ჩვენ მართლმადიდებელი ქრისტიანები ვართ და გვსურს, მართლმადიდებლობაზე ვისაუბროთ არა როგორც ერთ-ერთ, არამედ როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებაზე, ერთადერთ სინამდვილეზე, ერთადერთ სიმართლეზე. ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მართლმადიდებლური მსოფლმხედველობის გარდა სხვა სიმართლე არ არსებობს. მაგრამ ამის დამტკიცება შეუძლებელია, თუ არ ვაჩვენეთ ქრისტიანული რელიგიის უსასრულო უპირატესობა და თვისობრივი განსხვავება სხვა მსოფლმხედველობათა და რელიგიათაგან.
მაგრამ რა აზრი აქვს სხვათა წინაშე ქრისტიანობის უპირატესობის წარმოჩენას, როცა საზოგადოდ რელიგიისადმი არაერთგვაროვანი, ხშირად მტრული დამოკიდებულებაც კი აქვს ჩვენს ათეიზმის წნეხში გამოვლილ საზოგადოებას?
როცა ათეისტურ და რელიგიურ მსოფლმხედველობაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია, მსჯელობა ადამიანს, მისი ცხოვრების საზრისს დავუკავშიროთ.
რა არის ადამიანური ცხოვრების საზრისი? რა თქმა უნდა, არსებობა, სიცოცხლე. ვერავინ იტყვის, ცხოვრების აზრი შეიძლება არარსებობაში, სიკვდილში იყოსო. ამ კუთხით შეფასებისას აშკარა ხდება რელიგიის უსაზღვრო უპირატესობა ათეიზმთან შედარებით; რელიგია ცხოვრებას აზრს აძლევს, რადგან იგი სიცოცხლეს გვპირდება, ხოლო ათეიზმი მხოლოდ სიკვდილის პერსპექტივას გვიშლის თვალწინ.
ადამიანს, როგორც ცოცხალ არსებას, თვითგადარჩენის ინსტიქტი აქვს, ამიტომ როდესაც მას სიკვდილს და სიცოცხლეს შორის არჩევანის გაკეთებას სთავაზობენ, იგი, ბუნებრივია, სიცოცხლეს აირჩევს. განა ასე არ მოიქცევა ტყეში დაკარგული კაცი, რომელსაც ერთნი არწმუნებენ, რომ ტყიდან გასასვლელი არ არსებობს და სამუდამოდ იქ უნდა დარჩეს, ხოლო მეორენი გამოსავალსაც სთავაზობენ და გზასაც უჩვენებენ?
მაგრამ ბუნებრივი არჩევანის გაკეთებაში ადამიანს ხელს უშლის მითი, თითქოს ათეიზმი ლოგიკურად დასაბუთებული, ობიექტურად არგუმენტირებული, მეცნიერული მსოფლმხედველობაა, რელიგიური მსოფლმხედველობა კი მხოლოდ სუბიექტურ განცდებსა და ლიტონ რწმენას ეფუძნება. ათეისტური პროპაგანდით მოწამლულ ადამიანებს და მათ მიერ აღზრდილ შვილებს სწამთ ამ მითის ჭეშმარიტება, სჯერათ, რომ მეცნიერებამ მართლა დაამტკიცა ღვთის არარსებობა, რომ ჭკვიანი ხალხი თავადაც მიხვდნენ ამას. ხშირად ასეთი ადამიანები მორწმუნისაგან ითხოვენ ან შინაგანად ელიან ღვთის არსებობის დამტკიცებას, რელიგიური მსოფლმხედველობის ლოგიკურობის წარმოჩენას.
რას ნიშნავს ღვთის არსებობის დამტკიცება? საერთოდ, რას ნიშნავს ვინმეს ან რამის არსებობის დამტკიცება? განა შეიძლება ვინმეს ან რაიმეს არსებობა მათემატიკური თეორემასავით დაამტკიცო?
ღვთისმეტყველების პროფესორს ა.ი.ოსიპოვს ასეთი იგავი მოჰყავს:
მეცნიერი აუდიტორიას ჟირაფის არარსებობას უმტკიცებს. მისი არგუმენტები ასეთია: ა) იმის გამო, რომ ჟირაფს გრძელი კისერი აქვს, თავის აწევ-დაწევისას წნევის დიდი ცვალებადობის შედეგად მას აუცილებლად დაუზიანდება სისხლძარღვები და გული; ბ) თავდაცვის საშუალების (რქებისა და ეშვების) უქონლობის გამო ჟირაფი არსებობისათვის ბრძოლაში ვერ გადარჩებოდა. და როდესაც პროფესორმა აუდიტორიაზე გამარჯვება უნდა იზეიმოს, რამდენიმე მსმენელი განაცხადებს, რომ ჟირაფი უნახავს.
ასე რომ, თუ გვინდა, ვინმეს ან რაიმეს არსებობა ვირწმუნოთ, ან თვითმხილველებს უნდა ვედნოთ, ან დავადგეთ გზას, რომელზეც ისინი მიგვითითებენ, რომ თავად ვიხილოთ.
ქრისტიანობას ღვთის მილიონობით თვითმხილველი ჰყავს. მათგან უმრავლესობა ღმერთს გულით ხედავდნენ - უფლის მათთან მყოფობას განიცდიდნენ. ეს განცდა და ხილვა იმდენად რეალური და ობიექტური იყო, რომ უმძიმესი ტანჯვა-წამებაც ვერ აიძულებდათ ღვთის უარყოფას.
ღვთის რეალურად, ობიექტურად ხილვის (განცდის) ღირსი ხდება სულიერი ცხოვრებით მცხოვრები ყოველი ქრისტიანი. მაგრამ წმინდანთა შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც ღმერთს მის ღვთაებრივ ენერგიებში ჯერ კიდევ სხეულში ყოფნისას ჭვრეტდნენ ხილულად. გარდაცვალებამდე ღვთის ამგვარად ხილვის ღირსნი გახდნენ წმინდა მოციქული პეტრე, იოანე, იაკობი და პავლე, წმინდა გრიგოლ ხანძთელი, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, წმინდა სერაფიმე საროველი და სხვანი. ვის ეყოფა კადნიერება, მათ მოწმობაში ეჭვი შეიტანოს?!
მაგრამ თუ ვინმეს მაინც ეყოფა კადნიერება:
ქრისტიანობა გვთავაზობს რეალურ გზას - წმინდა ეკლესიურ ცხოვრებას, გვაძლევს საშუალებას შევამოწმოთ და თავად შევიგრძნოთ ღვთის არსებობა, განვიცადოთ უფალი, ანუ ვიხილოთ ღმერთი.
რას გვთავაზობს ათეიზმი? რომელმა დაამტკიცა ღვთის არარსებობა? შეუძლია კი მეცნიერებას ამის დამტკიცება? მისი კვლევის საგანი ხომ ფიზიკაა და არა მეტაფიზიკა.
თუ ათეისტს ვკითხავთ, როგორ მიხვდა ღვთის არარსებობას, პასუხად დუმილს მივიღებთ.
ღვთის არარსებობის „თვითმხილველნი“ არ არსებობენ. ათეიზმს არც ღვთის არარსებობის დამტკიცება შეუძლია და ვერც იმ გზას დაგვანახებს, ღვთის არარსებობაში რომ დაგვარწმუნებდა.
ათეიზმი არის რწმენა და რწმენათა შორის ერთადერთი, რომელსაც თავისი ნამდვილობის დამამტკიცებელი არც ერთი არგუმენტი არ გააჩნია.
შეიძლება დამტკიცდეს მოსაზრება, რომელსაც: ა) ობიექტური, რეალური ფაქტები და ბ) ამ ფაქტების შემოწმების გზა მოეპოვება. რელიგიას ორივე აქვს, ათეიზმს კი არც ერთი არ გააჩნია; რელიგია ორივე მოთხოვნას აკმაყოფილებს, ათეიზმი კი - ვერც ერთს.
პროფესორ ა. ოსიპოვის ლექციის მიხედვით
მოამზადა მღვდელმა თეოდორე გიგნაძემ
ჟურნალი „კარიბჭე“, ივლისი, 2004 წ.