მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

 

ანგელოზები

 

იერარქია

 

სწავლება ანგელოზთა სხვადასხვა დასის არსებობის შესახებ, საღმრთო წერილზე დაყრდნობით, მრავალ ღმრთისმეტყველთან გვხვდება. მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პავლე მოციქულის მოწაფის, წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომა: "ციური იერარქიის შესახებ". მან ანგელოზთა ცხრა დასი განაჩინა - სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი, უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი, მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი. წმინდა დიონისე არეოპაგელის ანგეოლოგია საღმრთო სწავლებად შერაცხა ეკლესიამ. ამის თვალნათლივი ნიმუშია VIIIს-ის უდიდესი ძეგლი, წმინდა იოანე დამასკელის "ზედმიწევნითი გადმოცემა მართლმადიდებლური სარწმუნოებისა". მისი თქმით, პირველი სამეული ანგელოზებისა არის ის, რომელიც მარადის ღმრთის გარშემოა და გადმოცემისაებრ უახლოესად და უშუალოდ შეერთებულია მასთან. ესაა ექვსფრთიანი სერაფიმების, მრავალთვალა ქერუბიმებისა და უწმინდეს საყდართა მწყობრი.

 

წმინდა დიონისეს სწავლებით, ყველა ზეციური დასი ზოგადად "ანგელოზად" იწოდება, რადგან ბერძნული სიტყვა "ანგელოზი" ნიშნავს "მაუწყებელს", "მაცნეს", "გამაცხადებელს", "მიმთხრობელს", ხოლო გამაცხადებლობითი თვისება ყველა ციურ არსებას აქვს, რადგან ისინი იერარქიული კიბის დაცვით ზემოდან ქვემოთ "მაუწყებლობენ", "გამაცხადებლობენ" საღმრთო ჭეშმარიტებას. მეორე მხრივ, საკუთრივი მნიშვნელობით "ანგელოზებად" იწოდებიან მხოლოდ ზეციურ ძალთა ყველაზე ქვემორე (ზემოდან მეცხრე) საფეხურზე მყოფი არსნი, რადგან ადამიანებს უშუალოდ მხოლოდ ისინი უცხადებენ ზენა არსთაგან გადმოცემულ ჭეშმარიტებას. წმინდა დიონისე ურყევად ადგენს, რომ ანგელოზურ დასთა იერარქია შეუძრავია და არასოდეს ირღვევა. ეს ნიშნავს: რაც არ უნდა აღმატებული გამოცხადება მიეცეს ადამიანს, ყველა ამგვარი მოვლენა სრულდება "ანგელოზთა" ანუ ყველაზე ქვედა, მეცხრე დასის წევრთა მიერ.

 

მაგალითად, "ესაიას წინასწარმეტყველებაში" აღწერილია, თუ როგორ გამოეცხადა ესაიას უზენაესი სერაფიმი. წმინდა დიონისე განმარტავს, რომ ამ შემთხვევაშიც ესაიას უშუალოდ და პიროვნულად გამოეცხადა არა მართლაც სერაფიმი, არამედ ყველაზე ქვედა ანუ მეცხრე დასის (საკუთრივ "ანგელოზთა" დასის) ერთ-ერთი წევრი. მაგრამ რადგანაც ამ უკანასკნელისგან ნაუწყები ჭეშმარიტება მომდინარეობდა სწორედ სერაფიმთაგან ანუ რადგანაც ეს ერთ-ერთი ანგელოზი (მეცხრე დასის წევრი) საკუთრივ სერაფიმის ბრძანებას ასრულებდა, შესაბამისად, ესაიას ხილვასაც სერაფიმის გამოცხადება ეწოდა, მსგავსად შიკრიკისა, რომელიც ბატონის ბრძანებას გადასცემს ადრესატს და ამ ბრძანების წყაროდ საკუთარ თავს კი არ წარმოადგენს, არამედ, ცხადია, თავის ბატონს.

 

ამრიგად, არეოპაგეტული სწავლებით, ანგელოზთა ზენა დასთა წევრები უშუალოდ არასოდეს ეცხადებიან ადამიანებს, არამედ ისინი მეცხრე დასის წევრების ანუ საკუთრივ ანგელოზების მეშვეობით უკავშირდებიან კაცთა შორის განწმენდილ პირებს. ყურადღებას იქცევს საკითხი იმის შესახებ, თუ ზეციურ ძალთა რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზებად სახელდებული მიქაელი და გაბრიელი, რომელთაგან პირველი დანიელს გამოეცხადა, მეორემ კი ყოვლადწმინდა მარიამს ახარა მხსნელის მოვლინების საიდუმლო. ამასთან დაკავშირებით შესაძლებელია სამი აზრის დაშვება:

 

პირველი - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს) და პიროვნულად თვითვე გამოეცხადნენ დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს (უფრო ადრე - ზაქარიას). ასეთ შემთხვევაში, უნდა ვიფიქროთ, რომ "მთავარანგელოზთა" დასის წევრებიც, იშვიათ შემთხვევებში, უფლებამოსილნი არიან, პიროვნულად მოევლინონ წმინდა ადამიანებს ("ანგელოზთა" დასის შუამავლობის გარეშე).

მეორე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან "მთავარანგელოზთა" დასს, მაგრამ პიროვნულად თვით ისინი არ გამოსცხადებიან დანიელსა და ყოვლადწმინდა მარიამს (ან ზაქარიას), არამედ, ისევე როგორც ესაიასთან დაკავშირებული "სერაფიმისეული ხილვის" შემთხვევაში, ამჯერადაც უშუალოდ მივლინებულნი დანიელთან და მარიამთან (ან ზაქარიასთან) ანუ საღმრთო უწყების მათთვის უშუალოდ, პიროვნულად გადამცემნი, ე.ი. დავალების შემსრულებელნი უნდა ყოფილიყვნენ საკუთრივ "ანგელოზთა" დასის (ზემოდან მეცხრის) წევრები, მაგრამ მათ გამოცხადებას მაინც მიქაელისა და გაბრიელის გამოცხადებანი ეწოდა, რადგანაც ეს ანგელოზები მხოლოდ იმას ამცნობდნენ დანიელსა და მარიამს (და ზაქარიას), რაც სწორედ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებმა გადასცეს მათ ანუ ხსენებული ანგელოზები მათ წინაშე ლაპარაკობდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირით, წარმოადგენდნენ მიქაელისა და გაბრიელის პირს, განასახიერებდნენ მიქაელსა და გაბრიელს.

 

მესამე - მიქაელი და გაბრიელი ეკუთვნიან არა "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს), არამედ "ანგელოზთა" დასს (ზემოდან მეცხრეს), მაგრამ თუ ისინი "მთავარანგელოზებად" იწოდებიან, იწოდებიან იმიტომ, რომ "ანგელოზთა" დასში მათი უპირატესობა წარმოჩინდეს. წმინდა დიონისე გვასწავლის, რომ ყოველ დასში არიან უპირატესნი და უდარესნი. ამიტომ მიქაელსა და გაბრიელს მთავარანგელოზები შეიძლება ეწოდოთ არა აუცილებლად დასობრივი გაგებით (რომ ისინი "მთავარანგელოზთა" დასს (ზემოდან მერვეს) ეკუთვნიან), არამედ მათი გამორჩეული ღირსების წარმოსაჩენად (რომ ისინი თავიანთი დასის სხვა წევრებზე უპირატესნი არიან). სხვაგვარად, სიტყვა "მთავარანგელოზი" მიქაელისა და გაბრიელისადმი ითქმის არა კერძოობითი, ნომენკლატურული (დასობრივი) შინაარსით, არამედ ზოგადი აზრით, ეპითეტურად, აქსიომატურად ანუ ღირსებითად (რომ ისინი თავიანთ დასში "მთავრობენ" სხვა "ანგელოზებს").

 

რაც შეეხება მეორე და მესამე აზრს, არეოპაგეტული სწავლების მიხედვით, ორივე მათგანი თანაბრად შესაძლებელია. თუმცა საეკლესიო ტრადიციაში შეიმჩნევა გადახრა მესამე თვალსაზრისისკენ.

 

წმინდა დიონისე არეოპაგელის გარდა ანგელოზურ დასებზე უთითებენ სხვა ავტორებიც. მაგალითად, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი, იოანე ოქროპირი, წმინდა კირილე იერუსალიმელი და სხვა. მაგრამ წმინდა დიონისე არეოპაგელის თხზულებათა გამოჩენამდე (VIს-ის დამდეგი და ნაწილობრივ შემდეგაც) ანგელოზურ დასთა იერარქიული რიგი სხვადასხვაგვარად აითვლებოდა ეკლესიის მამათა მიერ, უფრო სწორად, მათთვის იერარქიულ რიგს არ ენიჭებოდა დიდი მნიშვნელობა. წმინდა დიონისემ შემდეგი რიგი გადმოგვცა (ზემოდან ქვემოთ):

 

სერაფიმნი, ქერუბიმნი, საყდარნი - I დასი
უფლებანი, ძალნი, ხელმწიფებანი - II დასი
მთავრობანი, მთავარანგელოზნი, ანგელოზნი - III დასი

 

ამ რიგს მცირედი კორექცია გაუკეთა წმინდა მაქსიმე აღმსარებელმა (თანამედროვე მკვლევართა აზრით, იოანე სკვითოპოლელმა), რომლის მიხედვითაც უზენაესია არა "სერაფიმთა", არამედ "საყდართა" მწკრივი.

