მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

სანთლის ანთების, კანდელისა და საკმევლის კმევის თაობაზე

 

რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“:

წმიდან წერილში არსად წერია, რომ ღვთისმსახურების დროს, ლოცვისას, აუცილებელია სანთლის ანთება და საკმევლის კმევა. სანთელი უბრალოდ, გასანათებლად უნდა გამოვიყენოთ.

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

 

თავად ღმერთმა უბრძანა მოსეს, მოძრავ კარავში, ღვთისმსახურებისათვის გაეკეთებია შვიდტოტა სასანთლე და  კანდელები, ისე, როგორც ეს აჩვენა კიდეც სინას მთაზე გამოცხადების დროს.

 

„გააკეთე სასანთლეები ხალასი ოქროსგან... ექვსი რტო უნდა გამოდიოდეს ღეროდან. სასანთლის სამი რტო ერთი მხრიდან, სასანთლის სამი რტო მეორე მხრიდან... გაუკეთე შვიდი ლამპარი, რომ აანთონ ეს ლამპრები მისი წინა მხარის გასანათებლად. იცოდე, იმ სახის მიხედვით გააკეთე ისინი, როგორც მთაზე იხილე“ (გამ. 25, 31, 32, 37, 40).

მაგრამ ძველ ქართულ ტექსტში ნაცვლად „წინა მხარის გასანათებლად“, წერია „სანთელნი მისნი ნათობდნენ ერთისა პირისაგან“ („მცხეთური ხელნაწერი“).

ღვთის ეს ბრძანება მოსეს დავალებით ორმა ხელოსანმა აღასრულა: ბეცალიელმა, ხურის ძის ურის ძემ, იუდას შტოდან და ოჰოლიაბმა, ახისამაქის ძემ, დანის ტომიდან, რომლების უფალმა ამ საქმისთვის აღავსო „ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველგვარი ხელოვნებით“ (იხ. გამ. 31, 1-8).

 

საკმეველი, სანთელი და კანდელი გამოიყენებოდა არა გასანათებლად, არამედ ღვთისმსახურებისას, უფლის სადიდებლად.

 

მოსემ „დადგა სასანთლე სადღესასწაულო კარავში ტაბლის პირდაპირ... აანთო ლამპრები უფლის წინაშე, როგორც ნაბრძანები ჰქონდა“ (გამ. 40, 24-25).

 

„აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 7-8).

 

„მათ ებარათ კიდობანი, ტაბლა, სასანთლე, სამსხვერპლოები და წმიდა ჭურჭლები მსახურების დროს გამოსაყენებელი“ (რიცხ. 3, 31).

 

„რადგან პირველი კარავი გამზადებული იქმნა ისე, რომ შიგ იყო სასანთლე და ტაბლა და შესაწირავი პური; და ერქვა მას წმიდა... პირველ კარავში ყოველთვის შედიან მღვდლები ღმრთისმსახურების აღსასრულებლად“ (ებრ. 9, 2, 6).

 

სოლომონ მეფემაც გააკეთა სასანთლეები იერუსალიმის ტაძრისათვის.

„გააკეთა სოლომონმა ბაჯაღლო ოქროს სასანთლეები - ხუთი მარჯვენა მხარეს, ხუთიც მარცხენა მხარეს, დაბირის წინ, ყვავილებით, სანთურებით და ოქროს მაშებითურთ“ (3 მეფ. 7, 49).

 

სანთელს ეწოდება ღვთიური, ანუ ღვთისა.

 

„ყრმა სამუელი უფალს ემსახურებოდა ელისთან... ღვთის სანთელი ჯერ კიდევ არი იყო ჩამქრალი“ (1 მეფ. 3, 1, 3).

 

იოანე ნათლისმცემლის მამას, ზაქარიას, უფლის ანგელოზი გამოეცხადა ტაძარში ღვთის მსახურებისას, კმევის დროს.

 

„ერთხელ, როცა თავისი წყების წესისამებრ, მღვდელმსახურებდა იგი ღმერთის წინაშე, მღვდელთა მსახურების ჩვეულებისამებრ წილად ხვდა მას საკმევლის კმევა, და შევიდა უფლის ტაძარში“ (ლუკ. 1, 8-9).

 

მიწიერი ტაძრები წარმოადგენენ ზეციურის სახეს. როგორც ცათა სასუფეველში ღვთის წინაშე ანთია სანთლები, იკმევა საკმეველი, სრულდება ლოცვა და ღვთისმსახურება, ასევე უფლის ბრძანებით, დედამიწაზე ღვთის ტაძრებშიც მეორდება იგივე.

 

„რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში მზის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; ყოველ ადგილას დაუკმევენ საკმეველს ჩემს სახელს და წმიდა ძღვენს შემომწირავენ; რადგან დიდი იქნება ჩემი სახელი ხალხებში, ამბობს საბაოთ უფალი“ (მალ. 1, 11).

 

იოანე ღვთისმეტყველი ასე აღწერს ცათა სასუფეველს:

 

„მე მივბრუნდი, რათა მეხილა ხმა, რომელიც მესიტყვებოდა, და მიბრუნებულმა ვიხილე შვიდი სასანთლე ოქროსი, და შვიდ სასანთლეს შორის, მსგავსება კაცის ძისა“ (გამოცხ. 1, 12-13).

 

„და მოვიდა სხვა ანგელოზი, და დადგა საკურთხევლის წინაშე, და ჰქონდა სასაკმევლე ოქროსი; და მიეცა მას დიდძალი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად დაედო იგი ოქროს საკურთხეველზე, რომელიც არის წინაშე ტახტის. და ავარდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად, ანგელოზის ხელით, ღმერთის წინაშე“ (გამოცხ. 8, 3-4).

 

იესო ქრისტეს ახალი აღთქმით არ გაუუქმებია საკმეველი, ნელსაცხებელი და სანთელი. პირიქით, შობისას აღმოსავლეთიდან მოსული მოგვებისაგან მას საუფლო შესაწირავის სახეით მიიღო ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური.

 

„როდესაც შევიდნენ სახლში, იხილეს ყრმა მარიამთან, თავის დედასთან ერთად, და დაემხნენ და თაყვანი სცეს მას; და გახსნეს თავიანთი საუნჯე და მიართვეს მას ძღვენი: ოქრო, გუნდრუკი (საკმეველი) და მური“ (მათ. 2, 11).

 

იესო ქრისტეს ჯვრიდან გარდამოხსნისა და დაფვლის შემდეგ, იესოსთან ერთად გალილეადან მოსულმა ქალებმა „იხილეს სამარხიცა და ისიც, თუ როგორ დაიდო მისი სხეული. ხოლო შემდეგ დაუბრუნდნენ და მოამზადეს სურნელოვანი საკმეველი და ნელსაცხებელი“ მის ცხედრისათვის (ლუკ. 23, 55-56).

 

ასევე, მოციქულებიც ქრისტეს ჯვარცმისა და ამაღლების შემდეგ იერუსალიმის ტაძარში სალოცავად ადიოდნენ (იხ. საქმე 2, 46; 5, 19-21; 42; 22, 17). იქ კი, ღვთისმსახურება ანთებული სანთლებითა და საკმევლის კმევით სრულდებოდა.

 

ამგვარად, მართლმადიდებელი ქრისტიანები, წმინდა წერილის თანახმად და მოციქულთა მსგავსად, უკვე თითქმის 2000 წელია ღვთისმსახურებას აღასრულებენ ანთებული სანთლების, კანდელისა და საკმევლის თანხლებით.

 

* * *

„და ნახა ტაძარში ხარებით, ცხვრებითა და მტრედებით მოვაჭრენი და მსხდომარე მეკერმენი (ფულის გადამხურდავებელნი) და დაწნა თოკებისაგან შოლტი, და გამოყარა ტაძრიდან ყველა, აგრეთვე ხარები და ცხვრები, და მიმოფანტა მეკერმეთა ფული და ააყირავა მათი დახლები. და მტრედებით მოვაჭრეებს უთხრა: გაიყვანეთ ეგენი აქედან. და ნუ აქცევთ მამის ჩემის სახლს სავაჭრო სახლად“ (იოან. 2, 14-16).

 

მოყვანილ მუხლს იეღოველები არასწორად განმარტავენ და ასკვნიან, რომ ტაძარში არ შეიძლება სანთლების, ხატების, ჯვრების და რელიგიური წიგნების გაყიდვა, რადგან მათი თქმით, ეს ცოდვაა.

 

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

 

ქრისტეს დროს პალესტინა რომაელების ბატონობის ქვეშ იყო. ამ დროს ქვეყანაში ტრიალებდა ორი სახის ფული: რომაული და ეროვნულ-ებრაული. ტაძრებში ღვთისმსახურთა შესაწირავად გამოიყენებოდა მხოლოდ ეროვნული ფული. ამიტომაც ტაძრებთან ყველგან ფულის გადამცვლელები იყვნენ. დღესასწაულის დღეებში, როდესაც მთელი ისრაელი სალოცავად იერუსალიმში ადიოდა, ტაძარი და მთელი ეზო მლოცველებით ივსებოდა. თუკი სხვა დღეებში ზვარაკად შესაწირავი საქონლის გამყიდვლები და ფულის გადამხურდავებლები მხოლოდ ტაძრის გალავნის გარეთ იდგნენ ხოლმე, დღესასწაულებზე ისინი ტაძრის ეზოში და თვით ტაძარშიც შედიოდნენ. მლოცველები ცრურწმენის გამო ფიქრობდნენ, რომ უფალი აქ ნაყიდ საქონელს უფრო მეტად შეიწირავდა, ვიდრე ეზოს გარეთ ნაყიდს. ამ მომენტით ვაჭრებიც სარგებლობდნენ და ტაძარში საქონელი 2-ჯერ და 3-ჯერ ძვირი იყო, ვიდრე ეზოს გარეთ. ყოველივე ეს კი მყიდველთა უკმაყოფილებას და ხმაურს იწვევდა. ამგვარად, ღვთის სახლი საქონლის ბღავილითა და მოვაჭრეების ყვირილით, უსიამოვნო სუნითა და ნაგვით ჩვეულებრივ ბაზარს ემსგავსებოდა. ასეთ გარემოში კი შეუძლებელი იყო ღვთისმსახურება და ლოცვა. თანაც ამ დროს, ტაძარში ადგილებისათვის ვაჭრებსა და ღვთისმსახურებს შორის ფულადი გარიგებაც ხდებოდა.

 

აი, ამიტომ გამოყარა ტაძრიდან მაცხოვარმა ავაზაკებად წოდებული მოვაჭრენი.

 

ყოველივე ამის შედარება მართლმადიდებლურ ტაძარში სანთლისა და, საერთოდ, საეკლესიო ნივთების გაყიდვასთან არ არის მართებული. იერუსალიმის ტაძარში საქონლის გარდა ყიდდნენ შესაწირ ზეთს, ღვინოს, საკმეველსა და სხვა უსისხლო ძღვენს და უფალს არც ერთი მათგანი არ აუკრძალავს.

 

დღესაც, მრავალ მართლმადიდებელ ტაძარში, ხმაურის თავიდან ასაცილებლად, წირვა-ლოცვის დროს სანთლის გაყიდვა იკრძალება. ბევრგან მესანთლეებისათვის ტაძრის გარეთ, ეზოებში გამოყოფილი ცალკე ადგილები. ზოგ ტაძარში კი სანთელი პირდაპირ აწყვია და მყიდველები ნებაყოფლობით სწირავენ შესაწირავს. ხოლო ჩვენ იეღოველები ტაძარში ფულის ხმარებისათვის თუ დაგვძრახავენ, ვუპასუხებთ, რომ შესაწირი ყუთები ასევე იდგა სოლომონის ტაძარში და უფალს არ უარყვია ისინი. პირიქით, შეაქო ქვრივი, რომელმაც მცირედი, მაგრამ ბოლო შესაწირი შესწირა უფალს (იხ. მარკ. 12, 41-44). ასეცე, მოციქულებსაც ჰქონდათ ფულის საერთო ქისა და შესაწირავებს მათაც სწირავდნენ (იხ. საქმე 4, 34-37).

 

ამგვარად, მართლმადიდებელ ტაძრებში სანთლის, საკმევლისა და სხვა საეკლესიო ნივთების გაყიდვა წმინდა წერილს არ ეწინააღმდეგება და ღვთის დაშვებითა და კურთხევით სრულდება.

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 38, 2006 წ.