მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ზრუნვაი შენი სამწყსოისა შენისათვის ჟამსა მწირობისა მისისასა, და ლოცვანი შენნი, ყოვლისა სოფლისათვის დღითა და ღამითა აღვლენილნი, აღიწეოდა ღმრთისა მიმართ, და ჩუენცა ვსცანთ რაი სიყუარული შენი, წმიდაო განმანათლებელო იოანე, ღმრთისა მიერ მარადის განწმედილი წმიდათა საიდუმლოთა აღსრულებითა, მსწრაფლ მიივლტოდი რაი ტანჯულთა მიმართ, მკურნალო სახარულევანო, მხურვალედ გევედრებით: მოსწრაფე იქმენ შეწევნად ჩუენდა, რომელნი პატივის-გცემთ ყოვლითა გულითა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვითარცა ვარსკვლავი სულიერი სამყაროსა ცათასა, მოვლე ყოველი ქუეყანაი და განანათლე რაი სულნი კაცთანი, აღმოსავალსა და დასავალსა იქების სახელი შენი, რამეთუ ბრწყინავ შენ სიმართლისა მზისა მადლითა, იოანე, მწყემსო ჩუენი საყუარელო, და არა დასცხრები ვედრებად ქრისტეს ღმრთისა მიმართ ჩუენისა, რაითა შეიწყალნეს სულნი ჩუენნი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მწყემსობითა მოციქულებრითა მტკიცედ ჰგიებდი რაი მართალსა ზედა სარწმუნოებასა, ნათელნი ქადაგებათა შენთანი სახედ შარავანდედთა განჰფინენ უცხოთა ქუეყანათა, და გულნი მრავალთანი აღავსენ მდინარეთაგან მადლისა შენისაისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნეტარ ხარ შენ, მთავარეპისკოპოსო იოანე, რომელი იქმენ მეგობარ ქრისტე ღმრთისა, წმიდაი და უბიწოი ყოველთა შეგინებათა და საქმეთაგან ბოროტთა, და გამოუჩნდი ნათლად და სვეტად ჭეშმარიტებისა მრავალთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, იქმენ მოძღუარ და წარმმართებელ მღდელთა და მონაზონთა, ნეტარო იოანე, და ტკბილი მამაი გლახაკთა, ობოლთა და ტანჯულთაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაითა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იშევ რაი მშობელთაგან კეთილმსახურთა, დასაბამსავე სიყრმისა შენისასა აღვსებულ იყავ სიყუარულითა ღმრთისაითა, ეგრეთვე აწ განამტკიცე გულნი ჩუენნი ქრისტეს სარწმუნოებასა შინა, და მოგვანიჭე მადლი მოწყალებისაი.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი ღმრთისმეტყველებასა შინა ბელგრადსა, რუსთა ეკლესიასა შინა ერთგულად მსახურებდი უფალსა, და ბერად აღგკვეცეს რაი, ღირსო, ვითარცა დაუცხრომელი მოღუაწეი, გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
უწყოდენ რაი სიბრძნეი შენი და განსწავლულობაი, დაგადგინეს მასწავლელად საღმრთოისა სჯულისა, და დაუცხრომელად იღუწიდი რაი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…
წარდგომა, ხმა 8
ღმრთივგანბრძნობილად გამოსჩნდი შენ, ჰოი, კურთხეულო ძალითა მაღლისაითა, და ქრისტეის ეკლესიაი შეამკევ რაი ქადაგებითა და მოძღურებითა, ერნი ზეცისა და ქუეყანისანი ერთობითა ადიდებენ ხსენებასა შენსა, და აჰა, აწ ჩუენცა ვაქებთ საღმრთოსა მას მოქალაქობასა, რომელ აღასრულე ქუეყანასა ზედა და საკვირველსა სიმდაბლესა და დიდთა მათ ნიშთა და სასწაულთა შენთა, და გევედრებით: ნუ განგვაშორებ სიწმიდისა შენისა ძალსა და შეწევნასა, რაითა ვპოოთ განსუენებაი და შუებაი წარუვალი მოსავთა შენთა და მვედრებელთა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ევლტოდი რაი კაცობრივსა მას დიდებასა, შორად განაყენე თავი თვისი მღდელმთავრად კურთხევასა, ამცნებდი რაი ხორციელთა უძლურებათა შენთა, გარნა ხელდასხმულ იქმენ ებისკოპოსად და მარადის სიბრძნითა ჰმტვირთველობდი ჯუარსა შენსა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დაგადგინეს რაი მწყემსმთავრად შანხაისა, იტყოდი: „კაცთათვის მსახურებაი, მსახურებაა ღმრთისაი“, და მოჰკრებდი რაი ობოლთა და მშიერთა, გამოზრდიდი და განსწავლიდი სათნოებათა შინა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ღამეთა და დღეთა განლევდი რაი ლოცვასა და მღვიძარებასა შინა, დღეყოველ აღასრულებდი ღმრთისმსახურებასა, და მრავალგზის გიხილეს განბრწყინებული უნათლეს მზისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ღმრთისმეტყუელებასა შინა განსწავლული აღმოადენდი რაი მაცხოვნებელთა მათ სწავლათა, განითქუა სიწმიდეი შენი ყოველსა ქუეყანასა, და მრავალნი გევედრებოდენ მეოხებასა წინაშე ღმრთისა და წმიდისა დედისა მისისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სჯულიერებითა და სიმდაბლითა შეესწორე რაი ძუელთა მათ ღმრთისმსახურთა მამათა, სიმხნითა გონებისაითა და უმანკოებითა გულისაითა შეჭურვილი ილოცვიდი სამწყსოისათვის შენისა, აწ ჩუენცა მეოხ-გყოფთ ღმრთისა მიმართ, გვიხსნნეს ყოვლისაგან ძვირისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სამწყსოისა თანა განევლტოდი რაი ღმრთისმბრძოლსა მას მთავრობასა ჩინეთისასა, დაემკვიდრეთ მახლობელსა მას კუნძულსა ფილიპინებისასა, და მხურვალითა ლოცვითა განაქარვებდი საფრხეთა ღელვათა და ქარიშხალთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო წმიდაო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ყოვლად წმიდაო.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გენება რაი ხსნაი სამწყსოისა შენისა განსაცდელთაგან, გარდიყვანე ამერიკას დიდითა ღვაწლითა, და ჰმწყსიდი კეთილად, გარნა წაგგზავნეს შენ მთავარეპისკოპოსად დასავლეთ ევროპისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
დამკვიდრდი რაი პარიზსა, მწყსიდი, ვითარცა სლავთა, ეგრეთცა სხუათა სამრევლოთა, და ენათა მათსა ზედა ქადაგებდი და აღასრულებდი რაი ლოცვათა, ყოველთა აღძრვიდი დიდებად ღმრთისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გამოსჩნდი რაი შემწედ სამწყსოისა შენისა ჭირთა და განსაცდელთა შინა, წმინდანად გრაცხვიდენ შენ მრავალნი და მადლობდენ ღმერთსა, წმიდათა შორის საკვირველსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცათა უვრცელეს იქმნა საშოი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.
გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…
კონდაკი, ხმაი 4
მწყემსმთავარსა ქრისტესა შედგომილი, ურჩეულესად გამოსჩნდი შორის განმანათლებელთასა, და გაქუნდა რაი დაუცხრომელი ზრუნვაი სამწყსოისათვის შენისა, იხსენ ცხოვარნი შენნი უღმრთოთა მიერ წარწყმედისაგან, და განუჩინე რაი მშვიდობითი მისავლტოლველი, ნეტარო იოანე, განკურნებდი ყოველთა უძლურებათა მათთა, სულიერთა და ხორციელთაცა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ქრისტესა, რაითა აცხოვნოს სულნი ჩუენნი, რომელნი ესე შეუვრდებით პატიოსანთა ნაწილთა შენთა.
იკოსი, ხმაი 4
გამოგირჩია რაი უფალმან მწყემსმთავრად სამწყსოთა თვისთა, უცხოობასა შინა და ჟამსა მას მწირობისასა, დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდი მათ შორის ცეცხლსა სარწმუნოებისასა, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლოს მწყემსნი და მოძღუარნი, შემკობილნი საქმითა და სიტყვითა, რაითა შენებრ ღირსებითა და სიმართლითა მსახურებდენ ეკლესიასა და ერსა, და ყოველთა აღძრვიდენ დიდებად ღმრთისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
დიაკონმან: პირმან მართლისამან იწუართოს სიბრძნეი და ენაი მისი იტყოდის მსჯავრსა.
მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.
