მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ცოდვები და სათნოებები

 

მღვდელი ალექსანდრე ზახაროვი
აბორტი - ერის განადგურების გზა

 

თანამედროვე ადამიანებმა ისწავლეს საშინელი, თავისი არსით უსასტიკესი ცნებების შერბილებული, მიკიბულ-მოკიბული ფრაზებით გამოსახვა, რითაც ცდილობენ თვით საკუთარ თავსაც კი არ გამოუტყდნენ და დაუმალონ მათი გულშემზარავი არსი.


წამოდგინეთ შემდეგი სახის სამედიცინო ტერმინი: „გულის მოქმედების ხელოვნური შეწყვეტა“ - რას შეიძლება ნიშნავდეს ეს გამოთქმა?


დავუშვათ, რომელიმე ბანდიტმა სასიკვდილოდ დაჭრა ადამიანი - დანა გაუყარა გულში. ზის იგი ახლა საბრალდებო სკამზე და მას ეუბნებიან: „ეს რა ჩაიდინე? შენ ხომ კაცი მოკალი!“ ის კი პასუხობს: „არა, მე არ მომიკლავს. მე მხოლოდ ხელოვნურად შევაჩერე მისი გულის მოქმედება“. მას ეუბნებიან: „კი მაგრამ, რომ მოკვდა?“ მკვლელი კი პასუხობს: „დიახ, მოკვდა. მერედა რა? მე სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდი. მას რომ ეცოცხლა, იგი მე ხელს შემიშლიდა ცხოვრებაში“.


ეს ხომ დღეისათვის ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რომელიც აბორტისაკენ უბიძგებს ქალებს - ბავშვები ხელს შეუშლიან მათ ცხოვრებაში - მეტი ტვირთია, მეტი პრობლემაა, საკუთარი სიამოვნების საშუალება შეეზღუდებათ. მამაკაცებიც ხშირად ამავე მიზეზით მიუთითებენ ხოლმე სათანადო გინეკოლოგიური განყოფილებისაკენ მეუღლეებსა თუ საყვარელ ადამიანებს, რათა არ მოიკლონ დამშვიდებული და უზრუნველი ცხოვრება. მაგრამ ეს რა ხდება? უზრუნველობის ნაცვლად მათ მთელი მომავალი ჯოჯოხეთად ექცევათ: უკვე დაბადებული ბავშვები არ უჯერებენ, შემდგომში მოვლენილნი ავადმყოფებად იბადებიან, თავად მშობლებს უჩნდებათ საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემები, იწყება ოჯახური უსიამოვნებანი, ქმარი ტოვებს ცოლს ან პირიქით - ცოლი ტოვებს ქმარს... ნუთუ ყოველივე ეს თავისთავად ხდება?


თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგიერთი ქალები ამ ცოდვას სჩადიან ისე, რომ „არ უწყიან, თუ რას იქმან“. ისინი მიიჩნევენ: ვიდრე ბავშვი არ დაბადებულა, იგი ჯერ კიდევ არ არის ადამიანი, ამ სიტყვის სრული გაგებით, არამედ მხოლოდ ნაწილია მათი სხეულისა, ხოლო თავის ორგანიზმს კი ყველას შეუძლია მოექცეს ისე, როგორც მოეპრიანება. ასეთი ქალბატონები აბორიტს გასაკეთებლად ისევე იოლად მიბრძანდებიან, თითქოს კბილის ამოსაღებად ან ტონზილექტომიისათვის მიდიოდნენ. მაგრამ ეს გახლავთ ტრაგიკული შეცდომა, რაც ადრე თუ გვიან მათთვის ხდება საცნარუსაყოფი და ჩადენილი დანაშაულის გაცნობიერებით მთელი ცხოვრებაც წამებად ექცევათ!


მაინც რა ასაკიდან იწყება ადამიანის ჩამოყალიბება?


საფრანგეთში სახელმწიფოებრივი კანონმდებლობით ბავშვის სიცოცხლე დაცულია ჩასახვიდან 10 კვირის შემდეგ, შვედეთში - 20 კვირის, ხოლო მრავალ ქვეყანაში სიცოცხლე იურიდიულად დაცულია მხოლოდ დაბადების შემდეგ. ნობელის პრემიის ლაურეატ, დოქტორ ჯეიმს უოტსონის წინადადებით, ბავშვის სიცოცხლე დაცული უნდა იყოს დაბადებიდან სამი დღის შემდეგ... მაგრამ სინამდვილეში საიდან იწყება ადამიანის სიცოცხლის საწყისის ათვლა? ვის დავუჯეროთ: ფრანგებს, დანიელებს, შვედებს, ჯეიმს უოტსონს?..


სავსებით ნათელია, რომ ყური უნდა ვუგდოთ არა საეჭვო კომპეტენციის პირთა აზრებს, არამედ ორ ავტორიტეტულ წყაროს: ხმას უფლისას და მეცნიერების დასკვნებს. ღმერთიცა და მეცნიერებიც გვიდასტურებენ ერთსა და იმავეს: ადამიანის სიცოცხლე იწყება ჩანასახისთანავე!


საეკლესიო კანონები არსებას ადამიანისას ყოველთვის იცავდნენ ჯერ კიდევ დედისეულ ორგანიზმში. წმიდა ბასილი დიდი წერდა, რომ ჩასახული ნაყოფის განზრახ მოკვდინებისათვის ადამიანი იმსახურებს ისეთსავე სასჯელს, როგორც მკვლელობისათვის. ნაყოფის ხნოვანებაზე, როგორც ვხედავთ, არც არის ლაპარაკი; არც იმ გარემოებას ეძლევა მნიშნველობა, თუ როდის არის ჩასახული - თუნდ 10 კვირის წინ, თუნდ გუშინ, თუნდ საათისა და წუთის წინ. მსგავს თვალსაზრისს ადგანან უკლებლივ ყველა წმიდა მამა, ვისაც კი თავისი შეხედულება გამოუთქვამს ამ საკითხზე. წმიდა ბასილი დიდის გარდა შეგვიძლია დავასახელოთ მართლმადიდებლობის ისეთი ბურჯები, როგორიც იყვნენ წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმიდა იოანე ოქროპირი, წმიდა ეფრემ ასური და წმიდა მაქსიმე აღმსარებელი.


საეკლესიო შეხედულებით, ადამიანის ცხოვრება არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით თავრდება. ამ ორი თარიღით მოისაზღვრება მხოლოდ ადამიანის ცხოვრების ერთი ეტაპი. ამ ეტაპს წინ უსწრებს დედისეულ ორგანიზმში არსებობა მუცლადყოფნის ჟამს, ხოლო მოსდევს - იმქვეყნიური ცხოვრება.


ახლა ვნახოთ, თუ რა აზრს ადგანან ადამიანური ცხოვრების დასაწყისთან დაკავშირებით მეცნიერები. დღეისათვის უკვე უდავო სამეცნიერო ფაქტია, რომ ადამიანის ცხოვრება იწყება სწორედ იმ მომენტში, როდესაც ორი სასქესო უჯრედი ერწყმის ერთმანეთს: მამაკაცისა და ქალის, რის შედეგადაც წარმოიშობა ერთიანი უჯრედი. და აი, ამ ერთ მიკროსკოპიულად პატარა უჯრედში ჩაპროგრამირებულია ადამიანის მთელი მომავალი ცხოვრება: მისი სქესი, სისხლის ჯგუფი, თვით თვალებისა და თმის ფერიც კი - ყოველივე ეს - ამ ერთ უჯრედშია და შემდგომში მხოლოდ მისი განვითარება და გამოვლება ხდება... ყოველი ასეთი პატარა უჯრედი-ჩანასახი არის უკვე უნიკალური და განუმეორებელი ადამიანი, ისეთი, რომლის მსგავსს არასოდეს უცხოვრია მსოფლიო ისტორიაში. რამდენ საუკუნესა და ათასწლეულსაც არ უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია - მეორე ასეთი ადამიანი უკვე აღარასოდეს და არსად აღარ დაიბადება!


ბავშვის ყველაზე სწრაფი განვითარება და ზრდა მიმდინარეობს ჩანასახის იმპლანტაციის დროს საშვილოსნოს კედელში.


მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ თუკი ბავშვის ზრდა-გავითარება მთელი ორსულობის განმავლობაში გაგრძელდებოდა იმავე ინტენსივობით, როგორც პირველი 7 კვირის მანძილზე, - დაბადების დროისთვის ახალშობილის წონა იქნებოდა 14 ტონა - ეს ორი სპილოს წონა გახლავთ...


10-11 კვირაში (ფეხმძიმობის მესამე თვის შუახანებში) ადამიანის ორგანიზმის ორგანოთა ყველა სისტემა სრულად არის ჩამოყალიბებული. აი, ამ დროიდან არის საფრანგეთში ბავშვის სიცოცხლე კანონით დაცული. სხვა ქვეყნების კანონებით კი ნებადართულია ამ უკვე ფორმირებული ადამიანის მკვლელობა. რატომ? ნუთუ იმის საფუძველზე, რომ თუმც კი ფორმირებულია, მაგრამ ჯერ ვერ ჰპოვა სათანადო განვითარება?.. მაგრამ სრული განვითარებისათვის ხომ მას ქვეყნად მოვლინების შემდეგ, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი 12-14 წელი სჭირდება! თუკი შესაძლებელია მოკვიდნება განვითარების უკმარისობის „მიზეზით“, მაშ, მოდით, დედის სხეულში მყოფ ჩვილებთან ერთად დავხოცოთ ყველა ზრდადაუსრულებელი ბავშვიც. ან, მოდით, შემოვიტანოთ ტრაციდია სისხლის სამართლის კოდექსში: სამი წლის ბავშვის მოკვლისათვის მივუსაჯოთ ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ვიდრე, ვთქვათ, ათი წლის ბავშვებისათვის, რადგან იგი ნაკლებად განვითარებულია... ველურობაა, არა? მაშ, მიბრძანეთ ერთი, ის კი აღარ არის ველურობა, ახალშობილის მკვლელობისათვის ციხე იყოს განსაზღვრული და დაუბადებელი ყრმის მოკვლისათვის კი - საავადმყოფო ფურცელი, ფულადი ანაზღაურებით? ჩვენ დაუფარავ ზიზღს ვგრძნობთ იმ დედის მიმართ, რომელიც თავისი ბავშვის დაბადებისთანავე ბავშვს ჩუმად აგდებს ნაგვის ყუთში და, ამავე დროს, ყვავილების თაიგული მიგვაქვს სხვა ქალთან, რომელიც თავის შვილს ნაგვის ყუთში ისვრის საჯაროდ, სამედიცინო პალატაში, ექიმთა დახმარებით. თუ ეს ველურობა არ არის, მაშ რა არის?


ერთი ამერიკული ჟურნალი იტყობინებოდა მშობიარე ქალის შესახებ, რომელმაც 5-თვიანი ბავშვი შვა. იგი ემუდარებოდა ექიმებს ბავშვის გადარჩენას. მთელი საავადმყოფო ფეხზე იდგა. სიცოცხლის სახსნელად იღვწოდნენ ყველაზე გამოცდილი ექიმები, გამოყოფილი იყო დიდძალი თანხები... იმავე საავადმყოფოში, იმავე დღეს, ოღონდ სხვა პალატაში, სხვა ქალი აბორტით იცილებდა თავის 5 თვის ბავშვს. გამოდის, რომ ერთ პალატაში 5-თვიანი ბავშვი აღიქმება ადამიანად, ხოლო მეზობლად - ასეთივე 5 თვის ბავშვი ოდენ ხორცის ნაჭრად არის შეფასებული. რა ვუწოდოთ ამას?


მოდით მოვიცილოთ, განვაგდოთ ლამაზი სიტყვების საფარველი და სულ ძირში ჩავხედოთ ამ საშინელი მოვლენის არსს.


ვნახოთ, რა ხდება იმ „ღონისძიების“ დროს, რასაც „ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას“ უწოდებენ.


არსებობს ამ შეწყვეტის სხვადასხვა მეთოდები. ფეხმძიმობის ადრეულ სტადიებზე ჩვეულებრივ მიმართავენ ე.წ. „ვაკუუმ-ასპირაციას“ - როგორც მტვერსასრუტით გამოსწოვენ მტვერს ხალიჩიდან, სწორედ ასე გამოიწოვება ნაყოფი დედის წიაღიდან. ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ წამახულკიდეებიანი პლასტმასის მილი. ბავშვის სხეული ნაწევრდება და გარეთ გამოიწოვება სპეციალურ სათავსში.


თუ ორსულობა უფრო გვიანია, საშვილოსნოში შეჰყავთ მარყუჟის ფორმის მჭრელი დანა. ამ დანით ხდება საშვილოსნოს ღრუს გამოფხეკა; მითვე ხდება ბავშვის ნაწილებად დაჭრა.


ფეხმძიმობის 12 კვირის შემდეგ აუცილებელი ხდება მაშისმაგვარი კიდევ ერთი ინსტრუმენტის ჩარევა, რადგან ბავშვს უკვე აქვს ხელები, ფეხები და ძვლებსაც დაწყებული აქვთ კალცინირება. ამ ინსტრუმენტს ექიმი გამოსდებს ბავშვის ხელს, ფეხს, ან სხეულის სხვა ნაწილს და მკვეთრი ბრუნვითი მოძრაობით აწყვეტავს მას. ეს მანიპულაცია მიმდინარეობს მანამ, ვიდრე მთელი ბავშვი სრულად არ დანაწევრდება. ხერხემალი უნდა გადატეხონ, თავის ქალა უნდა დაამსხვრიონ, რათა მათი მოშორების შესაძლებლობა მიეცეთ. ექთნის მოვალეობას შეადგენს ყველა ამ ნაწილის ერთად შეგროვება საშვილოსნოდან მათი მოცილების შემდეგ, რათა დარწმუნებით ითქვას, რომ უკვე ყველაფერი გამოღებულია და იქ აღარაფერი აღარ დარჩენილა.  შემდგომ ეს ნაწილები იყრება ნაგვის სათლში ან იხმარება ნადლეულად კოსმეტიკურ მრეწველობაში (რედაქცია ბოდიშს იხდის მკითხველის წინაშე ამ საშინელი ციტატის გამო, მაგრამ ვფიქრობთ, რომ სათქმელის პირდაპირ განცხადება საქმეს უფრო წაადგება, ვიდრე მისი შერბილება ან შელამაზება). ძვირფასო ქალებო, გიფიქრიათ თუ არა იმის შესახებ, რომ, როდესაც თქვენ ზოგიერთ საცხსა და მალამოს ხმარობთ ნელსაცხებლად - ამ სიტყვის სრული გაგებით, თქვენ იცხებთ თქვენს მიერ მოკვდინებულ ბავშვების სხეულებს?


მოვლენის საშინელება კიდევ იმ ფაქტით არის გამძაფრებული, რომ ქვეყნად ჯერ არმოვლენილი ბავშვი ისევე გრძნობს ტკივილს, როგორც უკვე დაბადებული. დღეისათვის საყოველთაოდ აღიარებული და მეცნიერულად დამტკიცებულია - 7 კვირის ნაყოფი ისევე აბრუნებს თავს და ირიდებს ტკივილის გამომწვევ მიზეზს, როგორც ცხოვრების ყველა სხვა სტადიაში. ხოლო 11 კვირისას არა მარტო სახე, არამედ ხელისა და ფეხის ყოველი ნაწილი უხდება შეხებისადმი მგრძნობიარე. 13 კვირის ნაყოფს ტკივილზე რეაქცია აქვს ნერვული სისტემის ყველა დონეზე.


ამერიკელმა ექიმმა ბერნარდ ნათანსონმა გადაიღო ფილმი, სადაც ნაჩვენებია იმის ულტრაბგერითი გამოსახულება, რაც ხდება ქალის საშვილოსნოში აბორტის გაკეთების დროს 12-კვირიან ნაყოფზე „ვაკუუმ-ასპირაციის“ ზემოთაღწერილი მეთოდით. ეკრანზე ნათლად ჩანს, როგორ ცდილობს პაწაწინა არსება ვაკუუმ-გამწოვისათვის თავის არიდებას, თავის დაძვრენას. სწრაფი და ღელვით აღსავსეა მისი მოძრაობები. გული უცემს ძალუმად და აჩქარებულად. ხოლო ბოლოს, როდესაც ბოროტების აპარატის საცეცებში მომწყვდეული ბავშვის სხეულის დანაწევრება იწყება, იგი ფართოდ აღებს პირს უხმო ძახილით. აქედან მომდინარეობს ფილმის სახელწოდებაც - „უხმო ძახილი“. გაითვალისწინეთ, რომ არავითარი გაუტკივარება აბორტის დროს ნაყოფისათვის არ არსებობს.


დედებო, როდესაც დააპირებთ საკუთარი შვილების მკვლელობის ცოდვის ჩადენას, გახსოვდეთ: მათ ძალიან ეტკინებათ, და ისინი მერე, იმქვეყნიურ ცხოვრებაში შეგეკითხებიან: „დედა, რად გამიმეტე ასე სასტიკად?“ რას უპასუხებთ მაშინ?


ტკივილის შეგრძნება კულმინაციას აღწევს, როდესაც აბორტის მეთოდად გამოყენებულია „მარილიანი ამინოცენთეზი“. ამგვარი ბუნდოვანი ტერმინოლოგიის ქვეშ იმალება შემდეგი: დედის მუცლის ღრუს ფარიდან ბავშვის სანაყოფო წყლებში უყრიან ნემსს. მისი მეშვეობით შეჰყავთ მარილის კონცენტრირებული ხსნარი. ბავშვი ყლაპავს ამ ხსნარს, ისუნთქავს მას, იჟღინთება. ხსნარი სწვავს ბავშვს, რის შედეგადაც იგი განიცდის აუტანელ ტკივილს და იგრიხება კონვულსიებში. თუ პროცედურა არ გართულდა, მეორე დღეს დედა შობს მკვდარ შვილს. ამ სახით აბორტირებულ ბავშვებს ზოგჯერ „ყინულოვან ბავშვებსაც“ უწოდებენ. საქმე ის გახლავთ, რომ მარილს, როგორც მოგეხსენებათ, აქვს ამოჭმის უნარი. ბავშვს ნაზი კანი მარილის ამგვარი მოქმედების შედეგად სძვრება და მის ქვეშ ჩნდება ფაშარი წითელი მბზინავი კანქვეშა ქსოვილი, რომელიც ჭიქურსა ჰგავს - საიდანაც მომდინარეობს კიდეც ეს სახელწოდება.


არის კიდევ აბორტის სახეობა სახელწოდებით: „ჰისტეროტომია“. ეს მეთოდი გამოყენებულია ორსულობის ბოლოს და ცნობილია „საკეისრო კვეთის“ სახელწოდებით (ზოგჯერ, სამედიცინო ჩვენების მიხედვით, - მაგ. ბავშვის განსაკუთრებულად დიდი წონის ან ზომის დროს, ამ მეთოდით ტარდება მშობიარობა). რა ხდება ამ დროს? ექიმი უჭრის დედას მუცლის ფარს, შემდეგ საშვილოსნოს, და ამოჰყავს ცოცხალი ბავშვი პლანცეტითურთ, ხოლო შემდეგ შვილი ბავშვის მოკვდინება ხდება იმ მეთოდით, რომელსაც ამოირჩევს ექიმი... ზოგიერთი მათგანი ბავშვს ჰკლავს პირდაპირ საშვილოსნოში. ამისათვის ისინი ჭიპლარს უჭრიან მას და ჟანგბადს უხშობენ, ხოლო ხუთიოდე წუთის შემდეგ, როდესაც ბავშვი სულშეხუთვით იღუპება, უკვე მკვდარი ბავშვი ამოჰყავთ საშვილოსნოდან.


ზემოთ ჩვენს მიერ ყველა სახის აბორტი როდია აღწერილი, მაგრამ, ვიფქრობ, განსჯისათვის ეს საშინელებანიც საკმარისია.


ერთ ფემინისტურ დემონსტრაციაზე, რომლებიც აბორტის ლეგალიზაციისათვის მიმდინარეობდა, ქალები სკანდირებდნენ: „ყველა კანონი შორს ჩვენი სხეულისაგან!“ ისინი, ეტყობა თვლიან, რომ აბორტი მათი პირადი საქმეა და მასში არავისა აქვს ჩარევის უფლება. ამ ქალებმა კარგად უნდა შეიგნონ: „აბორტი არ არის მათი პირადი საქმე“. ეს მაშინ იქნებოდა მათი პირადი საქმე, იგი მხოლოდ მათ პიროვნებას რომ ეხებოდეს. მაგრამ საქმე ეხება სხვა პიროვნებასაც - ბავშვის პიროვნებას... წარმოდგინეთ, რომ თავს დაგესხათ ბანდიტი და მოკვლას გიპირებთ. მოირბინა პოლიციელმა თქვენს დასაცავად და ბანდიტი ეუბნება მას: „წადი აქედან! ამ ქალს მოვკლავ თუ არ მოვკლავ, ეს ჩემი პირადი საქმეა. შენ არა გაქვს ჩემს პირად საქმეში ჩარევის უფლება“. როგორ ხასიათზე დადგებოდით მაშინ? ან იქნებ თქვენც შეირსხავდით ბანდიტივით პოლიციელს და მოუწოდებდით, არ ჩარეულიყო თქვენი უსაფრთხოების დაცვის საქმეში? რად ხდება, რომ როდესაც თქვენ გკლავენ - მშველელს უხმობთ და სახელმწიფოებრივი კანონების უზენაესობას ეყრდნობით, რომლებიც თქვენს სიცოცხლეს იცავენ, ხოლო როდესაც თქვენ თვითონ კლავთ, „ყველა კანონი უნდა აირიდოთ“ და „არავის მისცეთ ჩარევის უფლება“?! თქვენი სიცოცხლე დაცული უნდა იყოს, ხოლო უმწეო, თოთო არსებისა კი არა? სწორედაც რომ მისი სიცოცხლის დაცვაა საჭირო!


არსებობენ ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ აბორტი მაინც არ უნდა გავუთანაბროთ ჩვეულებრივ მკვლელობას, რადგან დედის სხეულში მყოფი ნაყოფი ჯერ არ ჩამოყალიბებულა, როგორც „პიროვნება“, რადგან იგი არ არის სიცოცხლისუნარიანი.


არის თუ არა ეს არსება პიროვნება - რა თქმა უნდა, რწმენის საკითხია, რომელიც ადამიანის ზოგადფილოსოფიური და რელიგიური რწმენის მიხედვით წყდება. ათეისტისა და მატერიალისტისათვის, ცხადია, არ იქნება. ქრისტიანული რწმენა კი ამ კითხვაზე ერთმნიშნველოვნად პასუხობს: რა თქმა უნდა, პიროვნებაა! აბა, როგორ არ არის პიროვნება, როდესაც დედის მუცელში მჯდომ პაწაწას უკვე გააჩნია თავისი ინდივიდუალური და უკვდავი სული?! დიახ, დედიკო, - უკვდავი სული, რომლის (სხულისაგან განსხვავებით) არც დანაწევრება და არც მოკვდინება შენ არ ხელგწიფება! იგი წარსდგება საშინელ სამსჯავროზე უზენაესის წინაშე შენი, ასევე უკვდავი სულის გვერდით. „რომელი საშოსა დედისასა მიიცვალა და არა მოვიდა ამ ქვეყნად, ჰასაკითა სრულქმნის მას უმალ [მსაჯული], ოდეს მოაქცევს ცხოვრებად  მკვდართა [საყოველთაო აღდგომის ჟამს]... და რომელთა აქ ვერ იხილეს ერთურთი - იმქვეყნად იხილვიან, და დედა სცნობს, რომ ესე არს ძე თვისი და შვილიცა აგრძნობს, რომ იგია დედა მისი...“ (ეფრემ ასური, „შიშისათვის ღვთისა და უკანასკნელი სამსჯავროსათვის“). შესაძლოა, სწორედ მაშინღა მიხვდეს ვაი-მშობელი თავის მიერ ჩადენილი საქციელის მთელ საშინელებას.


რაც შეეხება „სიცოცხლისუნარიანობას“, აუცილებელია დაზუსტება, თუ რას გულისხმობს ეს ტერმინი. თუ იგი გვესმის, როგორც დამოუკიდებელი და სხვათა დახმარების გარეშე არსებობა, ასეთი არსებობისათვის ხომ ბავშვი დაბადების შემდეგაც არ არის და კიდევ კარგა ხანს არ იქნება მზად. აბა, სცადეთ, 2 ან თუნდაც 5 წლის ბავშვი დატოვეთ თავის თავის ანაბარა. შეძლებს იგი დამოუკიდებელ ცხოვრებას, სხვათა დაუხმარებლად, თუნდაც ერთ კვირას?


თუ დავუშვებთ, რომ მისაღებია იმ ბავშვების მკვლელობა, რომელთაც არ შესწევთ დამოუკიდებლად არსებობა, ამით ხელს ვაწერთ ყველა ბავშვის სიცოცხლის ხელყოფაზე სიჭაბუკის ასაკამდე, და მათთან ერთად ეს ეხება ყველა შრომისუუნარო ინვალიდსაც.


„ადამიანები, რომლებიც ჰკლავენ ბავშვებს საკუთარი სხეულის წიაღში, ჰგვანან ჰეროდეს, რომელმაც შეჰმუსრა 14 ათასი ყრმა, რათა არავის შესძლებოდა მისთვის ხელის შეშლა ცხოვრებაში“ - წერს მიტროპოლიტი მელეტი, და დასძენს: „ისინი ჰეროდეზე უარესნი არიან, რადგან ეს ყრმები, ყოველ შემთხვევაში მისი საკუთარი შვილები მაინც არ ყოფილან“. ჰეროდეს ეს საქციელი - 14 ათასი უდანაშაულო ძუძუთა ბავშვის მოკვდინება - ყველა დროისათვის უსულგულობისა და სისასტიკის სიმბოლოდ იქცა...


ამ თემაზე სულისშემძვრელი სიტყვებით წერს დეკანოზი დიმიტრი სმირნოვი: „...ბავშვთა მკვლელობაზე საშინელი რამ არ არსებობს. დროა შეწყდეს საკუთარი შვილების მკვლელობები! ადამიანები ასე სჯიან: ერთს გავაჩენ, შვიდს მოვაკვდინებ და უკეთ ვიცხოვრებ. იმიტომ, რომ რვა შვილი რომ გამეჩინა, რვაჯერ ნაკლები საჭმელ-სასმელი და ტანსაცმელი მექნებოდა. სინამდვილეში კი სულ სხვაგვარად გამოდის. მოკლულ ყრმათა სისხლი მკვლელის მთელ ჯიშსა და ჯილაგს აწევს. იბადება ბავშვი და მას უკვე ამძიმებს მშობლის დანაშაული. ამ ცოდვისაგან ბავშვები უმართავნი ხდებიან. ამიტომაც, იმ ერთით, რომელიც ცოცხლად დატოვეს, ოჯახში უფრო მეტ წვალებას გამოსცდიან, ვიდრე რვა შვილი რომ ჰყოლოდათ... მიზეზი კი ცუდ აღზრდაში როდია. ჩვეულებრივ, მშობლები საერთოდაც არ მონაწილეობენ ბავშვის აღზრდაში. ბავშვის ფორმირება ხდება გარემომცველი წრის მეოხებით. ადრე ადამიანები ზნეობრივად უფრო ჯანსაღნი იყვნენ. ახლა კი, აბა, გადავხედოთ, ვინ ავსებს ბავშვების გარემომცველ წრეს? მამა და დედაა მისი ძმის თუ დის მკვლელები; სტუმრად მოდის მამიდა - ის მამიდაც მკვლელია; ბებია ჰყავს და - იმ ბებიასაც შვილის მკვლელობის ცოდვა აწევს. ყველანი მკვლელები არიან. მაშ, როგორებად აღიზრდებიან ბავშვები?..


