მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მღვდელი როდიონი

 

ექსტრასენსი. მისი წარმოშობა და არსი, მართლმადიდებლური კონცეფცია

 

 

ეკლესიის დამოკიდებულება ცრუ-მკურნალებისადმი

ბოლო დროს მრავალ ადამიანში წარმოჩინდა უჩვეულო მონაცემები: ბიოველით მკურნალობა, ტელეპატია, ტელეკანები, ნათელმხილველობა თუ წინასწარჭვრეტა და სხვანი. ეს ყოველივე თანამედროვე ცხოვრების მოვლენებია და ამიტომაც ითხოვენ რელიგიურ გააზრებას, ნათელ და მკაფიო განმარტებას.

 

როგორ უნდა შევაფასოთ ამ უჩვეულო მოვლენათა გაჩენა - დადებითად თუ უარყოფითად? მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ასეთი უნარის მქონე ადამიანს შეიძლება თუ არა მიმართოს დახმარებისათვის? შევეცადოთ ვუპასუხოთ ამ კითხვებს. ჯერ მივმართოთ წარსულს - წმინდა ღვთივსულიერი მამათა გამოცდილებას. „საქმე წმიდათა მოციქულთა“, რომელიც ეძღვნება წმ. მოციქულთა მოღვაწეობას იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომისა და ცად ამაღლების შემდეგ, გვიამბობს ვინმე სიმონ მოგვზე, რომელიც „ჰგრძნებდა და განაკვირვებდა ნათესავსა მას სამარიტელთასა, რომელსა ხედვიდეს ყოველნი, მცირეთაგან ვიდრე დიდადმდე და იტყოდეს, ვითარმედ: ესე არს ძალი ღმრთისაჲ დიდი. ხოლო ერჩდეს მას, რამეთუ მრავლით ჟამითგან გრძნებითა განეკჳრვნეს იგინი“ (საქმე 8,9-11).

 

წმ. მოწამე იუსტინე ამ ადგილს ასეთ კომენტარს უკეთებს: „სიმონი იყო მოგვი და გრძნებით თავისკენ იზიდავდა უმეცარ ხალხს, რომელიც მასში დიდ ღვთიურ ძალას ხედავდა“. რა სასწაულებით აცდუნებდა სიმონ მოგვი ხალხს? იმით, რითაც თანამედროვე ექსტრასენსები - კურნებით, ტელეპატიით, ტელეკინებით, ნათელმხილველობით, ლევიტაციით, ჰაერში ამაღლებით, გარდა ამისა, წმ. თეოფილაქტე ბულგარელის მიხედვით, სიმონი „ათვინიერებდა ეშმაკეულთ“, ანუ მაგიური საშუალებებით „დაიყოლიებდა“ ეშმაკს, რომ გარკვეული დროით მიეცა მოსვნება შეპყრობილისათვის, რაც განკურნების ილუზიას ქმნიდა. შემდგომში შეპყრობილობა კვლავ იჩენდა თავს (მსგავსი „სასწაულის“ მოწმენი გახდნენ ტელემაყურებლები, რომლებმაც „მეხუთე ბორბლის“ 1990 წლის ერთ-ერთ გადაცემაში ნახეს, თუ როგორ განდევნა ჯადოქარმა ეშმაკი ერთ-ერთი შეპყრობილი დედაკაცისაგან).

 

სიმონ მოგვს გულწრფელად სწამდა, რომ მოციქულებიც, ისევე როგორც ის, რაღაც მაგიური ხელოვნებით სარგებლობდნენ. მაგრამ აი, ის შეხვდა მოციქულ ფილიპეს, რომელმაც თავისი განსაცვიფრებელი ქადაგებისა და სასწაულების ძალით მოაქცია არამარტო ხალხი, არამედ სიმონ მოგვიც. სიმონის ბრმა რწმენა უძლური აღმოჩნდა ქრისტეს ჭეშმარიტი რწმენის წინაშე. მოინათლა ხალხი და სიმონიც მოინათლა. მოგვი უძლური აღმოჩნდა სულიწმინდის მადლით მოქმედი მოციქულის წინაშე (მსგავსად ეგვიპტელი მოგვებისა, რომლებიც ჯადოქრული საშუალებებით წინ აღუდგნენ მოსეს, მაგრამ ღვთის ძალით დამარცხებულ იქმნენ (გამოს. 7-8).

 

იგივე „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მოგვითხრობს: „მჴევალი ვინმე წინა შემემთხჳა ჩუენ, რომლისა თანა იყო სული პითონი, რომელ არს მისნობისაჲ, რომლისაგან სარეწავი დიდძალი შეუვიდოდა უფალთა მისთა მისნობითა მისითა. ესე მისდევდა პავლეს და ჩუენ, ჴმობდა და იტყოდა: ესე კაცნო მონანი არიან ღმრთისა მაღლისანი, რომელნი გახარებენ თქუენ გზათა ცხორებისათა. და ამას ჰყოფდა დღეთა მრავალთა. განრისხნა პავლე და მიექცა სულსა მას უკეთურსა და ჰრქუა: გამცნებ შენ სახელითა იესუ ქრისტესითა განსლვად მაგისგან. და განვიდა მასვე ჟამსა (საქმე 16,16-18).

 

ნახეთ, როგორია პავლე მოციქულის დამოკიდებულება ბოროტი სულის მიმართ: მიუხედავად იმისა, რომ ქალის პირით იგი ჭეშმარიტებას ღაღადებდა, მოციქულმა ეშმაკის არაწმინდა ბაგეთაგან ჭეშმარიტების მოსმენაც კი არ ისურვა და ამით მოგვცა ნათელი მაგალითი არაწმინდა სულებთან დამოკიდებულებისა მაშინაც კი, როცა ისინი სიმართლეს გვაუწყებენ, რამეთუ ამ ჭეშმარიტების მიღმა იმალება მხოლოდ ერთი სურვილი - შეგიტყუონ მათთან ერთიერთობაში ნდობის მოპოვების მიზნით, რათა შემდეგ წარგვწყმიდონ.

 

კიევ-პეჩორის პატერიკში ვკითხულობთ მონაზონ ნიკიტას, მომავალი ეპისკოპოსისა და საკვირველმოქმედის შესახებ. ამპარტავნებისა და მედიდურობის გამო ვადაზე ადრე დაყუდებული, იგი ცდუნებულ იქნა დემონისაგან, რომლისგანაც მიეცა წინასწარმეტყველების უნარი და მთელი ძველი აღთქმის ზეპირი ცოდნა. ასე რომ „...მასთან მისულს დიდხანს ესაუბრებოდა სულის გადარჩენის შესახებ წმ. წერილის მიხედვით. მან დაიწყო წინასწარმეტყველება, მისი დიდების შესახებ ყველამ გაიგო, ყველა განცვიფრებული იყო მისი წინასწარმეტყველური უნარით. როდესაც კიევ-პეჩორის ლავრის წმ. მამათა ლოცვით მისგან ეშმაკი განდევნილ იქნა, აღმოჩნდა, რომ მას არაფერი ახსოვდა, კითხვაც კი დავიწყებოდა...

 

კიევ-პეჩორის იმავე პატერიკში, ღირსი ლავრენტი დაყუდებულის ცხოვრებიდან ვგებულობთ ვინმე ეშმაკეულის შესახებ, რომელიც ბოროტი სულის ზეგავლენით ლაპარაკობდა ებრაულად, ლათინურად, ბერძნულად და მსოფლიოს ყველა ენაზე, რომლებზეც ადრე არაფერი ესმოდა. იგი წინასწარმეტყველებდა მისთვის მანამდე უცნობ ადამიანებსა და მოვლენებზე.

 

წმ. მღვდელმოწამე კვიპრიანეს ცხოვრებაში ვკითხულობთ, რომ მოგვად მყოფობისას მან „...შეისწავლა ეშმაკის ყველა მანქანება, დაეუფლა დემონურ ქცევებს (ჰაერში ფრენა, წყალზე სიარული და სხვ.), ისწავლა ჰაერის შემადგენლობის შეცვლა, გრიგალის წარმოშობა, ჭექა-ქუხილის გაჩენა, ზღვის აღელვება, ბაღ-ვენახებისა და მინდვრების დაზიანება, ადამიანთა დაწყლულება და დასნეულება, ერთი სიტყვით, ემშაკის შემწეობით შეიძინა განადგურებისა და ბოროტმოქმედების უჩვეულო უნარი. უამრავი მსგავსი მაგალითის მოყვანა მრავლად შეიძლება, მაგრამ, ვფიქრობთ, რომ დასკვნა ნათელია: დემონურ ძალებს შეუძლიათ მიანიჭონ და ანიჭებენ კიდეც ზოგიერთ ადამიანს უჩვეულო ექსტრასენსულ მონაცემებს.

 

 

წმ. მამები ექსტრასენსების შესახებ. წინასწარჭვრეტის სამი სახე

ახლა ვნახოთ, რას მოგვითხრობენ ეკლესიის წმინდა მამების ექსტრასენსულ თვისებებზე. მივმართოთ ღირს მამა სილუანს. მისი აზრით, არსებობს წინასწარჭვრეტის სამი სახე: „...პირველი თავს იჩენს ზოგიერთი ადამიანისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი ინტუიციის ძალით, რომელიც მარხვით მოიპოვება, მეორე - დემონური ზემოქმედებით და მესამე სულიწმიდის მადლით“. წინასწარჭვრეტის რომელ სახეს განეკუთვნება ექსტრასენსთა ნათელხილვა? მხოლოდ პირველ ორს, ვინაიდან მესამე - მხოლოდ რჩეულთ ენიჭებათ ღვთისგან წმინდა ცხოვრებით, მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოპოვებული სულიწმინდის მადლის წყალობით. ამპარტავანთ ეს მადლი არასოდეს ეძლევათ.

 

უფრო ყურადღებით განვიხილოთ პირველი ორი სახეობა.

 

წინასწარმეტყველების პირველი სახე, ბერი სილუანის აზრით, „პატიოსანმა და თავმდაბალმა ადამიანმა შეიძლება კეთილად და სასარგებლოდ გამოიყენოს, რამეთუ ხელს შეუწყობს მოყვასს ახლობლებთან ურთიერთობაში უფრო ფაქიზად აღასრულოს ქრისტეს მცნებები. ამპარტავანსა და ვნებებით დატვირთულ ადამიანს იგი ზიანს მიაყენებს, რადგან ვნებებს განუმრავლებს და წარმოუჩენს დიდ შესაძლებლობებს მათს დასაკმაყოფილებლად.

მეორე სახე მეტისმეტად საშიშია მათთვის, ვინც მას ღებულობს, რადგან ადრე თუ გვიან ამას ადამიანის სულისა და სამშინველის მტკივნეული რღვევა, მისი გარეგნული დამახინჯებაც კი მოჰყვება. ამ სახის წინასწარმეტყელების დროს, თუნდაც სხვათა აზრების წაკითხვის უნარი აღმოაჩნდეს, შინაგანად ძლიერი პიროვნების აზრებს მაინც ვერ ჩაწვდება...

 

რამდენადმე მეტი უტყუარობის წყალობით იგი ზოგჯერ თავს იჩენს იმ მოვლენებთან მიმართებაში, რომელთაც გარეგნული ხასიათი აქვთ. მათ, ვისაც ეს უნარი ენიჭება, იგი აძლევს შესაძლებლობებს ამპარტავნებით დატკბეს. ... და საერთოდ, დემონურ ქმედებათა დამანგრეველი, გამხრწნელი თვისებების გამო მას მხოლოდ ზიანი მოაქვს თავის მფლობელისათვის. ეს მხოლოდ დიდი ხნის გავლის შემდეგ ხდება ნათელი“.

 

მრავალ ადამიანს ექსტრასენსული თვისებები იოგასა და სხვა აღმოსავლურ რელიგიებში გაცნობიერების შედეგად აღმოაჩნდებათ. ამის თვალსაჩინო მაგალითია სნობი ჩეხი ექსტრასენსის ფრანტიშეკ ფიერდის მოღვაწეობა. მოსკოვში, პოპოვის სახელობის საზოგადოების ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ფრანტიშეკი სწორ დიაგნოზს უსვამდა დიდ მანძილზე მყოფ ავადმყოფებს და მათი დაავადებისა თუ ცხოვრების ისტორიასაც ჰყვებოდა, აკადემიკოს გ. სპირკინის შეკითხვაზე, თუ როგორ მიაღწია მან ამას, ფიერდმა უპასუხა: „ამის შესაძლებლობას იძლევა ხანგრძლივი იოგური ვარჯიში, რის შედეგადაც ადამიანს შეუძლია გამოთიშოს გონება და ინტელექტი, ინფორმაციის ნაკადი კი მიიღოს ქვეცნობიერის დონეზე“.

 

აქ ექსტრასენსული მონაცემის წყარო სავსებით ნათელია, სპეციალური დიეტით, ჰათჰა-იოგას გარკვეული ვარჯიშების შესრულებით, იოგას ფილოსოფიურ სწავლებაში ჩაღრმავებითა და ხშირი მედიტაციით ადამიანი იხსნება გარკვეული კოსმოსური ძალების მხრიდან პირდაპირი ზემოქმედებისათვის, ჩაერთვის მათს „იერარქიაში“, ღებულობს ქაჯურ ცოდნას და „ნიჭებს“. იოგაში გამომუშავებულია მკვეთრი მეთოდიკა: გააკეთე ესა და ეს და შეიძენ ზებუნებრივ ძალას, და, მართლაც, შეიძენ. მაგრამ საიდან და რის ხარჯზე? ამაზე აღმოსავლელ მასწავლებლებს არ უყვართ საუბარი და, როგორც წესი, მიუთითებენ უსახურ კოსმოსურ ენერგიასა და ადამიანის შინაგან პოტენციალზე. (მე თავად საკუთარი ძალებით შემიძლია ყველაფერი, ან, უფრო მარტივად - მე ვარ ღმერთი). სწორედ ასეთი აზრის გამო დაეცა ნათლის ანგელოზი ზეციდან და გახდა სატანა (ისაია 14,14). ზებუნებრივ ძალთა შეძენის სხვა საშუალება არის ცოდნის შეძენა უშუალო დემონურ იერარქიაში ჩართული მასწავლებლისაგან. თუკი ადამიანმა ირწმუნა და მიენდო იოგას, ჯადოქარსა თუ ექსტრასენსს, იგი თავადაც სატანით შეპყრობილი ხდება ისევე, როგორც ავადმყოფთან ხშირ კონტაქტში მყოფ ჯანმრთელ ადამიანს მძიმე სენი გადაედება. ზებუნებრივ „ნიჭთა“ ზრდა-განვითარება მასწავლებლის ცდასა და მოსწავლის გულმოდგინებაზეა დამოკიდებული.

 

ამასთანავე, განდობა შეიძლება მოხდეს მოსწავლის ნების გარეშეც. ამისათვის ზოგჯერ მხოლოდ დაჟინებული ინტერესი და ნდობა კმარა.

 

მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ტრანსცენდენტალური მედიტაცია (ტმ), რომელმაც განვითარება ჰპოვა აშშ-ში, ჩვენი საუკნის 70-იან წლებში. ტმ-ში ვარჯიშის შედეგად, მათი დამაარსებლების რეკლამის თანახმად, ადამიანი აღიჭურვება მძლავრი სასიცოცხლო ძალებით, მუდმივი სიხარულით, სიმშვიდითა და ჯანმრთელობით. ამ კურის გავლის მსურველებმა გურუს (მასწავლებლის) განდობის სპეციალურ ოთახში უნდა მიართვან კალათით ყვავილები და ხილი. ეს ძღვენი იდგმება უკვე მეორე გურუს პორტრეტთან, რომელიც აღარ არის ცოცხალი და რომლისგანაც პირველმა გურუმ ეს ცოდნა მიიღო. აქვე აინთება სანთელი, აბოლებენ, პორტერტის წინ რიტუალი გრძელდება ნახევარ საათს. ცერემონიალში შედის წყნარი სიმღერა სანსკრიტზე (რომლის აზრი მოსწავლეთათვის არ არის ცნობილი) და სიმღერა იოგას ადრინდელ მასწავლებელთა სახელების მოხსენიებით.

 

ცერემონიის დასასრულს განდობილს მიეცემა მანტრა (საიდუმლო საკნსკრიტული სიტყვა), რომელიც მან მედიტაციის დროს განუწყვეტლივ უნდა იმეოროს. განდობილს არასოდეს არ გააცნობენ ამ ცერემონიალის შინაარსს, ის მხოლოდ მასწავლებლისთვისაა ცნობილი.

 

სხვათა შორის, ეს რიტუალი სხვა არაფერია, თუ არა თაყვანისცემა ინდური ღმერთის „ფუჯასი“ და გაღმერთებული გურუ მახარიშისა. ასე რომ თანამედროვე ურელიგიო ადამიანი ჩათრეული აღმოჩნდება პრაქტიკულ ცრუ-რელიგიურ რიტუალებში ისე, რომ ეჭვადაც არა აქვს, თუ რასა იქმს. მას სრულიად გაუაზრებლად აკეთებინებენ იმას, რისგან გადასარჩენადაც მისი ქრისტიანი წინაპრები ტანჯვითა და წამებით სიკვდილს არჩევდნენ. იგი მსხვერპლს სწირავს წარმართულ კერპებს. სულიერ სფეროში შესაძლოა ეს ცოდვა მეტად განაპირობებდეს ტმ-ის არნახულ წარმატებას, ვიდრე მისი დაუფლების ფსიქიკურ მეთოდიკას. მოცემული მანტრის მუდმივი გამეორება ადამიანს სავსებით გადართავს გარკვეულ ტალღაზე (ვიბრაციაზე) და აკავშირებს მას, ასე ვთქვათ, ვიბრაციის გენერატორთან. და, თუ უმთავრესი ინდუისტური მანტრა („უმ“), როგორც ამას ზოგიერთი მონაცემები გვაუწყებენ, თვით სატანის ვიბრაციას წარმოადგენს, ხოლო „ბჰაგავატ-გოტას“ მანტრა „ჰარი-კრიშნა“ თარგმანში ნიშნავს „შავ მადლს“, სავსებით გასაგებია, საით მივყვართ ამ გზას. თუმცა დემონურ ძალებთან კავშირი უკვალოდ არ ქრება. მისი შედეგი მსწრაფლ იჩენს თავს.

 

დღიდან დაცემისა დემონები მოკლებულნი არიან აღმშენებლობით უნარს. ისინი დამანგრეველად მოქმედებენ ყველაზე, ვინც კი მათ მიენდობა. ამერიკელი მღვდელ-მონაზვნის სერაფიმ როუზის წიგნში მოცემულია ცნობები იმის შესახებ, თუ როგორ დაეწყოთ ოკულტიზმით გატაცებულ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს გონებრივი და ემოციური დარღვევები, როგორ იმატა მათ შორის თვითმკვლელობამ, მკვლელობამ, ეშმაკით შეპყრობილობამ და სხვ.

 

 

ენერგიის მიღებისა და გადაცემის ექსტრასენსული მეთოდები

მრავალი ახლადგამოჩენილი მკურნალი გვთავაზობს ბიოველით მკურნალობას. ისინი არწმუნებენ თავიანთ პაციენტებს, რომ საკუთარ ენერგიას გადასცემენ მათ. აღმოსავლური რეფლექსოთერაპიის მონაცემებით თითოეული ადამიანი ფლობს სასიცოცხლო ენერგიის გარკვეულ მარაგს, რომელიც მსგავსია სისხლძარღვებში განუწყვეტლივ გამდინარე სისხლისა, ცირკულირებს ერთმანეთთან დაკავშირებული ენერგეტიკული მერიდიანებით, რომლებიც ასევე დაკავშირებულნი არიან ერთმანეთთან. თუკი რომელიმე მერიდიანში წარმოიქმნება ენერგეტიკული საცობი, ან ენერგიის უკმარისობა, მაშინ ამ მერიდიანის შესაბამისი ორგანო (ღვიძლი, გული, ფილტვი და ა.შ.) ავადდება. ნემსთერაპია და წერტილოვანი მასაჟი ამ ენერგიის ნორმალური ცირკულაციის აღდგენისა და მისი სწორი გადაადგილებისაკენ არის მიმართული. აკადემიკოს ა.გ.სპირკინის ლაბორატორიის მონაცემებით, „სენსიტივი (ექსტრასენსი) თითქოსდა ხელს უწყობს ენერგიის გადანაწილებას ჯანსაღიდან დაზიანებული ორგანოსაკენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში მას თავისი ენერგიის გარკვეული ნაწილის ავადმყოფისათვის გადაცემაც შეუძლია. მაგრამ ეს ენერგია არ არის უსახო, იგი თავისი მფლობელის მთელ ინფორმაციას ატარებს. გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ ეს შეეხება ბებიაქალის მიერ „შელოცვილ... ექსტრასენსის ან ჯადოქრის მიერ მონუსხულ ნივთებსაც. აი, ამავე ლაბორატორიის დასკვნებიც: „ავადმყოფს, მაგალითად შიზოფრენიკს, სხვათა კურნების არანაირი უფლება არა აქვს. მისი ავადმყოფური ინფორმაცია, შეიძლება, ჯანსაღ ადამიანს გადაეცეს“. ამგვარად, ექსტრასენსის „მე“-ს ნაწილაკი გადაეცემა პერპეციენტს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. თუ ექსტრასენსი ვნებიანი ადამიანია, „ეს ვნებები ამა თუ იმ რაოდენობით გადადის ისევე, როგორც ინფორმაცია იმ ავადმყოფობათა შესახებ, რომლებითაც ექსტრასენსი იყო დაავადებული. მიმდინარეობს უკუპროცესიც - ყველა ავადმყოფობა, რომელსაც ექსტრასენსი კურნავს, რამდენამდე შესუსტებული სახით მასზეც გადადის და, თუ ის ასე თუ ისე მიდრეკილია ავადმყოფობისკენ, თვითონაც ავადდება. ადამიანები, რომლებიც საკუთარი ენერგიით სხვებს მკურნალობენ, როგორც წესი, ბოლოს და ბოლოს ძალზე მძიმედ ავადდებიან. მრავალნი ახალგაზრდობის წლებშივე დასნეულებულან უკურნებელი დამბლით. ის ადამიანიც, რომელსაც ისინი კურნავდნენ, თუკი ავადმყოფობის მიზეზი არ ისპობოდა, კვლავ ავადდებოდა.

 

ენერგიის მიღების სხვა ხერხი, მათივე თქმით, არის კოსმოსი.

 

კოსმოსი აბსტარაქტული ცნებაა და სურვილის შემთხვევაში ძალზე მოსახერხებელია მის მიღმა „საკვირველმოქმედ ძალთა“ ნამდვილი წყაროების მიჩქმალვა. ვცადოთ, გავერკვეთ მათში.

 

ექსტრასენსებთან მრავალრიცხოვანი საუბრის შემდეგ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მუშაობის დროს მათზე გადმოდის მათკენ მომდინარე ენერგიის დიდი ნაკადი და ისინიც იყენებენ მას. საიდანაა ეს ენეგონავტი, მათ არ იციან ან, შესაძლოა, გამხელა არ უნდათ. თუკი ენერგია გამომდინარეა, მაშინ არსებობს ვიღაც, ვისგანაც იგი მოედინება.

 

ვინ არის ის?

 

როგორც მათეს სახარებაშია ნათქვამი, „ნაყოფისაგან ხე იგი საცნაურ არს“ (მათე 1,23). იაკობ მოციქული კი გვაფრთხილებს: „...ვერცა ერთი წყაროჲ მარილიანსა და ტკბილსა წყალსა აღმოცენებად... ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ნდომად გულტა შინა თქუენთა, ნუ იქადით და ნუ სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა. არა არს ესე სიბრძნე ზეგარდამოსული, არამედ ქყეყანისაჲ მშვინვიერი და საეშმაკოჲ“ (იაკობ 3,12,14-15).

 

ზემოთქმულს კარგად ადასტურებს წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის სიტყვები. იგი წერს: „სწრაფვა სასწაულების მოხდენისაკენ სასტიკადაა დაგმობილი წმ. მამათა მიერ. ასეთი სწრაფვით მჟღავნდება რომ სულში ცოცხლობს ხიბლი, რომელიც დიდებისმოყვარეობასა და პატივმოყვარეობაზეა... სასწაულებით დაფუძნებული. ეს სურვილი უჩმდებათ ხორცის განხურვებით მოჭარბებული ვნებების გამო, შესაძლოა მას ჰგონია კიდეც, რომ საღმრთო შურით არის აღძრული. ასევე ხიბლის და განხურვების მდგომარეობაში არიან ისინი, ვისაც სასწაულების ხილვა სწყურია“. მაშ ასე, თუკი ექსტრასენსული უნარის მქონე ადამიანი პატივმოყვარე, ამპარტავანი, დიდებისმოყვარე და შურიანია და, თუ გააჩნია მიდრეკილებები გახრწნილებისა და ვერცხლისმოყვარეობისაკენ, მოკლედ რომ ვთქვათ, თუ ბინძური ვნებებითაა აღსავსე, ნათელია, რომ ეს უნარი დემონური ხასიათისაა. ძალა, რომლითაც ის მოქმედებს, ეშმაკისეულია, იგი ანადგურებს როგორც ექსტრასენსს, ასევე მის პაციენტსაც.

 

კიეველი მეცნიერის რეშეტნიკოვას მონაცემებით, რომელმაც ადამიანის სისხლზე ექსტრასენსთა ზემოქმედების შედეგები გამოიკვლია, დადგენილია, რომ მაგნიუმისა და რკინის შემცველობა სისხლში ოპერატორის ზემოქმედების შედეგად თითქმის ორჯერ გაიზარდა ან შემცირდა. რეშეტნიკოვა ეფუძნებოდა ფრანგი მეცნიერის ლუი კერვარანის გამოკვლევას, რომელმაც დაამტკიცა, რომ არსებობს ისეთი ფიზიკური პროცესი, როგორიცაა ტრანსმუტაცია (ელემენტების გარდაქმნა).

