მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მრავალსა წელსა იღუწიდი რაი ქრისტესთვის აჭარასა, აღიღე ღუაწლი ქადაგებისაი, რაითა სამსა მას საუკუნეთა შინა მყოფნი უღელსა შინა თურქთა დამპყრობთასა და მათ მიერ მძლავრებითა მიქცეულნი ცრუ-სარწმუნოებასა ზედა, კულად უკუნ იქცენ წინაპართა სარწმუნოებასა ზედა, წმიდაო დიაკონო, მამაო სევერიანე, აჭარელო აღმსარებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მრავალსა წელსა იღუწიდი რაი ქრისტესთვის აჭარასა, აღიღე ღუაწლი ქადაგებისაი, რაითა სამსა მას საუკუნეთა შინა მყოფნი უღელსა შინა თურქთა დამპყრობთასა და მათ მიერ მძლავრებითა მიქცეულნი ცრუ-სარწმუნოებასა ზედა, კულად უკუნ იქცენ წინაპართა სარწმუნოებასა ზედა, წმიდაო დიაკონო, მამაო სევერიანე, აჭარელო აღმსარებელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 7
ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მკვიდრ იყავ რაი აჭარისაი, და აღმსარებელი მაჰმედისაი, სულმან წმიდამან გცხო გონიერებაი, გარდაცვალა გული შენი და დაგამტკიცა სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხატ იყავ რაი სიმშვიდისაი და სახე მოღვაწებისაი, სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, მარადის აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შური გაქუნდა შენ, ღირსო მამაო, მართლისა ამის სარწმუნოებისა და განვრცობისათვის სიყუარულისა, და გვიჩვენე გზაი კეთილად მსახურებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა მოგიღებიეს ღმრთისაგან კადნიერებაი მეოხებისა და შეწევნისაი, აწ გევედრები შენ, წმიდაო სევერიანე დიაკონო, რაითა იხსნე სული ჩემი საწყალობელი მონებისაგან ცოდვისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიყრმითგანვე იყავ რაი მდაბალ და განმზადებულ ყოვლისავეთვის საქმისა კეთილისა, აღიზარდე შენ, ღირსო, აჭარას, თაყუანისცემასა შინა მაჰმადისა, გარნა არა სთნდა უსჯულოებასა შინა წარწყმედაი შენი ღმერთსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყუდროი და მშვიდ იყავ შენ, ღირსო, და აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე იყავ რაი უცხოთა და გლახაკთა, შეეუღლე პატიოსანსა დედაკაცსა და სათნოებითა უფროის ერთ-სულ იყვენით, ვიდრეღა ერთ-ხორც ქორწინებითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიღო რაი დიდი წყალობაი შენ ზედა ღმერთმან, შვილ-მრავალგყვნა, და მწე და თანამზრახვალ გექმნებოდა რაი მეუღლე შენი, აღზარდეთ იგინი ყოვლითა სათნოებითა და პატიოსნებითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოცემულ გაქუნდა რაი ღმრთისა მიერ აღმატებული ნიჭი ერთგულებისაი, სადაცა მსახურებდი სიჭაბუკითგან, ყოველგან დაიგდე სახელი პატიოსანისა და ფრიად დაუღალავისა მუშაკისა, რაისთვისცა ფრიად განითქვი აჭარასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა
ძირთა მათ უნაყოფოთაგან, ნერგთა მათგან ეკლოვანთა, ვითარცა ვარდი შუენიერი ფერითა მეწამულითა, აღმოსცენდი, ყოვლად ნეტარო სევერიანე, და სულნელ-ყავ ეკლესიაი ქართველთაი, რომელსა შინა იქება მადლი შენი და ოხითა შენითა ღმრთისაგან, ყოველთა მოგუენიჭების წყალობაი.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან, წარმოგზავნა მთავარანგელოზნი მოქცევად შენდა, და ვითარცა კაცნი, წარგიძღუენ რაი ეკლესიად, მეყსეულად აღივსე სიბრძნითა საღმრთოითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთივსაკვირველითა განგებულებითა ისმინე რაი წოდებაი მაღლისაი, მეყსეულად უარყავ ცრუ-სჯული იგი მაჰმედისაი, და ნათლისღებაი ითხოვე ხმითა მაღლითა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღასრულა რაი ღმრთისმსახურებაი ტაძრისა წინამძღუარმან, განემზადა ნათლისღებად შენდა, და მოიკითხე რაი მიმყვანებელნი შენნი ჭაბუკნი, ჰოი, საკვირველი, რამეთუ არცაღა-ვის ენახა, და იცან იგინი ხატსა მას მთავარანგელოზისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ნათელ-იღე რაი ხელითა მღდლისაითა, თაყვანს-სცემდი ხატთა უფლისათა და ყოველთა წმიდათა მისთასა, და მადლობდი რაი მთავარანგელოზთა მოყუნებისათვის ეკლესიად, ადიდებდი უფალსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.
ისწავებდი რაი წიგნთა და მოძღუართაგან ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა, ღმრთივგანბრძნობილო, სიხარულითა ადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას უღმრთოთა მძლავრებისასა, შეიყუარე რაი სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ქადაგებული მოციქულთაგან, ისწავებდი წიგნთა და მოძღუართაგან ღირსად სარწმუნოებისა წესსა და სჯულსა, და სიხარულითა ადიდებდი მამასა და ძესა და სულსა წმიდასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხედვიდი რაი მკვიდრთა მათ აჭარისასა, დანთქმულთა წყუდიადსა შინა ცრუ-სარწმუნოებისასა, არცაღა დადუმდებოდი ქადაგებად მათდა და ასწავებდი დამარხვად მცნებათა ღმრთისათა, გარნა გკიცხვიდენ და მრავალგზის შეგამთხვევდენ ქრისტესთვის შეურაცხებასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოცემულ გაქუნდა რაი სიტყუაი სიბრძნისაი და მეცნიერებისაი სულისაგან წმიდისა, ვერ დამთმენელი უსჯულოებისაი, და ფრიად მოყუარე მოყუასისაი, უღმრთოებისათვის ამხილებდი მრავალთა, და განაკრძალებდი სასჯელისათვის უფლისა. მას ევედრე აწ, გვიხსნას ჩუენ ცოდვათაგან ბოროტთა და განგვარინოს უმეცრებისაგან.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გამობრწყინდი რაი ჟამსა მას ღმრთისმბრძოლთა ზეობისასა, დაუცხრომელად ქადაგებდი მართლმადიდებლობისა ყოვლად-უბიწოსა სარწმუნოებასა, და მოაქციე რაი ურიცხვი სული, დიდი ჭირი და იწროებაი მოგაწიეს, ვითარცა ურწმუნოთა, ეგრეთცა მუსულმანთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იხსენ განხრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიხსენ მე, ქრისტე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეუდეგ რაი გზასა მას იწროსა და საჭირველსა, მოიწინეს შენ ზედა ურიცხვნი განსაცდელნი, რომელნი-იგი არავინ იცნის თვინიერ მისა, გარნა მანქანათა მათ უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა არა დააკლდებოდი რაი ეკლესიასა შინა წირვა-ლოცვასა და ქადაგებასა, მახლობელთაცა შენთა დაამტკიცებდი ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა ზედა და მათცა განამზადებდი დევნულებათა და განსაცდელთა მიმართ.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეს ეკლესიისათვიის მძვინვარედ ბორგდა, ჯერეთცა ერისკაცი ყოველთა უქადაგებდი ქრისტეს მაცხოვნებელთა სწავლათა და დაადუმებდი ენათა მგმობართა მისთასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ლოცვითა და ვედრებითა შენითა ღმრთისა მიმართ, განცრუვდა ღმრთისმბრძოლთა სილაღე, რომელნი იგი პირველ სიცოფითა იქადოდენ შენ ზედა, რამეთუ ქრისტემან, კლდემან სიმტკიცისამან დაგიფარა საკვირველად.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.
კონდაკი
გესმა რაი წოდებაი ღმრთისაი, დაუტევე ცრუ სჯული იგი მაჰმედისაი, და დაუცხრომელითა ღვაწლითა და ქადაგებითა აღაგზებდი რაი ცეცხლსა სარწმუნოებისასა შორის ურწმუნოთა და მაჰმადიანთასა, წმიდაო, ვითარცა აღმსარებელი, სულგრძელებითა იტვირთავდი შეურაცხებასა, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად ჩუენ ყოველთათვის ხსნად გარე მოდგომილთა განსაცდელთაგან, რომელნი გიხმობთ შენ: გიხაროდენ, სევერიანე დიაკონო, აჭარელო აღმსარებელო!
იკოსი
სიმხნით აღიღე რაი ფარი სარწმუნოებისაი, მარხვითა და ლოცვითა შეჭურვილი ქრისტეს სახარებასა ქადაგებდი და მოიღე მისგან გვირგვინი აღმსარებლობისაი, აწ გვითხოვე მისგან ცოდვათა და უსჯულოებათა ჩუენთა შენდობაი, წმიდაო დიაკონო, მამაო სევერიანე აჭარელო, რაითა ღირს-ვიქმნნეთ დიდებასა მისსა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა
მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
ჰრქუა უფალმა მოწაფეთა მისთა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ. ნეტარ ხართ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ ხართ, რაჟამს მოგიძულენ თქვენ კაცთა და ოდეს გამოგასხენ თქუენ და გაყუედრებდნენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთა ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი, მრავალ არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მამისა ჩუენისა სევერიანე დიაკონისა აჭარელისა აღმსარებელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ვითარცა საწუთოსა ამას ურიცხუნი სცხოვნდებოდეს საქმეთა მიერ შენთა, შეერთე რაი სიმრავლესა მას წმიდათასა, აწ კადნიერებაი გაქუს წინაშე ღმრთისა, გვითხოვე მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ურიცხუთა მტერთა ზედა და მართლაღსარებითა დამტკიცებულისა ეკლესიისა ჩუენისა დაცვაი ქრისტეს ღმრთისაგან, და სულთა ჩუენთათვის დიდი წყალობაი.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოაქცივნე რაი აჭარელნი ჯუარითა ცხოველითა, განსწავლიდი მათ წყობასა მტერთა მიმართ უხილავთა და ხილულთა, და განაკრძალებდი ლოცვასა. აწ ჩუენცა მოქენე ვართ შეწევნისა შენისა, რაითა წინ აღუდგეთ ეშმაკისა სიცბილსა და კაცთა ბოროტებასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იღუწიდი რაი ერისა შენისათვის სულიერად წინაშე ღმრთისა, ხსნად განსაცდელთაგან და განრინებად ყოვლისაგან ვნებისა, აწ განხსნაი ცოდვათაგან გვითხოვე ჩუენ და დაგვიფარენ მერმეთა სატანჯველთაგან.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოჩნდი რაი ვარსკულავად მნათობად, განმანათლებლად აჭარისა, ღუაწლი შენი უფროის მზის ნათელსა გაბრწყინდა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა შენისაითა ეკლესიაი ქართველთაი განაბრწყინე შუენიერად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფრიად უყუარდი რაი პატრიარქსა და მღდელთმთავართა სამღდელოთა და ერთა თანა, აქებდენ ღმრთივსათნოთა მათ საქმეთა შენთა, და ადიდებდენ ღმერთსა, ღვაწლისდამდებელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მწუხარე იყავ რაი სიმცირისათვის ტაძართა, მტკიცედ ნაგები შენებულებაი პოვე დაბასა ჩაქვსა, და დააარსე მუნ ეკლესიაი, ყოვლად ნეტარო, განგებულებითა საღმრთოითა იკურთხა რაი სახელსა ზედა მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელისასა, და მუნვე დიაკონად გაკურთხეს დღესა მას.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ოდეს მოგიწოდა მღდელთმთავარმან მსახურებად ღმრთისა, უშიშად აღიძარ შერთვად ქუეყნიერსა მას მხედრობასა ქრისტეს ღმრთისასა, და აღივსე სიხარულითა საღმრთოითა, რამეთუ იქმენ უპირველესი ეგე მღდელმსახური შორის აჭარელთასა, და პირველთა მათ მამათა მიბაძვითა, სხუათაცა გადასცემდი სწავლასა სჯულისასა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იქმენ რაი ღმრთისმსახურ, ჰოი, მამაო საკვირველო, უფროის აღივსე სიყუარულითა კაცთაისა, და ყოველთა ლმობიერად შეიტკბობდი და განამტკიცებდი ქრისტეს სარწმუნოებასა შინა, აწ წარმართენ სლვანი ჩუენნი წრფელსა მას გზასა სათნოებათასა და აღგუძარ მადლობად შენდა და გალობად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასნეულდი რაი, მადლითა განღმრთობილო, ილოცვიდი მხურვალედ, და აკურთხევდი რაი სამწყსოსა შენსა და მახლობელთა, ევედრებოდი ღმერთსა ერისათვის შენისა და მამულისა, და სასოებითა შეჰვედრე რაი სული შენი უფალსა, სასყიდელი შრომათა შენთაი ჰპოვე ზეცათა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ რაი სრბაი შენი, ღირსო, არა ხოლო თუ აჭარას განხდა ხმაი ხორცთაგან განსლვისა შენისაი, არამედ ყოველსა მხარეთა საქართველოისასა, და მრავალი ერი და სამღდელოი მოისწრაფდა, წმიდაო, პატივისა მოგებად შენდა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პატრიარქისა კურთხევითა ეგულებოდათ რაი დაფლვაი შენი მთავარანგელოზთა ტაძარსა, ვერცაღა აღასრულეს განზრახუაი ეგე, მიზეზითა მით წყაროის წყლის წახდენისაითა, რამეთუ უხსოვარ დროთაგან დიოდა, გარნა არცხვინა უფალმან კაცთა მათ, და წყაროი იგი, მსწრაფლ დაშრტა.
წმიდაო აღმსარებელო მამაო სევერიანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აქაცა სანატრელი მას საუკუნესა უფროის გაბრწყინდი, გვირგვინი აღმსარებლობისაი მოიღე რაი ჯილდოდ უკუდავისაგან მეუფისა, აწ იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ესმათ რაი რაი მღდელთმთავართა მრავალნი სასწაულნი, აღსრულებულნი შემდგომად სიკუდილისა შენისა, წმიდაი ნეშტი შენი და მეუღლისა შენისაი გარდასუენეს ფერიის დედათა სავანესა, და სამახოი შენი იქმნა, ვითარცა წყაროი მადლისაი.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღდელმან აკმიოს:
მკითხველმან: ქრისტემან მოგცა შენ მადლი სასწაულთაცა საქმედ და საუკუნოდ პატივცემული წმიდათა თანა და მოღუაწეთა, შეგრაცხა ეკლესიამან ჩუენმან, ვითარცა აღმსაარებელი მამაი და ხსენებაი და ქებაი შენი განგვიწესა სამწყსოსა თვისსა, რაითა გნატრიდეთ შენ, ვითაცა მოშურნესა მხურვალესა და ვნებათა დამთრგუნველსა, გლახაკთა წინა-მდგომელსა, და ცოდვილთა სულთა მძღუანსა.
აწ იხარებს ზესთასოფელი აღმცენებისა შენისათვის, ღმერთშემოსილო, და განსცხრების სავანე დედათაი ფერიისაი, რამეთუ მუნითგან ელვარობ ქუეყანასა ზედა ჩუენსა, და მრავალი ერი ქრისტეანე მოისწრაფის თაყუანისცემად და პატივისა მიგებად წმიდასა სამარხოსა შენსა, რაითა კურნებაი სულთა და ხორცთა ჩუენთა მოვიღოთ მოსავთა შენთა და მაქებელთა.
დღესასწაულობს აწ ქუეყანაი ქართველთაი, რამეთუ წყალობითა მოგვხედნა ქრისტემან ღმერთმან და კუალად მოგუმადლა ჩუენ აღმსარებელი მამაი ჩუენი, სევერიანე დიაკონი შემწედ ჭირთა შინა, ნუგეშად მწუხარებათა, მკურნალად სნეულებათა და გამომხსნელად ვნებათაგან.
