მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

წმინდა ხატების თაობაზე

 

იეღოველები პატივს არ სცემენ წმინდა ხატებს, ჩვენ კი კერპთაყვანისმცემლობაში გვდებენ ბრალს და კატეგორიულად ამტკიცებენ, რომ ხატი - ეს იგივე კერპია.

 

ბიბლიის მიხედვით განვხილოთ, რა არის კერპი. გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია, რომ სინას მთაზე ღმერთთან მოსაუბრე მოსემ დააგვიანა ხალხთან ჩამოსვლა. მაშინ ხალხმა უთხრა აარონს: „ადექი და გაგვიკეთე ღმერთები, რადგან არ ვიცით, რა დაემართა იმ კაცს, მოსეს... აარონმა საჭრეთლით გამოსახა სახე და ჩამოასხა ხბო. თქვეს: ესენი არიან, ისრაელო, შენი ღმერთები, რომლებმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანეს“ (გამ. 32, 1, 4).

 

შემდეგ აარონმა ააგო მათთვის სამსხვერპლო, დღესასწაულიც კი გამოაცხადა და ხალხმა კერპებს, როგორც ღმერთებს შესწირა მსხვერპლი. აი, როგორი ყოფილა კერპი. ახლა, რაც შეეხება წმინდა ხატებს; მართლმადიდებლებს განა ოდესმე უთქვამთ, რომ ესენი არიან ჩვენი ღმერთები და არა ის ღმერთი, რომელმაც შექმნა ცა და მიწა?

 

გამოსვლათა წიგნში წერია: „არ გაეკარო კერპებს, არც რაიმე ხატი (ძვ. ქართ. „მსგავსება“ ბერძ. „ჰომოიომა“) იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე და წყალში მიწის ქვეშ“ (გამ. 20, 4). ამ მუხლის ციტირებით, იეღოველები ამბობენ, რომ თითქოს ღმერთი კრძალავს ხატების თაყვანისცემას.

 

ჯერ ერთი, მოყვანილ ციტატაში ძველ ბერძნულ და ძველ ქართულ ტექსტებში სიტყვა „ხატის“ მაგიერ გამოყენებულია „მსგავსება“, „გამოსახულება“, შეადარეთ რუსულ ტექსტს, რომელიც მკითხველისათვის უფრო ხელმისაწვდომია: „Не делай себе кумира и никакого изображения того...“ მეორეც, ებრაელების გარშემო მცხოვრები ხალხი, ყველანი იყვნენ მეკერპენი და ღვთის ხალხის მათი გავლენის ქვეშ მოხვედრის რეალური საშიშროება იყო.

 

ჩვენ არ ვეთაყვანებით წმინდა ხატებს, როგორც ღმერთებს, არამედ მივაგებთ მათ შესაფერის პატივს. ამასთან, მართლმადიდებელი ეკლესია პატივს სცემს არა ხეს და საღებავს, რომლითაც შესრულებულია ხატი, არამედ იმ პიროვნებას, რომელიც მასზეა გამოსახული.

 

ეს რომ ღვთის საწინააღმდეგო ქმედება არ არის და ნებადართულია მისგან, წმინდა წერილიდანაც ჩანს. უფალი კერპების გამოსახულების გაკეთებას კრძალავს და არა - წმინდა ანგელოზებისას. მაგ.: მან მოსეს უბრძანა, გაეკეთებინა ანგელოზების - ქერუბიმების ქანდაკება და აღთქმის კიდობანზე დაემაგრებინა (გამ. 25, 1-21); „ოქროსაგან გამოჭედავ ორ ქერუბიმს, და სახურავის ორსავე კიდეზე დაამაგრებ (გამ. 25, 18). როგორც აღვნიშნეთ, ქერუბიმები იგივე ზეციური ანგელოზები არიან (შეადარეთ ებრ. 9, 1-5).

 

ბიბლიაში ასევე მოხსენებულია ორი პიროვნება: ბეცალიელი, ძე ურისა, იუდას შტოდან (გამ. 31, 2) და ოჰოლიაბ ახისამაქის ძე დანის ტომიდან (გამ. 31, 6), რომლებიც უფალმა ისრაიტელთაგან მოსეს დასახმარებლად საგანგებოდ ამ საქმისათვის გამოარჩია: „და ავავსე იგი ღვთის სულით, სიბრძნით, გონიერებით, ცოდნით და ყოველი ხელოვნებით... რათა ყველაფერი გააკეთონ... სადღესასწაულო კარავი, მოწმობის კიდობანი სახურავითურთ და კარვის ყოველი ჭურჭელი“ (გამ. 31, 3, 6-7). და, მართლაც, ღვთის ბრძანებისაებრ, „გააკეთა ბეცალიელმა ურთხელასგან კიდობანი... მოჭედა იგი ხალასი ოქროთი შიგნიდან და გარედან და ოქროს გვირგვინი შემოავლო გარშემო... გააკეთა ოქროს ორი ქერუბიმი; ოქროსაგან გამოჭედა ისინი; სახურავის ორსავე კიდეზე განალაგა, ერთი ქერუბიმი ერთ კიდეზე, მეორე ქერუბიმი მეორე კიდეზე. სახურავიდან გამოიყვანა ქერუბიმები ორსავე კიდეზე. ფრთები გაშლილი ჰქონდათ ქერუბიმებს და ფარავდნენ თავიანთი ფრთებით სახურავს, სახით ერთმანეთისკენ იყვნენ მიქცეულნი“ (გამ. 37, 1-2, 7-9).

 

მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი ყველგან მყოფია და ყოველთვის ესმის ჩვენი ლოცვა, იგი მკაცრად აფრთხილებს მოსეს: „მანდ მოგევლინება ხოლმე, სახურავზე, ორ ქერუბიმს შორის, მოწმობის კიდობანზე რომ არიან, და ყველაფერს გამოგიცხადებს, რაც ისრაელიანებისთვის უნდა გაბრძანებინოთ“ (გამ. 25, 22) და, მართლაც, „როცა შედიოდა მოსე სადღესასწაულო კარავში მასთან სალაპარაკოდ, ესმოდა ხმა უფლისა, რომელიც ელაპარაკებოდა მას მოწმობის კიდობანის სახურავს ზემოდან, ორი ქერუბიმის შუიდან. ასე ელაპარაკებოდა მას უფალი“ (რიცხ. 7, 89).

 

წმინდა წერილში ნახსენებია, „რომ გაირჩეს საღვთო და საერო, უწმინდური და განწმენდილი“ (ლევ. 10, 10). სწორედაც, ასეთ „საღვთო და წმიდა“ გამოსახულებადაა ბიბლიაში მიჩნეული ანგელოზთა ქანდაკებანი.

 

აღთქმის კიდობნისა და მასზე გამოსახულ ანგელოზთა წინაშე ლოცულობდნენ.

 

„შემოიხია იესომ (ნავეს ძემ) სამოსელი, პირქვე დაემხო მიწაზე უფლის კიდობნის წინ და ასე იყვნენ საღამომდე ის და ისრაელის უხუცესობა; თავზე მტვერი დაიყარეს“ (იესო 7, 6);

 

„დაემხო ტაძრის წინ ისრაელის ყოველი კაცი, ქალი და ბავშვი - იერუსალიმის მკვიდრნი, ნაცარი დაიყარეს თავზე და გააფინეს თავიანთი ძაძები უფლის წინაშე“ (ივდ. 4, 11).

 

კიდობნის წინაშე მსხვერპლს სწირავენ ღმერთს.

 

სოლომონი „მივიდა იერუსალიმში და წარდგა უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე. აღავლინა აღსავლენი და შესწირა სამადლობელი მსხვერპლი“ (3 მეფ. 3, 15);

 

„დააყენა ლევიანები უფლის კიდობნის წინაშე სამსახურის გასაწევად, რათა მოეხსენებინათ, ედიდებინათ და ექოტ უდალი, ღმერთი ისრაელისა“ (1 ნეშტ. 16, 4).

 

კიდობნის წინაშე ანთებენ კანდელებს და აკმევენ საკმეველს.

 

„გააკეთე სამსხვერპლო საკმევად... დადგი იგი კრეტსაბმელის წინ, მოწმობის კიდობნის პირდაპირ რომ არის; სახურავის წინ, მოწმობის კიდობანს რომ ახურავს, სადაც მე გამოგეცხადებით. აკმიოს მასზე აარონმა სურნელოვანი საკმეველი; აკმიოს იგი დილაობით, როცა ლამპრებს გაამზადებს. როცა აანთებს აარონი ლამპრებს საღამოხანს, აკმიოს საკმეველი. ეს იყო მუდმივსაკმევად უფლის წინაშე თაობიდან თაობაში“ (გამ. 30, 1, 6-8).

 

ასევე სოლომონა დაბირში „გააკეთა ორი ქერუბიმი ზეთისხილის ხისგან“ (3 მეფ. 6, 23) და ღმერთმა მოიწონა ისინი.

 

სოლომონმა მოგვიანებით, დიდი ტაძრის აშენების შემდეგ, შიდა ნაწილში განათავსა ორი ქერუბიმის გამოსახულება.

 

„წმიდათაწმიდის სახლში გააკეთა ორი ქერუბიმის ქანდაკება და ოქროთი დაფერა ისინი... ამ ქერუბიმების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი. ისინი თავიანთ ფეხებზე იდგნენ და პირისახე სახლისაკენ ჰქონდათ მიქცეული“ (2 ნეშტ. 3, 10, 13).

 

სოლომონმა მთელი ტაძარი ქერუბიმებით მოხატა.

 

„კედლებზე ქერუბიმები ამოკვეთა“ (2 ნეშტ. 3, 7);

„გააკეთა კრეტსაბმელი ლურჯი, ძოწეული, მეწამული ნართისაგან და სელისაგან და მასზე ქერუბიმენი გამოხატა“ (2 ნეშტ. 3, 14).

 

უფალმა მოიწონა ეს სახლი და მისმა დიდებამ აავსო იგი.

 

„როცა სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი გადმოუშვა ზეციდან და შთანთქა აღსავლენი და მსხვერპლნი. უფლის დიდებამ აავსო სახლი. ვეღარ შედიოდნენ მღვდლები უფლის სახლში, რადგან უფლის დიდებით იყო ავსებული უფლის სახლი. როცა დაინახეს ისრაელიანებმა სახლზე გადმომავალი ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს“ (2 ნეშტ. 7, 1-3).

 

ღმერთი, ანგელოზთა გამოსახულებების გაკეთებას რომ კრძალავდეს, მოსესა და სოლომონს მათი ქანდაკების დამზადებას არ უბრძანებდა და არ მოუწონებდა, პირიქით, მათ ამისთვის დასჯიდა.

 

ამგვარად, თუ ჩვენ თაყვანს ვცემთ ხატებზე გამოსახულ ანგელოზებსა და წმიდანებს, როგორც ღმერთებს, ეს ცოდვაა, ხოლო ჩვენ პატივს მიგავებთ მათ, როგორც ეს ხდებოდა ძველი აღთქმის ეკლესიაში, ეს ღვთისათვის სათნოა.

 

ხატი არის სარკმელი ზეცაში. მათი სახით ჩვენ თაყვანს ვცემთ არა ფიცრებსა და საღებავს, არამედ მასზე გამოსახულ წმინდანებს, რომლებიც ანგელოზებთან ერთად არიან და ადიდებენ უფალს ისევე, როგორც ძველი აღთქმის ეკლესიაში თაყვანს სცემდნენ არა მასალას - ხეს, სპილენძსა და ოქროს, რომლისგანაც დამზადებული იყო ქერუბიმები, არამედ მათი სახით - თვით ზეციურ ანგელოზებს.

 

ჩვენ ბიბლიის ხელნაწერებს ხომ არ აღვიქვამთ, როგორც მხოლოდ ქაღალდსა და შავ საღებავს (რომლითაც დაწერილია ასოები), არამედ მას განსაკუთრებული სიფრთხილით ვეპყრობით.

 

ასევე არაა მართებული ხატებში მხოლოდ საღებავისა და ფიცრის დანახვა. წმინდა წერილის თანახმად, მათ ჯეროვანი პატივი უნდა მივაგოთ.

 

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილისი, 1998 წ.