მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა დედაკაცსა ზედა რაჟამს მუცელი წაუხდეს

 

მღვდელმან: კურთხეულ-არს ღმერთი ჩვენი, ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ!

წმინდაო ღმერთო, წმინდაო ძლიერო, წმინდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლადწმინდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინენ ცოდვათა ჩვენთაგან, მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმინდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).

დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმინდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.


მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა და ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.


მგალობელთა: ამინ.


ოხითა დღისა.


მღვდელი: – უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელი იშევ წმიდისა ღმრთისმშობელისაგან და მარადის-ქალწულისა მარიამისა, და ბაგასა ვითარცა ჩვილი მიიწვინე. ეგრეთვე მხევალი ესე შენი (სახელი) ცოდვისა მიერ სიკვდილისა შთავრდომილი ნებსით გინა უნებლიეთ, შობილისა ამის თანა, რომელი უჟამოდ იშვა, შეიწყალე დიდითა შენითა წყალობითა და შეუნდვენ ცოდვანი ამისნი, ნებსითნი და უნებლიეთნი. დაიცევ ესე ყოველთა ეშმაკთა სიბილწისაგან და საცთურისა. მწიკულთაგან განსწმიდენ, ტკივილი ამისი განჰკურნე და წყლულებასა და სნეულებასა ხორცთა ამისთასა სულითა წმიდითა ლხინება მოანიჭე, კაცთმოყვარეო ღმერთო და ანგელოზი ნათლისა მცველად ამისა მოავლინე და ყოვლისა ხილულისა და უხილავისა ეშმაკთა საფრთხისაგან განათავისუფლე, ჰე უფალო სენთა და სნეულებათაგან განსწმიდე ესე და ხორციელთაგან სალმობათა, და პირად პირადთა მომავალთა ამას ზედა ვნებათაგან, და შინაგანთა განსაცდელთა ლხინებასა ღირს-ჰყავ. მრავალისაებრ წყალობისა შენისათვის სიმდაბლისათვის ხორცთა ამისთა და აღადგინე ესე მწოლიარე სარეცელისაგან, რამეთუ ცოდვასა შინა ვიშევით და უსჯულოებათა შინა მიდგომილი და ყოველსა მწიკულსა შინა მყოფნი ვართ, და წინაშე შენსა შიშით და ძრწოლით ვღაღადებთ. გარდამოიხილე ზეცით და იხილე უძლურებანი და სიცრუენი ჩვენი, და შეუნდევ მხევალსა ამას შენსა (სახელი დედისა) ცოდვისა მიერ სიკვდილსა შთავრდომილსა, ნებსითნი და უნებლიეთნი ცოდვანი და რომელი იშვა ამისგან უჟამოდ მკვდარი, და ყოველნი აქა მყოფნი და რომელთა ჰმსახურეს ხელითა მათითა, დიდითა შენითა წყალობითა, ვითარცა სახიერ ხარ და კაცთმოყვარე. ღმერთო შეიწყალე და შეუნდვენ, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს მიტევება ცოდვათა უსჯულოებათა, მეოხებითა ყოვლად-წმიდისა დედისა შენისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა. რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანის-ცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


მღვდელმან:, ჩამოლოცვა:

ქრისტემან ჭეშმარიტმან ღმერთმან ჩვენმან მეოხებითა ყოვლად-უხრწნელისა დედისა თვისისათა, წმიდათა დიდებულთა და ყოვლად-ქებულთა მოციქულთა და (მოიხსენოს ვისიცა იყოს ხსენება) შეგვიწყალნეს და გვაცხოვნეს ჩვენ ვითარცა სახიერ არს და კაცთმოყვარე.


მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის).