მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

არის თუ არა შობის ვარსკვლავი ასტროლოგიის გამართლება?

 

დღეს, როდესაც საქართველოში ასტროლოგიის საყოველთაო ბუმია და თითქმის აღარ დარჩა მასმედიის არცერთი საშუალება, რომელიც არ აქვეყნებდეს ასტროლოგიურ პროგნოზებს ჰოროსოპის სხვადასხვა ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთა „მომავალი ბედის“ შესახებ, ზოგიერთი თანამედროვე ვარკვლავთმრიცხველი სახარებისეულ შობის ვარკვლავს ასტროლოგიის გამართლებად მიიჩნევს, რასაც დიდი გულმოდგინებით ავრცელებს ხალხში. თუ როგორია ამის თაობაზე წმიდა ეკლესიის შეხედულება, ეს კარგად ჩანს წმიდა იოანე ოქროპირის მიერ მათეს სახარების განმარტებიდან, რომელსაც შემოკლებული სახით ქვემოთ წარმოგიდგენთ.

 

ქრისტეშობისას ვარსკვლავის გამოჩინება ზოგიერთისთვის ვარსკვლავთმრიცხველობის ჭეშმარიტების დასტურია. ამგვარი აზრი ეშმაკის შთაგონებით ჩნდება. თუ ქრისტე ვარსკვლავთმრიცხველთა წესის თანახმად იშვა, მაშ, რატომ ამხილა ისინი წინასწარმეტყველთა პირით და რისთვის უწოდა მათ საცდური და სიცრუე:

 

„...აბა, წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისაგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან; ნაკვერჩხალიც არ დარჩა გასათბობად, არც ცეცხლი მის წინ დასაჯდომად“ (ისაია 47, 13-14). განა ციური მნათობები ღმერთმა არ გააჩინა? ან მისი ბრძანებით არ მოძრაობენ ეს უკანასკნელნი? თუ ყველაფერს ვარსკვლავები წყვეტენ, მაშინ არც კაცის მკვლელს მოეკითხება დანაშაული, არც მეძავს - სიძვა. თუკი ცოდვაც და სათნოებაც ცის მნათობთა მიერაა განსაზღვრული, მაშ, როგორაა, რომ ადამიანმა შეიძლება ხანგრძლივად სცოდოს და სიცოცხლის მიწურულს მიიდრიკოს სათნოებისაკენ, ან პირიქით, მრავალ კეთილ საქმეთა აღმასრულებელი ბოლოს ცოდვაში ჩავარდეს? როგორ ხდება, რომ ერთი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ შეიძლება იშვას მეფეცა და მათხოვარიც?

 

რაც შეეხება ვარსკვლავს, რომელმაც მოგვებს უმეგზურა, იგი ჩვეულებრივი არ იყო. მნათობები აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მოძრაობენ, ხოლო იგი კი ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ გადაადგილდა. ვინაიდან სპარსეთი, საიდანაც მოგვები მოემართებოდნენ და პალესტინა, ერთმანეთის მიმართ სწორედ ამგვარადაა განლაგებული. საკვირველი ვარსკვლავი დღისით, მზის ბრწყინვალების დროს ჩნდებოდა ხოლმე, რაც ჩვეულებრივი ვარსკვლავისთვის შეუძლებელია. საოცარია ისიც, რომ მნათობი სპარსეთიდან პალესტინამდე მგზავრობისას ჩანდა, ხოლო იერუსალიმში შესვლისას კი - არა. როცა საჭირო იყო ჩნდებოდა, როცა არა - თვალს ეფარებოდა; საჭიროება მოითხოვდა - მოძრაობდა, და თუ არა - ადგილზე დგებოდა. ეს ვარსკვლავი თავს დაადგა გამოქვაბულს, რითაც ზუსტად მიუთითა საკვირველი ყრმის შობის ადგილი. ამრიგად, ეს ვარკვლავი კი არა, სახეცვლილი გინერი ძალა (ე.ი. ანგელოზი) იყო. ღმერთმა წარმართთაგან ყველაზე ურჯულონი, ვარსკვლავთმრიცხველი მოგვები აირჩია ამ საქმისათვის, რითაც ებრაელები ამხილა, ვინაიდან, მათ, ჭეშმარიტი რჯულის მიმდევრებს, პირველ რიგში უნდა ეცნოთ ღმერთი.

 

მოამზადა ზურაბ ცხოვრებაძემ
გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“,№ 1 (155), 2002 წ.