 

1. საყდარნი
2. ქერუბიმნი
3. სერაფიმნი

 

მომდევნო და ბოლო ეტაპი ანგელოზური იერარქიის კომენტირების გზაზე უკავშირდება წმინდა სვიმეონ ახალი ღმრთისმეტყველის მოწაფის, ნიკიტა სტითატის სახელს, რომელმაც სცადა კონკრეტულად განემარტა წმინდა დიონისეს სწავლება იმის შესახებ, რომ ამქვეყნიური საეკლესიო იერარქია გამოსახავს ზეციურს. ნიკიტამ თავის ნაშრომში, "იერარქიის შესახებ", მოგვცა ანგელოზური და საეკლესიო იერარქიების შემდეგი შესატყვისობა:

 

პირველი სამეული
საყდარნი - პატრიარქები
ქერუბიმნი - მიტროპოლიტები
სერაფიმნი - მთავარეპისკოპოსები

 

მეორე სამეული
უფლებანი - ეპისკოპოსები
ძალნი - მღვდლები
ხელმწიფებანი - დიაკვნები

 

მესამე სამეული
მთავრობანი - იპოდიაკვნები (კერძოდიაკვნები)
მთავარანგელოზნი - მკითხველნი (მედავითნენი)
ანგელოზნი - მონაზვნები

 

ნიკიტას აზრით, ამგვარი შესატყვისობა გულისხმობს არა მხოლოდ მოცემული პარალელური წყვილების თვისობრივ სამოღვაწეო თანხვედრას, არამედ იმასაც, რომ საეკლესიო იერარქიის ამა თუ იმ საფეხურზე მყოფი პირი, თუკი იგი ღირსეულად აღასრულებს თავის იერარქიულ დანიშნულებას, გარდაცვალების შემდეგ სწორედ იმ ანგელოზთა ადგილს მიიღებს მარადიულ სასუფეველში, რომელთა დასსაც შეესაბამებოდა მისი საეკლესიო პატივი.

 

მოამზადა მღვდელმა ლევან მათეშვილმა

 

 

მთავარანგელოზები

 

მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდ, იგი ნიკეის I მსოფლიო საეკლესიო კრებამდე რამდენიმე წლით ადრე გაიმართა. მასზე დაგმეს და უარყვეს ანგელოზებისათვის ღვთაებრივი პატივის მიგება და მათი მართლმადიდებლური თაყვანისცემა დაამტკიცეს.

 

მთავარანგელოზთა კრება 21/8 ნოემბერს აღინიშნება - მარტიდან (ადრე აქედან იწყებდნენ წელიწადის ათვლას) მეცხრე თვის (ანგელოზთა ცხრა დასის შესაბამისად) მერვე დღეს, რომელიც სიმბოლურად მეორედ მოსვლას ნიშნავს.

 

იმის შესახებ, თუ ზეციურ ძალთა რომელ დასს ეკუთვნიან მთავარანგელოზები მიქაელი და გაბრიელი, სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. წმინდა გრიგოლი დიდის მიხედვით, მთავარანგელოზებს ანგელოზთა წინამძღვრობა ევალებათ. არის შეხედულება, რომ მთავარანგელოზი მიქაელი მთელ უხორცო დასთა წინამძღოლადაა დადგენილი, პავლე მოციქულის მოწაფე, წმინდა დიონისე არეოპაგელი კი, პირიქით, იმასაც შესაძლებლად მიიჩნევს, რომ ისინი საკუთრივ ანგელოზთა ანუ რიგით მეცხრე - ყველაზე უმდარეს დასს ეკუთვნიან, უბრალოდ, გამორჩეული ღირსებების გამო, მთავარანგელოზები ეწოდათ.

 

რა ადგილიც არ უნდა ეკავოთ ამ ანგელოზებს ზეციურ მხედრობათა იერარქიულ დასში, წმინდა წერილიდან ჩვენთვის ყველაზე მეტად ისინი არიან ცნობილნი.

 

არსებობს გადმოცემა, რომ მთავარანგელოზი მიქაელი, რომლის სახელი ებრაულიდან ითარგმნება როგორც “რომელი ვითარცა ღმერთი”, შეებრძოლა ღვთის წინააღმდეგ ამხედრებულ სატანას, დაამარცხა იგი და მის მოციქულებთან ერთად ზეციდან გადმოაგდო, დანარჩენ ანგელოზებს კი უფლის ერთგულებისკენ მოუწოდა.

 

მთავარანგელოზი მიქაელი წინამძღვრობდა ებრაელებს ეგვიპტიდან გამოსვლისას, დღისით - ღრუბლის, ღამით კი ცეცხლოვანი სვეტის სახით მიუძღოდა აღთქმული მიწისაკენ, მან მოწყვიტა ებრაელების მდევნელი ეგვიპტელები, მან დაიცვა გა¬ხურებულ ღუმელში ცოცხლად შეყრილი ანანია, აზარია და მისაელი, რომლებიც ვერ დაითანხმეს კერპების თაყვანისცემაზე. საღვთო წერილში კიდევ ბევრგანაა ნახსენები მთავარანგელოზის შემწეობა.

 

ალექსანდრიის პატრიარქმა ტიმოთემ იოანე ღვთისმეტყველის მოწაფის - წმინდა პროხორეს სახლში იპოვა წიგნი, რომელშიც პროხორეს ანგელოზისაგან თავისი დიდი მასწავლებლისთვის ნაუწყები სიტყვები ჰქონდა ჩაწერილი. გთავაზობთ მისგან ამონარიდს: “ებრაელებმა მაცხოვარი უწყალოდ რომ აცვეს ჯვარს, მთავარანგელოზი მიქაელი ისე შეძრწუნდა, რომ მისი მწუხარებისაგან ცა და ქვეყანა განკრთა. ოდეს მაცხოვარი აღსდგა მკვდრეთით, მთავარანგელოზმა მიქაელმა გადააგორა უფლის საფლავის ქვა და ახარა მენელსაცხებლე დედათ. მანვე შეაჩერა სატანა და წაართვა ყოველივე, რაც ჰქონდა მას. ღმერთმა მიჰმადლა მთავარანგელოზ მიქაელს დიდი ძალა და დართო ნება, თვით ჯოჯოხეთის ტანჯვაში მყოფი სულების გადარჩენისა: უფალმა მიანიჭა მას ციურ ძალთა წინამძღოლობა და უფლება, ყოველი წლის 6 (ახ.სტ. 19) სექტემბერს ქერუბიმთა და სერაბიმთა ნავით, ანგელოსთა და წმინდანთა თანხლებით, მიუახლოვდეს განწირულთა სულებს. ამ დიდმნიშვნელოვან დღეს იგი მუხლმოდრეკილი და პირქვედამხობილი ლოცულობს ტანჯული სულებისათვის მანამ, ვიდრე ღმერთი არ შეიწყალებს ადამიანებსა და ყოველივე სულიერს დედამიწაზე”. როგორც წიგნი გვამცნობს, იოანე ღვთისმეტყველმა თავად იხილა, როგორ ამოჰყავდა მთავარანგელოზ მიქაელს თავისი ფრთებით ცოდვილთა სულები ჯოჯოხეთის ტბიდან.

 

ამ მოთხრობამ ტიმოთეს დიდი ნუგეში სცა და მრევლს მთავარანგელოზის თაყვანისცემისაკენ მოუწოდა.

 

მთავარანგელოზ მიქაელს ხატებზე ჯავშნით გამოხატავენ, მის მიმართ განსაკუთრებით დემონურ ცთუნებათა დროს ლოცულობენ.

 

მთავარანგელოზი გაბრიელი ღვთის საიდუმლოს კეთილი მაცნეა, ძველი აღთქმის წინასწარმეტყველებს სწორედ ის აუწყებდა იესო ქრისტეს მოსვლას, ღვთისმშობელსაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ახარა მაცხოვრის მასში განხორციელების, ასევე ზაქარიას - იოანე ნათლისმცემლის, უფლის წინამორბედის, დაბადების შესახებ. მთავარანგელოზი გაბრიელი წმინდანებს მათი ამქვეყნიდან განსვლის ჟამს ამცნობს. იგი სამოთხის რტოთი გამოისახება, რომელიც მან ყოვლადწმინდა ქალწულს მიართვა.

 

მთავარანგელოზი რაფაელი ადამიანებს სნეულებათაგან იცავს. ყრმა ტობიას რაფაელ მთავარანგელოზი ახლდა შორეულ მოგზაურობაში, სამშობლოში მასთან ერთად დაბრუნდა და მის მოხუც მამას თვალის ჩინი დაუბრუნა...
მთავარანგელოზ რაფაელს ხატებზე მარჯვენაში მაკურნებელი წამლის ჭურჭელი უჭირავს, მარცხენაში კი ჭაბუკი ტობია.

 

მთავარანგელოზი ურიელი ბერ-მონაზონთა და ღვთისმეტყველთა მფარველად ითვლება. იგი გონებას გვინათლებს, რათა ღვთიური საიდუმლოებები და წმინდა წერილი შევიმეცნოთ.
მთავარანგელოზი ურიელი მონანულთა მფარველიცაა. საეკლესიო გადმოცემით, სამოთხიდან განდევნის შემდეგ, იგი ადამთან და ევასთან ერთად ლოცულობდა და უფლის საკურთხეველზე მიჰქონდა მათი სინანულის ცრემლი. მთავარანგელოზი ურიელი ცეცხლოვანი ან გაშიშვლებული მახვილით გამოისახება.

