მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მუნის რელიგიური იმპერია

 

მრავალრიცხოვან რელიგიურ ორგანიზაციათა რიცხვს, რომლებიც ბოლო წლებში გამოჩნდნენ საქართველოში, 1999 წლიდან კიდევ ერთი შეემატა. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული „უნიფიკაციის (გაერთიანების) ეკლესია“, რომელიც 1954 წელს სამხრეთ კორეაში ჩამოყალიბდა. მისი დამაარსებელია ვინმე სან მიუნ მუნი, რომლის სახელის მიხედვით ამ სექტის წევრებს მუნიტებადაც იხსენიებენ.

 

„ღირსი“ სან მუნი დაიბადა 1920 წელს, კორეელ პრესვიტერიანელთა ოჯახში. ყმაწვილობისას იგი სპირიტიზმით გახლდათ გატაცებული და ირწმუნებოდა, რომ „უდიდესი მისია“ ეკისრა - იყო „მესია“, რომელიც დაასრულებდა კაცობრიობის გამოხსნას და დედამიწაზე ღვთის სასუფეველს დაამყარებდა. მოგვიანებით მუნმა განაცხადა, რომ მას ეს „მისია“ მხოლოდ იესომ კი არა, ბუდამაც დააკისრა. თავისი „სულიერი განდიდების“ ნიშნად 1946 წელს მუნმა სახელი შეიცვალა და სან მიუნ მუნი - „მანათობელი მზე და მთვარე“ - დაირქვა. 1954 წელს სეულში მან საკუთარი „ეკლესია“ დააარსა და უწოდა „სულიწმიდის ასოციაცია მსოფლიო ქრისტიანობის გასაერთიანებლად“. ეკლესიის დაარსებას მოჰყვა სკანდალური ისტორიების მთელი წყება. 1955 წელს მუნი მისი რელიგიური თემის ქალებთან ინტიმური ურთიერთობის გამო დააპატიმრეს (თუმცა თვითონ ამას ცოდვად არ მიიჩნევდა და „სისხლის განწმენდის წესსაც“ კი უწოდებდა). მრავალცოლიანობისა და სქესობრივი გაუკუღმართების ბრალდებით მუნი ორჯერ გაასამართლეს. მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესზე ათობით ქალი გამოვიდა მოწმედ.

 

* * *

 

1957 წელს გამოქვეყნდა მუნის მთავარი ნაშრომი „ღვთაებრივი პრინციპი“, რომელიც მუნიტთათვის ახალ ბიბლიად იქცა. ეს წიგნი გვარწმუნებს, რომ თუ ადამიანმა მუნის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტებანი მიიღო, ბიბლია აღარ სჭირდება.

 

ამ დროისათვის სექტა სამხრეთ კორეის უკვე 30 ქალაქში მოქმედებდა. 1958 წელს მათ პირველი მისიონერი გაგზავნეს იაპონიაში, ხოლო 1959 წელს - აშშ-ში. 1972 წელს მუნი თავად გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში, ახალი მიმდევრები შეიძინა და აქტიურად დაიწყო თავისი სწავლების პროპაგანდა.

 

1976 წლისათვის მუნის დაარსებულმა ორგანიზაციამ დიდ ფინანსურ წარმატებებს მიაღწია. მუნი უზარმაზარ თანხებს ხარჯავს იურისტების მომსახურებისა და საზოგადოებრივი ურთიერთობების დამყარებისთვის. „უნიფიკაციის ეკლესია“ სხვა ორგანიზაციებს („ერთობის პროექტი“, „გაერთიანებული მსოფლიოს ჯვაროსნული ლაშქრობა“, „ახალი განათლების განვითარება“, „დახმარებისა და მეგობრობის საერთაშორისო ფონდი“, „პრინციპთა შესწავლის საუნივერსიტეტო ასოციაცია“) ამოფარებული ავრცელებს საკუთარ მოძღვრებას; აქტიურად მონაწილეობს კულტურული და სამეცნიერო პროგრამების განხორციელებაში. ამ მიზნებს ემსახურება „კულტურის საერთაშორისო ფონდი“, „მეცნიერებათა ერთიანობის საერთაშორისო კონფერენცია“, „პროფესორთა აკადემია მშვიდობისათვის მსოფლიოში“; სხვადასხვა რელიგიის მიმდევართა შორის ურთიერთობების განმტკიცებისათვის იღვწიან მუნისტური ორგანიზაციები „საერთაშორისო რელიგიური ფონდი“, „მსოფლიო რელიგიათა ასამბლეა“, „მსოფლიოს რელიგიათა საბჭო“, „სხვადასხვა აღმსარებლობის ღვთისმსახურთა კონფერენცია“, „მსოფლიოს რელიგიათა ახალგაზრდული სემინარი“, ახალ ეკუმენისტურ კვლევათა ასოციაცია“.

 

იმ საბაბით, რომ მისი ორგანიზაცია რელიგიური იყო, მუნი მუდამ თავს არიდებდა გადასახადების გადახდას, რის გამოც 1983 წელს მას 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სიცოცხლის მანძილზე სან მიუნ მუნი სულ თექვსმეტჯერ იყო დაპატიმრებული. დაპატიმრების ყველა შემთხვევას იგი სარწმუნოებისთვის დევნად ასაღებდა.

 

1992 წელს მუნმა საკუთარ თავს ახალი კაცობრიობის „ჭეშმარიტი მამა“ უწოდა, ხოლო 1993 წელს გამოაცხადა „აღთქმის დასრულების ერა“, რომელმაც თითქოს „ახალი აღთქმის ერა“ შეცვალა. მისი აზრით, მსოფლიოსათვის მუნიზმის ეპოქა დადგა. ის „აპირებს“, შექმნას ადამიანების ახალი რასა.

 

აშშ-ის ქალაქ ბერიტაუნში (ნიუ-იორკის შტატი) მუნს ეკუთვნის 850000 დოლარად ღირებული მამული. სექტის განკარგულებაშია სამეცნიერო-ტექნიკური კვლევის ინსტიტუტი, გამომცემლობა, კორპორაციები და ა.შ. დასავლეთის მასმედიაში ხშირად გაისმის, რომ მუნმა შექმნა გრანდიოზული რელიგიური იმპერია, რომელსაც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ჰყავს წარმომადგენლები.

 

მუნისა და მისი მიმდევრების მთვარი მიზანია, შექმნან მსოფლიო რელიგიური იმპერია, „გააერთიანონ მასში ყველა რელიგია“ და კაცობრიობა საკუთარი ძალაუფლების ქვეშ მოაქციონ.

 

სექტის მრავალ წევრებთან პირველი კონტაქტის დროს მუნის მიმდევრები საუბრობენ კაცთა მოდგმის სრულყოფაზე, მშვიდობაზე მთელს მსოფლიოში, ეკოლოგიურ პრობლემებსა და ზნეობრივ აღორიძინებაზე, ახალმოსულებს თბილად უღიმიან და მხრებზე მეგობრულად უთათუნებენ ხელს; მათ არასდროს ტოვებენ მარტოებს, არ აძლევენ დროს, რომ გაერკვნენ, რა მოსდით, მოგვიანებით კი არწმუნებენ, მთელი ქონება „უნიფიკაციის ეკლესიას“ შესწირონ. მუნიტები დიდი ოჯახის შექმნის მოტივით თავიანთ მიმდევრებს აშორებენ ნათესავებს, მეგობრებს, სკოლებს, მთელს საზოგადოებას. მათ, ვისაც სურს დაუბრუნდეს თავის ოჯახს, ეუბნებიან, რომ ისინი ფარ-ხმალს ჰრიან და სატანას უთმობენ ბრძოლის ველს, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ მუნისადმი ერთგულება და შეიყვარონ იგი მშობლებზე, მთელს ქვეყანაზე მეტად.

 

სექტის წევრებს ღვთის თაყვანისცემის ნაცვლად მუნის პიროვნების თაყვანისცემას სთხოვენ. მუნიტები ლოცულობენ კიდევაც სან მიუნ მუნის გამოსახულებაზე, რომელიც კედლებზე უკიდიათ. მათ მიერ თაყვანცემული ცრუ მესია კი მკრეხელურად ამბობს: „მე ვარ თქვენი გონება. ჩემი სურვილი უნდა იყოს თქვენი სურვილი. მე ვფიქრობ, რომ ღვთისაგან გამოგზავნილ წმინდანთა შორის მე ყველაზე იღბლიანი ვარ... მოვა დრო, ჩემი სიტყვები კანონად იქცევა. ყოველივე, რასაც მოვისურვებ, შესრულდება. ყოველივეს რომ წესრიგში მოვიყვანთ, ჩვენ შევძლებთ ღვთიური ნების აღსრულებას. ყველაფერი, რაც კი ამას ხელს უშლის, უნდა განადგურდეს. ჩვენ მსოფლიოში უნდა დავამყაროთ თეოკრატია... მთელი მსოფლიო ჩემს ხელთაა, მე დავიპყრობ და განვსჯი მსოფლიოს“.

 

„სატანურ მსოფლიოს ბიზნესმენები მართავენ. მაშასადამე, ღმერთმა უნდა წარმოგზავნოს თავისი სუპერბიზნესმენი. მესია ყველაზე მდიდარი უნდა იყოს“.

 

* * *

მუნიტები ფარავენ თავიანთ ჭეშმარიტ მიზნებს, თავიანთი სწავლების ნამდვილ არსს, ისინი თავს ქრისტიანობის მქადაგებლებად ასაღებენ, რათა უფრო ადვილად შეიტყუონ სექტაში მიმნდობი და გულუბრყვილო ადამიანები. „ახალი მესიის“ მიმდევრები სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს თავის სემინარებსა და კურსებზე იწვევს. ამ ხერხით ცდილობენ სექტანტები ახალგაზრდების გადაბირებას.

 

ფსიქოტრონული დამუშავების შემდეგ ადამიანების თავისი ბედისადმი გულგრილნი ხდებიან და უსიტყვოდ ემორჩილებიან სექტას. ამის თვალსაჩინო ნიმუშია მუნის მიერ მედისონ-სქვერ-გადენში მოწყობილი მასობრივი ქორწინება, როდესაც 2075 წყვილი ერთდროულად დაქორწინდა. ახალდაქორწინებულნი ერთმანეთს პირველად ხედავდნენ. ერთნაირ კაბებში გამოწყობილ სარძლოთა არმია „ახალი მესიის“ მუნის კურთხევით საქმროთა არმიას მისთხოვდა. ამ მოვლენიდან ნათლად ჩანს, რაოდენ დათრგუნული და შელახულია პიროვნების თავისუფლება ტოტალიტარულ სექტებში.

 

მუნიტებად მოქცეულთა ყველა მატერიალური მოთხოვნილება - ბინა, საკვები თუ ტანსაცმელი - კომუნის ხარჯზე კმაყოფილდება. მათ აღარ სჭირდებათ ფული, ისინი აღარ იღებენ პირად გადაწყვეტილებებს. გასაკვირი არ არის, რომ სექტის წევრებს შორის ხშირია ფსიქიკური აშლილობანი და თვითმკვლელობის მცდელობები. 70-იან წლებში მუნიტთა თვითმკვლელობების მთელი სერია მოხდა. საფრანგეთში ერთ-ერთმა სექტანტმა პატრიკ ესნომ თვითმკვლელობა თავის დაწვით აღასრულა.

 

* * *

 

პოსტსაბჭოთა პერიოდში რუსეთსა და ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე მუნისტებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს ადამიანთა სულებზე. ისინი აქტიურად ნერგავენ თავიანთ ცრუმოძღვრებას სკოლებში, ინსტიტუტებში და სხვა სასწავლო დაწესებულებებში. რუსეთში მუნის სექტა ისეთ ორგანიზაციებს ამოფარებული მოქმედებს, როგორებიცაა „პრინციპების გამოკვლევის კოლეგიური ასოციაცია“, „საერთაშორისო სემინარი ლიდერობისათვის“ და სხვა.

 

საქართველოში მუნიტთა სექტის წარმომადგენლები 1999 წლის შემოდგომაზე გამოჩნდნენ. კორეელი მისიონერები თბილისის ქუჩებში არიგებდნენ პროპაგანდისტულ ფურცლებს, ავრცელებდნენ რუსულენოვან ბროშურებს სახელწოდებით „ახლა ისეთი დროა, რომ უბიწოების შენარჩუნება აუცილებელია“. ამ ანონიმურ ფურცლებსა და ბროშურებს თან ახლდა ტელეფონები და იმ სახლების მისამართები, სადაც მსურველებს ლექციებზე იწვევდნენ. ამჟამად საქართველოში რამდენიმე მუნისტური ორგანიზაცია მოღვაწეობს: „განათლების საერთაშორისო ფონდი“, ფედერაცია „ქალები მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში“, „ოჯახთა ფედერაცია მშვიდობისა და ერთობისათვის მთელს მსოფლიოში“ (შესაძლოა, სხვებიც). 1999 წელს მუნისტებმა სცადეს, „განათლების საერთაშორისო ფონდის“ სახელს ამოფარებოდნენ და სკოლის მოსწავლეებს შორის დაეწყოთ თავიანთი ცრუმოძღვრების პროპაგანდა. ამისთვის განათლების სამინისტროში ე.წ. „საგანმანათლებლო“ კონფერენციის ჩატარებაც კი დაიგეგმა, მაგრამ კონფერენცია ჩაიშალა. არ არის გამორიცხული, მსგავსი აქციების მოწყობას მუნიტები მომავალშიც შეეცადონ.

 

მოამზადა სერგო კერესელიძემ
ჟურნალი „კარიბჭე“ №5 2004 წ.