რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“:
„იეღოვას მოწმეები“ ჯვრის მიმართ მტრულად არიან განწყობილნი და ამბობენ, რომ ჯვარი სატანის სიმბოლოს წარმოადგენს. ამას კი ისინი ასე ასაბუთებენ: ღმერთს არ შეიძლება მოსწონდეს ის იარაღი, რომელზედაც მისი ძე მოკლეს. ამიტომ, თუკი კაცს შვილს დანით მოუკლავენ, იგი მას, როგორც სიწმინდეს, გულზე არ დაიკიდებს და არ ეთაყვანება. ასევეა, მათი აზრით, ჯვარიც. „იარაღი, რომელზეც იესო გააკრეს, სულაც არ არის თაყვანსაცემი, მას ზიზღით უნდა ვუყურებდეთ“ („საგუშაგო კოშკი“ 1.11.95; გვ. 26).
იეღოველთა ერთი ნაწილი კი საერთოდ უარყოფს ჯვარს და ამტკიცებს, რომ იესო ქრისტე დასაჯეს არა ჯვარზე, არამედ ვერტიკალურ სვეტზე, ანუ ბოძზე“ („საგუშაგო კოშკი“ 1.11.95; გვ. 26).
ზემოთ მოყვანილი ორი ურთიერთსაწინააღმდეგო არგუმენტიდან აშკარად ჩანს, რომ „იეღოვას მოწმეებს“ ქრისტეს ჯვართან დაკავშირებით ერთიანი, ჩამოყალიბებული სწავლება არ გააჩნიათ.
რას უპასუხებს წმინდა წერილი:
იეღოველთა პირველი არგუმენტის საპირისპიროდ:
იესო ქრისტე რიგითი მოკვდავივით ძალით კი არ შეიპყრეს და აწამეს, არამედ იგი წინასწარგანზრახვით, თავისი ნებით ავიდა ჯვარზე. იესო ამბობს: „იმისთვის ვუყვარვარ მე მამას, რომ დავდებ ჩემს სულს, რათა კვლავ დავიბრუნო იგი. ვერავინ წაიღებს მას ჩემგან, არამედ დავდებ მას ჩემით“ (იოან. 10, 17-18).
იერუსალიმში შესვლისას უფალს პეტრე ურჩევს, გაშორდნენ ამ ქალაქს, რომ იგი არ შეიპყრონ. მაცხოვარი კი ასე უპასუხებს: „გამშორდი, სატანა! ჩემი საცთური ხარ! რადგან ღმეთისას კი არ ფიქრობ, არამედ კაცისას“ (მათ. 16, 23).
გეთსიმანიის ბაღში უკვე შეპყრობილი ქრისტე ეუბნება პეტრეს, რომელმაც მღვდელმთავრის მონას ყური ჩაათალა: „ჩააგდე მახვილი ქარქაშში... იქნებ გგონია, რომ არ შემიძლია შევევედრო მამას ჩემსას, და წარმომიდგენს ანგელოზთა თორმეტ ლეგიონს და უფრო მეტსაც. როგორღა აღსრულდება წერილი, რომ ასე უნდა მოხდეს?“ (მათ. 26, 52-54).
პილატეს წინაშე მდგარი ქრისტე კი ამბობს: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა“ (იოან. 19, 11).
„მიუგო იესომ: ჩემი მეუფება არ არის ამქვეყნიური. ამქვეყნიური რომ იყოს ჩემი მეუფება, ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ ხელში არ ჩავვარდნოდი იუდეველებს“ (იოან. 18, 36). მოხდა კი პირიქით: მან „დაიმცირა თავისი თავი, მონობის ხატი შეიმოსა და კაცის მსგავსად იქცა. თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე, ჯვარზე სიკვდილამდე“ (ფილიპ. 2, 7-8).
ამგვარად, იეღოველთა პირველი მტკიცები აბსურდულობა ნათელია. თავისი ნებით ჯვარზე ასული ქრისტეს შედარება უსუსურ ადამიანთან, რომელსაც სიცოცხლე სწყურია, მას კი მაინც კლავენ დანით და, თანაც ამ დანის ჯვართან შედარება მკრეხელობაა.
იეღოველთა მეორე მტკიცებას რაც შეეხება, თითქოს ქრისტე ზეზეურად მიაკრეს ბოძზე და არა ჯვარზე, მათ ამ აზრის განსამტკიცებლად მოჰყავთ შემდეგი მუხლები: „ბოლოს, ძელზე დაკიდეს და მოკლეს“ (საქმე 10, 39); „ვინც ჩვენი ცოდვები თავისი სხეულით აზიდა ძელზე“ (1 პეტრ. 2, 24); და მათი ანალოგიური (საქმე 5, 30; 13, 29; გალ. 3, 13).
