მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ანტიქრისტე

 

პაისი მთაწმინდელი

 

დროის ნიშანი, 666

 

თანამედროვე "თავისუფლების" ამსოფლიური სულის მიღმა იმალება უპატივცემობა ქრისტეს ეკლესიისა, მშობლებისა და მოძღვრებისა, რომლებსაც გააჩნიათ ღმრთის შიში, იმალება სულიერი მონობა, მშფოთვარება და ანარქია, ჩიხში რომ ამწყვდევს ადამიანებს და სულიერ-ხორციელ კატასტროფამდე მიჰყავს.

"მოხერხებული ბარათების" სრულყოფილი სისტემის მიღმა, კომპიუტერული უსაფრთხოების მიღმა მსოფლიო დიქტატურა, ანტიქრისტესადმი მონობა იმალება. იოანეს გამოცხადება ბრძანებს: "და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე. ასე რომ, ვერავინ იყიდის ან გაყიდის რამეს, მათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი - მხეცის სახელი, ან მისი სახელის რიცხვი. აქაა სიბრძნე; ვისაც გაგების თავი აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგანაც ესაა რიცხვი კაცისა, და მისი რიცხვი - ექვსას სამოცდაექვსი" (გამოცხ. 13:16).

წმიდა ანდრია კესარიელი წერს: "ანტიქრისტეს რიცხვის მნიშვნელობას და ყოველივეს, რაც მის შესახებ დაწერილა, მღვიძარეთა და საღი აზრის მქონეთ დრო და ჟამი გაუცხადებს... ღმერთმა არ ინება, რათა მტარვალის უბილწესი სახელი საღმრთო წიგნში ჩაწერილიყო. თუ სიტყვებს გამოვიკვლევთ შესაძლებელია ვიპოვოთ მრავალი კერძო და ზოგადი მნიშვნელობა, რომელიც ამ რიცხვს შეესაბამება..." (Святого Андрея Кесарийского «Толкование на Апокалипсис», гл. 38).

მაგრამ უცნაურია, რომ მრავალი სულიერი ადამიანი არა მარტო საკუთარ განმარტებას იძლევა, არამედ ამქვეყნიურ შიშსაც განიცდის კომპიუტერული დოსიეს წინაშე, რომელსაც მასზე შეადგენენ, მაშინ როდესაც უპირველეს ყოვლისა სულზე ზრუნვა გვმართებს. ჩვენ ყველამ ქრისტეანებს ღვთისმოშიშებისკენ უნდა მოვუწოდოთ, განვამტკიცოთ ისინი სარწმუნოებაში, რათა მათ ღვთიური შეწევნა და ნუგეში იგრძნონ.

საკვირველია! ნუთუ მათ ეს ყოველივე არ აღელვებთ? რატომ არიან ასე დარწმუნებულნი, რომ სიმართლეს ღაღადებენ? როგორ შეიძლება ისინი ანტიქრისტეს წისქვილზე არ ასხამდნენ წყალს მის ბეჭედთან დაკავშირებით და სხვა სულებიც წარსაწყმედელისკენ წარიტყვევნონ? აი, რას ნიშნავს "აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, რათა... აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც" (მარკ. 13:22).

ცდუნდებიან ისინი, ვინც წმიდა წერილს საკუთარი შეხედულებებისამებრ განმარტავენ. და ეს მაშინ, როდესაც თვალწინ სრულიად ცხადი ნიშნები გვაქვს: ბრიუსელში მდებარე კომპიუტერულმა "მხეცმა" რიცხვ 666-ით უკვე ჩაყლაპა მთელი მსოფლიო. რას ნიშნავს ბარათი, პირადობის მოწმობა, "ბეჭდის ჩამორიგება"? სამწუხაროდ, ჩვენ რადიოს მხოლოდ ამინდის გასაგებად ვუსმენთ.

რას გვეტყვის ქრისტე? "თვალთმაქცნო, ცის ფერს არჩევთ, დროის ნიშანთა გარჩევა კი არ შეგიძლიათ" (მათე 16:3). პირადობის მოწმობებისა და "კომპიუტერული დოსიეს" შემდეგ, ყოველივე ბეჭდამდე რომ მიიყვანონ, ტელევიზიით გამუდმებით იტყვიან ვიღაცამ ვიღაცის ბარათი აიღო და ბანკიდან მისი ფული მოხსნაო. მეორეს მხრივ, რეკლამირებას გაუწევენ "სრულყოფილ სისტემას": ლაზერული სხივით ხელზე ან შუბლზე დასადებ ბეჭედს, რომელიც გარეგნულად შეუმჩნეველი იქნება, მაგრამ მოიცავს ანტიქრისტეს ნიშანს, 666-ს.

და კვლავ, მწუხარებით აღვნიშნავ, რომ "ზოგიერთი გნოსტიკოსი" თავის სულიერ შვილებს პატარა ყრმებივით ახვევს, და ამშვიდებს თითქოსდა არაფერია საგანგაშო, მთავარია რწმენა ჰქონდეს. როდესაც მოციქულმა პეტრემ უარი თქვა ქრისტეზე (ჯვარცმამდე - რედ.) ეს ქრისტეს უარყოფა იყო. ისინი ნათლისღების წმიდა ბეჭედს უარყოფენ, - "სულიწმიდის ბეჭედს", - სანაცვლოდ კი ანტიქრისტეს დაღს ღებულობენ და ამბობენ, რომ ჰყავთ ქრისტე!

სამწუხაროდ მსგავსი ლოგიკა წმიდა მოწამეების დროსაც გააჩნდა ზოგიერთ "ბრძენს", რომლებიც მათ გადარწმუნებას ცდილობდნენ, ვინც მოწამეობრივ ღვაწლზე მიდიოდა. წმ. ბასილი დიდი მოწამე გორდის საქებარ სიტყვაში აღნიშნავს: "მრავალი ცდილობდა დაერწმუნებინა წმინდანი რწმენა მხოლოდ სიტყვით უარეყო, ხოლო გულში ქრისტეს ერთგული ყოფილიყო, რადგან ღმერთი ენას კი არ უსმენს, არამედ გულისა და სულის განწყობას ხედავს. მაგრამ წმ. მოწამე გორდი შეუვალი აღმოჩნდა და ამგვარ "მჭევრმეტყველთ" მიუგო": "შეუძლია კი ქრისტეს მიერ შექმნილ ენას, რაიმე თქვას თავისი შემოქმედის წინააღმდეგ?!... ნუ მოტყუვდებით, ღმერთი არ შეურაცხიქმნების. უფალი "შენივე პირით განგიკითხავს" (ლკ. 19:22). "შენი სიტყვებით გამართლდები, და შენივე სიტყვებით განიკითხები" (მათე 12:37).

ასე იყო დეკიუსის დროსაც, რომლის განკარგულება მხოლოდ წარმართული სარწმუნოების აღიარებას ითხოვდა. იმ ქრისტეანებს, ვინც ამაზე თანმხდებოდნენ და კერპებს მსხვერპლს სწირავდნენ, სპეციალურ მოწმობას აძლევდნენ, რითაც თავიდან იცილებდნენ ტანჯვა-წამებას, მაგრამ მარტო ამდაგვარნი როდი უარყოფდნენ ქრისტეს, არამედ ისინიც, ვინც ფულს აძლევდა წარმართთა კომისიას და მოწმობას მოქრთამვით, ფორმალური უარყოფის გარეშე შეისყიდიდნენ. ამგვართ ეკლესია განდგომილებსა და დაცემულთ უწოდებს.

გვაქვს ასეთი მაგალითიც, კერძოდ, წმიდა თევდორეს სასწაული, რომელსაც ჩვენ ყოველი დიდმარხვის პირველივე შაბათს ვდღესასწაულობთ. "ივლიანე განდგომილმა, რომელმაც იცოდა, რომ ქრისტეანები ყველაზე მეტად მარხვით განიწმიდებიან და განსაკუთრებული სიმკაცრით დიდმარხვის პირველ შვიდეულს იცავენ, მოსურვა სწორად ამ დროს შეებილწა ისინი და განკარგულება გასცა ბაზარზე საიდუმლოდ გაეტანათ კერპშენაწირის სისხლით შებილწული სანოვაგე. მაგრამ, ღმრთის განგებით, მოწამე თევდორე (ტირონი) გამოეცხადა კონსტანტინოპოლის იმდროინდელ არქიეპისკოპოს ევდოქსის, ამცნო მას ივლიანეს ბილწი განზრახვა და უბრძანა შეეკრიბა ქრისტეანები და აეკრძალა მათთვის ამ პროდუქტების მიღება, ხოლო საკვების სიმცირე აენაზღაურებინათ კოლიოთი (თაფლთან ერთად მოხარშული ხორბალი - რედ.) ასე ჩაიფუშა განდგომილის ბოროტი განზრახვა და ღვთისმოსავი ერი დარჩა შეუბილწავი" (დიდმარხვის სვინაქსარი) (Великий Часослов, стр. 446).

კერპშენაწირის ჭამისგან თავშეკავებას წმიდა მოციქულებიც ითხოვენ. კერძოდ, მოციქულთა საქმეებში ვკითხულობთ: "მაშინ ამ საქმის გასარჩევად შეიკრიბნენ მოციქულები და უხუცესები..." და ბრძანეს: "ეკრძალეთ ნაკერპალსა და სისხლს, დამხრჩვალს და სიძვას" (საქმე თ. 15).

მიუხედავად ყოველივე ამისა, სამწუხაროდ, ზოგიერთი თანამედროვე "გნოსტიკოსისგან" ხშირად გვესმის ასეთი უგუნურება: "მე ავიღებ პირადობის მოწმობას სამი ექვსიანით და მას ჯვარს გადავწერ", ან კიდევ: "მე ავიღებ ბეჭედს 666-ს და დავიდებ შუბლზე, შემდეგ კი მას ჯვარს გამოვსახავ" - და ა. შ. და ჰგონიათ, რომ განიწმინდებიან...

განიწმიდება მხოლოდ ის, რასაც განწმენდის მიღება შეუზლია. მაგალითად, წყალი ღებულობს განწმენდას და ხდება აიაზმა (წმიდა წყალი). მაგრამ განა განიწმინდება შარდი? ქვა სასწაულებრივად შეიძლება პურად გადაიქცეს. მაგრამ უწმინდურობანი ამგვარ განწმენდას ვერ მიიღებენ. შედეგად, ეშმაკი, ანტიქრისტე, რომლებიც თავიანთი სიმბოლოებით მყოფობენ ჩვენს პასპორტებში, ან ხელზე, ან შუბლზე, არ განიწმინდებიან, ჯვარიც რომ გამოსახონ მათზე.

უწმიდესი სიმბოლოს, პატიოსანი ჯვრის ძალი, ქრისტეს ღვთაებრივი მადლი მხოლოდ მაშინ გვეძლევა, როდესაც მასთან ვიმყოფებით მისი ნათლისღების ბეჭდის ძალით, როდესაც უარვყოფთ სატანას, მის ყველა ანგელოზს, მის ყველა საქმეებს და შევუდგებით ქრისტეს. სწორედ მაშინ ვღებულობთ ჩვენ "ბეჭედს სულიწმიდისა".

დე მოგვანიჭოს ქრისტემ თავისი მადლი და განწმენდა. ამინ.

წმიდა მთა. კუტლუმუშის სენაკი "პანაგუდა". დიდი მარხვის 1-ლი შაბათი. 1987 წ.