ბოლო დროს, რასელისტთა (ე.წ. იეღოვას მოწმეთა) ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ჩვენი საზოგადოებისთვის აქტუალურ თემად იქცა. მათი სკანდალური პოპულარობის მიუხედავად, ცოტამ თუ იცის იმ დახვეწილი მეთოდებისა და ხერხების შესახებ, რომლებსაც რასელისტი აგიტატორები ადამიანთა გადასაბირებლად იყენებენ. ამჯერად გაგაცნობთ მათი საქმიანობის ზოგიერთ ასპექტს და ერთ-ერთ საიდუმლო და ფრიად საინტერესო შინაარსის სახელმძღვანელოს, სახელწოდებით „როგორ დავამყაროთ კავშირი და გავაგრძელოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე“.
მოტყუებით, ფსიქოლოგიური ზემოქმედებით, მატერიალური დაინტერესებითა თუ სხვა მიუღებელი მეთოდებით ისინი გაუთვითცნობიერებელ ადამიანებს თავიანთ ორგანიზაციაში ითრევენ. რასელისტები უზარმაზარი ტირაჟით ბეჭდავენ პერიოდულ ჟურნალებს: „საგუშაგო კოშკს“, „გამოიღვიძეთ“ და „ჩვენი სამეფო მსახურება“ (ეს უკანასკნელი შიდა მოხმარებისთვისაა განკუთვნილი), ცალკეულ ერთჯერად გამოცემებს.
ახალი მიმდევრების გადასაბირებლად ორგანიზაციის აქტივისტები (მათ „მაუწყებლები“ ან „პიონერები“ ეწოდებათ) დაჟინებით ეჭრებიან მოსახლეობას საცხოვრებელ სახლებში, დადიან სამსახურებში, ქუჩებში, ტრანსპორტსა და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა ადგილებში. რასელისტები უცნობთა ბინებში რეკავენ კიდევაც და ცდილობენ, შეხვედრაზე დაითანხმონ თანამოსაუბრენი. ახალი წევრების გადაბირების მიზნით სექტა დამხმარე სახელმძღვანელოებს ქმნის, ბეჭდავს ჟურნალებს, ამუშავებს ადამიანებთან ურთიერთობის საგანგებო ენასა და კულტურას, „განმარტავს“ ბიბლიას, ამავე დროს კი ცვლის მის შინაარსს და შეგნებულ ფალსიფიკაციას მიმართავს.
გარდა ამისა, იეღოველები იმ რაონის მცხოვრებლების საყოველთაო აღრიცხვას აწარმოებენ, რომელშიც მოქმედებენ. აღნუსხავენ ბინაში ცხოვრების ხანგრძლივობას, მობინადრის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ინტერესებს, სექტის მოძღვრებისადმი დამოკიდებულებას და ა.შ.
რასელისტური ორგანიზაცია თავისი წევრების სულიერ მდგომარეობას უპირველეს ყოვლისა მათი აქტიურობის, მონახულებული ბინების, გადაბირებულთა რაოდენობისა და ქადაგების ხანგრძლივობის მიხედვით აფასებს. ამიტომ სექტის წევრები თავიანთი „მოღვაწეობის“ შესახებ დეტალურ ანგარიშს აბარებენ, ავსებენ გადაბირების ბლანკებს, სადაც აღნიშნავენ, როდის და რამდენ ბინაში იყვნენ, როგორი რეაქცია ჰქონდათ მობინადრეებს, წერენ მათ ეროვნებას, აღმსარებლობას და სხვა.
საკმაოდ მრავლისმეტყველ ინფორმაციას გვაძლევს რასელისტთა შესახებ სექტის შიდა მასალები. მაგალითად, ჟურნალში „ჩვენი სამეფო მსახურება“ (IX, 1996 წ.) ხუთ გვერდზე ჩამოყალიბებულია გადაბირების დაწვრილებითი ინსტრუქციები ყველა ცხოვრებისეული შემთხვევისათვის: „ზოგ ადგილას სადაგ დღეებში კარდაკარ ქადაგება მცირედ ეფექტურია. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მაღაზიებსა და ქუჩებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, პარკებში და ავტოსადგურებთან, ბაზრებში იქადაგო“. გაცემულია ამგვარი ინსტრუქციებიც: „ეშურე, ყველგან იქადაგო“, „მუდამ მზად იყავი გამოლაპარაკებისთვის“, „როდესაც შეგხვდება ადამიანი, რომელიც ინტერესს იჩენს, ეცადე, მისი სახელი, მისამართი და ტელეფონის ნომერი შეიტყო“. ამავე ჟურნალის 2003 წლის №4 წერს: „აუცილებლად მიაკითხე მათ, ვისაც ლიტერატურა დაუტოვე, ან მათ, ვინც მცირე ინტერესი მაინც გამოავლინა. გამოცდილი მაუწყებლები (რასელისტი აგიტატორები - ს.კ.) იწერენ, რა აინტერესებს მობინადრეს და ამას მომავალი მსჯელობის საფუძვლად იყენებენ... პირველი მონახულების დასასრულს ეფექტურია მობინადრისათვის დამაფიქრებელი კითხვის დასმა, რაც მას შემდეგი მონახულებისადმი ინტერესს გაუღვივებს... ეცადე, მობინადრე მოინახულო მანამ, სანამ ინტერესი არ განელებია - შეიძლეაბ ერთ-ორ დღეშიც კი“.
საქართველოში „იეღოვას მოწმეების არარეგისტრირებული კავშირის“ 2002 წლის 25 მარტის წერილში იეღოველ-რასელისტთა ყველა კრების სამსახურებრივი კომიტეტისადმი ნათქვამია: „სარაიონო ზედამხედველებმა შენიშნეს, რომ მაუწყებელთა უმრავლესობა უმეტეს დროს ქუჩებში მსახურებას უთმობს. მსახურების ეს ფორმა მრავალ ქვეყანაში მართლაც წარმატებულია, რადგან ხალხის სახლებში ნახვა სულ უფრო ძნელდება. ნაცვლად ამისა ჩვენს ტერიტორიებზე (იგულისხმება საქართველო - ს.კ.) იეღოვას მოწმეებთან ქუჩებში საუბრის სურვილის აშკარად შემცირება შეინიშნება. მრავალმა მაუწყებელმა და პიონერმა შენიშნა, რომ ქუჩებში მსახურებას ამჟამად ძალიან მცირე შედეგი მოაქვს, ადამიანებს ეშინიათ მისამართების ან ტელეფონის ნომრების მოცემა. ამის გამო იმ მაუწყებლებს, რომლებიც დიდ დროს უთმობენ ქუჩებში მსახურებას, განმეორებითი მონახულებები აღარ აქვთ... ჩვენ გვესმის, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს გამოწვეულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაჩაღებული ცილისწამებებით იეღოვას მოწმეების წინააღმდეგ (როგორც ხედავთ, მასმედიას სექტების მხილებაში დიდი როლის შესრულება შეუძლია - ს.კ.), თუმცა ჩვენ ისიც გვესმის, რომ საჭიროა, მსახურება ადამიანთა მოთხოვნილებებსა და ადგილობრივ პირობებს მივუსადაგოთ. ჩვენ მივიღეთ მრავალი შეტყობინება იმის შესახებ, თუ რა შესანიშნავი შედეგი მოაქვს კარდაკარ მსახურებას, ამიტომ განსაკუთრებით ვთხოვთ ყველა მაუწყებელს საგანგებო ყურადღება გადაიტანოს უშუალოდ კარდაკარ მსახურებაზე. სრულიად დასაშვებია, მომავალში აქცენტი კვლავ ქუჩაში მსახურებაზე გადავიტანოთ“.
აღსანიშნავია, რომ „იეღოვას მოწმეთა“ დსთ-ის რეგიონული მმართველი ცენტრიდან (იგი სანკტ-პეტერბურგთან, სოლნიჩნოეში მდებარეობს) გამოგზავნილ ინსტრუქციებს ხშირად ახლავს გრიფი „კონფიდენციალური“, ხოლო დოკუმენტის ბოლოს ხაზგასმითაა აღნიშნული: „ამ წერილის ასლი უხუცესებმა უნდა გაუგზვნონ რელიგიურ ორგანიზაციას, სპეციალური ცისფერი კონვერტით... უხუცესთა საბჭოს: ეს წერილი კონფიდენციალურია, იგი კრების კონფიდენციალურ დოკუმენტებთან ერთად უნდა ინახებოდეს. ასლის გადაღება არ შეიძლება. უხუცესებმა ეს ინფორმაცია სხვებთან არ უნდა განიხილონ“ (როგორც ხედავთ, სექტის მუშაობის მეთოდები სპეცსამსახურებისას ჰგავს - ს.კ.).
საგანგებო ყურადღების ღირსია სექტის გასაიდუმლოებული სახელმძღვანელო „როგორ დავამყაროთ კავშირი და გავაგრძელოთ საუბარი ბიბლიურ თემაზე“ (1994 წ.), რომელიც იეღოველ აგიტატორებს სთავაზობს ვარიანტებს, თუ როგორ გააბან საუბარი მობინადრეებთან და როგორ მოაქციონ, თუ ასეთ პასუხს მიიღებენ: „მე არ მაინტერესებს იეღოვას მოწმეები“, „დაკავებული ვარ“, „რატომ გვაწუხებთ მუდმივად?“ და ა.შ. გადამბირებლისთვის ამ „ინსტრუქტაჟის“ წინასიტყვაობაში ჩართულია შენიშვნა: „მსოფლიოს ზოგიერთ ნაწილში სტუმრებმა (სახლებში მოსიარულე აგიტატორებმა - ს.კ.), სანამ თავიანთი მისვლის მიზეზს გააცნობენ, ზოგიერთი ფორმალობა უნდა დაიცვან. სხვაგან კი მობინადრეები, შესაძლოა, დაუპატიჟებელი სტუმრებისგან საქმეზე დაუყოვნებლივ გადასვლას მოელიან. მომდევნო შესავლები გიჩვენებს, თუ როგორ უნდა დაიწყო საუბარი“.
აი, ზოგიერთი ნიმუში რასელისტთი გადამბირებლის შესავალი სიტყვისა:
● „გამარჯობათ, მე მხოლოდ მცირე დროს წაგართმევთ, რომ გაგიზიაროთ მნიშვნელოვანი ცნობა... მოხარული ვარ, რომ სახლში დამხვდით. მე ვუზიარებ ჩემს მეზობლებს გამამხნევებელ აზრს ბიბლიიდან. დაინტერესებულხართ როდესმე? (დაუსვი შეკითხვა, რომელიც მიიყვანს შენს მიერ შერჩეულ თემამდე)“.
● „ჩემი სახელია... მე თქვენს მეზობლად ვცხოვრობ. ამ დილით შევნიშნე, რომ ყველა საუბრობდა (აღნიშნე სამეზობლოში მომხდარი დანაშაული ან სხვა უსიამოვნო შემთხვევა, რამაც წუხილი გამოიწვია). რას ფიქრობთ ამის შესახებ? როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე საშუალება, რომ ჩვენი სიცოცხლე უფრო უსაფრთხო გახდეს?“
● „გამარჯობათ. ჩვენ ადამიანებთან პირადი უსაფრთხოების შესახებ ვსაუბრობთ. დღეს ჩვენს ირგვლივ გავრცელებულია დამნაშავეობა და ეს ზეგავლენას ახდენს თითოეულის ცხოვრებაზე. როგორ ფიქრობთ, დადგება დრო, როდესაც ღამით ქუჩაში უშიშრად სიარულს შევძლებთ? (ან: ფიქრობთ, რომ ვინმე რეალურად გადაწყვეტს ამ პრობლემას?)...“
მიმდინარე მოვლენები - „საღამო მშვიდობისა. ჩემი სახელია... თქვენი მეზობელი ვარ (დავასახელე ქუჩა ან ტეროტორია). წუხელ ხომ არ უყურეთ „ახალ ამბებს“? გადმოსცეს, რომ (აღნიშნე რომელიმე უკანასკნელი ცნობა, რომელმაც შეშფოთება გამოიწვია)... რას ფიქრობთ ამის შესახებ? (შემდგომში საუბარი ააწყვე იმაზე აქცენტირებით, რაც ყველაზე მეტად აღელვებს მობინადრეს)...“
● „წაიკითხეთ ეს ამ კვირის გაზეთში? (აჩვენე შესაბამისი გაზეთის ამონაჭერი). რას ფიქრობთ ამის თაობაზე?“...
● „მსურს, ერთი კითხვა დაგისვათ. არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, ქვეყანაში არსებული მრავალი პრობლემიდან უპირველეს ყოვლისა რომლის გამოსწორებას ისურვებდით? (როდესაც გაიგებ, რა პრობლემა აწუხებს მობინადრეს, საუბრის საფუძვლად ის გამოიყენე)“.
როდესაც პასუხობენ - „დაკავებული ვარ“: „გამარჯობათ. ჩვენ ყველასთან მივდივართ მნიშვნელოვანი ცნობით ამ სამეზობლოში. უეჭველია, დაკავებული ბრძანდებით, ასე რომ, მე მხოლოდ მცირე ხნით შეგაყოვნებთ“.
● „გამარჯობათ. მე მქვია... ჩემი მოსვლის მიზანია, გიამბოთ ღმერთის სამეფოს კურთხევებზე და იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ მათში. მაგრამ ვხედავ, რომ თქვენ დაკავებული ხართ (ან გასვლას აპირებთ). ამიტომ ნება მიბოძეთ, მოკლედ გაგიზიაროთ მხოლოდ მცირე აზრი“.
როდესაც პასუხობენ - „მე მაქვს ჩემი რელიგია“: „დილა მშვიდობისა. ჩვენ მივდივართ ყველა ოჯახთან ამ უბანში და აღმოვაჩინეთ, რომ უმეტესობას საკუთარი რელიგია აქვს. თქვენც უეჭველად გექნებათ თქვენი რელიგია... მაგრამ მიუხედავად ჩვენი რელიგიების სხვადასხვაობისა, მრავალი ერთი და იგივე პრობლემა გვაწუხებს, მაგალითად, სიძვირე, დამნაშავეობა, ავადმყოფობა... ასე არ არის? როგორ ფიქრობთ, არსებობს რაიმე რეალური გამოსავალი?“
მთავრობა - „ჩემს მეზობლებთან საუბრისას დავუკვირდი, რომ მრავალ ადამიანს სურს, იმ მთავრობის ქვეშევრდომი იყოს, რომელსაც ნამდვილად შეუძლია ისეთი ყოველდღიური პრობლემებსი გადაჭრა, როგორებიცაა დამნაშავეობა და სიძვირე (ან ნებისმიერი პრობლემა, რომელიც ბევრს აწუხებს). ასეთი მთავრობა მართლაც სასურველი იქნებოდა, არ მეთანხმებით? მაგრამ არსებობს კი ასეთი მთავარობა დღეს?“
● „მე ვესაუბრები მეზობლებს საკითხზე, რომელიც ყველას წინაშე დგას: მხარს ვუჭერთ ღმერთის მთავრობას (იგულისხმება იეღოველ-რასელისტთა „თეოკრატიული მმართველობა“ - ს.კ.) თუ ადამიანთა მმართველობას ვამჯობინებთ? თუ გავითვალისწინებთ მსოფლიოში დღეს არსებულ პირობებს, როგორ ფიქრობთ, ხომ არ გვჭირდება, რაღაც განსხვავებული, ვიდრე ის, რაც ადამიანებმა განახორციელეს?“
ხშირად „დამუშავებულ“ (ანუ რასელისტი პროპაგანდისტების მიერ ხშირად ნაქადაგებ - ს.კ.) ტერიტორიაზე: „მოხარული ვარ, რომ შინ დამხვდით. ჩვენ ყოველკვირეულად ვეწვევით ხოლმე ამ სამეზობლოს და შეგვიძლია, კიდევ უფრო მეტი რამ გაგიზიაროთ იმ დიდებულ კურთხევებზე, რომლებასც ღმერთის სამეფო უზრუნველყოფს კაცობრიობისთვის“.
● „გამარჯობათ. სასიამოვნოა, რომ კვლავ შეგხვდით. ხომ ყველანი ჯანმრთელად ბრძანდებით? მე შევჩერდი, რათა გაგიზიაროთ აზრი...“
● „დილა მშვიდობისა. როგორ ბრძანდებით?.. მსურდა, თქვენთან კიდევ ერთხელ მესაუბრა (შემდეგ დაასახელე ის საკითხი, რომელზეც გსურს ლაპარაკი)“.
ამ „შესავლებიდან“ (და ეს მხოლოდ ნაწილია რასელისტთა სააგიტაციო მასალებისა) ნათლად ჩანს, თუ როგორ მოხერხებულად ახდენენ აგიტატორები მოსახლეობის სოციალური თუ სხვა სახის პრობლემებით მანიპულირებას. ამ და სხვა მრავალი გაზეპირებული ფრაზითა და ინსტრუქციით ისინი უცნობებთან ჯერ კონტაქტში შედიან და შემდგომ ამისა ფსიქოლოგიური ზეწოლისა თუ სხვა მეთოდების გამოყენებით გულუბრყვილო, მიმნდობ ადამიანებს თავისკენ იბირებენ.
ჟურნალი „კარიბჭე“, №7, 2004 წ.