რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“:
„იეღოვას მოწმეები“ ამტკიცებენ, რომ ღვთის კანონი სისხლის გადასხმას კრძალავს და ამ აზრის მხარდამხარ შემდეგი მუხლი მოჰყავთ:
„ეკრძალეთ კერპთათვის შეწირულს და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას. თუ ამათგან თავს მოიზღუდავთ, კარგს იზამთ“ (საქმე 15, 29).
რას უპასუხებს წმინდა წერილი:
„იეღოვას მოწმეები“ წმინდა წერილის ამ ადგილსაც არასწორად განმარტავენ და ამტკიცებენ, თითქოს მოციქულები ამ მუხლით სისხლის გადასხმას კრძალავდნენ. მათი დაბნეულობა იქამდეც კი მიდის, რომ არათუ მოძმისა და მოყვასისათვის, არამედ ამ მოტივით საკუთარი მომაკვდავი შვილებისათვის სისხლის გადასხმაზეც კი ხშირად უარს აცხადებენ იეღოველი დედები, თანაც ამით თავს ღვთის მცნებათა ერთგულ დამცველებად წარმოაჩენენ. სინამდვილეში ნებით თუ უნებლიეთ, კაცის კვლის ცოდვის თანამონაწილენი ხდებიან. არადა რამდენი შემთხვევა ყოფილა, როდესაც ექსტრემალურ სიტუაციაში კეთილი ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს მოყვასი სიკვდილისაგან გადაურჩენია.
ჯერ ერთი, იეღოველთა შეცდომა იქიდანაც ჩანს, რომ მოციქულებს უბრალოდ არ შეეძლოთ სისხლის გადასხმის აკრძალვა, რადგანაც ამ დროს არათუ არ არსებობდა წვეთოვანები და სისხლის გადასასხმელი მოწყობილობანი, არამედ ამის ფიქრშიც კი არ იყვნენ. მეორეც, იმავე თავის მე-20 მულხში წერია: „არამედ მივწეროთ მათ, რომ ეკრძალონ კერპთაგან შებღალულთა და სიძვას, დამხრჩვალსა და სისხლს“ (საქმე 15, 20). ამ მუხლით მოციქულები პეტრე, ბარნაბა, პავლე, იაკობი, ბარსაბა, სიდა და სხვები წერილს წერდნენ „წარმართთაგან მოქცეულ ძმებს“ (საქმე 15, 23), ანუ ახალგაქრისტიანებულ, ყოფილ კერპთაყვანისმცემლებს, რომლებშიც კიდევ ღრმად იყო გამჯდარი წარმართული - ბარბაროსული ადათ-წესები და სთხოვდნენ მათ, თავი შეეკავებინათ კერპებისადმი შეწირული და ახალდაკლული, უმი, სისხლიანი ხორცის ჭამისაგან, რასაც უფალი ჯერ კიდევ ძველი აღთქმიდან მოყოლებული უკრძალავდა ხალხს.
„ნუ შეკრავ კავშირს მოსახლეობასთან (აქ საუბარია ქანაანის ქვეყანაში მცხოვრებ წარმართებზე), მიეცემიან გარყვნილებას მათი ღმერთები კვალზე, და მსხვერპლს შესწირავენ მათ ღმერთებს, შენც დაგიძახებენ და შეჭამ მათ მსხვერპლს“ (გამ. 34, 15), - ასე აფრთხილებს ღმერთი მოსეს.
„ან, იქნებ, არ იცით, რომ თქვენი სხეულნი ქრისტეს ასონი არიან? ნუთუ ასოებს წავართმევ ქრისტეს, რათა მეძავის ასოებად ვაქციო ისინი? ღმერთმა ნუ ქნას“ (1 კორ. 6, 15), - ასეთი სიტყვებით მიმართავს პავლე მოციქული კორინთელებს, რათა არ იმრუშონ.
„ოღონდ ხორციელს ცოცხლად, მის სისხლთან ერთად ნუ შეჭამთ“ (დაბ. 9, 4), - ამ სიტყვებით აფრთხილებს უფალი ნოეს. უმი, სისხლიანი ხორცის ჭამას წმინდა წერილის სხვა მუხლებიც კრძალავს.
„ეს არის სამარადისო წესი თქვენი თაობებისათვის ყველგან, სადაც კი ცხოვრობთ; არავითარი ქონი და სისხლი არ შეჭამოთ“ (ლევ. 3, 17).
„არსად არ ჭამოთ თქვენ საცხოვრებლებში არავითარი სისხლი, არც ფრინველისა და არც პირუტყვისა“ (ლევ. 7, 26).
„ოღონდ სისხლს ნუ შეჭამთ: წყალივით დაღვარეთ მიწაზე“ (რჯლ. 12, 16).
მართლმადიდებელი ეკლესია მოყვანილ მუხლებს სავსებით ეთანხმება და წმინდა წერილის თანახმად, ისიც კრძალავს სიძვას, ნაკერპავის, ანუ ეშმაკზე შეწირული ზვარაკის, უსულოდ მკვდარის, ანუ დამხრჩვალის და ახალდაკლული, უმი, სისხლიანი ხორცის ჭამას. მაგრამ არამც და არამც არ კრძალავს სისხლის გადასხმას, რადგან ამის შესახებ წმინდა წერილში არაფერი ნათქვამი.
ამგვარად, მოყვანილი მუხლებიდან ირკვევა, რომ „იეღოვას მოწმეებს“ არც თვითონ ესმით წმინდა წერილი სწორედ და სხვებსაც მცდარად განუმარტავენ. აქედან გამომდინარე, გზას უბნევენ მათ და დაღუპვისაკენ მიჰყავთ.
„იეღოვას მოწმეები“ კაცთა წინაშე ერთმანეთის სიყვარულით იწონებენ თავს და ამბობენ, რომ დედამიწის მცხოვრებთა შორის, ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ მათ გააჩნიათ. ისინი თავიანთი სექტის წევრებს - სრულიად უცნობ ადამიანებს სულიერ დებსა და ძმებს უწოდებენ და ამაყობენ, რომ სწორედ ამ სიყვარულით შეიძლება მათი ცნობა და სხვებისაგან გამორჩევა; მაგრამ საკითხავია, როგორ უყვართ მათ ღმერთი, რომელსაც ვერ ხედავენ, ან თუნდაც მათი სექტის წევრები, როდესაც მათ შეუძლიათ ხორციელ დებსა და ძმებს და თვით საკუთარ შვილებსაც კი არ გადაუსხან სისხლი, მათ სიკვდილს გულგრილად უყურონ, და ყოველივე ამას ღვთის მცნებათა ურყევი დაცვა და მისი ერთგულება უწოდონ. ანდა, როგორღა გაიღებენ საკუთარ სულს მოყვასისათვის, რასაც უფალი ერთ-ერთ მთავარ მცნებად გვიდებს.
მათი ასეთი დაბნეულობა არ არის გასაკვირი. იგი ამ ქმედების შედეგია, რასაც ქრისტეს ღმერთობის უარყოფა და ბიბლიის არასწორი, თვითნებური განმარტება ჰქვია. თუკი ამ ქმედებას ხშირ შემთხვევაში შეიძლება მოჰყვეს ადამიანთა დაღუპვა, ხორციელი სიკვდილი, ადვილი წარმოსადგენია, რითი შეიძლება დასრულდეს ასეთი ქმედება მათი უკვდავი სულებისათვის, რომელთა საბოლოო სამყოფელი, მართლმადიდებელ ეკლესიაში დაუბრუნებლობისა და შეუნანიებლობის შემთხვევაში, აუცილებლად ჯოჯოხეთის ჯურღმულები და ცეცხლოვანი გეენის საუკუნო ცეცხლი იქნება.
წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილის, 1998 წ.