მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რითი გამოირჩევა იულიუსის კალენდარი

 

დროის ბიბლიური ორიენტირებით. ბიბლიამ დროის გაზომვის ერთდროულად სამი ორიენტირი მიგვითითა: მზე, მთვარე და ვარსკვლავები.

 

იულიუსის კალენდარი ვარსკვლავურ-მზისიერი წლის კალენდარია. იგი შეთანხმებულია, აგრეთვე, მთვარის ფაზებთანაც. ამრიგად იულიუსის კალენდარი, რომელიც დროის ამ სამ ორიენტირს ეყრდნობა, მათი ჰარმონიზაციის დასკვნით ეტაპს წარმოადგენს და ამ მხრივ ბადალი არა ჰყავს არც წარსულში, არც აწმყოში.

 

მართლმადიდებლური კალენდარი დაფუძნებულია ბიბლიურ კალენდარზე და ეწოდება ინდიქტიონი. მისი რიტმის კრიტერიუმია დიადი პასქალური წრე - დროის მონაკვეთი, რომლის ხანგრძლივობაა 532 წელი - წლების რაოდენობა, რომელსაც ვღებულობთ მზიური წლის (28 წელი) და მთვარის წლის (19 წელი) გამრავლების შედეგად: 28x19=532.

 

ინდიქტიონი იძლევა კოსმოსური, ისტორიული და ლიტურგიკული ქრონოლოგიის ერთობლიობას. ამ ჟამთა აღრიცხვით ადამიანის ცხოვრების რიტმი შეჯერებულია მზის, მთვარისა და სხვა ციური სხეულების მოძრაობის რიტმთან, რაც აძლევს მას საშულებას, მოაწესრიგოს ამქვეყნიური ცხოვრება და მისცეს მას მიმართულება მარადიული, ღვთიური განზომილებისაკენ. სწორედ ამიტომ არ უნდა დათმოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ თავისი საეკლესიო კალენდარი და არ უნდა დაუმორჩილოს იგი ამქვეყნიურ ხორციელ მოთხოვნილებებს.

 

თუმცა აქაც ჩაერია ეშმაკის ბოროტი ხელი. მას არ ძალუძს დროის შეჩერება ან შეცვლა, მაგრამ მაინც არ აძლევს ადამიანებს ცხოვრების მოწესრიგების საშუალებას. ცდილობს, აუბნიოს მას გზა-კვალი და რაც შეიძლება მეტად დააცილოს ჭეშმარიტებას.

 

იმ კალენდრის მიღება, რომელსაც ჩვენ ახალ სტილს ვუწოდებთ, მოხდა 1582 წელს, რომის პაპ გრიგოლ XIII მიერ, ე.წ. რენესანსის ანუ აღორძინების იდეოლოგიის გავლენით. რეფორმამ უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია როგორც მეცნიერებში, ასევე მოსახლეობაში.

 

გრიგორიანული კალენდრის (ახალი სტილის) შემოღება ასე დაიწყო:

 

რომის პაპ გრიგოლ XIII-ის სპეციალური ბრძანებით 4 ოქტომბრის (ხუთშაბათის) მომდევნო დღედ გამოცხადდა 15 ოქტომბერი (პარასკევი). დღეები 5-დან 14-ის ჩათვლით უბრალოდ ამოყარეს. პარასკევი უწევდა 5, 12 და 10 ოქტომბერს, პაპის ბრძანებით კი 15 ოქტომბერი გახდა. რეფორმამ სრულიად არია ისტორიული ქრონოლოგია. ძალზედ ძნელია ახალი სტილით ისტორიული მოვლენების დათარიღება, ამიტომ მეცნიერები საერთოდ ამ გამოთვლებს ისევ იულიუსის კალენდრით აწარმოებენ ხოლმე.

 

საუბარი იმის შესახებ, თუ რომელი კალენდარია უფრო ზუსტი, შესაძლებელი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ორივე კალებდარს ექნებოდა ერთი ორიენტირი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ გრიგორიანულ კალენდარში მხოლოდ მზის ფაქტორია გათვალისწინებული. მთვარის ფაზებს არავითარი კავშირი მასთან არა აქვს. იგი გულისხმობს მხოლოდ მზის დამოკიდებულებას დედამიწასთან, რის გამოც მას შეიძლება ვუწოდოთ გეოცენტრული; იულიუსის კალენდარს კი - კოსმიური, რადგანაც იგი ითვალისწინებს მზის, მთვარისა და ვარსკვლავების ფაქტორებს.

 

შეხედულება, თითქოს იულიუსის კალენდარი ზუსტი არ არის და მასთან შედარებით უპირატესობა აქვს გრიგორიანულ კალენდარს, სიმართლეს მოკლებულია. უნდა აღინიშნოს, რომ აბსოლუტურად ზუსტი კალენდარი არ არსებობს და თუ შედარებით სიზუსტეზე გვაქვს საუბარი, ვარსკვლავური კალენდარი უფრო მდგრადია, ვიდრე მზისა. სხვაობა ამ ორ კალენდარს შორის, რომელიც შეადგენს მე-20 საუკუნეში 13 დღეს, არის არა ვარსკვლავური კალენდრის ცდომილება, არამედ განსხვავება აღნიშნულ კალენდრებს შორის და იგი გაიზრდება მომდევნო საუკუნეში 14-მდე, შემდეგ 15-მდე და ა.შ., რადგან მზის ირგვლივ დედამიწის მოძრაობდა თანდათანობით ნელდება.

 

ჯერ კიდევ ძველი ბერძნები წერდნენ, რომ ერთადერთი ზუსტი კალენდარი არის ეგვიპტელთა კალენდარი. ასტრონომიული თვალსაზრისით, იულიუსის კალენდარს ახასიათებს საკმარისი სიზუსტე და ჰარმონიულობა დღე-ღამესა და წელიწადს შორის: ა) მკაცრი მონაცვლეობა ჩვეულებრივი და ნაკიანი წლებისა (რიტმში 3-1); ბ) თანაბარი რაოდენობა ნაკიანი წლებისა ყველა საუკუნეში; გ) კავშირი მთვარის კალენდართან - 28 წლიანი ციკლი, როცა კვირეულის დღეები თვის იგივე რიცხვებს ემთხვევა; დ) 19 წლიანი ციკლი, როცა მთვარის ფაზები მეორდება; ე) პასქალიის ციკლი, ანუ დიდი ინდიქტიონი 532 წელი, რომლის გავლის შემდგომ მეორდება იგი განლაგება მთვარის ფაზებისა, დღეებისა, კვირეულებისა და თვის რიცხვებისა, ანუ პასექის დღესასწაული პერიოდულ სახეს ღებულობს.

 

გრიგორიანული კალენდარი გაუბრალოების გზას დაადგა: კოსმიური ორიენტირებიდან მან მხოლოდ მზე დატოვა და სამყაროსთან მიმართებაში პრიმიტიულ გეოსეზონურ კალენდრად იქცა. ნიშანდობლივია, რომ კალენდარულ კომისიას იეზუიტი კირსტოფ კლავიუსი ხელმძღვანელობდა, მაგრამ რეფორმის ავტორად თვით „უცთომელი“ რომის პაპი ცხადდებოდა. დამზადდა სპეციალური მედალი გრიგოლ XIII-ის გამოსახულებით, რომლის წარწერაც ღაღადებდა: „საუკეთესო ქურუმთა შორის“. პაპის ბულა ეკლესიისგან განკვეთის მუქარით უბრძანებდა თავის ქვეშევრდომებს უსიტყვოდ მიეღოთ ახალი კალენდარი. ცნობილი ლათინი მეცნიერები, რომლებმაც გაბედეს და ხმა ამოიღეს კალენდარული რეფორმის წინააღმდეგ, საშინელი სასჯელის მუქარით დაადუმეს.

 

ახალი კალენდრის ყველაზე ენერგიული გამავრცელებლები იმ დროს მეცნიერები კი არ იყვნენ, არამედ იეზუიტები.

 

1582 წელს კონსტანტინეპოლში ჩატარდა საეკლესიო კრება, რომელსაც ესწრებოდნენ კონსტანტინეპოლის პატრიარქი იერემია II, ალექსანდრიის პატრიარქი სილვესტერი, იერუსალიმის პატრიარქი სოფრონიუსი და სხვა მღვდელთმთავრები. კრების განჩინება ანათემას უცხადებს უღვთო ასტრონომთა გრიგორიანული პასქალიის მიმდევრებს.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალი სტილი საქართველოში ცეცხლითა და მახვილით დაამყარა უღვთო ბოლშევიკურმა რეჟიმმა. თუმცა საქართველოს მოსახლეობა დღემდე არ შეეგუა ახალ სტილს და სოფლების უმრავლესობა შობა-ახალ წელს კვლავ ძველი სტილით აღნიშნავს.

 

1900-2010 წლებში ძველსა და ახალ სტილს შორის სხვაობა 13 დღეს შეადგენს.