მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ანტიქრისტე

 

მღვდელი ალექსი

 

მხეცის მოლაპარაკე ხატი

 

 

ეკლესიის მამები ამბობენ, რომ ანტიქრისტე გაწაფული იქნება სატანურ ხრიკებში და ყველას ცრუ სასწაულებით გააკვირვებს. მას ერთდროულად მოუსმენს მთელი მსოფლიო (ხომ არ არის მინიშნება რადიოსა და ტელევიზიაზე?).

ასევე ამბობენ, რომ ნეტარია ის კაცი, რომელიც არ ისურვებს და არ შეხედავს ანტიქრისტეს ღმრთითსაძულვლე სახეს. ვინც უყურებს და მოუსმენს მის ღმრთისმგმობელურ ქადაგებებს (რასაც, ალბათ გააკეთებენ კიდევაც დღე და ღამე "ცისფერ ეკრანს" მიჯაჭვული ადამიანები), მის დაპირებებს ამქვეყნიური ნეტარებისა და პერსპექტივების შესახებ, ცდუნდება და მიემხრობა და თაყვანს სცემს მას. შედეგი კი ის ექნება, რომ წარწყმდება ანტიქრისტესთან ერთად და შთაგდებულ იქნება მასთან ერთად მარადიულ ცეცხლში.

როდესაც მამებს ეკითხებოდნენ: "როგორ იქნება ეს ყოველივე", ისინი ცრემლმორეულნი პასუხობდნენ, რომ წმიდა ადგილზე იქნება მოოხრების სისაძაგლე (იხ. დანიელი 9:27; ასევე მათე 24:156-21; ლუკა 21:20-24), რომელსაც აჩვენებს მსოფლიოს ბილწ მაცთურთ და ისინიც ცრუსასწაულებით მოატყუებენ ღმრთისგან განმდგარ ადამიანებს. ცრუსასწაულების ეს სისტემა მისი "ბილწი მაცდურებითურთ" უკვე მოქმედებს!

როგორ მთელი მსფოლიო ერთდროულად იხილავს ანტიქრისტეს? არსებობს მოსაზრება, რომ ეს მოხდება ტელევიზიის მეშვეობით. ყოველი სახლის ერთ კუთხეში, სადაც ადრე ხატთა კუთხეს აკეთებდნენ და ღმერთს სცემდნენ თაყვანს, ახლა ადამიანთა საცდუნებლად სხვა "ხატი" დგას, ოღონდ ღმრთის კი არა,  - ეშმაკისა. ეს არის ტელევიზორი. სწორედ საინფორმაციო გადაცემებში ვნახავთ ანტიქრისტეს.

არსებობს ასევე შეხედულება, რომ ტელევიზორისა და კომპიუტერების შესახებ აპოკალიფსისიც გვიწინასწარმეტყველებს.

"მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15).

დღეს, მრავალი ფილოსოფოსი, სოციოლოგი, ისტორიკოსი და პოლიტიკოსი ემხრობა იმ აზრს, რომ თანამედროვე კაცობრიობა შედის "ციფრულ საუკუნეში", გადის "პოსტინდურსტრიული საზოგადოების" ფაზას, რომელსაც "ამა ქვეყნის ბრძენკაცები" თავიანთ უგუნურებაში "პოსქრისტეანულს" უწოდებენ. დღეს მიღებულია აზრი, რომ "საზოგადოების ინფორმატიზაცია" (კომპიუტერიზაცია, მიკროელექტრონიკის განვითარება, მასობრივი საინფორმაციო და საკომუნიკაციო საშულებები) ქმნის გლობალიზაციის წინაპირობებს, რომელიც აერთიანებს კაცობრიობას ერთ "ზოგადპლანეტარულ, სოციოკულტურულ მთლიანობაში", რომელიც "პრინციპულად ახალ სუპერსისტემას" წარმოადგენს.

ვარაუდობენ, რომ "ახალ საზოგადოებაში" უმთავრესი მნიშვნელობა მიენიჭება "საინფორმაციო გამდიდრებას", ახალი ცოდნის შეძენას, ასევე მის "ტექნოლოგიურ და ადამიანურ გამოყენებას". "საინფორმაციო-კომუნიკაციური ტექნოლოგიები წარმოადგენენ ერთ ერთ უმთავრეს ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას მოახდენს ოცდამეერთე საუკუნის საზოგადოების ფორმირებაზე" - ნათქვამია, "გლობალური საინფორმაციო საზოგადოების ოკინავის ქარტიაში", რომელიც 2000 წლის 22 ივნისს G8-ის ქვეყნის ლიდერებმა მიიღეს.

მართლმადიდებელ ქრისტეანს, რომლისთვისაც ცნობილია წმიდა წერილისა და წმიდა მამათა წინასწარმეტყველებანი "ბოლო ჟამის" შესახებ, ძნელი არ არის ამ ახალ "სუპერსისტემაში" ამოიცნონ ანტიქრისტეს, მომავალი სახელმწიფოებრივი სისტემა, - მხეცის აპოკალიპტური სამეფო.

ცნობილი ღვთისმეტყველი სერაფიმე როუზი († 1982) გლობალური "საინფორმაციო საზოგადოების" შექმნისა და ანტიქრისტეს გამეფების შესახებ წერდა: "ანტიქრისტეს შესახებ ცნობილია, რომ ის იქნება სამყაროს მმართველი, მხოლოდ ჩვენს დროში გახდა პრაქტიკულად შესაძლებელი, რათა ერთმა ადამიანმა მართოს მთელი სამყარო. ყველა მსოფლიო იმპერია, რომელიც ჩვენს დრომდე არსებობდა, იპყრობდა მხოლოდ მსოფლიოს ერთ რომელიმე ნაწილს, მხოლოდ დღეს, კომუნიკაციების თანამედროვე საშუალებების გამოჩენის პირობებშია შესაძლებელი მთელი მსოფლიო მართოს ერთმა ადამიანმა".

უკვე დღეს შეგვიძლია თვალყური მივადევნოთ "საინფორმაციო საზოგადოებაში" ჩართული მილიარდობით ადამიანის მსოფლმხედველობის, ფსიქიკის და ცხოვრების წესის ძირფესვიან ცვალებადობას. ეკრანის უსაზღვრო ბატონობა უკვე ყველასთვის ჩვეული ტელევიზორის, ვიდეომაგნიტოფონების, კომპიუტერების სახით გავრცელდა არა მარტო ეკონომიკის, ვაჭრობისა და პოლიტიკის სფეროში, არამედ შეიჭრა ინტიმურ ურთიერთობათა, ოჯახისა და სარწმუნოების სფეროში, ანუ ადამიანის სულის სფეროში, სადაც ახალი ფილოსოფიის, ახალი რელიგიის პრეტენზიით გამოდის.

"ეკრანი" დღეს არის კერპი მრავალი ადამიანისათვის, რომელმაც მათი ცხოვრებიდან ღმერთი გამოდევნა. ეკრანი (ტელე, ვიდეო და კომპიუტერული) - ეს არის ადამიანის სულზე გლობალური ზემოქმედების მქონე მთელი სისტემა.

რა საფრთხეს შეიცავს ეს სისტემა?

უპირველეს ყოვლისა, ის ცვლის ფასეულობათა სისტემას. ცოცხალი, ადამიანური ურთიერთობა ადგილს უთმობს საინფორმაციო, შუამავლურ ეკრანს. ტელევიზორი ერთმანეთისგან აუცხოებს ადამიანებს, რომლებიც ერთად, ერთ სახლში, ერთ ოჯახში ცხოვრობენ. ის ცოცხალ ურთიერთობას ეკრანული ილუზიითა და ამსოფლიური ოცნებით ცვლის. ცოცხალი ადამიანის შეგრძნებას მივყავართ მისდამი სიყვარულისა და თანაგრძნობის დაკარგვამდე. ადამიანი უკვე აღარ განიხილება როგორც ფასდაუდებელი პიროვნება, ის გარდაიქცევა ობიექტად, ინსტრუმენტად.

მეორეც, ეკრანი, ოპტიკური ეფექტების, კლიპებისა და სხვა ტექნიკურ საშუალებათა წყალობით სამყაროს ტრადიციულ სურათს გარდაქმნის სხვა, "ვირტუალურ" რეალობად და ადამიანს განსაკუთრებულად სახეშეცვლილ ცნობიერებაში ძირავს. შეიძლება ითქვას, რომ ხდება ადამიანის რეალური ცხოვრებიდან მოწყვეტა და "ეკრანიზაცია".

