მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ანტიქრისტე

 

წერილები ბოლო ჟამის, ანტიქრისტეს,
ქრისტეს მეორედ მოსვლისა და სამყაროს აღსასრულის შესახებ

 

როდის დადგება სამყაროს აღსასრული?

 

როგორც ყოველ ადამიანს მოუწევს სიკვდილი, ასევე მთელს ხილულ სამყაროს მოუწევს აღსასრული ანუ დანგრევა. ეს ნათლად არის ნაჩვენები წმიდა წერილში; მაგრამ ეს ჭეშმარიტება კაცთა მოდგმამ წმიდა წერილის გარეშეც კარგად იცოდა. ფილოსოფოსებს, უბრალო ხალხს ყოველთვის სჯეროდა, რომ სამყარო მარადიული არ არის, და ყოველივეს თავისი დასასრული გააჩნია. მეტიც, მათ ისიც კი იცოდნენ როგორ დასრულდებოდა სამყაროს ისტორია და მის ცეცხლით განწმენდაზე მსჯელობდნენ. ოვიდიუსი თავის ლექსებში ამბობს, რომ "ზღვა აალდება", სენეკაც ყოველივე არსებულის ცეცხლით განადგურებაზე გვაუწყებდა და წერდა, რომ "ყოველივე ცეცხლისგან მოისპობა.

ფიქრებს სამყაროს აღსასრულზე, აპოკალიფსისზე, მსოფლიოს რღვევაზე - როგორც კოსმიური წყობისა და ყოველივე არსებულის ხარისხობრივი ცვლილებაზე, - ადამიანთა გონება მრავალი საუკუნეა დასტრიალებს. ეს საკითხი აღელვებს როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მორწმუნეებს, ასევე მათაც, ვისაც ჯერ კიდევ არ მიუღწევია შეგნებულ რწმენამდე. პირველთ იმიტომ, რომ მათ მტკიცედ სწამთ შეუძლებელია ღმრთის სიტყვები არ აღსრულდეს, რომ ქრისტეს მეორედ მოსვლა და საშინელი სამსჯავრო გარდაუვალია; ხოლო დანარჩენებს სიკვდილისადმი ქვეცნობიერი შიში, სულის უკვდავების შინაგანი შეგრძნება და საიქიო ცხოვრების არსებობის შესაძლებლობა  გადაუჭრელი კითხვების პასუხების ძიებისკენ უბიძგებთ. ასეა თუ ისე, ადამიანთა უმრავლესობას სწყურია შეიტყოს როდის დადგება სამყაროს აღსასრული? როდის მოვა უფალი რათა განსაჯოს ეს სამყარო, რომელიც ცოდვებშია შთაფლული?

ქრისტეს მოსვლიდან ორი ათას წელზე მეტია რაც ადამიანები ელიან სამყაროს აღსასრულს, აწესებდნენ ამ მოვლენის სხვადასხვა თარიღებს და ამ საშინელი დღის სხვადასხვა ნიშნებზე უთითებდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ღმრთის სიტყვაში მითითებული არ არის სამყაროს აღსასრულის თარიღები, ადამიანები ყოველთვის ცდილობენ ზუსტად განსაზღვრონ ეს უდიდესი მომენტი, რომლის შემდეგაც მოხდება მიცვალებულთა აღდგომა და ქრისტეს საშინელი სამსჯავრო. საზოგადო უბედურებები, როგორიცაა: შიმშილი, ომები, ეპიდემიები - ყოველთვის ხელს უწყობდნენ ხალხში აპოკალიპტურ განწყობილებას და რწმენას იმისა, რომ ჩვენი სამყარო დღეებს ითვლის.

მაგრამ სამყაროს აღსასრულის მოლოდინი არასოდეს ისე ძლიერად არ განვითარებულა დასავლეთში, როგორც ქრისტეანული წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის მიწურულს, რის საფუძვლადაც ასახელებდნენ აპოკალიფსისის სიტყვებს, რომ პირველი ათასწლეულის შემდეგ ეშმაკი გათავისუფლდებოდა თავისი საპყრობილისგან და დედამიწის ოთხივე მხარეს კაცობრიობის ცდუნებას დაიწყებდა. მაშინ გადაიშლებაო სიცოცხლის წიგნი; ზღვა გამორიყავს თავის მიცვალებულებს და ყოველი განისჯებაო მისი საქმეების მიხედვით. მოვა უფალი, რომელიც დაჯდება თავის ბრწყინვალე საყდარზე და იქნებაო ახალი ცა და ახალი მიწა.

დაახლოებით 960 წელს, ბერნარდ ტიურინგენელმა დაასახელა სამყაროს აღსასრულის თარიღი: მისი აზრით, სამყარო მაშინ უნდა დარღვეულიყო, როდესაც ხარება დაემთხვეოდა ვნების შვიდეულს, კერძოდ დიდ პარასკევს. ასეთი დამთხვევა მოხდა 992 წელს, მაგრამ არაფერი უჩვეულო ამ წელს და ამ დღეს არ მომხდარა.

ქრისტეს შობიდან მეორე ათასწლეულის დასაწყისში გამეფებული იყო აპათია, სასოწარკვეთა და გულგრილობა. ძრწოლამ მოიცვა მთელი ევროპა, აზია, აფრიკა და ყველა ის ადგილი, სადაც კი არსებობდნენ ქრისტეანული სახელმწიფოები და სადაც ცხოვრობდნენ ხალხები, რომლებიც მისდევდნენ ახალი აღთქმის რელიგიას.

ევროპა არნახულმა პანიკამ მოიცვა. და ეს არც არის გასაკვირი. ათასი წლის განმავლობაში ქრისტეანები მხოლოდ შორდებოდნენ ქრისტეანული ცხოვრების ეტალონს. ისინი იმდენად გაამსოფლიურდნენ, იმდენად მიეცნენ ხორციელ ვნებებს და სხვა გრძნობისმიერ ცოდვებს, რომ ჩადენილი ცოდვებისთვის მოწევნადი საშინელი სამსჯავროს პერსპექტივა მილიონობით ცოდვილს შიშის ზარს სცემდა.

შურისგების იდეამ იმდენად შეიპყრო მათი გონება, რომ დიდმა პანიკამ მოიცვა მთელი ევროპა: მთელს კონტინენტზე შეწყვიტეს ქოხებისა და სასახლეების მშენებლობა, ოქროსა და ვერცხლში მცურავი მდიდრები, უზარმაზარ თანხებს სწირავდნენ ეკლესიებს, ანიავებდნენ ქონებას და მით ღმრთის გულის მოგებას ცდილობდნენ, რათა ჯოჯოხეთის საშინელი ხვედრი თავიდან აეცილებინათ. უბადრუკი ადამიანები განუწვეტლად ევედრებოდნენ შემოქმედს, თავისი საქციელი მაშინ მრავალმა ბოროტმოქმედმაც კი შეინანა.

X საუკუნის განმავლობაში სამეფო ქარტიები და სიგელები იწყებოდა სიტყვებით: "რადგან სამყაროს აღსასრული ახლოვდება..."

მაგრამ სულ სხვა განწყობა სუფევდა X საუკუნის რუსეთის ქვეყანაში. მიიღეს რა წმიდა ნათლისღება, სლავი ხალხები იმედით შეჰყურებდნენ მომავალს, აშენებდნენ ტაძრებს, მონასტრებს, განუწყვეტლივ აქებდნენ უფალს უდიდესი წყალობისთვის. სწორედ ამ დროს იწყება რუსეთში ერთიანი სახელმწიფოს ფორმირება და საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდის არა როგორც სხვადასხვა, ერთმანეთს გადაკიდებული ოლქებისგან შემდგარი ტერიტორია, როგორც დაქსაქსული სათავადოები, არამედ სლავი ერების მონოლითი, რომელიც გაერთიანებული იყო ერთი რწმენით, ენითა და კულტურით.

1186 წელს ასტროლოგებმა ძლიერ დააშინეს ევროპა, როდესაც განაცხადეს, რომ სექტემბრის თვეში ამოვარდებოდა უძლიერესი ქარბუქები, მოხდებოდა მიწისძვრები, ადამიანებში მოიმატებდა სიკვდილიანობა, მშფოთვარება და რევოლუციები. განადგურდებოდა ყოველგვარი სიცოცხლე დედამიწაზე. მაგრამ მათი წინასწარმეტყველება არ გამართლდა.

ცოტა მოგვიანებით, 1198 წელს, ხმა გავარდა სამყაროს აღსასრული ახლოვდებაო. ამჯერად აღსასრულის მოახლოვებას ყოველგვარი ზეციური მოვლენების გარეშე წინასწარმეტყველებდნენ; ამბობდნენ, რომ თითქოსდა ბაბილონში უნდა დაბადებულიყო ანტიქრისტე, რომლის მიერაც წარწყმდებოდა კაცთა მოდგმა და მოიწეოდა აღსასრული.

მაგრამ არც ამჯერად გამართლდა ცრუწინასწარმეტყველთა პროგნოზები. და ევროპა, რომელიც მალე გამოვიდა რელიგიური შოკისგან და ჯერაც გადაურჩა ღმრთის რისხვას, კიდევ უმეტესი გააფთრებითა და გახელებით გადაეშვა გარყვნილების, მომხვეჭელობის, ქურდობის, ძარცვისა და ათასგვარი უკეთურების ჭაობში... ასე გრძელდებოდა ხუთი საუკუნე. თვით 1332 წლის ე. წ. ბუბონურმა ჭირმაც კი, რომელმაც დასავლეთის მცხოვრებთა ლამის ნახევარი შეიწირა, გონს ვერ მოიყვანა შემცოდენი.

XIII საუკუნის მიწურულს ალქიმიკოსმა არნო დე ვილნევმა განაცხადა, რომ ანტიქრისტე 1335 წელს დაიბადებოდა.

ვინისენტ ფერვე, ცნობილი ესპანელი მქადაგებელი ირწმუნებოდა, რომ სამყარო იარსებებდა ზუსტად იმდენ წელიწადს, რამდენი მუხლიცაა ფსალმუნში, ანუ 2537 წელიწადს".

XVI საუკუნის დასაწყისში მათემატიკოსმა და ასტროლოგმა იოჰან შტოფლერმა გამოიანგარიშა და განათლებულ მსოფლიოს აუწყა, რომ 1524 წელს მსოფლიოს წარღვნა წალეკავდა. ზოგიერთმა მეცნიერმა თავის გამოკვლევაში შტოფლერის მონაცემები დაადაასტურა და ეს ამბავი ჭექა-ქუხილივით მოეფინა მთელს დედამიწას.

1524-1525 წლებში მსოფლიო თითქმის ჭკუიდან შეიშალა. დაიწყო არნახული პანიკა! ყველაზე პრაქტიკული პანიკიორები "კიდობნებს" აშენებდნენ და ეზოში დგამდნენ მიუხედავად იმისა, ნებისმიერი სახის წყალსაცავი მათი სახლიდან თუნდაც ასობით კილომეტრით ყოფილიყო დაშორებული. მრავალი იმდროინდელი მწერალი გადმოგვცემს, რომ გერმანიის ზღვისპირა პროვინციის მცხოვრებლებმა გადაწყვიტეს თავიანთი მიწები სასაცილოდ დაბალ ფასებში გაეყიდათ, და მდიდართაგან ისინი, ვისაც წინასწარმეტყველებათა არ სჯეროდათ, ჩალის ფასად ყიდულობდნენ ამ ქონებას. ყოველ მოქალაქეს თითო ნავი მაინც ჰქონდა ყოველ შემთხვევისთვის.

მრავალმა გლეხმა შეწყვიტა იმ დღეებში არსობის პურის მოპოვება და უდიდესი მჭმუნვარებით დაუწყო ლოდინი აღსასრულის მოახლებას. მაღალმთიან ადგილებში დაიწყეს საკვები საწყობების მშენებლობა, რომელთაც შემდგომ დამშეული ადამიანები ძარცვავდნენ. 1000 წლის "მოლოდინისგან" განსხვავებით, 1542-1545 წლების "მოლოდინს" თან ახლდა გაუგონარი ლოთობა და გარყვნილება. ადამიანური ცხოვრება აბსოლუტურად გაუფასურდა... ევროპას აღარ სჯეროდა მაცხოვარისა!

თებერვლის თვემდე, ყინვასა და აუტანელ სიცივეში ევროპის მოსახლეობა მთებში იმალებოდა და აღსასრულამდე დარჩენილ დღეებს სპირტიან სასმელებში ახრჩობდა. იყო დიდი სიკვდილიანობა, მაგრამ მიცვალებულთა დამკრძალავი არავინ ჩანდა, რადგან ზოგს უკვე აღარც სჯეროდა ამ ქრისტეანული ტრადიციისა, ხოლო სხვები, ვინც გაბრუებული და დამთვრალი იყო ღვინითა და არყით, ვერც ხედავდნენ თუ რა ხდებოდა მათ გარშემო.  ადამიანები დაუფარავად ეძლეოდნენ გარყვნილებას. ქმრები ტოვებდნენ ცოლებს, ცოლები კი - ქმრებს და ამგვარი მოქმედება აღარავის მიაჩნდა ცოდვად. ჯგუფურმა გარყვნილებამ და ძალადობამ შეიპყრო მთელი ევროპა.

მაგრამ იმ დროინდელი თებერვალი არაჩვეულებრივად მშრალი და მზიანი გამოდგა - თითქოსდა ღმერთმა სპეციალურად აჩვენა, რომ ისეთი მსოფლიო მოვლენა, როგორიც სამყაროს აღსასრულია, მხოლოდ ღმრთის განგებას თუ შეიძლება ექვემდებარებოდეს და მისი წინასწარ შეცნობა კაცთაგან არავის შეუძლია...

არასოდეს, არც ერთ თვეში, არ ყოფილა ასეთი გვალვა, და არასოდეს ასტროლოგებს არ უგრძვნიათ ამგვარი უხერხულობა...

როგორც კი მარტის თვე დადგა, ხალხი კვლავ მიაწყდა სოფლებსა და ქალაქებს და იხილა იქ საკუთარი ხელით ჩადენილი სრული მოოხრება...

ივლისისთვის უკვე გაირკვა, რომ ნავარაუდევი "წარღვნა" მხოლოდ პრუსიაში მოხდებოდა, თანაც არა ყველგან და ეს იქნებოდა ჩვეულებრივი წყალდიდობა. უეცრად ყველა გამოფხიზლდა. ყველამ შვებით ამოისუნთქა, და პრუსიის მოსახლეობამაც კი დაიჯერა, რომ რაიმე უბედურება თვით პრუსიაშიც კი არ მოხდებოდა... როგორც იქნა ყველა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მიუხედავად ამისა, ცრუწინასწარმეტყველნი მაინც თავისაზე იდგნენ. იგივე შტოფლერმა, ცნობილ რეგიომონტანთან ერთად კვლავ იწინასწარმეტყველა, რომ სამყაროს აღსასრული ამჯერად 1588 წელს დადგებოდა, უკიდურეს შემთხვევაში მოხდებოდა ისეთი მოვლენა, რომელიც შეარყევდა დედამიწას.

მეტად სიმბოლური გახლდათ თვით შტოფლერის აღსასრული: მას თავზე დაეცა წიგნებით სავსე თარო, რომელთაგან უმრავლესობა თვით შტოფლერის მიერ იყო დაწერილი...

თუმცა მშვიდობიანი ცხოვრება დიდხანს როდი გაგრძელდა, სულიერი და ხორციელი ვნებებით შეპყრობილ ცოდვილებს უკვე აღარ შეეძლოთ გაჩერება. ცნობილი განსწავლული პასტორი მიქაელ შტიფელი (1486-157), რომელმაც მრავალი საინტერესო წიგნი დაწერა ალგებრის სფეროში და მრავალი მათემატიკური სიმბოლო დაამკვიდრა, ამავე დროს ძლიერ იყო გატაცებული მისტიკით. შტიფელის გაანგარიშებით მისი თანამედროვე პაპი ლეონ X "აპოკალიფსური" მხეცი უნდა ყოფილიყო. ეს აზრი ავგუსტინელ ბერს, შტიფელს, აბანოში ნებივრობის დროს მოუვიდა. ის უცებ გამოვარდა აბაზანიდან, ქუჩაში ტიტველი გავარდა და ყვირილი დაიწყო: "ვაი შენ, რომის პაპო, ვაი შენ!" ამ "აღმოჩენით" ლუთერიც აღფრთოვანებული დარჩა.

თავისი კაბალისტური ძიებების შედეგად შტიფელმა განაცხადა, რომ 1533 წლის 13 ოქტომბერს მოვიდოდა წარღვნა და სამყაროს აღსასრულიც დადგებოდა. საფრანგეთსა და იტალიაში მდიდრებმა, რომლებმაც მას დაუჯერეს, კვლავ კიდობნების მშენებლობას მიჰყვეს ხელი, გლეხები ჩალის ფასად ჰყიდიდნენ თავიანთ ქონებას და ანტიქრისტეს შესახვედრად ემზადებოდნენ. მაგრამ შტიფელის მიერ დანიშნულ დროს არაფერი მოხდა. მაშინ შტიფელმა სამყაროს აღსასრული 1588 წლისთვის გადაიტანა... ადამიანებმა მას კვლავ დაუჯერეს, რადგან მწვალებლობა ხშირად ინიღებება მჭევრმეტყველებით და წარმატებით აცთუნებს იმას, ვისაც ჭეშმარიტი სულიერი სმენა დახშული აქვს. უფლის სასჯელის მოლოდინში კვლავ გაჩაღდა ქონების ყიდვა-გაყიდვა, თანაც მიზერულ ფასად, კვლავ იფეთქა ლოთობამ და გარყვნილებამ...

ახალმა წინასწარმეტყველებამ და ახალი იმედგაცრუება გამოიწვია. 1588 წელს ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. მართალია, 1572 წელს ადგილი ჰქონდა მეტად უცნაურ მოვლენას, რომელსაც თითქოსდა უნდა გაემართლებინა ავისმომასწავებელი მოლოდინი: უეცრად, ცის კაბადონზე, კასიოპეას თანავარსკვლავედში აინთო უცნობი ვარსკვლავი, რომელიც თვალისმომჭრელად კაშკაშებდა და დღისითაც კი ჩანდა. ასტროლოგების განცხადებით ეს თითქოსდა მოგვთა ვარსკვლავი იყო, რომელიც ხელმეორედ გამოჩნდა რათა ქრისტეს მეორედ მოსვლა მიენიშნებინა.

1840 წელს სამყაროს დაღუპვის წინასწარმეტყველება დიდი საყოველთაო მოლოდინისა და შიშის საფუძველი გახდა. 1840 წელი საბედისწეროდ გამოცხადდა. წინასწარმეტყველებდნენ, რომ საშინელი მოვლენები ქვეყნიერებას ყველა მხრიდან დაატყდებოდა. ექვს იანვარს კი ადამიანური დრამის საბოლოო ფინალი დაიგეგმა. მრავალი მოემზადა ამ ფინალისთვის, მოისტუმრა ყველა საქმე და სამყაროს აღსასრულს დაელოდა.

ვინ მოსთვლის კიდევ რამდენჯერ მოტყუვდნენ ადამიანები და რამდენჯერ მიეცნენ ენით აუწერელ პანიკას გლობალური წყალდიდობებისა და მიწისძვრების მოლოდინში. მაშინ როდესაც, ნამდვილი წარწყმედა, რომელსაც უამრავი ადამიანის სული მიჰყავდა ჯოჯოხეთში, ყოველთვის მოულოდნელად მოდიოდა. ომებსა და ეპიდემიებს, რომელთაც სიხშირის გამო სამყაროს აღსასრულს არავინ უკავშირებდა, ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე ეწირებოდა.

ევროპელი ადამიანის ამპარტავნება და სიხარბე მაინც დაისაჯა: შავი ჭირი ევროპაში შემოიტანეს მღრღნელებმა გენუელ ვაჭართა ხომალდებიდან; სიფილისს, რომელიც ახალი სამყაროდან ჩამოიტანეს ევროპელმა მოგზაურებმა, მეძავი ქალები კატასტროფულად ავრცელებდნენ მთელს ევროპაში. პირატების დედაქალაქი პორტ-როიალი, სადაც არა თუ ღმრთის, არამედ ადამიანური კანონებისაც კი არ სმენოდათ, უფალმა ერთ საათში ჩაძირა და კაცობრიობის ეს სირცხვილი დროის ამ უმოკლეს პერიოდში აღხოცა პირისაგან მიწისა.

XVIII საუკუნეში მთელი ლონდონი ელოდა უძლიერეს მიწისძვრას. არაერთხელ მიჰყოლია ვარსკვლავთმრიცხველთა ცრუწინასწარმეტყველებებს ძველი რუსეთიც... ცნობილია, რომ რუს მეფეებს პერსონალური ვარსკვლავთმრიცხველებიც ჰყავდათ, რომლებიც მათთვის მომავალს წინასწარმეტყველებდნენ...

პარიზელი მღვდლი პიერ ლუი, რომელიც 1840 წელს ცხოვრობდა, აპოკალიფსისის თვითნებური განმარტების საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყაროს აღსასრული 1900 წელს უნდა დამდგარიყო.

რაც შეეხება რუსეთს, სამყაროს მოახლოებული აღსასრულისა აქაც სჯეროდათ. ამგვარი შეხედულებები განსაკუთრებით XV საუკუნეში გავრცელდა. ამის მოწმობებს ვხვდებით მიტროპოლიტ კვიპრიანეს, მიტროპოლიტ ფოტისა და ეკლესიის სხვა მოძღვართა მატიანეებში. ხოლო სოფიის მატიანეში სამყაროს აღსასრულს 1459 წლისთვის ელოდნენ. პასქალიას არ აგრძელებდნენ 7000 წლის (ანუ 1492 წლი) მიღმა, ამ წლის გასწვრივ კი ათავსებდნენ წრეს და წერდნენ: "ვაი მას ვინც სამყაროს აღსასრულს მოესწრება".

ცნობილია, რომ მწვალებლური სწავლებები რამოდენიმე ნულიან რიცხვებს მაგიურ ძალას მიაწერენ, რომელიც თითქოსდა სატანის სასარგებლოდ არყევს დედამიწას. ამასთან ერესიარქები თავიანთ მიმდევრებს განგებ აშინებენ, სპეციალურად ახდენენ მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, ავრცელებენ ცრუწინასწარმეტყველებებს მიწისძვრებზე, წყალდიდობებზე, შიმშილსა და სიყმილზე, ყოვლისდამწველ ზეციურ ცეცხლზე და მრავალი სხვა...

ჩვენს დღეებში ცრუწინასწარმეტყველები, შავი მაგიის მიმდევრები, ასტროლოგები და ჯადოქრები შიშის ზარს სცემენ სულიერად უმწიფარ ადამიანებს და გაუგონარი უბედურებებით აფრთხობენ მათ. როგორც ყოველთვის, საუკუნის მიწურულს აქტიურდებიან, უგულებელჰყოფენ წმიდა მამათა სწავლებას და დავიწყების ჯურღმულებიდან აცოცხლებენ საშინელ ცრუწინასწარმეტყველებებს. მაგალითად, რომელიღაც ჭკუის კოლოფმა აღმოაჩინა, რომ 1998 წელი თურმე მხეცის რიცხვი ყოფილა, რადგან 666 x 3 1998-ია. ამიტომაც იყო ნავარაუდევი ამ წელს მეორედ მოსვლა... სხვების აზრით თითქოსდა მხეცის რიცხვი, პირიქით, გამოხატული იყო 1999 წელში, რომელშიც, სამი ცხრიანი გადმობრუნებული ექვსიანების სიმბოლოდ მიაჩნდათ...

კატასტროფებისა და გლობალური მსოფლიო კატაკლიზმების პროგნოზებს ბოლო არ უჩანს... ცხადია, არც მიშელ ნოსტრადამუსი ავიწყდებათ, რომელიც გლობალურ კატასტროფას მრავალგან წინასწარმეტყველებდა, სხვათა შორის ერთ ერთი ასეთი კატენი 1999 წელსაც ეხებოდა... არადა, ყველამ კარგად იცის, რომ ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველებანი იმდენად ბუნდოვნად და დემონური ენით არის დაწერილი, რომ ყველას თავისებურად შეუძლია მისი განმარტება. თანაც, კომენტატორთაგან მისი ტექსტები დედანში არავის წაუკითხავს, არამედ ხელმძღვანელობენ თარგმანებით, რომლებიც თვით მთარგმნელთა მიერ არის კომენტირებული უკვე მომხდარი მოვლენების მიხედვით. ესეც არ იყოს, ისტორიამ აჩვენა, რომ მოგვისა და ჯადოქრის, ნოსტრადამუსის ე. წ. "წინასწარმეტყველებათა" უმეტესობა არ აღსრულდა.

აქედან გამომდინარეობს უეჭველი დასკვნა, რომ მსგავსი წინასწარმეტყველები განსწავლულნი არიან არა ღმრთისგან, არამედ ეშმაკისგან, რომელთაც მიჩქმალული აქვთ ჭეშმარიტი წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ გამოჩნდებიან ცრუწინასწარმეტყველნი, სატანის მსახურნი, რომლებიც მიიღებენ ანგელოზის სახეს და აცთუნებენ მრავალთ. მათ შემდეგ გამოჩნდება მხეცი იგი ანტიქრისტე და როდესაც გამოჩნდება, მხოლოდ მაშინ მოიხსნიან სიკეთის ნიღაბს და განძვინვებულნი შეუტევენ კაცობრიობასა და ქრისტეს ეკლესიას.