საშინელია არათუ მკვლელობა, როგორც ასეთი, არამედ ის, რომ ეს ჩვეულებრივ ამბად იქცა, რასაც ყველანი მიეჩვივნენ...“


დედაკაცო, განიშორე, განიძარცვე ლამაზ-ლამაზი სიტყვების საბურავი! თუნდ აქედან დაიწყე - როდესაც ქალთა კონსულტაციაში შემოგთავაზებენ: „ხომ არა გსურთ მენსტრუალური ციკლის აღდგენა? თუ გსურთ, ხელი მოგვიწერეთ თქვენს თანხმობაზე ამ პროცედურის ჩატარებისთვის“ - უწყოდე, რომ ამ ზრდილობიანი წინადადების მიღმა დგას არა „ორგანული ქსოვილის“ თუ „ქსოვილთა გროვის“ ამოჭრა, ეს უჯრედები შენი ღვიძლი შვილია - პატარა ბიჭუნა ან გოგუცუნა, და შენ გთავაზობენ შენი შვილის მკვლელობას მისი სხეულის დანაწევრების ან მარილწყალში კანის გაცლის გზით...


ექიმებო! მართლა ჯალათები ხომ არა ხართ?! გულწრფელნი მაინც იყავით თქვენი პაციენტების წინაშე; მოუყევით ყველაფრის შესახებ, რაც ელით მათ აბორტის დროს თუ აბორტის შემდეგ. იპოვით კი ამის შემდეგ იმისთანა ურჯუკს, რომ დაგთანხმდეთ „პროცედურაზე“? ოღონდ საგნებს თავისი სახელი უნდა დაარქვათ: ბავშვს - ბავშვი და არა „ფეხმძიმობის პრიოდუქტი“; მკვლელობას - მკვლელობა და არა „მენსტრუალური ციკლის აღდგენა“ და ა.შ. მოუყევით აბორტისშემდგომი ყველა გართულების შესახებ: ანთებითი და ინფექციური პროცესებით გართულების შესახებ, იმის თაობაზე, რომ აბორტის ლეგალურობა სრულიადაც არ ხდის მას უსაფრთხოს. ყოველივე ამაზე კი პირდაპირ რაღაც მდუმარების შეთქმულებაა თუ ინფორმაციის უსინდისო დამახინჯება.


მაგალითად, აბორტმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა. თუ ექიმს არ მოეპოვება ხელთ დონორის სისხლის აუცილებელი რაოდენობა, მანიპულაცია სიკვდილით მთავრდება. მაგრამ ამ შემთხვევაში სიკვდილის მიზეზად აბორტს კი არ ჩათვლიან, არამედ სისხლის დაკარგვას დააბრალებენ! ზოგჯერ დონორის სისხლიც კი ვერ იხსნის ქალს სიკვდილისაგან, მხოლოდ ოდნავ მატებს სიცოცხლის ხანგრძლივობას. ისეც ხდება, რომ სისხლის გადასხმის შემდეგ ქალი ავადდება შრატისმიერი ჰეპატიტით და რამენიმე თვის მერე კვდება. დიაგნოზში კი ჰეპატიტი ფიგურირებს, თუმცა ჭეშმარიტი მიზეზი აქაც აბორტია. კიდევ ერთი მაგალითი: საშვილოსნოს გარსის დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს მენჯის ღრუს აბსცესი, სეფსისი და სიკვდილი. სიკვდილის მიზეზის ოფიციალურ ანგარიშში ნაჩვენები იქნება საშვილოსნოს აბსცესი და სისხლის მოწამვლა და ვერსად ნახავთ ჭეშმარიტ მიზეზს - აბორტს.


სხვა ფაქტებსაც მოგახსენებთ: თუ ექიმი სპეციალური კოვზით გამოფხეკს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის მეტისმეტად ღრმა შრეს, იქ, სადაც იგი საშვილოსნოს ლულებს უერთდება, ნაჭრილობევის მიზეზით წარმოიშვება ნაწიბური და ხშირად - საშვილოსნოს ლულების გაუვალობა. თუ ეს გაუვალობა სრულია, ქალი მთელი ცხოვრების მანძილზე უნაყოფო ხდება. თუ გაუვალობა ნაწილობრივია, მამაკაცის სპერმას შეუძლია მოხვდეს ლულაში და გაანაყოფიეროს ქალის კვერცხუჯრედი, მაგრამ ეს განაყოფიერებული უჯრედი ნაჭდევ-ნაწიბუროვანი წარმონაქმნების გამო დროულად ვერ ხვდება საშვილოსნოს ღრუში და ორსულობა ვითარდება არა საშვილოსნოში, არამედ ლულაში. როცა ეს მოვლენა დროულად არ არის შენიშნული, ლულა სკდება ქალისთვის სასიკვდილო შედეგით. ამ შემთხვევაშიც სიკვდილის მიზეზად დასახელდება საშვილოსნოსგარე ორსულობა და არა ჭეშმარიტი მიზეზი - აბორტი.


ექიმებო! მოუყევით თქვენს პაციენტებს ყოველივე ამის შესახებაც და სხვა ისეთი რამეებიც, რაც თქვენ ჩვენზე უკეთ უწყით: თუ რამდენჯერ იზრდება მათში მუცლის მოწყვეტისა და ნაადრევი მშობიარობის ალბათობა მომდევნო ორსულობისას; თუ როგორ იმოქმედებს ამ ბავშვის მკვლელობა მომავალი ბავშვების ჯანმრთელობაზე, თუკი ისინი ქვეყანას მოევლინებიან. თუმცა, იოლი შესაძლებელია, ბავშვები მათ უკვე აღარასოდეს ეყოლოთ. ამის თქმაც არ დაგავიწყდეთ, რომ სავსებით მოსალოდნელია, ნაყოფი, რომელსაც ახლა ჰკლავს, მისთვის ერთადერთი აღმოჩნდეს და ვეღარასოდეს გამოსცადოს ის უსაზღვრო დედური ბედნიერება, რასაც განიცდის მშობელი, როდესაც გულში ჩახუტებული პატარა არსება ფართოდ გახელილი თვალებით, მთლიანად მასზე მინდობილი, ეტიტინება და დამარცვლით წარმოთქვამს სანუკვარ სიტყვას: „დე... და...“ ექიმებო, მოასმენინეთ ამ ქალს მის სხეულში ჩაბუდებული პაწიას გულისცემა. თქვენ ხომ იცით, რომ ულტრაბგერითი მეთოდით კვლევისას ეს შესაძლებელია ფეხმძიმობის მე-7 კვირას, როდესაც ნაყოფი ჯერ ორი თვისაც არ არის!..


