მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

იეღოველი აგიტატორები თბილისში ახალ ბროშურას ავრცელებენ!

 

სექტანტთა მორიგი მკრეხელობა

 

ბოლო დღეებში რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) სექტის წარმომადგენლები თბილისის ქუჩებში ავრცელებენ 2 ფურცლიან პროპაგანდისტულ ბროშურას სათაურით: „ცნობა მთელი მსოფლიოსთვის: ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“

 

სექტანტური ბროშურის შესავალში ნათქვამია: რა არის ცრუ რელიგია? გაღელვებთ ის ფაქტი, რომ რელიგიის სახელით უამრავი ბოროტება ხდება? უსამართლობად არ მიიჩნევთ იმას, რომ ადამიანები, რომლებიც ღვთის მსახურებად აცხადებენ თავს, მხარს უჭერენ ომებს, ტერორიზმსა და კორუფციას? როგორც ჩანს, ბევრი პრობლემის სათავე სწორედ რელიგიაა... ცრუ რელიგიას ბოროტება გამოაქვს ნაყოფად, ისევე როგორც ცუდ ხეს - უვარგისი ნაყოფი“.

 

შესავლიდანვე ჩანს, რომ რასელისტები ცდილობენ, გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს უარყოფითი წარმოდგენა შეუქმნან ტრადიციულ რელიგიებზე და ისინი ტერორიზმის, კორუფციის მხარდაჭერაში და ომის პროპაგანდაში დაადანაშაულონ. სინამდვილეში არც ერთი ტრადიციული მსოფლიო რელიგია (მათ შორის მართლმადიდებლობაც) არათუ მხარს უჭერს, არამედ, პირიქით - გმობს ტერორიზმს, სისხლისმღვრელ ომებს და კორუფციას.

ამ ბროშურას რასელისტები
თბილისის ქუჩებში ავრცელებენ

შესავლის შემდეგ იეღოველთა ბროშურის ანონიმი ავტორები აცხადებენ, რომ „ცრუ რელიგია ომსა და პოლიტიკაში ერევა, ცრუ სწავლებებს ავრცელებს და უზნეობას იწყნარებს“. „საუკუნეების მანძილზე ეკლესიები თანამშრომლობდნენ ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკურ ძალებთან“, - ნათქვამია იეღოველთა ჟურნალში „რა არის სიცოცხლის აზრი?“, ხოლო ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „პოლიტიკურ ლიდერებთან დღესაც ბევრი რელიგიის წინამძღოლი ამყარებს ურთიერთობას“ (01.03.2003 წ.). ამ ციტატებიდან ისე ჩანს, თითქოს ხელისუფლებასთან და პოლიტიკოსებთან ნორმალური ურთიერთობა ბრალდება ან დანაშაული იყოს. მაგრამ თუ სექტანტები თავიანთ პოზიციას „უკომპრომისოდ“ იცავენ და ე.წ. „ამქვეყნიურ სატანურ მთავრობებთან“ ურთიერთობას კრძალავენ, მაშინ საინტერესოა, თავად იეღოველთა „ხელმძღვანელი კორპორაციის“ (აშშ) ლიდერებს რატომ არ ეკრძალებათ კუბის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის წერილებისა და ბიბლიების გაგზავნა მათივე ხელმოწერით (იხ. „საგუშაგო კოშკი“, 15.05.1999 წ.) ან იეღოველთა ხელმძღვანელი კორპორაციის წევრებისათვის რატომ არ იკრძალებოდა პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან მიწერ-მოწერა (ჟურნალი „გამოიღვიძეთ 08.02.2002 წ.). თუკი იეღოველთა რელიგიურ ლიდერებს უფლება აქვთ, საჭიროებისამებრ ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებასთან დაამყარონ კავშირი, რატომ არა აქვთ იგივეს უფლება იმავე ქვეყნის რელიგიათა წინამძღოლებს?! როგორც ჩანს, საკუთარი სექტის ინტერესებისთვის ასეთ „რელიგიურ კომპრომისზე“ წასვლა მათთვის მისაღებია, ხოლო სხვა რელიგიების წარმომადგენლებისთვის - მიუტევებელი ცოდვა!

 

რელიგიათა „ცრუ სწავლებების“ მაგალითად სექტანტური პუბლიკაცია სულის უკვდავების შესახებ მოძღვრებას ასახელებს (იეღოველები სხვა მრავალ ერესთან ერთად სულის უკვდავებასაც უარყოფენ). „მრავალი რელიგია ამ სწავლებას იყენებს, რომ თავის მრევლს გარდაცვლილთა სულების ლოცვებში მოსახსენიებლად ფული გამოსტყუოს“, - ვკითხულობთ ბროშურაში. ეკლესია და სამღვდელოება კი იეღოველთა გამოცემაში ასეა დახასიათებული: „ეკლესიები ჰომოსექსუალისტებსა და ლესბოსელებს მღვდლებად ნიშნავენ და მთავრობას მოუწოდებენ, ერთი სქესის წარმომადგენლებს დაქორწინების უფლება მისცეს. მართალია, ზოგიერთი ეკლესია უზნეობას განსჯის, მაგრამ ამავე დროს ისეთ რელიგიურ წინამძღოლებს იწყნარებს, რომლებიც ბავშვებს აუპატიურებენ“ (!). აქვე ნათქვამია, რომ „ცრუ რელიგიას „მოჭრიან“ და გაანადგურებენ!“ ხოლო აპოკალიფსის მე-17 თავში მოხსენიებული მეძავი მთელი მსოფლიოს ყველა რელიგიის სიმბოლოა (!) - რაღა თქმა უნდა, თავად „იეღოვას მოწმეთა“ ორგანიზაციის გარდა. იმავე გვერდზე დაბეჭდილია მკრეხელური სურათი, სადაც აპოკალიფსში მოხსენიებული მეძავი და შვიდთავიანი, ათრქიანი მხეცია გამოსახული, რომელსაც ბრჭყალებიანი თათები ეკლესიების გუმბათებზე აქვს დადებული (!).

 

განა ეს არ არის განსხვავებული რწმენის მიმდევართა მიმართ ფანატიზმისა და შეუწყნარებლობის გამოვლენა იეღოვას მოწმეთა მხრიდან? „ბელგიაში მცხოვრები 24 961 სამეფოს შესახებ მაუწყებელი (იგულისხმება „იეღოვას მოწმეები“) განუწყვეტლივ განიცდის გარეშეების მხრიდან შეუწყნარებლობას, წინასწარშექმნილი აზრის გამო წარმოქმნილი პრობლემების შედეგებსა და დისკრიმინაცია“ - წერს „იეღოვას მოწმეთა“ ოფიციალური ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ (01.01.2003 წ.), თუმცა იეღოველები ალბათ ვერ ამჩნევენ იმ შეუწყნარებლობასა და წინასწარშექმნილი აზრის გამო სხვადასხვა კონფესიების მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფას, რაც მუდმივად იღვრება თავად იეღოველთა გამოცემებიდან. ნათქვამის საილუსტრაციოდ მხოლოდ რამდენიმე ციტატას მოვიყვანთ რასელისტთა ჟურნალებიდან: „სამღვდელოება უარყოფს ღმერთს, უარყოფს რა მოიქცეს ზნეობრივი ნორმების თანახმად“ („საგუშაგო კოშკი“, 01.02.1994 წ.), რელიგიური წინამძღოლები „ნამდვილი ბოროტი, ცუდი ადამიანები არიან“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“, 1996 წ. 13 თ.), „სამღვდელოებას გენოციდში ედება ბრალი. მღვდლები ბავშვებს ხრწნიან, ეკლესია კი ხელს აფარებს მათ“ („იფხიზლეთ!“ 2004 წ.), „ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები... დაავადებულნი არიან სქესობრივი უზნეობით“ („საგუშაგო კოშკი“, 01.04.1991 წ.), „ქრისტიანული სამყარო და სხვა ცრუ რელიგიები იქნებიან სრულიად განადგურებულნი“ („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1997 წ.). ვფიქრობთ, კომენტარი ზედმეტია.

 

„მე-20 საუკუნის განმავლობაში ევროპასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთხელ შეულახავთ იეღოვას უამრავი მოწმის უფლებები“ - წერს „საგუშაგო კოშკი“ (01.03.2003 წ.). მაშინ, როდესაც იეღოველები ხშირად საუბრობენ საქართველოში რელიგიურ დევნა-შევიწროვებასა და შეუწყნარებლობაზე, საინტერესოა - განა შეუწყნარებლობის ნიშანი არ არის, როდესაც იეღოველთა ჟურნალში: „სასიხარულო სიცოცხლე მუდმივად დედამიწაზე“ (1992 წ.) - ღვთისმშობლის გამოსახულება წითელი ხაზითაა გადახაზული? განა შეუწყნარებლობისა და მეტიც - შეურაცხყოფის ნიშანი არ არის, როდესაც მათ ჟურნალში: „საგუშაგო კოშკი“ (01.05.1999 წ.) ქრისტიანულ ეკლესიებს, სხვა რელიგიებთან ერთად „მეძავთა დედა“ ეწოდება? განა მართლმადიდებელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ არის, როდესაც იეღოველები თავიანთ ჟურნალებში ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ქრისტიანული სამყარო და სამღვდელოება ღმერთისა და ბიბლიის მტერია („რა არის სიცოცხლის აზრი?“ 1995 წ.) ან როდესაც იეღოველთა ჟურნალში „რას მოითხოვს ღმერთი თქვენგან?“ (1996 წ.) ყოვლადწმიდა სამების მკრეხელური კარიკატურა ქვეყნდება წარწერით: „ღმერთი არ არის სამება“ (!) და ა.შ.

 

ზემოაღნიშნული ბროშურა ასევე აცხადებს, რომ „სწორედ ახლაა ცრუ რელიგიიდან გამოსვლის დრო!“ ამიტომაც „ახლა მოქმედების დროს! არ დააყოვნოთ, ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ - ასე გვმოძღვრავს სექტანტური გამოცემა.

 

სინამდვილეში მათი სიტყვები ცრუწინასწარმეტყველური და ამაოა, რადგან რასელისტები თავიანთ გამოცემებში „ცრუ რელიგიის განადგურებისა“ და „ქვეყნიერების აღსასრულის“ თარიღებად 1914, 1918, 1920, 1925, 1960, 1975 წლებს ასახელებდნენ, თუმცა როგორც ყველამ ვიცით, მსგავსი არაფერი მომხდარა და იმედგაცრუების შემდეგ მრავალმა იეღოველმა სექტა დატოვა.

 

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ რასელისტები არ ცნობენ და უარყოფენ ნებისმიერ მიწიერ ხელისუფლებას და ყველაფერს, რაც მასთანაა დაკავშირებული. მაგ. ჯარში სამსახურს, არჩევნებს, ფიცს, სახელმწიფო დაწესებულებებს, ეროვნული დროშის მიმართ პატივის მიგებას და ა.შ. ისინი ასწავლიან, რომ „მთელი მსოფლიოს მთავრობები ეშმაკის საკუთრებაა“ („ყველაზე დიდებული ადამიანი“ 1996 წ.) და „სატანა-ეშმაკი მართავს ყველა ამქვეყნიურ მთავრობას“ („სინამდვილეში ვინ მართავს ქვეყნიერებას?“), მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი უარს არ ამბობენ ამ „სატანური მთავრობებისგან“ რეგისტრაციასა და აღიარებაზე შეუზღუდავი საქმიანობისა და საგადასახადო შეღავათებისთვის. საყურადღებოა, რომ 1999 წლის დასაწყისში საფრანგეთში ამ სექტას ჩამოერთვა რელიგიური სტატუსი. საფრანგეთის ხელისუფლებამ დაავალდებულა სექტა გადაეხადათ გადასახადი, რომელიც დაერიცხათ უკანასკნელი რამოდენიმე წლის განმავლობაში, რამაც 50 მლნ დოლარი შეადგინა. მანამდე სექტის საფრანგეთში არსებული მთელი ქონება დააყადაღეს. 2001 წლის ოქტომბრამდე რასელისტთა სექტა გაეროში რეგისტრირებული იყო, როგორც არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაცია „საგუშაგო კოშკი“. „იეღოვას მოწმეთა“ სექტა წლების მანძილზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციას გამუდმებით ბრალს სდებდა და მას „მსოფლიო ცრურელიგიის იმპერიად“ აცხადებდა (!). სექტის გამოცემებში გაერო მოიხსენიება, როგორც სიბილწე და ათრქიანი შავ-წითელი მხეცი, რომელიც სატანის ნების შემსრულებელია („საგუშაგო კოშკი“, 01.05.1999 წ.). 2001 წლის 12 ოქტომბერს სექტასთან დაკავშირებული სკანდალის გამო მათ მოეხსნათ არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსი. გაეროს წარმომადგენელმა კი ამასთან დაკავშირებით აღნიშნა: „როგორც ჩანს, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცოდით „იეღოვას მოწმეების“ დამოკიდებულებაზე ჩვენს მიმართ, რაც საკმაოდ უცნაურია“.

 

ამგვარად, სხვადასხვა სახელმწიფოებისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიმართ რასელისტთა სექტის ასეთი დამოკიდებულება მის დესტრუქციულ ბუნებაზე მეტყველებს.

 

P.S. დაბოლოს, ტერმინი „რასელისტები“ არ გახლავთ მართლმადიდებელთა მიერ მათთვის შერქმეული სახელწოდება. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ისინი „ბიბლიის მკვლევარებთან“ ერთად „რასელისტებისა“ და „რუგერფორდისტების“ სახელებით იყვნენ ცნობილნი (იხ. მათი გამოცემა „იეღოვას მოწმეები“ (1997 წ.).

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 38, 2006 წ.