მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა გაბრიელისა, იმერეთის ეპისკოპოსისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

  სოფელსა შინა მწუხარებაი დაითმინე, ხოლო ქრისტეის თანა მშვიდობაი შეიძინე, სიტყვითა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  სოფელსა შინა მწუხარებაი დაითმინე, ხოლო ქრისტეის თანა მშვიდობაი შეიძინე, სიტყვითა შენითა ქართველთა ერი განანათლე და უპოვარებისა საუნჯენი მას შინა განამრავლე, ღუაწლით შემოსილო წმიდაო მღდელმთავარო გაბრიელ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა

 

ძლისპირი: ღელვათა დაანთქა პირველად ფარაო ეტლებითურთ და აღჭურვილით ძლიერად სპარაზენით სიტყუამან მამისამან, რომელი განხორციელდა ჩუენ ცოდვილთათვის, რომელსა უგალობთ: ღმერთო დიდებულო, დიდებულ-ხარ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოღუაწებამან შენმან, წმიდაო, აღაორძინა ივერთა ეკლესიაი და განამტკიცა ერი ჩუენი სარწმუნოებასა შინა, იმეოხე აწ ღმრთისა მიმართ, რაითა განწმიდოს გულნი და გონებაი ჩუენი და აღგვავსოს მღვიძარებითა საღმრთოითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღმოსცენდი რაი ძირთაგან სამღდელოთა, სანატრელო, აღიზრდებოდი სიყუარულსა შინა ღმრთისასა, და განისწავლე რაი წიგნთაგან ღმრთივ-სულიერთა, წარემატებოდი საეროთა და საფილოსოფოსოთა მეცნიერებათაცა შინა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ჭურად რჩეულად გამოგირჩია რაი ქრისტემან ღმერთმან, მამაო, აღგავსო სიბრძნითა საღმრთოითა, და მადლი გულისხმისყოფისაი უხუად მოგანიჭა. აწ განაშორენ სილაღეი და ამპარტავნებაი გონებისაგან ჩემისა და მაუწყე გზაი კეთილად მსახურებისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ყოვლად წმიდაო სძალო, უხრწნელო, განანათლე და წმიდა ჰყავ გულისსიტყუაი და სული ჩემი, გევედრები, და განსდევნე არმური უგუნურებისა ჩემისაი და წყუდიადი ცოდვათა მათ ჩემთაი, რაითა ჯეროვნად გიგალობდე შენ.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა და ახარე სულსა ჩემსა, რაითა ხმა-ვჰყო შენდა მიმართ, მხოლოო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენსა გარეშე, ღმრთისა ჩემისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

დიდითა სიმდაბლითა და სიმართლითა მარადის იქცეოდი რაი წინაშე ღმრთისა, მწყემსად და მასწავლელად დაგადგინეს სასწავლებელსა შინა, სადა იგი დაუცხრომელად იღუწიდი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა და გამოსჩნდი სუეტად კეთილმსახურებისად.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოწოდებულ იყავ რაი მსახურებად ღმრთისა, ხელდასხმულ იქმენ მღდელად, ნეტარო, და არცაღ დაუტევე რაი მოწაფენი შენნი, მსგავსად ბრძენისა მის მიწისმოქმედისა, განჰმზადებდი გონებასა მათსა შეწყნარებად ღმრთისმეცნიერებისა წმიდისა თესლისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, სხუათაცა გადასცემდი სწავლასა სჯულისასა, და აღსძარცვიდი რაი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა. მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა. აწ ჩუენცა გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა განმარინნეს უმეცრებისაგან.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

განჰკურნენ წყლულებანი სულისა ჩემისანი, და გონებაი ჩემი, დაბნელებული უდებებითა, განანათლე, ღმრთისმშობელო, რაითა გიგალობდე: არავინ არს წმიდაი შენებრ, უბიწოო, და უხრწნელ შენსა გარეშე, დედოფალო.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაი… აწდა…

 

წარდგომა, ხმა 4

 

  მამად და მოძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა, ღმრთისმშობლის წილხვედრისა, უძღოდი, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და სიმხნითა და სიბრძნის-მოყუარებითა, და მტერთა მათ უხილავთა ახოვნად წყობითა და ხორცთა თვისთა უწყალოდ განკაფითა მრავალთა ექმენ კარ და გზა ზეცისა იერუსალეიმსა.

დიდებაი… აწდა…

უსძლოო ღმრთისმშობელო, ქალწულო წმიდაო, მხოლოო მორწმუნეთა შუამდგომელო, დაგვიფარენ განსაცდელთა და ჭირთაგან, და გვიხსნენ ყოველნი, უბიწოო, ბოროტისა მის გარე-მოდგომილებისაგან, რომელთა გვაქუს ყოველი სასოებაი შენ ზედა, და აცხოვნენ სულნი ჩუენნი, საღმრთოითა ვედრებითა შენითა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გიხილა რაი მხურვალედ შესრული მოღუაწებასა, ურიცხვი განსაცდელი შეგამთხვია შენ ეშმაკმან, რაითა განაქარვოს მგზებარებაი შენი, ნეტარო, და მიუშვა იგი ღმერთმან, ვითარ იობსა ზედა მართალსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოისრნეს რაი შვილნი შენნი და მეუღლეი ერთბამად, ვერცაღა ცრემლეოდი სიმძაფრითა მით მწუხარებისაითა, და უფლისაგან ითხოვდი მადლსა მას დათმენისასა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ფრიად უყუარდი რაი ისიდორე ეგზარხოსსა სიბრძნისათვის და სათნოებისა, ეწადა ხელდასხმაი შენი მღდელთმთავრად, გარნა წინა-აღუდეგ, იყავ რაი მდაბალ კაცობრივისაგან დიდებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ღმრთისმეტყუელთა სიღრმე საიდუმლოთა შენთა ჰქადაგეს ყოვლად მიუწთომელად, უხრწნელო, რამეთუ გარე-შეუწერელი, განხორციელებული ჰშევ გამოუთქმელად.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: შენ, მნათობთა ნათლისა მომცემელო და განწირულთა მაცხოვარებაო, ქრისტე, მხსნელო ყოველთაო, შენდა აღვიმსთობთ, მეუფეო მშვიდობისაო, განგუანათლენ ჩუენ ნათლითა მით შენითა, რამეთუ ჩუენ შენსა გარეშე, სახიერ, სხუაი ღმერთი არაი ვიცით.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ზეგარდამოისა ძალისაგან გულსავსე-ქმნულმან ბრალად შეჰრაცხე ურჩებაი მღდელთ-მოძღურისაი, წმიდაო, და წესსა მას ანგელოზებრივსა აღიკვეცე გარეჯისა მონასტერსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სცან რა ნებაი უფლისაი, რაითამცა იყო შენ მწყემსად ერისა შენისა, ებისკოპოზად გაკურთხეს წესისაებრ განგებულებისა, და აღიღე რაი ჯუარი შენი, შეუდეგ გზასა მას იწროსა და საჭირველსა.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ნაცულად საკუთართა, მოგმადლა რაი ღმერთმან საღუაწად ერი ქართველთაი, განსწავლიდი, ვითარ მაცხოვარი ჩუენი მოძღურიდა თვისთა მოციქულთა, და ამხილებდი მღდელთა სიცრუვისათა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ახლად ყრმად გვიშევ, ქალწულო, პირველ ჟამთა შობილი მამისაგან, სიტყუაი მხოლოი დაუსაბამოი, მას ევედრე, ვითარცა ძესა და ღმერთსა შენსა, რაითა შეგვიწყალნეს, რომელნი აღგიარებთ განწმედილითა გულითა ღმრთისმშობელად, ღმრთისა დედაო, ყოვლად წმიდაო.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: ღელვამან ცოდვისამან მომიცვა მე და მრავალსა მოწყალებასა შენსა მოვივლტი: აღმომიყუანე, სახიერ, დანთქმისაგან, ღმერთო ჩემო, გევედრები.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ჟამსა მას უპატრეარქობისასა და დევნულებათა შინა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და იღწვოდი, რაითა აღორძინდეს სულიერითა და ხორციელითა კეთილითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისა მიერ განეწესე რაი მწყემსად იმერეთ-გურიისა და რაჭა-სვანეთისა, დაბა-სოფლებთა დაუცხრომელითა მიმოსლვითა და ქადაგებითა აღაგზენ ცეცხლი სარწმუნოებისაი.

დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ვითარ სარწმუნოსა მწყემსმთავარსა მოგანიჭეს რაი სამწყსოიცა აფხაზეთისა და სამეგრელოისა, სიყურულითა ჰმწყსიდი და ასწავებდი დამარხვად მართლისა სარწმუნოებისა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცათა უვრცელეს იქმნა საშოი შენი, რამეთუ ღმერთი დაიტიე, უსძლოო სძალო, რომელი დაუტევნელ არს და გარეშეუწერელ დაბადებულთაგან.

 

 

გვიხსნენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაი… აწდა…

 

კონდაკი, ხმაი 3

 

 მოციქულთა თანამოსაყდრეი და მღდელთმთავართა შუენიერებაი იქმენ, გაბრიელ, გაბჰრწყინდი რაი, ვითარცა მზეი, და განანათლებ ყოველთა და განსდევნი უღმრთოებისა ღამესა უკუნსა. ამისთვის პატივს გცემთ შენ, ვითარცა საღმრთოსა ჭეშმარიტსა მღდელსა, მესაიდუმლესა ქრისტეისსა.

 

იკოსი

 

 ხორცთა დააჭკნობდი რაი იწროებითა და შრომითა, ღმერთშემოსილო, აღაორძინებდი სულსა მოღუაწებითა და ლოცვითა, და მძლე ექმნებოდი რაი ყოველსავე მანქანებასა ეშმაკთასა, ვითარცა მწყემსი მღვიძარეი, იღუწიდი სამწყსოთა შენთა კეთილად, გამოჰზარდენ რაი მრავალნი სწავლითა შენითა და განარინენ უსჯულოებასა და ცოდვასა, ჩუენთვისცა ევედრე აწ კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან:   პირი ჩემი იტყოდის სიბრძნესა და ზრახვანი გულისა ჩემისანი გულის-ხმის-ყოფასა.

 

 მგალობელთა: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 დიაკონმან: მღდელთა შენთა შეიმოსონ სიმართლე

 

 მგალობელთა: და წმიდანი შენნი იხარებდენ.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება მათესი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: თქუენ ხართ ნათელი სოფლისაი. ვერ ხელეწიფების ქალაქსა დაფარვად მთასა ზედა დაშენებულსა. არცა აღანთიან სანთელი და დადგიან ქუეშე ხვიმირსა, არამედ სასანთლესა ზედა, და ჰნათობნ იგი ყოველთა, რომელნი იყვნიან სახლსა შინა. ეგრეთ ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნენ საქმენი თქუენნი კეთილნი და ადიდებდენ მამასა თქუენსა ზეცათასა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა დიდისა მღდელთმთავარისა გაბრიელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და საღმრთოთა ხმითა მქადაგებელმან განახუენ რაი ზეცისა საიდუმლონი, სამწყსოი შენი მოზღუდე მოციქულთა და მამათა მიერ განსაზღვრებულითა კანონითა და განამდიდრენ შენ მიერ გამოთქმულითა სწავლებითა, რაისთვისცა ღირს-იქმენ დამკვიდრებად საუკუნესა სუფევასა ცათა შინა, აწ გვითხოვე ქრისტეის მიერ სოფლისათვის მშვიდობით დაცვაი, ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა უსჯულოთა, დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ბრძანებამან უშჯულოისა მძლავრისამან უფროისად მოტყინარე აღაგზნა სახუმილი ყრმათათვის და ღმერთმან ყოველთამან ასხურა ცუარი ზეცით სამთა მათ მგალობელთა, რომელ-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ რაი ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, არა დადუმნებოდი ყოველსა ჟამსა ლოცვისა-ყოფად, და ღმრთისა მიმართ ღაღადებდი რაი მოუწყინებელად, ქადაგებანი საღმრთონი შეთხზნე სულისა მიერ წმიდისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არა მაჩუენებლობითა, არამედ კაცთ-მოყუარებითა იქმოდი მოწყალებასა, ღირსო, და ნუგეშინისცემდი რაი მგლოვარეთა და საპყრობილესა შინა მყოფთა იდუმალ, მარადის გამოზრდიდი ქურივ-ობოლთა და ღატაკთა, და მრავალთა ყმაწვილთა განსწავლიდი ხარჯითა თვისითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

თვით მღდელთმთავარი ეგე, დიდი და ფრიად განსწავლული, ფიცხელთა შრომათა თავსდებითა, და უპოვარებისა შეყუარებითა შეესწორე რაი ძუელთა მამათა, ქრისტეის მსგავსად ასწავებდი ყოველთა, რაითა განუყონ სიმდიდრეი გლახაკთა და შეეწიონ ნაკლულევანთა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ტევანი ცხორებისაი გამოიღე, ვითარცა რაი ვენახმან დაუსხმელმან, ღმრთისა დედაო, რომელმან გვიწდიე ღვინოი წმიდა-მყოფელი, და მახარებელი გონებათაი, სიმთრვალისა ბოროტისა დამხსნელი.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: სახუმილი იგი ცეცხლისაი ბაბილონს პირველად განიზოგა ღმრთისა მიერ, რამეთუ ქალდეველნი ალისა მისისაგან შეიწუნეს, ხოლო ყრმანი შეცურეულნი იტყოდეს: აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

არცაღა ჰრიდებდი მძლავრთა მხილებასა, და მართლ-ქადაგებითა შენითა განიმრავლებდი რაი მოძულეთა, გბრძოდენ, მამაო, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ ცილსა, ხოლო ეწადათ რაი მოკუდინებაი შენი, წმიდაო, დაცულ იყავ ძალისა მიერ საღმრთოისა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

იქმენ უსისხლოდ, ვითარცა მოწამეი ქრისტეისი, და თვითცა მიმტევებელი ყოველთათვის ბრალთა, უკანაისკნელ ყოველთაგან ითხოვდი შენდობასა, და ღაღადებდი აღმოსლვასა მას სულისასა: mომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუტევე რაი წარმავალი ესე ცხორებაი, მიეც წმიდაი სული თვისი საწადელსა შენსა ქრისტესა, ხოლო ყოველივე შრომითა მონაგები დაუტევე სასწავლებელთა – აღსაზრდელად უქონელთა ყრმათა და ასულთასა, და სამზრუნველოთა მათ ქურივ-ობოლთასა.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო, დაამშვიდე ცხოვრებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, დედოფალო, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: დაუსაბამოისაგან მამისა ძე ღმრთისაი გამოსჩნდა, ქალწულისაგან მხსნელად ჩუენდა განხორციელდა, განგუანათლებს დაბნელებულთა და შემოჰკრებს ერთად განბნეულთა, რაითა სარწმუნოებით მშობელსა მისსა ვადიდებდეთ.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მოგანიჭა რაი ღმერთმან სასყიდელი შრომათა შენთაი, ღირსო, მის მიერ აღიტაცე ნათელსა მას დაუსრულებელსა, ხოლო წმიდაი ნეშტი შენი უხრწნელებითა განადიდა, რამეთუ პირი შენი მრავალთა დღეთა იყო ბრწყინვალეი, ვითარცა მზეი, სავსეი დიდებითა.

წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შეამკო რაი გელათი შეწყნარებამან უხრწნელისა ნეშტისა შენისამან, მოჰკრბა სამწყსოი შენი ყოვლითგან, და გეთხოვებოდენ ცრემლითა, ხოლო მოჭირნახულენი ერისანი ქებასა შეგასხმიდენ შენ, წმიდაო, და გიწოდდენ განმანათლებელად და მამად ერისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

ვითარცა დააცხრვენ ჭირთა მძვინვარებანი, მოწევნულნი ერსა და ეკლესიასა ზედა ჩუენსა, ეგრეთვე აწ დაარღვიე ყოველივე უღმრთოებისა საცთური და დაამხე ყოველნი მტერნი და მბრძოლნი ქრისტეანობისაი.

აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

საიდუმლოი დიდი, დიდებულისა შობისა შენისაი განაკვირვებს ანგელოზთა, ღმრთივმიმადლებულო, და წმიდათა გუნდსა მოწყლავს სიყუარულითა და აღსძრავს მამათა საღმრთოდ გალობად შენდა - ყოვლისა სოფლისა სასოისა.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

მღდელმან აკმიოს:

 

 მკითხველმან: ბაგეთა შენთა მიერ წყაროი მადლისაი აღმოსცენდა თაფლისა უტკბილესი, ყოვლად სამღდელოო გაბრიელ, და ეკლესიაი ქრისტეისი განაშუენე რაი საღმრთისმეტყველოთა წერილთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შვილთა თვისთა თანა შეიმკუების ბრწყინვალედ სწავლებათა შენთა სიმრავლითა, და გვიწესს ყოველთა მორწმუნეთა ქებად და შესხმად საკვირველისა ღუაწლისა შენისა.

მარადის ხვიდოდი რაი გზასა მას ფრიად საჭირველსა, რომელსა ზედა დაგადგინა ღმერთმან, ნეტარო, სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თვისი, და გვიჩვენე რაი სიმაღლეი სიმდაბლისაი, სახეი ექმენ ერსა შენსა, ვითარცა მობაძავი მწყემსთმთავრისა ქრისტეისა, და აწ მადლითა მით რომელ გაქუს წინაშე მისა, გვითხოვე ხსნაი საფრხისაგან ეშმაკისაითა და ბოროტებისაგან კაცთაისა, ხოლო ერი ჩუენი დაიფარე ზედამოსვლათაგან მტერისა და ეკლესიაი დაიცევ შეურყეველად.

დღითი დღედ იტყოდი რაი სიტყუათა ღმრთისათა უშიშად, ღირსო გაბრიელ, უმეცრებისა ბნელითა დანთქმულთა უძღოდი სლვად გზასა მას საღმრთოსა, და გამოზარდე რაი სამწყსოი შენი სიტყვითა და სწავლითა საღმრთოითა, ჭეშმარიტად გამოსჩნდი მწყემსად საკვირველად, და საჭეთმპყრობელ და მმართებელ ექმენ სამღდელოთა და ერთა, აწ ჩუენთვისცა ევედრე ღმერთსა, მოგუაქციოს ყოვლისაგან გზისა უკეთურისა, და მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი, რაითა წყალობისა წილ არა მოვიღოთ სასჯელი კადნიერებისაი, და შეჰკრიბოს განბნეული ერი ქართველთაი.

მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა და მამულისა, წმიდაო, და განსანათლებლად ერისა, აღაგებდი მრავალთა ეკლესიათა, და აფუძნებდი რაი სამკითხველოთა და სასწავლებელთა, ნეტარო, არცაღა დასცხრებოდი დაცვისათვის ენისა ჩუენისა და აღორძინებისათვის ქართულისა გალობისა, აწ იმეოხე წინაშე ღმრთისა, განგვიმრავლდენ ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითამცა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.

