მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ერთგულებამან შენმან და თავდადებამ, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო იოთამ, განაცვიფრა მეფჱ ქართველთაჲ, რამეთუ იჴსენ უეჭველისაგან სიკუდილისა, და ერი თჳსი განსაცდელთაგან, ხოლო რომელმანცა მოგცა შენ განზრახვაჲ კეთილი და მოგანიჭა სიმტკიცჱ და ძალი მეფისათჳს თავისა განწირვისა, მას ევედრე აწ, წმიდაო, რაჲთა განგუარინნეს ჩუენ საფრჴისაგან მტერისა და შინაგანცემისაგან მოყუასისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ერთგულებამან შენმან და თავდადებამ, ღუაწლით შემოსილო მხედარო უფლისაო იოთამ, განაცვიფრა მეფჱ ქართველთაჲ, რამეთუ იჴსენ უეჭველისაგან სიკუდილისა, და ერი თჳსი განსაცდელთაგან, ხოლო რომელმანცა მოგცა შენ განზრახვაჲ კეთილი და მოგანიჭა სიმტკიცჱ და ძალი მეფისათჳს თავისა განწირვისა, მას ევედრე აწ, წმიდაო, რაჲთა განგუარინნეს ჩუენ საფრჴისაგან მტერისა და შინაგანცემისაგან მოყუასისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაჲ 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლჱ მჴედრებითურთ ზღუასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხინეს სიმტკიცითა მკლავისაჲთა ქრისტეს მიერ და იჴსნეს ისრაელნი, და ძლევისა გალობასა ახლად იტყოდეს.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ერნი ზეცისა და ქუეყანისანი ერთობით ადიდებენ ჴსენებასა შენსა, ხოლო მოსავნი შენნი პატივს-გცემთ, ღმერთშემოსილო იოთამ, და მოგართუმევთ ძღუენსა ქებისასა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
შემწე დიდი გპოვა შენ ჭირთა შინა ერმან ქართველთამან, ღმრთივსანატრელო იოთამ, რამეთუ არავინ არს რომელი გხადოდეს შენ განსაცდელსა და არაჲ ჰპოვოს მსწრაფლ ნუგეშინისცემაჲ.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აზნაურსა კეთილმსახურსა გაქუნდა ერთგულებაჲ მამულისა და მეფისაჲ, და სიყუარული ეკლესიისაჲ და ერისაჲ, და იყავ მაქებელ ღმრთისაჲ. მას ევედრე აწ ჴსნად ჩუენდა ყოვლისაგან ჭირისა.
მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გუნდმან წინაჲსწარმეტყუელთამან წინაჲთ მოგასწავა შენ მთად საღმრთოდ და კარად განუვლელად, ამისთჳსცა გევედრებით: კარნი სინანულისანი საღმრთონი განგჳხუენ ჩუენ,
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოლადვე, კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთ-მოყუარე.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღზევდა რაჲ სამცხისა ათაბაგი, და განუდგა მეფესა და იღუწიდა, რაჲთა დაერღვია ერთობაჲ საქართველოჲსა, განრისხნა მეფე და საომრად წარემართა, რაჲთა შურ აგოს ათაბაგსა, გარნა შემოუჩინეს მოღალატენი, რაჲთა მოკლან ცხებული ღმრთისა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გესმა რაჲ განზრახვაჲ ორგულთაჲ, ამცნე მეფესა და არწმუნებდი განდომილებისათჳს მახლობელთა მისთასა, აწ ჩუენცა ნუ განგვაშორებ შეწევნასა შენსა და ერი ჩუენი, ქრისტჱს მოსახელჱ, დაიცევ ძალითა მისითა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ორგულთა კრებული მხილებულ იქმნა შენ მიერ, ღირსო იოთამ, გარნა მეფე არა ირწმუნებდა ღალატსა და შეგრისხვიდა, ხოლო შენ შერაცხე საქმჱ იგი სირცხვილად ერისა და დამხობად ერთობისა, და განიზრახე ჴსნაჲ მეფისაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარჯუენითა ქრისტჱსა მდგომარემან, ვითარცა დედოფალმან შემოსილმან, ღმრთივსახარულევანო, სამოსლითა ოქროვანითა, სუფევაჲ ზეციერი გჳთხოვე ჩუენ, მეოხებითა შენითა, ქალწულო, ყოვლადწმიდაო.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
ვითარცა კლდჱ და გოდოლი მტკიცე და ურღვეველი, იოთამ საკჳრველო, არა შეშინდი ზარისაგან წინაშე თუალთა შენთა მდგომარისა მის სიკუდილისა, არამედ გულსმოდგინედ აღასრულე წესი ღმრთივსულიერი და მჴურვალითა ზედა-მდგომელობითა დადე თავი შენი მეფისათჳს და მამულისა, რომლითა მიხვედ უკუდავებად, და სიხარულითა ღუაწლისა შენისაჲთა წმიდაჲ ეკლესიაჲ ქართველთაჲ განაბრწყინე შუენიერად.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: ესმა მოსლვაჲ შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხუედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ქრისტემან მოგცა განზრახვაჲ კეთილი და რქჳ: „მეფეო! უკეთუ მე დავწვე ქუეშაგსა შინა შენსა და მომკლან, ნუ დაივიწყებ ძეთა ჩემთა“. ამისთჳსცა შევნატრით თავდადებასა შენსა საკჳრველსა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
დაღათუ არა ჰგონებდა საფრჴესა მას ჭეშმარიტად, მოულბა გული მეფესა და გრქუა: „ესრეთ განწირავ თავსა თჳსსა სიკუდიდ მეფისათჳს შენისა?! და აქებდა ერთგულებასა შენსა საკჳრველსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სიმჴნისა და ახოვნებისა შენისათჳს შეგიწყნარა მეფემან დიდითა პატივითა, და გრქუა ვნებად მისრულსა: „დაღათუ არცაღა მრწმენა საფრჴჱ ეგე, შენდა მადლიერ ვარ და მოგანიჭებ მაღალსა მას დიდებულებასა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შემეწიე მე, წმიდაო ღმრთისმშობელო, გემოვნებითა მიერ ჴორციელთა მარადის დანთქმულსა, რომელი ესე ვკუნესი მარადღე მდებარე ცხედარსა ზედა მოწყინებისასა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლოჲ, მრავალმოწყალე.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ხჳდოდი რაჲ მცნებათა ღმრთისათა და სამართალთა მისთა, არცა-ღა უკუნ-იქეც დაობლებისათჳს შჳლთა თჳსთა, არამედ პატივი და დიდებაჲ დაუტევე, მოცემული შენდა წინაპარ-მამეულად - ერთგულებისათჳს მამულისა და მშჳდობით დაცვისათჳს ერთა თჳსთა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განაკჳრვა უკუე მეფჱ სიქუელემან შენმან და ყოვლისა სათხოველისა აღსრულებაჲ აღგითქუა რაჲ ფიცითა, გრქუა: „მარადის მეოხ და მფარველ ვექმნები ყოველთა ნათესავთა შენთა“.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
განბრწყინდა რაჲ ასპარეზი ძლევის მოყუარეთაჲ, რბიოდი გზასა მას იწროსა და საჭირველსა, და განემზადე სიკუდილისა დათმენად. აწცა თანა-წარგუჴადენ ეშმაკისა მიერ აღძრულნი განსაცდელნი მოსავთა შენთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელსა იგი ვერ მისწვდების გონებაჲ, ჴორცნი შეიმოსნა, ღმრთივმიმადლებულო, და შენ სამკჳდრებელად თჳსად შეგიწყნარა და იჴსნნა კაცნი.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: გარე-მომიცვეს ღელვათა, და მექმნა საფლავ მუცელი ვეშაპისაჲ, და გიღაღადებ: მიჴსენ მე, კაცთმოყუარე, და მაცხოვნე მე, მრავალმოწყალე უფალო.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განემზადე რაჲ შეწირვად თავისა თჳსისა - ბუნებასა კაცობრივსა ზეშთა ექმენი და ჴმა-ყავ სიბრძნითა და ახოვანებითა: „აწ მეცა მოვკუდე ნაცვლად ცხებულისა, რამეთუ ესრეთ სთნავს ღმერთსა, ჴსნისათჳს ერისა“.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
აღეგზენ სიყუარულითა სამშობლოჲსა ქუეყანისა და ანდერძად ამცნე შჳლთა შენთა, რაჲთამცა დასდონ თავი ერისათჳს თჳსისა და მამულისა, აწ გევედრებით, ღირსო, ერი შენი იჴსნენ ცოდვათაგან ბოროტთა და მრავალსახეთა განსაცდელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა რჩეულმან ღმრთისამან, ახოვანმან, მეფისათჳს თავის დადებითა იჴსენ ერი შენი ურვათაგან, ეგრეთვე აწ დაგვიფარე ყოველთაგან ვნებათა მაჭირვებელთა და ეშმაკის საფრჴისაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გულსა შენსა განვლო მახჳლმან, იხილე-რაჲ ჯუარსა ზედა ძჱ შენი, უბიწოო ქალწულო, და საღმრთოჲ გუერდი მისი ლახურისა მიერ მოწყლული და გოდებდ სიმწარით.
მიჴსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოჳვლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი. ხმა 2
დღესასწაულობს ივერთა ეკლესიაჲ პატიოსანსა ჴსენებასა შენსა, ახოვანო, და შემოკრებს შჳლთა ქართველთა ნათესავისათა, რომელნი ადიდებენ ღმრთივ-სათნოსა განზრახვასა შენსა, რამეთუ სახედ ექმენ ერსა შენსა, ვითარცა აღმასრულებელი უფლის მცნებისა: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რაჲთა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს თჳსისა“. ამისთჳსცა შემოკრებულნი ესე ღირსად შევამკობთ ქებით ჴსენებასა შენსა, წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ!
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ჴმაჲ 4: საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მგალობელთა: საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკჳრველ-არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა.
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თჳსთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთჳს საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაჲ სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა იოთამ ზედგენიძისაჲთა, მოწყალეო, აღჴოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: დაღათუ პირველვე უწყოდი სიკუდილი შენი, იოთამ საკჳრველო, დასდევ თავი შენი და სული ერისათჳს შენისა და მეფისა, და იჴსენ იგი ვნებისაგან და სიკუდილისა, ამისთჳსცა აღგძრავთ მეოხებად ღმრთისა მიმართ, მშჳდობით დაცვად ეკლესიათა და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა და ჴსნად ყოველთაგან ჭირთა და სალმობათა, რომელნი მოსავ ვართ ოხათა შენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან ღმერთმან მამათა ჩუენთამან საჴუმილი მოტყინარჱ ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ღამესა მას შემოხდენ რაჲ ორგულნი კარავსა მეფისასა, ლოცვითა და სარწმუნოებითა აღჭურვილი უფალსა შეჰვედრებდი სულსა შენსა და ჴმა-ყოფდი: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
გიხილეს რაჲ მწოლარჱ სარეცელსა ზედა, ჰგონებდეს ღმღთივცხებულსა, და ვითარცა ცხოვარი დაგკლნეს რაჲ მახჳლითა, შენ გულსა შინა ღაღადებდი: „ღმერთო, შენ კურთხეულ ხარ“.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
მეფისათჳს მიეც რაჲ ცხორებაჲ შენი მოკუდავი, უკუდავისაგან მეუფისა ჯილდოდ მიიღე გჳრგჳნი წმიდა აღმსაარებლობისა. აწცა იმეოხე წინაშე მისა, დანერგოს ჩუენ შორის მოძაგებაჲ ცოდვისაჲ და სიყუარული სათნოებისაჲ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
აღმოგჳბრწყინდა ჩუენ შენ მიერ მზე იგი დაუღამებელი, ღრუბელო ბრწყინვალეო, ქრისტე ღმერთი ჩუენი, განმანათლებელი უმეცრებისა ბნელსა შინა მყოფთა, ღმრთისმშობელო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შენ, მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა გალობაჲ სულიერი გიღაღადეს ყრმათა: „ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ცისკარსა მას მიისწრაფდა მეფჱ კარავსა თჳსსა, და იხილა რაჲ გვამი შენი დაჩხვეპილი ლახურითა, მწუხარე იქმნა დიდად, და ორგულნი თჳსნი შეიპყრნა და არცა-ვინ განერა ჴელთაგან მისთა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
ყავ რაჲ სათნოებაჲ მაღალი და განსათქმელი და ღირსი ყოვლისა შესხმისა, აღიძრა მეფე მადლიერებითა და მოუწოდა რაჲ ძეთა შენთა, აღავსო წყალობითა და მიანიჭა მათ სპასპეტობაჲ ქართლისაჲ და ამილახორობაჲ სამეფო კარისაჲ.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
კეთილად შეიწყნარეს რაჲ პატივი ესე შჳლთა შენთა, გულსმოდგინებითა მსახურებდენ მეფესა და ერსა, და გმადლობდენ შენ, აზნაურობისა პატივისა თავადურითა შემცვალებელსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სამართლად პატივს გცემენ შენ და იქადიან ზედგენიძენი ამილახუართა თანა და გმადლობენ შენ, წმიდაო, სახელოვანსა და ყოვლად დიდებულსა წინაპარსა, ვითარცა მიზეზსა ამაღლებისა მათისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ მიერ ჩუენთჳს ჴორცშემოსილმან ღმერთმან, შენ, წმიდაჲ და ყოვლად უბიწოჲ, ყოვლისა ნათესავისა ჩუენისა საღმრთო შუამდგომელ გამოგაჩინა, ქალწულო, ამისთჳს მორწმუნენი ჴმა-მაღლად გიგალობთ შენ.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ესაჲა, მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, და შვა ძჱ დაუსაბამოჲ ევმანუელ, ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი. მას ვადიდებდეთ, და რომელმან შვა იგი, ვნატრიდეთ.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
მოჰხედა მაღალმან მსხვერპლთა შენთა უბიწოთა, ვითარცა აბელისთა, და ვითარცა ენუქ მართალი, სათნო ეყავ ღმერთსა, მას ევედრე აწ, მჴნეო იოთამ, რაჲთა მოგვცეს ჩუენ გული გონიერი და ბრძენი, გულისჴმის-ყოფად კეთილისა და ბოროტისა.
წმიდაო, მეფისათჳს თავდადებულო იოთამ, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს.
განადიდე რაჲ სახელი შენი და გვარ-ტომობაჲ სათნოყოფითა ღმრთისაჲთა, ივერთა ეკლესიამან წმიდანად დაგადგინა, და სადიდებელი შენი და მოხსენიებაჲ სამწყსოთა მისთა განგვიჩინა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გუესმა რაჲ საქმენი შენნი, სანატრელო, დიდებასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმანცა გამოგვიჩინა ჩუენ ეგევითარი წინაპარი და გნატრით შენ, ვითარცა სჳნდისსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ სასანთლედ ბრწყინვალედ წინაჲსწარმეტყუელმან წინაჲთ გიხილა, ყოვლადუბიწოო, მქონებელი ქრისტჱს, გონიერისა მის სანთლისა, რომლისა მიერ განვნათლდით ჩუენ სიბნელესა შინა ვნებათასა მდებარენი, ამისთჳს გნატრით შენ, ღმრთისმშობელო, მარადის ქალწულო.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: ვის არა უკჳრდეს თავგანწირვაჲ შენი, სამგზის სანატრელო იოთამ, ანუ ვინ არა უგალობდეს ქრისტესა, ესევითარისა ძლიერებისა შენდა მომცემელსა, რომლისა მიერ დადე თავი მეფისათჳს, და ერი თჳსი და მამული იჴსენ საფრჴისაგან, ხოლო რომელნი ესე მეოხად მოგიგებთ შენ, ახოვანო, ნუ მიგვაქცევ სირცხვილეულთა, არამედ მოწყალე ჰყავ ღმერთი ჩუენზედა, რაჲთა აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, და წარგჳმართოს გზასა წრფელსა და მართალსა.
შენ, დიდებულო იოთამ, შეუერთდი რაჲ დიდებულსა მწყობრსა სჯულისა და ქუეყანისათჳს თავდადებულთა მამა-პაპათასა, მოიღე ჴელმწიფებაჲ ეშმაკთა ოტებისაჲ და უძლურთა კურნებისაჲ, აწცა ნუ დასცხრები ვედრებად ქრისტჱს მიმართ, რაჲთა დაშრიტოს საზეპუროსა ერსა ჩუენსა ზედა აღძრული საიდუმლოჲ იგი უშჯულოებისაჲ და მოგუმადლოს ჩუენ ღირსნი მამანი და ბრძენნი წინამძღუარნი, რაჲთა არა სრულიად განიხრწნას საქართველოჲ - წილხვედრი ესე ქუეყანაჲ ღმრთისმშობლისაჲ.
არა დაინთქა თავდადებაჲ შენი საკჳრველი სიღრმესა დავიწყებისასა, რამეთუ ძველნი მატიანენი გვაუწყებენ, თუ ვითარ მოკლულ იქმენ ნაცვლად მეფისა, აწ არღარა გჳვის მთავარ და წინამძღუარ და არცაღა ძალგვიძს წინა-აღდგომად ურიცხუთა მათ მტერთა ჩუენთა, არამედ მოწყალე-ჰყავ ჩუენ ზედა მართლ-მსაჯული იგი უფალი, რაჲთა გჳჴსნნეს მოწევნადთა ჭირთა და ურვათაგან.
დიდად მჴნედ და ერთგულად გამოჩნდი შენ, ყოვლად ქებულო იოთამ, განაქარვე რაჲ განზრახვაჲ ორგულთა მათ ერისათა, აწ გჳოხე უფლისა მიმართ და გჳთხოვე, რაჲთა გარე წარაქციოს რისხვაჲ აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისაგან ცოდვათა ჩუენთასა, და ლაზარესაებრ აღგჳდგინოს მამული ჩუენი - საქართველო - პირველსავე დიდებასა, რაჲთა არა დასათრგუნველ ვიქმნეთ მარბიელთა უცხოთა ტომთა და ნათესავთაგან და გჳჴსნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან.
ჵ, ახოვანო და უძლეველო, ქრისტეს მჴედარო იოთამ, ვითარცა ძუელად აჩუენე საკჳრველი მფარველობაჲ ერსა შენსა, ეგრეთვე აწ შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, ქალწულსა მარიამს, რაჲთა არა ვიქმნეთ საყუედრელ და საცინელ მტერთა ჩუენთა, არამედ მამულისა ჩუენისა კაცთა წესისაებრ, სამ-წმიდა-არსობისა გალობითა ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
ლოცვა მუხლმოდრეკით სათქმელი
ჵ, ქრისტეს მოწამეთა თანა მითუალულო მჴედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ყოველთა ქართველთა ზღუდეო და საფარველო, ღმრთივსანატრელო იოთამ!
ჵ, ქრისტეს მოწამეთა თანა მითუალულო მჴედარო ბრწყინვალეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ჴელის აღმპყრობელო, მვედრებელთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ყოველთა ქართველთა ზღუდეო და საფარველო, ღმრთივსანატრელო იოთამ!
ჵ, ჴრმლითა უწყალოდ დაგმერილო და ნაცულად მეფისა ვნებულო, ღუაწლისა-მძლეო დიდო მხედარო იოთამ! რომელსა ქრისტჱსგან მოგიღებიეს მადლი შეწევნისაჲ, აწ ყურად-იღე აწ ლოცვანი ჩუენნი და მოგჳჴსენე წინაშე მისსა, რაჲთა კადნიერებაჲ მათი შეჰმუსროს, რომელნი უღმრთოებით აღჭურვილ არიან მართლმორწმუნეთა ზედა, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას ივერიაჲ ჴდომისაგან მტერთა და ორგულთაჲსა, ხოლო ყოველთა მკჳდრთა მისთა მოგუმადლოს შენებრ მჴურვალებაჲ სარწმუნოებისაჲ, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაჲ და საღმრთოჲ მოშურნეობაჲ მამულისაჲ, და თჳნიერ შებრკოლებისა აღგჳდგინოს ძირისაგან დავითისა, ცხებული ღმრთისაჲ, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს ყოველთა სამზღუართა საქართველოჲსასა და აღამაღლებს და აღადგენს სიმაღლესა და ძლიერებასა ჩუენსა ქუეყანით დავიწყებისაჲთ, რაჲთა ვიყოთ ერთ სამწყსო და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი მამაჲ ჩვენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მჴედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტესმოყუარე მჴედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჵ, მეფისათჳს თავისა დამდებელო და მამულისა და ერისა შენისა საფრჴისაგან დამფარველო, ქრისტეს მხედარო იოთამ! მოწამეობრივითა კადნიერებითა იმეოხენ წინაშე ღმრთისა, მოიხილოს ჩუენ ზედა, რომელთა არა გუაქუს სიტყჳსგებაჲ წინაშე მისა და მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაჲ, სამღდელოთა პატიოსნებაჲ, მთავართა კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა მამაცობაჲ, ერისაგანთა უცოდველობაჲ და დედათა კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაჲ, სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხოვრებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, წმიდათა თანა გჳრგჳნოსნებაჲ და ცათა სასუფეველისა დამკჳდრებაჲ, რაჲთა ჩუენცა შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
<ხატისა მისისა მთხუევასა ზედა ვგალობთ ესრეთ: ჴმაჲ 4
ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, ახოვანო, ღმერთშემოსილო იოთამ! კრძალვით შეუვრდებით წმიდასა ხატსა შენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, რამეთუ კადნიერებაჲ გაქუს წინაშე ღმრთისა, გვითხოვე, რაჲთა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთაგან განსაცდელთა სულიერთა და ჴორციელთა და ღირს ვიქმნნეთ სასუფეველსა ცათასა.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, ლოცვითა წმიდისა იოთამ ზედგენისაჲთა წარგჳმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა