მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
მოშურნე იყავ რაი მსახურებად ღმრთისა და მამულისა, წინააღუდეგ მეფესა უსჯულოსა, რაითა დაიცვა ერი შენი ბოროტთა ვნებათაგან, და სული შენი დასდევ რაი ცხოვართა შენთათვის მსგავსად ქრისტეისა, მოიღე მისგან წარუვალი გვირგვინი დიდებისაი, და აწ მეოხ ხარ ჩუენთვის მისა მიმართ, მღდელმოწამეო ევდემოზ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და გვიხსნას ყოვლისაგან ბოროტისა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
განბრწყინდების დღეს ეკლესიაი ქართველთაი ღირსებით აღმასრულებელი საკსენებელისა შენისაი, ევდემოს დიდებულო, სიტყვისა ღმრთისა ქადაგო დაუდუმებელო, და სარწმუნოებისა გოდოლო შეუძრველო; უღმრთოებისა არმურისა დამხსნელო და უსჯულოთა აგარიანთა დამამხმობელო, განმაძლიერებელსა შენსა ქრისტესა ევედრე აწ მონიჭებად სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა, ხმაი 8
ძლისპირი: ეტლთა მფლობელი ფარაო დაანთქა საკვირველთმოქმედმან კუერთხმან მოსეისმან, რომელმან გამოსახა სახეი ჯუარისაი და განუპო ზღუაი მეწამული და ისრაელი იხსნა განმავალი, მეტყუელი გალობასა უფლისასა: რამეთუ დიდებით დიდებულ არს.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიყუარულითა გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო ევდემოზ, ვითარცა ზეციერსა წინამბრძოლსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა, და მხურვალედ გევედრებით ხსნასა სულთა და ხორცთა ვნებათაგან.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
უძღოდი ერსა ჩუენსა, ვითარცა მოსეი ისრაელთა, და ასწავებდი რაი დამარხვასა სჯულისასა, გსახვიდენ შენ მამად და მოძღურად თვისად, და სული თვისი დასდევ სამწყსოისათვის შენისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ეკლესია ქრისტეისი განაშუენე რაი სისხლთა მიერ სახედ სამკაულისა სამეუფოისა, შეიმკუების ბრწყინვალედ, და გვიწესს მორწმუნეთა ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დიდებულნი ითქუნეს შენთვის თესლითი თესლადმდე, ქალწულო, რომელმან შეიწყნარე სიტყუაი ღმრთისაი წიაღსა შენსა და დაადგერ ქალწულად, ამისთვის ყოველნი გადიდებთ, რამეთუ დიდებით დიდებულ ხარ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: შენ, დამამყარებელო კამარათა ცისათაო, უფალო, და აღმაშენებელო ეკლესიათაო, დამამტკიცენ ჩუენ სიყუარულსა შენსა, თავო ყოვლისა სიხარულისაო, და განმაძლიერებელო მორწმუნეთაო, მხოლოო, კაცთ-მოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა მორჩი ღმრთივბრწყინვალეი, აღმოსცენდი ძირთაგან კეთილმსახურთაგან მესხთაისა, აჭარასა შინა დამკვიდრებულთა, და აღიზარდე რაი სიწმიდითა, დაიმკვიდრენ სათნოებანი, ღირსო, და განბრძნობილ იქმენ წმიდასა წერილსა შინა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მრავალსა წელსა განისწავლებოდი რაი ანგელოზებრივსა მას ღუაწლსა შინა, ბერად აღგკვეცეს და გაკურთხეს ხუცეს-მონაზონად სადიდებელად ღმრთისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე მისა მიმართ, მოგუცეს სინანული და სლვაი კეთილ-სახედ სოფელსა ამას შინა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
