მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ცოდვები და სათნოებები

 

შოთა ნიშნიანიძე
ძახილი

 

I


რა გალეულს და ფერწასულს გხედავ,
ჩემო პაწია, ცოდვილო დედა,
ვაიმე, როცა შენს გულთან მჭრიდნენ,
რაიმე ხომ არ გატკინე ნეტა.


არ შეგეშინდეს, შვილი ვარ შენი,
შენი ტანჯული სისხლი და ხორცი,
ნიავი ვარ და მგონია გშველი, -
სიცხიანს, მწუხარს კულულზე გკოცნი.


მაგ ბავშვურ შუბლსაც გიკოცნი მორცხვად,
გაბუსხულ ტუჩსაც, ბავშვურად ლამაზს...
ახლა სული ვარ და უფალს ვლოცავ -
შენს გადარჩენას ვულოცავ მამას.


მადლობა უფალს, რომ არ დაგვღუპა,
არ დამიობლა ძმები და დები.
მე კი, ბარტყივით ტანშეუბუმბლავს
ცად ანგელოზმა მაჩუქა ფრთები.


როგორ მინდოდა, მეც მოგსწრებოდი,
მეც გამეხარა ამ სამზეოთი,
მეც დამეძახა შენთვის „დედიკო“
და მამას ყელზე შემოვხვეოდი.


ჩაწნული ვიყავ მომავლის ფიქრთან,
როგორც პეპელა ყვავილში რგული,
დაბადებამდე რამდენი მიკლდა,
ითვლიდა ჩემი პაწია გული.


ალბათ, გგონივარ დაღლილი სხივი,
ალბათ, გგონივარ სუნთქვა სიოთა,
შენ ხომ უძლებდი საკუთარ ტკივილს,
მე კი, ძვირფასო, შენიც მტკიოდა.


თურმე ტყუილად მომიხაროდა,
შეხვედრა შენთან, ძმებთან და დებთან...
ახლა მოგტირით სხვა სამყაროდან
არარაობის ჩრდილი და სევდა.


რად გააწბილე ღვთის იმედები,
რატომ შეშალე და გაამრუდე,
ანგელოსების და პლანეტების
კეთილი გათვლა და ვარაუდი?



II


ჰოი, დედებო, რა პასუხს აძლევთ,
რას ეუბნებით წარსულს და ხვალეს,
ვინ მოუაროს ვაზივით გამძლე
დიდების მსურველ პატარა მხარეს!


ვინ მოუაროს შენ ზვრებს და ანბანს,
შენ ხმებს, ჩუქურთმას, იმედებს, სიზმრებს.
მაგ ცოდვას რაღა მირონი გაბანს
და მაინც გამშრალ ტუჩებზე ვიმცვრევ!

მირონო, ჩემი მიწის მირონო,
იმედო, რწმენავ - სულ შემენახე,
სულ იარაგვე, სულ ირიონე,
სულ იჯეჯილე, სულ ივენახე.

- კიდევ სად არის სხვა საქართველო?
ჰყივის ლექსი და ციხის ქონგური.
- მიწაში, დედავ... და ვინ დათვალოს
შვილი და ძირი ჩემებრ მოკლული.

თუ სვეტიცხოველს ვერ ავაგებდით,
„ვეფხისტყაოსანს“ თუ ვერ დავწერდით,
მაინც ზედმეტი და მოსაკვეთი
არ ვიქნებოდით შენთვის არც ერთი...


შვილთა სიმრავლე დაგბედებოდეს
მტრედის გრუტუნი და მუხის ჩერო,
ჩხებით, აკვნებით და ბუდეებით
ამაღლდი, ჩვენო ფუძევ და ჭერო!..


ლექსისათვის „ძახილი“ შოთა ნიშნიანიძეს 1977 წ.
გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა.