მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე შენსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აცხოვნე უფალო ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯუარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივ დაცულსა ერსა ჩვენსა მოანიჭე, და ერი შენი საფარველსა ქვეშე შენსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ: უფალო, დიდება შენდა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
უგალობდითსა
წინათვე გამოსახა დიდმან ღუთის მხილველმან მოსემ ჯუარი შენი მაცხოვარ, რაჟამს განაპნა წყალნი და წიაღ იყვანნა ისრაელთა ერნი და ბრწყინვალითა ხმითა მათ თანა გიგალობდა შენ.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ამაღლდი რა ჯუარსა ზედა იესო ტკბილო მაცხოვარო ჩუენო, აღიხვენ ცოდვანი სოფლისანი, და უჩინო ჰყვენ მთავარნი ბნელისანი, აღგუადგინენ ჩუენცა დაცემულნი ესე გევედრებით.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ბუნებითა კაცობრივითა სიკუდილისა გემო იხილე, ჯუარსა ზედა მეუფეო, ბაგითა და გულითა გევედრებით, ტკბილო იესო, ბრალთაგან განგვათავისუფლენ კაცთ-მოყუარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გვერდისა შენისაგან გარდამოხდა ცხოვრებისა მომცემელი სისხლი და წყალი, რომლითა განჰსმიდე ცხოველს-მყოფელი ჯუარი, გევედრებით თაყუანის-მცემელნი ჯუარისანი განგვწმიდენ.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დედობრივნი ნაწლივნი გელმოდეს დედაო ღუთისაო, ჰსდეგ რა წინაშე ჯუარისა საყუარელისა ძისა შენისასა, დავრდომით გევედრებით: მეოხ გვეყავ ამბორის-მყოფელთა ჯუარისათა.
განძლიერდასა
სარწმუნოებისა კლდესა ზედა დამამტკიცე ჯუარითა შენითა ქრისტე ღმერთო, რათა არა შევიძრა მტერისა მიერ ბოროტისა, მხოლოო კაცთმოყუარე.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ეკლისა გვირგვინი რა დაიდგ მგუფეო, ეკლესია განაშვენე პატიოსნითა ჯუარითა შენითა. ერთობით ყოველნი შეგვიწყალენ შვილნი ეკლესიისანი გევედრებით.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ვადიდებთ სახიერებასა შენსა იესო ტკბილო და ვევედრებით კაცთმოყვარებასა შენსა, დაგვიფარენ თაყუანისმცემელნი წმიდისა ჯუარისა შენისანი.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ზე ჰაერთა შინა ამაღლდი ჯუარსა ზედა შემსჭუალული ზეცათა მეუფეო, ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, რათა ერთობით უგალობდეთ ჯუარსა შენსა დიდებულსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჰე გევედრებით ქალწულო მარიამ სიყუარულისათვის ჯუარცმულისა ძისა შენისა, შეგვიწყალენ მორწმუნენი შენნი დედოფალო ყოვლად-წმიდაო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა დ
ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა სახიერებისა შენისა ბეჭედსა, რომელი მოგვანიჭე ჩუენ ცოდვილთა უფალო, შენდა შევსწირავთ მეოხებად. დაიცევ ერი ჩუენი და სამწყსო შენი, რომელნი გევედრებიან ღვთისმშობელისა მიერ დიდისაებრ წყალობისა შენისა.
მესმასა
ჯუარსა ზედა დამსჭუალული გიხილა მზემან, ყოვლად-ძლიერო, ძრწოლამან შეიპყრა და ბნელად გარდაიქცა, და ყოველნი ქმნილნი შიშითა აქებენ წყალობათა შენთა მხსნელო, რამეთუ აღივსნეს დიდებითა შენითა.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
თავს იდევ რა ნებსით ჯუარცმა, მაცხოვარ, თავ ექმენ ეკლესიასა, რომელი მოიგე სისხლითა შენითა ყოვლად-წმიდითა თაყუანის-მცემელნი სარწმუნოებით ჯუარისანი, შეგვიწყალენ სახიერო უფალო.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
იესო ტკბილო, ინებე რა ჩუენისა ცხოვრებისათვის ჯუარცმაჲ, იხილე გემო სიკუდილისა მწარისა, და მიხსენ მორწმუნენი მწარისა ჯოჯოხეთისაგან. ისმინე ვედრება ჩუენი და შეგვიწყალენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
კრეტსაბმელი ტაძრისა განიპო ჯუარცმასა შენსა უფალო, კლდენი განჰსქდეს და საფლავნი აღეხუნეს, გევედრებით ჩუენცა განგვიხვენ კარნი წყალობისანი კაცთ-მოყუარეო იესო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ლახურითა განგმერილი იხილე საყუარელი ძე შენი დედაო ღუთისაო, და ლახუარმან მწუხარებისამან განვლო სულსა შენსა. აწ ჩუენცა ლმობიერად გევედრებით, ლოცვითა შენითა ლხინება ჰყავ ჩუენთვის.