საკვირველისა სიმდაბლისა და სათნოებისათვის გაკურთხეს რაი ებისკოპოსად, ნეტარო, არა ელტვოდი დიდებასა და მონაგებსა, არამედ მოშურნე იყავ განსწავლისათვის სამწყსოისა შენისა, და იღუწიდი მშვიდობით დაცვისათვის ქურივ-ობოლთა და გლახაკთაისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
დაემკვიდრე წიაღსა ქალწულისასა, უფალო, და გამოუჩნდი კაცთა ხორციელად, ვითარცა სათნო იყავ, და გამოაჩინე იგი ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად, მხოლოო კაცთმოყუარე, და შემწედ ყოველთა მორწმუნეთა.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
მღდელთმოძღურად შჯულიერად და სარწმუნოდ ვიდრე სიკუდიდმდე გამობრწყინდი, ღირსო ევდემოზ, და შესწირევდი რაი მსხუერპლსა საღმრთოსა, დაუცხრომელითა ღვაწლითა აღაგზებდი ქართველთა შორის ცეცხლსა სარწმუნოებისა და მამულის სიყუარულისასა, და სრულქმნული წამებისა ღუაწლითა იხარებ წინაშე ღმრთისა, რომელი მოგუანიჭებს ჩუენ დიდსა წყალობასა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: შენ ხარ, ქრისტე, ღმერთი ჩემი, შენ ხარ ძალი ჩემი, შენ ხარ უფალი ჩემი და სიხარული ცხორებისა ჩემისაი, რომელმან არა დააცალიერენ წიაღნი მამისანი და გამოუჩნდი სიმდაბლესა ჩემსა, ამისთვის წინაისწარმეტყუელისა ამბაკუმის თანა ვიტყოდით: ძალსა შენსა დიდებაი, კაცთმოყუარე.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ვითარცა ჟამსა მას შეჭირვებისასა დიდებულთა კაცთა მოუვლენდა უფალი სამწყსოთა თვისთა, შენცა აღრჩეულ იქმენ კათოლიკოზად ქართლისა, ნეტარო, და ვითარცა სარწმუნომან მნემან დამწყსე შენ სამწყსოი საცხოვართა პირმეტყუელთაი და მიეც მორწმუნეთა საზრდელი უკუდავებისაი.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
ღირს იქმენ რაი ღმრთისმსახურებად ახალსა იერუსალეიმსა მცხეთას, ვითარცა მამადმთავარი, მჯდომი საყდარსა მას სვეტიცხოვლისასა, ხატ ექმენ სამწყსოსა შენსა სიბრძნისა და ღმრთისმოსაობისა, და საღმრთოი სიხარული მოჰფინე „ზემოისა ივერიის“ ეკლესიასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
რაჟამს იხილე სიცბილი იგი როსტომ-ხანისა, ყაენისა მიერ ქართლსა შინა მეფედ დასმულისა, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, ღმერთშემოსილო, და ამხილებდი უწესოსა მმართველობასა მისსა, აწ ჩუენცა მოგვანიჭე გული გონიერი და ბრძენი, გულისხმისყოფად კეთილისა და ბოროტისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ენანი კაცთანი მოუძლურდებიან გამოთქუმად საიდუმლოისა შობისა შენისასა უბიწოებით, უქორწინებელო სძალო, და სარწმუნოებითა აღგიარებენ დედად ნათლისა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნუ სადა განმიშორენ პირისაგან შენისა, ნათელო წარუვალო, და დამფარა მე ბნელმან წყუდიადისამან განუნათლებელმან, არამედ მომხედენ და ნათელსა მცნებათა შენთასა წარჰმართე სლვაი ჩემი, გევედრები.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იყავ რაი ჭეშმარიტი წინამძღვარი ერისა შენისა, ფრიად მწუხარებდი და უსჯულოთა თანა აღრევისთვის ამხილებდი მეფესა და დიდებულთა მისთა, მოუწოდდი რაი სინანულად, და დაცვად ერისა და სარწმუნოებისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