ვითარცა გაქუს კადნიერებაი მამობრივი, ჰოი, ღუაწლითშემოსილო მამაო ჩუენო სევერიანე, შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა ღმრთისმშობელსა, რაითა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, წმიდათა არსითა და ალილუიათი უგალობდეთ სამებასა განუყოფელსა და შეურყვნელსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღირსო მამაო ჩუენო სევერიანე დიაკონო, აღმსარებელო აჭარელო! მღდელთა გვირგვინო და ანგელოზთა მოდასეო, ყოველთა ქართველთა ზესთამბრძოლო და აჭარელთა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ღმრთისა მიმართ მეოხო და ყოველთა უპოვართა, განწირულთა და სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთა შესავედრებელო, ზღუდეო და საფარველო!
ჰოი, თანამოდასეო აღმსარებელთა და ანგელოზთაო, ღირსო მამაო ჩუენო სევერიანე დიაკონო! რომელმან ზეობასა მას უღმრთოთასა ისმინე წოდებაი ღმრთისაი და უარყავ რაი ცრუ-სჯული მაჰმედისაი, შეიყუარე სარწმუნოებაი ჭეშმარიტი, ქადაგებული მოციქულთაგან. და აღეტყინე რაი ზეცისა სურვილითა, დაუცხრომელად მუშაკობდი სადიდებლად ღმრთისა, აწ შენმიერითა მეოხებითა და შეწევნითა მოგვანიჭე სიბრძნე, სიმხნე და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა, რამეთუ ურიცხვნი მტერნი ჭეშმარიტებისანი ზაკულითა განზრახვითა შეთქუმულ არიან მართლმორწმუნეთა ზედა და ძალითა და ნიშნებითა სიცრუვისაითა იღუწიან, რაითა ერიცა საუფლოი განხრწნეს და გამოაჩინეს ერად ბნელისა, ხოლო ჩუენ ძილის დახსნილებასა მივცემივართ და ვერცაღა ძალ-გვიძს წინა-აღდგომად მათთა, არამედ გუაქუს მეოხებაი შენი ქრისტეს მიმართ, რაითა მოგვცეს ჩუენ მეფე მირონცხებული მმართებელად და წინამძღურად, ვითარცა დავით ისრაელთა, რაითა კეთილად განაგებდეს და იურვოდეს ღმრთისმშობლისა წილხვედრსა ერსა ჩუენსა, მტვირთველსა საუფლოისა ჯუარისასა ქუეყანასა ზედა, და აღადგენდეს მამულისა ჩუენისა ერთობასა და აღამაღლებდეს ღირსებასა და ძლიერებასა ქუეყანისა და ნათესავისა ჩუენისასა, რაითა არა ჰსთქუან ურიცხუთა მტერთა ჩუენთა, სადა არს ღმერთი მათი, რომლისა მიმართ აქუთ სასოებაი. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენნი ქრისტეანენი.
ჰოი, წმიდაო მამაო ჩუენო, სევერიანე დიაკონო! ვითარ იგი პირველ იღუაწე ერისა შენისათვის მოციქულებრივითა შრომითა შენითა, აწცა მამობრივითა მოწყალებითა, გვითხოე ქრისტეს მიერ ცოდვათა ჩვენთა ურიცხვთა მოტევებაი, მართლმადიდებლობით განათლებაი, კეთილთა საქმეთა მიერ განსუენებაი, სასუფეველსა ცათასა განბრწყინვებაი, ანგელოზთა თანა გალობაი, წმიდათა თანა სუფევაი, და შენ თანა დიდებაი და მადლობაი, რამეთუ მისა ჰშუენის ყოველი დიდებაი, პატივი და თაყუანისცემაი, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, ქრისტეს მსახურო, სევერიანე აჭარელო, და საღმრთოითა ძალითა მოგუმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, რომელნი ესე შევრდომითა წმიდასა ხატსა შენსა თაყუანსა ვჰსცემთ და მხურვალედ გევედრებით: ნუ მიგვაქცევ აწ სირცხვილეულთა, არამედ მეოხ გვეყავ წინაშე ღმრთისა, რაითა გვიხსნეს ჩუენ ყოველთა ჭირთა, ურვათა და საცთურთაგან.
დედოფალო მარიამ, მოგვხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსნისა ხატისა წმიდისა სევერიანე აჭარელისათა, ხოლო მადლი მისი და წყალობა შენი თანა-მეყავნ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა.
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა