მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

მარხვის თაობაზე

 

რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“:

„მარხვის დროს საკვებისაგან თავის შეკავება ეშმაკის მოგონილია და ღვთის საწინააღმდეგო ქმედებაა და ამის შესახებ წმინდა წერილში არაფერი წერია“.

 

ამ აზრის დასამტკიცებლად მათ მოჰყავთ შემდეგი ციტატა:

 

„ხოლო სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან ზოგიერთნი და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთ მოძღვრებას, რომელნიც კრძალავენ ქორწინებასა და იმის ჭამას, რაც შექმნა ღმერთმა, რათა მორწმუნენი და ჭეშმარიტების მცოდნენი მადლიერებით ჭამდნენ. რადგანაც კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება, და არ არის უარსაყოფი, თუკი მიიღება მადლიერებით. ვინაიდან განიწმიდება ღმერთის სიტყვითა და ლოცვით“ (1 ტიმ. 4, 1-5).

 

 

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

ჯერ ერთი, სიტყვების - „უკანასკნელ ჟამს“ - ნაცვლად ბერძნულ დედანში წერია „შემდგომ დროებში“ (υστεροις, და არა εδχατοις χαιροτς), რაც უშუალოდ მოციქულთა შემდგომ პერიოდს მიანიშნებს და არა „ბოლო ჟამს“.

 

ახასიათებს რა ცრუ მასწავლებლებს, მოციქული მიუთითებს, რომ ისინი კრძალავენ ქორწინებებს, როგორც არასწორ ქმედებებს და მოუწოდებენ, თავი შეიკავონ ზოგიერთი საკვებისაგან. მოციქული მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ არ აჰყვნენ ამ ცრუ მოძღვრებებს, რადგანაც ღვთის მიერ ყოველივე კაცთათვისაა შექმნილი, თუკი ისინი მას გონივრულად მოიხმარენ.

 

განსაკუთრებით კი არ უნდა გვეშინოდეს თავის წაბილწვისა საჭმლით, როდესაც იღებ მას ლოცვითა და ღვთის მადლობით. მოყვანილ მუხლში მოციქული ცრუ მოძღვრებში გნოსტიკოსებს გულისხმობს, რომელნიც I-II საუკუნეებში მოღვაწეობდნენ. მათი მოძღვრების მიხედვით, სამყაროს ორი საწყისი ჰქონდა - კეთილი და ბოროტი, რომელთა შორისაც დაუსრულებელი ბრძოლა მიმდინარეობდა. მატერიალურ სამყაროს ისინი თვლიდნენ დაბალი ღვთაების - დემიურგის შექმნილად. ქრისტე მხოლოდ მოჩვენებით იყო ადამიანური სამფარველით მოსილი. მას ჰქონდა არა ცოდვის გამოსყიდვის, არამედ მხოლოდ მხსნელის მისია და წარმოადგენდა ერთ-ერთ შუალედურ არსებას - ეონს. მათი მტკიცებით, ზოგიერთი საკვების მიღება, რომელსაც კეთილი საწყისი ჰქონდა, შეიძლებოდა, ზოგისა კი, რომელსაც ბოროტი საწყისი ჰქონდა, არ შეიძლებოდა, რადგანაც ამით ადამიანი ბოროტების თანაზიარი ხდებოდა. ამიტომაც ისინი თავიანთ მიმდევრებს საკვებისაგან „აიძულებდნენ თავშეკავებას“. ამავე მიზეზით იკრძალებოდა შეუღლებაც.

 

მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ამ ცრუ სწავლებას და ამ მოტივით საკვების მიღების კარძალვას. ეკლესია რაიმე სახეობის საკვების მიღებას მთელი ცხოვრების განმავლობაში არ კრძალავს, არამედ მარხვის დროს ზღუდავს მას გარკვეული დროითა და რაოდენობით. მაგალითად, თრობა უდიდეს ცოდვად ითვლება: „ვერს მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიმკვიდრებენ ღმრთის სასუფეველს“ (1 კორ. 6, 10). მაგრამ ცოტაოდენი ღვინის მიღება კი, პირიქით, აუცილებელია ხორციელი უძლურებისათვის (1 ტიმ. 5, 23).

 

ასევე ხსნილში ცხოველური საკვების მიღება ნებადართულია, მარხვის დროს კი მისგან თავს ვიკავებთ და ეს სრულებით არ ეწინააღმდეგება წმინდა წერილს, პირიქით, ასე იქცეოდნენ ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები, მოციქულები, თვით უფალი, რისი მაგალითებიც მრავლადაა ბიბლიაში.

 

მარხვის გატეხვით, ანუ აკრძალული ხილის ჭამით, ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე (სიტყვა მარხვა ნიშნავდა რაიმეს შენახვას, დამარხვას. ამ შემთხვევაში ღვთის მიერ მიცემული კანონის, წესის დაცვას, დამარხვას).

 

„ადამს უთხრა: რაკი შენს დედაკაცს დაუჯერე და შეჭამე ხის ნაყოფი, რომლის ჭამა აკრძალული მქონდა შენთვის, მიწა დაიწყევლოს შენს გამო... გაუშვა იგი უფალმა ღმერთმა ედემის ბაღიდან“ (დაბ. 3, 17, 23).

 

 

მოსემ სინას მთაზე 40 დღის მარხვის შემდეგ მიიღო ღვთისაგან აღთქმის ფილები.

 

„როცა მთაზე ავედი... ორმოცი დღე და ორმოცი ღამე ვიყავი იქ, არც პური მიჭამია და არც წყალი დამილევია. ორმოცი დღისა და ორმოცი ღამის გასვლის შემდეგ მომცა უფალმა ორი ფიქალი, ფიქალები აღთქმისა“ (რჯლ. 9, 9-11).

 

 

დანიელმა მარხვის შემდეგ მიიღო წინასწარმეტყველების ნიჭი.

 

„დანიელმა გულში ჩაიდო, არ გაუწმინდურებულიყო სამეფო ულუფით და მეფის სასმელი ღვინით, და სთხოვდა იგი საჭურისთა მთავარს, ნება დაერთო მისთვის, რომ არ გაუწმინდურებულიყო. ამიტომ მწდეს უკან მიჰქონდა მათი ულუფა და მათი დასალევი ღვინო, მხოლოდ მწვანილს აძლევდა. მიჰმადლა ღმერთმა ამ ოთხ ყმაწვილს ნიჭი და ყველა წიგნისა და სიბრძნის შემეცნების უნარი, დანიელს კი, ყველა ხილვისა და სიზმრის ამოცნობა შეეძლო“ (დან. 1, 8, 16-17).

 

 

ძველი აღთქმის წინასწარმეტყველები მარხულობდნენ.

 

„ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე“ (ნეემ. 1, 4).

„შეიკრიბნენ ისრაელიანები - მარხულნი, ჯვალოთი შემოსილნი და თავზე მტვერდაყრილნი“ (ნეემ. 9, 1).

 

„ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი“ (ფსალმ. 34, 13).

 

„რისთვის ვმარხულობთ, თუკი არ გვხედავ“ (ეს. 58, 3) - ასე მიმართავს ესაია წინასწარმეტყველი უფალს.

 

„პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში“ (დან. 9, 3).

 

 

მმარხველებსა და მონანულებს უფალი აპატიებს ცოდვებს.

 

„იწამეს ნინეველებმა ღმერთი, გამოაცხადეს მარხვა და დიდიან-პატარიანად ჯვალოთი შეიმოსნენ... გამოაცხადებინა ნინევეში მეფისა და მისი კარისკაცების ბრძანება: არც კაცმა, არც პირუტყვმა, ძროხამ თუ ცხვარმა, არ ჭამოს, არ მოძოვოს, არც წყალი დალიოს... შეინანა ღმერთმა, ბოროტი ყოფას რომ უპირებდა მათ, და აღარ უყო“ (იონ. 3, 5, 7, 10).

 

„შეიკრიბნენ მიცფში, ამოჰქონდათ წყალი და უღვრიდნენ უფალს და მარხულობდნენ იმ დღეს. თქვეს იქ: შევცოდეთ უფალს, განსაჯა სამუელმა ისრაელიანები მიცფაში... შეჰღაღადა სამუელმა უფალს ისრაელისთვის და უსმინა მას უფალმა“ (1 მეფ.)

 

 

უფალმა იესო ქრისტემ ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იმარხულა.

 

იესომ „იმარხულა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე“ (მათ. 4, 2).

 

 

უფალი ადგენს მარხვას და გვასწავლის, როგორ უნდა ვიმარხულოთ.

 

„მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ“ (მათ. 9, 15).

 

„და როდესაც მარხულობთ, ნუ იქნებით მწუხარენი, თვალთმაქცთა მსგავსად... ხოლო შენ, როდესაც მარხულობ, თავს იცხე და დაიბანე პირი შენი, რათა ხალხს კი არ ეჩვენო მმარხველად, არამედ დაფარულში მყოფ მამას შენსას“ (მათ. 6, 16-18).

 

 

ბიბლიაში მინიშნებულია მარხვის დღეები და პერიოდები.

 

„ორჯერ ვმარხულობ კვირაში, და ვიხდი მეათედს იმისას, რასაც ვიხვეჭ“ (ლუკ. 18, 12).

 

„მაგრამ რაკი საკმაო ხანმა განვლო, და ცურვა გაძნელდა, ვინაიდან მარხვა უკვე გადასული იყო“ (საქმე 27, 9).

 

 

მარხვა და ლოცვა ღვთის სამსახურია.

 

ანა წინასწარმეტყველი ფანუელის ასული „იყო დაახლოებით ოთხმოცდაოთხი წლის ქვრივი, რომელიც ტაძარს არ შორდებოდა დღე და ღამ, მარხვითა და ლოცვით ემსახურებოდა ღმერთს“ (ლუკ. 2, 37).

 

„და ვიდრე მსახუერებდნენ უფალს და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ მე ბარნაბა და სავლე იმ საქმისთვის, რომლისთვისაც ვუხმე მათ“ (საქმე 13, 2). მოციქულნი „ყველაფერში ვავლენთ თავს, როგორც ღმერთის მსახურნი: მრავლის თმენაში, გასაჭირში, სიფხიზლეში, მარხვაში, სიწმიდეში“ (2 კორ. 6, 4-6).

 

 

ქრისტეს ამაღლების შემდეგ მარხულობდნენ როგორც მისი მოციქულები, ასევე რიგითი მორწმუნეები.

 

„უკურთხეს მათ თვითეული ეკლესიის ხუცესნი, და ლოცვითა და მარხვით შეავედრეს ისინი უფალს“ (საქმე 14, 23).

 

„და თქვა კორნელიუსმა: ოთხი დღის წინ ვმარხულობდი ათ საათამდე“ (საქმე 10, 30).

 

პავლე მოციქული წერს: „ჩემი მობაძავნი იყავით, როგორც მე ვბაძავ ქრისტეს“ (1 კორ. 11, 1). „ამიტომაც გევედრებით: მომბაძეთ მე“ (1 კორ. 4, 16). და მართლაც, თუკი მოციქული პავლე მარხულობდა უფლის მსგავსად, მით უმეტეს გვმართებს ჩვენ, მივბაძოთ მას „შრომითა და რუდუნებით, მრავალგზის ღამის თევით, შიმშილით და წყურვილით, მრავალგზისი მარხვით, სიცივით და სიშიშვლით“ (2 კორ. 11, 27). ამ მუხლებიდან ჩანს, რომ მოციქული ერთმანეთისაგან განასხვავებს მარხვასა და შიმშილობას. შიმშილი სხეულს აუძლურებს, მარხვა კი სხეულსა და სულს ვნებებისაგან განწმენდს.

 

ამგვარად, მარხვის დადგენა თვით მოციქულთა დროიდან იღებს სათავეს და მას მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც უცვლელად აღასრულებს, რითაც წმინდა წერილისა და ღვთის ერთგულებას გამოხატავს.

 

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილისი, 1998 წ.