მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პარაკლისი სავედრებელი
წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესი

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; 

 

2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი. 

 

3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. 

 

4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. 

 

5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. 

 

6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. 

 

7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. 

 

8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. 

 

9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. 

 

10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა. 

 

11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. 

 

12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

 

  კეთილმსახურებისა ზღუდედ განსდიდენ და მართლმადიდებბლობისა სიმტკცედ გამოსჩნდი, ქრისტეს ერისა წინამძღუარო მღდელშუენიერო, ყოვლადბრძენო პირველმღვდელმთავარო ჩუენო კალისტრატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა გარდამოუვლინოს სულთა ჩუენთა მდიდარნი წყალობანი.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  კეთილმსახურებისა ზღუდედ განსდიდენ და მართლმადიდებბლობისა სიმტკცედ გამოსჩნდი, ქრისტეს ერისა წინამძღუარო მღდელშუენიერო, ყოვლადბრძენო პირველმღვდელმთავარო ჩუენო კალისტრატე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, რაითა გარდამოუვლინოს სულთა ჩუენთა მდიდარნი წყალობანი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.



გალობა 1, უგალობდითსა

 

  ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვინ შემძლებელ არს ქებად საკვირველისა მის მოქალაქობისა შენისა და დიდებულისა მის ღუაწლისა, ვითარცა ერისა შენისათვის, ეგრეთცა ეკლესიისათვის აღსრულებულისა, რამეთუ მრავალნი კეთილნი ქმენ ქუეყანასა ჩუენსა და გამოზარდე რაი სამწყსოი შენი სიტყვითა და სწავლითა საღმრთოითა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან ღმერთმან, მამაო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოითა, და მადლი გულისხმისყოფისაი უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღეი და ამპარტავნებაი გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგავლინა რაი ღმერთმან ჟამსა მას უღმრთოთა ზეობისასა მამათმთავრად ქართველთა, მოგცა სიბრძნეი, თუ ვითარ დაიფარო სამწყსოი შენი ვნებათაგან, და მრავალნი განამტკიცე სარწმუნოებასა შინა და აღძარ დიდებად ღმრთისა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

ჟამსა მას ხედვიდი რაი მუშაკთა სიმცირესა და სამკალთა სიმრავლესა, მრავალთა საქმეთა იტვირთვიდი, წმიდაო პატრიარქო, და მარადის დაშურებოდი რაი მსახურებასა შინა ღმრთისა და ერისასა, აწ გაქუს მადლი განსაცდელთა და ჭირთა შინა შეწევნისა ჩუენისაი.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყვაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ღმრთისმშობელო მარიამ, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რომელი შემდგომად ღმრთისა მხსნელად ჩუენდა იპოვე, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.



გალობა 3, განძლიერდასა

 

  ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი ძირთაგან პატიოსანთა სამღდელოთა, სანატრელო, მორჩ იქმენ კეთილ, საწადელ და სასურველ, და აღორძნდი რაი, ვითარცა საღმრთოი ნერგი, მრავალნი ნაყოფნი საწადელნი გამოიხუნე ჟამსა თვისსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დასაბამსავე შეიყუარე სიმდაბლეი და კრძალულებაი, და მარადის იქცეოდი სიწმიდითა და სიმართლითა წინაშე ღმრთისა, მას ევედრე, აწ ჩუენცა მოგვანიჭოს გული გონიერი და ბრძენი, განრჩევად კეთილისა და ბოროტისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიყრმითგან მოგეცა რაი საღმრთოი მღვიძარებაი, მსწრაფლ დაისწავლე ყოველნივე საეკლესიო წესნი და გალობაი, და საზრდელ და საშუებელ შენდა იყო სიტყუაი ღმრთისაი, მას ევედრე, აწ ჩუენცა მოგუმადლოს სიმრთელეი ხორცთაი და სული სიბრძნისაი.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

ჯერეთცა ყრმაი გიხილა იმერეთის ებისკობოსმან გაბრიელმან, და გულისხმაყო რაი მომავალი შენი, ურჩია მამასა შენსა წარგზავნაი შენი ქუთათისსა, რაითა მუნ განისწავლო სამღდელოსა მას სასწავლებელსა შინა და მარადის იღუაწო სადიდებელად ღმრთისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა. ხმა 4