 

ექსტრასენსთა ზეგავლენით პერციპიენტის ორაგანიზმში, კერძოდ კი სისხლში ელემენტთა ტრანსმუტაციის შედეგად ხდება ქიმიური ბალანსის ცვლილება, რაც, მეცნიერთა მონაცემებით, იწვევს კიბოს, და შესაძლოა, შიდსსაც კი.

 

ადამიანები, რომლებიც მკურნალობდნენ ექსტრასენსებთან და დროებით შეუმსუბუქდათ ტკივილები, კვლავ და კვლავ ეძიებენ ენერგიის ახალი მარაგით შევსების შესაძლებლობას. ნაწილობრივ ხდებიან ტელეპატომანები (ანუ მოუთმენლად ელოდებიან ტელევიზიით ექსტრასენსთა გამოსვლას და მის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიათ, ე.ი. კარგავენ საკუთარ ნებას), რამეთუ დარღვეულია შინაგანი ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მათ უცხო ზემოქმედებისაგან იცავდა. ისინი ადვილად ექცევიან ნებისმიერი, კერძოდ ბოროტი ნების ადამიანისაგან დემონური ზემოქმედების ქვეშ, მათი სული ეძიებს მსგავს ზეგავლენას, იწყება სხვა ექსტრასენსთა ძებნა, დაუყოვნებლივ მოდის შესაბამისი ინფორმაციაც და ადამიანი იწყებს ცხოვრებას მკაცრად განსაზღვრული გზით. ცხადია, არა ქრისტეს გზით. ვშიშობ, რომ ქრისტესთან მისვლას ისინი ძნელად შეძლებენ!

 

გარდა ამისა, ექსტრასენს-სატანისტები საელისა და ფულის მოხვეჭისათვის იყენებენ ორგანიზმში ენერგიის გადანაწილების ბარბაროსულ მეთოდს, რის შედეგადაც ავადმყოფი ორგანო ღებულობს ჯანმრთელისაგან ენერგიის ნაკადს და იკურნება, ჯანსაღი კი ავადდება. ასე მაგალითად, იკურნებიან წყლულისაგან, მაგრამ მალე ინფარქტით კვდებიან. სეანსის დროს მათ მიერ გამოიყენება პაციენტისაგან ენერგიის ამოტუმბვის პრაქტიკა. ავადმყოფთან მყარდება ხანგრძლივი ენერგეტიკული კავშირი და ამ არხით მისგან ენერგიას მომავალშიც ამოტუმბავენ. მათ, ვითომც სხვათა ავადმყოფობა თავიანთ თავზე გადააქვთ, ხოლო თავიანთ ჯანმრთელობას მათ გადასცემენ, რათა განკურნონ ისინი. ცხადია, ეს სულაც არ არის ასე. კეთილშობილური სწრაფვა შეიძლება ჰქონდეთ დამწყებ, ასე ვთქვათ, გამოუცდელ ექსტრასენსებს, რომლებიც მალე ან თავად ავადდებიან და წყვეტენ სხვათა მკურნალობას, ან მიმართავენ ენერგიის მიღები ძირითად მეთოდს (დემონური ძალებისაგან). მკურნალობის პროცესში ექსტრასენსის ძალისხმევა უმეტესწილად იქითკენ არის მიმართული, რომ შექმნას ბარიერი ავადმყოფობისაგან თავის დასაცავად. რადგან ავადმყოფობის წარმოშობის ონტოლოგიური მიზეზის მოსპობა მათ არ შეუძლიათ (ეს მხოლოდ ღვთის ხელშია), ამიტომ ექსტრასენსებს ავადმყოფობა გადააქვთ ან სხვა ორგანოზე, ან კიდევ სხვა ადამიანზე. ცხადია, ძნელია ამ მეთოდს კეთილშობილური ვუწოდოთ.

 

მაშ ასე, ერთ შემთხვევაში ექსტრასენსი გასცემს ენერგიას, სხვა შემთხვევაში კი ითვისებს. წინააღმდეგობაა? სულაც არა. თუ, დავუშვათ, ისინი ენერგიის 70%-ს ითვისებენ, უკან მხოლოდ 10%-ს გასცემენ. ასე მუშაობს ჯუნა, კაშპიროვსკი, რუცკო, ჩუმაკი და მრავალი სხვა.

 

აი, რას წერს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი ა.კ.სპირკინი ჯუნას შესახებ: „რა მაინტერესებს მე, როგორც მეცნიერს? თუნდაც ის, რომ ჯუნა საღამოხანს 3-4 საათის განმავლობაში 120-მდე პაციენტს ღებულობდა, როცა იგი მოსკოვში სასტუმროში ცხოვრობდა. თუ მასთან დილით მიხვიდოდით - ის მოთენთილი და გაცრეცილი იყო (სამწუხაროდ, კიდეც ეწევა). მივედით მასთან ბინაში, სადაც ის მსურველებს ღებულობს. მოდის 10 ადამიანი, მე-20, 70-ე და ჯუნა მოთამაშეს ემსგავსება, წაისულელებს, აზარტულად იქცევა, ანუ ემოციური აღმავლობის მდგომარეობაში იმყოფება. საღამოს კვლავ რესტორანში ცეკვავს, იწვის და დუღს თავისი ენერგიის ცეცხლით. სასტუმროში გვიან ღამით ბრუნდება“. ამ მონათხრობის კარგი დამატება მოიპოვებს სტატიაში, რომელიც 1987 წ. ჟურნალ „ბულგარეთის ცეცხლში“ გამოქვეყნდა. მასში ჯუნას ნაცნობი ჟურნალისტი წერს, რომ არ არსებობს ადამიანი, მასთან ემკურნალოს და ხელახლა არ დაავადებულიყოს.

 

განა ეს აშკარა ენერგეტიკული ვამპირიზმი არ არის? სიმთვრალე, სიგარეტი და ღამის გასართობები ფიტავენ ორგანიზმს, რაზეც ჯუნას აპათია და მოღვენთილი სახე მეტყველებს. ავადმყოფთა მიღების დროს, რომელთაგან ასე ადვილია ენერგიის მიღება, მას კვლავ უბრუნდება ძალა და მხნეობა. მექანიზმი გასაგებია. ბუნებრივია, რომ ავადმყოფობებიც კვლავ მალე იჩენენ თავს. კარგია, თუ ეს საშინელებები ავადმყოფთათვის საბედისწერო არ აღმოჩნდა, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა კაშპიროვსკის ტელესეანსების დროს.

 

ეს უკანასკნელი, სხვა ექსტრასენსთა თქმით, ასე მოქმედებს: თუ ადამიანი ყურადღებით უყურებს, ან ისმენს კაშპიროვსკის ტელესეანსს, მაშინ მათ შორის უმალვე მყარდება უხილავი ენერგეტიკული კავშირი. ყურადღებას რაიმე ობიექტზე რომ აფიქსირებს, ადამიანი თავისი ბიოველით მასთან კონტაქტში შედის.

 

ასეთია ჩვენი ბუნება. აფიქსირებს რა თავის ყურადღებას რაიმე საგანზე ადამიანი, თავისი ბიოველით მიიზიდება საგნისაკენ და შედის მასთან კონტაქტში. მაგალითად, როცა წიგნს ვკითხულობთ, ჩვენ უხილავად ვამყარებთ კავშირს მის ავტორთან (თუნდაც ავტორი გარდაცვლილი იყოს) და სულის იმ მდგომარეობასთან, რომელშიც იმყოფებოდა მწერალი თავისი ნაწარმოების შექმნის მომენტში. მკითხველში ჩნდება იგივი გრძნობები და აზრები, ხოლო განსაკუთრებით ფაქიზად მგრძნობიარე ადამიანებში - იმავე შეგრძნებათა განცდაც. ადამიანის ბუნების სწორედ ამ თვისების გამო გვირჩევენ წმ. მამები სახარებისა და წმ. წერილის კითხვას. ამ დროს მკითხველი უკავშირდება ღმერთსა და წმინდანებს, და მათს აზრებსა და გრძნობებში შესვლით სულიერად თავადაც მდიდრდება და იზრდება. გარდა ამისა, წმინდანები გრძნობენ, როცა მათ შრომებს კითხულობენ და ლოცულობენ მკითხველის სულის საოხად.

 

ბინძური ვნებებით აღსავსე ადამიანთა მიერ შექმნილი, მით უფრო დემონური (იოგას სწავლებათა და სხვ.) ლიტერატურის კითხვა მათგან სწორედ იმიტომ არის საზიანო, რომ შეიძლება მათი ვნებები გადაგვედოს. მსგავსი ტექსტების კითხვისას მკითხველი იხსნება უწმინდურ სულთა ზემოქმედებისათვის. აი, რას ამბობს ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ეშმაკის ყველა გამოვლინებას ის საერთო თვისება აქვს, რომ მის მიმართ გამოვლენილი სულ მცირე ყურადღებაც კი საშიშია. ერთი ასეთი ყურადღება, თუნდაც ყოველგვარი თანაგრძნობის გარეშე გამოვლენილი, უდიდეს დაღს ასვამს ადამიანს, უმძიმეს განსაცდელს განუმზადებს მას.

 

კაშპიროვსკის სეანსის მონაწილეებმა (თუნდაც ისინი უბრალო ტელემაყურებლები იყვნენ) უმალვე განიცადეს მისი ზემოქმედება. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ექსტრასენსებმა, რომლებიც კაშპიროვსკის მუშაობას აკვირდებოდნენ, დაადასტურეს, რომ ხედავდნენ, თუ როგორ მოედინებოდა დარბაზისაკენ მისგან გამომავალი ენერგეტიკული ძაფები. ამ უხილავი „გამტარებით“, რომლებივ დარბაზში მყოფთა წარბებსა და ხელის მტევნის არეში შეიჭრნენ, უმალვე დაიწყო ენერგიის ამოტუმბვა.

 

„კი, მაგრამ ზოგიერთები რატომღა იკურნებიან?“ - იკითხავთ თქვენ. პასუხი მარტივია. წარმოიდგინეთ გაჭუჭყიანებული წყლის მილები, რომლებშიც წყალი არ გადის იმის გამო, რომ ისინი სიბინძურით არიან გამოტენილნი. მაგრამ აი, რთავენ ტუმბოს, არღვევენ ჭუჭყის საცობებს და წყალი იწყებს დენას მძლავრი ნაკადით. იგივე სურათი იქმნება სეანსის დროს. აი, რატომ არის, რომ ზოგიერთ ადამიანში ენერგიის ამ სახით აღდგენა განკურნებას იწვევს, ხოლო სხვები, განსაკუთრებით სუსტები, სიკვდილამდე მიჰყავს.

 

გარდა ამისა, ჩვენს მიერ გამოკითხული ზოგიერთი ექსტრასენსი, რომლებიც კაშპიროვსკისა და რუცკოს სეანსებს აკვირდებოდნენ, ამჩნევდნენ, როგორ ამოტუმბავდნენ ისინი ენერგიას დარბაზში მყოფთაგან, შემდეგ კი ენერგიის უმნიშვნელო ნაწილს უბრუნებდნენ ზოგიერთს შერჩევით. ასე კურნავდნენ ისინი ზოგიერთს, ასე ახდენდნენ ამ ბედნიერ გამონაკლისთა დემონსტრირებას.

 

ყოველივე ეს კიდევ უფრო დიდი ნდობისა და დიდების შარავანდედის მოპოვებას ისახავდა მიზნად.

 

შევაჯამოთ ზემოთქმული. უპირველესად ყოვლისა, ის უნდა ითქვას, რომ ექსტრასენსები თავიანთი ენერგიით, როგორც წესი, არ კურნავენ. მეორეც, მათ მიერ ჩატარებული მკურნალობის დროს გამოიყენება პაციენტისათვის საზიანო ენერგეტიკული ვამპირიზმი. და, ბოლოს, ისინი იყენებენ დემონურ ენერგიას, რომელსაც ასევე, მხოლოდ ზიანი მოაქვს პაციენტისათვის.

 

მოვიყავნ დამახასიათებელ მაგალითს, ჩემი ნაცნობი ქრისტიანის, პროფესიით ანტიკვართა რესტავრატორის, მონათხრობს: „ერთხელ მე შევიარე ჩემს ნაცნობ ანტიკვარების კოლექციონერთან. ადრე მისგან მრავალი დაკვეთა მიმიღია, მაგრამ შემდეგ ჩამოვშორდი, რადგან გადავწყვიტე სამუშაო მხოლოდ ეკლესიისათვის შემესრულებინა. სუსტად ვიყავი, თავს ცუდად ვგრძნობდი. ამის შესახებ ვუთხარი ბინის პატრონს, რომელიც ექსტრასენსი აღმოჩნდა. მან დამაწვინა დივანზე და ათი წუთის განმავლობაში მიტარებდა პასების სეანსს. თავის ტკივილმა გამიარა, მაგრამ კარგად მაინც არ ვიყავი. მალე გამოვემშვიდობე და ჩქარა წამოვედი მისგან. სახლში მისვლისას ენერგიის საოცარი მოზღვავება გივრძენი. ღამის სამ საათამდე ვმუშაობდი საკოლექციო საგნების რესტავრაციაზე, რომლებსაც ეკლესიასთან არავითარი კავშირი არ ჰქონდა. შემდეგაც რამოდენიმე კვირის განმავლობაში უწყვეტლივ ვმუშაობდი, მაგრამ არა ეკლესიისათვის, საეკლესიო ნივთების ხელში აღება, უბრალოდ, აღარ შემეძლო. ეკლესიაში სიარულს თავი დავანებე, ლოცვაც შევწყვიტე, განიჩნდა ფულის კეთების წყურვილი, აღმიდგან კოლექციონერებთან ურთიერთობის მივიწყებული სურვილი. გამუდმებით ვგრძნობდი, რომ საკუთარ ტყავში ვეღარ ვეტეოდი. მხოლოდ ნებისყოფის დიდი დაძაბვით შევძელი მონასტერში წასვლა. წრფელი აღსარების, ზიარებისა და ერთკვირიანი იქ მყოფობის შემდეგ (ამ ხნის განმავლობაში ბერები საგანგებო ლოცვებს მიკითხავდნენ) მე კვლავ დავუბრუნდი ეკლესიისათვის საქმიანობას“. აი, როგორ მოქმედებს ადამიანზე ექსტრასენსისაგან შესული დემონური ენერგია. მან იგი ეკლესიას ჩამოაცილა და მისი ცხოვრება თავისი გეგმის შესაბამისად წარმართა. მხოლოდ ღვთის ძალამ იხსნა ეს ადამიანი დაღუპვისაგან.

 

 

ექსტრასენსთა „რელიგია“

განსაკუთრებით ცნობილ ექსტრასენსებზე უამრავი სტატია და წიგნია შექმნილი. ექსტრასენსები გულახდილად საუბრობენ რადიოთი და ტელევიზიით. აღფრთოვანებული კორესპონდენტები, როგორც წესი, არ იკვლევენ მათი ძალების ბუნებას, მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებს. სახეზეა საშინელი უმეცრება. გავაგრძელოთ საუბარი ჯუნას შესახებ. აკად. ა.გ.სპირკინის მოწმობით, ჯუნა ასირიელია. დაიბადა არმავირის მახლობლად, მისი დედ-მამაც, ბებიაც კურნავდნენ, ასე რომ ეს „ნიჭი“ - ბიოველის დემონური ძალა - მას მემკვიდრეობით გადმოეცა. ჩვენი სენსიტივები, რომლებიც ვიზუალურად ხედავენ მის ბიოველს, ამბობენ, რომ მისი ველის სიხშირე სრულად განსხვავებულია, ვიდრე ჩვეულებრივი ადამიანისა. როგორც ვხედავთ, ჯუნას ჯადოქრობა მემკვიდრეობით გადმოეცა. ეს „ნიჭიც“ (სხვანაირად რომ ვთქვათ, „კეთილისმყოფელი“ ეშმაკის, ან ეშმაკის მსახურთა დახმარება, რომელთა მეშვეობითაც ჯადოქარი თავის მაგიურ ქმედებებს აღასრულებს) მემკვიდრეობით წინაპართაგან მიიღო. 1990 წელს ამერიკაში გამართულ ჯადოქართა ყრილობაზე მან ფურორი მოახდინა სასწაულებით. ამჟამად იგი დიდ პრაქტიკას ეწევა, დემონიზმის სენს ნერგავს ბრმადმორწმუნე ადამიანთა სულებში.

 

ა. მარტინოვი, გამომცემელი წიგნისა „აღიარებული გზა“, რომელიც პრაქტიკულად დამწყებ ექსტრასენთა სახელმძღვანელოა, მიუთითებს, რომ პიროვნული ქრისტე-ღმერთი მას არა სწამს, სამაგიეროდ აღიარებს ენერგიის მომცემი „გარკვეული კოსმიური ძალების“ არსებობას. რადიოთი თავის გამოსვლაში მან პრეტენზია მესიის როლზე განაცხადა და სახარების ნაცვლად თავისი ახალი წიგნი „ხარება“ შემოგვთავაზა. აქ სატანიზმი ღია და დაუფარავი სახითაა წარმოდგენილი. მარტინოვი უარყოფს ქრისტეს ღვთაებრიობას და გამოდის, როგორც „ცრუ-მესია“ თავისი „ახალი“ სწავლებით, სრულდება მათეს სახარების წინასწარმეტყველური სიტყვები: „რამეთუ აღდგენ ქრისტე-მტყუვარნი და ცრუ-წინასწარმეტყუელნი და ჰყოფნენ სასწაულებსა დიდ-დიდსა და ნიშებსა, ვიდრე ცთუნებამდე, უკუეთუმცა ვითარ შეუძლეს, რჩეულთა მათცა“ (მათე 24, 24), მაგრამ ადამიანი მხოლოდ ქრისტეს მცნებებით, მისი ჯვარცმის, კაცობრიობის გადარჩენისა და ცხოვრებისათვის სიკვდილით გადარჩება და ეს სწორედ იმის წყალობით, რომ იესო ქრისტე განკაცებული ღმერთია. მან დაამარცხა სატანა, დათრგუნა მისი ძალაუფლება ნათელღებულ, მორწმუნე კაცობრიობაზე. ამიტომაც, როცა ადამიანს ქრისტეს რწმენას ართმევენ, იგი კვლავ დემონური ძალების მონა-მორჩილი ხდება. როგორც ჩანს, სწორედ ამას ესწრაფვის მარტინოვი.

 

მე მომმართა ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც ძალზე დააზიანა რუცკოს სეანსებმა, სადაც იგი მხედველობის გასაუმჯობესებლად დადიოდა. მისი მხედველობა არ გაუმჯობესებულა, სამაგიეროდ სხვა „ნიჭი“ შეიძინა - დღე-ღამის განსაზღვრულ საათებში, დამოუკიდებლად თავისი სურვილისა, ის იწყებს უნებლიე მოძრაობებს ხელებით, ფეხებით, მთელი სხეულით, აკეთებს კუნ-ფუს მსგავს დარტყმებს, ზოგჯერ კრუნჩხვებამდეც კი მიდის. მოგვიწია უიღბლო მორწმუნის გაგზავნა კვეთებულის ლოცვებზე (კვეთებულის ლოცვებს კითხულობს მღვდელი, რომელსაც არაწმინდა სულების განდევნის მადლი აქვს მინიჭებული).

 

მოვუსმინოთ, რას ამბობენ ეს „მკურნალები“ საკუთარ თავზე. იური ტარასოვმა განაცხადა, რომ იგი „მეოთხე თაობის ჯადოქარია“. კორესპონდენტის შეკითხვაეზ: „აი, მე შევამჩნიე, რომ თქვენ ოსტეოქონდროზით დაავადებულ პაციენტს აჯილდოებდით თქვენი ბიოველით, მინუალური თერაპიითა და ფსიქოთერაპიით. ყველაფერი ეს ფართოდაა ცნობილი, არატრადიციული მედიცინის წარმომადგენელს ჯუნას, კაშპიროვსკის კარგად ვიცნობთ, თქვენ სამივენი ერთ გზას ადგახართ, ჯადოქრობა რაღაში გამოიხატება?“ ტარასოვმა ამაზე უპასუხა: „თქვენი კითხვა შეიცავს პასუხს. რატომ არ ვუწოდებ ჩემს თავს ექსტრასენსს? იმიტომ, რომ ექსტრასენსს შეუძლია გააკეთოს მხოლოდ მეათედი იმისა, რაც ნებისმიერ საშუალო ჯადოქარს ძალუძს; იგივე შეიძლება ითქვას ჰიპნოზიორებზე, ბალახით მკურნალებზე (აქ იგულისხმება არა ფიტოთერაპია, რაც ეკლესიის მიერ არის ნაკურთხი, არამედ ბალახებზე დამზადებული წამლების შელოცვა - მთარგმნელის შენიშვნა). ფსიქოთერაპევტებზე... თითოეული ამ მიმართულებათავანი აისბერდის მხოლოდ ხილული ნაწილია“.

 

უკიდურესად გულახდილადაა ნათქვამი: „აისბერგის ხილული ნაწილი“, მისი ქვედა უხილავი ნაწილი კი ჯოჯოხეთში იმყოფება.

 

შავი და თეთრი მაგიის არსებობის შესახებ ტარასოვმა განაცხადა: „...ბოლო კონგრესზე ესპანეთში შავ და თეთრ ფერებს დაემატა კიდევ ორი ფერი: მწვანე და წითელი. მაგრამ რა საჭიროა ხალხმა ამის შესახებ იცოდეს? ეს, როგორც იტყვიან, ჩვენი სამუშაო ფერებია, სამსახურეობრივი მოხმარებისათვის... „ცოდნა“, თავისთავად, ნეიტრალურია... საქმე იმაშია, თუ ვინ ფლობს მას“.

 

სხვანაირად რომ ვთქვათ, „ცოდნას“ (ე.ი. ტარასოვის მიხედვით, გარშემო მყოფებზე ზემოქმედების უნარს) როგორც თეთრ, ასევე შავ მაგიაში ერთი და იგივე სათავე გააჩნია. ხოლო რა მხრივ მიმართავს ჯადოქარი მათგან მიღებულ ენერგიას, სიკეთისა თუ ბოროტებისაკენ, დამოკიდებულია მხოლოდ მის სურვილზე, ისინი ცნობილია, რომ სულიწმიდისაგან ბოროტება არ აღმოცენდება. მართლმორწმუნეს, რომელიც ღვთის მადლით არის მოცული, ბოროტი ვერ დაიმორჩილებს. იგი მხოლოდ ღვთის ნებით მოქმედებს, ღმერთი კი დასაბამითვე ადამიანის საცხოვნებლადაა მოწოდებული.

 

„გარკვეული კოსმიური ძალები“, მართლმადიდებლურად - ეშმაკები სიამოვნებით ეხმარებიან მათზე მინდობილ ადამიანს. აი, რას ვკითხულობთ ნიმოკანონში, წმინდა მოციქულთა მსოფლიო საეკლესიო კრებათა წესებისა და დადგენილებების კრებულში: „მოგვები ის ადამიანები არიან, რომლებიც ზოგჯერ კეთილისმოქმედ ეშმაკებსაც მოუხმობენ, რათა ზოგი რამ სასიკეთოც მოიმოქმედონ, მაგრამ თავისი არსით ისინი მაინც ფლიდები და ბოროტმოქმედნი არიან“. მარტო ტარასოვი არ არის ამ აზრისა. სხვა ჯადოქარმა, ვინმე გ.-მ ჩემს ნაცნობთან პირადულ საუბარში გულახდილად განაცხადა: „ექსტრასენსული მონაცემები მხოლოდ პირველი საფეხურია შავი მაგიისაკენ მიმავალ გზაზე“.

 

ფსიქოთერაპევტ კაშპიროვსკის, რომელიც 1989 წლის 24 ნოემბერს ღამის 12 საათის შემდეგ გამოვიდა ტელევიზიით, მოჰყავდა ციტატები შავი მაგიის წიგნიდან და ეყრდნობოდა მას, როგორც სრულიად მისაღებ და პოზიტიურ წყაროს. კაშპიროვსკის ზემოქმედების დემონური ხასიათი უკვე მისი სეანსების დროს გამოვლინდა. ამას ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ვ.ლებედევის მონაცემები ადასტურებს. მოვიყვანთ მხოლოდ ზოგიერთ მათგანს. „გამოკვლეულია 2015 მოსწავლე, რომელთაგან 93% ჩართული იყო კაშპიროვსკის სეანსში, სეანსის დროს აღინიშნებოდა აკვიატებული მოძრაობანი, ისტერიული რეაქციები, ჰალუცინაციური ფენომენი და სხვა ფსიქიკური დარღვევები“. სახეზეა დემონის მიერ ადამიანის სხეულის დაუფლების ნიშნები. უნებლიე მოძრაობანი, ადამიანის ნებისაგან დამოუკიდებელი შეძახილები და შეგრძნებები, ისტერიკა - ყველაფერი ეს ეშმაკით შეპყრობილის აშკარა ნიშნებია. „42%-ს ეუფლება ჰიპნოზური ძილი. სეანსის შემდეგ 76%-ს აღენიშნება სხვადასხვა ფორმის ფსიქიკური დეზადაპტაციის მოვლენა. მკვეთრად შეინიშნება თვითჩაგონებისა და ისტერიულია რეაქციის აღმავლობის ტენდენცია. ტაშკენტის ოლქის №49 საშუალო სკოლის მოსწავლეებს კაშპიროვსკის სეანსების დროს განუვითარდათ ჯგუფური ისტერიული რეაქცია, რომელიც ორი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა, ამან სკოლის დეზორგანიზაცია განაპირობა.

 

ტელესეანსების შედეგად, თუნდაც მხოლოდ ფოტოსურათი ეხილათ კაშპიროვსკისა, ზოგიერთი ბავშვი კატალეპსიის მდგომარეობაში ვარდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ მათ დაერღვათ ფსიქოლოგიური თავდაცვის მექანიზმი და შთაგონებით მოქმედებდნენ. მათ შორის იყვნენ დანაშაულებრივ მოქმედებათა მქონე მოზარდები და ზრდადასრულებულნიც კი. სეანსის შემდეგ სხვადასხვა ფსიქონერვიული აშლილობის გამო საჭირო გახდა მრავალი ბავშვის ჰოსპიტალიზაცია. ვ.ლებედევმა გამოიკვლია ტელევიზიით ექსტრასენსთა ტელესეანსის 6228 მაყურებლის წერილი. აი, შედეგები: „63%-ს აღენიშნა ავადმყოფობის მკვეთრი გაუარესება. შემდგომმა გამოკვლევებმა დაასაბუთეს, რომ სეანსის დროს 15 თითქოსდა განკურნებულიდან 13-ში კვლავ თავი იჩინა ავადმყოფობამ გაცილებით მწვავე ფორმით. გარდა ამისა, ზოგ ავადმყოფს სეანსის დამთავრებისთანავე გაურთულდა მდგომარეობა. კაშპიროვსკის ზნეობრივ სახეს ავლენს ვინმე ლუსია ურშოვას წერილი, გაგზავნილი ყოფილი სსრკ გენერალური პროკურორის სახელზე: „კაშპიროვსკიმ რეკლამის გაკეთების მიზნით გამომტყუა თანხმობა უნარკოზო ქირურგიულ ოპეაციაზე, რომელიც ჩემი უწყების გარეშე გადაიცემოდა ტელევიზიით. ოპერაციის დროს განვიცდიდი საშინელ ტკივილებს, რამაც შემდგომში გამიუარესა ჯანმრთელობის მდგომარეობა. კაშპიროვსკი ახდენდა ფილმის მისთვის ხელსაყრელი სარეკლამო ვარიანტის ჩვენებას: მასში მე შიშველი ვარ. პრესაში ამცირებს ჩემს ადამიანურ ღირსებას. იმის გამო, რომ აგერ უკვე 18 თვეა, არსებობის ყოველგვარ სახსარს მოკლებული, ვიმყოფები საავადმყოფოში. გთხოვთ დამეხმაროთ, რათა აღვძრა საქმე სასამართლოში კაშპიროვსკის წინააღმდეგ“.

 

 

რატომ დადიან ზოგჯერ ექსტრასენსები ეკლესიაში?

მაშ ასე, იყენებენ რა ადამიანთა სწრაფვას, ნებისმიერი გზით გაიუმჯობესონ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექსტრასენს-ჯადოქრები მათ უარეს მდგომარეობაში აგდებენ, ეშმაკეულებად აქცევენ და ღუპავენ მათ სულს. შეიძლება შემეკამათოთ, რომ არიან თეთრი მაგი-ექსტრასენსები, რომლებიც ეკლესიაში დადიან და ადამიანებსაც თითქოს ღვთის ძალით კურნავენ. ჰოდა, არა ღვთის ძალით, უმეტესწილად ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ, ისინიც დემონური ძალების გავლენის ქვეშ იმყოფებიან. ეს ძალები მოჩვენებითი წარმატების მოპოვების გზით მათში (ექსტრასენსებში) სულ უფრო და უფრო მეტ პატივმოყვარეობასა და სიამაყეს აღანთებენ, თავიანთ მორჩილ სათამაშოებად აქცევენ მათ და ამით საუკუნოდ ღუპავენ მათ სულს. ზოგიერთ მორწმუნეს აინტერესებს: თუ ექსტრასენსები დემონურ ძალებთან არიან დაკავშირებულნი, მაშინ თავად ისინი რატომ დადიან ზოგჯერ ეკლესიებში, სხვებსაც აგზავნიან, როგორც მათ უყვართ თქმა „ნათელი ენერგიის“ მისაღებად. მრავალ მორწმუნეს უხილავს, რაოდენ დიდხანს დგანან ექსტრასენსები ხატების წინ, ხელებგაშლილნი, დაძაბულად თვალებგადმოკარკლულნი, ისინი ცდილობენ დაიმუხტონ ხატიდან გამომავალი ენერგიით. მღვდელ პავლე ფლორენსკის თქმით, „ხატი ესაა სარკმელი სხვა სამყაროში“. თავს უფლებას მივცემ დავამატო, რომ ნალოცი ხატი სხვა სამყაროში ფართოდ გაღებული სარკმელია, რადგან ასეთ ხატთან, განსაკუთრებით კი სასწაულთმოქმედთან მიახლოებისას ჩვენ რეალურად ვგრძნობთ მასზე გამოსახული წმინდანის თანამყოფობას. როცა ხატს ვუცქერით მთელი არსებით, ჩვენ ზეაღვალთ პირველსახემდე და ჩვენი ლოცვა ათასი სხვა მლოცველის მიერ გაკვალული გზით ყოვლისმპყრობელი უფლის ტახტამდე აღწევს. ჩვენ ვღებულობთ პასუხს - ჩვენი ვედრება შესმენილია და შესრულდება.

 

ექსტრასენსები დგანან ხატების წინაშე და ისრუტავენ ათასობით ქრისტიანიის განუწყვეტელი ლოცვის შედეგად ხატის გარშემო კონცერტრირებულ ენერგიას. ხატს ამისგან არაფერი აკლდება, არც წმიდა გამოსახულების წინაშე მდგომ მორწმუნეთა ლოცვას, მაგრამ წარმოიდგინეთ, რაოდენ უგუნური უნდა იყო რომ „საქორწინო ნადიმზე“ (ღმერთთან ლოცვითი კავშირის და ევქარისტიის სიმბოლო) მიგიწვიონ, შენ კი მაგიდის ქვეშ შეძვრე და სტუმრების ნასუფრალი ნამცებები აკრიფო, ნაცვლად იმისა, რომ თავი მაღლა ასწიო და დიდი დღესასწაულის ბრწყინვალებით ისიამოვნო.

 

ექსტრასენსთა უმნიშნველო ნაწილი თავად დადის ეკლესიებში საზიარებლად და სხვებსაც აქეთკენ მოუწოდებენ. ესენი დამწყები ექსტრასენსები არიან, ისინი, ვინც ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჩაწვდენია სატანურ სიღრმეებს და თავიანთი ღვთივრჩეულობით მედიდურობის სტადიაში იმყოფებიან. ისინი ეზიარებიან, რათა ახლა უკვე უშუალოდ დაიმუხტონ „დადებითი ენერგიებით“. ეს აქტი მათ არწმუნებს იმაში, რომ კავშირი აქვთ ღმერთთან და სწორ გზას ადგანან. როგორც წესი, ისინი არასოდეს ამბობენ წრფელ აღსარებას და ირჩევენ იმ ეკლესიებს, სადაც საერთო აღსარების პრაქტიკაა დადგენილი (სადაც საკმარისია სიტყვის უთქმელად დახარო თავი ოლარის ქვეშ და ვალმოხდილის გრძნობით მიეახლო წმინდა ბარძიმს).

 

რა შორს არიან ისინი ქრისტესაგან, მისი თავმდაბლობის, მოთმინებისა და სიმშვიდისაგან, ეკლიანი გზისაგან, ასე მიღებული ზიარება ხომ სულაც არ იძლევა გადარჩენის გარანტიას. ყველაფერი ხომ წრფელ სინანულსა და იმ განცდაზეა დამოკიდებული, რომლითაც წმინდა ბარძიმს მივეახლებით. მოციქული პავლე ამბობს: „რამეთუ რაოდენ-გზისცა შჭამდეთ პურსა ამას და სუმიდეთ სასუმელსა ამას, სიკუდილსა უფლისასა მიუთხრობდით, ვიდრემდის მოვიდეს. ამიერითგან, რომელი ჭამდეს პურსა ამას და სუმიდეს სასუმელსა ამას უფლისასა უღირსებით, თანა-მდებ არს იგი ჴორცსა და სისხლსა უფლისასა ... ხოლო რომელი არა ღირსად ჭამდეს და სუმიდეს, დასაშჯელად თავისა თჳსისა ჭამს და სუამს, რამეთუ არა გამოიკითხნა ჴორცნი უფლისანი“ (1 კორ. 11,26,27,29). სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან ცნობილია, რომ მრავალი ხიბლში მყოფი (ამაყნი, თავდაჯერებულნი) ადამიანი ხშირად ეზიარება, მაგრამ ეს როდი უშველის მათ.

 

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზიარების მაცხოვნებელი საიდუმლოთი მიღებული მადლის მკა დამოკიდებულია ადამიანის განწყობაზე, იმაზე, თუ როგორი უღირსებისა და სინანულის გრძნობით, საუკუნო ცხოვრების სურვილითა და ქრისტესადმი სიყვარულით მიეახლება იგი წმინდა ბარძიმს.

 

ექსტრასენსებს ასეთი განცდები არა აქვთ, მათ არ სჭირდებათ ქრისტე მაცხოვარი, მათ არ სჭირდებათ მისი ცხოვრებით ცხოვრება, მათ სჭირდებათ ენერგია.

 

ზემოთქმულიდან ვხედავთ, რომ ექსტრასენსებს ეკლესიაში სიარულს უმეტესწილად დემონი სიწმინდეთა წასაბილწად ჩააგონებს. ეს მას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს.

 

ხატებსა და წმინდა საიდუმლოებებთან მიახლების საშუალებას მოკლებული დემონი ეკლესიაში აგზავნის მასზე მინდობილ ადამიანს, რომელიც შემდეგ, სიწმინდეთა მიმართ მკრეხეული დამოკიდებულებისათვის (თუნდაც გაუცნობიერებლად) დემონური ენერგიის ახალი მარაგითა და ექსტრასენსორული მონაცემების გაძლიერებით აჯილდოვებს.

 

ზოგჯერ გვეკითხებიან: რატომ აგზავნიან ექსტრასენსები ხალხს მოსანათლავად? რატომ ამბობენ ზოგჯერ უარს მოუნათლავთან მუშაობაზე?

 

ამას ექსტრასენსები აკეთებენ არა იმიტომ, რომ ადამიანთ საუკუნო გადარჩენისათვის ზრუნავენ, არამედ იმიტომ, რომ, მათივე თქმით, მონათლულებთან უფრო ადგილია მუშაობა. როგორც ზემოთ ვთქვით, ექსტრასენსების ენერგია პიროვნულია და ავადმყოფთან მუშაობის დროს ხდება მათი ურთიერთზემოქმედება. მოუნათლავი ადამიანის სული კი ფართოდაა გაღებული არაწმინდა სულების ზემოქმედებისათვის და მუშაობის დროს არსებობს ამ სულებთან, ასე ვთქვათ, შეჯახების დიდი ალბათობა, რისთვისაც დამწყები ექსტრასენსები მზად არ არიან. ე.ი. მათ ჯერ კიდევ არ შეუძლიათ მათთან „შეთანხმება“. ისინი ადამიანებს მოსანათლავად აგზავნიან, რადგანაც ნათლობის საიდუმლოს აღსრულებისას ადამიანიდან განიდევნება არაწმინდა სულები და ექსტრასენსის მათთან არასასურველი შეხვედრისათვის ნაკლები შანსი რჩება. ავადმყოფებს ნათლობას ურჩევენ მხოლოდ დამწყები ექსტრასენსები. ისეთები კი, როგორცაა კაშპიროვსკი, თვითონაც მოუნათლავები არიან, და არც არავის ეკითხებიან, არიან თუ არა მონათლულნი, პირიქით, თავისი სეანსების დროს ისინი მოითხოვენ ყველა მეტალის საგნის მოხსნას. ე.ი. ჯვრის მოხსნას. გარდა ამისა, მონათლულ ადამიანებთან მუშაობის დროს ექსტრასენსები მათგან უმაღლესი დონის წმინდა ენერგიას შეიწოვენ ვინაიდან ნათლობის საიდუმლოთი ადამიანს ყველა ცოდვა მიეტევება. იგი ქრისტეს შეიმოსავს, ხდება ეკლესიის წევრი და მასზე გადმოიღვრება სულიწმინდის მადლი, და ის ენერგია, რომელიც შეუძლიათ მიიღონ მონათლული ადამიანისგან, ექსტრასენსებს მეტად ესაჭიროებათ.

 

 

თვითრეგულაციის სექციები

რუსეთში ფართო პოპულარობა ჰპოვა ე.წ. თვითრეგულაციის სექციებმა, სადაც, მისი ხელმძღვანელების აზრით, ადამიანს შეუძლია მართოს საკუთარი თავი, მოიწესრიგოს ფსიქიკა, გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა და ა.შ. მართლაც, მრავალი ეტანება ამ სექციებს დაპირებულის იმედით. რა ხდება სინამდვილეში?

 

პეტრებურგის თვითრეგულაციის ჯგუფის მაგალითზე, რომელსაც ანტონოვი ხელმძღვანელობს, ჯგუფის იმ მოსწავლეთა მონაცემებით, რომლებმაც შემდგომში შეინანეს და განუდგნენ ამ სწავლებას, გამოირკვა, რომ თვითრეგულაციის მოცემული მეთოდიკა შეიცავს რამდენიმე ეტაპს.

 

პირველ ეტაპზე ადამიანები სწავლობენ საკუთარი სხეულისა და ემოციების ფლობას, რისთვისაც იოგაზე დაფუძნებულ სპეციალურ ფსიქო-ფიზიკურ ვარჯიშებს ასრულებენ.

 

მეორე ეტაპზე ისინი ვარჯიშობენ თავიანთი გრძნობებისა და ემოციების გაფაქიზებაში, ცდილობენ ფსიქიკის უსხეულო, უხილავ, მათივე თქმით, ასტრალური ყოფიერების სფეროში გარდაქმნას.

 

მესამე ეტაპზე მასწავლებლის დახმარებით ისინი კონტაქტში შედიან რომელიღაც „კოსმიურ ძალებთან“ და მათი მეშვეობით იძენენ იმ ექსტრასენსულ მონაცემებს, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდით. ამის შემდეგ მოსწავლე მასწავლებლისაგან დამოუკიდებლად მიღმიური ძალების ხელმძღვანელობითა და დახმარებით აარსებს საკუთარ ჯგუფს.

 

ზემოთქმულიდან ჩანს, რომ პირველ ეტაპზე სხეულის მომზადებით, ხოლო მეორეზე ფსიქიკისა და გრძნობების გაფაქიზებით, მოსწავლეები იძენენ დემო-კონტაქტის უნარს, ხოლო მესამე ეტაპზე მასწავლებლის დახმარებით დაცემულ სულებთან უშუალო კონტაქტში შედიან. მათგან ღებულობენ ძალასა და უნარს ე.წ. „სასწაულების“ მოსახდენად.

 

მეოთხე და უკანასკნელ ეტაპზე კი ეს უბედურები, უდღეურები იმქვეყნიური ყოფის ჩვევათა შეძენას, დემონურ სამყაროსთან შერწყმას ცდილობენ, რათა სიკვდილის შემდეგ მათთვის ნაცნობ გარემოში კარგად იგრძნონ თავი. უნაყოფო გარჯაა! ღვთიურ სამსჯავროს ვერავინ დააღწევს თავს. როგროც სახარებაშია ნათქვამი, „რამეთუ მოავლინნეს ძემან კაცისამან ანგელოზნი თჳსნი, და შეკრიბნენ სუფევისაგან მისისა ყოველნი საცთურნი და მოქმედნი უსჯულოებისანი და შესთხინენ იგინი საჴუმილსა მას ცეცხლისასა. მუნ იყოს ტირილი და ღრჭენაჲ კბილთაჲ“ (მათე 13, 41-42). რაც შეეხება მათს სასოებას ეშმაკის დახმარებით, ამაზე აპოკალიფსში ვკითხულობთ: „და ეშმაკი, რომელი-იგი აცთუნებდა მათ, შთავარდა ტბასა მას ცეცხლისა და წუმწუბისასა, სადა იყვნეს მჴეცი იგი და ცრუწინაწარმეტყუელი, და იტანჯებოდიან დღე და ღამე უკუნითი უკუნისამდე“ (გამოცხ. 20,10).

 

ვუბრუნდებით რა საუბარს თვითრეგულაციის სექციების შესახებ, ვხედავთ, რომ ამ ბრწყინვალე ჯანმრთელობისა და საკუთარი ორგანიზმის ძალთა ფლობის სატყუარას მიღმა იმალება ავბედითი ანკესი - კონტაქტი და კავშირი დემონურ ძალებთან. ამასთან პირველ ორ ეტაპზე მოსწავლეებს არაფერს ეუბნებიან მეცადინეობათა საბოლოო მიზანზე (რათა არ შეშინდნენ), მხოლოდ მოსწავლის მათთვის საჭირო ყაიდაზე გარდაქმნის კვალობაზე უცხადებენ მას ახალ და ახალ მიზნებს. გარდაქმნა კი შემდეგნაირად ხორციელდება: განსწავლის დროს მასწავლებელი ცდილობს მოსწავლის სულში დანერგოს თავისი „მე“-ს ნაწილი და მისი განვითარება წინასწარ მომზადებული გეგმის მიხედვით წარმართოს. ადამიანი განეწყობა გარკვეულ ტალღებზე, ყალიბდება ცხოვრების განსაზღვრული წესი, რომლის ცენტრში ვარჯიშები და მედიტაცია დგას. მართლმადიდებელობაზე მოქცევისა და ეკლესიაში სიარულის შემთხვევაშიც კი ადამიანს უკვე ძლიერ გაუჭირდება თავისი ცხოვრების გარდაქმნა ქრისტეს სწავლების შესაბამისად, რადგან ამისათვის სხვა სწავლებათა მთლიანი უარყოფა და ახალი ქრისტიანული ცხოვრების დაწყებაა საჭირო, უმტკივნეული გადასვლა აქ შეუძლებელია, რადგან სულიერი ცხოვრება დიამეტრალურად უპირისპირდება დემონურს. ასეთ სექციებში გაერთიანებული ადამიანი შეიძლება ეკლესიაშიც დადიოდეს, მაგრამ იგი აქ ქრისტეს კი არ დაუწყებს ძებნას, არამედ „სუფთა ენერგიებს“, ხატების ჭვრეტისას ღმერთს კი არ ეძებს, არამედ ენერგიის წყაროს. ასე რომ მათზე სრულდება ქრისტე მაცხოვრის სიტყვები: „დაუბრმეს მათ თუალნი მათნი, რაჲთა ვერ იხილონ თუალითა, და დაუსულბეს გულნი მათნი, რაჲთა არა გულისჴმა-ყონ გულითა და მოიქცენ, და მე განვკურნნე იგინი“ (იოანე 12,40).

 

 

ვანგას ფენომენი

ბულგარეთსა და მის ფარგლებს გარეთ კარგად არის ცნობილი 80 წლის ბრმა მისნის ვანგას ფენომენალური მონაცემები. სხვადასხვა ასაკისა და განათლების ადამიანთა უწყვეტი ნაკადი მიედინება მასთან, რათა გაიგოს თავისი მომავალი. ჯადოქრის მკითხაობით ყველანი დიდად გაკვირვებული რჩებიან. რა ძალით აღასრულებს იგი თავის წინასწარმეტყველებას? სად იმალება მისი ნათელმხილველობის სათავე?

 

ჯერ მოვუსმინოთ, თუ რას ამბობს იგი თავის მონაცემებზე. დისწულის, ფილოლოგ კრასიმირა სტოიანოვას შეკითხვაზე: „გრძნობ თუ არა, რომ შენი უნარი დაპროგრამებულია უმაღლესი ძალებით?“ ვანგამ უპასუხა: „კი. - როგორ ღებულობ მათ? - უმეტესად მესმის მათი ხმა. - გიხილავს ისინი? - კი, გამჭირვალე გიფურებია, წყალში არეკლილი ადამიანის გამოსახულების მსგავსი. - მათი თუ შენი ნებასურვილით ხორციელდება კონტაქტი? - ჩვეულებრივ, მათი სურვილით, თუმცა მე შემიძლია მათი გამოძახებაც“.

 

ქვემოთ მოგვყავს ვანგას დისწულის საინტერესო მონაცემები თავისი წინასწარმეტყველი დეიდის შესაძლებლობათა წყაროებზე: „16 წლისა ვიყავი, როდესაც ერთხელ ჩვენს სახლში პეტრიჩში ვანგა გამომელაპარაკა... მაგრამ ეს მისი ხმა არ იყო. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ის კი არა, სხვა ვინმე მელაპარაკებოდა მისი ბაგეებით. სიტყვები, რომლებიც მისგან მოვისმინე, არავითარ კავშირში არ იყო იმასთან, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, თითქოს ვიღაც უცნობი პირი ჩაერთო საუბარში: მომესმა: „აი, ჩვენ შენ გხედავთ“... რასაც მოჰყვა ჩემი საქციელის სრული ანგარიში დღის განმავლობაში ამ მომენტამდე. მე უბრალოდ შემრცხვა ამ საშინელებისაგან. სახლში მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით. მცირეოდენი პაუზის შემდეგ ვანგამ ამოისუნთქა და თქვა: „ოჰ, ძალებმა დამტოვეს...“ და კვლავ დაუბრუნდა ჩვენი წინა საუბრის თემას. მე ვკითხე, თუ რატომ აღწერა ჩემი საქციელი მთელი დღის განმავლობაში. მან მიპასუხა, რომ ის მხოლოდ იმას იმეორებდა, რაც ესმოდა. შემდეგ კვლავ მითხრა: „ო, ეს ძალები პატარა ძალებია, რომლებიც მუდამ ჩემს გვერდით არიან, მაგრამ არიან დიდებიც, რომლებიც პატარებს მართავენ. როდესაც ისინი გადაწყვეტენ ჩემი ბაგეებით ალაპარაკდნენ, მე ცუდად ვხდები და მთელი დღის განმავლობაში არა ვარ კარგად“.

 

აი, რას წერს ვანგას ნათესავი მისი საცხოვრებელი ადგილის შესახებ: „ვანგას წლების განმავლობაში არ დაუტოვებია ეს ადგილი... ვერ გამიგია, რა აჩერებს აქ. მაგრამ მან იცის ეს ადგილი და უყვარს იგი. პირადად ჩემზე აქაურობა დამთრგუნველად მოქმედებს“. იმასვე ამბობენ სხვა ადამიანებიც. მაგრამ ვანგა ამტკიცებს, რომ მხოლოდ აქ ესმის ხმები, რომლებიც მას მრავალ რამეში აცნობიერებენ. აქაოდა სწორედ იმ ადგილზე, სადაც მისი მიწური დგას, ამ ოლქში განლაგებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი არსებობს.

 

აი, რას ამბობს ამის შესახებ ვანგას დის ლუბას შვილი დიმიტრი: „მოგითხრობთ ერთ ადგილობრივ გადმოცემას. მოხუცები გვიამბობენ, რომ აქ დამარხულია მხედრის ბუნებრივი ზომის მქონე ქანდაკება. მათი ვარაუდით, ეს წმ. კონსტანტინეს ქანდაკებაა. იგი ჩაფლეს მიწაში, როცა ქვეყანას თურქები შემოესივნენ. მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ეს ფრაკული ღმერთის ხოსროს ქანდაკებაა, რადგან სწორედ ამ რაიონში აღმოაჩინეს მარმარილოს ფილები ამ ღმერთის გამოსახულებით... ჩემი დეიდის სულ პირველი ხილვაც უკავშირდება მხედარს, რომელიც მას თითქოს ჭასთან გაესაუბრა. შემდეგ მას კვლავ გამოეცხადა მხედარი და შეატყობინა, რომ მალე ომი დაიწყებოდა, მანვე უთხრა, რომ იგი ნათელმხილველი გახდებოდა, მას მიეცემოდა უწყება „ცოცხლებსა და მკვდრებზე“. ვანგას ფენომენის შემსწავლელი პროფესორი გ.ლოზანოვი წერს: „1964 წლიდან ჩემი ხელმძღვანელობით გამოკითხულ იქნა მისი ათასი მნახველი. ჩვენ მიზნად დავისახეთ, სტატისტიკის დახმარებით დაგვედგინა, როგორ აღსრულდებოდა მისი წინასწარმეტყველებანი 5, 10, 15 წლის შემეგ“. ლოზანოვის მონაცემით, ვანგას წინასწარმეტყველებათა დაახლოებით 70% მართლდება.

 

მაშ ასე, ზემოთმოყვანილიდან ნათელია, რომ ყველა „წინასწარმეტყველური“ ცოდნა ვანგას განეცხადება „ძალებით“, რომლებიც ან თვითონ ცხადდებიან მასთან, ან გამოცხადდებიან მისი გამოძახების შემდეგ. ვანგას სიტყვებიდან ჩანს, რომ არსებობენ რაღაც „მცირე ძალები“, რომელთა არსებობას ის გამუდმებით გრძნობს. პერიოდულად მასთან საუწყებლად მიდიან „დიდი ძალებიც“, რის შემდეგაც ის „ცუდად“ ხდება. ამ „ძალებს“ ვანგა აჩრდილის სახით ხედავს. ხმები ყველაზე უკეთ მას ესმის საკუთარ სახლში, სადაც, მისი თქმით „ამ ოლქში მოთავსებული ძველი საკურთხევლების დამაკავშირებელი ცენტრი“ მდებარეობს. ვანგას დისშვილის აზრით კი აქ იყო წარმართული ღვთაების ხოსროს სამსხვერპლო, რომლის ქანდაკებაც მიწაშია ჩაფლული. სხვა ადამიანებზე აქ ყოფნა „დამთრგუნველად“ მოქმედებს.

 

მართლმადიდებლური პოზიციებიდან ვანგას ფენომენი შეიძლება შემდეგნაირად აიხსნას: ვანგას მხედველობის დაკარგვამდე რამდენჯერმე გამოეცხადა დემონი მხედრის სახით და მასთან კონტაქტში შევიდა. გოგონა სიხარულით დათანხმდა ამ კავშირზე და ხარბად დაეწაფა მისთვის უცნობ მოვლენებს. მალე უცნაურ ქარიშხალში მოჰყვა. დაბრმავდა და გაუჩნდა ნათელხილვის უნარი. ბრმა ჯადოქარი მუდვმივად გარშემორტყმულია ეშმაკებით, რომლებიც თავმოყრილნი არიან ძველ წარმართულ სამსხვერპლოსთან. იქ, სადაც ადრე მსხვერპლს სწირავდნენ. ისინი ვანგას იყენებენ, როგორც ინსტრუმენტს, იმ ადამიანთა სულების წარსაწყმედელად, რომლებთანაც ვანაგს მეოხებით ამყარებენ კონტაქტს. დროგამოშვებით აქ ეშმაკთა მთავრებიც, როგორც ვანგა ამბობს, „მცირე ძალთა მეთაურებიც“ გამოჩნდებიან. ისინი კონტაქტში შედიან მასთან და აუწყებენ მას საჭირო მონაცემებს. ამის შემდეგ ის ცუდად ხდება. იმ ადგილზე ბოროტ ძალთა განსაკუთრებული სიმრავლე ადამიანებზე დამთრგუნველად მოქმედებს. ეს ბოროტ ძალებთან შეხებისას აღმოცენებული სულის ბუნებრივი თრთოლვით აიხსნება.

 

ვანგას ფენომენის ჩვენეული შეფასების სისწორე იმითაც აიხსნება, რომ, მეცნიერთა მონაცემებით წინასწარმეტყველებათა 70% აღესრულება. ეს აშკარად მიუთითებს მათს დემონურ ხასიათზე. ღვთის წინასწარმეტყველებანი, შეუძლებელია, არ აღსრულდეს, ხოლო ეშმაკებს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მხოლოდ გამოთვლა და ვარაუდი შეუძლიათ. შეცდომათა გარკვეული რაოდენობაც ამით აიხსნება.

 

 

ღვთიური კურნებანი

ახლა მივუბრუნდეთ მსჯელობას იმ ძალთა შესახებ, რომლებიც კურნებას ღვთის ძალით აღასრულებენ, კურნების მადლი კი, ისევე როგორც ნათელმხილველობა, ენიჭებათ გულით წმინდა, ღვთისათვის ბოლომდე შეწირულ ადამიანებს, უმეტესწილად მოსაგრეებსა და ასკეტებს.

 

წმ. დიდმოწამე და მკურნალი პანტელეიმონი, უვერცხლოდ მკურნალი კოზმან და დამიანე, წმინდა მოწამე კვიპრიანე, წმ. მოწამე იოანე მართალი, იოანე კრონშტადტელი და მრავალი სხვა. უპირველეს ყოვლისა, კურნავდნენ სულს, შემდეგ კი - სხეულს, ვინაიდან უკვდავი სული ბევრად უფრო ფასეულია, ვიდრე მოკვდავი, ხრწნადი სხეული. მათ მიერ განკურნებულ ადამიანებს ეცვლებოდათ ცხოვრების წესი, უმტკიცდებოდათ სარწმუნოება, მათი სულიც იწმინდებოდა ვნებებისაგან. თუ დავუკვირდებით ღვთის ძალით აღსრულებულ კურნებებს, შევამჩნევთ, რომ წმინდანები კურნავდნენ არა ბიოველით, არა თავისი ენერგიის გადაცემით, არამედ სულიწმიდის მადლით. უპირველეს ყოვლისა კი ისინი განაგდებდნენ ავადმყოფობის გამომწვევ ზნეობრივ მიზეზებს, თუკი ასეთი არსებობდა (მათე 9,5). იესო ქრისტემ განრღვეულის განკურნების შემთხვევაში მას უპირველესად უთხრა: „მოგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი“, ხოლო შემდეგ - „აღდეგ და ვიდოდე“ სახარებიდან ისიც ჩანს, რომ დედაკაცი, რომელიც რწმენითა და სინანულით შეეხო წმინდა სამოსელს, განიკურნა (ლუკა 8,44) ქრისტეს მოწაფეთა შესახებ „საქმე წმიდათა მოციქულთა“ მოგვითხრობს: „ხოლო ძალთა არა მცირედთა იქმოდა ღმერთი ჴელითა პავლესითა. ვიდრეღა უძლურთაცა ზედა მიაქუნდა ოფლისა მისისაგან ვარშამაგებითა და ოლარებითა, და განეყენებოდა მათ სენი იგი და სულები არაწმიდაჲ განვიდოდა“ (საქმე 19, 11-12).

 

ერთი სიტყვით, უფალი, რომელიც თავის მიმდევრებს განადიდებდა, მათი ტანსაცმლის საშუალებითაც კი სასწაულებს ახდენდა. აქ შეიძლება დავასახელოთ მრავალი შემთხვევა ადამიანთა კურნებისა, რომელიც წმ. ნაწილებისა და სამოსელის წყალობით აღესრულებოდა. მოვიგონებ მხოლოდ ერთ მაგალითს ჩემი პრაქტიკიდან. ლოცვის შემდეგ, მას შემდეგ, რაც დამბლადაცემული ავადმყოფისათვის ლოცვა აღვავლინე, მას ხელზე წამოვაცვი წმ. იოანე კრონშტადტელის კუთვნილი ხელთათმანი. ავადმყოფმა მეყსეულად აამოძრავა დადამბლავებული ხელის თითები და მალე სიარულიც კი შეძლო. მკურნალი ექიმები გაოცებულნი იყვნენ მისი ასეთი სწრაფი განკურნებით. ხშირ შემთხვევაში წმინდანები უშუალოდ ლოცვით კურნავდნენ. ე.ი. უფალი წმინდანის ლოცვით მოავლენდა სულიწმინდის მადლს ავადმყოდის განსაკურნებლად.

 

კიევ-პეჩორის პატერიკში ვკითხულობთ ღირსი აგაპიტის შესახებ, რომელიც ყველა ავადმყოფს ლოცვით კურნავდა და სანაცვლოდ არავისგან არაფერს იღებდა, ვინაიდან, მისივე თქმით, კურნავდა არა თავისი, არამედ ქრისტეს ძალით. არსებობს მრავალი წიგნი, რომლებშიც წმ. იოანე კრონშტადტელის ლოცვის ძალაზეა მოთხრობილი. აღრიცხულია ათასობით შემთხვევა, როცა წმ. მამა ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, ზოგჯერ საკმაოდ დიდ მანძილზე მყოფებსაც კი.

 

ახლა იმაზეც ვიმსჯელოთ, რატომ ეგზავნებათ ადამიანებს ავადმყოფობანი და მწუხარებანი და როგორი უნდა იყოს ქრისტიანის დამოკიდებულება მათ მიმართ. თავდაპირველად წმ. მამებს მოვუსმინოთ. აი, რას ამბობს წმ. იოანე ოქროპირი თავის სიტყვაში „სნეულებათა მისნობით მკურნალობის შესახებ“, „როცა სასტიკ სნეულებაში ჩავარდები, მრავალნი გირჩევენ, მიმართო ჯადოქრებს ან მისნებს, მაგრამ შენ, ღმერთს მინდობილმა, დაითმინე, გახსოვდეს, რომ ამ ტანჯვას შენთვის გვირგვინი მოაქვს, იგი აგაცილებს მომავალ სატანჯველს, თუკი სნეულებას ღვთისადმი მადლიერების გრძნობით გადაიტან. თუ ჩვენ ქრისტიანები ვართ, მაშინ ქრისტეს დავემორჩილოთ და არ მივმართოთ ღვთის მტრებს - მისნებს, ჯადოქრებს (ე.ი. ექსტრასენსებს), რამეთუ ისინი ღვთის მტრები არიან. უმჯობესია მოვკვდეთ, ვიდრე ღვთის მტრებთან მივიდეთ. რა სარგებელია, სხეულს ვუმკურნალოთ, თუკი სულს წარვიწყმედთ, რა შენაძენია, აქ მცირე ნუგეში მივიღოთ, და იქ საუკუნო ცეცხლში ეშმაკებთან ვიტანჯოთ“. აი, რას მოგვითხრობს ბიბლია: „დასნეულდა მეფე ოქოზია, დაუტევა ღვთის შეწევნა და მიმართა მისნებს. უფალმა იგი სნეულებით იმიტომ დასაჯა, რომ ცოდვებზე დაეფიქრებინა, მაგრამ მან ღმერთი დაივიწყა და მსახურნი გაგზავნა ბაალის კერპსა და მის ქურუმებთან, რათა გაეგო, იცოცხლებდა თუ არა. ოჰ, დიდი ბოროტება, ოჰ, ურჯულო გონება! ღმერთი დაუტევე და მისნებთან გაგზავნე მომავლის გასარკვევად. ოქოზიას მსახურთ ილია წინასწარმეტყველი შეხვდა და უთხრა მათ: წადით და მოახსენეთ თქვენს მეფეს, რადგან დაუტევა ღმერთი და მისი რჯული და ეშმაკებთან გაგაგზავნათ მომავლის გასარკვევად - ამიტომ ასე მიმართავს მას უფალი: „დროზე ადრე მოკვდება, რადგან ღმერთი დაუტევა და ეშმაკის მსახურთ დაეკითხა სიცოცხლეზე“. ასე რომ, ძმებო, ვინც მისნებს (ე.ი. ექსტრასენსებს) მიმართავს, მათ ნაადრევი სიკვდილი უწევს.

 

წმინდა მოციქულებმა შეაჩვენეს მოგვობა საეკლესიო კრებებზე. წმინდა მამებმაც უარყვეს და მრავალი წლით განკვეთეს ისინი, ვინც მოგვებთან დადის, მძიმე ეპიტიმიაც დაუწესეს, რათა ცოდვათაგან განწმენდილიყვნენ.

 

გარე მიიქცეოდეთ, საყვარელო ძმებო, წყეული მოგვობისაგან, რათა უდროოდ გარდაცვლილნი საუკუნი სატანჯველს არ ეწიოთ.

 

მაგრამ შენ ამბობ, რომ ძლიერ გტანჯავს მძიმე ავადმყოფობა. შენ ხომ არ გადაგიტანია ისეთი ავადმყოფობანი, როგორიც ნეტარმა იობმა დაითმინა, მან ფარაც დაკარგა, ხარებიც, მთელი ქონებაც. ღმერთი შვილების დაღუპვის შემდეგაც კი არ დაუგმია. დიდსულოვნად განაცხადა: „უფალმა მომცა, უფალმა წამართვა“. სასტიკი ავადმყოფობითაც 7 წელიწადს იტანჯებოდა, მაგრამ მისნობით მკურნალობა არც კი უცდია. ასე ამბობდა: „უმჯობესია მოვკვდე, ვიდრე ღმერთი დავგმო“. ასევე 38 წლის განმავლობაში განრღვეული, სნეულებისაგან ლოგინად ჩავარდნილი, არც ექიმებთან წასულა, არც ჯადოქრებისთვის მიუმართავს, ღვთისგან ელოდა შეწევნას. ლაზარეც, მშიერი და ავადმყოფი, წლების განმავლობაში ეგდო მდიდრის სახლის კარებთან, დამცირებული და შეურაცხყოფილი. ისე მოკვდა, რომ ექიმები არ უძებნია.

 

ისინი ამოდენა ავადმყოფობებს ითმენდნენ, ჩვენ კი ოდნავი ტკივილებისას ექიმბაშებსა და მისნებს უმალვე სახლში ვეპატიჟებთ. ოჰ, ძმებო, როგორც ოქრო გამოიცდება ცეცხლით, ასევე ადამიანი განიწმინდება ავადმყოფობით. გავიხსენოთ, ძმებო, მოციქულები, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომლებმაც დიდი ტანჯვა გადაიტანეს. ვინც ამქვეყნად მწუხარებასა და მძიმე სნეულებებს დაითმენს, ცათა სასუფეველში იგი დიდ საზღაურს მიიღებს.

 

დაფიქრდი, ადამიანო, იმაზე, რომ სნეულებათაგან ჯადოქარი ვერ დაგიხსნის, მხოლოდ დიდსა და მძიმე ცოდვას ჩაიდენს. თუკი ღმერთს დაუტევებ და ეშმაკებთან მიდიხარ, რა წყალობას მიიღებ უფლისაგან და როგორ მოუხმობ მას ლოცვებში? სულს რად წარიწყმედ, ღმერთს რას უპასუხებ, თუკი მას მცირე სნეულების დროსაც კი დაუტევებ და ეშმაკებთან წახვალ?ეკლესიაში როგორღა დადგები, როგორღა ეზიარები, ქადაგებას როგორ მოუსმენ? ჰოი, ადამიანო, - თუკი სნეულებებს ან სხვა უბედურებებს მადლობით დაითმენ, მაშინ განკითხვის დღეს მოწამეებთან ერთად დაიდგამ გვირგვინს, მათ ტანჯვანი დაითმინეს, შენც სნეულებანი და გასაჭირნი მადლობით დაითმინე“.

 

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება გავაკეთოთ შემდეგი დასკვნა: ღმერთი ადამიანებზე ავადმყოფობებსა და მწუხარებებს დაუშვებს.

 

1. მათი ცოდვების გამო, ამ ცოდვების გამოსასყიდად, ცხოვრების მანკიერი წესის შესაცვლელად, ამ მანკიერებათა გასაცნობიერებლად და იმის შესაცნობად, რომ ეს ცხოვრება მხოლოდ ერთი წამია, რომლის მიღმაც მარადიულობა დგას და როგორი იქნება ის შენთვის, დამოკიდებულია შენს ამქვეყნიურ ცხოვრებაზე.

 

2. ხშირად მშობლების ცოდვებისათვის შვილები ავადმყოფობენ (რათა მწუხარებამ და განსაცდელმა შემოსუროს მათი უგუნური ცხოვრება, აიძულოს, ჩაფიქრდნენ და შეცვალონ იგი). ამ შემთხვევაში, რაოდენ მკაცრადაც უნდა მოეჩვენოს ეს თანამედროვე სეკულარიზებულ (ე.ი. რელიგიისადმი განურჩეველ), ჰუმანიზმის სულისკვეთებით აღზრდილ ადამიანს (ე.ი. სულისკვეთებით, რომელიც აღმერთებს სხეულს და მის სურვილებსა და მოთხოვნილებებს აყენებს ყველაზე მაღლა) ყველაზე სამართლიანად ჟღერენ სიტყვები: ასეთი ადამიანებისათვის სნეულებანი სულის გადასარჩენადაა აუცილებელი! ვინაიდან, უპირველეს ყოვლისა, უფალი ადამიანის უკვდავი სულის გადასარჩენად ზრუნავს, ადამიანი ახალ არსებად უნდა გარდაიქმნას, ისეთად, როგორადაც იგი ღვთის მიერ იყო ჩაფიქრებული. ამისათვის უნდა შეიცვალოს ადამიანი, უნდა განიწმინდოს ვნებებისა და მანკიერებისაგან. ღმერთი და ქრისტეს მცნებები უნდა იყოს ცხოვრების მიზანი და არა დროებითი, წარმავალი ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, საჭმლისა და ტანასცმლის სიუხვე. ყოველივე ეს ოქროს ხბოს კერპია, რომელზედაც ასე ხშირად ცვლიდნენ ძველი იუდეველები თავიანთ შემოქმედს. თანამედროვე ქრისტიანებიც ხშირად ჰყიდიან მას იმავე ოქროს კერპზე.

 

3. ხშირად ჩვენს დასათრგუნავად, ბოროტი, წარმწყმედელი ქმედებების აღსაკვეთად.

 

არსებობს ასეთი იგავი უფალზე: ერთხელ იესო ქრისტე მოწაფეებთან ერთად გზად მიდიოდა. მოწაფეებმა დაინახეს დაბადებითვე დავრდომილი ადამიანი, რომელიც გზის პირას იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. მოწაფეებმა ჰკითხეს მაცხოვარს: „რატომ ვერ დადის ეს კაცი?“ ქრისტემ უპასუხა: „მას რომ სიარული შეეძლოს, ცეცხლითა და მახვილით გადაბუგავდა მთელ დედამიწას“.

 

4. ხშირად იმისათვის, რომ მცირე უსიამოვნებებით დიდ განსაცდელს აგვარიდოს (ვინაიდან, თუ მოცემულ სიტუაციაში ჯანმრთელნი ვიქნებოდით და ჩვეულებრივად ვიმოქმედებდით, რაღაც დიდი უბედურება შეგვემთხვეოდა, ასე კი, ცხოვრების ჩვეულებრივი მდინარებიდან ავადმყოფობით რომ ამოგვაგდებს, უფალი გვარიდებს ამ უბედურებას).

 

მაშ ასე, სნეულებისადმი ქრისტიანული დამოკიდებულების არსი მდგომარეობს: 1) ღვთის ნების მორჩილად მიღებაში, 2) იმ ცოდვებისა და ცოდვილობათა გაცნობიერებაში, რისთვისაც მოგვეგო სნეულება, 3) სინანულსა და ცხოვრების წესის შეცვლაში. ლოცვა, მარხვა, მოწყალება და სხვა სათნოებანი მოწყალეს ჰყოფს ღმერთს და ის მოგვმადლებს განკურნებას სნეულებათაგან. თუკი ექიმთან მივდივართ, მაშინ ვითხოვთ ღვთის კურთხევას განსაკურნებლად და ექიმს ვანდობთ სხეულის კურნებას და არა სულისას, სულს არავის ვანდობთ, გარდა ღვთისა.

 

აი, რას წერს ამის შესახებ წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი: „ხორციელი ზრახვა ავადმყოფობას უბედურებაც მიიჩნევს, მათგან განკურნებას კი, მით უფრო სასწაულებრივს, უდიდეს სიკეთედ. ამასთან ნაკლებად აწუხებს, ეს განკურნება სულისათვის სასარგებლოა თუ მავნე. მრავალმა ღვთისაგან სასწაულებრივი განკურნების შემდეგ არად ჩააგდო უფლის ეს დიდი წყალობა და დაივიწყა თავისი მადლიერება ღვთის მადლის გამო, ცოდვილი ცხოვრება დაიწყო და უფლის მადლი სასჯელად გადაიქცია. ისინი, გაუცხოვდნენ ღვთის მიმართ და დაჰკარგეს ცხოვნება. ამიტომ ხორციელ სალმობათა საკვირველი კურნებანი იშვიათად ხდება, თუმცა ხორციელი ზრახვა დიდ პატივს მიაგებს მათ და დიდადაც სწყურია ისინი. „ითხოვთ და ვერ მიიღებთ, რამეთუ ბოროტად ითხოვთ, რაჲთა გულის თქუმათა შინა თქუენთა განილინეთ“, - გვასწავლის იაკობ მოციქული (4,3).

 

სულიერი განსჯა გვასწავლის, რომ სნეულებანი და სხვა მწუხარებანი, რომელთაც ღმერთი მოუვლენს ადამიანებს, ღმერთის განსაკუთრებული მოწყალების ნიშანია. როგორც მწარე წამალი კურნავს სნეულს, ისე მწუხარებანი შეეწევიან ცხოვნებას, ჩვენს კეთილდღეობას ბევრად უფრო საიმედოდ, ვიდრე საკვირველი კურნებანი“.

 

გარდა ამისა, მრავალი სნეულებანი, როგორც ამაზე პირველ თავში მივუთითებდით, არაწმინდა სულების ზემოქმედების შედეგია. ამასთან ამ დემონური იერიშის შედეგები ძალზე ჰგვანან ბუნებრივ ავადმყოფობებს. ასე, მაგალითად, ქალი 18 წელი ეშმაკისაგან იყო შეკრული (ლუკა 13,11-16). ის არ იყო ეშმაკეული, მისი უძლურება გახლდათ არაწმინდა სულის მოქმედების შედეგი. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი სამედიცინო ხელოვნება უძლურია, ამიტომაც ამბობს წმ. ბასილი დიდი: „არა ჯერ არს მთლიანად უგულებელვყოთ საექიმო ხელოვნება, ასევე გაუმართლებელია მთელი იმედების მასზე დამყარება“, ვინაიდან ასეთი ავადმყოფობანი მხოლოდ ღვთის ძალით, მხოლოდ არაწმინდა სულის განდევნით იკურნება.

 

პასუხი შეკითხვისა, შეიძლება თუ არა ქრისტიანმა იმკურნალოს ექსტრასენსთან, რომლის შესაძლებლობათა ბუენაბ შევაფასეთ, როგორც დემონური, მოვიყვანთ ამონარიდს დიდი სჯულის კანონიდან: „თუ ვინმე დადის მისნებთან, თუ ვინმე მისნობის მოქმედია და ასტროლოგიას მისდევს, თუ ვინმე ბოშებთან მკითხაობს, ან კიდევ სახლში მოჰყავს მისნები მკურნალობისათვის თუ სხვა მიზნებისათვის, აგკირიის კრების 24-ე კანონით, ასეთები 6 წლით უზიარებელნი უნდა იყვნენ, ტრულის კრების 61-ე კანონითაც ასეთები 6 წლით ისჯებიან, ხოლო მღვდლები განიკვეთებიან. ასევე 6 წლით დაისჯებიან, ვინც ავი სულით შეპყრობილებს უსმენს, რომლებიც ეშმაკის დახმარებით წინასწარმეტყველებენ, ვინც თავის ტკივილების ან სხვა დაავადებათა დროს მჩხიბავ დედაბრებს მოუხმობს, ან კეთილისმყოფელ ეშმაკებს მიმართავს ავადმყოფობისაგან განსაკუთრებლად.

 

დაგვრჩენია ისღა დავამატოთ, რომ ქრისტიანი, რომელიც ექსტრასენსთან მკურანალობს, ან მისგან მომავლის გაგებას ცდილობს, ქრისტეს გამყიდველია, რადგან დაპირებული ჯანმრთელობის, საეჭვო განკურნებისა და მომავლის შეცნობის არაჯანსაღი სურვილის საფასურად ის ურთიერთობაში შედის არაწმინდა სულებთან.

 

 

დასკვნა

თუ ვნებებით დატვირთულ ადამიანს, მცირედ მორწმუნეს, სულიერად გამოუცდელს ან მოუნათლავს აღმოაჩნდება რაღაც ზებუნებრივი მონაცემები, ეს დამღუპველია მისთვის, რადგან ამკივდრებს მასში სიამაყეს, პატივმოყვარეობას, თავის თავზე დიდ წარმოდგენას, რაც სულიერი სიკვდილის ტოლფასია.

 

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვის აზრით, „ჭეშმარიტ წმიდანებს არათუ არ სურთ იყონ სასწაულთმოქმედნი, არამედ მაშინაც კი, როცა ღმრთისაგან ეძლევათ ეს უნარი, უარს ამბობენ მასზე და ამას კაცთა დასანახად როდი სჩადიან, შინაგანად, გულის სიღრმეში არა აქვთ ამის სურვილი. ერთ წმ. მამას თავისი დიდი სულიერების გამო ღვთის კეთილისმყოფელობის ნიშნად მასთან მომსვლელთა ვინაობის გამოცნობის უნარი მიეცა. მათ თვითონაც შესთხოვა ღმერთს და სხვა ძმებსაც შეევედრა, ელოცათ, რათა ნიჭი წარტაცებულ ყოფილიყო მისგან. და, თუ ზოგიერთმა წმ. მამამ მაინც მიიღო სასწაულთმოქმედების მადლი, ეს მოხდა ან აუცილებლობის, ან თვით ამ მამების უბრალოების გამო, სხვებმა ეს მადლი სულიწმინდის განსაკუთრებული წყალობის ნიშნად მიიღეს და არა შემთხვევით, უმიზეზოდ...“

 

ამიტომაც ნუ აჩქარდებით, თუ ესა თუ ის ექსტრასენსული მონაცემები აღმოგაჩნდებათ. თავპირისმტვრევით ნუ შეუდგებით სხვათა კურნებას და მომავლის წინასწარმეტყველებას. მაშინაც კი, თუ ეს უნარი თქვენში ბუნებრივი მონაცემების შედეგია, ნუ გაგიტაცებთ იგი. ფრთხილად იყავით, გახსოვდეთ, რომ „წინამოსაჯული თქუენი, ეშმაკი, ვითარცა ლომი მყვირალი, მიმოვალს და ეძებს, ვინცა შთანთქა“ (1 პეტრე 5,8), არც ერთი ბუნებრივი ენერგეტიკული ზემოქმედება შეუმჩნეველი არ რჩება სულიერ სამყაროში. იგი მისი ავტორის გარშემო შემოკრებს არაწმინდა სულებს, რომლებიც, ამ წუთიდან მოყოლებული, ყოველნაირად ცდილობენ, თავიანთ გავლენას დაუმორჩილონ ისინი. ვნებებით შეპყრობილი ადამიანისათვის, რომელიც არ იცნობს სულიერ სამყაროს და არ არის დაცული რწმენით, მარხვითა და ლოცვით, ასეთი კავშირი დამღუპველია. ამიტომაც უმჯობესია, ვიაროთ წმ. მამების სამეუფო გზით, თავმდაბლობის, მოთმინების, სიყვარულის, ლოცვისა და მარხვის გზით, ვინაიდან სულიწმინდის ნიჭი და ამ ნიჭის ადამიანთა სასიკეთოდ გამოყენების მადლი მას მიეცემა, ვინც ქრისტესათვის თავის თავსა და თავის „მე“-ზე იტყვის უარს, ვინც ქრისტესათვის უარყოფს ბუნებრივსა და დემონურ მონაცემებს, რომლებიც ადამიანში პატივმოყვარეობას აღვივებენ, ვინც ტაძრისაკენ მიმავალი გზით, ლოცვისა და სინანულის გზით ეძებს ქრისტეს.

 

მე მესმის, რომ ეს სტატია ძნელად აიძულებს ექსტრასენსებს უარყონ თავიანთი საქმიანობა და არ ვიდოდენ იმ საბედისწერო გზით, რომელსაც ისინი წარწყმედისაკენ მიჰყავს, რადგან საკმაოდ დიდია საცდური: „შენ რჩეული ხარ, შენ ისეთი არა ხარ, როგორც ყველა, შენ გაკისრია დიდი მისია, დაეხმარო სხვას, გადაარჩინო შეჭირვებული კაცობრიობა. წადი, იმუშავე! ასეთია შენი უმაღლესი დანიშნულება“, - წაგვჩურჩულებს ბოროტი ეშმაკი, რომელიც გვხიბლავს ჩვენს თავზე დიდი წარმოდგენის შექმნით. გვავიწყდება, რომ „იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაჲ, რომელი მიიყვანებს ცხორებასა“ (მათე 7,14) ეს არის გზა სათნოებისა, გზა ვნებებთან ბრძოლისა, გზა, სადაც არ ეძებენ „ნიჭებს“ და არ ესაჭიროებათ იგი, ეძებენ მხოლოდ ღმერთს და ნებას მისას.

 

წიგნიდან: „ადამიანები და დემონები“