სახელმწიფოსთვის საფრთხელ წარმოადგენს ნეოორმოცდაათიანელთა სექტა, რომლის ლიდერებს - პასტორებს, როგორც თავიანთ თავს უწოდებენ - განუსაზღვრელი ძალაუფლება აქვთ სექტის რიგით წევრებზე. რა დანაშაულიც არ უნდა მოხდეს, რიგითი სექტანტები არასოდეს უჩივლებენ ხელმძღვანელს, რომელსაც ისინი „ღვთის წარმოგზავნილებად“ მიიჩნევენ. ამიტომაც, ვისაც მოთმინება არ ჰყოფნის, თვითმკვლელობას ამჯობინებს. მაგალითად, 1999 წელს რუსეთში, ქ.იაროსლავში, ნეოორმოცდაათიანელმა გოგონამ თავი მოიკლა.
1998 წლის დასასრულს მსოფლიო შეძრა ბრაზილიაში ნეოორმოცდაათიანელთა ლიდერის მიერ სექტის წევრების წამებისა და მკვლელობის ფაქტებმა. დაკავების შემდეგ სექტის ლიდერმა განაცხადა, „სატანას“ ვდევნიდიო. რამდენიმე თვის შემდეგ, 1999 წლის თებერვალში, ასეთივე რამ მოხდა იაკუტიის ქალაქ ალდანში, სადაც ნეოორმოცდაათიანელთა სექტის მიმდევრებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს და რამდენიმე დღის მანძილზე არ დათმეს. შემზარავი კადრები, სადაც ნაწამებ და ნაცემ ბავშვებს აჩვენებდნენ, მთელ რუსეთში გადაიცა.
მაგრამ, მოდით, თავიდან მივყვეთ...
იაკუტიაში, ალდანის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, ნეოორმოცდაათიანელთა სექტა გამოჩნდა. ისინი ოთხმოცამდე იქნებოდნენ. თან ოცდაათიოდე ბავშვი ახლდათ. სექტანტებმა სოფლის ცენტრიდან მოშორებით იჯარით აიღეს ორი დიდი სახლი, ტექნიკა, ხე-ტყის სახერხი ქარხანა და ხის ჭრასა და დამუშავებას მიჰყვეს ხელი. ცხოვრობდნენ თავისთვის, სულ იზოლაციაში.
კონფლიქტი ადგილობრივ მოსახლეობასთან ექვსი თვის შემდეგ დაიწყო. სექტანტები ქურდობდნენ - ხან მეზობლის ეზოდან მოიპარავდნენ რამეს (ღმერთმა გამოგვიგზავნაო, ამბობდნენ), ხან თეთრეულს ჩამოხსნიდნენ თოკიდან, ხან სამგზავრო ავტობუსს დაშლიდნენ ნაწილ-ნაწილ. ადგილობრივ მასწავლებლებს სურდათ გაეგოთ, რატომ არ დადიოდნენ მათი ბავშვები სკოლაში, მაგრამ სექტანტებმა ისინი ეზოშიც კი არ შეუშვეს. ექიმებს ხომ ახლოს არ ეკარებოდნენ - ვისაც ღმერთმა სიკვდილი განუწესა, მოკვდება, ვინც სასიცოცხლოა, ისედაც გადარჩებაო.
უსიამოვნებას უსიამოვნება მოსდევდა. ბოლოს ადგილობრივმა მოსახლეობამ კატეგორიულად მოსთხოვა სექტანტებს, გაგვეცალეთ, საიდანაც მოსულხართ, ისევ იქ წადითო. ამან ნეოორმოცდაათიანელები ძალზე გაანაწყენა - ჯერ რაც გაგიკეთეთ, იმის გასამრჯელო მოგვეცითო, განაცხადეს, მერე კი მოულოდნელად გაქრნენ, სოფლელებს კი გაძარცვული სახლები, ქარხანა და ნაგვის გროვები დაუტოვეს.
სამი დღის შემდეგ ნეოორმოცდაათიანელები ალდანის რაიონულ ცენტრში გამოჩნდნენ და ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს. სექტანტები გამომუშავებულ ფულს და... კანადაში გამგზავრებას მოითხოვდნენ. რაიონის ხელმძღვანელობა მეორე დღესვე გაემართა მათთან მოსალაპარაკებლად და თანხის გადასაცემად, მაგრამ სექტის ხელმძღვანელს, ვინმე ვიტალი კოზირს, რომელიც წარსულში მკვლელობისთვის გახლდათ ნასამართლევი, სხვა გეგმები ჰქონდა. „ჩვენ ურწმუნოებს მანამდე არ გავცემთ ხმას, სანამ საზღვარგარეთ არ გაგვიშვებთ!“ - განაცხადა მან.
როგორც კი პოლიციელი, ჟურნალისტი ან ექიმი მიუახლოვდებოდათ, სექტანტები ისტერიულ კივილს ტეხდნენ, ფეხების ბაკუნს იწყებდნენ, ექსტაზში ცვიოდნენ და თავებს იატაკს სცემდნენ. მხოლოდ ბავშვები ისხდნენ ჩუმად და სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ.
ასე გაგრძელდა ორი დღე.
სექტა კანადაში გამგზავრებას მოითხოვდა, თუმცა სინამდვილეში ფული კი არა, სკანდალის მოხდენა სურდათ, უნდოდათ, რწმენისათვის წამებულებად მოეჩვენებინათ თავი. თავებს დავიხოცავთო, გამოაცხადა სექტის წინამძღვარმა. ამის თქმა იყო და სექტანტები ხალხის თვალწინ ერთმანეთთან გამომშვიდობებას შეუდგნენ.
მსხვერპლშეწირვა ბავშვებით უნდა დაეწყოთ. დაყოვნება აღარ შეიძლებოდა. მილიციამ მაშინვე დაიწყო ოპერაცია. ბავშვები უფროსებს გამოსტაცეს, „მორწმუნე დები“ საავადმყოფოში წაიყვანეს, „ძმები“ კი - საგამოძიებო იზოლატორში და... სწორედ მაშინ დაიწყო მთავარი საშინელება.
ნეოორმოცდაათიანელმა ქალებმა განაცხადეს, შვილებზე უარს ვამბობთ, ისინი ურწმუნოთა შეხებამ წაბილწაო. რაღას იზამდნენ; ჩვილები საავადმყოფოში გაგზავნეს, მოზრდილები - ბავშვთა სახლში. პატარები არ ტიროდნენ. ჩუმად ისხდნენ, სახეები რეზინის ნიღბებს მიუგავდათ და მოთმინებით ელოდნენ განაჩენს.
აღმზრდელმა ქალმა ბავშვებს ტანსაცმლის გამოცვლა შესთავაზა, ექვსი წლის გოგონას ღილები გაუხსნა და... შეძრწუნდა. ბავშვს მთელი სხეული ნაიარევებით ჰქონდა დაფარული. აშკარა იყო, პატარას გახურებული მავთულებით წვავდნენ. ასეთი იარები ეტყობოდათ დანარჩენებსაც.
- ღმერთო, ეს რა არის?! - აღმოხდა ხანდაზმულ მასწავლებელს.
- ცუდად ვიქცეოდით და დაგვსაჯეს. - იყო პასუხი.
აღმოჩნდა, რომ სექტაში ასეთი პოსტულატი მოქმედებდა: ბავშვები სიყრმეშივე დაესაჯათ, რათა სიბერის ჟამს გაეხარათ. სექტანტები უმნიშვნელო დანაშაულის გამოც კი სასტიკად სცემდნენ შვილებს. „აღმზრდელებს“ ყოველთვის მზად ჰქონდათ მავთულები, მდუღარე წყალი და ლურსმნები, რომლებითაც წამების გასახანგრძლივებლად ბავშვებს დამდუღრულ კანს უკაწრავდნენ. ათი წლის საშა მავთულით მხოლოდ იმიტომ გაწკეპლეს, რომ მამის დაძახილს მაშინვე არ გამოეხმაურა; ოლიას თმები დააგლიჯეს, რადგან იკითხა, რა იყო თოჯინა; თვეების ჩვილებს იმის გამო სცემდნენ, რომ ტირილს „ბედავდნენ“... ბავშვთა სახლში ნეოორმოცდაათიანელთა პატარები მუცელზე იწვნენ და ისე ეძინათ, რადგან ზურგი და საჯდომი ჭრილობებით ჰქონდათ სავსე.
სექტანტების ნაწამები ბავშვები საბავშვო სახლის ყველა კუთხე-კუნჭულს მოედვნენ. გვიდნენ, რეცხავდნენ, წმენდდნენ... შვიდი წლის ოლია სამზარეულოში იმალებოდა, რათა შემდეგ ჭურჭელი დაერეცხა, რვა წლის სერგი შეშლილივით ალაგებდა ეზოს. თავზარდაცემული აღმზრდელები სთხოვდნენ, დიდების საქმისთვის თავი დაენებებინათ, მაგრამ ბავშვები არა და არ ჩერდებოდნენ - ეშინოდათ, რომ „უსაქმურობისთვის“ ისევე სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც სექტაში...
ნეოორმოცდაათიანელთა შვილებს არასოდეს უჭამიათ ტკბილეული, არასოდეს უნახავთ ტელევიზორი. თოჯინებით თამაშისაც კი ეშინოდათ, რადგან მათ „კერპებად“ მიიჩნევდნენ.
სექტანტი მშობლებისგან თავდახსნილი შედარებით მოზრდილი ბიჭუნები „თავისუფლების“ პირველივე დღეს შეხვდნენ გამომძიებელს და დაწვრილებით მოუყვნენ იმ ბოროტმოქმედებათა შესახებ, რომლებმაც ყველაზე გამოცდილი ოპერატიული მუშაკებიც კი შეაძრწუნა.
ათი წლის მიშამ შეიტყო, რომ სოფელში მშენებლები ჩამოსულიყვნენ და გაიქცა, რომ ენახა, როგორ მუშაობდნენ. სექტაში ეს ამბავი გაიგეს. ქალები, მათ შორის მიშას დედაც, ისტერიულად აკივლდნენ: „იგი ურწმუნოებმა წაბილწეს!“ - და მოითხოვეს საგანგებოდ დაესაჯათ ბიჭუნა. მამაკაცები ნახევარი საათი მავთულებითა და წიხლით მთელი ძალით სცემდნენ ბავშვს. როცა მიშას სიცოცხლის ყოველგვარი ნიშან-წყალი დაეკარგა, სექტანტები მის ირგვლივ მოგროვდნენ, უმღერეს და დიდი პატივით დაკრძალეს - წამებით სიკვდილი სექტაში განსაკუთრებულ პატივად ითვლებოდა. ექსპერტიზის მეოხებით კი გაირკვა, რომ მიშა დულოვი... ცოცხლად დაემარხათ.
ნეოორმოცდაათიანელთა სექტის მეთაურები დააპატიმრეს, სექტანტ „დედებს“ კი დედობის უფლება ჩამოართვეს, მაგრამ ამ ამბავს მათთვის მაინცდამაინც არ დაუწყვეტია გული. „ძმებთან“ ერთად ისინი მეორე დღესვე გაუჩინარდნენ იაკუტიის უსაზღვრო ტრამალებზე...
საბედნიეროდ, ბავშვები ნათესავებმა წაიყვანეს. ბელორუსიიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან ჩამოსული ბებიები და ბაბუები ყვებოდნენ, თუ როგორ ართმევდა სექტა მათ სისხლსა და ხორცს და როგორ ვერ შეძლეს გონებადაბინდული შვილების უკან დაბრუნება.
ნეოორმოცდაათიანელთა სექტის წევრების სასამართლო იმავე წლის ნოემბერში დასრულდა. ადმინისტრაციის შენობის დაკავების გარდა, სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა ბავშვთა სასტიკი დასჯის მრავალი ფაქტი, მათ შორის - ცემით მოკვლაც. სასამართლომ თემის ლიდერს ვიტალი კოზირს - 10 წლით, ხოლო დანარჩენ 4 წევრს - 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, № 9, 2004 წ.