მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
1 კორ. 1,18 | ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან. ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. | რამეთუ სიტყუაჲ იგი ჯუარისაჲ წარწყმედულთა მათთჳს სიცოფე არს, ხოლო ჩუენ ცხორებულთა ამათთჳს ძალ ღმრთისა არს. | ჯვარი მორწმუნეებისათვის ღმერთის ძალაა, დასაღუპად განწირულთათვის კი სისულელეა |
ფილიპ. 2,7-8 | არამედ დაიძაბუნა თავი და მიიღო მონის ხატება, გახდა კაცთა მსგავსი და შესახედაობით კაცს დაემსგავსა. დაიმდაბლა თავი და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, და ჯვარცმით სიკვდილამდე. | არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. | იესო ქრისტემ თავად ნებაყოფლობით აირჩია ჯვარი წამების იარაღად |
კოლ. 2,13-14 | თქვენც, იყავით რა შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობით მკვდრები, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება. მოძღვრებებით წაშალა თანანადებთა ზედწერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა. | და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა. | უფალმა ჯვრის საშუალებით მოგვიხსნა ცოდვა, რომელიც ამძიმებდა კაცობრიობას ადამის დროიდან |
მათე 24,30 | მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას ყველა ტომი, და იხილავენ კაცის ძეს, ცის ღრუბელებზე მომავალს, დიადი ძალით და დიდებით. | და მაშინ გამოჩნდეს სასწაული ძისა კაცისაჲ ცათა შინა, და მაშინ იტყებდენ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი და იხილონ ძე კაცისაჲ მომავალი ღრუბელთა ზედა ცისათა ძალითა და დიდებითა მრავლითა. | ჯვარი ის ნიშანია, რომელიც უფლის მეორედ მოსვლის დროს გამოჩნდება |
გალ. 6,14 | მე კი, თუ დავიკვეხო, მხოლოდ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ჯვრით, რომლითაც წუთისოფელი ჯვარცმულია ჩემთვის და მე წუთისოფლისთვის. | ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გარნა ჯუარითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისათჳს სოფელი ჩემდამო ჯუარ-ცუმულ არს და მე - სოფლისა. | პირველი ქრისტიანები თაყვანს სცემდნენ ჯვარს |
მარკ. 8,34 | თუ ვინმეს სურს მე მომყვეს, უარყოს თავი, აიღოს თავის ჯვარი და გამომყვეს. | რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსლვაჲ, უვარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე. | რის დაფუძველზე ვატარებთ ჯვარს |
ფილიპ. 3,18,19 | ვინაიდან ბევრნი, რომელთა შესახებ ხშირად მითქვამს თქვენთვის, და ახლა ტირილითაც გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტრები. მათი ბოლო დაღუპვაა, მათი ღმერთი - მუცელი, მათი დიდება კი სირცხვილშია; ისინი მიწიერზე ფიქრობენ. | რამეთუ მრავალნი ვინმე ვლენან, რომელთათჳს მრავალ-გზის გეტყოდე თქუენ, ხოლო აწ ტირილით გითხრობ თქუენ მტერთა მათთჳს ქრისტეს ჯუარისათა, რომელთა აღსასრული წარწყმედაჲ არს, რომელთა ღმერთ მუცელი არს და დიდებაჲ - სირცხჳლსა შინა მათსა, რომელნი ქუეყანისასა ზრახვენ. | ქრისტეს ჯვრის მტრები დაიღუპებიან |
შენიშვნები:
1. რატომ წერია ახალ აღთქმაში ზოგიერთ ადგილას სიტყვა „ძელი“, იესო ქრისტე
ბოძზე იქნა გაკრული?
„ძელი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს ხეს, მოჭრილ ხეს. ახალი აღთქმის რამდენიმე
ადგილას (კერძოდ: საქმ. 5,30; 10,39; 13,29 და სხვა) მითითებულია სიტყვა „ძელი“ და
ის აღნიშნავს თუ რა მასალისაგან იყო დამზადებული ქრისტეს ჯვარი. ქრისტეს წამების
იარაღი ფორმით ჯვარი იყო, ხოლო მასალად ხე იყო გამოყენებული. რუსულ ბიბლიაში
შესაბამის ადგილას წერია არა „სტოლბ“ - ბოძი, სვეტი, არამედ „დრევო“ - ხე. ხის გამო
მოხდა ადამის დაცემა (კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხე), ხის გამო მოხდა ადამიანის
გამოხსნა (ჯვარი).
2. ბიბლია მიუთითებს (გამოსვლა 29,36-38), რომ შესაწირავი მსხვერპლი განსწენდდა სამსხვერპლოს. ასევე ქრისტეს სისხლით განიწმინდა ჯვარიც; ქრისტე არის მსხვერპლი, ხოლო სამსხვერპლო - ჯვარი. ჩვენ, მორწმუნეებს მოგვეცა იგი ხილული და უხილავი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად.