მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მოციქულო წმიდაო მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მოციქულო წმიდაო მატათა, ევედრე მოწყალესა ღმერთსა, რაითა ცოდვათა შენდობაი მოგვანიჭოს და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: უგალობდით უფალსა, რომელმან განიყუანა ერი თვისი ზღუასა მას მეწამულსა, მას მხოლოსა უგალობთ, რომელიცა დიდებულ არს.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შენ, ღირსად შერაცხილსა მეათორმეტად მოციქულად ღირსად პატივს–გცემთ, ჰოი, მატათა, და გევედრებით ჭირთა და განსაცდელთა შინა შეწევნასა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
რიცხვი მოციქულთაი აღავსე, განვარდა რაი იუდა, და სიტყვითა შენითა საღმრთოითა, ჰოი, მატათა სანატრელო, განდევნე ბნელი კერპთაი და განანათლენ დაბნელებულნი უღმრთოებითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
განეფინა რაი მადლი ბაგეთა შენთა, წმიდაო, იქმენ მწყემს ქრისტეს ეკლესიისა, და მასწავლელ სიტყვიერთა ცხოვართა, რწმუნებად სამებისა – ერთარსებითა და ერთღმრთეებითა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენგან შობილისათვის იღუაწა მატათა მოციქულმან, ქრისტეს დედაო, და ვითარცა ერთგულმან მეგობარმან მისმან, ყოველთა აუწყა ჭეშმარიტებაი აღდგომისა მისისაი.
გალობაი 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ ხარ დამამტკიცებელი მვედრებელთა შენთაი, ქრისტე, შენ ხარ ნათელი დაბნელებულთაი და გადიდებს სული ჩემი.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შობილი ბეთლემს იუდას ტომისგან განისწავლე ღმრთისმიმრქმელისა მიერ სვიმეონისა, და აღასრულებდი მცნებათა ღმრთისათა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იწყო რაი ქადაგებაი ქრისტემან, წმიდაო, ისმენდი საღმრთოსა სწავლებასა მისსა, და სცან იგი მხსნელად სოფლისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განგსწავლიდათ რაი იესო, რაითა შეინანოთ და გრწმენათ სახარებაი, დაუტევე საწუთოისა საქმენი, და შეუდეგ კუალსა მისსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უბიწოო სძალო, ღმრთისმშობელო, რომელმან ჰშევ ღმერთი ხორციელ–ქმნული, მტერთაგან უხილავთა იხსნენ სულნნი ჩუენნი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 8
საღმრთოთა სიტყუათა შენთა ელვარებითა დასწვი საცთური სიბოროტისაი და მორწმუნენი განანათლენ მგალობლად ხორციელად მოსლვისა ყოველთა მფლობელისასა, ნეტარო, და ვნებათა მისთა ცხოველსმყოფელთა ებაძვე, ვინაიცა შემოკრებულნი ესე წმიდასა ხსენებასა შენსა სიხარულით აღვასრულებთ და ერთობით გიღაღადებთ: მატათა ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სიყუარულითა პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ცად ღმრთისმეტყუელად გამოსჩნდი და განსთქუ დიდებაი ღმრთისაი და სასწაულთა ბრწყინვალებითა, და ძალთა ნიშებითა უმეცრებისა ბნელი განსდევნე და ღმრთისმეცნიერებისა ნათელი მიჰფინე ერსა ჩუენსა, ამისთვისცა წმიდასა ხსენებასა შენსა ვადიდებთ და ვღაღადებთ: მატათა ყოვლად ქებულო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდვათა მოტევებისა მონიჭებად, სიყუარულითა პატივისმცემელთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემიწყალე, ქრისტე, შემიწყალე, რაჟამს განმიკითხვიდე და ნუ დამსჯი ცეცხლსა შინა, ნუცა გულისწყრომითა მამხილებ ოხითა დედისა შენისაითა, მოციქულთა და მოწამეთა და წინაისწარმეტყუელთა და ყოველთა წმიდათა ლოცვითა.
გალობაი 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთა, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
წინაითვე უწყოდა რაი ღმრთივბრწყინვალე სიწმიდეი გონებისა შენისაი ქრისტემან, გამოგირჩია სამეოცდაათთა შორის მოციქულთა და მოგანიჭა ხელმწიფებაი ყოველსა ზედა ძალსა მტერისასა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შემდგომად ვნებისა და აღდგომისა, ორმეოცთა დღეთა გეჩუენებოდათ იესო მოციქულთა და გეტყოდათ არა განშორებად იერუსალეიმსა, რაითა მოიღოთ მამისა მიერ აღთქუმული სული წმიდაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმაღლდა რაი ქრისტე ზეცად, ეტყოდა პეტრე მოწაფეთა მისთა, რაითა აღირჩიონ მოციქული იუდას წილ შორის იოსებისა და მათატაისა, და იწყეს ლოცვაი და ვედრებაი ღმრთისა მიმართ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულებისა ყუავილო, გამომღებელო ცხორებისა ტევანისაო, განანთლენ ცნობანი ჩუენნი, ჰოი, ღმრთისა დედაო, ყოვლადწმიდაო.
გალობაი 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რაისათვის გამიშორებ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ლოცვის ყოფასა მას მოციქულთასა განათლდა ადგილი იგი და აღმოგიხდა რაი წილი, ღირსო მატათა, იუდას ნაცვლად შეირაცხე შენ მეათორმეტე მოციქულად, და სწორად უხორცოთა სიწმიდითა გამოჰბრწყინდი ხორცითა და გონებითა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შენ ზედაცა დაადგრა რაი ცეცხლისა სახედ სული წმიდაი, ყოველთა იწყეთ სიტყუად უცხოთა ენათა, რაითა იქადაგოთ კიდეთა სოფლისათა, და დღესა მას დააფუძნა რაი ეკლესიაი თვისი ქრისტემან, შენცა აღგბეჭდა მოწამედ შეურყეველად ჭეშმარიტებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
საღმრთოითა განგებულებითა წილად გხვდა რაი ქადაგებაი იუდეას, იქმენ ლამპარ განმანათლებელ ერთა დაბნელებულთა ისრაელისათა, რამეთუ ღმრთისმეტყველთა სწავლათა შენთა მიერ აღავსე იგინი სირცხვილითა და წარუძეღ მეცნიერებად ჭეშმარიტებისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სამოსელი ტყავისაი შეემოსა პირველსა ადამს, ურჩებითა მით, და სიკუდილი ეუფლა, ხოლო რაჟამს იშვა შენგან, ქალწულო, მეორე ადამ, შეიმოსა პირველივე დიდებაი, ამისთვის ღმრთისმშობელო, ყოველნი გადიდებთ.
გალობაი 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: მომიტევენ, სახიერ, აღურაცხელნი ცოდვანი ჩემნი, რომელთათვის გიხმობ შენ, მიხსენ მე ბოროტთაგან, შენდა მომართ ვღაღადებ: ისმინე ჩემი, ღმერთო, მაცხოვარო ჩემო.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
საღმრთოითა მოშურნეობითა მოვლიდი რაი მაკედონიას, სიტყუასა მას ღმრთისასა ახარებდი ბერძენთა, და უკეთურთა გასვეს რაი სამსალაი, უვნებელად დაშთი მადლითა უფლისაითა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხედვიდი რაი ბრმათა, სამსალითა მით ვნებულთა, განკურნე ყოველნი უფლის სახელითა, და შთაგაგდეს რაი დილეგსა, სანატრელო, კარი მისი განგიღო ქრისტემან და განგათავისუფლა საკვირველად.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წამოემართა რაი ანდრია იბერიას პეტრეს თანა და გაიოზისა, შენცა მოგიწოდა თანამოღუაწედ თვისა, და ანტიოქიასა და კაბადოკიასა იღუწიდით და სასწაულთა იქმოდით ქრისტეს სახელითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდათა უწმიდესად და ქერობინთა უზესთაესად გამოსჩნდი, ღმრთისმშობელო, სანთლად დაშრეტელად და ტაბლად ცხორებისად, რომელმან უშევ სოფელსა პური ცხორებისაი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლად ქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განკურნენ და სულისა ჩვენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 2
სახედ ნათლისა, ვითარცა მზეი ყოველსა ქუეყანასა, განხდა ხმაი შენი, და განანათლებს წარმართთა ეკლესიასა მადლითა, ღმერთშემოსილო მატათა მოციქულო.
სხუაი კონდაკი
ეკლესიაი ჩუენი სამართლად გადიდებს შენ, წმიდაო მოციქულო მატათა, ვითარცა ქუეყანისა ჩუენისა განმანათლებელსა მოციქულსა, და გვიწესს მარადის ქებად შენდა და მადლობად ღმრთისა.
იბაკოი, ხმა 8
იუდეა, მაკედონია და კოლხეთი დიდად მოქადულ არს შენდამი, რამეთუ მის შორის ქადაგე ქრისტე ღმერთი, და უმეტესად იხარებს ბეთლემი მის შორის შობისათვის შენისა, რამეთუ ღირსად და ჭეშმარიტად გამოგირჩიეს მოციქულად ნაცულად იუდაისა, და აწ ვითარცა მსაჯულსა მართალსა, გეგულვების სხუათა მათ მოციქულთა თანა განსჯად ათორმეტთა მათ ტომთა ისრაელისათა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
მგალობელთა: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
დიაკონმან: ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო.
მგალობელთა: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
დიაკონმან: ყოველსა ქუეყანასა განჴდა ჴმაჲ მათი.
მგალობელთა: და კიდეთა სოფლისათა სიტყუანი მათნი.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მას ჟამსა შინა მოუწოდა იესუ ათორმეტთა მათ მოწაფეთა თვისთა და მისცა მათ ძალი და ხელმწიფებაი ყოველთა ზედა ეშმაკთა და სენთა განკურნებაი. და წარავლინნა იგინი ქადაგებად სასუფეველსა ღმრთისასა და განკურნებად უძლურთა. და ჰრქუა მათ: ნურარაი გაქუნ გზასა ზედა, ნუცა კუერთხი, ნუცა ვაშკარანი, ნუცა პური, ნუცა ვეცხლი, ნუცა ორი სამოსელი გაქუნ. და რომელსა სახლსა შეხვიდეთ, მუნ დაადგერით და მიერ გამოვედით. და რაოდენთა არა შეგიწყნარნენ თქუენ, გამო–რაი–ხვიდოდით მიერ ქალაქით, მტუერი ფერხთა თქუენთაგან განიყარეთ საწამებელად მათა. და გამო–რაი–ვიდეს, მიმოვიდოდეს დაბნებსა მას და ახარებდეს და განჰკურნებდეს სნეულთა ყოველთა ადგილთა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მატათა მოციქულისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: ღმერთი განკაცებული გვეუწყა რაი შენ მიერ, წმიდაო მატათა მოციქულო, ვცანით და აღვიარებთ მხსნელად სოფლისა, აწ ჩუენცა მეოხ გვეყავ მისა მიმართ, რაითა შეურყეველად დაიცვას ეკლესიაი ჩუენი და მოანიჭოს ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და დიდი წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობაი 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელთანი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო, ღმერთო უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მიიწიეთ რაი სინოპედ, ზღვის–კიდესა მას პონტოისასა, ასწავეთ სჯული ქრისტეისი ბერძენთა და კოლხთა, და ამასიას მისრულთა ქადაგეთ რაი ქრისტე შესაკრებელსა ჰურიათასა, კურნებდით სნეულთა და აღუხელდით თუალთა სულიერთა და ხორციელთა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ხმამაღლად უქადაგეთ წმიდაი სახარებაი მეგრელთა და ლაზთა, ხოლო ბნელსა უმეცრებისასა მსხდომარენი ბრწყინვალედ განანათლეთრაი ტრაპეზუნტსა და აღუხელდით თუალთა სულიერთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ბნელი უღმრთოებისაი განხადეთ რაი სამცხესა და ქართლისა მთიანეთსა, ნეტარნო, უკუნ იქეცით იერუსალეიმსა, რაითა აღასრულნოთ პასექი წინაშე ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობლისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარმეტყველთა ხმანი აღესრულნეს შენთვის, ღმრთისა დედაო, რამეთუ ესაია ღაღადყო: აჰა, ესერა ქალწული მიუდგა და შვეს ძეი. თანასწორი მამისაი, ღმერთი საუკუნოი.
გალობაი 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველთამან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად–ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
შემდგომად მოციქულთა კრებისა თანამავალ იქმენ რაი წმიდისა ანდრიაისი სიმეონისა და თადეოზისა თანა, დაუტევეთ იგი ავგაროზ მთავრისა თანა ედესას, ხოლო თქუენ მეგრელთა და ლაზთა განამტკიცებდით ტრაპეზუნდსა, და ქართლსა შესრულთა მოვლეთ ტაოი საღმრთოითა ქადაგებითა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
კოლხეთსა შემუსრეთ რაი კერპთა ტაძარი მეხის–ტეხითა ლოცვათაითა, მის წილ აღმართეთ ჯუარი მარტვილსა, და აღაშენეთ ტაძარი ღმრთივშუენიერი, და სიმრავლეი მოქცეულთაი შეჰკრიბეთ მათ შინა, აწ ჩუენცა დაგვიფარეთ წვალებისაგან და სჯულისაგან უცხოისა, და ღირს გვყვენით დიდებად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მიიწიეთ რაი აფსარ–გონიოსა, მუნ დაგიტევეს შენ, მატათა მოციქულო, და სიბრძნითა ამხილებდი რაი კერპთმსახურთა, აღასრულებდი სასწაულთა, და მრავალთა აღძრვიდი აღსარებად და დიდებად ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა შეგვეწიოს და განგვწმიდოს ყოვლისაგან შეგინებისა სულისა და ხორცთაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მუცლად–იღე უზესთაეს ცნობისა და ჰშევ უფროის სიტყვისა დამბადებელი კაცთა, უბიწოო ღმრთისმშობელო, თანაარსი მამისაი და თანასწორი სულისა წმიდისაი, რომელსა აღვიარებთ და სარწმუნოებითა ვღაღადებთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით უკუნისამდე.
გალობაი 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შეძრწუნდეს დაბადებულნი გარდამოსლვასა ღმრთისა გამოუთქუმელისასა, ვითარცა მაღალი იგი ნებსით თვისით განხორციელებად გარდამოხდა მუცელსა ქალწულისასა და განკაცნა, უქცეველად სიმდაბლით, ამისთვის, მორწმუნენი, ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებთ.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიტყუაი ცხორებისაი უქადაგე რაი ქართველთა, შეგიპყრო უსჯულომან მთავარმან, ნეტარო, და სრულ ჰყვენ რაი საღმრთონი ღუაწლნი, მსგავსნი ქრისტეის ვნებათანი, წმიდაი სული შენი შეჰვედრე ხელთა მისთა, და ვითარცა ჭეშმარიტი მოწაფეი ზიარ–იქმენ და თანა მკვიდრ დიდებისა მისისა.