და ბოლოს, ეკრანი არის ადამიანების ცნობიერებაში "ახალი მსოფლიო წესრიგის" შთანერგვის ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი. პოლიტოლოგმა ა. ნოვიკოვმა ეკრანს დრაკონი უწოდა. ის სვამს კითხვას: "გახდება თუ არა ტელევიზია ახალი რელიგია, ახალი იდეოლოგია - მომავლის დრაკონი?  ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, არის ამ დრაკონის მხოლოდ ქერცლი. ჩვენ სრულიად მივეძალეთ მასთან თამაშს, დავსეირნობთ კომპიუტერულ-ვირტუალურ რეალობაში და ამ ურჩხულის სიდიდეს, მის სახეს და დანიშნულებას ვერ ვხედავთ".

მხეცის მომავალი სამეფოს უძირითადესი შემადგენელი ნაწილია ინტერნეტი, ქსელური სისტემა, რომელმაც ობობას ქსელივით უკვე მოიცვა მთელი მსოფლიო (WWW - world wide web, ნიშნავს კიდევაც "მსოფლიო ქსელს"). უნებურად იბადება კითხვა: თუკი ადამიანთა უმეტესობა, ბუზებივით ებმებიან ამ ქსელში, მსოფლიო

მსოფლიო ქსელის შემდგომი განვითარება აუცილებლად გულისხმობს კომპიუტერიზაციას. ექსპერტების შეფასებით, XXI საუკუნის სიმბოლო გახდება "ფართომასშტაბიანი ტელევიზია" ("მულტი-მედია"), რომელიც საკუთარ თავში შეიცავს ახლანდელ კომპიუტერებს, ტელევიზიას, ვიდეოს და ტელეფონს. ამ ახალი ტექნოლოგიის შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა.  ერთიანი მსოფლიო საინფორმაციო ფიჭური ქსელი იქნება "ახალი მსოფლიო წესრიგის"  ბაზა. ამის შესახებ ნათქვამია, მაგალითად, "ერთიანი მსოფლიო საინფორმაციო-ფიჭური საზოგადოების - ახალი საინფორმაციო-კოსმიური ცივილიზაციის, ინფორმაციოლოგიურ კონვენციაში", რომელიც მიიღეს ინფორმატიზაციის პირველ საერთაშორისო ფორუმზე 1992 წლის 26 ნოემბერს.

წმიდა წერილიდან და მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა მამათა თხზულებებიდან ვიცით, რომ ანტიქრისტეს დროს განხორციელდება ადამიანთა ცდუნება "ცრუ სასწაულებით". ზოგიერთი კომენტატორის აზრით, ეს "ცრუ სასწაულები" სხვა არაფერია, თუ არა ბოლო ჟამისეული სამეცნიერო-ტექნიკური "მიღწევები" (ამ მხრივ დიდ ყურადღებას იპყრობს XIX საუკუნის მეორე ნახევრის ლეგენდარული მეცნიერის, ნიკოლა ტესლას საკვირველი და დღემდე გასაიდუმლოებული აღმოჩენები), რომელთაც უნდა განვაკუთნოთ თანამედროვე ტელევიზიაც, ინტერნეტიც და საერთოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებების თანამედროვე მიღწევები. მათით " აცდუნებს მიწის მკვიდრთ" (გამოცხ. 13:14), ანუ ადამიანები განიცდიან ამ ტექნიკური "სასწაულების" ძლიერ და დამღუპველ ზეგავლენას, ინთქმებიან მათ მიერ შემოთავაზებულ ვირტუალურ რეალობაში. ვირტუალური კი ცრუს, არარეალურს ნიშნავს ამიტომაც უწოდებს იოანეს გამოცხადება ბოლო დროინდელ, ანტიქრისტესეულ "სასწაულებს" ცრუს.

ეკრანის ზემოქმედება მიმართულია უპირატესად ადამიანის ოცნებით შესაძლებლობებზე, წარმოსახვით სფეროზე, რომელსაც წმიდა მამები ყოველთვის მიიჩნევდნენ დაცემულ სულთა ძირითად არხად ადამიანის სულისკენ. "სიცრუის მამა (სატანა) ყალბი სასწაულებით დაატყვევებს მრავალთა გონებას", - ბრძანებს წმ. კირილე იერუსალიმელი (15-ე კატეხეტური სიტყვა). "მრავალგვარ ოცნებებს წარმოქმნის მხეცის მოქმედება", - აცხადებს წმ. ეფრემ ასურელი. საეკლესიო მოღვაწენი ამბობენ, რომ ცრუ ნიშები და სასწაულები მოხიბლავენ ადამიანის მზერას და დაატყვევებენ მის ცნობიერებას". ვირტუალური რეალობა არის კიდევაც მხედველობისა და გონების მოტყუება. ვერ გულისხმაყოფენ კაცნი, რომ ანტიქრისტეს სასწაულებს არ გააჩნიათ არანაირი კეთილი, გონიერი მიზანი, არანაირი განსაზღვრული მნიშვნელობა; რომ ისინი გაუცხოებულნი არიან ჭეშმარიტებისგან, აღსავსენი არიან სიცრუით და არიან შემაზრზენნი, ბოროტნი; ეს არის უაზრო მსახიობობა, რომლის მიზანია ადამიანის გაკვირვება, მისი გაოგნება და თავდავიწყებაში გადავარდნა. ასეთ საცდურში, ანუ ხიბლით გატაცებული და მოტყუებული ადამიანი ხდება ცარიელი, სულელური ეფექტის მსხვერპლი.

აპოკალიფსისის თანახმად, "ბოლო ჟამს" ადამიანები "თაყვანს სცემენ" (ანუ მოემსახურებიან როგორც ღმერთს) მხეცის "ხატს", მის "მსგავსებას", რომელსაც მიეცემა "სული" (უფრო ზუსტად "სიცოცხლე" (Life), როგორც არის ეს ნათქვამი, მაგალითად, ინგლისურ ბიბლიაში), რომლის შედეგად ის დაიწყებს "ლაპარაკს" (გამოცხ. 13:15). ამ ეკრანის შესახებ ხომ არ ბრძანებს ბიბლია? ბიბლიაში ნახსენები მხეცის მოლაპარაკე ხატი ხომ არ არის ტელევიზიით, ვიდეო და კომპიუტერული ტექნიკით ნაუწყები ანტიქრისტე? უფრო ვრცელი გაგებით კი სამყაროს აღსასრულის წინ, ადამიანის ცხოვრების სრული კომპიუტერიზაცია?

აპოკალიფსისის ორიგინალი დაწერილია ბერძნულად; ხოლო ბერძნული სიტყვა "εiκών" ითარგმნება როგორც "გამოსახულება", "შესახედაობა", "ხატი". მაგრამ განა ეკრანი ცოცხალი გამოსახულება, მოძრავი და თანაც გახმოვანებული სურათი არ არის? განა არ არის ეს "მოლაპარაკე" ხატი? რა გასაკვირია, რომ წარწყმედის ძის ხატი ალაპარაკდება, რადგან ბოლო ჟამის ტექნიკა, ძველი მამების მოწმობით, მიაღწევს უდიდეს განვითარებას.

ეს სამეცნიერო-ტექნიკური ბაბილონი თავისი კადნიერებით ძველი ბაბილონისა და ეგვიპტის მოგვებსაც კი გადააჭარბებს და ცეცხლოვანი წარღვნის მოახლოვებას დააჩქარებს. რადგან, ტექნიკის პარალელურად (ბევრ რამეში კი თვით ამ ტექნიკისვე დახმარებით) კაცობრიობაში გავრცელდება ენით აუწერელი დაცემულობა და უზნეობა, სიცრუის თაყვანისმცემლობა (ცხადია, ცრუ, ვირტუალურ რეალობაში დანთქმაც) და ჭეშმარიტების უარყოფა.

ყურადღებას იპყრობს ის გარემოებაც, რომ მხეცის მოლაპარაკე ხატი ჯოჯოხეთიდან კი არ ამოვიდა და უცებ კი არ დამკვიდრდა ადამიანის ცხოვრებაში, არამედ ის თვით არის ადამიანთა გონებისა და ხელის ნამოქმედარი (ცხადია, ბოროტ ძალთა შთაგონებით): "და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა" (გამოცხ. 13:14).

ძველი მამები (მაგ. წმ. კირილე იერუსალიმელი და წმ. ეფრემ ასურელი) მომავალ, ტექნიკურ ცრუსასწაულებზე პირდაპირ კი არ უთითებდნენ, არამედ მინიშნებით. ამბობდნენ მის ზემოქმედებაზე ადამიანის ცნობიერებასა და მხედველობაზე და ა. შ. ეს გასაგებიცაა: მათ დროს შეუძლებელი იყო უფრო ნათელი წარმოდგენა ჰქონოდათ ამ საგანზე. თუმცა, ჩვენს დროებასთან ახლოს მდგომი მოღვაწენი უფრო კონკრეტულნი არიან ამ საკითხში. მათი აზრით მხეცის ხატი ეს ანტიქრისტეს პირადი გამოსახულება კი არ არის, არამედ ზოგადად ანტიქრისტეანული ხატის გამოსახულებაა. აპოკალიფსისი მხეცი - ეს არის ანტიქრისტეს ღმრთისმბრძოლი იმპერია, "ახალი მსოფლიო წესრიგის" სისტემა. "მხეცი ამომავალი ზღვიდან" - ეს არის სამოქალაქო ღვთისმბრძოლი ხელისუფლება, ხოლო მიწიდან ამომავალი მხეცი - ცრუმოძღვართა და ყოველგვარი, გარყვნილი საეკლესიო ხელისუფლების სახეა.

აპოკალიფსისში ნათქვამია, რომ მხეცის ხატი იმოქმედებს ისე, რომ "მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას" (გამოცხ. 13:15). როგორ გავიგოთ ეს სიტყვები? საკმაოდ დამაჯერებლად გვეჩვენება შემდეგი განმარტება, რომელიც ერთ ერთ ჩვენს თანამედროვე ღვთისმეტყველს ეკუთვნის: "ამ სიტყვებში უნდა გავიგოთ მხეცს დაქვემდებარებული მასობრივი საინფორმაციო საშუალებები" ტელევიზია, რადიაო, ბეჭდვითი წყაროები, ფსევდოხელოვნება. ისინი ლაპარაკობენ და აჩვენებენ, აყალიბებენ ადამიანის სულიერ სახეს და მათ გონებაში ქმნიან მხეცის ხატს. ეს ხატი, საბოლოო ჯამში, განხორციელდება ქმედებებში. დაუმორჩილებელთა მკვლელობა განხორციელდება სხვადასხვა ვარიანტით - ინდივიდუალური ტერორიდან მასობრივი რეპრესიებისა და ომების ჩათვლით. "ახალი მსოფლიო წესრიგის" (მხეცის სამეფოს) მტკიცებით, ასეთი პრაქტიკა, როგორც ჩანს, იქნება ჩვეულებრივი...

აპოკალიფსისი უკვე ჩვენს თვალწინ სრულდება, თუმცა, სამწუხაროდ, ყველა როდი ხედავს ამას. მაგალითისთვის ღვთისმეტყველებს (კერძოდ, პაისი მთაწმინდელს) მოჰყავთ ვარსკვლავ "აფსინთის" ჩამოვარდნა, რომელმაც დაამწარა მესამედი წყალთა, რამაც გამოიწვია უამრავი ხალხის ამოწყვეტა (გამოცხ. 8:10-11). ეს წინასწარმეტყველება, უკვე აღსრულდაო, ამბობენ ისინი, ჩერნობილის კატასტროფის შედეგად (რუსულ ბიბლიაში "აფსინთი" ნათარგმნია, როგორც "Полынь", რომელიც უკრაინულიდან ნიშნავს კიდევაც "ჩერნობილს" (Чернобыль), ამიტომაც, ცდებიან ისინი, ვინც ელოდება ციდან ვარსკვლავის ჩამოვარდნას და ვერაფრით შეიგნებენ, რომ ეს წინასწარმეტყველება უკვე აღსრულდა.

ვფიქრობთ, რომ იგივენაირად უნდა ვიმსჯელოთ მხეცის ხატთან დაკავშირებითაც. შესაძლოა დღეს ნამდვილად სრულდება ეს წინასწარმეტყველება და არ უნდა ველოდოთ იმ დროს, როდესაც ანტიქრისტეს დროს, ყველგან დადგამენ მის ბიუსტებს ან სტატუებს, ან კიდევ გამოსახულებებს, და მოკლავენ ყველას, ვინც თაყვანს არ სცემს მხეცის ამ გამოსახულებას.

რატომ ვერ ვამჩნევთ ჩვენს თვალწინ აღსრულებულ წინასწარმეტყველებას? იმიტომ ხომ არა, რომ თვითონ, ვცემთ თაყვანს მხეცის ხატს და ყოველდღიურად მსხვერპლად მიგვაქვს მასთან ჩვენი ხანმოკლე ცხოვრების ფასდაუდებელი წუთები, ემოციები, გონიერება და სულიერად საღი აზრები..