სარწმუნოებითა ვაქებთ, ვადიდებთ და მარადის თაყუანის-ვჰსცემთ ყოველთა მწყემსმთავარსა ქრისტესა, რომელმანცა განგამტკიცა შენ, ჰოი, გაბრიელ, მამათა და მოღუაწეთა ძლიერებაო და დიდებაო, და აღგძრავთ მეოხებად ყოვლადწმიდისა დედისა მიმართ მისისა, მარიამ ღმრთისმშობლისა, რაითა მზაკუვარებაი მტერთა ჩუენთაი განხადოს და გვიხსნნეს საცთურისაგან ბოროტისა, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და ხმითა მაღლითა მარადის ვადიდებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და ყოვლად შუენიერო სამკაულო ივერთა წმიდისა ეკლესიისაო, ღირსო და ღმერთშემოსილო მამაო გაბრიელ მღდელთმოძღუარო! იმერეთისა სიქადულო და დიდებაო ქართველთა ერისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; გლახაკთა მწყალობელო, ობოლთა გამომზრდელო და მსაჯულო ქურივთაო, სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისაო და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!

ჰოი, ყოვლად დიდებულო, წმიდაო მღდელთმთავარო გაბრიელ ოქროპირო! ღმერთმან ინება რაი წყალობაი და ცხორებაი ერისა ჩუენისაი, ჟამსა მას უწინამძღურობისასა გამოგარჩია მამად და წინამძღურად მისა, და სრულ ყავ რაი ქადაგებაი ჭეშმარიტებისაი, ვითარცა რიტორმან საღმრთომან მართლსწავლითა აღავსენ ყოველნი კიდენი ქუეყანისა ჩუენისანი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი, აწ ჩუენცა გვექმენ წინამძღუარ ცხორებისა და მეოხად ქრისტეის მიმართ, მაცხოვრისა ჩუენისა, რაითა მოგვიტევნეს მან ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი, ძმებრივი სიყუარული მოყუასისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან. ყოვლადძლიერითა ლოცვითა შენითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო დიდო მღდელთმთავარო გაბრიელ, მხურვალედ ნუ დასცხრები ვედრებად ღმრთისა მიმართ და გვითხოვე, რაითა ქუეყანასა ჩუენსა მოჰმადლოს მშვიდობაი, ეკლესიათა – ჭეშმარიტებაი, სამღდელოთა – პატიოსნებაი, მთავართა და განმგეთა ჩუენთა – კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა – მამაცობაი, ერისაგანთა – უცოდველობაი და დედათა – კრძალულებაი, მშობელთა – კურთხევაი, აღსაზრდელად ყრმათა შიშსა მისსა და სიყუარულსა შინა, უპოვართა და ობოლთა – შეწევნაი და მფარველობაი, რაითა ყოველთა ღმრთის-სათნოდ განვვლოთ ასპარეზი მსწრაფლწარმავალისა ამის ცხორებისაი, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

განათლდა რაი ეკლესიაი ჩუენი განშუენებული ღუაწლითა მით შენითა, წმიდაო მღდელ-მთავარო გაბრიელ, სიყუარულითა ამბორს-უყოფთ წმიდათა ხატთა შენთა და გევედრებით, ვითარცა მოყუარულსა მამასა ერისა ჩუენისასა, რაითა ხორცთა სენისაგან და სულთა ცოდვისა განგვკურნო ჩუენ და დაგვიფარო გარე-მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.

დედოფალო მარიამ, ბრწყინვალებაო ყოველთა წმიდათაო, ლოცვითა წმიდისა გაბრიელ ებისკოპოსისაითა ღირს-მყუენ საუკუნოსა დიდებასა და ბრწყინვალებასა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისასა.

 

შეადგინა: თინათინ მჭედლიშვილმა