მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ასტროლოგია, ანუ დიდი სიცრუე

 

„საყუარელნო, ყველა სულს ნუკი ენდობით, არამედ გამოსცადეთ, ღმრთისაგან არიან თუ არა სულნი, იმიტომ რომ მომრავლდნენ ცრუწინასწარმეტყველნი ქვეყნად“ (I იოანე 4,1)

 

სათაურიდან გამომდიანრე, მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ წინამდებარე სტატიაში ასტროლოგიაზე გვექნება საუბარი. სამწუხაროდ, სწორი რელიგიური ინფორმაციის ნაკლებობის გამო ბევრ ჩვენგანს არამართებულად ესმის ამ მისტიკური მოძღვრების ჭეშმარიტი არსი. ასტროლოგიით განსაკუთრებით გატაცებულია ახალგაზრდობა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ერემენტალური რელიგიური განათლება არ გააჩნია. ბევრი მათგანი ასტროლოგიას აღიქვამს ამა თუ იმ ადამიანის პიროვნულ ნიშან-თვისებათა განმსაზღვრელი მეცნიერების დონეზე და წარმოდგენა არა აქვს, რომ იგი მჭიდრო კავშირშია მაგიასთან და მოიცავს ფატალიზმსა და მეტემფსიქოზის თეორიას.

 

დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში ფართო პროპაგანდა ეწევა ასტროლოგიას როგორც პრესის, ასევე ტელევიზიის საშუალებით. ქუჩაში უხვად გამოფენილი ლიტერატურა გვთავაზობს „ვეძიოთ ვარსკვლავი ჩვენი“, ხოლო ტელევიზია გადაცემაში „ვარსკვლავები გვამცნობენ“ გვაწვდის ასტროლოგიურ პროგნოზს იმის შესახებ, თუ „რა გველის ხვალ“.

 

ლექსიკონებსა და ენციკლოპედიებში ასტროლოგია განმარტებულია, როგორც ცრუ მეცნიერება,

რომელიც ცდილობს გამოიცნოს ცაკლეული პიროვნებებისა და ხალხების მომავალი, ზეციურ მნათობთა განლაგებაზე დაკვირვების შედეგად. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ბიბლიასა და წმინდა მამათა თხზულებებში ასტროლოგია რამოდენიმე სახელწოდებით მოიხსენიება, კერძოდ: ვარსკვლავთმრიცხველობა, ვარსკვლავთმჭვრეტელობა, ვარსკვლავთმეტყველება და სხვა. IV საუკუნის წმინდანი, დიდი მღვდელმთავარი იოანე ოქროპირი თავის ეგზეგეტიკურ ნაშრომში, ბეთლემში მოგვთა მოსვლაზე საუბრისას საცნაურჰყოფს, რომ ვარსკვალთმრიცხველებად იწოდებიან სწორედ ისინი, ვინც ზოდიაქოს ნიშანთა მიხედვით ცდილობენ განსაზღვრონ ადამიანთა მომავალი თუ პიროვნული ნიშან-თვისებანი.

 

III საუკუნის ქრისტიანი ღვთისმეტყველი და აპოლოგეტი ტერტულიანე თავის ნაშრომში - „კერპების შესახებ“ - ამბობს, რომ ასტროლოგია არის მაგიის სახესხვაობა. დანიელ წინასწარმეტყველის წიგნში ასევე ვნახულობთ დამოწმებას ასტროლოგიასა და მაგიას შორის მჭიდრო კავშირის შესახებ (დან. 2, 27). ბროკჰაუზისა და ეფრონის ლექსიკონში კი ვკითხულობთ: „წარსულში ასტროლოგია, ალქიმია და მაგია მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებულნი ერთმანეთთან“. ადრეულ საუკუნეებში თვითონ აღნიშვნა „ქალდეველი“ (მაგიით განთქმული ბაბილონის სამეფოს მკვიდრი მოსახლე) თავის თავში შეიცავდა და გულისხმობდა ასტროლოგს, გრძნეულს, მაგს, მჩხიბავს.

 

ძველთაგანვე ასტროლოგია ღმერთის ჭეშმარიტი თაყვანისმცემლების მხირად აღიქმებოდა, როგორც უფლისაგან განდგომა და ბოროტ ძალთა სამსახური. ძველ აღთქმისეულ ეპოქაში ისრაელში აღმოცენებული ჯადოქრები, მოგვები, ვარსკვლავთმრიცხველები, მისნები ჩაქოლვით ისჯებოდნენ, ხოლო ახალი აღთქმის მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ამგვარ საქმეთა მოქმდეს მრავალი წლით განაშორებს ზიარების წმინდა საიდუმლოს. თავისი სიმძიმით ჯადოქრობის ცოდვა კაცის კვლას უტოლდება. დიდი სჯულის კანონში ვკითხულობთ: „ვინც დადიან მოგვებთან, ან ეწევიან მოგვობას, ან ვარსკვლავთმეტყველებენ, ექვსი წლით განეშორონ ზიარებისაგან, ხოლო ამის მოქმედი მღვდელი განიკვეთოს“.

