღვდელი, შთაიცვამს სამღვდელოსა შესამოსელსა თეთრსა, და საბუხრებსა, და ყოველთა აღანთნენ სანთელნი. მოიღონ წყალი და შთაასხან ემბაზსა შინა. ხოლო მღვდელი მიიღებს სასაკმევლესა და მოვალს ემბაზსა ზედა, და გარე შემოუკმევს, და მისცემს სასაკმევლესა და თაყუანის-სცემს.
დიაკონი იტყვის: გვაკურთხენ, მეუფეო.
მღვდელმან: კურთხეულ-არს მეუფება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონი: მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ზეგარდამო მშვიდობისა და ცხოვრებისათვის სულთა ჩვენთასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმინდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთა ერთობისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: წმიდისა ამის სახლისათვის, სარწმუნოებითა, კრძალულებითა და შიშითა ღმრთისათა შემავალთა ამას შინა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა (მოიხსენოს მამამთავრისა სახელი) (და ეკისკოკოსისა; სახელი, რომელიცა იყოს მმართველი ეპარქიისა) პატიოსანთა მღვდელთა, ქრისტეს მიერ დიაკონთა და ყოვლისა სამღვდელოისა დასისა და ერისა მათისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ღმრთივ-დაცულისა ერისა ჩვენისა და მეუფებისა მისისათვის უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა წმიდა იქმნას წყალი ესე, ძალითა და შეწევნითა და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გარდამოავლინოს ამას ზედა მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაენერგოს წყალსა ამას შინა განსაწმედელად ძალი ერთ-არსისა სამებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა განგვანათლნეს ჩუენ ნათლითა მეცნიერებისათა და სარწმუნოებითა, და დანერგვითა სულისა წმიდისათა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა განაცხადოს ამას ზედა ძალი და განაქარვოს ყოველი განდგომილება მტერისა, ხილულისა და უხილავისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა ღირს-იქმნას უხრწნელისა სასუფეველისა თანა-მკვიდრ ნათლისღებისა მიერ, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: აწ მომავალისა ამის, წმიდასა განსანათლებელსა ამას, და ცხოვრებისა მისისათვის, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა გამოჩნდეს ესე ძედ ნათლისად და მკვიდრად საუკუნეთა კეთილთა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იქმნეს ესე თანა-ნერგ და თანა-ზიარ სიკვდილისა და აღდგომისა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა დაცულ იქმნას ესე შემკული ნათლის-ღებისა მიერ და დაემტკიცოს ბეჭედი სულისა წმიდისა უბიწოდ და შეუგინებლად, დღესა მას საშინელსა ქრისტეს ღმრთისა ჩვენისასა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იქმნას ამისთვის წყალი ესე განმბანელ ძველისა მის კაცისა, მეორედ-შობითა ამით და მისატევებელად ცოდვათა, სამოსლად უხრწნელებისად, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა შეისმინოს უფალმან ღმერთმან ხმა ვედრებისა ჩვენისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: რათა იხსნას ესე და ჩუენცა ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ, და დაგვიცვენ ჩვენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ.
