მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

„ხსნის არმია“

 

გასამხედროებული სექტა

 

ეს სექტა საქართველოში ერთ-ერთი უახლესია, მაგრამ ალბათ მათი არსებობის შესახებ ბევრმა შეიტყო, როცა საქართველოს ტელეკომპანია აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა ახლად მოვლენილი „მხსნელების“ სასარგებლოდ 1993 წლის ზაფხულში, ხელისუფლებამ კი ადგილი გამოუყო „არმიას“, რათა მათ საშუალება ჰქონოდათ საქართველოში მოქმედებისა. ისინი „დახმარებას“ დაპირდნენ ჩვენს ქვეყანას მძიმე სოციალური მდგომარეობიდან თავის დაღწევაში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ისინი, სხვა „მასწავლებლებთან“ და „მოძღვრებთან“ ერთად, დაუბრუნდებიან (?) თავის სამშობლოს, როგორც კი ეკონომიკურად წელში გავიმართებით.

რამდენადაც მათი ვინაობა და საქმიანობა საქართველოში მცხოვრები ადამიანებისათვის უცნობია, ვეცდებით, გავაცნოთ მათ ამ სექტების ისტორია, სწავლების საფუძვლები, დამოკიდებულება მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მის სიწმინდეებთან და სამოციქულო მემკვიდრეობასთან.

 

„ხსნის არმიის“ სექტის დამაარსებელი
უილიამ ბოთი (1829-1912)

 

„ხსნის არმია“ თავს უწოდებს ზეკონფესიალური გამოღვიძებისა და ხსნის მოძრაობას. ეს მათი სახელწოდებიდანაც ჩანს (მათ, როგორც შემდეგ ნახავთ, თავი უკვე გადარჩენილებად მიაჩნიათ და ზრუნავენ სხვათა გადასარჩენად). ეს მოძრაობა მომდინარეობს ვინმე უილიამ ბოთისგან (William Booth). იგი დაიბადა 1829 წელს ინგლისში, ნოტინგემში, გარდაიცვალა 1912 წელს ლონდონში. არავითარი აღზრდა მას არ მიუღია, საკმაოდ მძიმე ახალგაზრდობა ჰქონდა, რომლის შემდეგაც იგი აღმოჩნდა მეთოდისტების სექტაში. მან ადრეული პერიოდიდანვე შეითვისა ამ სექტის სწავლების პრინციპები და, პრაქტიკულად, ცდილობდა მათი განხორციელებას, რაც შემდგომში საფუძვლად დაედო „ხსნის არმიას“.

 

„მთავარი ის კი არ არის, ადამიანი ქრისტეს გზაზე დააყენო, - ამბობდა ბოთი, - არამედ მთავარია, შეაყვარო მას მოყვასი; ამის მიღწევა კი შეიძლება ადამიანისათვის უკეთესი საყოფაცხოვრებო-სოციალური პირობების შექმნით“. ამასთანავე, იგი მიიჩნევდა, რომ ქრისტიანულ რწმენას დაცილებული ადამიანის მოსაქცევად საკმარისი არ იყო მანამდე არსებული ფორმები. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ბოთი თავის მეგობრებთან ერთად დადიოდა ქუჩებში და ქადაგებდა სახარებას, რამაც მას მეთოდისტთა სექტაში მქადაგებლის ადგილი დაუმკვიდრა. მან დაამთავრა ერთწლიანი მეთოდისტ-მქადაგებელთა სასწავლებელი და 1854 წელს მიიღო მთავარი მქადაგებლის ადგილი - დაევალა ერთ-ერთი თემის ხელმძღვანელობა. ერთჲ თემის ხელმძღვანელობას იგი არ დასჯერდა; შემდგომში დაუკავშირდა კატერინ მამფორდს და რამდენიმე თემის ევანგელიზაციას მიუძღვნა თავი, რასაც მოჰყვა მეთოდისტების სექტასთან კავშირის გაწყვეტა.

 

1865 წელს უილიამ ბოთი გადასახლდა ლონდონში და დაიწყო ლონდონის ღარიბ უბნებში მისიონერული (მქადაგებლური) სამსახური. მეგობრებთან ერთად აარსებს „აღმოსავლეთ ლონდონის მისიას“, რომელიც 1869 წლიდან „ქრისტიანულ მისიად“ იწოდება.

 

ქალაქის ღარიბ უბნებში მისიონერობისა და „ქრისტეს გზაზე მოქცეულთა“ „სიწმინდის დაცვის“ მიზნით, მცირე ხნის შემდეგ ბოთმა „მისიის“ ორგანიზაციებში მიიღო სამხედრო ფორმები და დააწესა მკაცრი კანონები; თვითონ მას კი, როგორც ამ „მისიის“ გენერალ სუპერ-ინტენდანტს, ამავე კანონების საფუძველზე მიენიჭა განუსაზღვრელი უფლებები. 1875 წლიდან „მისიას“ ეწოდა „ხსნის არმია“, შემოღებული იქნა ოფიცრის წოდებები, დროშები, მუსიკალური კაპელები და ა.შ. და ამ დღიდან ყოფილი „ქრისტიანული მისია“ გასამხედროებული სექტა ხდება.

 

XX საუკუნის 80-იანი წლებიდან „ხსნის არმია“ ამერიკის ფარგლებს სცილდება და ვრცელდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი განვითარებად ქვეყნებში, სადაც განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობებია; ეს გასაგებიცაა, რადგან მათი საქმიანობის მიზანს შეადგენს უმეტესად მშიერ, მწყურვალ, სასოწარკვეთილ ადამიანებთან ქადაგება. საამისოდ ხალხის მოზიდვა-დაინტერესება ხდება სხვადასხვა სახის დახმარებით (საკვები, ახალი თუ ნახმარი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საერთოდ ყველაფერი ის, რასაც დღეს ჰუმანიტარულ დახმარებას ეძახიან).

 

„ხსნის არმიის“ სწავლების ძირითადი საფუძვლები დაფუძნებულია ადამიანის მოცქევისა და განწმენდის მეთოდებზე, ე.ი. იმაზე, თუ რა გზებით, რა საშუალებებითა და რა სახის მოქმედებებით შეიძლება მიიპყრო ადამიანის ყურადღება, რომ მან მოგისმინოს და შენთან მოვიდეს.

 

1878 წელს ამ სექტის მიერ დადგინდა, რომ მათი რწმენის ძირითადი საფუძველი იქნებოდა:

 

პრინციპში, როგორც ასეთი, განსაზღვრული სწავლება მათ არ გააჩნიათ. „ხსნის არმიაში“ საუბარია ქრისტეს მიერ ნაჩუქარ ცხოვრებაზე, რომელიც ცოდვის მონანიებით, ხელახალი დაბადებითა და განწმენდით მოიპოვება. ამ მიზანს ემსახურება მათი საჯარო გამოსვლები, „გადარჩენილთა“ შეკრებები, რომლებიც სტიმულს მისცემენ მოსაქცევ ადამიანებს იმით, რომ თვითონ უკვე გადარჩნენ და მათშიც აღძრავენ მონანიებისა და გადარჩენის სურვილს. ამ შეკრებებზე „გადარჩენილი“ ადამიანები ასახავენ, ჰყვებიან თავიანთი მორჩილი ცხოვრების შესახებ. ამასთანავე, მათ აქვთ განსაკუთრებული ჯარისცაკთა ნაწილები, რომელნიც ქმნიან საწვრთნელ სკოლებს.

 

 

„ხსნის არმიის“ წევრები გაწევრებისას ხელს აწერენ ე.წ. ვალდებულებას იმაზე, რომ უარს ამბობენ ალკოჰოლისა და ნარკოტიკების სიამოვნებაზე. გადარჩენილთა არმიის ძირითადი ამოცანაა მათი ორგანიზაციების მომსახურება, მეთვალყურეობა.

 

„ხსნის არმიის“ ლოზუნგია: „პუკუეეუეთუშტ პშიე პუეეუკთშტტ“, რომლის არსიც ამგვარია: „გადარჩენილი გადასარჩენში გადარჩენის აზრს ბადებს“.

 

„ხსნის არმია“ აწყობს ცერემონიალებს, რომლებიც (მათი შეგნებით) თავისუფალ გარემოს ქმნიან მათზე სულიწმიდის ზემოქმედებისათვის.

 

მართავენ თავისუფალ შეკრებებს ქორწინებისას, ბავშვთა ნათლობისას, დაკრძალვაზე, სამხედრო მარშირებისას და ა.შ. რასაც სახალხო მისიონერულ მომენტად თვლიან.

 

საეკლესიო საიდუმლოებებს არ თვლიან წმიდა აუცილებლობად (იგივე ნათლობა და ზიარება აღიქმება, როგორც სიმბოლო).

 

საღამოობით მართავენ სუფრას, რომელთანაც სავალდებულოა იმის გახსენება, რომ ქრისტეს სიყვარული მათს გულებში საკმარისად არ არის. ამ წვეულებას სიყვარულის სუფრას (აღაპს) უწოდებენ.

 

„ხსნის არმიას“ აქვს ქორწინების პრაქტიკა - ეს ხდება მათი დროშის ქვეშ. აქ დაქორწინებულები დებენ ფიცს, რომ „შეინახავენ „ხსნის არმიისადმი“ ერთგულებას ქორწინების შემდეგაც, არ შემოიფარგლებიან პიროვნული ინტერესებით და ა.შ. წარმოთქვამენ ერთგულების ფიცს.

 

მიცვალებულის დასაფლავებაში არავითარი ლიტურგიული წესი არ გააჩნიათ. აქვთ ტრაურის (გლოვის) უნიფორმა - ცხვირსახოცი წითელი ჯვრითა და წითელი გვირგვინი მარცხენა ხელზე. ამ დროს თავიანთ დროშას წითელი ლენტით რთავენ. კუბოსთან აწყობენ გარდაცვლილის ბიბლიასა და გალობის წიგნს. საფლავზე სრულდება განსვენებული წევრის საყვარელი სიმღერა. საფლავში რომ ჩაასვენებენ მიცვალებულს, ერთი ოფიცერი კუბოს გადააყრის მიწას, ხოლო მეორე ამ დროს „ლოცულობს“: „ყოვლის შემძლე ღმერთო, მოწონება ჰქონდა ჩვენს მეგობარს შენს წინაშე, იგზავნება იგი ზეცაში მისთვის მომზადებულ კორპუსში“.

 

ერთი სიტყვით, ასეთია „ხსნის არმიის“ ისტორია, სწავლების საფუძვლები, სხვადასხვა წესები (ზოგადად).

 

მსოფლიოს 85 ქვეყანაში არსებობს მათი 195000 ცენტრი, დიდია მათი დაინტერესება - ასეთი ცენტრები ჰქონდეთ საქართველოს ტერიტორიაზეც, რის განხორციელებასაც პრაქტიკულად შეუდგნენ.

 

ამ სექტას, როგორც მათი სწავლებიდან და წეს-ჩვეულებებიდან ჩანს, არავითარი საერთი არა აქვს ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლა-მოძღვრებასთან. თითქოს ბიბლიას ღებულობენ, მაგრამ მისგან გამომდინარე სწავლებას არა; არ ცნობენ: საეკლესიო საიდუმლოებებს, სამღვდელო იერარქიას, ღვთისმსახურებას, უარყოფენ ჯვრის, ხატების თაყვანისცემას. ფაქტობრივად, სამოციქულო მემკვიდრეობა მათთვის არ არსებობს.

 

„ხსნის არმიის“ რეგიონალური
ლიდერები საქართველოში:
კაპიტნები - გია და ეკა
სალარიშვილები შვილებთან ერთად

 

ახლა, როცა გავეცანით „ხსნის არმიას“, სავსებით სამართლიანი იქნება შეკითხვა - რა უნდათ მათ საზოგადოდ და რა ინტერესები ამოძრავებთ საქართველოში?

 

ა) საზოგადოდ მათ იგივე უნდათ, რაც ნებისმიერი სექტას თუ „რელიგიურ საზოგადოებას“, რომელნიც ნამდვილად ქრისტიანული სწავლებისაგან შორს დგანან და, აშკარად თუ ფარულად, მტრობენ ქრისტეს ეკლესიას მისი სწავლებით, იერარქიით, წესებითა და ტრადიციებით.

 

ბ) რაც შეიძლება მეტი იყოს მათ მიმდევართა რიცხვი და ასევე ამ შეკითხვაზე პასუხს გვაძლევს მათი სახელწოდება - ეს ხომ „ხსნის არმიაა“ - თვითონ უკვე გადარჩნენ, ახლა სხვებზე ზრუნავენ, ეს სექტა ხომ „ზეკონფესიალურს“ უწოდებს თავის თავს.

 

თუ მიაქცევთ ყურადღებას ნებისმიერ - სხვადასხვა სექტაში გაერთიანებულ ადამიანებს, დავინახავთ, რომ ისინი იმდენად არიან გათავისუფლებული ყოველგვარი წესისა და ტრადიციისაგან, ჭეშმარიტად ქრისტიანული ზნეობისა და მორალისაგან, რომ ფაქტობრივად, დაცლილნი არიან ყოველგვარი ჯანსაღი რელიგიური განცდისაგან და მოკრძალების ელემენტარული ნიშნები არ გააჩნიათ; ხშირ შემთხვევაში, სახარებიდანა ამოგლეჯილი, ჭეშმარიტ მნიშვნელობას დაცილებული ფრაზებით ხელმძღვანელობენ თავიანთი მოქმედებისას, რასაც მისიონერობას ეძახიან. მათ შეგნებაში ღმერთის ცნება შორს არის მისი ნამდვილი არსისაგან; იგი (ღმერთი) მათთვის უფრო აბსტრაქტურლი ცნებაა; თვითკმაყოფილებას, ხიბლის მდგომარეობას, ბოროტის მანქანებით მათთვისვე ყოვლად გაუგებარი ფრაზების ბოდვას (ორმოცდაათიანელები) სულიწმიდით გაბწყინებას ეძახიან. სინამდვილეში, მათეული ღმერთი ამპარტავანი ადამიანის გონებაა, რომელსაც (თითქოს) შეუძლია დამოუკიდებლად გაერკვეს ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა შეცნობის საქმეში, „შეუძლია“ დამოუკიდებლად განმარტოს ბიბლია.

 

„ხსნის არმიის“ სწავლება უარყოფს ქრისტიანული ეკლესიის დოგმატებს, ისევე, როგორც სხვა სექტები. დოგმატები ხომ წესრიგია - წესრიგი ღვთაებრივ ჭეშმარიტებათა შეცნობის საქმეში; ეს არის საფუძველი - საყრდენი, რომლის გარეშე არ არსებობს ნამდვილად წმიდა ზნეობა და მორალი. ამ წესრიგის გარეშე ადამიანი იფანტება, იშლება, ნადგურდება როგორც პიროვნება და მისგან მხოლოდ ფიტულიღა რჩება, რომელიც, ფაქტობრივად, მშრალი სქემებითა და გრაფიკებით ცხოვრობს. და საერთოდ, წესრიგი ის მოვლენაა, რომლის გარეშე არ არსებობს ჰარმონია - ბუნებრივი სილამაზე.

 

იმასაც აღვნიშნავთ, რომ საზოგადოდ, სექტების საქმიანობაში უმნიშვნელოვანესი როლი ენიჭება ქველმოქმედებას, რაც თავისთავად კარგია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ქველმოქმედებას იყენებენ ადამიანში დადებითი ემოციური განცდების გამოსაწვევად, რათა მისი სულის იდუმალ შრეებში შეაღწიონ. ფაქტობრივად, ქველმოქმედება მათს საქმიანობაში ერთადერთი დადებითი მომენტია, მაგრამ არცთუ უანგარო. მათი ქველმოქმედება იგივეა, რაც საწამლავიანი ჭურჭლისათვის ლამაზი და მიმზიდველი ეტიკეტი. სწორედ ამით ტყუვდება ხოლმე მშიერი, მწყურვალი, შიშველი და დაგლახავებული, რელიგიურად გაუნათლებელი ადამიანი.

 

რაც შეეხება მათ - „ხსნის არმიის“ ინტერესებს საქართველოში, იგივეა, რაც სხვა ქვეყნებში - მათი გავლენის სფეროების გაფართოება; ეს კი ის თვისებაა, რომელიც თავს იჩენს ხოლმე ნებისმიერი ადამიანში თუ ადამიანთა ჯგუფში.

 

მღვდელ გურამ გურამიშვილის წიგნიდან:
„საქართველოში გავრცელებული სექტები“