 

მამათმთავრად და წინამძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და მანქანებათა უღმრთოებისათა ვერა შეუძლეს შერყევად სარწმუნოებისა შენისა სიმტკიცისა, რამეთუ არა გეშინოდა მზაკუვართა და მტყუართა სულთა, არამედ ნიშითა პატიოსანისა ჯუარისაითა და ლოცვითა მხურვალითა განხდიდი ურიცხუთა საფრხეთა მათთა და მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალეიმსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, წმიდაო პატრიარქო, და ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე რაი სულისა მიერ წმიდისა, გამოჰზარდენ მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, აწ ჩუენცა გვიოხე მისა მიმართ, გარე-წარგუხადოს განსაცდელნი და ეშმაკთა კუეთებანი ყოველთა მედღესასწაულეთა წმიდისა ხსენებისა შენისათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა ყოველი სასოებაი შენ ზედა დაგვიძს, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.



გალობა 4, მესმასა

 

  ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვისცა წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წარდგინებითა გაბრიელ ეპისკოპოსისაითა სასწავლოდ გარდახვედ რაი ტფილისსა, ფრიად განათლდი წიგნთაგან ღმრთივ-სულიერთა, და ვითარცა წარჩინებული მოწაფეი წარგგზავნეს კიევსა, რაითა ჟამსა მას რუსთა ეგზარხოსთა ზეობისასა, სარგებელ ეყო დედა-ეკლესიასა სადიდებელად ღმრთისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა ფუტკარი სიტყვიერი მოიღუაწებდი რაი ტკბილსა მას თაფლსა წიგნთა საღმრთოთასა, ფრიად წარემატე საეროთა და საღმრთისმეტყველოთა მეცნიერებათაცა შინა, და იქმენ შეუორგულებელად და მტკიცედ დამცველ ივერთა სამოციქულოისა ეკლესიისა, ჟამსა მას რუსთაგან დამცრობილისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ესმა რაი წმიდასა ებისკოპოსსა გაბრიელსა, შეჭირვებაი ქურივისა დედისა შენისაი და შვილთა მისთა, ფრიად შეეწეოდა ყოვლითა სახმარითა, რაითა არა უკუნ იქცე შენ სამშობლოსა, ნეტარო, და არცაღა დაბრკოლდე სწავლასა და განათლებასა შინა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

დაღათუ ბერად აღკვეცაი შენი ეწადა ებისკოპოსსა გაბრიელსა, შეეუღლე შენ უცხოტომელსა ასულსა, და ერთ-სულ იყვენით რაი სათნოებითა, აზიარე მართლმადიდებლობასა, და თანა-მტვირთველ იქმნა ფიცხლისა და მძიმისა უღლისა შენისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, ხოლო სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.



გალობა 5, ღამითგანსა

 

  ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სრულ-ყავ რაი სწავლაი კიევსა, ნეტარო, გაკურთხეს მღდლად დიდუბის ეკლესიასა შინა, და დაგადგინეს რაი წინამძღვრად, სიხარულითა შესწირვიდი უსისხლოსა მსხუერპლსა ქრისტესა, და კეთილად განსწავლიდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას უპატრიარქობისასა და დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, ფრიად იღუწიდი აღდგინებისათვის ივერთ ეკლესიის თვითმყოფადობისა, და ქადაგებათა შინა ამხელდი რაი წინააღმდგომთა, მრავალთა გამოცემათა შინა დაბეჭდვიდი წერილთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იწყეს რაი შენებაი სამთავისსა მიმსგავსებულისა ქაშუეთისა ტაძრისა, თანა-მონაწილეი იქმენ დიდისა მის საქმისა, და დაგადგინეს რაი წინამძღურად, იქმენ დეკანოზ და სურნელებაი ლოცვათა შენთაი, ვითარცა კეთილი საკუმეველი, აღიწეოდა ღმრთისა მიმართ.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

დაამხუეს რაი ღმრთისმბრძოლთა საყდარი რუსთა ხელმწიფისაი, აღადგინეთ მის მიერ წარტაცებული ავტოკეფალიაი ეკლესიისა ჩუენისაი, და პატრიარქად მოიწვიეთ ებისკოპოსი კირიონი, ექსორიაქმნილი რუსეთსა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, გევედრებით, რამეთუ გაქუს შენ მისა მიმართ მეოხებაი და მოტევებაი ცოდვათაი ყოველთა ქრისტეანეთა.