დიაკონი: ყოვლად-წმიდისა, უხრწნელისა, უფროსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომხსენებელთა, თავნი თვისნი და ურთიერთას, და ყოველი ცხოვრება ჩვენი, ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შევვედროთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
დიაკონი რა იტყოდეს კვერექსსა ამას, მღვდელი წარიკითხავს საიდუმლოდ ლოცვასა ამას:
რომელი მოწყალე და მწყალობელ ხარ, ღმერთო, რომელი განიკითხავ გულთა და თირკმელთა და დაფარულნი კაცთანი იცნი, რამეთუ არარა არს დაფარულ წინაშე შენსა საქმე, არამედ ყოველნივე შიშველ და განცხადებულ არს წინაშე თუალთა შენთა, რომელმან უწყნი ჩემნიცა ესე საქმენი, ნუ მომიძაგებ მე, და ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, არამედ შემინდვენ მე ყოველნი ცოდვანი ჩემნი ჟამსა ამასცა, რომელმან უგულებელს-ყვენ ცოდვანი კაცთანი სინანულითა, განბანე ჩემიცა მწიკულევანება ხორცთა და სულისა, და ყოვლადვე განმწმიდე მე, სრულიად ძალითა შენითა უხილავითა, და სულიერითა მარჯვენითა შენითა, რათა არა აზნაურებასა სხვათა უქადაგებდე, და მე ამას მივცემდე სარწმუნოებით განმტკიცებული შენსა გამოუთქმელსა კაცთმოყუარებასა, და თვით ვითარცა მონა ცოდვისა გამოუცდელ ვიპოო. ნუ უფალო მხოლოო, ნუმცა უკუნ-ვიქცევი სახიერო, და კაცთ-მოყუარეო, დამდაბლებული და სირცხვილეული, არამედ მოავლინე ჩემ ზედა ძალი მაღლით, და განმაძლიერე მე მსახურებასა ამას, წინა-მდებარისა ამის დიდისა საიდუმლოსა შენისა ზეცათასა. და გამოსახე, ქრისტე, ჯვარი შენი, რომელსა ეგულების განახლება მეორედ შობისა მიერ ჩემ მიერ საწყალობელისა. დააყენენ ესე საფუძველსა ზედა მოციქულთა და წინასწარმეტყველთასა, ნუ დაამხობ, არამედ დანერგე ესე ნერგად ჭეშმარიტებისა, წმიდასა შენსა კათოლიკე და სამოციქულოსა ეკლესიასა; ნუ აღმოჰფხური, რათა წარმატებითა მათითა ღმრთის-მსახურებასა შინა იდიდებოდეს ყოვლად-წმიდა სახელი შენი: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უწყოდეთ, რამეთუ ასამაღლებელი არა (ითქმის, არამედ ამინსა – იტყოდენ. ხოლო თქვას მღვდელმან დიდისა ხმითა ესე ლოცვა:
დიდ ხარ შენ, უფალო, და საკვირველ არიან საქმენი შენნი, და ვერვინ შემძლებელ არს მადლის მიცემად საკვირველებათა შენთა. (3-გზის).
რამეთუ შენ ნებითა შენითა ყოველივე არაარსისაგან არსად მოიყუანენ. შენითა ძლიერებითა გიპყრიან დაბადებულნი, და მოღუაწებითა შენითა განაგებ სოფელსა. შენ ოთხთაგან ნივთთა შეამკევ სოფელი, და ოთხთაგან ჟამთა წელიწდისათა გარემოქცევა გვირგვინოსან-ყავ. შენგან ძრწიან ყოველნი უხილავნი ძალნი ნათლისანი.შენ გიგალობს მზე. შენგადიდებს მთვარე, შენ გაქებენ ვარსკვლავნი, შენ გერჩის ნათელი, შენგან ძრწიან უფსკრულნი. შენ გმონებს წყაროები, შენ გარდაართხენ ცანი ვითარცა კარავნი. შენ დაამტკიცე ქვეყანა წყალთა ზედა. შენ შეზღუდე ზღვა ქვიშითა. შენ ჰაერნი განსასვენებელად განჰფინენ. ანგელოსთა ძალნი შენ გმსახურებენ. მთავარანგელოსთა კრებულნი შენ თაყვანის-გცემენ. მრავალთვალნი ქერუბიმნი, და ექუს-ექუს ფრთენი სერაფიმნი, გარემოს მდგომარენი და მფრინვალენი, შიშით მიუახლებელისა დიდებისა შენისაგან დაიფარვიან, რამეთუ შენ ხარ ღმერთი გარე-შეუწერელი, დაუსაბამო, გამოუთქმელი, მოხვედ ქვეყნად, და ხატი მონისა შეიმოსე, და მსგავს კაცთა იქმენ. რამეთუ ვერ იტვირთე მეუფეო წყალობითა და მოწყალებითა შენითა, ხილვად ეშმაკისაგან მიმძლავრებული ნათესავი კაცთა. არამედ მოხვედ უფალო, და მიხსნენ ჩვენ. აღვიარებთ მადლსა, ვქადაგებთ წყალობასა, და არა დავფარავთ ქველისმოქმედებასა შენსა, რომელმან ბუნებისა ჩვენისა ნათესავი განათავისუფლე. ქალწულებრივი განწმიდე საშო შობითა შენითა. ყოველი დაბადებული გიგალობს შენ გამოჩინებულსა ღმერთსა. რამეთუ შენ ღმერთო ჩემო, ქვეყანასა ზედა გამოსჩნდი და კაცთა შორის იქცეოდი. შენ იორდანისა წყალნი განწმიდენ, ზეცით გარდამოავლინე წმიდა სული შენი, და თავები ვეშაპთა, რომელ მას შინა დაებუდა, შემუსრენ.
შენ უკვე, კაცთ-მოყვარეო მეუფეო, მოვედ აწცა დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა, და განწმიდე წყალი ესე (3-გზის).
და მოეც ამას მადლი გამოხსნისა და კურთხევა იგი იორდანისა. ჰყავ ესე წყაროდ უხრწნელებისად, სიწმიდისა მომნიჭებელ, ცოდვათაგან გამომხსნელ, სენთა მაოტებელ, ეშმაკთა დამთრგუნველ, წინააღმდგომთა ძალთა მიუახლებელ, ანგელოსთა ძალითა სავსე, რათა ივლტოდენ ამის მიერ ყოვლად-მზაკვარნი ეშმაკნი დაბადებულისა შენისაგან. რამეთუ სახელსა შენსა, უფალო, ვხადით საკვირველსა და დიდებულსა, და საშინელსა მტერთა მიმართ.
ხოლო დაჰბეჭდავს წყალსა (3-გზის), ჯვარის სახედ ხელგავლებით, და შეჰბერავს (3-გზის), იტყვის ლოცვასა ამას:
შეიმუსრნედ ნიშითა და სასწაულითა ჯვარისათა ყოველნი წინააღმდგომნი ძალნი (3-გზის).
და განმეშორენით ჩემგან ყოველნი ჰაერთა შინა მყოფნი უჩინონი კერპნი. და ნუცა დაიმალვის წყალთა ამათ შინა ეშმაკი ბნელისა, და ნუმცა შთაჰყვებიან ნათლის-მღებელსა ამას თანა. გევედრები შენ უფალო. სული ბოროტი, დამაბნელებელი გულის-სიტყუათა, და აღმაშფოთებელი გულის-თქმათა და გონებისა, უჩინო-ჰყავ და განშორებულ ამისგან. შენ, მეუფეო ყოველთაო, გამოაჩინე წყალი ესე წყლად განსვენებისად, წყლად გამოხსნისა, წყლად სიწმიდისა, განმწმედელ სულთა და ხორცთასა, განხსნად კრულებათა, მიტევებად ცოდვათა, განმანათლებლად სულთა, საბანელ მეორედ შობისა, განახლებად სულისა, შვილებად მადლისა, სამოსლად უხრწნელებისად, წყაროდ ცხოვრებისა. რამეთუ შენ სთქუ უფალო: განიბანენით, განიწმიდენით და მოისპეთ უკეთურება სულთაგან თქვენთა. რამეთუ შენ მოგვმადლენ ჩვენ ზეგარდამო შობა წყლითა და სულითა, გამოსჩნდი, უფალო, წყალთა ამათ შინა, და მოეც ამისგან განახლება ნათელღებადსა ამას, განძარცვად ძველისა მის კაცისა განხრწნადისა, მსგავსად გულის-თქმისა მის მაცთურისა მიერ, და შემოსვად ახლისა ამის განახლებისა, მსგავსად ხატისა მის შენისა ქმნილისა, რათა თანანერგ-ქმნილნი მსგავსებასა სიკვდილისასა, მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, ნათლისღებისა მიერ ზიარ-იქმნას აღდგომასაცა და დაიცვას ნიჭი იგი სულისა შენისა წმიდისა. რათა აღაორძინოს წინდი იგი მადლისა, და შეიწყნაროს გვირგვინი იგი ზეცისა ჩინებისა, და თანა-აღრაცხილ იქმნას პირმშოთა თანა, აღწერილთა ცათა შინა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონი: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: შეჰბეროს ჭურჭელსა ზეთისასა 3-გზის, და გამოსახოს ჯვარი, 3-გზის ზეთსა ზედა, რომელი ეპყრას დიაკონსა და თქვას:
– უფლისა მიმართ ვოლოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, რომელმან კიდობანსა მას ნოესსა მტრედი მოუვლინე, და რტო ზეთისხილისა აქუნდა პირსა მისსა, დაგებისა სასწაული, და ცხოვრებისა საიდუმლო წყლით-რღუნისა მისგან, და მადლისა იგი საიდუმლო მის მიერ პირველვე გამოსახე. რომელმან ზეთისხილისა იგი ნაყოფი აღვსებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა მოეც; რომელმან მის მიერ მოსული ესე აღსრულებად სულითა წმიდითა აღავსენ და მადლითა შენითა სრულ-ჰყვენ. შენვე აკურთხე ზეთიცა ესე, ძალითა და შეწევნითა, და დანერგვითა წმიდისა სულისა შენისათა, რათა იქმნას ესე საცხებელ უხრწნელებისა, საჭურველ სიმართლისა, და განმაახლებელ სულთა და ხორცთა, და ყოვლისა საეშმაკოსა საქმისა საძლეველ, და გარე-მიქცევად ყოვლისაგან ბოროტისა, რომელნი იცხებენ სარწმუნოებით გინათუ მიიღებენ ამისგან, სადიდებლად შენდა და მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, და ყოვლად-წმიდისა, სახიერისა, და ცხოველს-მყოფელისა სულისა შენისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მოხედენ.
მღვდელმან: თქვას ერითურთ, ალილუია, 3-გზის, და ჯვარი გამოსახოს წყალთა ზედა ზეთითა, 3-გზის ემბაზსა ზედა და თქვას:
კურთხეულ არს ღმერთი, რომელი განანათლებს და წმიდა-ჰყოფს ყოველსა კაცსა, მომავალსა სოფლად, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
და მოიყვანენ მოსანათლავსა, ხოლო მღვდელი მიიღებს ზეთსა, და ჯვარის სახედ გამოსახავს შუბლსა და ყოველსა გუამსა, და იტყვის:
იცხებს მონა ესე ღმრთისა (ანუ მხევალი) (სახელი) ზეთსა სიხარულისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მკერდსა ზედა: საკურნებლად სულისა და ხორცისა.
ყურთა ზედა: სმენად სარწმუნოებისა.
ფერხთა ზედა: სლვად გზათა მშვიდობისათა.
ხელთა ზედა: ხელთა შენთა შემქმნეს მე და დამბადეს მე, გულისხმა-მიყავ და ვისწავლნე მე სიმართლენი შენნი.
ხოლო რაჟამს სცხებს ზეთსა ყოველსა გვამსა, მერმე ნათელ-სცემს წყლითა და იტყვის:
ნათელს იღებს მონა ღმრთისა (ანუ მხევალი) (სახელი)
სახელითა მამისათა, ამინ.
და ძისათა, ამინ.
და სულისა წმიდისათა, ამინ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
3-გზის შთაიყვანს ემბაზსა შინა და აღმოიყვანს; და შემდგომად ნათლის-ღებისა, გალობენ ერითურთ ფსალმუნსა 31-სა:
- ნეტარ არიან, რომელთა მიეტევნენ უშჯულოებანი, და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი, ნეტარ არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა, რამეთუ დავჰსდუმენ მე, განკფდეს ყოველნი ძვალნი ჩემნი, ღაღადებითა ჩემითა მარადღე. რამეთუ დღე და ღამე დამიმძიმდა ჩემ ზედა ხელი შენი, მივიქეც მე გლახაკობად, რამეთუ განმესხა მე ეკალი. ცოდვა ჩემი გაუწყე შენ, და უშჯულოება ჩემი არა დავფარე შენგან. ვთქუ: აუარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოება გულისა ჩემისა. ამისთვის ილოცვიდეს შენდამი ყოველი წმიდა ჟამსა, შეწყნარებისასა, ხოლო რღუნა წყალთა მრავალთა მას არა მიეახლოს. შენ ხარ შესავედრებელი ჩემი ჭირისაგან, რომელი გარე-მომადგეს მე, სიხარულო ჩემო, მიხსენ მე მათგან, რომელთა გარემოუცავ მე. გონიერ გყო შენ, და გულისხმა-გიყო შენ, გზასა მას, რომელსაცა ხვიდოდე, ვიგნე შენ ზედა თვალნი ჩემნი. ნუ იყოფით ვითარცა ცხენი და ჯორი, რომელთა თანა არა არს გულისხმა, ჭიმითა და აღვირითა უქცინე ღაწვნი მათნი, რომელნი შენ არა მოგეახლნეს. მრავალ-გვემა არიან ცოდვილთათვის, ხოლო რომელნი ესვენ უფალსა, წყალობა გარე-მოადგეს მათ. იხარებდით უფლისა მიმართ, და იშვებდით, მართალნი, და იქადოდეთ ყოველნი წრფელნი გულითა.
ამისა შემდგომად, შემოსონ მას სამოსელი. და თქვან:
შეიმოსს მონა ღმრთისა (ანუ მხევალი) (სახელი) სამოსელსა სიმართლისასა, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
და გალობენ ტროპარსა ამას, ხმა-8:
მომეც მე სამოსელი ბრწყინვალე, რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, მრავალ-მოწყალეო ქრისტე ღმერთო ჩვენო, მეოხებითა მოწამეთათა.
და შემდგომად შემოსისა სამოსლისა ნათელღებულისა, მღვდელი იტყვის ლოცვასა ამას:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო ყოვლისა-მპყრობელო, წყაროო სახიერებისაო, მზეო სიმართლისაო, რომელმან გამოაბრწყინვე ბნელსა შინა ნათელი ხატებისა, გამოცხადებითა მხოლოდ-შობილისა ძისა შენისა, და ღმრთისა ჩვენისათა, და მოგვმადლე ჩვენ უღირსთა ამათ, სანატრელი განწმენდა წმიდითა წყლითა, და საღმრთოთა სიწმიდითა ცხოველს-მყოფელითა საცხებელითა. რომელმან აწცა სათნო-იყავ მონისა შენისა ახალ- ნათელღებულისა წყლისა მიერ და სულისა, ნებსითთა და უნებლიეთთა ცოდვათა შენდობა მიანიჭე ამას. შენ უკვე, მეუფეო მრავალმოწყალეო, ვითარცა მიჰმადლე ამას ბეჭედი და ნიჭი, წმიდისა ყოვლად-ძლიერისა, და თაყვანის-საცემელისა სულისა შენისა, და, ზიარება წმიდისა ხორცისა, და პატიოსნისა სისხლისა ქრისტეს შენისა, აწცა დაიცევ ესე სიწმიდით, და დაამტკიცე მართლმადიდებლობით სარწმუნოებასა ზედა, იხსენ ბოროტისაგან, და ყოველთა მისთა საქმეთა. და მაცხოვარებისა შენისა შიშსა მავალ ჰყავ, სიწმიდით და სიმართლით სული ამისი დაიცევ, რათა ყოვლითა საქმითა და სიტყვითა სათნო გეყოს, და ძედ და თანა-მკვიდრ სასუფეველისა შენისა იქმნას. რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩვენი, ღმერთი წყალობისა და მაცხოვარებისა, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
და შემდგომად ლოცვისა ამის, სცხებს მღვდელი მირონსა ჯვარის სახედ. პირველად შუბლსა, და ნიკაპსა, და ორთავე ყურთა, და თვალთა, მკერდსა, ხელთა, და ფერხთა, და იტყვის:
ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ.
ხოლო შემდგომად ცხებისა, ჰყოფენ შემოვლასა გარშემო ემბაზისა 3-გზის და გალობენ:
რაოდენთა ქრისტეს მიერ ნათელ გვიღებიეს, ქრისტე შეგვიმოსიეს, ალილუია. (3-გზის).
დიაკონმან: მოხედენ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: სიბრძნით.
მკითხველმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისა:
უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!
მკითხველმან: (მუხლი): უფალი შესავედრებელ არს ცხოვრებისა ჩემისა, ვისგან შევსძრწუნდე?!
მგალობელთა: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა, ვისა მეშინოდეს?!
მკითხველმან: უფალი ნათელ ჩემდა და მაცხოვარ ჩემდა.
მგალობელთა: ვისა მეშინოდეს?!
დიაკონმან: სიბრძნით.
მკითხველმან: რომაელთა მიმართ ეპისტოლე, წმიდისა, პავლე მოციქულისა, საკითხავი.
დიაკონმან: მოხედენ.
ძმანო, რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკვდილსა მისსა. რათა ვითარცა-იგი აღსდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისათა, ეგრეთცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისათა ვიდოდით. რამეთუ უკეთუ თანა-ნერგ ვექმნნეთ მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. ესე უწყით, რამეთუ ძველი იგი კაცი ჩვენი მის თანა ჯვარს-ეცვა, რათა განქარდეს ხორცი იგი ცოდვისა, რათა არღარა ვმონებდეთ ჩვენ ცოდვასა, რამეთუ რომელი-იგი მოკვდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. უკეთუ მოვკვდეთ ქრისტეს თანა, გვრწამს, რამეთუ მისთანაცა ვცხოვნდეთ. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკვდრეთით, არღარა მოკვდეს, და სიკვდილი მის ზედა არღარა უფლებდეს. რამეთუ რომელი იგი მოკვდა, ცოდვითა მოკვდა ერთ გზის. ხოლო, რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. ეგრეცა თქვენ შეჰრაცხენით თავნი თქვენნი მკვდრად ცოდვისათვის და ცხოველად ღმრთისა, ქრისტე იესოს მიერ უფლისა ჩვენისა.
მკითხველმან: ალილუია (3-გზის).
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
მკითხველმან: ამან გლახაკმან ხმა-ჰყო და უფალმან ისმინა მისი, და ყოველთა ჭირთა მისთაგან იხსნა იგი.
მგალობელთა: ალილუია (3-გზის).
დიაკონი: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
მღვდელმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა დიდება შენდა, უფალო, დიდება შენდა.
დიაკონი: მოხედენ.
მას ჟამსა შინა, ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესო. იხილეს იგი და თაყვანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს, მოუხდა მათ იესო, ეტყოდა, და ჰრქვა: მომეცა მე ყოველი ხელმწიფება ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი, და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქვენ. და აჰა ესე-რა მე თქვენ თანა ვარ ყოველთა დღეთა, და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა, ამინ.
მგალობელთა: დიდება შენდა უფალო, დიდება შენდა.
თუ მღვდელი ცალკე აღასრულებს განბანის და თმის მოკვეცის მსახურებას თქვას: „შეგვიწყალენი“... და ჩამოილოცოს.
ხოლო დღესა მეშვიდეს, კვალად მოიყუანონ ყრმა იგი ეკლესიად, სადაცა ნათელ-იღო და მღვდელი წარუკითხავს ლოცვასა ამას:
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
რომელმან გამოხსნა ცოდვათაგან წმიდისა შენისა ნათლის-ღებისა მიერ მონასა შენსა მოანიჭე, და განახლება ცხოვრებისა ამას მიჰმადლე, შენ მეუფეო, უფალო, ნათლითა პირისა შენისათა განახლება გულისა ამისსა ჯერ-იჩინე მარადის სათნო-ყოფად, და ფარითა სარწმუნოებისათა წინააღმდგომთა მტერთა ზედა შეზღუდე ესე, და სამოსელი უხრწნელებისა ამისი, ყოვლისაგან ბიწისა ცოდვათასა შეუგინებლად დაიცევ, და სულიერი ბეჭედი საშინელსა მას დღესა სასჯელისასა აღუხოცელად და შეუგინებლად დაჰმარხე, და შემწყნარებელ ჩვენ და ამას გვექმენ მრავალთაებრ წყალობათა შენთა. რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ ყოვლად-პატიოსანი და დიდად შვენიერი სახელი შენი, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან ემბაზისა მიერ ზეციერისა განაბრწყინვე ნათლის-ღებისა მიღებითა, და მეორედ შობითა მონა ესე შენი (ანუ მხევალი), ნათელღებული წყლისა მიერ და სულისა, ნებსითთა და უნებლიეთთა ცოდვათა შენდობა მოანიჭე, მოჰყავ ამას ზედა ხელი შენი მტკიცე და დაიცევ ესე ძალითა სახიერებისა შენისათა შეუძრველად. ბეჭედი ამისი დაიცევ, და ღირს-ჰყავ ესე საუკუნესა ცხოვრებასა, და შენსა ზეცათა განსვენებასა, რამეთუ შენ ხარ განმწმედელი ჩვენი, ქრისტე ღმერთო ჩვენო, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: რომელთა შეგიმოსეს შენ, ქრისტე ღმერთო ჩვენო, მოუდრეკიან ჩვენ თანა თავნი თვისნი, რომელნი ესე დაიცვენ უძლეველად წყობად მბრძოლთა მიმართ უკეთურისა მტერისათა. რათა, მათ თანა მოვიღოთ ძლევა და უხრწნელნი შენნი გვირგვინნი, და ვიდრე აღსასრულამდე ცოდვასა ზედა მძლედ გამოგვაჩინენ. რამეთუ შენ ხარ მოწყალე და მაცხოვარი, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა ძისა და და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მოიღოს ახალი ღრუბელი, და წყლითა მოსწმიდოს მირონი, ყოველსა ადგილსა და თქვას:
ნათელღებულ ხარ, განათლებულ ხარ, მირონცხებულ ხარ, განწმედილ ხარ, განბანილ ხარ, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.
მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელმან ხატებითა შენითა პატიოსან-ჰყავ კაცი სულისაგან სიტყვიერისა, და ხორციელითა შვენიერებითა შეამკევ იგი, და მონად ჰყავ ხორცი სულისა მის სიტყვიერისა, და თავი უმაღლეს ყავ გვამისა და საცნობელი მიეც, და ნივთიერითა ამით წესითა დაადგინე, რათა არა დაიყენებოდეს ურთიერთას, ხოლო შეამკევ თმითა თავი ამისი, რათა არა ავნებდეს ჰაერი, და ყოველივე ნაწილი გვამისა ამის ოქროვნად აღმოამორჩე, რათა ყოვლითურთ გმადლობდეს შენ კეთილისმოქმედსა. შენ მეუფეო, სიტყვისა მის საუნჯისაებრ პავლე მოციქულისა გვამცენ, რათა ყოველსავე სადიდებელად შენდა ვიქმოდეთ, და ესეცა აწ წინაშე შენსა მომავალი (სახელი), და პირველ აღმკვეცელი თავისა თვისისა თმისა, აკურთხე ესე, და მიმქმელიცა ამისი. და მოეც ამათ მარადის წურთა სჯულისა შენისა, და ქმნა კეთილთა საქმეთა. რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, თანა-დაუსაბამოით მამით შენით, და ყოვლად-წმიდით სახიერით, და ცხოველს-მყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მღვდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ.
მგალობელთა: შენ უფალო.
მღვდელმან: უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სავსებისაგან ემბაზისა შენისა სახიერებითა განწმიდე, რომელთა შენდა მომართ სწამთ, აკურთხე ჩვილი (თუ არ არის ჩვილი, იტყვის მონაი ან მხევალი) ესე, და თავსა ზედა ამისსა კურთხევა შენი გარდამოავლინე, ვითარცა აკურთხე დავით ხელითა წინასწარმეტყველისა შენისა სამოელისათა, ეგრეთვე აკურთხე ჩვილი ესე ხელითა ჩემ ცოდვილისათა, და დანერგე ამას ზედა წმიდა სული შენი, რათა წარემატებოდეს ჰასაკითა, და აღვსებულმან კეთილითა სიბერითა იხილოს კეთილი იერუსალიმისა, და გადიდებდეს ყოველთა დღეთა ცხოვრებისა მისისათა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოჰკვეცოს თმა ყრმასა მას ჯვარის სახედ და თქვას:
მოიკვეცს მონა ესე ღმრთისა (ანუ მხევალი) (სახელი) სახელითა მამისათა ძისათა და და წმიდისა სულისათა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მღვდელმან: შეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, კაცთ-მოყვარე, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: მერმეცა გევედრებით სიმრთელისა, წყალობისა, მშვიდობისა, და ცხოვრებისათვის მონისა ღმრთისა (სახელი ნათელღებულისა), და მიმრქმელთა მისთათვის (მიმრქმელთა სახელები).
მგალობელთა: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).
მღვდელმან რამეთუ მოწყალე და კაცთ-მოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით.
მღვდელმან: ყოვლად-წმიდაო ღმრთისმშობელო გვაცხოვნენ ჩვენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ.
მღვდელმან: დიდება შენდა, ქრისტე ღმერთო, სასოებაო ჩვენო დიდება შენდა.
მგალობელთა: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ.
- უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის)
- სახელითა უფლისათა უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გვაკურთხენ.
მღვდელმან, ჩამოლოცვა:
რომელმან იორდანესა შინა ნათლისღება ინება იოანესაგან ჩვენისა ცხოვრებისათვის, ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) და ყოველთა წმიდათა მისთათა, შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).