მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რასელისტთა (ე.წ. „იეღოვას მოწმეების“) ცრუსწავლება

 

ბავშვთა ნათლობის თაობაზე

 

რას ამბობენ „იეღოვას მოწმეები“:

იეღოველთა მტკიცებით არ შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვების მონათვლა. ადამიანი უნდა მოინათლოს ზრდასრულ ასაკში, როდესაც ღვთის შესახებ მას საკუთარი რწმენა ექნება და ამ რიტუალს შეგნებულად, თავისი ნებით, შეასრულებს.

 

რას უპასუხებს წმინდა წერილი:

ცათა სასუფევლის დამკვიდრებისა და ცხონებისათვის ნათლობა აუცილებელი პირობაა.

„ვინც არ დაიბადება წყლისა და სულისაგან, ვერ შევა ღმრთის სასუფეველში“ (იოან. 3, 5).

 

ბავშვებს ნათლისღება შემდეგი მიზეზების გამო სჭირდებათ:

 

ა) დაბადებით ყველა ადამიანი ცოდვილია.

„ამისთვის, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათვის ცოდვაი სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს... არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაი“ (რომ. 5, 12, 14). (ძვ. ქართ.)

 

ბ) ცოდვამ მხოლოდ ჩვენი ნება კი არა, ბუნებაც მოიცვა. ამიტომ ჩვენ „ბუნებით რისხვის შვილნი“ ვართ (ეფეს. 2, 3).

 

გ) შეგინებული (განუწმენდელი, განუახლებელი) კაცი სასუფეველში ვერ შევა.

 

„და ვერ შევლენ შიგ სიბილწისა თუ სიცრუის ვერცერთი მოქმედი და თანაზიარი, არამედ მხოლოდ ისინი, რომელნიც ჩაწერილი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში“ (გამოცხ. 21, 27).

 

ნათლისღებით ადამიანები ცოდვისაგან განიწმინდებიან და სულიერი შობით ღმრთის შვილები ხდებიან.

 

„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ, და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მისატევებლად“ (საქმე 2, 38).

 

„ყველანი, ქრისტე იესოს რწმენით, ძენი ხართ ღმრთისა. ყველამ ვინც ქრისტეს მიმართ ნათელ იღეთ, ქრისტე შეიმოსეთ“ (გალ. 3, 26-27). (იხ. საქმე 22, 16; 1 კორ. 6, 11; ტიტ. 5-7).

 

იესომ თავისკენ მოუწოდა ბავშვებს.

 

„ხოლო იესომ თქვა: აცადეთ ბავშვებს და ნუ უშლით ჩემთან მოსვლას, ვინაიდან მაგისთანებისაა ცათა სასუფეველი“ (მათ. 19, 14).

 

პირველი ქრისტიანები მთელი ოჯახებით ინათლებოდნენ, მათ შორის ბავშვებიც იყვნენ.

 

„ხოლო პეტრემ უთხრა მათ: მოინანიეთ და თვითეულმა თქვენგანმა ნათელ იღოს უფლის იესო ქრისტეს სახელით ცოდვათა მოსატევებლად... ვინაიდან თქვენია აღთქმა და თქვენი შვილების და ყველა მშობლებისა, ვისაც მოუწოდებს უფალი ღმერთი ჩვენი“ (საქმე 2, 38-39).

 

„ნათელ იღო მან (ლიდიამ) და მისმა სახლეულმა“ (საქმე 16, 15. იხ. საქმე 16, 33-34).

 

ბიბლიური ტრადიციით „სახლეულში“ პირველ ყოვლისა ბავშვები იგულისხმებოდნენ (იხ. 3 მეფ. 17. 9-17; იობ. 21. 19-21). ბიბლიაში მითითებული იყო, როცა სახლეულთა შორის ბავშვები არ იყვნენ (დაბ. 50, 7-8).

 

პავლე მოციქული ბავშვებს წმინდანებს უწოდებს.

 

„თქვენი შვილებიც არაწმიდანი იქნებოდნენ, ახლა კი წმიდანი არიან“ (1 კორ. 7, 14). ნათლობის გარეშე კი წმინდანი არავის ეწოდება (იხ. იოან. 3, 5; 1 კორ. 6, 11; საქმე 22, 16; ტიტ. 3. 5-7).

 

ძველ აღთქმაში ყრმის დაბადებიდან მე-8 დღეს წინადაცვეთის წესი სრულდებოდა.

 

„რვა დღისამ წინადიაცვითოს თქვენში ყოველმა მამაკაცმა თაობიდან თაობამდე... წინადაუცვეთელი მამაკაცი, რომელსაც არ დაუცვითავს მერვე დღეს ჩუჩა, უნდა მოიკვეთოს თავისი ხალხიდან“ (დაბ. 17, 12-14).

 

წინადაცვეთა ახალი აღთქმისეული ნათლობის წინასახეა.

 

„ვისშიაც წინადაიცვითეთ ხელთუქმნელი წინადაცვეთით... ქრისტეს წინადაცვეთით; მასთან ერთად დაიმარხეთ ნათლისღებით“ (კოლ. 2, 11-12).

 

„იუდეველი ისაა, ვინც შინაგანადაა იუდეველი; და წინადაცვეთაც ისაა, რომელიც გულისა და სულისმიერია და არა ასოსმიერი. და კაცთაგან კი არ იქება იგი, არამედ ღმრთისაგან“ (რომ. 2, 29; იხ. გალ. 2, 3; ფილიპ. 3, 2-3).

 

ამგვარად, მოყვანილი მუხლებიდან ჩანს, რომ, თუკი ძველ აღთქმაში მე-8 დღეს ჩვილ ბავშვთა წინადაცვეთა შეიძლებოდა, ახალ აღთქმაში ასევე შეიძლება ახალშობილთა ნათლობა. აუცილებლობის შემთხვევაში კი, როდესაც ჩვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მისი მონათვლა შეიძლება დაუყოვნებლივ, სიცოცხლის პირველსავე საათებში, რათა ბავშვი ღვთის წინაშე ადამის ცოდვებისაგან განწმენდილი წარდგეს. ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც ასეთი ნათლობის შედეგად ადამისა და მშობლების ცოდვებისაგან განწმენდილი ბავშვები გადარჩენილან.

 

ამასვე ამბობენ ქრისტეს ეკლესიის პირველი საუკუნეების წმინდანებიც. მაგალითად, წმ. დიონისე არეოპაგელი წერს: „ჩვენს ღვთაებრივ დამმოძღვრებლებს (მოციქულებს) სურდათ ნათლისღებისათვის ბავშვებიც დაეშვათ“ (О церк. иерарх. гл. 7, 11).

 

იმავე ჭეშმარიტებას ქადაგებს III საუკუნის ქრისტიანი მწერალი ორიგენე (თავიანთ ჟურნალებში, თუმცა კი არასწორად, მაგრამ ხშირად იეღოველებიც იმოწმებენ. მაგ.: „უნდა გწამდეს სამება?“ გვ. 7). იგი წერს: „ეკლესიამ მოციქულთაგან მიიღო ბავშვთა მონათვლის შესახებ გადმოცმეა“ (Ср. догм. макар Т. 2. срт. 340-342).

 

წმინდა წერილში ბოლომდის გაურკვეველი იეღოველები ჩვილ ბავშვთა ნათლობას კრძალავენ, მათი საკუთარი რწმენის უქონლობის გამო.

 

ამაზე პასუხს კი თვით წმინდა წერილი იძლევა.

  1. ძველ აღთქმაში 8 დღის ბავშვების წინადაცვეთა ხდებოდა და ამით ისინი „ღვთის ბეჭედს“ იღებდნენ ისე, რომ მათ ამის შესახაებ არც კი ეკითხებოდნენ.

  2.  

  3. ანამ, სამუელ წინასწარმეტყველის დედამ, ღმერთს ჯერ დაბადებამდე აღუთქვა შვილი და გაჩენიდან ცოტა ხანში საბოლოოდ მიუძღვნა კიდეც, ისე, რომ ბავშვისათვის არც კი უკითხავს (1 მეფ. 1, 1-28).

  4.  

  5. ჯერ კიდევ დაბადებამდე, დედის მუცელში მყოფმა იოანე ნათლისმცემელმა იგრძნო ღვთის მადლი და შეტოკდა, რაჟამს ყოვლად წმინდა ღვთისმშობელი მათ სახლში სტუმრად მიბრძანდა (ლუკ. 1, 39-44).

  6.  

 

 

პავლე მოციქულიც თავის შესახებ ასევე წერს: „ღმერთმა დედის საშოდანვე ამირჩია და თავისი მადლით მიხმო, ინება თავისი ძის გამოცხადება ჩემში, რათა წარმართთათვის მეხარებინა იგიო“ (გალ. 1, 15-16).

 

ამგვარად, ნათლობის დროს ღვთის მადლი ყველაზე განურჩევლად მოქმედებს, დიდებზეც და პატარა ბავშვებზეც. მათ სარწმუნოებას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ მართლმადიდებლური ნათლობისას ღმერთი ნათლავს. ამ საიდუმლოს შესრულებისას მღვდელი ღვთის ხელში არის იარაღი. ნათლია, ანუ მიმრქმელი კი არის მოწმე და ღვთის წინაშე თავმდები ნათლულისა, რომ იგი ქრისტეს ერთგული იქნება და სახარებისეული მცნებების თანახმად ოცხოვრებს. როგორც მეგობართა თხოვნით მათი დავრდომილი ამხანაგი გამიკურნა (მარკ. 2, 5), მშობელთა ვედრებითა და რწმენით მათი ეშმაკეული შვილები (მათ. 15, 28; მარკ. 9, 23), ხოლო რომელი ასისთავის ლოცვით მისი მონა (ლუკ. 7, 1-10), ასევე ნათლიის ლოცვით, თავდებობითა და დადებული აღთქმით, რომ გაზრდის ჩვილს ქრისტიანულ-სახარებისეული სულით, უფალი უშვებს ბავშვთა ნათლობას.

 

ნათლობის წესს მართლმადიდებელი ეკლესია უკვე 2000 წელია ისევე უცვლელად ასრულებს, როგორც ასრულებდნენ პირველ საუკუნეებში ქრისტეს მოციქულები.

 

წიგნიდან: „ბიბლია ამხელს იეღოველთა სწავლებას“, თბილისი, 1998 წ.