წმიდაო მოციქულო მატათა, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ქრისტეისთვის განკაფული წმიდაი ნეშტი შენი აღიხუნეს რაი მორწმუნეთა, შემურეს მიჰრონითა, და დაკრძალნეს რაი ლოცვითა, სამარხოი შენი აღმოასცენებდა წყაროთა მადლისათა და ყოველნი მისდა მოლტოლვილნი მოიღებდენ ნუგეშინისცემასა და კურნებასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აწ იხარებს აჭარა და იშუებს გონიო, ჰოი, მატათა დიდებულო, რამეთუ დაუნჯებულ აქუს წმიდანი ნაწილნი შენნი სასოდ ყოველთა მორწმუნეთა, და აჰა, აწ ჩუენცა გული გვითქმს მოსლვად საფლავსა შენსა, რაითა მოვიღოთ ლხინებაი და სამადლობელსა შევსწირვიდეთ უფალსა, განმადიდებელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემწე ხარ შენ ყოველთა მვედრებელთა, ქალწულო, მსგავსად–ვე სახიერისა მის მეუფისა და ძისა შენისა, და მეოხებითა მატათა მოციქულისათა შუამდგომელად მიგავლენთ წინაშე მისსა, რაითა მარადის იფარვიდეს წილხვედრთა შენთა და განგვამტკიცებდეს ყოველთა ჭირთა და ბრძოლათა შინა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: გამორჩევითა სულისა წმიდისაითა აღავსე რიცხვი ათორმეტთა მათ მოციქულთაი, ჰოი, ღმრთისმეტყველო მატათა, და ჰქადაგენ რაი საღმრთონი მოძღურებანი, დაჰმუსრენ კერპნი – სადგურნი ეშმაკთანი, და შემდგომად მრავალთა ტანჯვათა ქრისტეისთვის ივნე, და აწ გაქუს კადნიერებაი წინაშე მისა, რაითა შეგვჭუროს ძალითა თვისითა უძლეველითა ურიცხუთა მტერთა ზედა, და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.
აწ ვინ აღრაცხავს თვითოეულად ღუაწლთა და სასწაულთა შენთა სიმრავლესა, ჰოი, ქრისტეს ახოვანო მხედარო მატათა, რამეთუ მისგან მოიღე ხელმწიფებაი სნეულთა კურნებისაი, და ძალი ცოდვათა შეკრვისა და განხსნისაი, და ულოცავდი რაი სნებითა ფიცხლითა ვნებულთა, მეყსეულად განკურნებდი და ეშმაკთაცა განდევნიდი შეპყრობილთაგან, ეგრეთცა შემდგომად სიკუდილისა გაქუს ძალი შეწევნისაი, რაითა აღმოგვიყვანო სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნა მძვინვარეთა სენთა და საცთურთაგან.
ვითარცა მოციქულმან ქრისტეისმან, ჰოი, მატათა ყოვლად ბრძენო, ჰქადაგე სახარებაი სასუფეველისაი ქუეყანასა ჩუენსა და აღასრულებდი რაი სასწაულთა, ურწმუნონი მორწმუნე–ჰყვენ, და აღიარეს ქრისტე სიბრძნედ და ძალად დაუსაბამოისა მამისა. აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, რაითა აღგვავსოს სულითა სიბრძნისაითა, და მღდელნი ერითურთ განგვამტკიცოს შეურყეველად.
დიდთა კეთილთა მომატყუებელ ექმენ ერსა ჩუენსა, ჰოი, თავთა მოციქულთა სწორო მატათა, რამეთუ ანდრიას თანა წარუძეღ ცნობად შემოქმედისა, და თავს ისხენ რაი წყლულებანი მწარენი და სისხლთა დათხევაი მსგავსად ქრისტეს მხსნელისა, აწ კუალად მოწყალე ჰყავ იგი ჩუენ ზედა, რაითა აღგვავსოს სიწმიდითა და მოგვანიჭოს სიბრძნეი ბოროტისა და კეთილის განრჩევისაი.