ღამითგანსა
აღვიმსთობთ და გიგალობთ შენ ქრისტე ღმერთო, რამეთუ ვჰპოებთ ჯვარითა შენითა მშვიდობასა და ცხოვრებასა, რომლითა განგვანათლენ და წარგვიძეღუ ნათელად წარუვალად.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
მზე და მთოვარე დაბნელდეს ჯუარცმასა მენსა მეუფეო, და მთანი შეშფოთნეს მრავლითა შიშითა, ხოლო ჩუენ მვედრებელთა მოგვფინე მადლით შარავანდედი სიწმიდისა.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ნაღვლისა გემო იხილე იესო ტკბილო, ნებსით ჯუარი და სიკვდილი დაითმინე ჩუენთვის, ნათელსა შენსა წარგვიძეღუ ნათელო ყოვლად-ბრწყინვალეო, და თუალთ-შეუდგამო.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ჰინდონი ეშმაკნი იოტნა ძალმან ჯუარისამან ყოვლად-ძლიერო, ჰინდნი და პართნი მოქცეულნი თაყუანისჰსცემენ ჰიაკინთ შეუნიერად მეწამულ ქმნილსა ჯუარსა შენსა პატიოსანსა.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ოდეს იხილე ჯუარცმული ძე შენი საყუარელო ქალწულო მარიამ, ოხვრით და სულთქმით ჰსცრემლეოდი გვიოხე ჩუენცა, რათა მოგვიხსენოს ოდეს მოვიდეს სუფევითა თვისითა.
ღაღადყავსა
ჯუარისა სამღთოსა ნიში გამოსახა იონა განპყრობითა ხელთათა, მუცელსა შინა ვეშაპისასა მხსნელო, და წარმოიგდო უვნებელად დაცული შეწევნითა შენითა.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
პირველითგანვე მასწავე ჯუარცმა შენი უფალო პირითა წინასწარ-მეტყუელთათა. აწ პირითა და გულითა ამბორს-უყოფთ პატიოსანსა ჯუარსა შენსა, და გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ჟამსა მეექუსესა ჯუარსა დაგსჭუალეს ჰურიათა ქველის-მოქმედი უფალი და ჟამსა მეცხრესა სული მამასა შეჰვედრე, გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენცა ჟამსა სულთ-ბრძოლისა ჩუენისასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
რომელმან ჯუარცმა და ტანჯუა დაითმინე ჩუენისა ცხოურებისათვის, რომელსა გნებავს ყოველთა კაცთა ცხოურება, ღირსმყუენ სასუფეველსა, რომელი განუმზადე მოყუარეთა. შენთა უფალო.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სალმობიერი სულთ ითქვემდი უსულოდ, რა იხილე ძე შენი საყუარელი ქალწულო, სულნიცა ჩუენნი შეიწყალენ სახიერისა ღუთისა - დედაო მარიამ გევედრებით.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა დ
რომელი ამაღლდი ნებსით ჯუარსა ზედა, მოსახელესა შენსა ახალსა მოქალაქობასა, წყალობანი შენნი მოგვანიჭენ ქრისტე ღმერთო, ახარე ძალითა შენითა კეთილ-მორწმუნესა ერსა ჩუენსა, და ძლევა მომადლე მას მბრძოლთა მიმართ, რომელსა თანაშემწედ აქუს შენი საჭურველი მშვიდობისა უძლეველი, საძლეველი ჯუარი შენი ყოვლად-ძლიერი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
მგალობელთა: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
დიაკონმან: თაყუანის ვჰსცემთ ადგილსა მას, სადა დაჰსდგენ ფერხნი მისნი.
მგალობელთა: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა, რამეთუ წმიდა არს.
დიაკონმან: აღამაღლებდით უფალსა ღმერთსა ჩუენსა.
მგალობელთა: და თაყუანის ჰსცემდით კუარცხლბეკსა ფერხთა მისთასა რამეთუ წმიდა არს.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება იოანესი
მას ჟამსა შინა, ჰურიათა მათ წარიყუანეს იესო, და ეკიდა თვით ჯუარი თვისი. და განვიდა ადგილსა მას თხემისასა, რომელსა ჰრქვიან გოლგოთა. და მუნ ჯაურს აცუეს იგი. და დაჰსწერა პილატე ფიცარი და დაჰსდუა ჯუარსა მას ზედა, და იყო წერილი ესრეთ, იესო ნაზარეველი მეუფე ჰურიათა. ხოლო ჰსდგეს ჯუარსა მასთანა იესოსა, დედა მისი, და დაი დედისა მისისა მარიამ კლეოპასი, და მარიამ მაგდალინელი. ხოლო იესო ვითარცა იხილა დედა თვისი, და მოწაფე იგი, რომელი უყვარდა წინაშე მდგომარენი, ჰრქუა დედასა: დედაკაცო, აჰა ძე შენი. და მერმე მოწაფესა მას ჰრქუა: აჰა დედა შენი. ამისა შემდგომად იხილა იესო, რამეთუ ყოველივე აღსრულებულ არს, მოიდრიკა თავი და განუტევა სული.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გიხაროდენ ჯუარო მფარველო ყოვლისა სოფლისაო. გიხაროდენ ჯუარო შვენიერებაო ეკკლესიათაო. გიხაროდენ ჯუარო სიმტკიცეო მეფეთაო. გიხაროდენ ჯუარო შემწეო მორწმუნეთაო. გიხაროდენ ჯუარო დიდებაო ანგელოსთაო, და შემმუსრველო ეშმაკთაო.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კურთხეულარსა
რომელმან შეუწველად დაიცუენ მაყუალნი, განჰკაცენ რა უფალო კაცთა ხსნისათვის, და ჯუარცმა ნებსით თავს-იდევ და ცხოურება მოგუმადლე ყოვლად ძლიერო, რომელი ხარ კურთხეულ მამათა ჩუენთა ღმერთო აწდა უკუნისამდე.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ტარიგი უმანკო ცოდვათა სოფლითა ამღებელო, ვითარცა ცხოვარი კვლად მიიგვარე ჯვარსა ზედა ტკბილო იესო. ნებსით ტანჯვითა შენითა, ტანჯვათაგან ჯოჯოხეთისათა გვიხსენ კაცთ-მოყვარე.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
უვნებელო ღუთაებითა და ვნებულო კაცებითა ქრისტე, უგალობთ და ვადიდებთ ჯუარცმასა შენსა სახიერ, და უფროსად გევედრებით შეგვიწყალენ უფალო მამათა ჩუენთაო, ვითარცა ხარ კაცთმოყუარე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ფიცარი დაწერილი დაჰსდვეს ჯუარსა შენსა ზედა უფალო, რამეთუ არა დაიცვეს ფიცარსა ზედა ღუთივ-წერილი ჰსჯული შენი, ხოლო ჩუენ ფრიად გევედრებით, მოგვიხსენე ვითარცა ავაზაკი სასუფეველსა შენსა მოწყალე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქლამიდით შემოსილი რა იხილე ქრისტე მეუფე, ქალწულო მარიამ, ქუეყანასა ცრემლით დაალტობდი, აწ მეოხ გვეყავ რათა გვიხსნეს ქუესკნელისაგან ჯოჯოხეთისა და შეგვიწყალნეს, ვითარცა ქანანელი იგი მვედრებელი.
აკურთხევდითსა
ჯურღმულსა მას შინა ლომთასა, დანიილ ჯუარის სახედ ხელნი რა განიპყრნა, შეუხებლად იხსნა იგი მათგან, და აღვირ ასხნა მძვინვარებასა მათსა, და აკურთხევდა იგი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ღმერთმან სახიერმან კაცთმოყუარებისათვის სიმდაბლე შეიმოსე, და ჯუარსა ზედა შემსჭუალულმან ღრუბლითა ბრმისა და ნაღვლისა გემო იხილე, გევედრებით ღირს მყუენ ღრუბლითა აღტაცებად ჰაერთა ზედა.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ყოვლად ტკბილო იესო და ყოვლად მოწყალეო უფალო, ჯუარსა ზედა რა ამაღლდი, ყოველნი შენდა მოიზიდენ, გევედრებით ყოველნი: ყურად-იხვენ ვედრება ჩუენი, და ყოველნი თანა მართალთა შეგვიწყალენ ჩუენცა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
შუენიერება შენი უფროს ძეთა კაცთასა, შეურაცხად იხილვა ჯუარსა ზედა დამოკიდებული ქრისტე, ჩუენ შევრდომით თაყუანის მცემელნი ჯუარისანი, გევედრებით შეგვინდუენ შეცოდებანი ჩუენნი მოწყალე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჩუენისა ცხოურებისათვის ჯუარცმული იესო, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე დედაო საყუარელო, გარნა შენ გოდებით ჰხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები ძეო ჩემო საყუარელო.
ადიდებდითსა
ჰოი დედაო და ქალწულო ღუთის-მშობელო, რომელმან ჰშევ უხრწნელად ქრისტე მეუფე ჩუენი და ჯუარითა ივნო ჩუენთვის, შენ ყოველნი მორწმუნენი ძისა შენისა თანა გადიდებთ.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ცრემლით და სულთქმით მდგომარე იყო, წინაშე ჯუარისა დედა შენი ქრისტე, და ჰხმობდა ცათა და ქუეყანისა შემოქმედო ძეო ჩემო სახიერო, შეიწყალე ადამიანნი ცთომისა მიერ დამონებულნი.
დიდება ჯუარსა შენსა უფალო.
ძრწოდეს ცა და ქუეყანა განუტევე რა სული შენი უფალო, ხოლო დედა საყუარელი ჰსცრემლეოდა და იტყოდა, შეიწყალენ დაბადებულნი შენნი, რომელნი თაყუანის-ჰსცემენ ჯუარსა შენსა ყოვლად-ძლიერსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წარვედ, წარვედ, გეტყოდა დედა შენი ძეო ჩემო საყუარელო, და აღმოიყუანენ წინასწარ-მეტყუელნი, და მართალნი, ხოლო მორწმუნენი ჯუარისა შენისანი წმიდასა წმიდათასა აღამაღლენ, და წიაღთა აბრაამისათა განუსვენე.
აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღუთის-მშობელო ქალწულო მარიამ, ჭუვილი ევასი დაიხსნა ჯუარცმითა ძისა შენისათა, ჩუენცა გევედრებით საუკუნისა ჭირისაგან განგუათავისუფლენ ვნებათა მიერ ჭირვეულნი.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ხისა მისგან ურჩებისა ადამ დაეცა, ხოლო შენ მეორემან ადამ ხესა ცხოურებისა ძელსა ჯუარისასა დამსჭუალვითა აღადგინე იგი, აწ ჩუენცა გევედრებით: ხსნილნი საუკუნოსა პატიჟთაგან, დაუსრულებელსა სიხარულსა ღირს-მყუენ, სახიერო უფალო.
ხელნი და ფერხნი შენნი დამჰსჭუალეს ჯუარსა ზედა იესო, ხოლო შენ ხმა-ჰყავ: მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა, აწ ჩუენცა გევედრებით: ხელთა შენთა შეივედრე სულნი ჩუენნი ქრისტე და ხელთაგან ჰაერის მცუელთასა გვიხსენ, რათა არა ხელით და ფეხით შეკრულნი მივეცნეთ ბნელსა გარესკნელსა.
ჯუარს გაცუეს ჰურიათა უფალო, საფლავსა დაგდვეს მორწმუნეთა, ხოლო ჩუენ ქრისტიანენი თაყუანის ვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად შუენიერსა, და გევედრებით: ჯუარითა შენითა ხსნილნი ჯოჯოხეთისაგან გვიზიარენ უოხჭნოსა დიდებასა შენსა მეუფეო.
ჰურიათა მიერ ჯუარცმულო იესო, ხელმწიფებით აღდგომილო, ანგელოსთაგან ღაღადებით ამაღლებულო, საყდართა ქერუბიმთასა განსვენებულო, და განჰსჯად სოფლისა მომავალო, გევედრებით მარჯუენით ნაწილსა ღირს მყუენ ჯუარისა შენისა თაყუანის მცემელნი.