დიაკონმან: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე
მგალობელთა: და წმიდანი შენნი იხარებდენ.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მღდელმთავრისა იოანეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: აღხვედ რაი მაღალსა მას კიბესა მღდელმთავრობისასა, ყოველნი განაკვირვე სულისა სიწრფელითა, და მრავალნი მოაქციე სარწმუნოებად ქრისტეის ღმრთისა მიმართ, აწ გვითხოვე მისგან მშვიდობით დაცვაი ყოვლისა სოფლისაი, და ერისა ჩუენისათვის ძლევაი ჯუარითა ყოველთა მტერთა ზედა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი, და მადლი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოისა მძლავრისამან უფროისად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოიძიე რაი საქმენი წმიდათაი, ვიდრე განყოფამდე რომის ეკლესიასა შინა მოღუაწეთაი, აღადგინე თაყვანისცემაი მათი ეკლესიასა შინა, და აწ მათთანა მდგომარემან წინაშე ღმრთისა, გვითხოვე აწ, მოგვანიჭოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ხატ იქმენ რაი ყოველთათვის ღმრთისმოსავობისა და სიწმიდისა, დაგადგინეს შენ, წმიდაო, მმართველად სან-ფრანცისკოს ეპარქიისა, და არა იზარებდი სლვად და მოხილვად სამწყსოისა შენისა, რაითა არავინ დაშთეს შეუწევნელად და უსმენელად საღმრთოისა მოძღურებისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მწყემსისა კეთილისა იქმენ რაი სარწმუნოი მწყემსმთავარ, და მზრდელად და მწედ უქონელთა და ღატაკთა, ქრისტეის მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა შეეწიონ ნაკლულევანთა და თუალუხვავად ამხილებდი მძლავრთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, გამოიღე ტევანი ცხორებისაი, ღმრთისა დედაო, და გვიწდიე ღვინოი წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაი, დამხსნელი სიმთრვალისა ბოროტისაი.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
აღაშენე რაი ტაძარი ღმრთისმშობლის ხატისაი – „ყოველთა მწუხარეთა სიხარული“, უძლურთათვის იქმნა იგი მიზეზ კურნებისაი, გარნა ცილი დაგწამეს მართალსა შურითა საეშმაკოითა, და წარგადგინეს შენ წინაშე სამსჯავროისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განგამართლა რაი მსაჯულმან მადლითა ღმრთისაითა, არცხვინა ბოროტთა მათ ცილისმწამებელთა, და საღმრთოი სიხარული მოჰფინა პატივისმცემელთა შენთა, ეგრეთვე აწ იხსენ ერი ჩუენი წინააღმდგომთაგან და სძლე ურიცხუთა მათ მბრძოლთა ჩუენთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სჯული ღმრთისაი გაქუნდა რაი გულსა შენსა ყოველსა ჟამსა, ბნელსა შინა ურწმუნოებისასა მსხდომარენი განანათლე ნათლითა სახარებისაითა, და ურიცხვი სული გამოიხსენ წარწყმედისაგან, აწ ჩუენცა დაგვიფარე სავნებელთაგან სულიერთა და ხორციელთაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, დედოფალო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, ყოვლად საგალობელო.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოსჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სიწმიდითა განვლე რაი საწუთოი, გეუწყა ჟამი მიცვალებისა შენისაი, და წინაითვე ამცნე რაი მოწაფესა შენსა, აღესრულე მუხლთდადგმითა მლოცველი, წინაშე „კურსკ-კორენისა ღმრთისმშობლისა“, და სულსა შენსა წარუძღვა იგი წინაშე ღმრთისა.
წმიდაო მღდელმთავარო იოანე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ყოველსა ქუეყანასა განითქუა რაი მიცვალებაი შენი, წმიდაო, სამწყსოი შენი გეთხოვებოდა ცრემლთა დინებითა, და ლოცვითა და გალობითა დაგკრძალეს რაი საძვალესა, შენ მიერ აღშენებულისა ტაძრისასა, მყის შეეწეოდი ყოველთა შენდა მოლტოლვილთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
იქმნა რაი საფლავი შენი უძლურთათვის საუნჯედ მადლისა და წყაროდ კურნებათა, განითქუა სახელი შენი, ვითარცა საკვირველმოქმედისა მამისაი, და წმიდათა თანა შეგრაცხა რაი ეკლესიამან, ნეტარო, უხრწნელი ნეშტი შენი ლუსკუმითა დააბრძანეს ტაძარსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივ-მიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა – ყოვლისა სოფლისა სასოისა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღდელმან აკმიოს:
მკითხველმან: განბრწყინდა რაი საღმრთოი მოქალაქობაი შენი, ყოვლად სანატრელო, იხარებს სან-ფრანცისკო, რამეთუ საუნჯედ საღმრთოდ უპყრიეს სამარტვილოი შენი, რომელსა შინა მდებარენი წმიდანი ნაწილნი შენნი უშურველად აღმოაცენებენ მადლსა ჭეშმარიტსა, და ყოველთა აღადგინებენ დიდებად ღმრთისა, რომელმან-იგი სამართლად გადიდა შენ ცხორებასაცა და შემდგომად სიკუდილისა, და საკვირველთმოქმედებითა და ნიშთა სიმრავლითა პატივ-გცა.
მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწყემსობისაი, აჩუენე ყოველთა შუენიერებაი თავისა თვისისა ღმრთისად მიძღუანებისაი, ღირსო, და აღმაღლდი რაი ხორცთაგან მისა მიმართ, ძილსა შინა განუცხადე მოწაფესა შენსა: „დაღაცათუ მოვკუდი, გარნა ცხოელ ვარ“, და აწ წმიდათა დასთა თანა შერთული განსაცდელთაგან იხსნი ურვათა და კრულებათა შინა მყოფთა და ლხინებასა მიანიჭებ მვედრებელთა შენთა.
ვარსკულავად ელვარედ და უფლისა დიდებისა ქადაგად მოემადლე რაი ღმრთისა დავიწყებითა დაბნელებულსა ქუეყანასა, ასკეტურითა ცხორებითა შენითა ყოველთა უჩვენე სიმაღლეი სიმდაბლისაი, ღმრთივგანბრძნობილო, და სახე ექმენ სამწყსოსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა – ქრისტეისა, მას ევედრე, რაითა შეგვიწყალოს და გვიხსნას ყოვლისაგან საფრხისა ეშმაკისა და ბოროტებისაგან კაცთაისა.
ვიდოდი რაი უხამლოდ, ღირსად სანატრელო, აბრაჰამისა მსგავსად მოღუაწე იყავ უცხოთა და გლახაკთა, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა შეგვჭუროს ბრძოლად და დათრგუნვად ჩუენ ზედა აღდგომილთა ურიცხუთა მტერთა და წინააღმდგომთა სჯულისა და სიწმიდისათა, და კვალად აღგვიდგინოს ერთობაი ქუეყანისა ჩუენისაი და ღმრთივდაცულობაი საზღვართა მისთა.
ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და ვიდრე აღსრულებადმდე საუკუნისა დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და ერი ივერიისაი, რაითა განვერნეთ ყოველთა ცნობის მიმხდელთა და წარწყმედელთა მათ ვნებათა და უკეთურებათა და სამწმიდაარსობისა გალობითა მარადის ვადიდებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო იოანე განმანათლებელო და საკვირველმოქმედო, უძლურთა მკურნალო და ჭირვეულთა მსწრაფლ-შემწეო, გლახაკთა და უპოვართა ნუგეშინისმცემელო და ქურივთა და ობოლთა გამომზრდელო; უსწავლელთა მასწავლელო და სიბრძნისა მომცემელო; მართლმორწმუნეთა შემწეო და შესავედრებელო!
ჰოი, ქრისტეის სამწყსოთა დიდო მწყემსმთავარო, წმიდაო იოანე შანხაელო, ნაკუერცხალთა მიერ სულისა წმიდისათა აღეგზე, და სასოებითა მსახურე რაი ღმერთსა, მისა მიმართ მიგავლენთ აწ მეოხად, რაითა მოგვიტევოს ურიცხუნი ცოდვანი ჩუენნი და გვიხსნნეს ეშმაკის სიცბილისაგან და მძლავრებისა; საჯოს მაჭირვებელთა და ბრძოდეს მბრძოლთა მათ ჩუენთა და ერი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან, ხოლო მართლაღსარებითა დამტკიცებული ეკლესიაი თვისი და ყოველნი შვილნი მისნი დაგვიცვას შეუძრველად, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა აღვიარებდეთ ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა.
ჰოი, მღდელმთავართა სამკაულო, და მამათა სიქადულო, თავო მონაზონთაო და წინამძღუარო მართლმადიდებელთაო, ყოვლად ნეტარო იოანე, აწ აღავლინე ღმრთისა მიმართ მრავლისაშემძლებელი ლოცვაი შენი და ევედრე ყოვლადმოწყალესა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ მოგვანიჭოს აღსარებითა შემუსრვაი სულისაი და სინანულითა განწმედაი გულისაი, რაითა შუენიერებათა მათ ზეცისათა მივემთხვივნეთ და შენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ზეგარდამოითა ნათლითა ჰბრწყინავ, ჰოი, მწყემსო კეთილო, სათნო-მყოფელო ღმრთისაო იოანე, და მიჰმადლებ სათხოვართა კეთილად აღსრულებასა, ვინაიცა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა, სადაით-იგი აღმოდის კურნებათა საღმრთოი მდინარეი და გევედრებით: ვითარცა გაქუს კადნიერებაი მამობრივი, ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნე და დაგვიფარე ყოველთა გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საფრხეთაგან.
დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა შანხაისა და სან-ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა წმიდისა იოანე განმანათლებლისა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა. ამინ!
შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა