„და უწოდა ღმერთმან ნათელსა დღე და ბნელსა უწოდა ღამე. და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე ერთი. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მეორე. ... და იქმნა მწუხრი და იქმნა განთიად - დღე მესამე“... და ა.შ.
სად გაქრა 13 მწუხრი და 13 განთიადი, ანუ 13 დღე?
პასუხი სავალალოა - ეს დღეები რომის პაპმა გრიგოლ XIII-მ შესწირა რაციონალისტურ აზროვნებას. ჰქონდა თუ არა მას ასეთი მსხვერპლშეწირვის უფლება - ეს სხვა საკითხია, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს კაცობრიობის უდიდესი ნაწილი ამ მსხვერპლს დიდი ზარზეიმითა და კარნავალებით სწირავს.
გრიგორიანულ სტილს ვერ მიუსადაგებ ქრისტიანული პასქის დღესასწაულის აღნიშვნის წესს. კათოლიკებმა დაიწყეს საეკლესიო კრებათა მიერ დადგენილი წესების დარღვევა. რამდენჯერმე მათ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექამდე იდღესასწაულეს. ასე მოხდა 1864, 1872, 1883 წლებში. 1850 წლიდან 1950 წლამდე 15 ასეთი შემთხვევა მოხდა, ხოლო 1891 და 1894 წლებში მთელი ერთი თვით დაასწრეს პასექს. 1805, 1825, 1903, 1927, 1981 წლებში მათ აღნიშნეს აღდგომა ებრაელთა პასექის დღეს. არადა სახარებაში ნათლად ჩანს, რომ ქრისტეს აღდგომა ებრაელთა პასექის შემდგომ მოხდა. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც მართლმადიდებელ ეკლესიას არ შეუძლია გრიგორიანული კალენდრის, ანუ ახალი სტილის მიღება.
არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ თვითონ განკაცებული სიტყვა ღვთისა იესო ქრისტე იულიუსის კალენდრით ცხოვრობდა დედამიწაზე და არ ჩათვალა საჭიროდ მისი შეცვლა.
მოდით ჩავუკვირდეთ, რა აწუხებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დაჟინებით მოითხოვენ მართლმადიდებელთა საეკლესიო კალენდრის შეცვლას, რა ინტერესები ამოძრავებთ მათ?
ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მათი სურვილია რომ დიადი საეკლესიო დღესასწაულები, როგორიცაა შობა და აღდგომა აღნიშნოს გრიგორიანული კალენდრით, ანუ ახალი სტილით. ამ მოვლენას საფუძვლად უდევს სრულიად პრაგმატული მოსაზრება, - როდესაც მთელი „ცივილიზებული“ სამყარო აღნიშნავს შობა-ახალწელს, ჩვენი ეკლესია მარხვას იცავს, რაც ხელს უშლის მათ ზეიმს. ასევეა აღდგომასთან დაკავშირებით. ჭეშმარიტების საკითხი, რაც სარწმუნოების მთავარი კრიტერიუმია და ამდენად მთლიანად განსაზღვრავს ეკლესიის საქმიანობას, ახალი სტილის მომხრეებს სრულიად უგულებელყოფილი აქვთ.
მოკლედ, სახეზეა ეშმაკის კიდევ ერთი მზაკვრული ხერხი - ზერელე და ვნებებს აყოლილი ადამიანების ძალისხმევით იგი ცდილობს ააცდინოს ეკლესია ჭეშმარიტ გზას, არიოს მისი ქრონოლოგიური მოწყობა, ახალი სტილის შემოჩეჩებით დაუმორჩილოს საეკლესიო კალენდარი ხორციელ მოთხოვნილებებს და ამით გააუქმოს ეკლესიის ძირითადი დანიშნულება - ცხონების გზის გაკვალვა. მაგრამ ჩვენი ეკლესიის თავი თვით ქრისტეა, რომელიც გვზრდის და გვწყალობს თვისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!