არა გეშინოდა რაი მზაკუვართა და მტყუართა სულთა, ქადაგებასა შინა ამხელდი ანგარებასა მათსა, და ეშმაკთაებრ ურცხვად გწამებდენ რაი ცილსა, ქრისტეისმიერი სიყუარული განგინათლებდა შენ წყუდიადსა ურვისასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მადლითა ღმრთისაითა აღსავსე ლოცვაი შენი და სიტყუაი და სწავლაი საჭეთმპყრობელად და მმართებელ ექმნა რაი მარიამ დედოფალსა, დაუცხრომელად იღუწიდა აღორძინებისათვის ერისა და განძლიერებისთვის ქრისტეს ეკლესიისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
კადნიერებაი დედობრივი ძისა შენისა თანა მოგიგიეს, ყოვლად უბიწოო, და შეწევნასა ჩუენსა ნუ დააცადებ მისა მიმართ, რაითა გვიხსნეს ყოველთა საცთურთაგან და დაგვიფარნეს მრავალსახეთა განსაცდელთაგან.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვფენ უფლისა მიმართ და მას აღუარებ ბრალთა ჩემთა, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია და იოანესებრ ვღაღადებ: აღმომიყვანე მე, ღმერთო ჩემო.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიბრძნითა ჰმტვირთველობდი რაი ჯუარსა შენსა, არაი დადუმნებოდი ქადაგებად, და მრავალთა განაფხიზლებდი და აღძრვიდი ბრძოლად მანკიერებათა, უსჯულოსა მეფისა მიერ ქართლსა შინა აღორძინებულთა, აწ ჩუენცა შეგვეწიე და წარგვიმართე გზასა ჭეშმარიტსა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
გეწადა რაი სპარსთა მიერ დამცრობილისა ქრისტიანობისა ამაღლებაი ქუეყანასა შენსა, შეწევნითა კეთილმსახურისა დედოფლისა მარიამისაითა იწყე განმრავლებაი და აღდგენაი საღმრთისმსახუროთა წიგნთა, და მოხატვაი ეკლესიათა და მონასტერთა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ვიდოდი რაი იწროსა მას გზასა ზედა, ნეტარო, პირისპირ ამხილებდი როსტომ-ხანსა და უწოდდი რაი „მამასა მაჰმადიანთასა და ქრისტეანეთა მამინაცვალსა“, დასჯაი შენი ეწადა, გარნა ვერცაღა კადრა მარიამ დედოფალსა, დიდად პატივისმცემელსა შენსა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განვერენით საცთურსა ცოდვათა ჩუენთასა, ვედრებითა შენითა, ღმრთისმშობელო ქალწულო, ძისა შენისა მიმართ, რომელი იშვა შენგან უზესთაეს ბუნებათა, ძეი ღმრთისაი დაუსაბამოი.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი
მამადმთავრად და წინამძღურად გყო რაი ქრისტემან მტერთაგან მიმძლავრებულისა ერისა შენისა, განეწყვე ბრძოლად, ვითარცა ახოვანი, წმიდაო ევდემოზ, და თავს ისხენ რაი მძლავრთაგან პყრობილებაი და საბლითა მოშთობაი, მოიღე ღმრთისა მიერ ნაყოფი იგი მრჩობლი მღდელთმოძღურებისა და მოწამეობისაი.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: სიბრძნით. წარდგომა ფსალმუნი დავითისი, ხმაი 7: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: უგალობდით უფალსა გალობითა ახლითა, ქებაი მისი ეკლესიასა შინა წმიდათასა.
მგალობელთა: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა თვისითა
მგალობელთა: და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი [12, 2-12]
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: არარაი არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. ამისათვის რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. ხოლო გეტყვი თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყვიდნენ ხორცნი და ამისა შემდგომად ვერარაი აქუს უმეტესი, რაი გიყონ თქუენ. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ხელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყვი თქუენ, მისა გეშინოდენ. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. ხოლო გეტყვი თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუი ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ხელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაი სიტყუაი მიუგოთ, ანუ რაი სთქუათ, რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაი-იგი სთქუათ.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: იყავ რაი კეთილი ნაყოფი ივერთა ქუეყანისაი, ძეებრივითა გულმხურვალებითა მსახურებდი ერსა შენსა, რომელ აწ აღგძრავს მეოხად ღმრთისა მიმართ, წმიდაო მამათმთავარო ევდემოზ, რაითა გვითხოვო მშვიდობით დაცვაი სოფლისაი, და დამტკიცებაი მართლმადიდებლობისაი ქუეყანასა ზედა, აღორძინებაი ერისა ჩუენისაი და მადლი და წყალობაი სულთათვის ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით და შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სიტყუათა სულიერთა და წესთა სჯულისათა ასწავებდი რაი ერსა შენსა, უსჯულოთა მიერ შერყვნილთა, აღხოცდი ცრუმორწმუნეობისა საცთურსა, და განფენდი საღმრთოთა სწავლათა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
განაცხოველებდი რაი მამულისა სულსა, განრღვეულსა, მოუწოდდი ყოველთა დატევებად ანგართა და განმხრწნელთა ჩვეულებათა და ვნებათა, და განსწავლიდი მცნებათა შინა ღმრთისათა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დიდითა სიმდაბლითა და სიმართლითა მარადის იქცეოდი რაი წინაშე ღმრთისა, არა ჰრიდებდი ჰასაკსა მას შენსა მხცოვანებისასა, და ახოვანებითა და სიმტკიცითა განაცვიფრებდი ყოველთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის წინაშე მისა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიიდ-წილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის გულისწყრომით, რისხვითა ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განურყუნელად, დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად-ყო: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროსად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
იქმენ რაი სარწმუნოი წინამძღუარი ქართველთაი, ყოვლად ნეტარო მამაო, განამხნობდი ერსა შენსა წინააღდგომად ყიზილბაშთა, და გეწადა განდევნაი მათ მიერ დასმულისა მაჰმადიანისა „მეფისა“ და უკან-ქცევაი თეიმურაზისა, ვითარცა ქრისტეანისა და კეთილმსახურისა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
სჯულიერებითა და ახოვანებითა შეესწორე ძუელთა მათ მამათა, წმიდაო, და განამტკიცებდი რაი მართლმადიდებელთა აღმსარებლობასა, შერისხავდი სამშობლოს დამაქცევართა და ერისა მაოხართა, უფროის განძვინდა როსტომ ხანი და აგხადა პატივი მამადმთავრობისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მაშინ დაუთქვით ადგილი შეკრებისაი, და წარუგზავნე რაი უსტარი თეიმურაზ მეფესა, გამოჩნდა ორგული შორის თქუენსა და ამცნო რაი როსტომ-ხანსა, ყოველნი შეთქმულნი დასაჯა სიკუდილითა, და განრისხებულმან, ვითარცა ამბოხისა მოთავეი, შთაგსვა ნარიყალისა ციხესა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ჭეშმარიტად ღმრთისმშობლად აღგიარებთ და თაყუანისგცემთ, ღმრთისა დედაო უბიწოო, რამეთუ ჰშევ შენ ერთი ყოვლად წმიდისა სამებისაი, რომელსა მამისა თანა და სულისა უგალობთ: აკურთხევდით ყრმანი და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: შენ, რომელი უქორწინებელ ხარ, დედაო უსძლოო, შენ, რომელმან უზესთაეს ბუნებათა შევ დაუსაბამო, რომელ-არს შემოქმედი ღმერთი ჭეშმარიტი, გალობითა დაუდუმებელითა გადიდებთ.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
მარხვითა, ფსალმუნებითა და მღვიძარებითა იყოფოდი რაი დილეგსა შინა, მარადის ილოცვიდი ხსნისათვის ერისა შენისა, და ევედრებოდი უფალსა სარწმუნოებასა შინა განძლიერებასა მისსა.
წმიდაო მღდელმოწამეო ევდემოზ, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის
პირველვე უწყოდი რაი სიკუდილი შენი, ნეტარო, არა შეძრწუნდი შინებისაგან მძლავრისა, და საპყრობილითგან მოუწოდდი ერსა შენსა ბრძოლად და წინააღდგომად უსჯულოისა დამპყრობლისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მაშინ სიბოროტითა აღივსო როსტომ-ხანი და ბრძანებითა მისითა მოგაშთვეს რაი საბლითა, ნეშტი შენი გოდლითგან გარდააგდეს, და უფლისა მიერ მოიგე უკუდავი ცხორებაი სასუფეველსა შინა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მკითხველმან: მაშინ აღიხუნეს წმიდაი ნეშტი შენი ერთა სამწყსოთა შენთა, და ვითარცა მოყუარული მამაი მიჰრონითა მით სურნელითა შემურეს და ცრემლთა დინებითა, და გალობითა დაკრძალნეს რაი ანჩისხატისა ტაძარსა, წმიდაი სამარხოი შენი, ვიდრე აქამომდე აღმოაცენებს მადლსა უშურველად, და სარწმუნოებითა მისდა შევრდომილნი მოიღებდენ დიდსა ნუგეშინისცემასა და კურნებასა.