 

სელაფიელი მლოცველს ნიშნავს. იგი ადამიანებს ლოცვისას უხილავად შეეწევა. მას ასევე ევედრებიან ავადმყოფობებისას, რომლებსაც კანკალი ახასიათებს (მალარია, ეპილეფსია). მთავარანგელოზი სელაფიელი მლოცველის მდგომარეობაში გამოისახება - თვალებდახრილი და მკერდზე ხელებდაწყობილი, ზოგჯერ კი ხელში ანთებული სანთელი და საკმეველი უჭირავს.
მთავარანგელოზ სელაფიელს განსაკუთრებით ლოცვის დასაწყისისას ევედრებიან, მისგან ყურადღებიან და ღრმა ლოცვაში შემწეობას ითხოვენ.

 

ეგუდიელი უფლის მადიდებელია. ის მოღვაწეებს განამტკიცებს და შუამდგომლობს შემოქმედთან, იგი მოგზაურთა მფარველად და გაჭირვებულთა შემწედაც ითვლება. ხატებზე მას მარჯვენა ხელში ოქროს გვირგვინი, ხოლო მარცხენაში სამტოტიანი შოლტი უჭირავს, რაც ზარმაცებს და უდებებაში მყოფთ შეახსენებს, რომ გონს მოგებამდე ცხოვრებაში ბევრი სასჯელი და მწუხარება დაატყდებათ, გვირგვინი კი გულმოდგინეებისთვისაა განკუთვნილი.

 

ვარახიელი კეთილ საქმეებზე უფ¬ლისმიერ კურთხევას იძლევა. იგი ადამიანებისთვის მოწყალებას გამოითხოვს. ძირითადად კი მოწამეთა, ქრისტეს აღმსარებელთა და მოსაგრეთა მფარველად ითვლება. ხატებზე მის სამოსელს ამშვენებს სულიწმინდის ნიჭთა სიმბოლო - ვარდისფერ ყვავილთა სიმრავლე.

 

იერომიელი საღვთო სიყვარულის აღმძვრელია და ვნებათა და ცოდვათა დაძლევაში შეგვეწევა. იგი ხატებზე სასწორით ხელში გამოისახება.

 

 

ბიბლიური ამბავი

 

ისრაელელთა სამეფოში ერთ დროს ღვთისმოშიში ისრაიტელი ცხოვრობდა, სახელად ტობითა. ჰყავდა მეუღლე ანა და ვაჟი ტობიასი. ეს იმ დროს მოხდა, როცა თითქმის მთელმა ისრაელმა დაივიწყა ჭეშმარიტი ღმერთი, შეწყვიტა ღვთის მცნებების აღსრულება და უცხოტომელთა ცრუ ღმერთებს დაუწყო თაყვანისცემა. ამისთვის უფალმა ისინი ხელთ მისცა ასურელთა მეფეს, სალმანასარს, რომელმაც ისინი ნინევიაში გადაასახლა. სხვებთან ერთად იყო ტობითაც. ის სიჭაბუკიდანვე ჭეშმარიტების გზაზე ვიდოდა და მაშინ, როცა მთელი მისი ტომი და გვარი ბაალის კერპს უზორავდა, იგი მარტოდმარტო ადიოდა იერუსალიმში და მსხვერპლს შესწირავდა უფალს. ხოლო როცა ნინევიაში ტყვედ წაიყვანეს, არ უჭამია ნაკერპავი, განსხვავებით თავისი ძმებისა და ნათესავებისაგან. მისცა ღმერთმა მადლი, სალმანასარ მეფის ვაჭარი გახდა და მალე გამდიდრდა. ერთხელ მან ხელწერილით ათი ტალანტი ვერცხლი იქაურ მკვიდრს, გაბაილს ასესხა. მრავალ მოწყალებას იქმოდა და ეხმარებოდა თავის თანამემამულეებს. სალმანასარის მაგივრად მისი ვაჟი სენაქერემი გამეფდა. იგი გამძვინვარებული ხოცავდა ებრაელებს და მიცვალებულებს ქალაქგარეთ აყრევინებდა. ტობითა კი მათ ჩუმად მარხავდა. ეს ამბავი მეფეს შეატყობინეს. ის ძალზე განრისხდა და ტობითას მოკვლა ბრძანა. ის იქაურობას გაერიდა, მისი ქონება კი დაიტაცეს. თვენახევარში სენაქერიმი მოკლეს და ტობითაც ნინევიაში დაბრუნდა.

ერთხელ, ერგასის დღესასწაულზე, ტობითამ შვილს უთხრა, წადი და სადღესასწაულო სუფრაზე ჩვენი დაგლახაკებული თანატომელები მოგვიყვანეო. ტობია შინ დაბრუნდა და უთხრა, - გარეთუბანში ერთი მოკლული ისრაიტელი გდიაო. "ხოლო ტობითა იყო მოშიში უფრო სრულიად ღმრთისა, ვიდრეღა მეფეთა". მოიპარა გვამი და დაფლა. მოვიდა დაღლილი, შეგინებული, მიჯდა კედელთან პირდაუბურავი. ზემოთ თურმე მერცხლებს ბუდე ჰქონდათ. მერცხალმა ტობითას დაასკინტლა და ამის მერე მას თვალთ ლიბრი გადაეკრა. მაგრამ ამ დიდ განსაცდელს ტობითასთვის ღვთის რწმენა არ შეურყევია, როგორც მართალ იობს, მასაც აყვედრებდნენ გარშემო მყოფნი, სად არის შენი ქველმოქმედებანი, მკვდართა დაკრძალვანი? რატომ დაგემართა ასეთი რამეო. ერთხელ იტირა ტობითამ, როცა ღვთისთვის მისი ცოლის მიერ შეწირული თიკანი არ მიიღეს, ნაქურდალი არისო.

შეწუხდა და ღმერთს სიკვდილი შესთხოვა. იმ დროს, როცა ცრემლმორეული ლოცულობდა, რამდენიმე ასეული კილომეტრის მოშორებით, ეკბატანაში ერთი ქალწულიც მოთქვამდა - რაგუელის ასული სარა. მას მამამისის მხევალი აყვედრებდა. საქმე ისაა, რომ სარა შვიდჯერ იყო გათხოვილი, მაგრამ ხორციელი ვნებების ბოროტი ეშმაკი ასმოდეოსი მანამდე კლავდა სასიძოებს, ვიდრე ისინი სარასთან სარეცელს გაიყოფდნენ. ისე შეწუხდა ქალი, რომ თავის მოკვლაც კი მოისურვა, მაგრამ მოხუცი მამა შეებრალა და გადაიფიქრა. იდგა სახლის ბანზე და ლოცულობდა. შეესმა ორივე ლოცვა უფალს და მოავლინა რაფაელ მთავარანგელოზი ორივეს განსაკურნებლად.

ამ დროს გაახსენდა ტობითას ვერცხლი, რომელიც ოდესღაც გაბაელს ასესხა. მოიხმო ტობია და უთხრა: - წადი, შვილო, მიდიის ქალაქ რაგაში, მიეცი ეს ხელწერილი გაბაელს და ათ ვერცხლის ტალანტს მოგცემსო. შვილმა უთხრა: - ისე მოვიქცევი, როგორც მითხარი, მაგრამ იქამდე გზა არ ვიცი, ანდა გაბაელი დამიჯერებსო? მამამ დაამშვიდა: - ნახე, შვილო, ვინმე სარწმუნო კაცი თანამგზავრად და როცა უკან მობრუნდებით, საფასური გადავუხადოთო.

ტობიამ მიდიის გზის მცოდნეს დაუწყო ძებნა. მთავარანგელოზი რაფაელი იხილა კაცის სახით და ჰკითხა: შეგიძლია მიდიის ქალაქ რაგაში გამომყვეო? მთავარანგელოზმა უთხრა: - წაგიყვან მიდიაში, გზაც ვიცი და გაბაელს, ჩვენს ძმასაც ვიცნობო. ტობიამ მამას ახარა, თანამგზავრი ვიპოვეო. ტობითამ მისი ნახვა მოისურვა. უცნობმა - აზარია ვარ, ძე ანანიასიო. ტობითამ შინაურად მიიღო. მერე თავისი ვაჟი აკურთხა და თანამგზავრთან ერთად მიდიისკენ გაისტუმრა. შეწუხდა ანა, ჯერ ყრმა არის და ასეთ შორ გზაზე რატომ გაუშვიო. მაგრამ ქმარმა დაამშვიდა: "ნუ გეშინინ, დაო! ანგელოზი თანაუვიდოდის მათ და წარემართოს გზა მისი და მოიქცენ ცოცხლებით". მაშინღა დასცხრა დედა ტირილისგან.

ყრმას და ანგელოზს თან მათი ძაღლი გაჰყვა. დიდი ხნის შემდეგ მდინარე ტიგროსთან შეისვენეს. ტობია მდინარეში ჩავიდა პირის დასაბანად. უცებ ფეხზე რომელიღაც მტაცებელი თევზი ეცა. ტობიამ იყვირა: - ვაიმე, შემჭამაო. ანგელოზმა უთხრა: - ნუ გეშინია, დაიჭირეო. ტობიამ თევზი ამოიყვანა. ანგელოზმა უთხრა: - ამოაცალე მაგ თევზს გული, ღვიძლი და ნაღველი, შეინახე, სამკურნალოა - ნაღვლის ცხებით კაცი ლიბრისგან განიკურნება, გულისა და ღვიძლის კმევით კი ბოროტი სულისგანო.

მიუახლოვდნენ ეკბატანას. ანგელოზმა უთხრა ტობიას: - აქ შენი ნათესავის, რაგუელის სახლში დავისვენოთ. რაგუელს ვეტყვი, თავისი ქალიშვილი ცოლად გამოგატანოს. უკან რომ მოვბრუნდებით, მაშინ გადავიხადოთ ქორწილიო. ტობიამ უთხრა: - გამიგია, რომ რამდენჯერმე გაათხოვეს, მაგრამ როგორც კი ქმრები ღამით მასთან შევიდოდნენ, მაშინვე კლავდა ეშმაკი. მეშინია ამ ეშმაკის, რომელსაც შეპყრობილი ჰყავს სარა და სხვას მასთან არ უშვებს. ვაითუ მეც მომკლას და ჩემი მშობლების საფლავების მიწის მიმყრელი არავინ დარჩესო.

ანგელოზმა დაამშვიდა: - შენ მამის სურვილი აასრულე და შენი ტომიდან მოიყვანე ქალი. ეშმაკისა კი ნუ გეშინია. რაჟამს შეირთავ, ორივემ მხოლოდ ილოცეთ. გული და ღვიძლი სასაკმევლეში ჩადე, უკმიე სარას და ეშმაკი გაშორდება. სამი დღე მისგან შორს იყავი. მესამე დღეს ღვთისგან კურთხევა იმით მოგენიჭებათ, რომ შვილნი თქვენგან ჯანმრთელნი იშვებიან. მესამე ღამეს კი შედი ქალწულთან და იგი "იპყარ სიყვარულად შიშითა უფლისათა, წადილისათვის შვილთა სხმისა, ვიდრეღა ხორცთა მოსურნეობისთვის ამისთვის".

მივიდნენ ეკბატანაში, მონახეს რაგუელის სახლი. დიდად გაიხარა რაგუელმა, როცა თავისი ნათესავის ტობითას ვაჟი შეიცნო. დაუკლა ვერძი, გაუმასპინძლდა. პურის ჭამის წინ ტობიამ თავისი სურვილი გაუმჟღავნა. შეეშინდა რაგუელს და ქალიშვილის მიცემაზე ვერ დათანხმდა. მას ანგელოზმა უთხრა: "ნუ გეშინია, რომ ამას შერთო სარა, რადგან ტობიას ღვთის შიში აქვს. ამის გარდა არავის ეკუთვნის შენი ასული, ამიტომაც სხვა ქმრებმა ვერ შეძლეს მისი ხელის ხლებაო".

მაშინღა დათანხმდა რაგუელი, გამოიყვანა სარა, აკურთხა ორივე და მათი შეუღლება. დასხდნენ, ჭამეს, სვეს, გაიხარეს. მერე კი რაგუელმა თავის ცოლს უთხრა გაემზადებინა ოთახი ახალდაქორწინებულთათვის და ქალიშვილი შიგნით შეაყვანინა. განცხრომის მერე ოთახში სიძეც შევიდა. ამოიღო თევზის გული და ღვიძლი, დადო სასაკმეველზე და უკმია სარას. ეშმაკი ილტვოდა ქალისგან. ტობიამ ქალწულს ასწავლა, - ეს ღამე ღმერთს ვევედროთ, ღმერთს ვეზიაროთ და შემდგომ სამი ღამისა შევუღლდეთო: "ჭეშმარიტად შვილნი ვართ წმიდათანი და არა ჯერ-არს შეყოფა ჩვენი, ვითარცა შეიყოფიან წარმართნი, რომელთა არა იციან ღმერთი". ადგნენ და მხურვალე გულით ევედრნენ ღმერთს, მერე კი ცალ-ცალკე დაიძინეს.

რაგუელმა კი ამ დროს თავის მონებს საფლავის გათხრა უბრძანა, ეგონა, ტობიასაც იგივე ხვედრი ელოდა, როგორც წინა სიძეებს. მერე კი ცოლს უთხრა: ვინმე მოსამსახურე გაგზავნე, ნახოს, ცოცხლები თუ არიანო. მხევალმა შეატყობინა, მშვიდად სძინავთო. გაიხარა რაგუელმა, მონებს უბრძანა, - საფლავი ისე ამოავსეთ, რომ არავინ გაიგოსო. მერე კი ცოლს უბრძანა სუფრის გაშლა. ორი მოზვერი და ოთხი ვერძი დააკვლევინა. სიძეს კი უთხრა: - ორი კვირა არსად გაგიშვებ, მერე კი წადი მშვიდობით მშობლებთან, თან ქალსა და მზითევს გაგატან. ხოლო როცა მე და ჩემი ცოლი მოვკვდებით, ეს ქონებაც შენ დაგრჩებაო.

რა ექნა ტობიას? სთხოვა რაფაელს: წაიყვანე ორი აქლემი და ოთხი მონა. წადი რაგაში, მამაჩემის ნასესხები ფული გამოართვი გაბაელს და ისიც მოიყვანე ქორწილშიო. არ დაიგვიანო, თორემ მამაჩემს დრო დანიშნული აქვს და თუ მალე არ მივალთ, შეიძლება ძლიერ შეწუხდესო.

წავიდა რაფაელ მთავარანგელოზი რაგაში, მონახა გაბაელი, გამოართვა ნასესხები ფული და ისიც ქორწილში წამოიყვანა.

გადიოდა დღეები. ტობითა სულმოუთქმელად ელოდა შვილს, ანაც მოთქვამდა და ტობიას დაგვიანებას ჯავრობდა. ორი კვირა გავიდა. ტობიამ რაგუელს უთხრა, შინ უნდა წავიდე, რადგან მშობლებს შეიძლება ცოცხალი არ ვეგონოო. არ ეთმობოდა რაგუელს შვილი და სიძე, მაგრამ რა ექნა. გამოატანა სარას მზითვად: მონები, მხევლები, ცხვარ-ძროხა, აქლემები, ოქრო-ვერცხლი და სამოსელი დიდძალი.

როცა სახლს მიუახლოვნენ, რაფაელმა უთხრა ტობიას, ჩვენ წინ წავიდეთ და მამაშენის სახლი მოვამზადოთ. როცა მამაშენს ნახავ, ნაღველი სცხე თვალებზე და აეხილებაო. მიეგებნენ გახარებული მშობლები ტობიას. მან ნაღველი მოწურა, ჩააწვეთა მამას თვალში და აუხილა. უზომო იყო მათი სიხარული. განსაკუთრებით მაშინ, როცა ტობიამ თავისი ცოლი, სარა გააცნო. დიდი ქორწილი გადაიხადეს. შვიდი დღე და შვიდი ღამე გაგრძელდა პურობა.

მერე კი ტობიამ მამას უთხრა: "ჩემ თანამგზავრს მივცეთ იმ ფულის ნაწილი, რომელიც მოვიტანე, რადგან გზაზეც დამიცვა, ცოლიც განმიკურნაო. დაუძახეს ანგელოზს და ფული შესთავაზეს. მაშინ რაფაელმა მამა-შვილი ცალკე გაიყვანა და უთხრა: - აკურთხევდით ღმერთს და აღიარებდით მას ყოველი კაცის წინაშე, რომლებიც თქვენთან ერთად შეუქმნია. კარგია ღვთის კურთხევა და მისი სახელის განდიდება. მოწიწებით გააცხადეთ ღვთის საქმენი და ნუ დაიზარებთ მის სამადლობელს. კარგია მეფის საიდუმლოთა შენახვა, მაგრამ ხამს უფლის საქმეთა გამოცხადება. ქმენით სიკეთე და ბოროტება ვერ მოგეწევათ. კარგია მარხვა ლოცვასთან ერთად და მოწყალება სიმართლესთან ერთად. სჯობს მცირედი სამართლიანობით, ვიდრე მრავალი უსამართლობით. უმჯობესია მოწყალების გაღება, ვიდრე ოქროს დაუნჯება. რამეთუ მოწყალება სიკვდილისგან იხსნის და განწმენდს კაცს ყოვლისაგან ცოდვისა... არაფერს დაგიმალავთ... როცა შენ და შენი რძალი სარა ლოცულობდით, მე აღვავლინე თქვენი ლოცვები ღვთის წინაშე. შენ არ დაიზარე, მიატოვე სადღესასწაულო სუფრა და მიცვალებულის დასაკრძალად წახვედი. მაშინ შეგემთხვა ეს განსაცდელი. არ დაფარულა ჩემთვის შენი სიქველე, მეც შენთან ვიყავი. ახლა მომავლინა მე ღმერთმა შენი და შენი რძლის განსაკურნავად. მე, რაფაელი, ერთი იმ შვიდ წმინდა ანგელოზთაგანი ვარ, რომლებიც აღავლენენ წმინდათა ლოცვებს და ამაღლდებიან წმინდის დიდების წინაშე.

შეძრწუნდნენ ორივენი და პირქვე დაემხნენ.

რაფაელმა მათ უთხრა: - ნუ გეშინიათ. მშვიდობა იყოს თქვენდა, აკურთხევდით ღმერთს უკუნისამდე, რადგან ჩემი წყალობით კი არა, ჩვენი ღვთის ნებით ვარ მოვლენილი, ამიტომ აკურთხევდით მას უკუნისამდე. ყოველდღე გეცხადებოდით, მაგრამ არც მიჭამია, არც მისვამს. მხოლოდ ხილვით მხედავდით. ახლა კი მადლობდით ღმერთს, რამეთუ ავდივარ ჩემი მომავლინებელი უფლის წინაშე. ხოლო თქვენ დაწერეთ წიგნში, რაც გადაგხდათ.

როცა მამა-შვილი ადგა, ანგელოზი იქ ვეღარ იხილეს. ადიდა ღმერთი ტობითამ.

ასე აკურთხა უფალმა მოწყალე კაცი და თვით თავისი მთვარანგელოზი გამოაგზავნა მის დასახმარებლად 158 წლისა გარდაიცვალა ტობითა, ტობია კი 127 წლისა. მათი ამბავი საუკუნეებს გადმოსწვდა და განაცვიფრებს მკითხველს.