მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ორმოცდაათიანელები

 

მე-20 საუკუნის შუა წლებში აშშ-ში წარმოიშვა ე.წ. „ქარიზმატული“ მოძრაობა („ქარიზმა“ - ბერძნულად მადლი), რომელმაც მიზნად დაისახა თანამედროვე საზოგადოებაში ის სულიერი ნიჭები აეღორძინებინა, რომელიც მოციქულებმა სულიწმიდის გარდამოსვლის დღეს მიიღეს, კერძოდ „ენებზე მეტყველება“ - სხვა ენაზე ამეტყველების უეცრად მიღებული უნარი. ამ მოძრაობას მალე ბაპტისტებისა და მეთოდისტების რიგი საკრებულოები შეუერთდა, ასეთი მოძრაობის გამოჩენა სწორედ რომ პროტესტანტულ გარემოში იყო მოსალოდნელი, რადგან მოციქულებრივი მემკვიდრეობითი მადლის უქონელ პროტესტანტულ რიტუალებს არ ძალუძთ მორწმუნეთა ჭეშმარიტი სულიერი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება.

 

ქარიზმატული მოძრაობა, რომელიც პროტესტანტულ საკრებულოებს ცოცხალ სულიერ ნაკადს ჰპირდებოდა, მალე გახდა პოპულარული და ცოტა ხანში აშშ-ს სხვადასხვა რეგიონში „ორმოცდაათიანელთა“ გაერთიანებები ჩამოყალიბდა. ეს მოძრაობს შეეხო უფრო ტრადიციული ქრისტიანული მიმართულების ზოგიერთ ეკლესიასაც.

 

არც ისე ხშირად, „ორმოცდაათიანელები“ იკრიბებიან მრავალრიცხოვან ყრილობებზე, რომელზეც მთელი მსოფლიოდან იგზავნებიან დელეგატები. გარკვეული ადმინისტრაციული სტურქტურის უქონლობის გამო, ძნელია ზუსტად აღირიცხოს ამ მოძრაობის მიმდევართა რიცხვი, თუმცა მიახლოებით შეიძლება ითქვას, რომ მათი რიცხვი 50 მილიონს აჭარბებს, ისინი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში არიან გავრცელებულნი. ევროპასა და საქართველოში ორმოცდაათიანელები არც თუ ისე დიდი ხნის წინ გამოჩნდნენ.

 

ორმოცდაათიანელები რამდენიმე მიმართულებად იყოფიან. ძირითადი, რაც მათ საერთო აქვთ, ეს არის მადლმოსილი გაბრწყინვებისაკენ მისწრაფება და „ენათა ნიჭის“ გამომჟღავნება. ორმოცდაათიანელთა უმრავლესობა აღიარებს ყოვლადწმიდა სამებას, ადამიანში პირველქმნილ ცოდვას, მაცხოვრის ღმრთაებას და მის გამომხსნელ მსხვერპლს. ისინი აღიარებენ ნათლობას წყალში შთაფლვით და ზიარებას - „საიდუმლო სერობას“, - რომელსაც უთავსებენ რიტუალს - „ფეხთა განბანვა“. მაგრამ სამოციულო მემკვიდრეობას, მღვდლობას და სხვა საიდუმლოებებს, თავიანთი პროტესტანტული წარმომავლობის გამო ისინი უარყოფენ.

 

დასახელება - „ორმოცდაათიანელები“ წარმოიშვა აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს მოციქულებზე სული წმიდის მოფენის მოვლენის მათებური გააზრებიდან. ორმოცდაათიანელები ასწავლიან, რომ მათზე თავისი მონათვლისა და საზოგადო ლოცვის შედეგად, ისევე როგორც მოციქულებზე, სული წმიდა გადმოდის და ისინი იღებენ სხვადასხვა ენებზე ამეტყველების სასწაულებრივ ნიჭს, ამგვარი „მადლმოსილი ნიჭების“ მისაღებად ორმოცდაათიანელები სხვადასხვა ხელოვნურ ხერხს მიმართავენ: თავიანთ შეკრებებზე ისინი თავის თავს აქეზებენ ლოცვების უნისონსური გამღერებით, ამასთან ერთად ტაქტის ფეხებით ბაკუნით და ტაშის აყოლებით, დროდადრო „ალილუიასა“ და „ამინის“ შეძახილით, მთავარია - მიაღწიონ კარგ განწყობილებას და ექსტაზსაც კი, ზოგიერთი უფრო მგრძნობიარე ნატურა ვარდება ისტერიკაში, იწყებს თავშეუკავებელ სიცილს, ჟესტიკულაციას და რაღაცის გაუგებარ ლაპარაკს.

რას წარმოადგენს თანამედროვე „ენათა ნიჭი“?

 

მიუხედავად იმისა, რომ ორმოცდაათიანელები და მათი მსგავსი სხვა „ქარიზმატელები“ ცდილობენ ხელოვნური ხერხებით თავიანთ თავში „ენათა ნიჭი“ გამოიწვიონ, მათ სრულიადაც არ გამოსდით თუნდაც ოდანავ მსგავსი რამ იმ სასწაულისა, რომელიც მოციქულთ გარდახდათ სულთმოფენობისას. სასწაულებრივ და ჭეშმარიტ ენათა ნიჭზე მოთხრობილია „საქმე მოციქულთას“ პირველ თავებში, ხოლო ენებზე მეტყველების არსისა და დანიშნულების შესახებ წერს წმიდა მოციქული პავლე კორინთელთა მიმართ ეპისტოლეს მე-12-14 თავებში. ენათა ნიჭი აუცილებელი იყო მოციქულთათვის სახარების წარმატებით გავრცელებისათვის სხვადასხვა ხალხებში. ამ ნიჭის მიღების შემდეგ მოციქულებს ძალუძდათ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებისათვის მათივე ენაზე ექადაგათ, რისი მეშვეობითაც ეკლესიამ სწრაფად დაიწყო განვრცობა. მაგრამ, როგორც ეკლეიის მომდევნო ისტორია გვიჩვენებს, ამ ნიჭს დიდი ხნის არსებობა არ ეწერა. იმისდა მიხედვით, რომ სხვადასხვა ქვეყნებში გამოჩნდნენ ადგილობრივი ქრისტიანი მქადაგებლები (რომელნიც მშვენივრად ფლობდნენ საკუთარ ენას), ენათა ზებუნებრივ უნარზე მოთხოვნილება შემცირდა. ასე რომ, უკვე წმიდა ირინეოს ლიონელის დროს (III საუკუნის შუა წლებში) ენათა ნიჭი იხსენიება, როგორც იშვიათი მოვლენა.

 

კორინთელთა მიმართ წმ. მოციქულ პავლეს ეპისტოლეს მიხედვით შესაძლებელია დავასკვნათ, რომ სწორედ ამ ეკლესიაში იყო სხვებზე მეტად ენებზე მეტყველების უნარი განვითარებული. მაშინ ენათა ნიჭი იყო ერთი ისეთი სულიერი ძღვენი, რომლითაც ზოგიერთი ქრისტიანი ჯილდოვდებოდა ნათლობისა და მათ თავზე მოციქულთა ხელდასხმის შემდეგ. მაგრამ ყველა მათგანი როდი ფლობდა ამ ნიჭის სწორად გამოყენების უნარს. პავლე მოციქული აფრთხილებს კორინთელ ქრისტიანებს ამ ნიჭით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის საშიშროების შესახებ. საქმე ისაა, რომ სამლოცველო შეკრებებზე კორინთელი ქრისტიანები იწყებდნენ ლაპარაკს უცხო ენებზე მაშინ, როდესაც ამის საჭიროება არ იყო. პავლე მოციქული ხსნის, რომ „ენები ნიშნებია არა მორწმუნეთათვის, არამედ ურწმუნოთათვის“ (1 კორ. 14, 22). სხვა სიტყვებით, ენათა ნიჭი საჭიროა ქადაგებისთვის, წარმართთა ქრისტიანობაზე მოქცევისათვის და არა უკვე მონათლულთათვის. უფრო მეტიც, ენათა ნიჭს გარკვეული უარყოფითი ზეგავლენაც ჰქონდა ლოცვით თავყრილობებზე - როდესაც მას უდროოდ მიმართავდნენ. მაგალითად, მაშინ, როდესაც ღვთისმსახურების დროს რამდენიმე ადამიანი ერთდროულად იწყებდა სხვადასხვა ენაზე, უმეტესობისთვის გაუგებარზე, მეტყველებას, წარმოიშვებოდა ხმაური და იკარგებოდა ლოცვითი განწყობა. იმ მიზნით, რომ გამოესწორებინა ახალ ენებზე ამეტყველების სასწაულებრივი ნიჭის არა თავის დროზე გამოყენების შედეგები, პავლე მოციქული უხსნის კორინთელებს, რომ ენათა ნიჭი არ არის აღმატებული სხვა იმ ნიჭებზე, რომლებიც უფრო საჭიროა ადამიანისათვის. კორინთელი ქრისტიანები სწორედ  მოიქცევიან, თუ ენათა ასეთი ნიჭის ნაცვლად ღმერთს შესთხოვენ, რათა გამდიდრდნენ რწმენით, მოთმინებით, მარხვით, სიყვარულით, სიბრძნითა და სხვა ამგვარი სულიერი მადლით.

 

ვადარებთ რა, მოციქულთა დროის ენებზე მეტყველებას თანამედროვე უმისამართო „ქარიზმატულ“ ლაპარაკს, ვხედავთ მათ შორის არსებით სხვაობას. მოციქულთა დროს ქრისტიანებს ზეგარდმო მადლით ენიჭებოდათ სხვადასხვა, მაშინ არსებულ ეროვნებათა ენებზე ლაპარაკის უნარი, ეს იყო დანაწევრებული ადამიანური მეტყველება, რომელიც მისიონერის მიერ ქადაგების მიზნით გამოიყენებოდა. ამ ნამდვილი მადლის საპირისპიროდ ორმოცდაათიანელთა თანამედროვე „ენებზე ლაპარაკი“ უაზრო და ხშირად დაუნაწევრებელი ბგერების კრებულია, რომელიც მონაცვლეობს ხმადაბალი ჩურჩულიდან ხმამაღალ შეძახილებამდე. ამ ფაქტს ორმოცდაათიანელები თავადაც აღიარებენ, თუმცა აქვე ხსნიან, რომ ეს ბგერები თითოქსდა „სამოთხის მცხოვრებთა“ ენაა, მათი მათი მოსმენისას ჭეშმარიტი ქრისტიანისათვის ნათელი ხდება, რომ ეს „ლაპარაკი“ ნერვული აღგზნების, ტრანსში და ჰალუცინაციებში ჩავარდნის შედეგია. ამიტომ სექტანტები მკრეხელობენ, როდესაც თავიანთ ხელოვნურად გამოწვეულ ეგზალტაციას ღმრთაებრივ აღტკინებად მიიჩნევენ. ჭეშმარიტი სულიერი განწყობის ამგვარი ცრუ, მწვავე განცდებისადმი მიდრეკილებაზე დაყრდნობილი თვითაღგზნებით ჩანაცვლება, საერთოდ ჩვენი დროის სულის მოვლენაა.

 

ამავე დროს, ადამიანთა მიერ ლოცვაში ამგვარი ექსტაზის ძიება პიროვნების ვნებებითა და სიამაყით აღსავსე მდგომარეობის მაჩვენებელია. სექტანტები, რომლებიც იგნორირებენ ღმრთის წმიდა მსახურთა სულიერ გამოცდილებას, მღვდლობას და წმიდა საიდუმლოებებს, მადლის მოხვეჭას საეჭვო და საშიში მეთოდებით ცდილობენ. აქედან მიიღება თავის მოტყუება, ანუ „ხიბლი“, რომლის საშიშროების შესახებ ეკლესიის მამები ყოველთვის გვაფრთხილებდნენ.

 

ღმერთთან ურთიერთობისას უნდა ვეძიებდეთ საკუთარი ცოდვილი სულის განახლებას, და არა - აღფრთოვანებასა და მწვავე განცდებს. ასეთი განახლება კი მიიღწევა თავმდაბლობით, მონანიებითა და ქრისტიანული ღვაწლით. ადამიანის სულის განახლებასთან ერთად კი მასში ჩასახლდება ღმრთის ჭეშმარიტი მადლი, ხოლო მასთან ერთად - ზეციური სიმშვიდე და წმიდა სიხარული, რომელთან შედარებითაც მიწიერი აღფრთოვანება საცოდავი და უღირსი სიყალბეა.

 

თანამედროვე პერიოდში ორმოცდაათიანელები სხვადასხვა ორიგინალური სექტების ფართო ქსელით არიან წარმოდგენილნი, რომელთა ხელმძღვანელები მსოფლიო კონფერენციებზე ორ-სამ წელიწადში ერთხელ იკრიბებიან. ძირითადად კი ორმოცდაათიანელები ორ ნაკადად იყოფიან: ტრინიტარიელებად (რომლებიც აღიარებენ წყლით ნათლობას „მამის, ძის და სულიწმიდის“ სახელით) და რომლებიც უმეტესობას შეადგენენ, და უნიტარიელებად (რომლებიც აღიარებენ წყლით ნათლობას „იესო ქრისტეს სახელით“).

 

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ № 15, 1999 წ. (ანტიერეტიკული დამატება)