მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

„იეღოვას მოწმეთა“ სექტის მოკლე ისტორია

 

„არ არსებობს ისეთი სისულელე, მიმდევრები რომ არ გამოუჩნდეს“.
ციცერონი

 

„ილაპარაკე ცოცხლად, უგმობლად, რათა წინააღმდგომს შერცხვეს, და ცუდი ვეღარაფერი თქვას ჩვენდა მომართ“.
ტიტე 2, 8

 

„და რაც გსმენია ჩემგან მრავალი მოწმის თანდასწრებით, გადაეცი სარწმუნო კაცთ, რომელნიც შეძლებენ ასწავლონ სხვებსაც“.
2 ტიმოთე 2, 2

 

„იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის ცხოვრების ისტორიას თუ გადავხედავთ, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ საქმე გვაქვს ურწმუნო კაცთან. მთელი მისი ცხოვრება არის თავმოყვარეობის, ამპარტავნებისა და ეგოიზმის ნაზავი (ესენი კი ქრისტიანული სწავლებით ღვთის საწინააღმდეგო ქმედებებია), რამაც იგი მიიყვანა მოციქულთა და წმინდა მამათა რწმენის უარყოფამდე. ამის შედეგად რასელმა თავად წამოაყენა წმინდა წერილის თვითნებური განმარტება, სადაც, თითქოსდა მის მიერ, ღვთის შემეცნების შესახებ სწავლება სრულად და დამთავრებულად არის წარმოჩენილი.

 

 

რასელი 1852 წელს დაიბადა ამერიკის ქალაქ პიტსბურგში. მას დიდი განათლება არ მიუღია, რადგან 11 წლისამ სკოლა მიატოვა და მამასთან ერთად მეწარმეობა, მზა ტანსაცმლით ვაჭრობა დაიწყო. მალე მან მიაღწია კიდეც შესანიშნავ შედეგებს. რასელმა უკვე 16 წლისამ დააარსა სავაჭრო სახლთა მთელი ქსელი და მოკლე დორში თავი მოუყარა სიმდიდრეს, რომელიც 250000 დოლარად შეფასდა. მალე მან დააარსა საბანკო წარმოება და მისი კაპიტალი 350000 დოლარამდე გაიზარდა. პარალელურად ის რწმენის საკითხებით იყო დაკავებული და ამიტომ მის პირველ მიმდევრებს სწამდათ, რომ ღმერთი არის კომერსანტი რასელის ტიპისა და ამბობდნენ: „ღმერთი არის უდიდესი კომერსანტი და ჩვენი ძმა რასელი კი ფლობს ისეთსავე უნარს, უფრო დიდი მნიშნვნელობითო“.

 

სინამდვილეში კი, როგორც თავად რასელი აღიარებდა, იგი გახდა სკეპტიკოსი (ობიექტური სინამდვილის უარმყოფელი, ე.ი. თითქმის უღმერთო). შემდეგ იგი დაინტერესდა აზიური აღმსარებლობებით, რითაც კიდევ უფრო დიდ ცდომილებაში ჩავარდა. მომდევნო ხანებში რასელი დაუკავშირდა ჯერ „პრესვიტერიანელების“, შემდეგ „კონგრეციონალისტებისა“ და ბოლოს „მეშვიდე დღის ადვენტისტებთან“ იგი გაეცნო ქრისტეს ათასწლოვანი მეუფების შესახებ სწავლებას, რომლითაც მოიხიბლა და დაიწყო ამ სექტის მოძღვრების ქადაგება. მაგრამ მას ქრისტეს მეორედ მოსვლის თარიღთან დაკავშირებით აქაც უთანხმოება მოუვიდა; საბოლოოდ რასელმა გაწყვიტა ურთიერთობა სექტის ხელმძღვანელობასთან იმ მოტივით, თითქოს „მანამდე წმინდა წერილის სწორად გაგება და ახსნა არავის შეეძლო და ეს დიდი საიდუმლოება ღმერთმა მხოლოდ მას, ერთადერთს გაანდო და ხალხთან ჭეშმარიტების საქადაგებლად მოუწოდა“. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იმავეს ქადაგებდა ახალი რჯულის, ახალი სწავლების შემომღები ყველა ერეტიკოსი, რომელიც თავის თავს ღვთის წინასწარმეტყველად წარმოაჩენდა (ასეთები იყვნენ გონსტიკოსები, არიოზი, მუჰამედი და სხვ.)

 

1879 წელს ჩ.რასელმა დააარსა ჟურნალი „სიონის საგუშაგო კოშკისა და ქრისტეს დასწრების მაცნე“. შემდეგში ამ ჟურნალს ეწოდა „გუშაგის კოშკი“, ხოლო 1966 წლიდან - „საგუშაგო კოშკი“. 1882 წელს ჩამოყალიბებული „საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ბროშურების სიონისტური საზოგადოება“. იყო დღევანდელი „იეღოვას მოწმეთა“ უშუალო წინამორბედი.

 

ჩ. რასელმა თავისი მოძღვრების ძირითადი დებულებები ჩამოაყალიბა „წმინდა წერილის გამოკვლევის“ შვიდ ტომში, რომელსაც იგი თვით ბიბლიაზე მაღლა აყენებდა. რასელი ამტკიცებდა, რომ ეს სწავლება თითქოს „ღვთისაგან სულიწმიდის შთაგონებით“ მიიღო და იგი აუცილებელია ყველა მორწმუნისათვის, რათა სწორად გაიგონ ბიბლია (მე-7 ტომი Stadies in Scriptures, 1918). რასელი თავის მიმდევრებს აშინებდა, რომ თუ რომელიმე მათგანი შეწყვეტდა მისი განმარტებების კითხვას და უშუალოდ ბიბლიის შესწავლას დაიწყებდა, აუცილებლად უმეცრების წყვდიადში მოექცეოდა, და პირიქით, თუკი ადამიანს ერთხელაც არ ექნებოდა წაკითხული ბიბლია და მხოლოდ მისი სწავლებით იხელმძღვანელებდა, „მარადიული სინათლის“ თანაზიარი გახდებოდა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რასელი ასწავლიდა, თითქოს მანამდე კაცობრიობამ არ იცოდა ჭეშმარიტება, ღმერთმა იგი გამოარჩია სხვათაგან, რათა ახლებურად განემარტა ბიბლია; სულიერად იგი სხვებთან შედარებით თითქოს იმდენად აღმატებული იყო, რომ მას ღმერთი პირადადაც კი ესაუბრებოდა. „ჭეშმარიტება, რომელსაც მე თქვენ გაუწყებთ, როგორც მოქადაგე, - წერდა იგი, - არ ყოფილა მიღებული გამოცხადებით ან სიზმრებით, არამედ ღმერთის ხმით იქნა აღმოჩენილი, რომელიც მოვისმინე“.

 

რასელის ამ მტკიცების მიუხედავად, მისი სწავლება არა მარტო დღევანდელი ბრუკლინელი „ღვთისმეტყველების“, არამედ თვით მისი უშუალო მემკვიდრეების (ი. რუტერფორდი, ნ. კნორი) მოძღვრებისაგანაც ძრიფესვიანად განსხვავდება. როგორც რასელი, ასევე მისი ყოველი მემკვიდრე სექტას მართავდა აბსოლუტური ძალაუფლებით, რითაც მას თავიანთი პირადული აზროვნების კვალი დაამჩნიეს და მემკვიდრეებს ბიბლიის თვითნებური განმარტებანი დაუტოვეს. ამიტომ სექტის პრეზიდენტთა რაოდენობის შესაბამისად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოების განვითარებაში ოთხი პერიოდი შეიმჩნევა:

 

  1. სექტის დამაარსებლის ჩარლზ ტეი რასელის პერიოდი (1872-1916 წ.წ.)
  2. იოსებ რუტერფორდის პერიოდი (1916-1942 წ.წ.)
  3. ნათან კნორის პერიოდი (1942-1977 წ.წ.)
  4. ფრედერიკ ფრენცის პერიოდი (1977-1992 წ.წ.)

 

„იეღოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. მაშინ ჩვენ, თუ მოცემულ ოთხ პერიოდში მათი სწავლების განვითარებას მივადევნებთ თვალს, აუცილებლად შევამჩნევთ, რომ სექტის ყოველ პრეზიდენტს ბიბლია ერთმანეთისაგან განსხვავებულად, თავისებურად ესმოდა და ხშირად მომდევნო პრეზიდენტის განმარტებანი წინა პრეზიდენტისას ეწინააღმდეგებოდა. უკვე ეს ფაქტი მოწმობს აბსურდულობას იეღოველთა მტკიცებისა, თითქოს თვით ღმერთია მათი მოძღვრების ავტორი. ღმერთი არ შეიძლება თავის თავს ეწინააღმდეგებოდეს. აქედან გამომდინარე, მათი საზოგადოება იმართება არა ღმერთის მიერ, არამედ ინდივიდუალურად, შემცდარი ადამიანების მიერ.

 

ჩ. რასელმა არაფერი იცოდა ღმერთის „სახელის“ - იეღოვას შესახებ, რომელიც მხოლოდ 1925 წლის წინასწარმეტყველების ჩაშლის შემდეგ გაჩნდა. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „1926 წ. 1 იანვრიდან ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ ძირითადი დანიშნულებაა მსოფლიოს წარუდგინოს ბიბლიის ღმერთის სახელი „იეღოვა“ (№ 5 1978 წ. უკრ. ენაზე). ხშირად ისინი საკუთარ თავს ეწინააღმდეგებიან: „არ არის გადამწყვეტი, როგორ გამოვთქვამთ ღმერთის სახელს“ (წიგნი „ჭეშმარიტება, რომელიც სამუდამო ცხოვრებაში მიგვიყვანს“), „ბიბლიის ღმერთი უსახელოა“ (ჟურ. „საგუშაგო კოშკი“, № 13, 1972 წ.)

 

ჩ. რასელს მიაჩნდა, რომ „ძე ღვთისა გაკრულ იქნა ჯვარზე“ („შექმნის ფოტოდრამა“. 1914 წ. გვ. 57), ამიტომ ჯვარს თავიანთ ჟურნალებშიც გამოსახავდნენ, მაგრამ უკვე მომდევნო პრეზიდენტი ი.რუტერფორდი წიგნში - „ნუგეშისცემა ადამიანებისათვის“ - წერს: ჯვარი - ეს სატანის მაცდური მზაკვრობაა“.

 

ჩ. რასელის აზრით, 6000 წელი ქვეყნის შექმნიდან 1872 წელს გათავდა, ხოლო თანამედროვე „ღვთისმეტყველი“ გამოთვლებით - 1975 წელს.

 

ჩ. რასელიცა და მოღვაწეობის დასაწყისში ი. რუტერფორდიც აცხადებდნენ, რომ აღდგომა ყველასათვის იქნება. „ბიბლია აცხადებს აღდგომას ყველა ადამიანისათვის“ (ჩ. რასელი, „საუკუნეების ღვთაებრივი გეგმა“); ი.რუტერფორდი: „ყველა მკვდარი გაცოცხლდება, მიუხედავად მათი წარსული საქმიანობისა და სარწმუნოებისა“ („მილიონები, რომლებიც ახლა ცხოვრობენ, არასოდეს მოკვდებიან“), მაგრამ ბრუკლინელმა „თეოლოგებმა“ უკვე 1936 წლიდან მიცვალებულთა გარკვეულ ნაწილს აღდგომის დღესასწაული მოუსპეს. მაგალითად: იგივე ი.რუტერფორდი წიგნში „დაცვა“ (1936) წერს: „ვისაც იეღოვა გაანადგურებს, უკვე არასოდეს აღდგება ხელახლა“. და კიდევ: „ისინი სიცოცხლის უღირსნი არიან, ამიტომ არ აღდგებიან“ („დაკარგულიდან დაბრუნებულ სამოთხემდე“). ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ წერს: „ჩარლზ რასელი იყო ურყევად ერთგული ღვთის მიმართ, ურყევად ერთგული იესო ქრისტეს მიმართ, ურყევად ერთგული მესიანური სამეფოს საქმიანობის მიმართ, ეს იყო ურყევად ერთგული ყველა წვრილმანში - დიახ, ის იყო ურყევად ერთგული თვით სიკვდილამდე“ („საგუშაგო კოშკი“ 1.04.1996; გვ. 9). მაშ, საოცარია მათი ქმედებანი. თუკი მათი დამაარსებელი და ფუძემდებელი - რასელი მართლაც ასეთი ერთგული იყო ღვთის სწავლებისა და მხოლოდ მისეული განმარტებებია „ღვთივსულიერი“ და ჭეშმარიტი, მაშ, რატომღა შეცვალეს იგი მისმა მიმდევრებმა? ასე რომ, „იეღოვას მოწმეთა“ თანამედროვე სწავლებას საერთო არაფერი აქვს ერთი საუკუნის წინ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ მოძღვრებასთან. მათ ხომ, თითქმის ყველა გარკვეულ სარწმუნოებრივ საკითხში ბევრჯერ შეიტანეს რედიკალური ცვლილებანი? ამ კითხვაზე პასუხს მათივე ჟურნალი „გუშაგის კოშკი“ (1957 წ. № 8) იძლევა: „ორაგანიზაცია მისდევს იმ შეხედულებებს, რომლებიც შემდეგში შეიძლება შეიცვალოს“, „არცერთი სხვა ორგანიზაცია არ იჩენს ისეთ მოქნილობას, რომ შეცვალოს თავიანთი შეხედულებები და ნაბიჯი აუწყოს ცვალებად დროს“ - მიუთითებს „საგუშაგო კოშკის“ 1977 წ. აგვისტოს ნომერი (გვ. 19).

 

ამ ციტატებიდან, თუ მოისურვებენ, სექტის რიგით წევრებს მრავლისმეტყველი დასკვნის გაკეთება შეუძლიათ. განა შეიძლება ისეთი მოსაზრების დაჯერება, ცხოვრებაში გატარება და მისთვის თავგანწირვა, რომელიც შემდეგ სისულელედ გამოცხადდება?! განა შეიძლება, ჭეშმარიტება, რომელიც მარადიულია, იცვლებოდეს?!

 

ამჟამად, „იეღოვას მოწმეთა“ საზოგადოებას მიაჩნია, რომ არა რასეულისეული ბიბლიის განმარტებაა ჭეშმარიტი, არამედ თვით მათი საზოგადოებისეული. დღეისათვის იეღოველები თვლიან, რომ მხოლოდ მათი საზოგადოების მიერ განმარტებული საღვთო წერილია „ღვთივსულიერი“ და რომ ბიბლიის თვითნებურ შესწავლას ადამიანი მიჰყავს სიბნელემდე და ერესამდე. მაგალითად, მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ გმობს იმ პიროვნებებს, „რომლებიც ამტკიცებენ, რომ საკმარისია ბიბლიის შესწავლა სახლში. ბიბლიის ასეთი შესწავლა აუცილებლად მიიყვანს პიროვნებას ტრადიციულ ქრისტიანულ სწავლებამდე, რაც დაუშვებელია“ (Watchtower აგვ. 15, 1981).

 

ამგვარად, ჩარლზ რასელის სწავლება, რომელსაც იგი ბიბლიის ჭეშმარიტი გაგებისათვის სავალდებულოდ ხდიდა, თანამედროვე საზოგადოების მიერ იგნორირებულია.

 

თუმცა რასელის მიმდევართა რიცხვი იზრდებოდა, მისი პირადული ცხოვრება დაღმა მიექანებოდა. 1912 წელს რასელმა უჩივლა ერთ-ერთ ბაპტისტ ხუცესს, რომელიც ცილისწამებაში დაადანაშაულა (ქრისტიანული სწავლებით კი ხუცესი სასამართლოში არ შეიძლება წარდგეს ხუცესზე საჩივრით, რადგან ჩვენი ერთადერთი მსაჯული, გამასამართლებელი, ღმერთია). სასამართლო პროცესზე აღმოჩნდა, რომ მომჩივანმა ნამდვილად ვერ ამოიკითხა ორიგინალური ახალი აღთქმის ტექსტიდან ასოები, თუმცაღა თავდაპირველად დაიფიცა, რომ ბრწყინვალედ იცოდა ძველი ბერძნული (ახალი აღთქმის ყველა წიგნი, მათეს სახარების გარდა, დაიწერა ძველ ბერძნულ ენაზე. მათეს სახარება დაიწერა არამეულად). ამათანავე, გაირკვა, რომ თუმცა რასელი ხუცესის ტიტულზე აცხადებდა პრეტენზიას, მისთვის ხელი არავის დაუსხამს. „თვითმარქვიას“ სასამართლო ბატალიები ამით არ დასრულებულა. ერთი წლის შემდეგ მან გაყრის თაობაზე სასამართლო პროცესი წააგო თავის მეუღლესთან. მას წაუყენეს ბრალდებანი: „უაზრო თავმოყვარეობა, ტირანიისაკენ ლტოლვა და არაღირსეული მოქცევა უცხო ქალებთან“. მოგვიანებით გამოაშკარავდა მისი ბინძური მაქინაციებიც „სასაწაულმოქმედ“ ხორბალთან დაკავშირებით, რომელმაც რასელს სოლიდური შემოსავალი მოუტანა. ფედერალურმა ხელისუფლებამ აიძულა იგი მოტყუებული ფერმერებისათვის დაებრუნებინა ფული.

 

ასეთია ზნეობრივი სახე „იეღოვას მოწმეთა“ სექტის დამაარსებელ ჩარლზ რასელია, რომელმაც დაწერა ბიბლიის განმარტებათა შვიდტომეული, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა არცერთი ბიბლიური ენა, არ უსწავლია არცერთ საღვთისმეტყველო სკოლაში, არ იცნობდა ფილოსოფიას და დამთავრებული ჰქონდა მხოლოდ დაწყებითი სკოლის რამდენიმე კლასი, სამაგიეროდ, თავის უვიცობას იგი გაბედული რიხიანობით უკეთებდა კომპენსაციას.

 

ჩ. რასელი გარდაიცვალა 1916 წელს და მისი ადგილი დაიკავა იმ დროს ცნობილმა ადვოკატმა იოსებ რუტერფორდმა, რომელიც მანამდე ბაპტისტი იყო და მხოლოდ 1906 წლიდან გახდა „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ წევრი. მისი მოღვაწეობის პერიოდში (1917-1942 წწ.) ორგანიზაციის ავტორიტეტი ერთიორად გაიზარდა. მან საფუძველი დაუდო „სიახლეთა ეპოქას“; რუტერფორდი სახეს უცვლიდა, და ხშირად საერთოდაც უარყოფდა რასელისეულ სწავლებებს, ოღონდ თავის ცვლილებებს იგი ამართლებდა „ღვთის ახალი, პროგრესული გამოცხადებით“, რომელიც მას უბიძგებდა, რათა „ახალი შუქი“ მოეფინა თავისი წინამორბედის იდეებისათვის (იხ. Edmond Guss, Apostles of Denial... Grond Rapids, M, I, 1972).

 

რუტერფორდს ამ მიზეზით რასელის მრავალი მიმდევარი ჩამოშორდა, რადგან ისინი ხედავდნენ, რომ მისი სწავლება ეწინააღმდეგებოდა სექტის დამაარსებლის სწავლებას. ისინი თვლიდნენ, რომ რასელის მოძღვრება შთაგონებული იყო ზეციდან და, ამგვარად, მისი სწავლების შეცვლა ღვთის გმობის ტოლფას ცოდვას წარმოადგენდა. ამის მიუხედავად, საზოგადოების მიმდევართა უმეტესობა, რუტერფორდის ერთგული დარჩა და უსიტყვოდ დაემორჩილა მის მიერ შეცვლილ სწავლებას, რათა თავიდან მოეშორებინათ თავიანთი დამაარსებლის შერყეული რეპუტაცია. საზოგადოების წევრებმა, 1931 წლიდან, კოლუმბიის ყრილობის შემდეგ, დაირქვეს „იეღოვას მოწმეთა საზოგადოება“. ამ დროიდან მოყოლებული მათ მთავარ ამოცანად იქცა არა მარტო ბიბლიის შესაწავლა, არამედ თავიანთ სარწმუნოებაზე ხალხის მასიური გადაბირება და მათი აზროვნების შეცვლა. მათი ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ უფასოდ რიგდებოდა ქუჩებში. მათი ქადაგების ტონი უფრო მკვახე გახდა. რუტერფორდის ქადაგებებში პირდაპირი მოწოდებანი იყო ყველა ქრისტიანული მიმდინარეობის წინააღმდეგ.

 

მესამე, ნათან კნორის, პერიოდში (1942-1977 წ.წ.) „იეღოვას მოწმეთა“ რაოდენობა სწრაფად გაიზარდა. კნორმა დააფუძნა ე.წ. გალაადის სკოლა, სადაც ყოველწლიურად ამზადებდნენ სექტის მქადაგებლებს. მან გაზარდა სექტის მისიონერული ფუნქციები, სხვადასხვა ქვეყნებში მრავალი განყოფილება დააარსა.

 

ამავე პერიოდში, 1950 წელს, ინგლისურ ენაზე შესრულდა ბიბლიის ხელახალი თარგმანი, სახელწოდებით „ახალი ენის თარგმანი“. მთარგმნელთა ვინაობა მკაცრად გასაიდუმლოებულია. ამ თარგმანში „იეღოვას მოწმეთა“ მოძღვრების სასარგებლოდ მრავალი ადგილია შეცვლილი. მანამდე არცერთი ქრისტიანული სექტა არ გაკადნიერებულა ასე, რადგან ყველას ეშინოდა ბიბლიის შემდეგი სიტყვების: „მე ვმოწმობ ყველას მიმართ, ვინც ისმენს ამ წიგნის წინასწარმეტყელვების სიტყვებს: თუ ვინმე რასმე დაურთავს მათ, ღმერთი დაურთავს მას წყლულებს, რომელიც სწერია ამ წიგნში. და თუ ვინმე რასმე მოაკლებს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხისას და წმიდა ქალაქისასა და იმისას, რაც სწერია ამ წიგნში“ (გამოცხ. 22, 18-19).

 

აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ ბიბლიის არცერთი სერიოზული მკვლევარი და ძველი ენების სპეციალისტი არ ეთანხმება ამ ახალ თარგმანს, რადგანაც იგი არაზუსტად და ტენდენციურად მიაჩნიათ.

 

მეოთხე, ფრედერიკ ფრანცის, პერიოდს (1977-1992 წ.წ.) შეიძლება ეწოდოს კრიზისული, რადგან ამ დროს ათასობით მიმდევარმა დატოვა სექტა; ისინი ახლოს გაეცნენ მის ისტორიას, წარმომავლობას, მოქმედების მეთოდებს და დარწმუნდნენ, რომ ეს ორგანიზაცია არ იყო ღვთაებრივი.

 

პრეზიდენტმა თავისი საქმიანობა იმით დაიწყო, რომ გამოცემული ლიტერატურის ფასი გაიზარდა, კერძოდ, 1978 წლის იანვრიდან „საგუშაგო კოშკის“ ერთი ეგზემპლარი ორჯერ გაძვირდა. წიგნი - „შენ შეგიძლია იცხოვრო მარადიულად სამოთხეში დედამიწაზე“ (ინგლ. ენაზე, 1982 წ.) 3 დოლარი ღირს, ხოლო თექვსმეტფურცლიანი ბროშურა: „ნახე! მე ვქმნი ყველაფერ ახალს“ - 30 ცენტი.

 

როგორც ხედავთ, იეღოველთა ლიტერატურა, რომელიც ჩვენთან უფასოდ რიგდება, ევროპასა და ამერიკაში იყიდება. ამდენად, ჩვენთან მათი მიზანი გამოკვეთილია: „...ტკბილმეტყველებითა და შემპარავი სიტყვით აცდუნებენ უმანკოთა გულებს“ (რომ. 16, 18) და დაღუპვისკენ მიჰყავთ ისინი, ამერიკასა და ევროპაში კი, სადაც მყარად აქვთ ფესვები გადგმული, ამ ჟურნალებით საკმაოდ დიდ შემოსავალს იღებენ.

 

თვით პრეზიდენტის უახლოეს ნათესავს, რაიმონდსაც კი (რომლისთვისაც ფრანცი ბიძა იყო) გაუცრუვდა იმედები მას შემდეგ, რაც ახლოს გაეცნო იეღოველთა საზოგადოებას. თავის წიგნში - „სინდისის კრიზისი“ - იგი საფუძვლიანად ასაბუთებს, თუ რატომ არ შეიძლება ამ საზოგადოებას ღვთივსულიერებაზე ჰქონდეს პრეტენზია. იყო რა იეღოველთა სექტის ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი, მან გამოააშკარავა სექტის მართვის მრავალი დაფარული მექანიზმი; დახატა ავტორიტარული პიროვნებების პორტრეტები, რომლებიც არაფერზე იხევენ უკან, ოღნდაც კი შეინარჩუნონ ძალაუფლება და საკუთარი თავი ზეშთაგონებულად წარმოაჩინონ.

 

თავის აზრს, რომ იეღოველთა საზოგადოება არ არის ღვთივსულიერი, რაიმოდი შემდეგი ფაქტებით ამტკიცებს: 1. „ბიბლიის ტექსტების შერყვნა და დამახინჯება; 2. ცრუ წინასწარმეტყველებათა დახვავება; 3. სექტის სწავლა-მოძღვრების მკვეთრი შეცვლა; 4. სიცრუე და მანკიერებათა დაფარვა; 5. ოჯახური კავშირების რღვევა. ის აქვე აღნიშნავს, რომ სექტის ბევრი ხელმძღვანელი ძალზედ სუსტად ერკვევა ბიბლიაში. მთელი ყურადღება გადატანილია არა ღმერთის ერთგულებაზე, არამედ საზოგაოდოების მორჩილებაზე. საზოგადოება მუქარის მეთოდს იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც გაბედავს ეჭვი შეიტანოს მის ჭეშმარიტებაში.

 

და ბოლოს, სამწუხაროდ, დღესაც მათ გადმოსროლილ ანკესს კვლავ ეგება მრავალი გულუბრყვილო ადამიანი, რომელთაც იეღოველები ჰპირდიან ყველა რელიგიურ შეკითხვაზე პასუხის გაცემას და პირადი ცხოვრებისეული გაჭირვებიდან გამოსავალს. ამავე დროს ამპარტავნულად აქებენ საკუთარ მორალურ თვისებებს.

 

საერთოდ, ალოგიკურია მათი მსჯელობა. შევეხებით რამდენიმეს: მათი რწმენით, არ შეიძლება ომში წასვლა, სამშობლოს დაცვა. ასევე, არ შეიძლება სასიკვდილოდ განწირულ შვილს სისხლი გადაუსხა. მათი ოჯახური კავშირებით არამყარია, რადგანაც მამა აცხადებს: „აუცილებლობის შემთხვევაში ოჯახის ღირსებას არ დავიცავ, რადგან ეს ღვთის საწინააღმდეგოაო“; საკუთარი თავი ბოლო ჟამის ჭეშმარიტ მქადაგებლად მიაჩნიათ და ა.შ.

 

ბოლოს, მოვიყვანთ პავლე მოციქულის სიტყვებს: „არიან კაცნი, რომელნიც გამღვრევენ თქვენ, და ცდილობენ შერყვნან ქრისტეს სახარება. მაგრამ თვით ჩვენც, გინდა ანგელოზი ზეცით, რომ გახარებდეთ არა იმას, რაც აქამდე გვიხარებია თქვენთვის, შეჩვენებული ვიყოთ. რაც უწინ მითქვამს, ახლაც იმასვე ვიტყვი: თუ ვინმე გახარებთ სხვა რამეს, გარდა იმისა, რაც მიგიღიათ, შეჩვენებული იყოს“ (გალ. 1, 7-9). გაითავისეთ პავლე მოციქულის შემდგომი შეოგნებაც: „ნურც ვინ გაცთუნებთ ფუჭი სიტყვით, ვინაიდან ამისათვის მოიწევა რისხვა ღმრთისა ურჩობის ძეთა თავზე“ (ეფეს. 5, 6).

 

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილის, 1998 წ.