და თუ ყოველივე ამის შემდეგ, კიდევ მოიძებნება ისეთი „დედიკო“, რომელიც დაიჟინებს აბორტის გაკეთებას, მაშინ რაღა გვაქვს სათქმელი? იქნებ მართლაც უმჯობესი იყოს „დაიღუპოს პაწია, ვიდრე ქალის სახემიცემულ ამისთანა ურჩხულს ჩაუვარდეს ხელში“. თუმცა, აქაც არსებობს გამოსავალი მკვლელობის გარეშე: ასეთ ფეხმძიმეს უნდა მიეცეს მყარი გარანტიები, რომ მას არ დაუნარჩუნებენ ბავშვს, თუ თავად არ ინებებს, ოღონდ შვას ყრმა და გადასცეს იგი ბავშვთა სახლს! თუ თავად არ გსურს ბავშვის აღზრდა, სხვები გაზრდიან, ოღონდ კი ნუ მოჰკლავ!


ექიმებო, თქვენი მოწოდება ხომ სიცოცხლის გადარჩენაა!


რაგვარად მოხდა, რომ ეს მოწოდება შეგიტრიალდათ და პირდაპირ საწინააღმდეგოს სჩადიხართ - ღუპავთ სიცოცხლეს?! თანაც ისეთი სახით, როგორითაც არც კი დასიზმრებიათ ჰიტლერსა და რკინის ფელიქსის ჯალათებს?.. არადა, საშინელ სამსჯავროზე ამ დახოცილი ბავშვებისათვის პასუხი მარტო მათ დედებს როდი მოეთხოვებათ. ეს ბავშვები თქვენც გკითხავენ: „რატომ გვკლავდით და ასო-ასო გვქნიდით, ხელებსა და ფეხებს რად გვწყვეტდით?“ მაშინ გამოჩნდება სწორედ მთელი ველურობა თქვენი და თქვენი პაციენტებისა: „ინსტიტუტი მქონდა დასამთავრებელი“, „არ მინდოდა სიღარიბე მემრავლებინა“, „ბავშვი, შესაძლოა, ავადმყოფი დაბადებულიყო, ან დედა გადაჰყოლოდა მშობიარობას...“


ინსტიტუტი გაქვს დასამთავრებელი? - ჯერ დაამთავრე და მერე გათხოვდი და აჩინე ბავშვები.


არ გინდა „სიღარიბის განმრავლება“? - ნუ ამრავლებ! იცხოვრე უბიწოებაში. მაგრამ თუ ვერ გაუძელ ცდუნებას, რადა ჰკლავ პატარას? სამეზობლოდ გამოყოფილ ბინაში ცხოვრება არა გსურს? - გაიჩინე, ბატონო, ცალკე საცხოვრისი, მაგრამ თუ საკუთარი ბინის შოვნის სახსარი არ გყოფნის - შენი კომუნალური ბინის მეზობლებს რომ არ დაუწყებ ხოცვას, გინდა თუ არა ხელს მიშლიან კომფორტულ ცხოვრებაშიო!


ვთქვათ, ექიმები მიიჩნევენ, რომ ბავშვი, შესაძლო, ავადმყოფი დაიბადოს. თუ ავადმყოფობა საკმაო მიზეზია, რათა მოიკლას ადამიანი, მოდით, მაშ, დავხოცოთ ყველა ვადმყოფი, პირველ რიგში, განსაკუთრებით უიმედონი. ისინი ხომ, დანამდვილებით, თვითონაც ეწამებიან და მომვლელებსაც გვარიანად აწუხებენ. თუკი შეიძლება იმ ბავშვების მოვლა, რომლებიც სავარაუდოდ შეიძლება მიჩნეულ იქნან ავადმყოფებად, ესენი ხომ ყოველგვარი ვარაუდის გარეშე არიან სასიკვდილონი. რაღას ვუცდით, მოდით, დავაწყვიტოთ მათ ხელები, ფეხები ან ჩავყაროთ ისინი მარილხსნარიან ავზებში.


მოჰყავთ აბორტის კიდევ ერთი გამართლება. რიგ შემთხვევაში მშობიარობა ეჭვის ქვეშ აყენებს დედის ჯანმრთელობას, ზოგჯერ ემუქრება თვით მის სიცოცხლესაც... ჩიტი საკუთარი სიცოცხლის საფასურად აცილებს მელას ბუდისაგან; ომში საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ სხვების, სრულიად გარეშე ადამიანების გადასარჩენად. მაშ, რატომ არ უნდა გასწიოს რისკი დედამ თავისი საკუთარი შვილის ქვეყნად მოსავლენად? ის ხომ დედაა! სიკვდილის ეშინია? მაგრამ აბორტით სიკვდილის არ ეშინია? თუ ის შეეწირება საკუთარ პირმშოს დაბადებას, მსგავსი თვითშეწირვისთვის, ძალზე საგულვებელია, რომ სამოთხის ღირსი გახდეს. ხოლო თუ ბავშვისმკვლელად მიიცვლება, სად აღმოჩნდება?.. მაშინ, როდესაც თვალებში ჩახედავს თავის მიერ მოკლულ ბავშვს, ხომ დასწყევლის იმ საათს, რაჟამს მან გადაწყვიტა ცხოვრების გახანგრძლივება მისი სასტიკი მოკვდინების ფასად...


თუმცა, აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ყველაზე სერიოზული და საპატიოა აბორტისათვის. შეუძლებელია ყველა ქალს გინდა თუ არა, მოვთხოვოთ გმირობა, განსაკუთრებით იმ ქალებს, რომლებსაც იმქვეყნიური ცხოვრებისა არა სწამთ. თუ მართლაც არის სერიოზული საშიშროება დედისათვის, უნდა მივცეთ მას არჩევანის უფლება - ვისი სიცოცხლე იხსნას: თავისი თუ ბავშვისა. მე, როგორც მორწმუნე ქრისტიანი, დარწმუნებული ვარ, რომ ის ადრე თუ გვიან ინანებს, თუკი აირჩევს თავისას. თანაც, გონების თვალის ახელა მოხდება უკვე აქავ, ამიერ ცხოვრებაში. ამას მე ვადასტურებ, როგორც მართლმადიდებელი მღვდელმსახური: ძალიან ხშირად ეს პროცესი ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხდება. ამიტომაც, თუმც კი დამცდა, რომ „არჩევანის უფლება უნდა დავუტოვოთ-მეთქი“ (თანაც ჩემი სიტყვები უკან როდი მიმაქვს), მაგრამ, სულერთია, მინდა შეგევედროთ: „დაიკოებო! ძვირფასებო! გააკეთეთ სწორი არჩევანი!“ ამ საკითხში დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება დაამახინჯოს მთელი თქვენი შემდგომი მიწიერი ცხოვრება, რომ არაფერი ვთქვათ ზეციურზე.


გაცილებით იოლია მოვაცილოთ ჩვილი ბავშვი დედის წიაღიდან, ვიდრე ხსოვნა მის შესახებ - მისივე სულიდან. აბორტგადატანილი ქალების გამოკითხვა ადასტურებს, რომ აბორტის შემდეგ მათ უჩნდებათ ერთგვარი გათავისუფლების, ტვირთის მოხსნის შეგრძნება. მაგრამ ის, რასაც ქალი გრძნობს აბორტის შემდეგ ყველაზე ღრმა ფსიქიკურ დონეზე, მეტისმეტად განსხვავდება კითხვარებზე გაცემული მისი პასუხებისაგან. თვით იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ქალი განსჯის დონეზე აბორტს მიიჩნევს, როგორც „ერთადერთ გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან“ და თავისი ცნობიერი აზროვნებით ამართლებს მას, - ყოველივე ეს შეიძლება თავსდებოდეს სრულ უარყოფასთან ქვეცნობიერ აზროვნებაში. როგორც არ უნდა მხნეობდეს და შემოუძახებდეს თავს, რომ „ეს აუცილებელია“, - აბორტი ყოველთვის იწვევს ქალში ღრმა განცდებს, სულიერი ტკივილის შეგრძნებას, სირცხვილისა და აუნაზღაურებელი დანაკლისის შეგრძნებას. და თუ თავიდან ჩნდება ერთგვარი გათავისუფლების და ტვირთის მოხსნის შეგრძნება, ძალზე მალე მას ცვლის საწინააღმდეგო აღქმა: შეუცნობელი შიში, ღრმა სასოწარკვეთილება და ურვა, დანაშაულის მწველი განცდა, თანდართული სირცხვლის გრძნობასთან, და როგორც შედეგი - უძილობა ან კოშმარული სიზმრები; შეიძლება ადგილი ჰქონდეს სექსუალურ დარღვევებს, იშლება ოჯახები, ქალები ზოგჯერ ეტანებიან ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს და როგორც შედეგი - თვითმკვლელობის მცდელობა.


ქალი - ცხოვრების სათავეა. როცა ის ფეხმძიმდება, რასაც არ უნდა შეაგონებდნენ მას „გონიერი ადამიანები“ „უჯრედების გროვისა“ თუ „კოშტის“ თაობაზე და გონებით რა საბაბის მოშველიებითაც არ უნდა იმშვიდებდეს თავს, იგი მთელი თავისი არსებით გრძნობს (და ქვეცნობიერში ეს მკვეთრად არის აღბეჭდილი), რომ მის სხეულში იზრდება და საზრდოობს ბავშვი. თუკი ის ღალატობს თავის მოწოდებას და ამ ჩასახული სიცოცხლის ხელყოფის გადაწყვეტილებას იღებს, - ეს ბღალავს მისი ქალური ბუნების საწყისთა საწყისს. იგი სიცოცხლის სათავიდან იქცევა სიკვდილის ბუდედ, ბავშვის მშობელიდან ხდება ბავშვის მკვლელი. საკუთარი ბუნების ასეთი შებღალვა კი მისთვის დაუსჯელად არ ჩაივლის...


ქალები ყველგან ქალად რჩებიან. ქალის სევდისა და ტკივილის ზემოაღნიშნული სურათი გვხვდება ყველგან, სადაც ნებადართულია აბორტები. მართლმადიდებელი მღვდელმსახურისათვის ეს სურათი ტკივილამდე ახლობელია. თითქმის ყოველ ქალურ აღსარებაში - სულ ყმაწვილებიდან თვით ხნიერ მანდილოსნებამდე - იგი მომსწრეა ამ შეუხორცებელი ჭრილობისა აღმსარებლის სულში, ხედავს მათ სულიერი ტკივილით აღსავსე თვალებს და ამ თვალებიდან მომდინარე მწარე, ნაგვიანებ ცრემლებს... და ყველაფერ ამის მაცქერალი, უნებურად კრთები და სურვილი გძალავს მთელი ხმით შესძახო:


„ქალებო! ძვირფასებო! რას შვებით - გონს მოდის! გამოფხიზლდით! ვის იმეტებთ სატანჯველად?! უპირველეს ყოვლისა და ყველაზე მეტად მათ, ვინც ყველაზე მეტად უნდა გყვარებოდათ და დაგეცვათ - თქვენს საკუთარ შვილებსა და თქვეს საკუთარ თავს!“


გაზეთი „აღსავალი“, № 5-8, 2004 წ.