გალობა 6, ღაღადყავსა

 

  ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვითარცა წევრი საკათალიკოზო საბჭოისა, და თანამოსაგრე დიდთა მღდელმთავართა კირიონისა, ლეონიდესი და ამბროსისა, დაუცხრომელად იღუწიდი აღიარებისათვის ივერთა ეკლესიის თვითმყოფადობისა და ეპისტოლეთა მიუწერდი ყოველთა პატრიარქთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მთავრობაი ქუეყანისა ჩუენისაი ხელთ იგდეს რაი ღმრთისმბრძოლთა, შეიპყრეს პატრიარქი ამბროსი, ვითარცა მამხილებელი მათი, და შენცა იყავ რაი შორის თანამზახველთა მისთა, უდრტვინველად დაითმენდით შიმშილსა, ტანჯვასა და შეურაცხებასა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვიდრე ჟამამდე განგათავისუფლეს რაი უძლურებისათვის პატრიარქისა ამბროსისა, ეწადა მას ებისკოპოსად კურთხევაი შენი სიმტკიცისა და სათნოებისათვის შენისა, გარნა შორად განაყენე თავი თვისი, წმიდაო მღდელო, რამეთუ ევლტოდი კაცობრივსა მას დიდებასა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მონაზონთა საძმოსა შერთული მღვდელმთავრად გაკურთხა რაი მწყემსმთავარმან, მოგანიჭა ხარისხი მიტროპოლიტისა, და მოსაყდრედ თვისად დაგადგინა, გარნა განძვინდენ განმაახლებელნი მღდელმთავარნი, და იწყეს რაი დევნაი შენი, დაუტევე ხარისხი მოსაყდრისა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.



  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი. ხმა 2

 

  სამღდელმთავროითა პატივითა ღირსად შემკულმან, მოძღურებისა შენისა მადლი სამწყსოსა შენსა აღმოუბრწყინვე და ერსა, ბნელსა შინა მყოფსა, ასწავენ გზანი სიმართლისანი, კეთილმსახურებისა ჩუენისა წინამძღუარო, ნეტარო კალისტრატე, მოგვიხსენენ ჩუენ, პატივისმცემელნი სახსენებელისა შენისანი.

 

იკოსი

 

  ღმრთისა მიერ განეწესე რაი მამათმთავრად საქართველოს ეკლესიისა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და საღმრთოითა ხმითა მქადაგებელმან განახუენ რაი ზეცისა საიდუმლონი, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ შენ მიერ გამოთქმულითა სწავლებითა, რაისთვისცა ღირს-იქმენ დამკვიდრებად საუკუნესა სუფევასა ცათა შინა და მეოხ ხარ პატივისმცემელთა ხსენებისა შენისათა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 7: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

 

 მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

 

 დიაკონმან: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.

 

 მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

 

 დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა

 

 მგალობელთა: და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა

 

 დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

 მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული.

 

 მგალობელთა: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: იოვანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

 

 

სახარება იოვანესი (თავი 10. მუხლი 1-9)

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხვით კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი. ხოლო რომელი შევალს კარით, მწყემსი არს ცხოვართაი. ამას მეკარემანცა განუღის, და ცხოვართა ხმისა მისისაი ისმინიან, და თვისთა ცხოვართა უწესნ სახელით და განიყვანნის იგინი. და ოდეს თვისნი იგი ყოველნი განიყვანნის, წინაშე მათსა ვიდოდის, და შეუდგენ მას ცხოვარნი იგი, რამეთუ იციან ხმაი მისი. ხოლო უცხოსა არა შეუდგენ, არამედ ივლტოდიან მისგან, რამეთუ არა იციან ხმაი უცხოისაი მის. ამას იგავსა ეტყოდა მათ იესუ, და მათ არა გულისხმა-ყვეს, რასა-იგი ეტყოდა მათ. ხოლო იესუ მერმეცა ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყვი თქუენ: მე ვარ კარი ცხოვართაი. ყოველნი, რომელნი ჩემსა პირველად მოვიდეს, მპარავნი იყვნეს და ავაზაკნი, არამედ არა ისმინეს მათი ცხოვართა.

 

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა პატრიარქისა კალისტრატეისა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი ერსა შენსა, რომელ აწ აღგძრავს მეოხად ღმრთისა მიმართ, რაითა გვითხოვო მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ზედა, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესი, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალმოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არცაღა დასცხრენ რაი წინააღმდგომნი შენნი, ნეტარო, წარგტაცეს საყდარი ნინოწმიდისაი, და მღდელმთავარი ეგე დიდებული, ვითარცა უბრალოი მღდელი, კუალად მსახურებდი ქაშუეთსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იყავ რაი მდაბალ და აღუზვავებელ, და აღსავსეი მადლითა სულიერითა, უდრტვინველად დაითმენდი სივერაგესა მათსა, და სიმდაბლესა, და მღვიძარებასა საქმითა ასწავებდი სამწყსოსა შენსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საკვირველითა მით განგებულებითა ღმრთისაითა პატრიარქად დაგადგინეს რაი წესისაებრ განგებულებისა, აღიღე ჯუარი შენი, ღირსო, და შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

განმზადე რაი თავი თვისი განსაცდელთა მიმართ, პატრიარქო, ლოცვითა დააყუდნებდი ღელვათა ბოროტისა მის ჟამისათა, და დაუცხრომელად ითხოვდი ქრისტეისგან სამწყსოისა შენისა განრინებასა ყოველთა ძვირთა და საცთურთაგან.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.



გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შვიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ოდეს განზრახვაი განცოფებულთაი ქრისტეის ეკლესიისათვის მძვინვარედ ბორგდა, მწყემსობითა მოციქულებრითა მართალაღსარებასა ზედა ჰგიებდი შეუძრველად, და უშიშად ქადაგებდი ქრისტეს მაცხოვნებელთა სწავლებათა, მას ევედრე, რაითა აწ ჩუენცა დაგვიცვას საეშმაკოთა ბადეთაგან და ზედა დასხმისაგან უცხო თესლთაისა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განგვაცვიფრებს ჩუენ საკვირველი ღუაწლი შენი და უფროის გვიკვირს სიბრძნეი შენი და ერთგულებაი ღმრთისა და ერისა, რამეთუ წინაშე ხელისუფალთა შუამდგომლობდი რაი ხსნისათვის ეკლესიათა და მონასტერთა, სიმხნითა დაითმინე მათ მიერ უმსჯავროდ მოკუდინებაი ასულისაი, და ვითარცა მწყემსმან კეთილმან არცაღა დაუტევე მსახურებაი სამწყსოისა შენისაი.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მწყსიდი რაი, მწყემსო კეთილო, კეთილგონიერად, მრავალნი საცხოვარნი სამწყსოისა შენისანი განარინნე მგელთაგან მტაცებელთა, და სულნი მრავალნი შესწირნე ღმერთსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე სახიერებასა მისსა, რაითა ურიცხუთა მწვალებელთა და ღმრთისმგმობთა მზაკუვარებათაგან გვიხსნას ოხითა შენითა და ეკლესიაი ჩუენი დაიცვას შეუძრველად.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მოძღურებათა და ქადაგებათა სიმაღლითა განთქმულ იქმენ რაი მღდელთმთავართა შორის და საკვირველ – პატრიარქთა შორის, ჰოი, ღმრთივსულიერო კალისტრატე, ივერთა ეკლესიაი განაშუენე საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, და თვითმყოფადობაი მისი აღიარეს ყოველთა მართლმადიდებელთა ეკლესიათა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

სამთა მათ ყრმათა ბაბილონს სახუმილსა შინა სამებასა თაყუანის-სცეს და შეურაცხ-ყვეს ხატი იგი ოქროისაი, და ცუარითა სხურებულნი გალობითა ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.



გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაითა განაქარვოს მგზებარებაი შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა მაჩუენებლობითა, არამედ კაცთ-მოყუარებითა იქმოდი მოწყალებასა, ღირსო, მარადის გამოზრდიდი რაი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და ნუგეშინისცემდი მგლოვარეთა და საპყრობილესა შინა მყოფთა.

წმიდაო პატრიარქო კალისტრატე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მხცოვანებასა შინა დასნეულდი, ღირსო, და სული თვისი შეჰვედრე რაი ღმერთსა, სიმრავლეი ერისაი მოისწრაფდა პატივისა მიგებად შენდა და ლოცვითა და გალობითა დაგკრძალეს სიონსა.

დიდებაი მამასა და ძისა და წმიდასა სულსა

მართლმადიდებლობითა სრულ ჰყავ სრბაი შენი, და აღმაღლდი რაი ხორცთაგან წინაშე ღმრთისა, ვითარცა ღირსი მღდელმთავარი შეგრთო სიმრავლესა წმიდათასა, და აწ მეოხ-ხარ მოსავთა შენთა.

აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.



 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)



განმანათლებელი


ნათელმან უსხეულომან განგანათლა შენ, ჰოი, ღუაწლმოსილო პატრიარქო კალისტრატე, და მოჰფინე რაი შარავანდედი ქუეყანასა ჩუენსა, ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯეი ოქროისაი, ბრწყინვალედ შეუმოსიეს ეკლესიასა ქართველთასა, და ვითარცა გვირგვინი სამეუფოი, შემკული ბრწყინვალედ თუალთაგან მრავალსასყიდლისათა, დაუდგამს თავსა თვისსა, რაითა ჰნათობდეს ყოველთა, რომელნიცა სიხარულით შევლენან მას შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმშობლად ჭეშმარიტად აღგიარებთ შენ, დედოფალო, შენ მიერ ცხოვნებულნი, რამეთუ ღმერთი ჰშევ გამოუთქმელად დამხსნელ ჯუარითა სიკუდილისა და თვისდა მიმართ მიმზიდველი ღირსთა კრებულისა, რომლისა თანა გაქებთ შენ, ქალწულო.



 მკითხველმან: მოღუაწებითა სული შენი შეამკვე ღმრთივშუენიერად, და გონებისა შენისა სიმშვიდითა და გულისა სიწმიდითა იქმენ რაი უაღრეს ყოველთაისა შემძლებელი წინა-მძღვრობად და მწყსად სულთა, საწუთოსა ამას დაითმენდი ურიცხუთა განსაცდელთა და იქმენ რაი მსხუერპლად უსისხლოდ, ვითარცა მოწამეი ქრისტეისი, მოგანიჭა მან სასყიდელი შრომათა შენთაი, და აღგიტაცა რაი ნათელსა მას დაუსრულებელსა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, რაითა მოგუაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, და მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი.

მადლი ღმრთისაი საკვირველად გამობრწყინდა რაი შორის შენსა, წმიდაო პატრიარქო, ვერცა ჭირმან ანუ იწროებამან, შვილთა ავადობამან და სიკუდილმან, ხელისუფალთა უღმრთოებამან და მათ მიერ სამღდელოთა და მორწმუნეთა დევნამან, სამწყსოისა შენისა სიმცირემან, და საფრხემან სიკუდილისამან ვერა განგაშორეს სიყუარულსა მას ღმრთისასა, და გაქუს აწ კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა დაარღვიოს ყოველივე უღმრთოებისა საცთური შორის ჩუენსა და დაამხოს ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი.

ჰხედვიდა რაი საღმრთოსა მოქალაქობასა შენსა და მდინარეთა უმდიდრესთა სწავლათა და ღუაწლთა, ივერთა ეკლესიამან წმიდანად დაგადგინა და საუკუნოდ მოხსენიებაი და ქებაი შენი განგვიჩინა რაი სამწყსოთა თვისთა, აჰა, აწ ჩუენცა სიყუარულითა გნატრით შენ, წმიდაო პატრიარქო, და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, განგვიმრავლოს კთილმსახურნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და მოჰკრძალონ საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტეის საცთურთაგან და მძლავრებისა.

დღესასწაულობს ქართველთა ეკლესიაი ხსენებასა შენსა და გვიწესს რაი შესხმად ღუაწლისა შენისა, იქადის მხარეი იმერთაი, მამული ეგე შენი, რამეთუ მიერითგან აღმოსცენდი მწყემსი კეთილი, მოღუაწედ და მლოცველად შენდა რწმუნებულისა ერისა ჩუენისა, და უფროის იშუებს კალისტრატე მოწამისა ტაძარი ქუთათისსა, რამეთუ სახელსაცა შენსა ზედა იკურთხა, და აწ მრჩობლთა ერთმოსახელეთა წმიდათა ზედა სახელდებული, სახარულსა მოჰფენს გულთა მორწმუნეთასა, რომელნიცა სურვილითა მოივლტიან ტაძარსა მას, შევრდომად ხატთა თქუენთა, ქრისტეს მხედარნო შუენიერნო, და აქებენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.

ჟამსა მას ღმრთისმბრძოლობისასა იწოდე რაი მორწმუნეთა ნავთსაყუდელად, და შეუძრველ სუეტად ივერთა ეკლესიისა, აწ კეთილმსახურებრითა კადნიერებითა შეგვავედრე ქალწულსა ღმრთისმშობელსა, სენთაგან შეჭირვებულნი და საცთურთაგან ძლეულნი ამა ყოველსა განგვარინოს და ჟამსა ხორცთაგან განსლვისასა ნუ მისცემს ფლობად სულთა ჩუენთა წინააღმდგომთა, რაითა მარადის სასუფეველსა შინა ვიხარებდეთ და უგალობდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:



 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.



 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.



მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 



სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, ჭეშმარიტად ბრძენო მამათმთავარო კალისტრატე, პატრიარქო სრულიად საქართველოისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ეკლესიისაო; მონაზონთა სამკაულო და მქადაგებელო საღმრთოისა მადლისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და მეოხო ჩუენო წინაშე ღმრთისაო!

ჰოი, სიქადულო მღდელმთავართაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, წმიდაო ღმრთივგვირგვინოსანო პატრიარქო კალისტრატე, მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, იქმენ მოძღუარ და კეთილად წარმმართებელ ერისა ჩუენისა, და დიდად ივნე რაი ერთგულებისათვის ეკლესიისა, და კეთილად დაცვისათვის ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა, აწ გაქუს კადნიერებაი ქრისტეს ღმრთისა მიმართ, რაითა მღდელთა მოანიჭოს მოშურნეობაი და მზრუნველობაი საცხოვნებელად სამწყსოთა თვისთა, და ჩუენცა მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი და შეუორგულებელი სიყუარული მამულისაი, რაითა ვიქმნნეთ ჩუენცა მტკიცედ დამცველად მართლმადიდებლობისა, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, და ეკლესიასა შინა თვისსა განამტკიცოს სული მართლისა სარწმუნოებისაი და ღმრთისმოსაობისაი. მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ერისა და სარწმუნოებისათვის თავდადებულო მღდელთმთავარო კალისტრატე, სიმხნითა და ღირსებითა აღასრულე რაი ღუაწლი შენი, ღმრთისა მიერ განწესებული შენდა, განგიხუნა ზესკნელს კარი უსისხლოისა მოწამეობისაი, და მოგანიჭა მადლი შეწევნისაი და ეშმაკთა განსხმისაი, აწ ჩუენცა დაგვიფარე მახეთაგან მათთა და გვიხსენ სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და უცნაურისაგან სიკუდილისა, რაითა კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხოვნდებოდეთ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი, უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა პატრიარქისა კალისტრატესითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 

  ცხორებისა სიწმიდეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე რაი, ჰოი, მამათმთავარო საკვირველო, ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და ერი ჩუენი, ქრისტეს მოსახელეი დამწყსე და განაბრძვე რაი საღმრთოითა მოშურნეობითა სარწმუნოებისა და მამულისაითა, აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, და პატიოსანსა ხატსა შენსა შევრდომილნი დაგვიფარე ყოველთა გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და ვნებათაგან.

ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა კალისტრატე პატრიარქისაისა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.


 შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი.