მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

„შვილო, თუ ნახავ, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს
და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას,
მეოხ ექმენ მართლმადიდებელს“

 

ცნობილია, თუ რა დიდი მასშტაბებს მიაღწია უკანასკნელ წლებში საქართველოში პროტესტანტულ მიმდინარეობათა და ტოტალიტარულ სექტათა პროზელიტურმა საქმიანობამ. „დღესდღეობით სხვადასხვა სექტა ინტერნსიურად ცდილობს საქართველოში შემოჭრასა და დამკვიდრებას. ეს მოვლენა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ შეიმჩნევა, იგივე პროცესი ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში მიმდინარეობს. მის შესაჩერებლად ჩვენმა ეკლესიამ მისიონერული მოღვაწეობა უნდა გააძლიეროს“, - ამბობს სრულიად საქართველოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II. მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დედაეკლესიის წიაღს უბრუნდება, აშკარაა, რომ მონათლულ, მაგრამ რელიგიურ საკითხებში გაუნათლებელ ზოგიერთ ქართველ ქრისტიანს სექტანტები ყალბი სულიერი საკვებით იბირებენ. აღმოსავლეთიდან თუ დასავლეთიდან შემოსული უხვად დაფინანსებული დენომინაციები შესანიშნავად იყენებენ ქართველთა სტუმართმოყვარეობას, მართლმადიდებლური რწმენის საფუძვლებში მოსახლეობის ერთი ნაწილის გაუცობიერებლობას, ეკონომიკურ სიდუხჭირეს და ჩვენს უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში რელიგიურ ექსპანსიას ცდილობენ. შეუძლებელია არსებობდეს ათი, ასი ან ათასი ჭეშმარიტება. მაცხოვარმა დააარსა ერთი, და არა მრავალი ეკლესია. იმის შესახებ, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს უცხო აღმსარებლობების მიმართ, შესანიშნავად გვასწავლის XII ს-ის წმინდა მამა ღირსი თეოდოსი მღვიმელი. თავის ანდერძში სულიერი შვილისადმი იგი წერს: „უფალო, მაკურთხენ! სიტყვა მაქვს შენთვის სათქმელი, ღვთისმოყვარეო თავადო: მე. თეოდოსი, უღირსი მონა ყოვლადწმინდა სამებისა - მამისა და ძისა და სულისა წმინდისა, წმინდა და მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში ვარ შობილი და კეთილსწავლულებით აღზრდილი მართლმადიდებლური მამისა და დედის მიერ... ერიდე, შვილო, მრუდე სარწმუნოების მქონეთ და მათ საუბრებს, რამეთუ ჩვენი ქვეყანაც აღივსო მათით. თუკი ვინმე იხსნის თავის სულს - მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში ცხოვრებით, რადგან არ არის სხვა უკეთესი, ვიდრე ჩვენი, სპეტაკი, წმინდა, მართლმადიდებლური. ამ სარწმუნოებაში ცხოვრებით არა მარტო გათავისუფლდები ცოდვებისა და მარადიული სატანჯველისაგან, არამედ იქნები თანაზიარი სამარადისო ცხოვრებისა და დაუსრულებლად განიხარებ წმინდანებთან ერთად. ხოლო მცხოვრებნი სხვა სარწმუნოებათა შინა ვერ იხილავენ მარადიულ ცხოვრებას. უჯეროა აგრეთვე, შვილო, უცხო სარწმუნოების ქება - ვინც სხვის სარწმუნოებას აქებს, თავისას გმობს; თუკი ვინმე აქებს როგორც თავისას, ასევე სხვისას, იგი ორმორწმუნეა, ახლოა მწვალებლობასთან. ამრიგად, შვილო, ერიდე მათ და მუდამ მტკიცედ დექ შენი სარწმუნოებისთვის. ნუ დაუძმობილდები მათ, არამედ ილტვოდე მათგან და იღვაწე შენს სარწმუნოებაში ქველი საქმეებით. ქმენი მოწყალება არაოდენ ერთმორწმუნეთა მიმართ, არამედ ურჯულოთათვისაც. თუკი იხილავ შიშველს ან მშიერს, ანდა გაჭირვებულს, სულერთია, ურია იქნება, ლათინი თუ სხვა უცხოდმორწმუნე, ყოველთა მიმართ იყავ გულმოწყალე; იხსენ იგი განსაცდელისაგან, როგორც შეგეძლება და არ მოაკლდები ჯილდოს ღვთისა, რამეთუ თავად ღმერთი აწმყო საუკუნეში მოჰფენს წყალობას თვისას არა მარტო ქრისტიანებს, არამედ - უსჯულოთაც. წარმართებისა და მწვალებლებისთვის ღმერთი ამ საუკუნეში ზრუნავს, მაგრამ მომავალში ისინი უცხო იქნებიან მარადიულ სიკეთეთათვის; ხოლო ჩვენ, მცხოვრებნი მართლმადიდებელ სარწმუნოებაში, აქაც ვიღებთ ღვთისგან ყველა სიკეთეს და მომავალ, მარადიულ საუკუნეშიც გვიხსნის და გვაცხონებს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შვილო! თუკი მოგიწევს სიკვდილი შენი წმინდა სარწმუნოებისთვის, კადნიერად წადი სიკვდილზე - წმინდანებიც ასე კვდებოდნენ სარწმუნოებისთვის, აწ კი ქრისტეში ცხოვრობენ. თუკი ნახავ, შვილო, რომ უსჯულონი ეკამათებიან მართლმადიდებელს და სურთ მოსწყვიტონ მართლმადიდებელ ეკლესიას - მეოხ ექმენ მართლმადიდებელს. ამით შენ იხსნი ცხოვარს ლომის ხახისგან; უკეთუ დაიდუმებ და შემწეობის გარეშე მიატოვებ, ეს იგივეა, რაც წარიტაცო ქრისტეს მიერ გამოხსნილი სული და მიჰყიდო სატანას. უკეთუ ვინმე არამართლმადიდებელთაგანი გეტყვის: ჩემი და თქვენი სარწმუნოება ორივე ღვთისაგან არისო, - შენ, შვილო, მიუგე: მრუდედმორწმუნეო, ნუთუ შენ ღმერთსაც ორმორწმუნედ სახავ? არა გსმენია. რას ამბობს წმინდა წერილი: „ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოებაი, ერთ ნათლისღებაი“ (ეფესელთა 4-ის 5) ? არ გეყურება პავლე მოციქულისა, რომელიც იტყვის: „გინა თუ ანგელოსი ზეცით გახარებდეს თქუენ გარეშე მისსა, რომელი-იგი გახარე თქუენ, შეჩუენებულ იყავნ (გალატ. 1,8)? ... უცხოდმორწმუნეთა უარყვეს სამოციქულო ქადაგება და მამათა განწესებანი და მიიღეს ცრუ და გახრწნილი სარწმუნოება, რომელიც აღსავსეა ყოველგვარი წარწყმედით - ამისთვის ჩვენ უარვყავით ისინი და ზურგი შევაქციეთ მათ. ისინი მკვდრები არიან და მკვდარ მსხვერპლს შესწირავენ, ხოლო ჩვენ ცოცხალ ღმერთს ვწირავთ ცოცხალ მსხვერპლს, წმინდას და უმანკოს, რათა ვპოვოთ მარადიული ცხოვრება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიერ; მასვე დიდება, ამინ“.

 

ღირსი თეოდოსი მღვიმელის ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ყოველი მართლმადიდებელი მოვალეა სიტყვიერად მაინც შეეწიოს თანამორწმუნეს განსაცდელისას - როცა სექტანტი მის ცდუნებას ცდილობს. საზოგადოდ, სასურველია, რომ ყოველ მორწმუნეს შეეძლოს ელემენტარული პასუხის გაცემა ცრუ აღმსარებელთა მცდარ ბრალდებებზე. ამაში ნაწილობრივ მაინც დაგეხმარებათ სექტანტთა ცრუ მოძღვრების სამხილებელი მოკლე მართლმადიდებლური კატეხიზმო, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ (იგი მომზადებულია რუსთავის ეპარქიაში). მასში მოცემულია ზოგი ბიბლიური მუხლი, რომლებიც დაგვეხმარება სექტანტთა ცდომილებების მხილებაში. ციტატები საღმრთო წერილიდან მოყვანილია ახალქართული ტექსტიდან.

 

 

სექტანტთა ცრუ მოძღვრების სამხილებლად

 

პირველი უარმყოფელნი ბიბლიური მოძღვრებისა არიან ის ცრუ მოძღვრები, რომლებიც არ აღიარებენ, რომ არ ინახავედ და არ იცავენ მოციქულთაგან გადმოცემულ წმინდა გადმოცემებს, რომელთა აღიარებაც, როგორც ბიბლია მოწმობს, სავალდებულოა ყველა მორწმუნისთვის:

 

II თესალონიკელთა 2,15 – „ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რომლებიც გისწავლიათ ჩვენი სიტყვით თუ წერილით“.

 

II თესალონიკელთა 3,6 - „ჩვენ კი გამცნობთ, ძმანო, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელით, ჩამოშორდით ყველ ძმას, რომელიც უწესოდ იქცევა და არა გადმოცემებისამებრ, ჩვენგან რომ მიიღეთ“.

 

I კორინთელთა 11,2 - „ამისათვის გაქებთ თქვენ, ძმანო, რომ ყველაფერში გახსოვართ და ინახავთ მოძღვრებებს, როგორც გადმოგეცით“.

 

II ტიმოთე 2,2 - „რაც გსმენიათ ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც“.

 

II ტიმოთე 1,13 - „ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე“.

 

I იოანე 2,24 - „ამრიგად, რჩებოდეს თქვენში, რაც მოისმინეთ დასაბამიდან და თუ დარჩება თქვენში, რაც დასაბამიდან მოისმინეთ, თქვენც დარჩებით ძეში და მამაში“.

 

ფილიპელთა 4,9 - „რაც ჩემგან ისწავლეთ, მიიღეთ, მოისმინეთ და დაინახეტ ჩემგან, ის შეასრულეთ და მშვიდობის ღმერთი იქნება თქვენთან“.

 

წმინდა გადმოცემა ეწოდება (და ეფუძნება) წმინდა წერილში ჩაუწერელ წმინდა მოციქულთა მიერ გადმოცემულ მოძღვრებებს (როგორიცაა რწმენის სიმბოლო, საღვთო წერილის ახსნა-განმარტება, საღვთო ლიტურგია, საერთოდ, ღვთისმსახურების წესი და საეკლესიო ისტორია), რომლებიც წმინდა წერილთან ერთად ეკლესიაშია დაცული:

 

საქმე მოციქულთა 20,31 - „ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითეულ თქვენგანს“.

 

II იოანე 1,12 - „ბევრი რამ მაქვს თქვენთან მოსაწერი, მაგრამ არა მსურს ქაღალდითა და მელნით, რადგან ვიმედოვნებ თქვენთან მოსვლას და პირისპირ ლაპარაკს, რათა სრული იყოს ჩვენი სიხარული“.

 

I კორინთელთა 11,23 - „მე მივიღე უფლისაგან, რაც თქვენც გადმოგეცით, რომ უფალმა იესომ... აიღო პური, მადლი შესწირა, გატეხა და თქვა, მიიღეთ, ჭამეთ...“.

 

I კორინთელთა 11,34 - „თუ ვინმეს შიოდეს, თავის სახლში ჭამოს, რათა მსჯავრდასადებად არ შეიკრიბოთ, დანარჩენს, როცა მოვალ, მაშინ მოვაგვარებ“.

 

ჩვენ ვიღებთ ძველ და ახალი აღთქმისეულ სწავლა-მოძღვრებას, რადგან ღმერთი უცვალებელია და თავის ბრძანებებს უფალი არც გადათქვამს, და არც ცვლის, არამედ მისი მცნებები მარადიულია:

 

იაკობი 1,17 - „ყოველი კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მადლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა“.

 

რიცხვთა 23,19 - „ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს“.

 

ესაია 40.8 - „ჩვენი ღვთის სიტყვა დგას საუკუნოდ“.

 

მალაქია 3,6 - „მე, უფალი, არ ვიცვლები“.

 

მათე 24,35 - „ცა და დედამიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ“.

 

ფსალმუნი 110,7-9 „სარწმუნოა ყველა მისი (ღვთის) მცნება, იმედეულნი არიან უკუნითი უკუნისამდე, დაფუძნებულნი ჭეშმარიტებისა და სისწორეზე... მცნებად დაუდო საუკუნოდ აღთქმა თავისი“.

 

ფსალმუნი 118,86-89 - „ყველა მცნება შენი ჭეშმარიტებაა“.

 

II მეფეთა 7,28 - „ღმერთი ხარ შენ და შენი სიტყვები ჭეშმარიტია და შენი მორჩილისათვის ეს სიკეთე გაქვს გამოცხადებული“.

 

ლუკა 16,29 - „ჰყავთ მოსე და წინასწარმეტყველნი; მათ უსმინონ“.

 

ებრაელთა 10,16 - „აჰა, აღთქმა, რომელსაც ვუანდერძებ მათ, იმ დღეების შემდეგ,-ამბობს უფალი,-მივცემ ჩემს რჯულს მათ გულებს და ჩავწერ მათ გონებაში“.

 

რომაელთა 3,31 - „მას ჩვენ რწმენით ვიქარწყლებთ რჯულს? არამც და არამც. არამედ ვამტკიცებთ რჯულს“.

 

ძველი აღთქმის წიგნებში მოცემული სწავლება, გარდა მოსეს დროინდელი სამოქალაქო კანონებისა და წინასახეობრიობის მქონე რიტუალური წეს-ჩვეულებისა, ისევე აუცილებელია, როგორც ახალ აღთქმაში გადმოცემული სწავლება. ამიტომ ღვთისა და ღვთისადმი ჩვენი მოვალეობების შესახებ სწავლა-მოძღვრებას და სხვადასხვა მცნებას უნდა ვიღებდეთ მთლიანად ბიბლიიდან - ძველი და ახალი აღთქმიდან:

 

მათე 5,17-18 - „არ იფიქროთ, თითქოს რჯულის ან წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად მოვედი. გასაუქმებლად კი არა, აღსასრულებლად მოვედი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვიდრე ცა და დედამიწა არ გადაივლის, ანდა არც ერთი წერტილი არ გადაივლის რჯულისა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება“.

 

რომაელთა 15,4 - „ყველაფერი, რაც უწინ დაიწერა, ჩვენდა სამოძღვრებლად დაიწერა“.

 

II ტიმოთე 3,16 - „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სარგო სამოძღვრებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლად“.

 

ლუკა 24,25 - „იესომ უთხრა მათ“ ჰოი, უგუნურნო და გულით მძიმენო, ყველაფრის იმის სარწმუნებლად, რაც წინასწარმეტყველებმა თქვეს“.

 

ეფესელთა 2,20 - „[მორწმუნენი რწმენით არიან] დაშენებულნი მოციქულთა და წინასწსარმეტყველთა საფუძველზე“.

 

იოანე 5,46 - „თქვენ რომ მოსესი გწამდეთ-მეც მიწამებდით“.

 

მათე 13,52 - „ყოველი მწიგნობარი, რომელიც ცათა სასუფევლის მოწაფე გახდა წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი“.

 

ადამიანებმა თვითონ არ უნდა დაიწყონ ბიბლიის განმარტება, რადგან ყველას არა აქვს მიცემული უფლება, განმარტოს წმინდა წერილი:

 

II პეტრე 1,20-21 - „ესეც იცოდეთ უპირველესად, რომ წერილის არავითარი წინასწარმეტყველება თავისით არ განიმარტება. ვინაიდან წინასწსრმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანები, სულიწმინდის მიერ აღძრულნი ღვთისაგან წარმოთქვამდნენ მას.

 

I კორინთელთა 12,28-30 - „ზოგიერთნი ღმერთმა დაადგინა ეკლესიაში: პირველ რიგში-მოციქულებად, მეორე რიგში-წინასწარმეტყველებად და მესამედ-მოძღვრებად... ყველა მოციქულია? ყველა წინასწარმეტყველია? ყველა მოძღვარია? ყველა სასწაულმოქმედია?.. ყველანი განმარტავენ?“.

 

რომაელთა 10,14-15 - „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ ვის შესახებაც არ სმენიათ? ანდა როგორ ისმინონ უქადაგებლად? და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან?“

 

ბიბლიის განმმარტებლად დადგენილნი არიან გამორჩეული, გონებაგახსნილი მწყემსები და მოძღვრები ეკლესიისა, რომელთაც მიცემული აქვთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებების ცოდნა და მორწმუნეთა დამოძღვრის უფლება. ასეთ განმმარტებლებს წმინდა მამებს ვუწოდებთ, რადგანაც მათ ვენდობით, როგორც თვთივსულიერებს.

 

იოანე 15,16 - „თქვენ არ აგირჩევივართ, არამედ მე აგირჩიერთ თქვენ და დაგადგინეთ“.

 

ლუკას 24,45 - „მაშინ გაუხსნა მათ (მოციქულებს) გონება წერილის გასაგებად“

 

მათე 13,11 - „თქვენ (მოციქულებს) მოცემული გაქვთ, იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ მიცემული“.

 

II ტიმოთე 1,11-13 - „მაცნედ, მოციქულად და მასწავლებლად ვარ დადგენილი (ამბობს მოციქული პავლე) ... ჩაეჭიდე საღი სიტყვების ნიმუშს, რაც ჩემგან მოისმინე რწმენით და სიყვარულით“.

 

II ტიმოთე 2,15 - „ეცადე, შენი თავი წარუდგინო ღმერთს ღირსეულად, შეურცხვენელ მუშაკად, ჭეშმარიტების სიტყვის სწორად გადამცემად“.

 

ტიტე 1,9 - „(ეპისკოპოსი უნდა იყოს) სარწმუნო სიტყვის მიმდვარი, მოძღვრების მიხედვით, რომ შეძლოს საღი მოძღვრებით შეაგონოს და დაარწმუნოს მოკამათენი“.

 

ტიტე 2,1 - „შენ კი (მიმართავს მოციქული პავლე ტიტეს, კრეტის ეპისკოპოსს) ილაპარაკე ის, რაც შეჰფერის საღ მოძღვრებას“.

 

II ტიმოთე 2,2, - „რაც მოისმინე ჩემგან (ეუბნება მოციქული პავლე ეპისკოპოს ტიმოთეს) მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო ადამიანებს (ხუცესებს), რომელთაც უნარი ექნებათ სხვების სწავლებისა“.

 

საქმე მოციქულთა 20,28 - „გაუფრთხილდით თქვენს თავსაც (ეუბნება მოციქული ხუცესებს) და თქვენს სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც სულიწმინდამ დაგაყენათ, რათა მწყემსავდეთ ღვთის ეკლესიას“.

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 19, 2005 წ.