მუხლი | თანამედროვე ქართულით | ძველი ქართულით | კომენტარი |
დაბად. 2,1-3 | ღმერთმა დღესასწაულები ჯერ კიდევ ედემში დააწესა. მან აკურთხა და წმიდაყო მეშვიდე დღე. | ||
გამოს. 12,14-17; 24-25 | წესად დაიცავით ეს თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის, სამარადისოდ. | როცა უფალმა ეგვიპტიდან გამოიყვანა თავისი რჩეული ხალხი, მონობისაგან განთავისუფლების მოსაგონებლად თვითონვე დაუდგინა პასექის დღესასწაული და უბრძანა, რომ ეს დღესასწაული თაობიდან თაობას გასაცემოდა. | |
ზაქარია 14,18-19 | ბიბლიაში დღესასწაულთა შესახებ საუბარია ასზე მეტ ადგილას და თითქმის ყველგან ღვთის მოსაწონ საქმედაა მიჩნეული. პირიქით, სასჯელი ელოდება მას, ვინც არ დაიცავს ღვთის დადგენილ დღესასწაულებს. | ||
ლუკა 2,41 | მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ იერუსალიმში პასექის დღესასწაულზე. | აღმოვიდიან მამა-დედანი მისნი წლითი წლად იერუსალჱმდ დღესასწაულსა მას პასექისასა. | დღესასწაულებს ღვთისმშობელი მარიამი და მართალი იოსებიც აღნიშნავდნენ |
ლუკა 2,42-43 | თორმეტი წლისა რომ გახდა, მაშინაც ავიდნენ იერუსალიმში დღესასწაულის ჩვეულებისამებრ. ხოლო დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ დაბრუნდნენ, ყრმა იესო დარჩა იერუსალიმში. | იყო რაჲ იგი ათორმეტის წლის, აღმოვიდეს იგინი იერუსალჱმდ, ვითარცა ჩუეულ იყვნეს, დღესასწაულსა მას. და აღასრულნეს დღენი იგი, და წარსლვასა მას მათსა დაშთა იესუ ყრმაჲ იერუსალჱმს. | ყრმა იესოც მათთან ერთად დღესასწაულობს |
იოანე 7,2-10 | ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული კარვობისა... როდესაც მისი ძმები დღესასწაულზე ავიდნენ... მაშინ თვითონაც ავიდა. | იყო მახლობელ დღესასწაული იგი ჰურიათაჲ, რომელ არს კარვობისაჲ... ვითარცა აღვიდეს ძმანი მისნი დღესასწაულსა მას, მაშინ თავადიცა იესუ აღვიდა. | იესო აღნიშნავდა დღესასწაულებს თავისი მსახურების დაწყების შემდეგაც |
ლუკა 22,1,7-8 | ახლოვდებოდა პასექად წოდებული უფუარობის დღესასწაული... დადგა უფუარობის დღე, როდესაც უნდა დაკლულიყო საპასექო. მიავლინა იესომ პეტრე და იოანე, უთხრა: „წადით, მოამზადეთ ჩვენთვის პასექი, რომ ვჭამოთ“ | და მოახლებულ იყო დღესასწაული იგი უცომოებისაჲ, რომელსა ჰრქჳან პასქაჲ... მოიწინეს დღენი იგი უცომოებისანი, ოდეს ღირდა პასქაჲ იგი დაკლვად. და წარავლინნა პეტრე და იოვანე და ჰრქუა მათ: წარვედით და მომიმზადეთ ჩუენ პასქაჲ, რაჲთა ვჭამოთ. | იესო ამქვეყნად ცხოვრების უკანასკნელ დღესასწაულს მოწაფეებთან ერთად დღესასწაულობს. |
საქმე 18,21 | პავლე მოციქული გამოეთხოვა მათ და თქვა; „მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო“. | იჯმნა მათგან და თქუა: ჯერ-არს ჩემდა დღესასწაულსა ამას მომავალსა იერუსალჱმს აღსრულებად. | მოციქულები დღესასწაულებს უფლის აღდგომისა და ამაღლების შემდეგაც აღნიშნავდნენ |
1 კორ. 5,8 | ამიტომ ვდღესასწაულობთ არა ძველი საფუარით, არა ბოროტებისა და უკეთურების საფუარით, არამედ სიწმიდისა და ჭეშმარიტების ხმიადით. | რაჲთა ვზატიკობდეთ არა ცომითა მით ძუელითა, არცა ცომითა მით სიბოროტისა და უკეთურებისაჲთა, არამედ უცომოებითა მით სიმართლისა და ჭეშმარიტებისაჲთა. | ქრისტეს ეკლესიამ ახალი დღესასწაულები დააწესა |
კოლ. 2,16 | ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმელისა და სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის. | ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა. | ქრისტიანთა დღესასწაული არ უნდა ჰგავდეს ებრაელთა ფარისევლურ დღესასწაულობას, რათა ურწმინოებსა და მწვალებლებს საბაბი არ მივცეთ |
შენიშვნა: ისაია წინასწარმეტყველი თავისი წიგნის პირველ თავში ებრაელებს ღვთისა და მისი დღესასწაულებისადმი გულგრილ, ფარისევლურ დამოკიდებულებაში ამხელს: „თქვენი ახალმთვარეობები და ზეიმები შეიძულა ჩემმა სულმა, ტვირთად დამაწვა, დავიღალე მათი ზიდვით“ (ესაია 1,14). „მძულს, მეზიზღება თქვენი დღესასწაულები და ვეღარ ვისუნთქავ თქვენს ზეიმებში!“ (ამოსი 5,21). ებრაელები დღესასწაულებზე უამრავ მსხვერპლს სწირავდნენ, მაგრამ მათი გულები შურითა და გაუტანლობით, უსამართლობითა და ქვრივ-ობოლთა განუკითხაობით იყო გაქვავებული. ებრაელებს ეგონათ, რომ ღვთისათვის მხოლოდ წეს-ჩვეულებების შესრულებაა მოსაწონო. ბიბლიის ეს გაფრთხილება ჩვენთვისაც სასარგებლოა, რადგანაც ეკლესიისაგან მოწყვეტილ მრევლს, მხოლოდ სახელით ქრისტიანს საღვთო დღესასწაულები გართობისა და ღრეობის საგნად უქცევიათ. ხშირად გაიგონებთ კიდეც, ერთმანეთს ეკითხებიან, ამა თუ იმ დღესასწაულზე რომელი კერძი უნდა გავაკეთოთო.