ვითარცა მდინარეი ედემით გამოხვედ, ჰოი, მატათა მოციქულო, რომელმან მოჰრწყენ კაცთა ბუნებანი სიტყვითა საღმრთოითა და ნაყოფიერ ჰყუენ და წარუდგინენ განახლებულნი ქრისტესა ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე ყოვლადწმიდასა დედასა მისსა, უბიწოსა მარიამ ღმრთისმშობელსა, ნუ განგვაშორებს მეოხებასა წილხვედრთა თვისთა, რაითა არღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ღუაწლით–შემოსილო ქრისტეს მოციქულო მატათა, ქადაგო ყოვლად–წმიდისა სამებისაო და შესავედრებელო ყოვლისა სოფლისაო; უხილავო ზედა–მდგომელო სიწმიდისაო და წყაროო მოწყალებისაო; ზესთამბრძოლო ქართველთა ერისაო და მხურვალეო მეოხო ჩუენო და შესავედრებელო წინაშე მაცხოვრისა და მხსნელისა ჩუენისაო!
ჰოი, წმიდაო მოციქულო და მოწამეო ქრისტეის ღმრთისაო მატათა, რომელმან მოვლე იუდეა და კოლხეთი, და ქადაგებითა საღმრთოისა სარწმუნოებისათა მოიზიდე რაი ჰურიანი ცნობად ქრისტეის ღმრთისა, საღმრთონი იგი სიტყუანი მადლისანი, დაწერილნი ღმრთივსწავლულისა ახლისა სჯულისანი, მიუთხრენ ერსა ჩუენსა, და უქადაგე რაი სახარებაი სიტყვისა ღმრთისა ცხოველისაი, და საკვირველებაი ქრისტეს აღდგომისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არაი გუაქუს სიტყვისგებაი წინაშე მისა, რამეთუ წარვწყმდებით ურიცხუთა ცოდვათაგან, და მოგუმადლოს სინანული მსგავსი ნინეველთაისა, რაითა თანა–წარგვხდეს განსაცდელი იგი დაქცევისაი, და მოგვანიჭოს სიბრძნეი, სიმხნეი და მძლეველობაი დაცვად მამულისა და სარწმუნოებისა ჩუენისა. მრავალ–შემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განაძლიერე მსახურებასა შინა დიდი მეუფეი ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.
ჰოი, ზეგარდამო წოდებულო და ნაცვლად დაცემულისა აღდგომილო ქადაგო აღდგომისაო, წმიდაო მოციქულო მატათა, რომელმან გვიანდერძე წმიდაი მართლმადიდებლური სარწმუნოებაი ქართველთა, ვითარცა საწინდარი ხსნისა და ცხორებისაი, და ნიშითა ქრისტეის ჯუარისაითა განაქარვე ყოველი საცთური მტერისაი, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რომლისა–თანა მარადის იყოფვი განსჯად ყოველთა კაცთა, ვითარცა აღგითქუათ ათთორმეტთა მათ მოციქულთა, რაითა გულნი ჩუენნი დაამტკიცოს სარწმუნოებასა ზედა ჭეშმარიტსა, და გვიხსნას სიყმილისაგან, სვრისა, რღვნისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსლვისაგან უცხო თესლთაისა, და ყოვლისაგან ბოროტისა, რაითა ღირს ვიქმნეთ სასუფეველსა მისსა, რამეთუ კურთხეულ არს და დიდებულ, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად–წმიდით და ცხოველს–მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოციქულისა მატათაისა და ყოველთა წმიდათათა, შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მდინარითა მით სიტყუათა შენთაისა მოირწყო რაი ეკლესიაი ჩუენი, წმიდაო მოციქულო მატათა, სისხლთა შენთა დათხევითა შეამკო, ვითარცა ძოწეულითა, და გვიწესს სამწყსოსა თვისსა, რაითა დიდად ვსასოებდეთ შეწევნასა შენსა, და გევედრებოდეთ უვნებელად დაცვასა ყოველთა ჭირთა, სენთა და ვნებათაგან.
ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე მტევანი ცხორებისაი, შენ გევედრებით, მომადლებულო, მოციქულთა თანა მეოხ გვეყავ წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, რაითა მოგუმადლოს ჩუენ ძლევაი ბოროტთა საცთურთა ზედა, და ღირს გვყოს სასუფეველსა თვისსა.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა