როგორც ცნობილია, არეოპაგიტული კორპუსის შექმნის თარიღი უდიდეს ინტერესს იწვევს მთელს მსოფლიოში და, რათქმაუნდა საქართველოშიც (გასაგები მიზეზების გამო).
XX საუკუნის დამდეგიდან დომინირებს აზრი, რომ ხსენებული კორპუსი უნდა შექმნილიყო V საუკუნის II ნახევარში ცნობილი ნეოპლატონიკოს, პროკლე დიადოხოსის გავლენით.
ამგვარი გაბატონებული აზრის პარალელურად მაინც შესამჩნევია ცალკეულ მკვლევართა მცდელობანი, უფრო ადრეულ (პროკლწინარე) ეპოქას მიაკუთვნონ არეოპაგიტული შრომები. მეტიც, 70-იან წლებში გამოქვეყნდა ვ. მიულერის ნაშრომი, "დიონისე არეოპაგელი“, სადაც ხსენებული შრომები კვლავ წმინდა დიონისეს სახელთან არის დაკავშირებული.
არსებული ქრონოლოგიური გაურკვევლობა გვავალდებულებს განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ადრეული ეპოქის საეკლესიო ავტორებს და ანგარიში გავუწიოთ მათ ცნობებს. ამ კუთხით ვფიქრობთ, უთუოდ საგანგებო ინტერესს იწვევს VII ს-ის ცნობილი მოძღვარი წმინდა ანასტასი სინელი, რომლის შრომა, სათაურით „წინამძღვარი“, შედის წმინდა არსენ იყალთოელის მიერ თარგმნილ და შედგენილ „დოგმატიკონში“ (S-1463).
ესაა თავისთავად უმნიშვნელოვანესი საღვთისმეტყველო ძეგლი, მაგრამ მისი ძველი ქართული თარგმანის გაცნობისას („დოგმატიკონი"-ს ტერმინოლოგიური შესწავლა-ანალიზის დროს) ჩვენი ყურადღება მიიპყრო ხსენებული თხზულების ერთმა ადგილმა, სადაც გარდამოცემულია უაღრესად მნიშვნელოვანი უწყება წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომებთან დაკავშირებით.
აღვნიშნავთ, რომ იგივე უწყება, ცხადია, გვხვდება წმინდა ანასტასის „წინამძღვრის" ბერძნულ ორიგინალში (იხ. Pg89, 289c), მაგრამ უცნაურია, რომ არც შესაბამის გამოცემაში, არც სპეციალურ გამოკვლევებში, რომლებიც კი არეოპაგიტიკის ქრონოლოგიას ეხება, (და რომლებზეც ჩვენ შეძლებისდაგვარად მიგვიწვდებოდა ხელი), სრულიად არაფერია თქმული მის შესახებ (მითითებულ გამოცემაში მას არ ახლავს არავითარი შენიშვნა).
არეოპაგიტიკისადმი მიძღვნილი გამოკვლევების რაოდენობა იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ არათუ მათი გაცნობა, მათ შესახებ სრული ბიბლიოგრაფიის მოპოვებაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ ვითარებაში ჩვენ მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ წმინდა ანასტასის ცნობა ასახული არ არის ცალკეული შემაჯამებელი ტიპის გამოკვლევებში, სადაც უადრესი უწყებანი არეოპაგიტული შრომების შესახებ სრულყოფილადაა გაანალიზებული. ასეთ შრომად წარმოჩინდება, მაგალითად, ვრცელი სტატია "დიონისე არეოპაგელი (ფსევდო!)“ (იხ: Dictionnaire de spiritualite, t. III. Paris 1957, 244-429), რომლის ერთი ნაწილი საგანგებოდ ეხება ჩვენთვის საინტერესო საკითხს (ავტორი: რენე როკი).
გამოკვლევაში აღნიშნულია, რომ ცნობილია საეკლესიო ავტორთა ორი მითითება არეოპაგიტული შრომების არსებობის შესახებ ვიდრე VI საუკუნემდე. ერთი მითითება უკავშირდება ნიკიფორე კალისტეს (Pg 147,44-45) და წმინდა იოანე დამასკელის (Pg 96, 748-752) სახელებს, რომელთა უწყებითაც 451 წლის ახლო ხანებში იუვენალი იერუსალიმელს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში მოუტანია ციტატა არეოპაგიტული შრომებიდან. დღეისათვის მიჩნეულია, რომ ეს ციტირება გვიანდელ ჩანართს წარმოადგენს. მეორე მითითება მოცემულია ლიბერატუს კართაგენელის შრომაში ნესტორიანელთა და ევტიქიანელთა წინააღმდეგ დაიწერა დაახ. 560-566 წლებში). ამ ავტორის მიხედვით, წმინდა კირილე ალექსანდრიელის წიგნში „დიოდორესა და თეოდორეს წინააღმდეგ ეკუთვნის დაახლ. 438 წელს) დამოწმებული ყოფილა წმინდა დიონისე არეოპაგელის სიტყვები (იხ. Pg 68. 99)) არც ეს ცნობაა გაზიარებული სპეციალურ ლიტერატურაში.
მკვლევარი საბოლოოდ ასკვნის:
„ამგვარად, არანაირი გარეშე მოწმობა არ გვიბიძგებს იმ აზრისაკენ, რომ დიონისური კორპუსი უწინარესია 451 წელზე“ (იქვე, გვ.248). როგორც ხედავთ, მკვლევარი მინიშნებითაც კი არ მიუთითებს (უარყოფის მიზნით მაინც). რომ არსებობს კიდევ სხვა ცნობა (და პირდაპირი ციტირებაც), დამადასტურებელი არეოპაგიტული ცნობების უადრესობისა. რ.როკის გამოკვლევა შეჯამებაა მთელი ორსაუკუნოვანი კვლევა-ძიებისა (სხვათაშორის, განხილულია პეტრე იბერის ავტორობის საკითხიც). მასთან აღნიშნული ცნობა ასახული უნდა ყოფილიყო.
ამგვარად, არც რენე როკთან და, როგორც თქმული გვაქვს, არც სხვა ჩვენთვის მეტნაკლებად ცნობილ მეცნიერთან არ შეიმჩნევა გათვალისწინება იმ ცნობისა, რასაც წინამდებარე სტატია ეხება.
ყოველ შემთხვევაში, ერთი რამ სავსებით გარკვევით შეიძლება ითქვას: წმინდა ანასტასის ცნობა, რაც ქვემოთ უნდა წარმოვადგინოთ, სრულიად უცნობია ქართველი მკითხველისათვის, მაშინ როცა არეოპაგიტიკისადმი ინტერესი საქართველოში, ცნობილი მიზეზების გამო, მეტისმეტად დიდია შესაბამისად წინამდებარე სტატია დაწერილია ქართული საზოგადოების ორიენტირით.
რა ცნობასთან გვაქვს საქმე? : 'br> წმინდა ანასტასი თავის ზემოაღნიშნულ შრომაში ერთგან ეპაექრება მანიქეიზმის მიმდევარს, რომელიც (ეს მანიქეველი) ასაბუთებდა, რომ ანგელოზები, სულები და წყალნი შეუქმნელები ანუ „აუგებელნი“ (დაუბადებელნი) არიან და მოწმობად მას მოჰქონდა ერთი ადგილი წმინდა დიონისე არეოპაგელის შრომიდან "საღვთო სახელთა შესახებ". აი, ეს ადგილი: „ღმერთი უზენაესია ყველა შეუქმნელზე“.
თუ ღმერთი "ყველა შეუქმნელს" აღემატება, მაშინ, მანიქეველის დასკვნით, არსებობს რაღაც შეუქმნელი არსებები, რომლებსაც ღმერთი არ უთანაბრდება.
ეს იყო ერთი პრობლემური საკითხი. მეორე დილემა უკავშირდება წმინდა დიონისეს სწავლებას იმის შესახებ, რომ ანგელოზები მრავალარსებანი არიან, მაშინ როცა, ეკლესიური სწავლებით, ანგელოზებს ერთი არსება აქვთ და ურთიერთისაგან მხოლოდ ჰიპოსტასურად სხვაობენ.
აღნიშნული ორი საკითხის გასარკვევად ანუ იმის განსმარტავად თუ რა შინაარსს დებდა ზემორე ტერმინებში წმინდა დიონისე არეოპაგელი, წმინდა ანასტასი მოუხმობს ერთერთ სქოლიოს წმინდა დიონისე ალექსანდრიელისას, რაც მას, ანასტასის მითითებითვე, წმინდა დიონისე არეოპაგელის ტექსტზე დაურთავს „გარემოწერითად“ (ე.ი. არეოპაგიტული ტექსტი კიმენის სახით მოთავსებული ყოფილა ხელნაწერის გვერდის შუაში, ხოლო დიონისე ალექსანდრიელის კომენტარი აშიაზე ყოფილა მიწერილი კიმენური ტექსტის გარშემო, როგორც ეს ნიშანდობლივ საზოგადოდ, სქოლიოებიანი ხელნაწერებისათვის.)
აი, საკუთრივ წმ.ანასტასი სინელის უწყება:
„შეუქმნელ, ესე იგი არს, აუგებელ მხოლოი ღმრთეებაი არს და ეგერა ვჰპოვებთ წმიდისა დიონისის წიგნსა შინა, თავსა მას შინა „დიდისათვის და მცირისა“ აღწერილსა, ღმრთისა-ძლითსა მეტყუელებასა ესრეთ:
მოუკლებელი და აუგებელი, არა ვითარცა არასადა ყოფილი ანუ უსრული, ანუ ამის რაისმე და მისგან არაშექმნილი, არცა ვითარცა არარაობით არარად მყოფი, არამედ ვითარცა ზესთა ყოველთა შეუქმნელთაი“.
ხოლო თქუა რაი „ზეშთა ყოველთა შეუქმნელთაი", მრავალნი შეუქმნელნი გამოაჩინნა, ესე იგი არს, აუგებელნი. და აწ ვითარ შესაძლებელ არს ესე, რამეთუ არავინ არს შეუქმნელ, თვინიერ მხოლოი ღმერთი. ესე უკუე წამებაი შემოიღო მანიქეველმან ვინმე, მნებებელმან გამოჩინებად ანგელოსთაცა და სულთა და წყალთა აუგებლობისა, ესე იგი არს, შეუქმნელობისამან.
კუალად ერთისა არსებისა მეტყუელებასა ეკლესიისასა ყოველთავე წმიდათა ანგელოზთათვის იგივე საღმრთოი და სამოციქულოი დიონისიოს მრავალარსებად სახელსდებს ზენათა ძალთა. ვინაცა საღმრთოი დიონსიოს ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი თარგმანებათა შინა გარემოწერითთა, რომელნი შეუქმნა თანამოსახელესა თვისსა, ნეტარსა დიონისიოსს, ესრეთ იტყვის, ვითარმედ:
შეუქმნელად ჩვეულ არს წოდებასა გარეშე ფილოსოფოსობაი ყოვლისა უხილავისა ბუნებისასა, ეგრეთვე - არსებად თქუმასა გუამთასა და ამის ძლით გარეშეთაებრ თქუმულ არიანო წმინდისა დიონისისაგან ესევითარნი ხმანი (ტერმინები) "მოპოვნებითად", რომლისათვისცა არა ჯერ-არს განუნახველად, მოგონებისაებრ ჩუენისა თარგმანებაი წმიდათა სიტყუებისაი ვითარ-იგი დღესცა ჰყოფენ ვიეთნიმე (S-I463, 36).
ამგვარად, როგორ ვხედავთ, წმინდა დიონისე ალექსანდრიელის განმარტებით, არეოპაგიტული შრომები გაწერილია "გარეშეთაებრ" ანუ ანტიკური ტერმინოლოგიით. შესაბამისად მათი ავტორი „შეუქმნელით" აღნიშნავს არა „დაუბადებელს”, არამედ „უხილავს“, ხოლო „არსებით“ - "გუამს" (ანუ ჰიპოსტასს).
მითითება წმ. დიონისე ალექსანდრიელზე და მისი ციტატის მოხმობა უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგანაც კარგად არის ცნობილი, რომ „საღმრთოი დიონისიოს, ალექსანდრიელთა ეპისკოპოსი, რიტორთაგანი" მოღვაწეობდა II საუკუნის შუა წლებში (გარდაიცვალა 265 წელს).
საყურადღებოა რომ წმ. ანასტასის მიერ მოტანილი ციტატა გათვალისწნინებული არ ჩანს არც წმ. დიონისე ალექსანდრიელის მკვლევართა შრომებში. ამ მხრივ საგულისხმოა კ. ზრისტუს ჭეშმარიტად შესანიშნავი წიგნი „ელინური პატროლოგია“, რომლის ინფორმატიული ამომწურაობა ცნობილია. აღნიშნული “შრომის შესაბამის ადგილას თავმოყრილია ყველა არსებული ცნობა თუ ფრაგმენტი, რაც კი წმ. დიონისე ალექსანდრიელის სახელს უკავშირდება. მათ შორის ვერ ვპოულობთ უბრალო მითითებასაც კი ზემორე ტექსტზე, მაშინ როცა ავტორი უთუოდ ვალდებული იყო, თუკი არ იზიარებდა წმ. ანასტასის უწყების ნამდვილობას ანდა თუკი რაიმე სახის მექანიკურ ცთომილებად მიიჩნევდა მას, აღენიშნა კიდეც ეს (ასეთი ცთომილებები სპეციალურ ლიტერატურაში ცნობილია), წმ. დიონისე ალექსანდრიელის ზემოციტირებული კომენტარი არ ასახულა არც ვ. ბინერტის შრომაში „დიონისე და პეტრე ალექსანდრიელების ახალი ფრაგმენტები კოდვატოპ. 236-ში (იხ.κληρονομια5, 1973, გვ. 308-314).
