გნოსტიციზმი ახ. წ. აღ. I-II საუკუნეში აღმოცენებული რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობაა, რომელშიც ერთმანეთს შეერწყა წარმართული (როგორც აღმოსავლური, ისე ელინური) და ქრისტიანული მოძღვრებები. ა. ჰარნაკის აზრით, გნოსტიციზმი , ესაა ქრისტიანობის უკიდურესი ელინიზაცია. ჟ. კიპსელი კი მიიჩნევს, რომ გნოსტიციზმი სახარების საფუძველზე „გაქრისტიანებული“ ძველი ბერძნული ფილოსოფია და აღმოსავლური მისტიციზმია.
გნოსტიკოსები ამტკიცებდნენ რომ ისინი ფლობდნენ უმაღლეს, პრივილეგირებულ ცოდნას (ბერძ. „გნოსის“, აქედან გნოსტიციზმი), ამგვარად გაგებული ცოდნა ქრისტიანული რწმენის საპირისპიროდ მოიაზრება. ამას გარდა, თუ ქრისტიანული რწმენაც და ცოდნაც ეკლესიის, როგორც ერთი მთლიანობის საკუთრებაა, რომლისგანაც იგი ცალკეულ მორწმუნეს გადაეცემა, გნოსტიციზმში ცოდნის შეძენა ინდივიდუალურ დონეზე ხდება, რაც ძირეულად ეწინააღმდეგება ქრისტიანობას. გნოსტიციზმი დიდ საფრთხეს უქმნიდა ქრისტიანობას. მით უმეტეს, რომ იმ პერიოდში ამ უკანასკნელს თავდასაცავად მარჯვე ტერმინოლოგია ჯერ კიდევ არ გააჩნდა, არ იყო დადგენილი ახალი აღთქმის კანონი, არ იყო ჩატარებული მსოფლიო კრებები, არ არსებობდა კათოლიკე ეკლესიის ავტორიტეტი.
გნოსტიციზმის სახელით ცნობილი რელიგიურ-ფილოსოფიურ სისტემათა ერთობლიობა ქრისტიანული ფაქტებისა და მოძღვრების საფუძველზე აღმოცენდა. გნოსტიკოსები ცდილობდნენ, თავიანთი სწავლება ყოველთვის ქრისტეს პიროვნებაზე დაყრდნობით გაემყარებინათ. გნოსტიკოსთა მტკიცებით, მათი მოძღვრების სათავეში მარიამ მაგდალინელი იდგა, მას თვით ქრისტემ აუწყა აღდგომის შემდეგ მრავალი საიდუმლო, რომლებიც შემდგომი გადმოცემით მიიღეს გნოსტიკოსებმა იმ სულიერი ადამიანებისაგან, რომელთაც შეეძლოთ ამ ეზოთერული, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელი გნოსისის დაცვა-შენახვა.
გნოსტიკური სწავლება მრავალფეროვნებით ხასიათდება, მაგრამ გამოირჩევა ორი არსებითი ნიშანი, რომელიც ყველა მიმდინარეობისათვის საერთოა. პირველი ისაა, რომ გნოსტიკური თეორიები დუალისტურ მსოფლმხედველობაზეა დაფუძნებული, მაგრამ მანიქეველებისაგან განსხვავებით, რომლებიც ორ უპირობო, დამოუკიდებელ საწყისს - კეთილსა და ბოროტს აღიარებდნენ, გნოსტიკოსები ორი ღვთაების არსებობას ამტკიცებენ: უმაღლესის, ტრანსცენდენტურის და უმდაბლესის - დემიურგის, რომელიც ჩვენ სამყაროს მართავს. ამ უკანასკნელად გნოსტიკოსები ძველ აღთქმისეულ იაჰვეს მიიჩნევდნენ. აქედან კი უცილობლად გამომდინარეობდა გნოსტიციზმის მეორე დამახასიათებელი ნიშანი - ძველი აღთქმის ან სრული უარყოფა, ან მისდამი უარყოფითი დამოკიდებულება.
გნოსტიციზმის მიმდინარეობებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ვალენტინის, ვასილიდესა და მარკიონის სწავლებები იყო.
ვალენტინი (135 წ-მდე ალექსანდრია - 160 წ. რომი) ორი ღმერთის არსებობის პოსტულირებას ახდენს: ერთი ღმერთი, რომელიც მთელ ქმნილებას ქრისტეში ეცხადება, წარმოადგენს თავისი ბუნებით კეთილ უმაღლეს ღვთაებას. იგია ჭეშმარიტი წყარო ყოველივე იმისა, რის შესახებაც ქრისტეს მოსვლამდე არავინ არაფერი უწყოდა. მეორე ღმერთი - ძველი აღთქმის იაჰვე ერთგვარად პლატონის დემიურგს მიაგავს, რომელიც უმაღლესი ღვთაების საიდუმლო ხელმძღვანელობით მთელი ქმნილი ყოფიერების ცხოვრებას განაგებს. იგი ბოროტია და ანთროპომორფული, თვით დემიურგი ეთიკური თვალსაზრისით ნეიტრალურია, მაგრამ მატერიალური სამყარო, რომელსაც იგი განაგებს, ძირითადად ცვალებადობით, სიბნელით, უწესრიგობითა და ბოროტებით ხასიათდება. ამგვარი თვალსაზრისი ქრისტიანობის პირდაპირი გამოწვევაა. ამის გამო იმდროინდელ ქრისტიან აპოლოგეტებს საგანგებოდ უხდებოდათ ძველი აღთქმისეული ისტორიის მნიშვნელობის განმარტება, განმარტება იმ ისტორიისა, რომლის მანძილზეც ღმერთი ადამიანებს ძე ღვთისას განკაცებისათვის ამზადებს.
ვალენტინის სისტემის მეორე არსებითი ნიშანი მისი ტრიადებით გატაცება იყო. მისი აზრით, „სამობა“ ყველა დონეზე მჟღავნდება: სამ ღმერთს (უმაღლესს, დემიურგსა და ეშმაკს) ანთროპოლოგიურ დონეზე სულის, სამშვინველისა და სხეულის ტრიადა შეესაბამება. კოსმოლოგიაში სამი „სამყარო“ განირჩევა: ოგდოადი - უმაღლესი სფერო, უმაღლესი ღვთაების სამეფო; ებდომადი - იაჰვეს სამეფო და ბოლოს მიწა, რომელიც ეშმაკის ბატონობის ქვეშ მყოფად ცხადდება.
ისტორიაში ტრიადულობის გამოხატულებაა კაცობრიობის სამ კატეგორიად დაყოფა: ელიტას შეადგენენ სეთის შთამომავლები (მათ ეკუთვნიან თვით ვალენტინის მიმდევრები), ჩვეულებრივი ქრისტიანები, რომლებიც სათავეს აბელისგან იღებენ და კაენის შთამომავალი წარმართები [1].
მეორე გავლენიანი მიმდინარეობა გნოსტიციზმში ვასილიდეს სწავლებაა, რომელმაც საკუთარი სახარებაც კი დაწერა და კომენტარებიც დაურთო. მის სისტემაში რეალობა აღწერილია, როგორც ერთგვარი მრავალფეროვანი სფერო. იერარქიის უმაღლეს საფეხურზე იმყოფება უზენაესი ღმერთი - იესო ქრისტეს არშობილი მამა, მან შვა გონება (ნუს). ამ უკანასკნელმა კი თავის მხრივ დასაბამი მისცა სიტყვას (ლოგოს). მისგან წარმოიშვა უბიწოება (ფრონესის), უბიწოებისაგან - სიბრძნე (სოფია) და ძალა (დინამის). ამ უკანასკნელის „ქორწინება“ განაპირობებს არსებათა იმ მთელ მრავალფეროვნებას, რომელსაც ჩვენ ზეციურ ძალებს ვუწოდებთ. იერარქიული კიბის უფრო ქვედა საფეხურზე განლაგებულია 365 ცა. პავლე მოციქული აღტაცებულ იქნა მხოლოდ მესამე ცამდე, ხოლო გნოსტიკოსებს, მათი მტკიცებით, ძალუძთ უმაღლეს სფეროებამდე ასვლა. ყოველი ცა განსაკუთრებული ანგელოზის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფება, ხოლო ყველაზე დაბალ ცას იაჰვე განაგებს. სამყაროს ამგვარი ხედვა კარგად ესადაგებოდა ასტროლოგიას, რომელიც გნოსტიკურ წრეებში ფართოდ გამოიყენებოდა.
იესო ქრისტე ვასილიდეს აზრით, სხვა არაფერია თუ არა გონება, რომელსაც მამა წარგზავნის დედამიწაზე. მისი შეხედულება ქრისტეს განკაცების შესახებ აშკარა დოკეტიზმია, რაც ქრისტეს კაცობრივი ბუნების მოჩვენებითობას ნიშნავს. ვასილიდეს მიაჩნდა, რომ ქრისტეს არ შეეძლო ნამდვილად ვნებულიყო ჯვარზე, ჯვარს აცვეს სვიმონ კვირინელი, ხოლო თვით ქრისტე ამ ამბავს ბრბოში მდგომი უყურებდა.
ვასილიდესავე სწავლებით, ჭეშმარიტი გნოსისი ადამიანს საშუალებას აძლევს უმაღლეს სფეროებს მიაღწიოს. ეს მთლიანად გამორიცხავს მოწამეობის იდეას, რადგან „რჩეული“, რომელსაც ეუწყა საიდუმლო ჭეშმარიტება, ყოველგვარი უსიამოვნო განცდის გარეშე მიაღწევს ნეტარებას.
გნოსტიციზმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია მეორე საუკუნის მოღვაწე მარკიონი. მისი იდეები არ გამოირჩევიან იმგვარი ფანტასტიკურობით, როგორითაც ვალენტინისა და ვასილიდეს სწავლებებია აღბეჭდილი.
მარკიონი ორჯერ განკვეთეს ეკლესიიდან (მათ შორის პირველად საკუთარმა მამამ, ეპისკოპოსმა). მან საკუთარი „ეკლესია“ ჩამოაყალიბა და ქრისტიანობის თავისებური ვარიანტის ქადაგება დაიწყო. მარკიონმა უარყო მთელი ძველი აღთქმა, ახლიდან კი მხოლოდ ლუკას სახარება და პავლე მოციქულის 10 ეპისტოლე სცნო. მისი აზრით, ქრისტე ძე ღვთისა და მაცხოვარი კი არა, ებრაელი რაბინი იყო, რომლის მოძღვრებაც ყველაზე უკეთ პავლე მოციქულმა გადმოსცა. მარკიონისათვის ასევე ნიშანდობლივია საერთო გნოსტიკური სწავლება ყოფიერების ორი საწყისის შესახებ.
გნოსტიციზმისზოგადი მიმოხილვიდანაც ნათლად ჩანს ამ სწავლების აშკარა წარმართული ხასიათი, თუმცაღა ასევე აშკარაა გნოსტიკოსთა მცდელობა, რომ წარმართობა ქრისტიანული სამოსით შემოსონ და ისე დაუპირისპირდნენ მაცხოვრის მოძღვრებას [2], ამით აიხსნება ის გარემოება, რომ გნოსტიკური საცდურის წინააღმდეგ გაილაშქრეს ქრისტიანმა აპოლოგეტებმა, რომელთაგან უპირველესი როლი წმიდა ირინეოს ლიონელს (140-160 წწ-შორის - 202 წ.) ეკუთვნის.
ბოროტების ახსნას გნოსტიციზმი სამყაროს წარმოშობაში ეძიებს. მისი აზრით, ასეთი მოუწესრიგებელი სამყარო არ შეიძლება უმაღლესი ღმერთის ქმნილება იყოს. სამყაროს სუბსტრატი მხოლოდ მატერიაა, რომელსაც აღმოსავლელი (სირიელი) გნოსტიკოსები (ვასილიდე, კედრონი, მარკიონი, ოფიტები) თვითმყოფად, ცოცხალ ბოროტ არსებად თვლიდნენ, ხოლო დასავლეთის (ალექსანდრიელი) გნოსტიკოსები კი (კარპოკრატოსი, ვალენტინი) - მატერიის ილუზორულ არსებობას აღიარებდნენ. მაგრამ ისიც ცხადი იყო, რომ ამგვარი ბოროტი და ინერტული მატერია ვერ შესძლებდა სამყაროს შექმნას, რომელიც თავის მხრივ, უმაღლესი ღმერთის ნაწილაკებსაც შეიცავდა.
ეს პრობლემა გნოსტიციხმის ურთულეს საკითხს წარმოადგენდა. სწორედ ამიტომ გახდა აუცილებელი თეოგონიის გამოგონება და ეონთა უსასრულო სიმრავლის შემოღება. მატერიის ბოროტებად გამოცხადება მიზეზია დოკეტიზმისა, რადგან ქრისტე, როგორც პნევმატიკური არსება, არ შეიძლება მატერიასთან ასე ახლო კავშირში იყოს. ამავე მიზეზით ითვლება გნოსტიციზმში ადამიანი ბნელ ძალთა ქმნილებად, თუმცა, მისი სული, როგორც ღვთაებრივი სუბსტანცია, ზეკოსმიურ სფეროს ეკუთვნის. ამდენად, ბოროტების წარმოშობა გნოსტიციზმში ბუნებრივია. გნოსტიკოსისათვის ბოროტება ისაა, რომ მან არ იცის საკუთარი თავი, ბოროტება დავიწყებაა, მისი აბსოლუტური ბუნების გამოვლენის უუნარობაა. აქედან გამომდინარე ბოროტება თვით ღვთაებრიობაშია. გნოსტიკური კოსმოგონიის ენაზე სწორედ ასე ჟღერს სოფიის დაცემის მითი. გნოსტიკოსმა გნოსისის მეოხებით, თვითშემეცნების ფორმით უნდა აღადგინოს დაკარგული მთლიანობა.
როგორც ზემოთქმულიდან ჩანს, ვერც გნოსტიციზმში ხდება ბოროტების პრობლემის გადაჭრა, ამის მიზეზი კი ამ სწავლების დუალისტურ ხასიათში ძევს. ღვთაებრივი არსისაგან დამოუკიდებელი ბოროტი საწყისის აღიარებით იგი ღმერთის არსების შეზღუდვას ახდენს, რომელიც უკვე აღარ მოიაზრება, როგორც აბსოლუტური არსი. ამგვარი ონტოლოგიური დუალიზმი ეთიკურ დუალიზმსაც განაპირობებს, რაც საბოლოოდ ბოროტების საკითხის გადაწყვეტის შეუძლებლობამდე მიდის.
„აპოლოგეტიკური წერილები“, თბილისი, 2001 წ.
ავტორ-შემდგენელი: ზურაბ ეკალაძე
1. სხვაგვარი კლასიფიკაციით, გნოსტიკოსები ადამიანებს ასევე სამ ჯგუფად ჰყოფდნენ, იმისდა მიხედვით, თუ რომელი საწყისი (სული, სამშვინველი თუ სხეული) სჭარბობდა ადამიანის ბუნებაში: პნევმატიკოსებად, ფსიქიკოსებად და სომატიკოსებად.
2. ამიტომ შემთხვევითი არ იყო ის ფაქტი, რომ სწორედ გნოსტიკური იდეები (მანიქეველურთან ერთად) გამოდგა ის ნოყიერი ნიადაგი, რომლის საფუძველზეც რუდოლფ შტაინერმა წარმართული სწავლების „ქრისტიანიზაციის“ გზით შექმნა თავისი ანთროპოსოფია (სხვათაშორის, ვასილიდეს მსგავსად, შტაინერმაც დაწერა თავისი ე.წ. „მეხუთე სახარება“).