მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
მათე 12,31-32 | ამიტომ გეუბნებით თქვენ: ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სულიწმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვას იტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მას მიეტევება, მაგრამ თუ ვინმე იტყვის სულიწმიდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთისოფელში, არც მომავალში. | ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას; ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას. | სულიწმიდის გმობა არავის მიეტევება |
საქმე 5,3-4 | მაგრამ პეტრემ უთხრა: „ანანია, რატომ აღავსო შენი გული სატანამ, რომ მოგეტყუებინა სულიწმიდა და დაგემალა ყანის საფასურიდან? განა რაც გქონდა შენი არ იყო, და გაყიდულიც შენს ხელში არ იყო? რატომღა ჩაიდე ეს საქმე გულში? შენ ეცრუე არა ადამიანებს, არამედ ღმერთს“. | ხოლო პეტრე ჰრქუა მას: ანანია, რაჲსათჳს აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა და გამოჴუებად სასყიდელსა მის დაბისასა? ანუ არა, იყო რაჲ, შენი იყო და, გან-რაჲ-ჰყიდე, ჴელმწიფებასვე შენსა იყოა? და რაჲსათჳს დაიდევ საქმე ეგე გულსა შენსა? არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა. | სულიწმიდის ღვთაებრიობას გვასწავლიან მოციქულები |
საქმე 13,2 | ისინი რომ უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, სულიწმიდამ უთხრა: გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე. | და ვიდრე-იგი ჰმსახურებდეს უფალსა და იმარხვიდეს, ჰრქუა მათ სულმან წმიდამან: გამომირჩიენით მე ბარნაბა და სავლე საქმესა, რომელსა მე უწოდი მათ. | სულიწმიდა აძლევს მოციქულებს დავალებებს |
იოანე 15,26 | როცა მოვა ნუგეშინისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან - ჭეშმარიტების სული, რომელიც მამისაგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემს შესახებ. | ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. | სულიწმიდაზე, როგორც ყოვლადწმიდა სამების ერთ-ერთ პირზე და მამა ღმერთისაგან მის გამომავლობაზე გვასწავლის უფალი იესო ქრისტე |
იოანე 14,16-17 | მე მამას შევევედრები და ის სხვა ნუგეშინისმცემელს მოგივლენთ, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ. ჭეშმარიტების სულს, რისი მიღებაც არ შეუძლია წუთისოფელს, რადგან არ ხედავს და არ იცნობს მას; თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან რჩება და თქვენში იქნება. | და მე ვჰკითხო მამასა ჩემსა, და სხუაჲ ნუგეშინის-მცემელი მოგივლინოს თქუენ, რაჲთა თქუენ თანა დაადგრეს უკუნისამდე. სული იგი ჭეშმარიტებისაჲ, რომელი სოფელსა ვერ ჴელ-ეწიფების მოღებად, რამეთუ არა ჰხედავს მას, არცა იცის იგი, ხოლო თქუენ იცით იგი, რამეთუ თქუენ თანა არს და თქუენ თანა იყოს. |