რა შეიძლება ითქვას საკუთრივ ზემომოტანილი ციტატის შესახებ?
უპირველესი, რაც უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ თვით წმ. ანასტასი სინელი არ იდგა არანაირი საჭიროების წინაშე, განზრახ დაეძველებინა და პირველ-მეორე საუკუნეებში გადაეტანა არეოპაგიტული შრომები. პირიქით, შეიძლება ითქვას, რომ მისთვის, პოლემიკური მიზანდასახულობით, გაცილებით ხელსაყრელი იქნებოდა, თუკი არეოპაგიტული წიგნები გვიანდელი აღმოჩნდებოდა და არ დაუკავშირდებოდა ისეთ სამოციქულო ავტორიტეტს, როგორიც წმ. დიონისე არეოპაგელია. საქმე ის არის, რომ მოპაექრე, მანიქეველი თეოლოგი არეოპაგიტიკას იმოწმებდა სწორედ როგორც სამოციქულო ძეგლს და იმოწმებდა საკუთარი სწავლების განსამტკიცებლად. ასეთ დროს შეუდარებლად უფრო მომგებიანი იქნებოდა ანასტასისთვის, როგორც პოლემისტისათვის, არეოპაგიტულ თხზულებათა გვიანდელობისა და ნაყალბევობის ნარმოჩენა, რადგან ამით მთლიანად გაუქმდებოდა საპირისპირო მხარის საკმაოდ ძლიერი არგუმენტი, გარდა აღნიშნულისა, თვით ანასტასის შრომიდანვე სავსებით ცხადია, რომ ხსენებულ მოძღვარს კამათი უხდებოდა უაღრესად განსწავლულ და წყაროთმცოდნეობით ცოდნით აღჭურვილ პირებთან. სრულიად შეუძლებელია, რომ მას ასეთ დროს ფაქტობრივ-ქრონოლოგიური სიყალბე შემოეტანა, რადგან კვლავ აღვნიშნავთ, მიმდინარეობდა მეტად მძაფრი გააფთრებული პოლემიკა ყოველმხრივ მომზბადებულ პირებთან. (იხ. წინამძღვრის ტექსტი) და არათუ ასეთ აშკარად თვალშისაცემ სიყალბეს(ფსევდო შრომების ხუთი საუკუნით დაძველება, სამოციქულო დიონისესათვის ყალბი ავტორობის მიკუთვნება, ნმ. დიონისე ალექსანდრიელისადმი არარსებული სქოლიოს მიწერა, სქოლიოს ტექსტის შეთხზვა), არამედ ოდნავ უზუსტობასაც კი არც ანასტასის, არც მის მომხრეებს არავინ აპატიებდა.
ა?მგვარად, ანასტასი ეპაექრებოდა ისეთ პირებს, რომლებიც თვითონ იჩემებდნენ არეოპაგიტული შრომების უადრესობას. შესაბამისად არანაირი აუცილებლობა ამ შრომათა განზრახ დაძველებისა მის წინაშე არ იდგა. ასევე არ ჩანს აბსსოლუტურად არავითარი მიზეზი ყალბისმქმნელობისა კონკრეტულად წმ. დიონისე ალეექსანდრიელთან დაკავშირებით.
აღნიშვნის ღირსია, რომ წმ. დიონისე ალექსანდრიელი, როგორც ცნობილია, იყო უაღრესად ზედმიწევნით განსწავლული ანტიკურ ფილოსოფიაში (გავლილი ჰქონდა ორიგენეს ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლა) და იგი სრულყოფილად ფლობდა ტერმინოლოგიურ მეცნიერებას. შესაბამისად, ზემოწარმოდგენილი ტერმინოლოგიური განმარტებანი სავსებით შესაფერისია მისი ღირსების საეკლესიო ავტორისათვის.
გასაგებია, რომ ზემორე კომენტარი წმ. დიონისე ალექსანდრიელისა უკავშირდება მრავალ პრობლემას. ერთი უმთავრესთაგანია პროკლე დიადოხოსისა და არეოპაგიტული შრომების ქრონოლოგიური ურთიერთმიმართება. მრავალი მკვლევარისათვის პროკლეს გავლენა არეოპაგიტიკაზე დასაბუთებული არგუმენტია, მაგრამ ამ მონაცემის აბსოლუტიზება არ შეიძლება. საგულისხმოა აღინიშნოს, რომ სწორედ ჰ.კოხისა და ი:შტიგლმაირის შრომების გამოქვეყნების შემდეგ (სადაც მოცემულია ცდა არეოპაგიტულ ძეგლებზე პროკლეს გავლენის დასაბუთებისა) გამოიცა თვალსაჩინო ბერძენი მკვლევარის ათენაგორას სამი შრომა, სადაც არეოპაგიტიკა კვლავ პროკლეს წინარე ეპოქისადმი (კერძოდ, დიონისე ალექსანდრიელისადმი) არის მიკუთვნებული. ასე V საუკუნემდელ დროს ვარაუდობს კ. პერა, რომელიც არ თვლის, რომ არეოპაგიტიკაში შესამჩნევია პროკლეს ცხადი გავლენა (მკვლევარი უფრო ორი ავტორის მიერ ერთი წყაროთი სარგებლობას ვარაუდობს (იხ. რ. როკის დასახ. ნაშრ, გვ. 253). ადრეულ საუკუნეებს ვარაუდობენ აგრეთვე 40-60-იანი წლების სხვა მკვლევარებიც.
შეიძლებოდა გაგვეხსენებინა, რომ წმ. მაქსიმე აღმსარებლის აღნიშვნით, არათუ არეოპაგიტიკას უსარგებლია პროკლე შრომები,არამედ პირიქით, პროკლე დაყრდნობია არეოპაგიტულ სწავლებას. ამგვარი რამ IV-V საუკუნის ნეოპლატონიზმში, როგორც ცნობილია მოულოდნელი არ არის (მაგალითად, ჰიეროკლე ალექსანდრიელის შრომები თვალნათლივ ცხადყოფს, რომ ამ დროის ნეოპლატონიკოსები კარგად იცნობენ და ითავისებენ საეკლესიო მოძღვრებას). წარმართი ავტორების მიერ საეკლესიო შრომების ცოდნას ამჟღავნებს მათი პოლემიკაც ქრისტიანობასთან, თანაც საგულისხმოა, რომ ზოგ შემთხვევაში სახეზეა ელინი ფილოსოფოსების მიერ არა მხოლოდ მათი თანამედროვე ეპოქის საეკლესიო თხზულებების ცოდნა, არამედ საკმაოდ ადრეულისაც. მაგალითად, II ს-ის II ნახევრის წარმართ ფილოსოფოსს კელსუსს შესწავლილი ჰქონდა დაახლ. 140 წელს დაწერილი აპოლოგია არისტონ პელაელისა სათაურით "სიტყვისგება იასონსა და პაპისკონს შორის ქრისტეს შესახებ“. აღნიშნული ქრისტიანული ძეგლის წინააღმდეგ კელსუსს საგანგებო შრომაც დაუწერია სათაურით „ჭეშმარიტი მსჯელობა“ (იხ. ორიგენე, კელსუსის წინააღმდეგ, 4.52; იხ. კ. ხრისტუს დასახ. პატროლოგია, ტ. II. გვ. 539-540). უნდა გავიხსენოთ, აგრეთვე, ნეოპლატონიკოს პორფირის 15 წიგნი "ქრისტიანთა წინააღმდეგ", რაც შეუძლებელია დაწერილიყო ქრისტიანული ლიტერატურის ღრმა ცოდნის გარეშე (საყურადღებოა, რომ ამ შრომის წინააღმდეგ,რაც დაახლოებით 270 წელს დაიწერა, თითქმის დაუყოვნებლივ გამოქვეყნდა წმ. მეთოდი ოლიმპელის "წიგნები პორფირის წინაალმდეგ“, რასაც დიდად აფასებდა ნეტარი იერონიმე. მიუხედავად იმისა, რომ დაკარგულია როგორც პორფირის, ასევე მეთოდის ნაშრომები, თავად ფაქტი თვალნათლივ ადასტურებს უაღრესად მძაფრი პოლემიკის არსებობას არა მხოლოდ ქრისტიანობის მხრიდან წარმართობისადმი, არამედ პირიქითაც, რაც როგორც აღვნიშნეთ, სათანადო წყაროთმცოდნეობითი და ლიტერატურული ცოდნის გარეშე ვერანაირად ვერ წარიმართებოდა).
წმ. ანასტასი სინელის უწყება მრავალ სხვა საკითხსაც წამოჭრის. პრობლემის ყოველმხრივი შესწავლა მომავლის საქმეა. ამჯერად მხოლოდ წინასწარი ინფორმაციული შენიშვნებით შემოვიფარგლეთ.