ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, ეკვატორს, ციურ მერიდიანებს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს: „როდესაც მე შევქმენი დედამიწა ... ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა“ (იობი 38, 5). ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც.
უსასრულობაში, მარადისობაში, სიყვარულში ანუ ღვთიურ განზომილებაში დრო არ მოქმედებს და არც არსებობს. იგი მხოლოდ წუთისოფლის, მიწიერი სამყაროს საზომადაა დადგენილი და ადამიანის ამქვეყნიური ცხოვრების მოწესრიგებას ემსახურება.
ეკლესიაში დროის განწმენდა ხდება. ღვთისმსახურების პროცესში დრო წმიდა სიმბოლოებისა და რიტუალების შესრულებაში გადის. დღეღამურ, კვირის მანძილზე ჩატარებულ, წლიურსა და სხვა სახის ღვთისმსახურებას ციკლური ხასიათი აქვს. წრე - მარადიულობის სიმბოლოა, ამიტომ საეკლესიო კალენდარს მკაცრი რიტმიკა, მკაფიო მკაფიო პერიოდები და ციკლურობა უნდა ახასიათებდეს. საეკლესიო კალენდარი დროის უბრალო აღნუსხვა როდია, არამედ ჟამთასვლისაგან განწმენდილი ხატი, რომელიც მარადიულობაში მყოფობს.