ჯერ ერთი, ძელი ძველი ქართული სიტყვაა და აღნიშნავს ხეს, მოჭრილ ხეს. ახალი აღთქმის რამდენიმე ადგილას მითითებულია სიტყვა ძელი, რომელივ აღნიშნავს, თუ რა მასალისგან იყო დამზადებული ქრისტეს ჯვარი. ქრისტეს წამების იარაღი ფორმით ჯვარი იყო, ხოლო მასალად ხე იყო გამოყენებული. რუსულ ბიბლიაში შესაბამის ადგილას წერია არა „Столб“ - ბოძი ან სვეტი, არამედ „Древо“ - ხე. ასევეა ბერძნულ და ლათინურ ხელნაწერებშიც. მეორეც - ქრისტე გაასამართლეს რომაული და არა ებრაული კანონებით. ისტორიულად კი ცნობილია, რომ ძველ რომში სიკვდილით დასჯის ფორმა იყო ჯვარზე გაკვრა და არა ბოძზე ზეზეულად მიკვრა: „უთხრა პილატემ: „წაიყვანეთ და თქვენი რჯულისამებრ განსაჯეთ; იუდეველებმა მიუგეს მას: ჩვენ უფლება არა გვაქვს ვინმეს მოკვლისა. რათა აღსრულდეს იესოს სიტყვა“ (იოან. 18, 31-32); „და მისცემენ მას წარმართთ საგინებელად, საგვემად და ჯვარზე საცმელად; და აღდგება მესამე დღეს“ (მათ. 20, 19).
ბოლო მუხლებიდან ჩანს, რომ ქრისტეს ჯვარცმა არ იყო იუდეველთა ხელში, არამედ მთელ ძალაუფლებას პილატე ფლობდა. ამიტომ უფალი დაისაჯა არა ებრაული, არამედ რომაული კანონებით. პილატემ „მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გაამათრახებინა და ჯვარზე საცმელად მისცა მათ“ (მათ. 27, 26); „და როცა დაცინვით გული იჯერეს, შემოაძარცვეს ქლამიდი, კვლავ თავისი სამოსი ჩააცვეს, და ჯვარზე საცმელად წაიყვანეს იგი. გზაზე შემოხვდათ ერთი კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს იგი წამოეღო იესოს ჯვარი“ (მათ. 27, 31-32); „თუ ღმერთის ძე ხარ, ჩამოდი ჯვრიდან“ (მათ. 27, 40). „მაშინ მისცა მათ ჯვარზე საცმელად. ხოლო მათ წაიყვანეს იესო“ (იოან. 9, 16); „და დაეწრა წარწერა პილატემ და დააკრა ჯვარს“ (იოან. 19, 19); „იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს, იყო ბაღი“ (იოან. 19, 41).
ამგვარად, როგორც მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, ქრისტე ზეზეულად გააკრეს არა ბოძზე, არამედ ხის ჯვარზე და როგორც ხის ნაყოფით მოხდა ადამის დაცემა, ასევე ხეზე მოხდა კაცობრიობის გამოხსნაც.
„ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღმრთისა“ (1 კორ. 1, 18).
„ვინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის“ (1 კორ. 1, 18), რაც ზემოთაც აღვნიშნეთ, „რადგანაც მრავალნი, რომელთათვისაც მრავალგზის გეუბნებოდით თქვენ, ხოლო აწ ტირილით გეუბნებით, ისე იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტერნი, რომელთა აღსასრული წარწყმედაა, რომელთა ღმერთი - მუცელი, ხოლო დიდება - სირცხვილი მათი, რადგანაც მიწიერზე ფიქრობენ“ (ფილიპ. 3, 18-19).
„ხოლო მე, ღმერთმა ნუ ქნას, რომ სხვა რამით ვიქადოდე და არა ჯვრით უფლის ჩვენის იესო ქრისტესი, ვისითაც ქვეყანა ჩემთვის ეცვა ჯვარს, და მე ქვეყნისათვის“ (გალ. 6, 14).
გაოცებას იწვევს იეღოველთა მტკიცება იმის შესახებ, თითქოს ჯვარი, როგორც ქრისტიანობის სიმბოლო, პირველ საუკუნეებში არ იყო ცნობილი და იგი გვიანდელი გამონაგონია.
ახალი აღთქმა პირველ საუკუნეებშივე ითარგმნა მრავალ ენაზე, მაგრამ არსად, არცერთ თარგმანში სიტყვა ჯვარი ბოძით არ შეუცვლიათ.
ჯვარი ქრისტიანული ეკლესიების ლიტურგიკასა და ჰიმნოგრაფიაში იდიდებოდა. ამ ეკლესიებს ერთმანეთისაგან უზარმაზარი ზღვები და სივრცეები ყოფდა. აბსურდულია ვარაუდი, რომ ვინმეს შეცდომის ან თვითნებობის გამო შესაძლებელი ყოფილიყო მთელ ქრისტიანულ სამყაროში სიტყვა ბოძის ჯვრით შეცვლა. ლათინურენოვანი საეკლესიო მწერალი ტერტულიანე (II ს.) რომაელ იმპტერატორს ასე მიმართავს: „თუ კი ჩვენ ჯვარის თაყვანისცემას გვაყვედრიან, ამისი არა გვრცხვენია“ („აპოლოგია უფლის ლოცვისათვის“).
პირველი საუკუნის ქრისტიანები ჯვარს რომ სცემდნენ თაყვანს, ამისი მრავალი არქეოლოგიური საბუთი არსებობს. რომის მიწისქვეშა კატაკომბებში, სადაც ქრისტიანები იკრიბებოდნენ და ღვთისმსახურებას ატარებდნენ, შემორჩენილია ჯვარცმის გამოსახულება წარწერით, სადაც მუხლმოყრილნი არიან ქრისტიანები: „ალქსემენოსი თაყვანს სცემს თავის ღმერთს“. ეს და კიდევ მრავალი სხვა საბუთი მოწმობს, რომ ჯვარი ქრისტიანობის ემბლემა და ღრმა მოწიწების საგანი იყო კონსტანტინე დიდის ეპოქამდე დიდი ხნით ადრე (მეფობდა IV ს-ში). იეღოველების აზრით, ქრისტიანების ლიტურგიკულ ცხოვრებაში ჯვრის თაყვანისცემა და მისი იკონოგრაფიული გამოსახულებები იმპერატორის ხელისუფლებამ შემოიღო. მოყვანილი მაგალითები, ვფიქრობთ, ამ ვარაუდს აქარწყლებს.
ბიზანტიის იმპერატორმა, კონსტანტინე დიდმა ჯვარი სიახლის სახით თვითონ კი არ დაამკვიდრა, არამედ დააკანონა მოციქულთა დროიდან დაწყებული და პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის უკვე დამკვიდრებული ჯვრის თაყვანისცემის წესი.
„საგუშაგო კოშკის“ 1995 წლის 1 ნოემბრის ნომერში „იეღოვას მოწმეები“ წერენ: „იეჰოვას წმინდა სული მართავდა ძმა რასელსა და მისი თანამშრომლების მცდელობებს“ (გვ. 23). იმავე ნომრის 26-ე გვერდზე კი წერენ: „მრავალი წლის განმავლობაში ბიბლიის მიმდევრები (ანუ „იეღოვას მოწმეები“) ჯვარს ქრისტიანულ სიმბოლოდ აცხადებდნენ. მათ სიმბოლოც კი ჰქონდათ, რომელიც „ჯვარსა და გვირგვინს გამოხატავდა... მრავალმა ირწმუნა, რომ ის ჯვარზე გაკვრით დასაჯეს. ასევე ათწლეულების მანძილზე ეს სიმბოლო გამოსახული იყო ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გარეკანზე. საზოგადოების მიერ 1936 წელს გამოქვეყნებულმა წიგნმა „მრავალი სიმდიდრე“ ნათელყო, რომ იესო ქრისტე დასაჯეს არა ჯვარზე, არამედ ვერტიკალურ სვეტზე ანუ ბოძზე“ („საგუშაგო კოშკი“, 1.11.95, გვ. 26).
საოცარია, თუკი რასელი და მისი მიმდევრები ღვთის მიერ იყვნენ გამორჩეულნი და, მათივე მტკიცებით, „დიდებულად წყალობდა იეჰოვა ბიბლიის ადრინდელ მკვლევარებს, როცა სულიწმიდის საშუალებით ჰფენდა მათ სინათლეს“ („საგუშაგო კოშკი“, 1.11.95, გვ. 23-24), მაშ, რატომღა უარყვეს თავიანთი ადრინდელი შეხედულება და 1936 წლიდან ჯვარი ბოძით შეცვალეს? ეს ხომ მათივე სწავლებისა და „ზეშთაგონებული, შეუმცდარი“ წინამძღვრის ჩ. რასელის უარყოფას ნიშნავს?
პასუხი ასეთია: მათი მოძღვრება არის ჩამოუყალიბებელი და წინააღმდეგობებით სავსე. ისინი „იქცევიან, როგორც ქრისტეს ჯვრის მტერნი, რომელთა აღსასრული წარწყმედაა“ (ფილიპ. 3, 18), „ვაინაიდან ჯვრის სიტყვა სიშლეგეა წარწყმედილთათვის, ხოლო ჩვენთვის, ხსნილთათვის, ძალაა ღმრთისა“ (1 კორ. 1, 18).
აი, ასეთია ღვთიური ჭეშმარიტებისადმი „იეღოვას მოწმეების“ მიდგომა. იგი მარტში ამინდის ცვალებადობას ჰგავს. მათ შეუძლიათ სწავლება, რომლისთვისაც თავს სდებენ, მცირე ხანში შეცვალონ და მცდარად, უაზროდ წარმოიდგინონ. ყოველივე ამის შემდეგ კი, განა შეიძლება მათი ნდობა ან მათი იდეებისადმი ფანატიკური ერთგულება?
წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილის, 1998 წ.