 

ღმერთი ისაია წინასწარმეტყველის პირით გვაუწყებს ბაბილონის სამეფოს დაღუპვას მისი უწმინდურობის, მაგიისა და ვარსკვლავთმრიცხველობის მიმდევრობის გამო: „გეწევა უბედურება და არ გეცოდინება მისი სახსარი, ჭირი დაგატყდება და ვერ აირიდებ; ანაზდად გეწევა განადგურება, ვერც გაიგებ“. შემდეგ წმინდა წინასწარმეტყველი ჯადოქრობის უსუსურობას წარმოაჩენს: „იდექი შენ ჯადოებზე და შენს უამრავ გრძნეულებებზე, რისთვისაც ზრუნავდი სიყმაწვილიდანვე! იქნებ გიშველოს, იქნება ზარი დასცე. აბა წარდგნენ ცათა მზომელნი, ვარსკვლავთმჭვრეტელნი, ახალ მთვარეთა მცნობელნი და გიხსნან მოწევნადისაგან! აჰა, ჩალასავით არიან, ცეცხლმა გადაბუგა ისინი, საკუთარი თავიც ვერ იხსნეს ალისაგან“ (ისაია 47, 11-14).

 

წმინდა ავგუსტინე იმის მიზეზად, თუ რატომ შედიან დემონები ადამიანებთან კონტაქტში ასტროლოგიის საშუალებით, შემდეგს გვაუწყებს: „იცის ყოვლადცბიერმა, რომ ცრუწინასწარმეტყველებების საშუალებით ადვილად შეძლებს განგვაშოროს ღმერთისაგან და თავისკენ მიგვიზიდოს, რომ შეძლებს დაგვაჯეროს, ვითომ ვარკვლავები განაგებენ ჩვენს მოქმედებებსა და აზრებს. ხოლო როდესაც მიღებული იქნება ეს რწმენა, ჩვენ საერთოდ აღარ ვიზრუნებთ, ან ძალზე მცირედ ვიზრუნებთ ჩვენი შეცოდებებისთვის, რადგან გავიმართლებთ თავს ვარკვლავთა მოქმედების გარდაუვალობით, ხოლო როდესაც უბედურება დაგვატყდება თავს, დავადანაშაულებთ ამაში ღმერთს, როგორც ბოროტების შემოქმედს... და სწორედ მაშინ მტერი (ეშმაკი) მოხერხებულად შეძლებს ჩვენს დაუფლებას და ჯოჯოხეთის ფსკერში ჩათრევას“.

 

ახლა განვიხილოთ რამდენიმე ძირითადი ასპექტი, რომლებზედაც ფაქტიურად აგებულია ასრტოლოგია.

 

 

ზეციური მნათობების ზეგავლენა ადამიანზე

 

ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ მზეს, მთვარეს და ვარსკვლავებს გააჩნიათ ძალა და უნარი ადამიანთა ქმედებების წარმართვისა. მოდით, ლოგიკურად განვსაჯოთ, თუ რამდენად შეესაბამება ჭეშმარიტებას აღნიშნული თეორია. როგორც ვიცით, ყოველი ადამიანი სჩადის როგორც კეთილ, ასევე ბოროტ საქმეებს. თუ დავუშვებთ, რომ ვარსკვლავების კეთილი და ბოროტი ზეგავლენა ადამიანებზე მნათობთავე ნებით ხორციელდება, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ვარსკვლავები ცოცხალი არსებანი არიან, გააჩნიათ გონება და თავისი სურვილისამებრ მოძრაობის უნარი. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ვარსკვლავები უსულო, ფიზიკური სხეულებია, არ გააჩნიათ გონება და არც თავიანთი ნებით მოძრაობენ, არამედ ისე, როგორც ღმერთმა განაწესა დღიდან მათი შექმნისა. ხოლო თუ დავუშვებთ, რომ კეთილთან ერთად ბოროტი ზეგავლენის უნარი მნათობებში ბუნებითად არის ჩადებული, ჩავვარდებით აშკარა ღვთისმგმობელობაში, რადგან ეს ბოროტება მიეწერება მათივე შემოქმედ ღმერთს. წმინდა წერილი კი გვეუბნება, რომ ღმერთში არ არის ბოროტება, რომ ღმერთი არ ბადებს ბოროტს, ანუ არ არის მიზეზი ბოროტებისა. მაგალითად მოვიყვანთ რამდენიმე ციტატას, როგორც ძველ, ასევე ახალი აღთქმიდან: „მან (ღმერთმა) ყველაფერი კეთილად შექმნა თავის დროისთვის“ (ეკლესიასტე 3, 11). „რადგან სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს“ (ბირძნე სოლომონისა 1, 13). „რადგან კეთილია ღმერთის ყოველი ქმნილება“ (I ტიმოთეს მიმართ 4, 4).

 

წმინდა იოანე დამასკელი თავის ცნობილ თხზულებაში „მართლმადიდებლური სარწმუნოების ზუსტი გადმოცემა“ ციტირებას უკეთებს წმინდა ბასილი დიდს და შემდეგნაირ დახასიათებას აძლევს ატროლოგიას: „ელინები ამბობენ, რომ ვარსკვლავების, ასევე მზის და მთვარის ჩასვლით, ამოსვლით და დაახლოვებით იმართება ყველა ჩვენი ქმედება და სწორედ ამითაა დაკავებული ასტროლოგია. ხოლო ჩვენ, საწინააღმდეგოდ ვამტკიცებთ, რომ მათი (მნათობების) საშუალებით ხდება წინასწარი მინიშნება წვიმისა და გვალვისა, ნიტიო და მშრალი ამინდისა, ასევე ქარებისა და წყლებისა და არავითარი სახით არ წარმოადგენენ ჩვენი მოქმედებების წინასწარ განმსაზღვრელებს. სინამდვილეში ჩვენ, შემოქმედის მიერ შექმნილნი თავისუფლებად, უფალნი ვართ ჩვენი საქმეებისა. თუ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ვარსკვლავთა მიმოქცევის ძალით, მაშინ რასაც ვაკეთებთ, ჩავდივართ გარდაუვალობის გამო. რაც ხდება გარდაუვალობის გამო, არ არის არც სათნოება და არც ბიწიერება, მაშინ არ ვიმსახურებთ არც ჯილდოს და არც სასჯელს, ამის თანაბრად კი ღმერთი გამოდის უსამართლო, აძლევს რა ზოგს ნეტარებას, ხოლო ზოგს კი - სატანჯველს. ამაზე მეტიც: თუკი ყველაფერი წარიმართება გარდაუვალობის გამო, მაშინ გონებაც არ ყოფილა ჩვენთვის საჭირო, რადგან თუ ჩვენ არა ვართ უფლებამოსილნი არც ერთ ჩვენს ქმედებაში, მაშინ არა გვაქვს საჭიროება რაიმეს მოსაზრებისა. მაგრამ გონება ჩვენ უეჭველად მოცემული გვაქვს ჩვენივე მოქმედებათა მოსაფიქრებლად, რის გამოც ყოველი გონიერი არსება ამავე დროს არის თავისუფალი არსება“.

 

წმინდა მამის ბოლო სიტყვებიდან გამომდინარე, ლოგიკურად შეგვიძლია გადავიდეთ მეორე ასპექტის განხილვაზე.

 

 

ფატუმი

 

ასტროლოგიაში ფუნდამენტური მნიშვნელობა ენიჭება თეორიას ბედისწერის შესახებ. ვნახოთ, რას გვამცნობს ამის შესახებ წმ. იოანე ოქროპირი თავის მეხუთე სიტყვაში „ბედისწერისა და განგების შესახებ“: „სწავლება განგებისა და ბედისწერის შესახებ შეცდენილ სულებში დებს ღვთისმგმობ, ბიწიერ და დამღუპველ აზრს, არწმუნებს ადამიანებს, ილაპარაკონ ღმერთზე ის, რაც დემონებზეც კი არ უთქვამს ვინმეს. გამანადგურებლად მოქმედებს იგი ჩვენს ცხოვრებაზეც, ყველაფერს მოუსვენრობითა და შფოთით ავსებს. აკეთებს იმასვე, რასაც ადამიანი, რომელიც ცდილობს დაარწმუნოს ავადმყოფი, რომ სამკურნალო სხეული არ ასარგებლოს მისთვის მომზადებული საექიმო საშუალებებით, არ მოიცილოს დაავადება, მიეცეს უზრუნველობასა და ქარაფშუტობას და ასე დაელოდოს ყველაზე საცოდავ სიკვდილს. განა ამასვე არ ამბობს ბედი?.. თუკი გარდაუვალია მოხდეს ბედისაგან განსაზღვრული მაშინაც, როდესაც გვძინავს, ნუ შეაბამს უღელში ხარებს მიწათმოქმედი, ნუ გამოიტანს სახნისს, ნუ გაჭრის კვალს, ნუ დასთესს, ნუ ელის წლის ხელსაყრელ დროს, ნუ იტანს სიცივეს, ხანგრძლივ წვიმას, უბედურებებს და შრომას მთელი წლის მანძილზე, ნუ ლესავს ნამგალს და ნუ მკის დათესილ პურს, ნუ ლეწს თავთავს, ნუ რგავს და უვლის მცენარეებს, - მოიცილოს მიწათმოქმედის ყველა ზრუნვა, დაჯდეს სახლში და იძინოს: თუკი ყველაფერი ბედისაგან უეჭველად აქვს განსაზღვრული, სიკეთე თავისით მოუვა სახლში. ბევრიც რომ იშრომო, არ ექნება არაფერი შედეგი შრომასა და ძალდატანებას. რატომ არ გადაწყვეტთ ასე მოქცევას, თუკი მართლაც გჯერათ ბედისა?.. შეწყვიტე მიწათმოქმედება, გააუქმე ზღვაოსნობა, განდევნე ყველა ცხოვრებისეული ხელოვნება; ნურც მშენებელი, ნურც მეთუნე, ნურც მქსოველი, ნურც სხვა ჩვენი ცხოვრებისათვის სარგებლის მომტანი იზრუნებს თავისი ხელობისათვის. მაშინ კარგად დაინახავ, როგორია ბედის ჯილდო.

 

- ადამიანი, რომელიც საკუთარი სურვილით არ აკეთებს რამეს, არამედ ბედისგანაა იძულებული, არც კარგია და არც ცუდი. აბა, რისთვის ვაქებთ ვინმეს? რისთვის ვკიცხავთ? რისთვის ვწყევლით, რისთვის ვაამებთ? ხედავ, რა უაზრობამდე მიგვიყვანა ბედზე ლაპარაკმა? არავინაა ღვთისმოსავი, არავინ - გარყვნილი, არავინ - ანგარებისმოყვარე, არავინ - სამართლიანი. სათნოებაც და ნაკლიც გაუქმებულია, ტყუილად ვართ მოსულები აწინდელ ცხოვრებაში, უკეთ რომ ვთქვათ, არა ტყუილად, არამედ საუბედუროდ. რა უაზრობაა იყო ჩათრეული ცოდვაში ბედის იძულებით... ხედავ, როგორ ცდილობს ეშმაკი ყოველი მხრიდან გააშმაგოს ადამიანი ღმერთის წინააღმდეგ? გსურს დამარწმუნო, რომ გჯერა ბედის და ის, შენი აზრით, მნიშვნელოვანი დოგმატია? ნუ დასდებ ბრალს მრუშ დედაკაცს, ნუ განრისხდები, ნუ წაიყვან მსაჯულთან. თუ ხედავ, რომ კედელს საძირკველს უთხრიან, ნუ მოსთხოვ პასუხს ამისთვის, რადგან ამას უნებლიედ აკეთებს, - ამას შენ თვითონ ამტკიცებ. ნუ იზრუნებ შენი საქმეებისათვის, რადგან ის დაგემართება, რაც ბედისგანაა განსაზღვრული. გადააგდე ოქრო, რამდენიც გაქვს; ნურაფრად ჩააგდეს სახლებს, სავაჭროებს, მონებს, რადგან შენი უხრუნველობა არაფერს ავნებს. მაგრამ შენ ვერ გაბედავ ამის გაკეთებას. თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არსებობს სამართალი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის რწმენა; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის ღმერთი; თუ არსებობს ბედისწერა, მაშინ არ არის არც სათნოება, არც ცოდვა; თუ არსებობს ბედისწერა, ყველაფერი ამაოა, უსარგებლოდ ვაკეთებთ და ვითმენთ ყველაფერს, არ არის ქება, არ არის კიცხვა ან სირცხვილი, არც კანონები, არც სამსჯავრო“.

 

ქრისტიანული ეკლესიის სწავლების მიხედვით (საღმრთო წერილის თანახმად) ადამიანი თავისუფალია თავის ქმედებებში, რადგანაც შექმნილია ხატად და მსგავსად ღმრთისა და მინიჭებული აქვს თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა. ამაზე ცხადად მეტყველებს მრავალი ადგილი წმინდა წერილიდან. მაგალითად, ზირაქის სიბრძნეში ვკითხულობთ: „მან (ღმერთმა) დასაბამიდანვე შექმნა ადამიანი და მისი ხელის ანაბარა დატოვა. თუ მოისურვებ, დაიცავ მცნებებს და კეთილი რწმენით მოიქცევი. მან დაგიდო წინ ცეცხლი და წყალი და საითკენაც გენებოს, იქით გაიწოდე ხელი. ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც მოისურვებს, ის მიეცემა“ (სიბრძნე ზირაქისა 15, 14-17).

 

ადამიანის თავისუფალი ნება და მის ირგვლივ არსებული საკითხები არაერთხელ ყოფილა წმინდა მამათა მსჯელობის საგანი. მოდით, მოვუსმინოთ ისევ იოანე ოქროპირს: „ღმერთმა მოგვცა შესაძლებლობა, ამოვირჩიოთ ბოროტი და კეთილი, რათა ჩვენ ვიყოთ კეთილნი ჩვენივე ნებით. სული, როგორც ბატონი თავისი თავისა და თავისუფალი თავის მოქმედებაში, ყოველთვის არ ემორჩილება ღმერთს, მას კი არ სურს, იძულებითა და ძალდატანებით აქციოს სული სათნოდ და წმინდად. რადგანაც სადაც არ არის თავისუფალი ნება, იქ არ არის სათნოება. უნდა დავარწმუნოთ სული, რომ საკუთარი ნებით შეიქმნას სათნო“.

 

ასე რომ, როგორც ვხედავთ, შეუძლებელია თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული ადამიანი ვისიმე ან რისამე ძალდატანებით სჩადიოდეს კეთილსა და ბოროტ ქმედებებს, რადგანაც ყოველივე ეს მისივე ხელმწიფების ქვეშ იმყოფება. ზემოთქმულის საფუძვლიანი გააზრება და სათანადო დასკვნის გამოტანა გვსურს მკითხველს მივანდოთ და გადავიდეთ შემდეგ საკითხზე.

 

 

მეტემფსიქოზი

 

მესამე, ჩვენს მიერ განსახილვეს და უდაოდ ყურადღების ღირს ასპექვს წარმოადგენს მეტემფსიქოზის თეორია, რომელსაც ქადაგებს აღმოსავლური რელიგიები - ინდუიზმი და ბრაჰმანიზმი. მეტემფსიქოზი ნიშნავს სულთა გადასახლებას. იგი არის რწმენა იმისა, რომ გარდაცვლილი ადამიანის სული სახლდება სხვა სხეულში, შემდეგ ისევე იცვლის თავის დროებით ადგილსამყოფელს და ასე გრძელდება სულიერი განწმენდისა და დახვეწის რაღაც გარკვეულ პერიოდამდე.

 

სულთა გადასახლების თეორიას, რწმენას ადამიანის წინა ცხოვრებაზე ითვალისწინებენ ასტროლოგები პირადი ჰოროსკოპების შედგენისას. თემიდან გადახვევის შიშით, თავს ავარიდებთ დაწვრილებით ახსნა-განმარტებას იმისა, თუ როგორ კლავს ამ თეორიის მიღება ადამიანში რეალური საუკუნო სასჯელის შიშს, როგორ ადუნებს მის სიფხიზლეს და აძლევს საშუალებას ცოდვიან ცხოვრებაში გულგრილად ჩაძირვისა, თუ როგორ აქარწყლებს ადამიანში განხორციელებული ღმერთის, ქრისტე-მაცხოვრისადმი რწმენასა და სასოებას, როგორ ქადაგებს ადამიანის მიერ საკუთარი თავის ცხოვნების შესაძლებლობას, ღმერთის გარეშე, მარტოოდენ საკუთარ, ადამიანურ ძალებზე დაყრდნობით. გვინდა მხოლოდ აღვნიშნოთ, რომ მეტემფსიქოზის თეორია ჭეშმარიტებას არ შეესაბამება, რადგან წმინდა წერილში, როგორც ძველ, ასევე ახალ აღთქმაში გარკვევით და ნათლადაა გადმოცემული, რომ ადამიანი მხოლოდ ერთხელ ევლინება ამ ქვეყანას და მისი მიწიერი ცხოვრების ეს ხანმოკლე პერიოდი განსაზღვრავს მარადიულ ტანჯვას ან ნეტარებას. ამ საკითხებით დაინტერესებულ ზოგიერთ პიროვნებას მეტემფსიქოზის თეორიის დასამტკიცებლად ადგილები მოჰყავს თვით სახარებიდან. მაგრამ აქ საქმე გვაქვს ღვთის სიტყვის თვითნებურ განმარტებასთან, რაც უბრალოდ კადნიერებას წარმოადგენს. საღმრთო წერილი განმარტებულია ეგზეგეტი წმინდა მამების მიერ, რომლებიც ბრწყინავდნენ გამორჩეული ასკეტური ცხოვრებით, სულიერი გამოცდილებითა და სულიწმიდისეული ნიჭებით და რომლებიც უშუალოდ ღვთის მინიშნებით (იხ. იოანე ოქროპირის ცხოვრება) თავს იდებდნენ ესოდენ საპატიო მოვალეობას.

 

მავანნი ამბობენ, რომ ვითომ ქრისტემ შესანიშნავად უწყოდა სულთა გადასახლების არსებობა და მტკიცებად მოჰყავთ ციტატა იოანესაგან სახარებიდან, სადაც მაცხოვარი ნიკოდიმოსს ეუბნება: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც ხელახლა არ იშობა, ვერ იხილავს ღვთის სასუფეველს“ (იოანე 3, 3). მაგრამ აქ რეალურად საუბარია არა ამ ქვეყნად მეორეედ მოვლინებაზე, ანუ რეინკარნაციაზე, არამედ წმინდა ნათლობის საიდუმლოზე, რომლის დროსაც ადამიანი კვდება ცოდვისათვის და ცოცხლდება ღვთივსათნო ცხოვრებისათვის. აკი თავად იესო განმარტავს ამას შემდეგ მუხლში: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ვინც წყლისა და სულისაგან არ იშვება, ვერ შევა ღვთის სასუფეველში“ (იოანე 3, 5). ამასვე გვიდასტურებს პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში (რომ. 6, 4-11).

 

ასევე ადგილს მათესა სახარებიდან, სადაც მაცხოვარი იოანე ნათლისმცემელზე ეუბნება გარშემომყოფთ: „თუ გსურს შეწყნარება, იგია ელია, რომელიც უნდა მოვიდეს“ - ზოგიერთი განმარტავს, თითოს ეს არის ელია თეზბიტელის სულის რეინკარნაცია იოანე ნათლისმცემლის სხეულში. ანალოგიურად იმოწმებენ ლუკას სახარებას, სადაც იოანე ნათლისმცემელზე ნათქვამია: „ის ივლის მის (უფლის) წინაშე ელიას სულით და ძალით“ (ლუკა 1, 17). წმინდა იოანე ოქროპირი ამ ადგილებს შემდეგნაირად განმარტავს, რომ იოანე ნათლისმცემელი ელიად იწოდება არა პირდაპირი აზრით, არამედ სიმბოლურად, რადგან ელიასა და იოანეს შორის დიდი მსგავსებაა მათი მსახურებისა და მისიის მიხედვით: იოანე ნათლისმცემელი მქადაგებელი და წინამორბედია ქრისტეს პირველი მოსვლისა, ხოლო ელია თეზბიტელი მქადაგებელი და წინამორბედი იქნება (ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად) ქრისტეს მეორედ მოსვლისა. ამიტომ მაცხოვარი არ ამბობს პირდაპირ - იგი ელიააო, არამედ: „თუ გსურთ შეწყნარება, იგია ელიაო“. თუ გსურთ გულისხმისყოფით და ლმობიერი გულით შეწყნარება იოანეს ქადაგებისა, შეიწყნარეთო მისი სიტყვა როგორც ელიასი, რადგან მოსულია ელიას ძალით და სულით.

 

 

ასტროლოგიურ წინასწარმეტყველებათა რეალობასთას დამთხვევის მიზეზები

 

ასტროლოგიური წინასწარმეტყველებანი ზოგჯერ მართლაც ემთხვევა რეალობას. ამის გამო ბევრი ადამიანი ასტროლოგიას ჭეშმარიტ მოძღვრებად მიიჩნევს. შევეცდებით წმინდა მამათა და ქრისტიან თეოლოგთა ზოგიერთ თხზულებებზე დაყრდნობით განვმარტოთ ზემოხსენებულ დამთხვევათა მიზეზები.

 

ქრისტიანული სწავლებით, დაცემული ანგელოზები, ანუ დემონები არიან სულიერი (უხორცო) არსებანი, რომელთაც გააჩნიათ სივრცეში უსწრაფესი გადაადგილებისა და მატერიალურ წინაღობებში (მაგ: კედელი, ჩარაზული კარები) დაუბრკოლებლად გავლის უნარი. ისინი ფლობენ ასევე უდიდეს ინფორმაციას სულიერ თუ სუფთად მატერიალურ ასპექტში, რომელიც მიუწვდომელია ადამიანური გონებისათვის. მღვდელი როდიონი თავის თხზულებაში „ასტროლოგია და მაგია მართლმადიდებლური სწავლების შუქზე“ ამბობს, რომ „ეშმაკთათვის კარგადაა ცნობილი მსოფლიოს მდგომარეობა მიმდინარე მომენტში, რაც კარგად ჩანს იობის წიგნიდან (იობი 1, 7-8)... ეშმაკს ასევე შეუძლია გამოიცნოს მომავალში მოსახდენი ზოგიერთი რამ, რომელიც გამომდინარეობს რაღაც განსაზღვრული და შეუცვლელი მიზეზებიდან“. მაგალითად, თუ ჩვენ ვიცით, რომ ადამიანს აქვს ავთვისებიანი სიმსივნე, რომელიც თავისთავად ცხადია, რომ კურნებას არ ექვემდებარება, ძალზე ადვილად შეგვიძლია „ვიწინასწარმეტყველოთ“ ამ ადამიანის გარდაუვალი დაღუპვა. წმინდა მაქსიმე ბერძენი წერს: „დემონები წინასწარმეტყველებენ მომავალში შესაძლო მოსახდენის გათვალისწინებით და ზოგჯერ კიდეც გამოიცნობენ ხოლმე, მაგრამ მეტი წილ ტყუიან, რის გამოც არ უნდა ვერწმუნოთ მათ, თუმცაღა ზოგჯერ მართლდება მათი წინასწარმეტყველება“. III საუკუნის ქრისტიანი აპოლოგეტი მინუციუს ფელიქსი თავის „ოქტავიუსში“ აღნიშნავს, რომ დამთხვევები ორი მიზეზით ხდება: 1) შემთხვევით, 2) მისანთა მაგიური მოქმედებით, რომელთაც დემონებისაგან შეიძლება გაიგონ სამომავლო მოვლენათა შესახებ, რადგან დემონები თავად იღებდნენ უშუალო მონაწილეობას ამ მოვლენათა მომზადებაში. ასევე მღვდელი როდიონის ზემოხსენებულ თხზულებაში ვკითხულობთ, რომ „დაცემული სულები უშუალოდ მონაწილეობენ ამ ქვეყნად მიმდინარე ბევრი მოვლენის ორგანიზებაში და, რა თქმა უნდა, უწყიან მიზანი, რომლისკენაც მიისწრაფვიან. აქედან, ზოგიერთი დამთხვევა ჰოროსკოპებისა რელობასთან“. ნეტარი ავგუსტინეს აზრით „ეს (დამთხვევები) ხდება არა ციური ნიშნებით, არამედ სატანის საიდუმლო შთაგონებით, რაშიც ზოგჯერ შეუმჩნევლად ვარდებიან ადამიანთა გონებანი“.

 

ახლა ვნახოთ, რას გვეუბნებიან ამ საკითხთან დაკავშირებით თავად ასტროლოგები! 1991 წლის 15 მარტის გაზეთ „სმენაში“ ვკითხულობთ, რომ თვით ასტროლოგების მოწმობით, ჰოროსკოპთა წარმატების შედგენა უმეტეს შემთხვევაში დამოკიდებულია ასტროლოგის ინტუიციაზე. იმ ინფორმაციაზე, რომელსაც იგი იღებს გარკვეული კოსმიური აგენტისაგან. მაგალითად, ცნობილი ასტროლოგის პ. გლობას ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი სვეტლანა (გვარი მითითებული არაა) აცხადებს, რომ სწორედ ზეციური „მსოფლიო მოძღვრის“ - აშტარის შემწეობით და მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციით ადგენს ჰოროსკოპებს ისე, როგორც ვერავინ მსოფლიოში. ალბათ, არაა შემთხვევითი, რომ ზემოხსენებული აშტარი არაბულ და უგარიტულ მითოლოგიაში წარმართული ღმერთის სახელია, რომელიც ადამიანის მსხვერპლს მოითხოვს. საყურადღებო და მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ სვეტლანა მის დამხმარე ბოროტ სულს ზეცური მსოფლიო მოძღვარს უწოდებს. ვგონებთ, ადვილი მისახვედრია, რომ ამ შემთხვევაში ადგილი აქვს პირდაპირ კონტაქტს დემონურ ძალებთან.

 

არქიმანდრიტ რაფაელის ერთ-ერთ ქადაგებაში ვკითხულობთ: „მამები იმასაც ამბობენ, რომ თუმცა სატანამ არ იცის ჩვენი აზრები და ზრახვები, მაგრამ იგი დახვეწილი ფსიქოლოგია და კარგად შეისწავლა კაცთა ბუნება, ამიტომ ადვილად შეუძლია გამოიცნოს, როგორ მოიქცევა ადამიანუ ამა თუ იმ სიტუაციაში. მან ზუსტად არ უწყის მომავალი, მაგარმ დიდი ინფორმაცია აქვს და შეუძლია მეტ-ნაკლებად ზუსტად გამოიცნოს, რა მოხდება ხვალ. ამიტომ სატანურ წინასაწრმეტყველებათა დიდი ნაწილი (თუმცა არა ყველაფერი) სრულდება. ასე ადამიანსაც შეუძლია თქვას და ივარაუდოს, რით დამთავრდება ესა თუ ის საქმე, სატანის გონება კი ბევრად აღემატება კაცისას. ამიტომ სატანას თავის ცრუწინასწარმეტყველთა პირით შეუძლია მომავლის გამოცნობა (მაგალითად თანამედროვე მკითხავებიც კმარა), მაგრამ ეს არ არის სულიწმიდისეული ცოდნა, რომლისთვისაც მომავალი ისევე ცხადია, როგორც მყოფადი - ეს მხოლოდ დაცემული სულის მეტ-ნაკლებად სწორი მიხვედრებია“.

 

წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე წიგნში „სიტყვა სიკვდილის შესახებ“ გვაუწყებს: „დემონებმა არ იციან მომავალი, რომელიც ცნობილია მხოლოდ ღმერთისათვის და იმ გონიერი არსებებისათვის, რომელთაც ღმერთი თავად გამოუცხადებს მას. როგორც ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანების ითვალისწინებენ და გამოიცნობენ მომავალში მოსახდენ მოვლენებს წარსულში მომხდარ და აწმყოში მიმდინარე მოვლენათა საფუძველზე, ასევე ცბიერ, დიდად გამოცდილ მზაკვარ სულებს ზოგჯერ შეუძლიათ უტყუარად ივარაუდონ და იწინასწარმეტყველონ მომავალი. ზოგჯერ ისინი ცდებიან, უფრო ხშირად კი ტყუიან და გაუგებარი უწყებებით გვაგდებენ გაცბუნებასა და ეჭვებში. ზოგჯერ კი მათ შეუძლიათ გვაუწყონ მოვლენა, რომელიც რაღაც გარკვეულ დროს განცხადდა სულების სამყაროში, მაგრამ ადამიანებს შორის ჯერ არ აღსრულებულა. ასე მაგალითად, სანამ მართალ იობს განსაცდელი ეწეოდა, მანამდე ამ განსაცდელის მასზე დაშვება უკვე გადაწყვეტილი იყო ღმერთის სამსჯავროზე და ცნობილი იყო დაცემული სულებისათვის (იობი 1, 12). ასევე გადაწყვეტილი იყო ღვთის სამსჯავროზე ისრაელის მეფის - აქაბის ბრძოლის ველზე სიკვდილი, რომელიც მზაკვარ სულს უნდა აღესრულებინა და ეს გადაწყვეტილება მანამდე ეუწყა წმინდა ზეციურ ძალებსა და დაცემულ ანგელოზებს, სანამ მეფე სალაშქროდ გავიდოდა“ (მეფეთა 22, 21-22).

 

შეიძლება დაგვებადოს კითხვა: რა შეიძლება დაშავდეს, თუ ჩვენ თუნდაც დემონებისაგან მივიღებთ გარკვეულ ინფორმაციას, იქნება ეს ასტროლოგია, მკითხაობა, მედიუმიზმი თუ სხვა რამ? ქრისტიანულ სამყაროს ყველაზე უფრო რეალური და სრულყოფილი ინფორმაცია გააჩნია დაცემული სულების შესახებ. ქრისტიანებმა ვიცით, რომ ეშმაკი არის ღვთის მოძულე დაცემული ანგელოზი, რომელიც საკუთარი ნებით მოაკლდა სიკეთეს. მას ასევე უსაზღვროდ სძულს ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი ადამიანი და გამუდმებით ცდილობს ბოროტება შეამთხვიოს მას. სწორედ სატანისგან იყო პირველი ცდუნება ევასი და შემდგომ დაცემა ადამისა, რის გამოც ადამიანმა სამოთხე დაკარგა. ამიტომ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეშმაკისაგან არ შეიძლება მომდინარეობდეს რაიმე კეთილი, თუმცა, იგი ხშირად იცვლის გარეგნულ საფარველს და ბოროტებას სიკეთის სახით წარმოგვიდგენს, რისი საბოლოო მიზანიც ადამიანთა სულების დაღუპვაა. ზემოხსენებულ შეკითხვაზე შესანიშნავად პასუხობს ასევე წმინდა ეგნატე: „ისინი (დემონები) ატყუებენ მათდამი ყურადღების გამომჩენთ. ამ მიზეზით პავლემ გაჩუმება უბრძანა დემონს, თუმცაღა იგი სიმართლეს ამბობდა, რათა არ ექცია ეს სიმართლე საბაბად, არ შეერია მასში სიცრუე და ნდობა არ დაემსახურებინა. (საქმე 16, 18). ეშმაკი ამბობდა: ეს კაცები უზენაესი ღმერთის მონები არიან, რომლებიც გაუწყებენ ხსნის გზას. ამით განრისხებულმა მოციქულმა უბრძანა ბოროტ სულს, გამოსულიყო დედაკაცისაგან. და განა რას ამბობდა სული ცუდს, როდესაც მათ უზენაესი ღმერთის მონებს უწოდებდა? (საქმე 16, 17) მაგრამ რაკი არმცოდნეთა უმრავლესობას არ შეუძლია საფუძვლიანად განსაჯოს იმის შესახებ, თუ რა ითქმება დემონთა მიერ - მოციქულმა გადაჭრით უარყო ყოველგვარი ნდობა მათ მიმართ... თავად ქრისტემაც, როდესაც დემონები ეუბნებოდნენ: გიცნობთ, ვინცა ხარო, მკაცრად აუკრძალა ამის წარმოთქმა, რითაც გვასწავლა, რომ არანაირი მიზეზით არ მივენდოთ დემონებს, თუნდაც ისინი რაიმე სამართლიანს გვაუწყებდნენ, არამედ გაიქცეთ და განვეშოროთ მათ. ჯანსაღ და მაცხოვნებელ მცნებებს ჩვენ უნდა ვსწავლობდეთ არა დემონებისაგან, არამედ საღმრთო წერილიდან.

 

ბოლოს გვსურს წარმოვადგინოთ ნაწყვეტი II რჯულის წიგნიდან, სადაც უფალი თავის რჩეულ ერს - ისრაელს უცხადებს: „თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რაიმე ნიშანი ან სასწაული, და ახდა ეს ნიშანი და სასწაული რაც გამოგიცხადათ და გეტყვით: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ და ვემსახუროთო, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს, რადგან გცდით უფალი, თქვენი ღმერთი, იმის გასაგებად, გიყვართ თუ არა უფალი, თქვენი ღმერთი, მთელი თქვენი გულით და სულით. უფალს, თქვენს ღმერთს მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ“ (II რჯ. 13, 14).

 

ყოველივე ზემოთქმულის დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ სტატიის დაწერის მიზანს არ წარმოადგენდა ცალკეულ პიროვნებებთან დაპირისპირება ან ვისიმე გაკიცხვა, არამედ მხოლოდ და მხოლოდ გვსურდა სახარების შუქზე და წმინდა მამათა თხზულებებზე დაყრდნობით წარმოგვეჩინა ასტროლოგიის ნამდვილი სახე. ვიმედოვნებთ, მკითხველისთვის ნათელი გახდებოდა, რომ ასტროლგია დიამეტრალურად ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას და შეუთავსებელია მასთან, რამეთუ: „რა აქვს საერთო ნათელს ბნელთან? რა შეთანხმება აქვს ქრისტეს ბელიართან? (II კორ. 6, 14-15).

 

მაცხოვარი გვაფრთხილებს: „ერიდეთ ცრუ წინასწარმეტყველებს, რომლებიც ცხვრის სამოსით მოდიან თქვენთან, შინაგანად კი მტაცებელი მგლები არიან“ (მათე 7, 15). ცრუ წინასწარმეტყველები ცხვრის სამოსით, არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურად ქადაგებენ ქრისტიანობისთვის უცხო „ყურისმომაქავებელ“ მოძღვრებებს, რომლებსაც საკუთარი „სიბრძნე“ და დემონური ზღაპრები ურჩევნიათ საღმრთო ჭეშმარიტებას, ვინც ოკულტიზმს, მაგიასა და აღმოსავლურ რელიგიურ სისტემებს ამჯობინებს სახარებისეულ ნათელს, ვინც ეწევა ჩვენი ტრადიციული აღმსარებლობის - მართლმადიდებლობის შეგნებულ თუ შეუგნებელ პროფანაციას, ხოლო ორთოდოქს მართლმადიდებლებს რატომღაც ფანაატიკოსებს უწოდებს.

 

გვსურს სევახსენოთ ყველას, ვინც თავს მართლმადიდებელ ქრისტიანად მიიჩნევს, რომ საჭიროა დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით მოვეკიდოთ ყველა სახის უცხო მოძღვრებას, შევაფასოთ ისინი სახარებისა და ეკლესიური სწავლების შუქზე და ხელაღებით არ შევითვისოთ, როგორ მიმზიდველადაც არ უნდა გამოიყურებოდნენ, რამეთუ „თვით იგიცა ეშმაკი იცვალვისვე ანგელოზად ნათლისა“ (II კორ. 11, 14).

 

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ზოგი ადამიანი შეგნებულად გმობს ქრისტეს მოძღვრებას, ხოლო ზოგერთს ჰგონია, რომ ასტროლოგიის მიმდევრობით არათუ ცუდს, არამედ კარგსა და ღვთივსათნო საქმეს სჩადის. ჩვენ ზემოთ ვიხილეთ, რომ უფალი არ იწონებს ამგვარ საქმეებს. რადგან ღმერთში არ არის წინააღმდეგობა და იგი არ ეწინააღმდეგება თავის თავს, ამიტომ ვინც ასტროლოგიას ღვთაებრივ გამოვლინებად მიიჩნევს და გულწრფელად ჰგონია, რომ მისი მიმდევრობით სიკეთეს ემსახურება, უმჯობესი იქნება მიატოვოს ეს საქმიანობა და უსმინოს უფალს „რომელსა ყოველთა კაცთაჲ ჰნებავს ცხოვრებაჲ და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსლვაჲ (I ტიმ. 2, 4).

 

ბროშურიდან: „ასტროლოგია ანუ დიდი სიცრუე“
ავტორები: დ. მანჯავიძე, გ. ზაალიშვილი, რედაქტორი: ი. ზაალიშვილი. თბილისი, 1998 წ.