მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

აბრაჰამ კრესმ მორისონი

 

"შვიდი მიზეზი იმისა, თუ რატომ მწამს ღმერთის"

 

პირველი: სავსებით მკაფიო მათემატიკური კანონი ამტკიცებს, რომ სამყარო შექმნილია უმაღლესი გონების მიერ. წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა ჩააგდეთ. მონეტები, მათი ღირებულების მიხედვით, ერთიდან ათ ცენტამდე. შემდეგ შევარხიოთ ტომარა. ახლა შეეცადეთ ამოიღოთ მონეტები ერთმანეთის მიყოლებით მათი ღირებულების რიგის მიხედვით იმ პირობით, რომ ყოველ მონეტას ისევ ჩავდებთ უკან და ისევ შევარხევთ ტომარას. მათემატიკა ამბობს, რომ ჩვენს განკარგულებაში ერთი შანსია ათიდან, რომ პირველივე ცდაზე ამოვიღოთ ერთი ცენტის ღირებულების მონეტა. ერთცენტიანი რომ ამოვიღოთ, და მის მომდევნოდ ორცენტიანი, ჩვენი შანსი უკვე ასიდან ერთს გაუტოლდება. ზედიზედ სამი მონეტა რომ ამოვიღოთ - შანსი ათასიდან ერთია და ა.შ. დაწესებული რიგის მიხედვით ათივე მონეტა რომ ამოვიღოთ, ჩვენ გვაქვს ერთი შანსი ათი მილიარდიდან.

 

იგივე მათემატიკური მსჯელობანი ცხადყოფენ, რომ დედამიწაზე სიცოცხლის წარმოქმნისა და განვითარებისათვის საჭიროა იმდენად წარმოუდგენელი რაოდენობის ურთიერთობა და ურთიერთკავშირი, რაც გონიერი მიმართულების გარეშე, უბრალო შემთხვევითობის წყალობით, ვერაფრით წარმოიქმნება. დედამიწის ზედაპირზე ბრუნვის სიჩქარე განისაზღვრება ათასი მილით საათში. დედამიწა რომ ბრუნავდეს ასი მილით საათში, მაშინ ჩვენი დღეები და ღამეები ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ხანგრძლივი დღის განმავლობაში მზე გადაწვავდა ყოველივე ცოცხალს, ხანგრძლივი ღამის განმავლობაში ყოველივე ცოცხალი გაიყინებოდა.

 

ამასთანავე - მზის ტემპერატურა ფარენგეიტით 12000 გრადუსია. დედამიწა სწორედ იმდენითაა დაშორებული მზეს, რამდენითაც საჭიროა, რომ ამ “მარადიულმა ცეცხლმა” საჭიროებისამებრ გაგვათბოს, არც მეტად, არც ნაკლებად! მზე რომ ნახევარზე ცოტა სითბოს გვაძლევდეს, გავიყინებოდით. ორმაგ სითბოს რომ გვაძლევდეს - სიცხისაგან დავიღუპებოდით.

 

დედამიწის დახრილობა 23 გრადუსის ტოლია. აქედან წარმოსდგება წელიწადის დროები. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანის ანაორთქლი წინ და უკან იმოძრავებდა, სამხრეთით და ჩრდილოეთით, და ყინულის უზარმაზარ კონტინენტებს დაახვავებდა. თუკი მთვარე, მისი ახლანდელი დისტანციის ნაცვლად, 50000 მილით იქნებოდა დაშორებული ჩვენგან, მიქცევები და მოქცევები ისეთ გრანდიოზულ მაშტაბებს მიიღებდა, ყველა კონტინენტი წყალქვეშ აღმოჩნდებოდა დღე-ღამეში ორჯერ. შედეგად, მთებიც კი ჩაირეცხებოდა. დედამიწის ქერქი შედარებით სქელი რომ ყოფილიყო, ვიდრე ახლაა, ზედაპირზე არასაკმარისი რაოდენობით იქნებოდა ჟანგბადი, და ყოველივე ცოცხალი დასაღუპად იქნებოდა განწირული. თუკი ოკეანე შედარებით ღრმა იქნებოდა, ნახშირმჟავა შთანთქავდა მთელ ჟანგბადს, და ყოველივე ცოცხალი, ისევ და ისევ დაიღუპებოდა. თუკი ატმოსფერო, დედამიწას გარშემო რომ ეკვრის, ოდნავ თხელი იქნებოდა, მილიონობით მეტეორი, ყოველდღიურად რომ იწვება მასში, დედამიწაზე უცვლელი სახით დაენარცხებოდა და ყველგან აურაცხელ ხანძარს გამოიწვევდა.

 

ეს და უამრავი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევითი აღმოჩენისათვის არ არსებობს არც ერთი შანსი მრავალი მილიონიდან.

 

 

მეორე: იმ წყაროების სიუხვე, საიდანაც სიცოცხლე ძალებს იკრებს თავისი ამოცანის შესასრულებლად, თავისთავად იმის მტკიცებულებაა, რომ არსებობს ყოვლისშემძლე და თვითწარმოქმნადი გონება. აქამდე ვერც ერთმა ადამიანმა ვერ შეძლო ჩასწვდომოდა სიცოცხლის საიდუმლოს.მას არც წონა გააჩნია, არც ზომა, მაგრამ უტყუარად გააჩნია ძალა. მზარდ ფესვს კლდის გარღვევა შეუძლია. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ჰაერი და ხმელეთი, დაეუფლა მათ ელემენტებს, აიძულა დაეშალათ და გარდაექმნათ მათივე შემადგენელი კომბინაციები.

 

სიცოცხლე - მოქანდაკეა, ყოველივე ცოცხალს რომ ფორმას ანიჭებს, მხატვარია, ხეზე ყოველი ფოთლის ფორმას რომ კვეთს, ყოველი ყვავილის ფერს რომ განსაზღვრავს. სიცოცხლე - მუსიკოსია, ფრინველთ სიყვარულის სიმღერა რომ შეასწავლა, ხოლო მწერებს - აურაცხელი ბგერის გადმოცემა და ერთურთის ძახილი-მოწოდება. სიცოცხლე - უნატიფესი ქიმიკოსია, რომელმაც გემო მიანიჭა ნაყოფს, სურნელება ყვავილებს, ქიმიკოსი, რომელიც წყალსა და ნახშირმჟავას შაქრად აქცევს და იღებს ჟანგბადს, ასე რომ, აუცილებელია ყოველივე ცოცხალისათვის.

 

აი, ჩვენს წინაშეა პროტოპლაზმის წვეთი, თითქმის უხილავი წვეთი, გამჭვირვალე, ჟელეს რომ წააგავს, შეუძლია მოძრაობა და ენერგიას მზისგან იღებს. ეს უჯრედი, მტვრის ეს გამჭვირვალე ნაწილი სიცოცხლის ჩანასახს წარმოადგენს და გააჩნია ძალა, სიცოცხლე გადასცეს დიდს და მცირეს. ამ წვეთის, ამ მტვრის ნაწილაკის ძალა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი არსებობის ძალა, ადამიანებსა და ცხოველებზე ძლიერია, რადგანაც იგი ყოველივე ცოცხალის საფუძველია, ბუნებას არ შეუქმნია სიცოცხლე. ცეცხლით გახლეჩილი კლდეები და მტკნარწყლიანი ზღვები ვერ უპასუხებდნენ იმ მოთხოვნებს, რასაც სიცოცხლე თავისი არსებობისათვის აყენებს. მაშ ვინ ჩადო სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნაწილაკში?

 

 

მესამე: ცხოველების გონება უცილობლად მეტყველებს გონიერ შემოქმედზე, რომელმაც ინსტინქტი ჩააგონა არსებებს, რომლებიც მის გარეშე უმწეონი და უსარგებლონი იქნებოდნენ.ახალგაზრდა ორაგული თავის ახალგაზრდობას ატარებს ზღვაში, შემდეგ მშობლიურ მდინარეს უბრუნდება და მოძრაობს მასში სწორედ იმ მხრიდან, რომლითაც მიდიოდა ქვირითი, რომლისგანაც ის იშვა. რა ამოძრავებს მას ასეთი სიზუსტით? თუკი მას სხვა გარემოში მოვათავსებთ, ის მაშინვე იგრძნობს, რომ მიმართულება აერია და დაიწყებს გზის გაკვალვას მთავარი ნაკადისაკენ, შემდეგ დინების საწინააღმდეგოდ წავა და თავის ბედს განსაზღვრული სიზუსტით აღასრულებს.
კიდევ უფრო მეტ საიდუმლოს ინახავს გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსებები მოწიფულობის ხანაში მოგზაურობენ ყველა წყალსატევიდან, მდინარისა და ტბიდან, ევროპაშიც რომ იყვნენ, ათას მილს გაივლიან ოკეანეში და ბერმუდის კუნძულების ზღვის სიღრმეებში მოხვდებიან . აქ გამრავლების აქტს აღასრულებენ და კვდებიან. პატარა გველთევზები, რომლებსაც, თითქოს, არანაირი წარმოდგენა არა აქვთ არაფერზე, ადვილად დაკარგვაც კი შეუძლიათ ოკეანის სიღრმეებში, მიდიან თავისი მამების გაკვალული გზებით, იმავე მდინარეებით, წყალსატევებითა და ტბებით, საიდანაც დაიწყეს თავიანთი გზა ბერმუდის კუნძულებამდე. ევროპაში არც ერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკულ წყლებს ეკუთვნის, ასევე ამერიკაშიც, არცერთხელ არ დაუჭერიათ ევროპული გველთევზა. ევროპული გველთევზა მოწიფულობას ერთი წლით გვიან აღწევს, რისი წყალობითაც დაასრულებს მოგზაურობას. მაშ სად იბადება ეს იმპულსი , მიმართულებას რომ განსაზღვრავს?

 

კრაზანა, კალიის დამარცხების შემდეგ, ზუსტად განსაზღვრულ ადგილას განგმირავს მას, ამ დარტყმისაგან კალია “კვდება”. ის კარგავს გრძნობას და ცოცხლობს, თუმცა კონსერვირებული ხორცის სახით. ამის შემდეგ კრაზანა დებს კვერცხს იმ ანგარიშით, რომ ახალგამოჩეკილ კრაზანებს შეეძლებათ კალიის წოვა, მისი მოკვლის გარეშე. მკვადარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი იქნებოდა. ამ სამუშაოს შესრულების შემდეგ დედა-კრაზანა მიფრინავს და კვდება. ის თავის შვილებს ვერასდროს იხილავს. ეჭვიც არაა იმისა, რომ თითოეული კრაზანა ამ სამუშაოს ასრულებს პირველად თავის ცხოვრებაში, ყოველგვარი განსწავლის გარეშე, და აკეთებს ამას ზუსტად ისე, როგორც საჭიროა, წინააღმდეგ შემთხვევაში, საიდან გაჩნდებოდნენ კრაზანები? ეს მისტიკური ტექნიკა ვერ აიხსნება იმით, რომ კრაზანები ერთმანეთისაგან სწავლობენ. ეს მათ სისხლსა და ხორცშია ჩადებული.

 

 

მეოთხე: ადამიანი ფლობს გაცილებით ბევრს, ვიდრე ცხოველური ინსტინქტია.მას გონება გააჩნია. არ ყოფილა და არც არის ისეთი ცხოველი, რომელსაც ათამდე თვლა შეუძლია. მას არც კი ძალუძს ჩასწვდეს ათის მნიშვნელობას. თუკი ინსტინქტის შედარება შეიძლება ფლეიტის ერთ ნოტთან, მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ბგერასთან, მაშინ უნდა ვაღიაროთ , რომ ადამიანის გონებას ძალუძს ჩასწვდეს ყველა ნოტს და არა მხოლოდ ფლეიტისას, არამედ ორკესტრის ყველა ინსტრუმენტისას.ღირს კი ვისაუბროთ კიდევ ერთ პუნქტზე :ჩვენი გონების წყალობით ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა იმაზე, თუ ვინ ვართ, და ეს ნიჭი მხოლოდ იმით განისაზღვრება, რომ ჩვენში ძევს სამყაროს გონების ნაპერწკალი.

 

 

მეხუთე: გენების საოცრება - მოვლენა, რომელიც ვიცით, მაგრამ რომელიც უცნობი იყო დარვინისათვის - მოწმობს იმაზე, რომ ყოველივე ცოცხალზე თავიდანვე იყო ზრუნვა. გენების სიდიდე ისე საოცრად უმნიშვნელოა, ყველა გენი, რომელთა წყალობითაც არსებობს კაცობრიობა დედამიწაზე, ერთად რომ შეიკრიბოს, სათითეში მოთავსდებოდა და სათითე არც კი გაივსებოდა! და მაინც, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმხლები ქრომოსომები ყოველი ცოცხალის ყოველ უჯრედშია და წარმოადგენს აბსოლუტურ გასაღებს ადამიანის, ცხოველისა და მცენარის თვისებების ახსნისათვის. სათითე! მასში ეტევა ორი მილიარდი ადამიანური არსების ყველა ინდივიდუალური თვისება.და ამაში ეჭვიც არ შეგეპაროთ. და თუკი ეს ასეა, მაშინ როგორ ხდება, რომ გენი თითოეული ცალკეული არსების ფსიქოლოგიის გასაღებსაც შეიცავს, ათავსებს რა მას უმცირეს მოცულობაში? აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენების მცველი და მატარებელია. და ის ფაქტიც, რომ რამდენიმე მილიონი ატომი, რასაც შეიცავს ულტრამიკროსკოპული გენი, შეიძლება აღმოჩნდეს დედამიწაზე სიცოცხლის აბსოლუტური გასაღები, ეს მტკიცებულებაა, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ზრუნავენ, ვიღაცამ ყოველივე წინასწარ გაითვალისწინა და რომ ეს შემოქმედი გონებისაგან მომდინარეობს. არავითარ სხვა ჰიპოთეზას არ ძალუძს ყოფიერების გამოცანის ამოცნობა.

 

 

მეექვსე: ბუნების ეკონომიკაზე დაკვირვებისას ჩვენ იძულებული ვართ ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონებას შეუძლია წინასწარ განსაზღვროს ის ურთიერთობები, ასეთ რთულ მეურნეობაში რომ წარმოიშვება.

 

მრავალი წლის წინ ავსტრალიაში ცოცხალი ღობის სახით დარგული იქნა კაქტუსის ზოგიერთი შეტანილი სახეობა. მტრული მწერების არარსებობის გამო კაქტუსი გამრავლდა ისეთი გასაოცარი ოდენობით, რომ ხალხმა მასთან საბრძოლველად გზების ძებნაც კი დაიწყო. კაქტუსი კი გავრცელებას განაგრძობდა. საქმე იქამდე მივიდა, რომ ფართობი, რომელიც მან დაიკავა, ინგლისის ფართობზე მეტი აღმოჩნდა. მან ხალხიც კი განდევნა ქალაქებიდან და სოფლებიდან, ანადგურებდა ფერმებს. საბოლოოდ, მოხერხდა იმ მწერის აღმოჩენა, რომელიც უშუალოდ კაქტუსით იკვებებოდა. ის ადვილად მრავლდებოდა და ავსტრალიაში მოწინააღმდეგეც არ ჰყავდა. მალე მწერმა დაამარცხა კაქტუსი. კაქტუსმა უკან დაიხია. ამ მცენარის რაოდენობამ იკლო, იკლო მწერების რაოდენობამაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო იყო კაქტუსის მუდმივი ზედამხედველობისათვის.

 

მსგავსი მაკონტროლებელი ურთიერთკავშირები ყველგანაა.ისე მართლაც, რატომაა, რომ მწერები, ასე გასაოცრად რომ მრავლდებიან, არ ღუპავენ ყოველივე ცოცხალს? იმიტომ რომ ფილტვებით კი არა, ტრაქეებით სუნთქავენ. მწერი რომ იზრდება, მისი ტრაქეები პროპორციულად არ იზრდება. აი ამიტომაც არც იყო და არც შეიძლება იყოს უზარმაზარი მწერი.ეს შეუსაბამობა მათ ზრდას აფერხებს.ეს ფიზიკური კონტროლი რომ არა, ადამიანი დედამიწაზე არსებობას ვერ შეძლებდა. მხოლოდ წარმოიდგინეთ ლომისხელა ხარაბუზა.

 

 

მეშვიდე: ის ფაქტი, რომ ადამიანს ძალუძს აღიქვას ღმერთის არსებობის იდეა, თავისთავად საკმარისი მტკიცებულებაა.კონცეფცია ღმერთზე წარმოიშვება ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის შედეგად, რასაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის დახმარებით, და მხოლოდ მისი დახმარებით, ადამიანს (და არა რომელიმე სხვა ცოცხალ არსებას შეუძლია აბსტრაქტული საგნების დადასტურება. ეს ნიჭი საოცარ შესაძლებლობებს იძლევა. მართლაც, ადამიანის სრულყოფილი წარმოსახვის წყალობით სულიერი რეალობის შესაძლებლობაც წარმოიქმნება, და ადამიანს ძალუძს მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით განსაზღვროს დიადი ჭეშმარიტება, რომ ზეცა ყველგანაა და ყველაფერში, ჭეშმარიტება, რომ ღმერთი ყველგანაა და ყველაფერში, რომ ის ჩვენს გულებში ცოცხლობს.

 

და აი, როგორც მეცნიერების, ისე წარმოსახვის მხრიდან, ჩვენ მეფსალმუნის სიტყვების დასტურს ვპოულობთ:”ზეცა გვამცნობს უფლის დიდებას, ხოლო მის ქმნილებას ღაღადებს მიწა”. ცნობილი ქირურგი, კიოლნის, ბონისა და ბერლინის უნივერსიტეტების ყოფილი პროფესორი , ავგუსტინ ვირი ამბობს:” რომ მომხდარიყო მეცნიერებისა და რელიგიის წინააღმდეგობრიობა, ჰარმონია მათს ურთიერთობებში მალევე აღსდგებოდა ურთიერთჩაწვდომით უფრო ზუსტი მონაცემების საფუძველზე “.