მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პორტ-არტურის ღვთისმშობლის ხატის ისტორია

 


"ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი დედა
მობრძანდა თავის მამულში"

 

2003 წელს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩამოაბრძანეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი – “პორტ-არტური”. იგი იმ ხატის ასლია, რომელიც 100 წლის წინ შეიქმნა. ხატის ისტორია ასეთია: ერთხელ ღამით მეზღვაური თეოდორე უცნაურმა ხმამ გამოაღვიძა. მან თავად ღვთისმშობელი დაინახა, რომელიც ანგელოზებით იყო გარშემორტყმული. მათ სათავეში მთავარანგელოზი მიქაელი და გაბრიელი ედგათ. იგი მეზღვაურს უცქერდა და, ამავე დროს, ზურგით ზღვის ყურისკენ იდგა. მას ხელში დიდი ტილო ეკავა, რომელსაც გარს იასამნისფერი არშია ჰქონდა შემოვლებული, შუაში კი მაცხოვრის ხელითუქმნელი ხატი იყო გამოსახული. ღვთისმშობელს ლურჯი სამოსი ეცვა, ზემოდან კი ყავისფერი თავსაბური ებურა. შორიდან ნისლში მოჩანდა ზღვის სანაპიროზე გაშენებული ქალაქი, რომელიც ცეცხლის ალში იყო გახვეული. მეზღვაური მიხვდა, მეზღვაური მიხვდა, რომ დედა ღვთისმშობელი სწორედ მას უყურებდა. მის თავზე ღრუბლებში ანგელოზებს ცისარტყელების გვირგვინი ეპყრათ. გვირგვინის თავზე ჯვარი იყო გამოსახული. ამ ყოველივეს ზევით კი – თავად უფალი საბაოთი, უბრწყინვალესი ნათლით გარემოცული და გაისმოდა სიტყვები: “და იყავნ თქვენ ერთ მწყემსს და ერთ სამწყსო”. ღვთისმშობელი თავისი ფეხებით თელავდა გაშიშვლებულ და გადატეხილ ხმლებს.

 

         

ამ ხილვით თავზარდაცემული მეზღვაური ძლიერ შეცბუნდა, მაგრამ ღვთისმშობელმა გაამხნევა და უთხრა: “შორეული ზღვის სანაპიროზე ქვეყანას დიდი ბრძოლა ელის. დაწერე ხატი, რომელზეც აღწერ ამ ხილვას და გაგზავნე იგი პორტ-არტურში. თუკი ჩემი ხატი მოთავსდება ქალაქის კედელში, მართლმადიდებლები გაიმარჯვებენ”. შემდეგ არაჩვეულებრივმა, დამაბრმავებელმა სინათლემ მოიცვა ოთახი და ჩვენება გაქრა.

 

         

ამის შემდეგ მოხუცი მეზღვაური კიევ-პეჩორის მონასტერში მივიდა და ყველაფერი ბერებს უამბო. ყოვლადჭმიდა ღვთისმშობლის ხატი მართლაც შეიქმნა და “პორტ-არტურის” ღვთისმშობელი ეწოდა. 1980 წელს ხატმწერმა მიქაელ ოსიპენკომ ნახა იგი ქალაქ კირჟაჩში მოქმედ ერთადერთ ტაძარში და გადაწყვიტა შეექმნა მისი ასლი. 2003 წელს, როდესაც უკვე ასი წელი გავიდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის გამოცხადები შემდეგ, ხატის ასლი დასრულდა. გადაწყდა ეს ხატი რუსეთიდან ჩინეთში, პორტ-არტურში გადაესვენებინათ, რათა აღსრულდეს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სურვილი, რომელიც რატომღაც 100 წლის მანძილზე ვერავინ შეასრულა. თბილისში ეს ხატი ღვთის განგებით ციმბირიდან მოასვენეს. კითხვაზე თუ რა მიზნით ჩამოაბრძანეს ხატი მაინცდამაინც საქართველოში, მომლოცველებმა შენიშნეს: “ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი დედა მობრძანდა თავის მამულში”. ამ ხატის ისტორია საქართველოს ტყუილად როდი დაუკავშირეს. გარდა იმისა, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვდომილია, მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატიც – ჩვენი მხსნელი ანჩისხატიც ხომ აქ ბრძანდება და როგორც ღვთისმშობელი გატეხილი ხმლებით მიგვანიშნებს, მოწევნულ ჟამს მართლმადიდებლებისგან ბოროტის ძლევა იარაღით კი არა, სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის მეშვეობით უნდა მოხდეს. ღვთისმშობლის თავზე დამდგარი ცისარტყელებიც ნიშანია ღვთის დიდი წყალობისა. ერთობით ვილოცოთ საქართველოს გადარჩენისათვის, რათა ჭეშმარიტად ვიყოთ ერთ მწყემს და ერთ სამწყსო. პორტ-არტურის ხატის მადლი ფარავდეს სულიად საქართველოსა და სამართლმადიდებლოს.