ჰოი, ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო მარიამ, ჯუარცმასა ძისა შენისასა გელმოდა და აღდგომასა მისსა გიხაროდა, შენცა უზესთაეს სერაფიმთა აღგამაღლა ქრისტემან, და გევედრებით მეოხ გვეყავ, რათა ღირს ვიქმნეთ ყოველთა წმიდათა თანა დიდებისმეტყუელებასა ღუთისასა დაუსრულებელად.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი ყოვლად სახიერო მეუფეო ქრისტე, რომელმან ჯუარსა დიდებად შენდა სახელ ჰსდევ ჯუარითა ანგელოსნი განამხიარულენ, ჯუარითა ეშმაკნი დაჰსთრგუნენ, ჯუარითა ჯოჯოხეთი შემუსრენ, ჯუარითა სასუფეველი განგვიხვენ, ჯუარითა ზეცისა და ქუეყანისანი შეგვაერთენ, თაყუანისვჰსცემთ ჯუარსა შენსა ყოვლად პატიოსანსა, და შენ გევედრებით შეგვიწყალენ ჩუენ.
ჰოი ყოვლად ტკბილო იესო, რომელმან ღვთივ შუენიერითა შენითა ყოველი სოფელი განანათლე. ადიდე და აღამაღლე ღვთივ დაცული ერი ჩუენი. ჯუარითა შენითა ღუთივ ბრწყინვალითა განაბრწყინვე უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი, მცხეთა - თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ - აფხაზეთის მიტროპოლიტი, დიდი მეუფე, მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლად სამღუდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსანი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღუდელო და სამონოზნო წესნი. ჯუარითა შენითა ყოვლად ძლიერითა განაძლიერებენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. გევედრებით მაცხოვარო, დაგვიფარენ ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთაგან, ყოვლადპატიოსნითა და ცხოველსმყოფელითა ჯუარითა შენითა უძლეველითა.
ჰოი ყოვლად ძლიერო და ყოვლისა შემძლებელო უფალო, ჯუარისა შენისა ყოვლადპატიოსნისა გამომსახველნი შუბლსა და პირსა ზედა ჩუენსა, დაგვიფარენ ყოვლისაგან ვნებისა და მწუხარებისა, სულიერისა და ხორციელისა, და მოჰმადლე ეკლესიათა შუენიერება, ქრისტიანეთა განათლება, სათნოებით წარმატება, ზიარებით განბრწყინვება, და მშვიდობით მიცვალება და ანგელოსთა წინამძღურებითა მართალთა-თანა სავანეობა. ხოლო მეორედ მოსლვასა შენსა დიდებით, რაჟამს ღუთივ-შუენიერი ჯუარი ბრწყინვიდეს, სახილველად ურწმუნოთა, მაშინ ჩუენ მორწმუნენი და მოსავნი ჯუარისა შენისანი, ღირს-მყუენ ღრუბლითა აღტაცებად, სასუფეველსა დამკვიდრებად, და ანგელოსთა თანადიდებად, გალობად, და თაყუანისცემად შენდა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ყოვლისა ცხოურებისა ჩუენისა წინამძღვრად, და ყოვლისა საქმისა ჩუენისა ბეჭედად მოგვიგიეს ჯუარი შენი პატიოსანი, ყოვლადსახიერო მეუფეო, ვინაცა სარწმუნოებით თაყუანის ვჰსცემთ და სურვილით ამბორს უყოფთ ცხოველსმყოფელსა ჯუარსა შენსა კაცთმოყუარე, და გევედრებით მის შორის დამკვიდრებულითა მადლითა შენითა, დაგვიფარენ ყოველთაგან საბრხეთა და განსაცდელთაგან სულიერთა და ხორციელთა, სასოებით მოყუარენი ყოვლადდიდებულისა ჯუარისა შენისანი.
მეუფეო მეუფეთაო და უფალო უფლებათაო, საფარველითა დედოფლისა ჩუენისა ღვთისმშობელისათა, დაგვიფარენ ყოველთა განსაცდელთა და სნეულებათაგან, თაყუანის მცემელნი და გამომსახუელნი ჯუარისა შენისანი, რომელი კურთხეულ ხარ ყოვლადვე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.