მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დიდი კურთხევანი

 

ლოცვა დედაკაცსა ზედა მშობიარესა დღესა პირველსა

 

– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


მეუფეო, უფალო, ყოვლისა მპყრობელო, რომელმან განჰკურნენ ყოველნი სენნი და უძლურებანი კაცთანი. ეგრეთვე დღესა ამას, რომელმან შვა ყრმა ესე მონა შენი (სახელი) განჰკურნე და აღადგინე მდებარე სარეცელსა ზედა, სიტყვისაებრ დავით წინასწარმეტყველისა, რამეთუ უსჯულოებათა შინა მიუდგა, და ცოდვათა შინა შვა, ამისათვის გევედრებით, დაიცევ ესე და ყრმაცა ამისი, რომელ შვა დღეს, და დაიფარენ ესენი საფარველსა ქვეშე ფრთეთა შენთასა, ამიერითგან ვიდრე უკანასკნელად აღმომშვინვადმდე. მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა ღმრთისმშობლისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ.


– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


- მეუფეო, უფალო, ღმერთო ჩვენო, რომელი იშევ ყოვლადუხრწნელისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადის-ქალწულისა მარიამისაგან და ბაგასა მიიწვინე, ვითარცა ჩვილი, ეგრეთვე აწ მშობელი ყრმისა ამის შეიწყალე, და შეუნდვენ ნებსითნი და უნებლიეთნი ცოდვანი ამისნი, და დაიცევ ესე ყოვლისა ეშმაკთა მძლავრებისაგან, და ამისგან შობილი ესე ჩვილი აღაორძინე და განჰკურნენ ყოვლისაგან სნეულებისა და მწამლველობისაგან და ყოვლისაგან ღელვათა წინა-აღმდგომთა სულთა მათ ბოროტთასა, დღისით ანუ ღამით. დამწყსე ესე ხელითა შენითა მტკიცითა, და მოეც ამას მსწრაფლი აღდგომა და ნაბრძვილთა განწმედა; ტკივილსა ამისსა ულხინე, და ძალი და სიმრთელე სულთა და ხორცთა მიანიჭე, და ანგელოსისა მიერ ბრწყინვალისა და ნათლისა დაიცევ და დაიფარე ყოვლისა უხილავთა სულთა კვეთებისაგან, ჰე უფალო, დაიცევ ესე სენისაგან სნეულებათასა, მოშურნისა შურისაგან და თვალთაგან საცდურიანთა. და შეიწყალე ესე, და ყრმა ამისი, დიდითა შენითა წყალობითა და განჰსწმიდე ესე ხორცთა მწიკულოვანებისაგან, პირად პირადთა ამას ზედა მომავალთა ნაწლევთა ტკივილთაგან, და განათავისუფლე ესე მსწრაფლ წყალობითა შენითა და დავრდომილი გვამი ამისი აღადგინე და ამისაგან შობილი ჩვილი ღირს-ჰყავ თაყვანის-ცემად ქვეყნიერისა ტაძრისა, რომელი განჰმზადე სადიდებელად წმიდისა სახელისა შენისა, რამეთუ შვენის შენდა ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!


– უფლისა მიმართ ვილოცოთ. – უფალო, შეგვიწყალენ.


უფალო ღმერთო ჩვენო, რომელმან სათნო იყავ გარდამოსლვა ზეცით, და იშევ წმიდისა ღმრთისმშობელისა, და მარადის-ქალწულისა მარიამისაგან, ჩვენ ცოდვილთა ცხოვრებად, რომელმან უწყნი სნეულებანი კაცთა ბუნებისანი, შეუნდევ მხევალსა ამასა შენსა (სახელი), რომელმან შვა დღეს მრავლითა წყალობითა შენითა. რამეთუ შენ ხარ, რომელმან ჰსთქვი, ვითარმედ აღორძინდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქვეყანა, და უფლებდით ქვეყანასა ზედა. ამისთვისცა ჩვენ, მონანი შენნი გევედრებით, კადნიერ ქმნილნი კაცთ-მოყვარებისა შენისათა, და შიშით ვღაღადებთ წინაშე მეუფებისა შენისა, და წმიდასა სახელსა შენსა ვხადით, მოიხილე ზეცით და იხილენ უძლურებანი ჩვენი და შეუნდვენ მონასა ამასა შენსა (სახელი) და ყოველსა ამას სახლსა შინა მყოფთა, რომელსა შინა იშვა ყრმა და რომელთა ეპყრათ ხელითა, ყოველთავე შეუნდევ ღმერთო სახიერებისა და კაცთ-მოყუარებისა შენისათვის, რამეთუ შენ მხოლოსა გაქვს ხელმწიფება მოტევებად ცოდვათა, მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და ყოველთა წმიდათა შენთათა, ამინ.