მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ევანგელისტ ქრისტიან-ბაპტისტების
სექტის მოკლე ისტორია

 

ბაპტისტების სექტის პირველი საკრებულო 1633 წელს ინგლისში წარმოიშვა. ვინმე ჯონ სპილსბერის ხელმძღვანელობით ანგლიკანული ეკლესიის ე.წ. პურიტანულ ფრთას გამოეყო ჯგუფი, რომელსაც სურდა ისე მონათლულიყო როგორც მათი აზრით, მოინათლენ მოციქულები, ანუ შთაფლვით. ნათლობისადმი მათეული შეხედულებიდანვე მომდინარეობს მათი სახელწოდება (ბაპტ…ზწ - ვნათლავ, ვშთაფლავ).

 

ექვსი წლის შემდეგ ბაპტიზმი ვრცელდება ამერიკაში, სადაც მისი ცენტრი როდ-აილენდის შტატი გახდა, აქ მას ხელმძღვანელობს ვინმე როჯერ უილიამსი, რომელმაც 1639 წელს ამერიკაში 12 კაცისგან შემდგარი პირველი ბაპტისტური საკრებულო დააარსა.

 

1643 წლისთვის ლონდონში უკვე არსებობდა ბაპტისტთა 7 საკრებულო. ამას მოჰყვა ეპისკოპალური ეკლესიის მხრიდან ბაპტისტთა შევიწროება, რასაც დაერთო ხელისუფლებისგან დევნაც, რადგანაც მათ მიიღეს მონაწილეობა ხელისუფლებისადმი ოპოზიციასა და შეთქმულებაში. ასე გრძელდებოდა 1689 წლამდე, მანამ ვიდრე ტახტზე არ ავიდა ვილჰელმ ორანელი, რომელმაც ინგლისში მიიღო რჯულ-შემწყნარებლობითი აქტი.

 

პირველ ხანებში, სამხრეთ ამერიკაში ბაპტისტთა სექტის ზეგავლენა უმნიშვნელო იყო. მაგრამ უკვე XVIII ს-ის დასასრულს ე.წ. „სამქადაგებლო კავშირის“ დაარსების შემდეგ, ხსენებული კავშირის მესვეურებმა მიზნად დაისახეს, არა ბაპტიზმის, როგორც ახალი მოძღვრების გავრცელება, არამედ, თითქოსდა, მხოლოდ ამერიკელ ზანგთა შორის, დოგმატების, წესებისა და სიმბოლური ნიშნებისაგან თავისუფალი ქრისტიანობის ქადაგება. ბაპტისტურმა მოძრაობამ თანაგრძნობა და ფინანსური მხარდაჭერა მიიღო მონათმფლობელ, მდიდარ ამერიკელთაგან. რასაც მოჰყვა ამერიკაში ბაპტისტების მიერ მრავალი სხვადასხვა კოლეჯისა და სასწავლებლის დაარსება. მოგვიანებით იქმნება ამერიკელ ბაპტისტთა მისიონერული ცენტრი. ეს ცენტრი მოძლიერების შემდეგ იწყებს ქადაგებას სარწმუნოებრივი აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ, (კერძოდ სხვა და სხვა რელიგიური მიმდინარეობის შეზღუდვის ხარჯზე თავისთვის, სრული თავისუფალი ქადაგების უფლების მოპოვება) და სახელმწიფოსაგან ეკლესიის გამოყოფის პრინციპის გატარება. 1845 წლის შეკრებაზე სამხრეთელ და ჩრდილოელ ამერიკელ ბაპტისტებს შორის ხდება განხეთქილება მონათმფლობელობის საკითხთან დაკავშირებით, რაც მრავალი ათეული წელი გრძელდება.

 

ამერიკიდან ბაპტიზმი გავრცელდა გერმანიაში. გერმანიაში ბაპტიზმის დამფუძნებელი იყო იოჰან ონკენი (1800-1884 წწ.), რომელიც თავდაპირველად ე.წ. კონგრეგაციონალისტთა ეკლესიას მიეკუთვნებოდა. სავაჭრო საქმეების გამო ჩასული, ამერიკაში იოჰან ონკენი ეცნობა ბაპტისტურ მოძრაობას. გერმანიაში დაბრუნებული იგი იჩენს თანამოაზრეებს. 1834 წელს, 6 თანამოაზრესთან ერთად ინათლება მდინარე ელბაში, ჰამბურგში ჩასული ჰამილტონის ბაპტისტური საღვთისმეტყველო ინსტიტუტის პროფესორ ბერნარდას სირსის მიერ. მისიონერული ცენტრისგან ონკენს ევალება გერმანიაში მისიონერული საქმიანობის ხელმძღვანელობა, ბაპტისტური ცენტრით ჰამბურგში. გერმანიის სახელმწიფო თავდაპირველად წინააღმდეგობას უწევს ბაპტისტთა სექტას. მხოლოდ პრუსია იღებს მათ მეგობრულად, მაგრამ 1870 წელს გერმანიის იმპერიის დაარსების შემდეგ საქმის ვითარება იცვლება და ბაპტისტები ნელ-ნელა არა მარტო მთელს გერმანიაში, არამედ დანიაში, შვედეთში, ავსტრიაში, ჰოლანდიაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და რუსეთში აღწევენ.

 

პირველი ბაპტისტური საკრებულოები იმდროინდელ რუსეთის იმპერიაში დაარსდა: თბილისში, ოდესასა და პეტერბურგში.

 

1867 წლის 20 აგვისტოს გერმანელმა ბაპტისტმა მარტინ კალვეიტმა მდინარე მტკვარში მონათლა ყოფილი მოლოკნელი მოძღვარი ნიკიტა ვორონინი. ვორონინი გარკვეულ ხანს ესწრებოდა კალვეიტის გერმანულ ბაბტისტური საკრებულოს სხდომებს თბილისში, მაგრამ მას შემდეგ, რაც 1869 წელს ბაპტისტებად მოლოკანთა ორი ოჯახი მოინათლა, დაარსა პირველი რუსული ბაპტისტური საკრებულო.

 

რუსეთში მისიონერულ მოგზაურობებს პირადად ონკენიც აწყობდა, მისგან მიიღო ნათლობა ეინლოგე უნგერმა, რუსეთში, სამხრეთ უკრანიაში არსებულ გერმანელთა კოლონიებში მენონიტების იდეების მქადაგებელმა, რომელმაც, თავის მხრივ, მონათლა სოფელ კარლოვკის მკვიდრი გლეხი ეფიმ ციმბალი (1869 წ.). ამავე წელს ციმბალმა სოფელ ლიუბომირკაში მონათლა რიაბოშაპკა, 1871 წლის 8 ივნისს რიაბოშაბკამ მონათლა ოდესის მაზრაში (ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული მეფის რუსეთში, რაიონის შექმნამდე) რატუშნი და მასთან ერთად 48 ადამიანი.

 

პეტერბურგში 1874 წლიდან, ინგლისურ-ფრანგულ ენებზე, ევანგელიზმის ქადაგებას იწყებს ინგლისიდან ჩამოსული ვინმე ლორდი გ. რედსტოკი. მისი მსმენელები მაღალი წრის ადამიანები არიან, მალე ევანგელიზმი მიიღეს გრაფმა მ. კორფმა, გრაფმა ბორდინსკიმ და გვარდიის პოლკოვნიკმა ვ. პაშკოვმა. ისინი მანამდე უცხოეთში ყოფნისას უკვე გაევანგელისტებულ ქალბატონებთან: ე. ჩარტკოვას, ნ. ლივენსა და ვ. გაგარინასთან იწყებენ პეტერბურგში ე.წ ევანგელისტურ-ქრისტიანული მოღვაწეობას.

 

XIX ს-ის დასასრულსა და XX ს-ის დასაწყისში არსებობდა არაერთი მცდელობა რუსეთში, ბაპტისტებისა და ევანგელისტი ქრისტიანების გაერთიანებისა, მხოლოდ 1944 წელს უმეტესობამ (ყველამ არა) მათი საკრებულოებისა დააწესა ცენტრალიზირებული ორგანიზაცია, ე.წ. ბაპტისტურ-ევანგელისტური საბჭო.

 

დღესდღეობით ბაპტისტურ-ევანგელისტური სექტის მსოფლიო ცენტრი არის ვაშინგტონში (აშშ).

 

საქართველოში ბაპტისტურ-ევანგელისტური საბჭოს წევრ სექტანტურ საკრებულოებს ხელმძღვანელობს მალხაზ სონღულაშვილი.

 

ბაპტისტთა ქადაგებები და მოძღვრება შორს არის მართლმადიდებლობისაგან. მიუღებელია მათი შეხედულებები: სწავლამოძღვრებითი წყაროების შესახებ, ეკლესიის შესახებ, არამართებულია სწავლება წმინდანებზე, სიწმიდეებზე. ისინი უარყოფენ საეკლესიო საიდუმლოებებს, მაგალითად: ნათლობა და ზიარება სიმბოლურ წესებად მიაჩნიათ. ასევე მცდარია მათი შეხედულება, თითქოს სინანულის ლოცვის წარმოთქმით ცოდვების პატიება და ა.შ.

 

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“