თავს-იდევ რაი მარტვილებრივი სიკუდილი მოლოდებითა საუკუნოისა მის ცხორებისაითა, პატივცემული მამადმთავართა თანა და მოწამეთა, ზეცისა სავანეთა მკვიდრად გამოგაჩინა ღმერთმან, და მოგანიჭა რაი კადნიერებაი მოსავთა შენთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა გვიოხე წინაშე მისა, რაითა მართლმადიდებელნი ერნი დაგვიცუნეს საეშმაკოთა ბადეთაგან და ანტიქრისტეის ხიბლისაგან და მძლავრებისა.
სიყუარულითა გაქებთ შენ, ღმერთშემოსილო ევდემოზ, ვითარცა ზეციერსა წინამბრძოლსა და სიქადულსა ერისა ჩუენისასა, და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, განგვიმრავლოს ქართველთ ზნეობითა სრულ-ყოფილნი ერის-მძღუარნი და მამანი სულიერნი, რაითამცა ჯერისაებრ უწინამძღვრონ ერსა შენსა და ყოვლითურთ განწმენდილი და განათლებული მიუძღუნან უფალსა.
დიდ-არს ძლევაი ბრწყინვალეი, რომელი აჩუენე ხორცთა შინა მყოფმან, ვითარცა უხორცომან, რამეთუ განწირვითა თავისა შენისაითა, განაფხიზლებდი ერსა შენსა, და აღძრვიდი დაცვად სჯულისა და მამულისა, აწ ჩუენცა შეგვეწიე ღმრთისა მიმართ, რაითა არა მოაკლდეს სარწმუნოებაი ერსა ჩუენსა, და გამოავლინოს ღირსნი მოღუაწენი და მოქმედნი სამკალსა თვისსა, განსამტკიცებლად ყოველთა.
ჭეშმარიტად გამოსჩნდი შენ მწყემსად საკვირველად, და სამწყსოსა მას შენსა ავედრებდი რაი ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, აწ ჩუენცა შეგვაწყნარე დედობრივსა მადლსა მისსა, რაითა აღასრულოს თქმულნი თვისნი, ვითარცა მოწყალემან, და დაიცვას წილხვედრი თვისი ივერიაი და მკვიდრნი მისნი ვიდრე აღსასრულადმდე საუკუნეთასა, რაითა არა განუდგეთ სარწმუნოებასა ჭეშმარიტსა და სამწმიდაარსობისა გალობითა ვაქებდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ჭეშმარიტად ახოვანო მამაო ჩუენო ევდემოზ, კათოლიკოზო ქართლისაო, სამებისა წმიდისა გამორჩეულო მსახურო და შეუძრველო გოდოლო ეკლესიისა ჩუენისაო; მონაზონთა სამკაულო და ქადაგო საღმრთოისა მადლისაო; უსწავლელთა მასწავლელო და მომცემელო სიბრძნისაო; სიტყვიერთა სულთა შემწირველო ზეცისა მამისაო და დიდო მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ღმრთისმშობლისაო!
ჰოი, წმიდათა შორის საკვირველებითა დიდებულო და მღდელთმთავართა შორის წამებითა განბრწყინვებულო ევდემოზ, მოგემადლა რაი უღელი ქრისტეს ცხოვართა მწემსობისაი, იქმენ მოძღუარ და კეთილად წარმმართებელ ერისა ჩუენისა, და დასთხიე რაი სისხლი შენი ერთგულებისათვის მამულისა, და კეთილად დაცვისათვის სარწმუნოებისა, გვირგვინოსანი წარსდეგ წინაშე ქრისტეისა, და მოგანიჭა რაი მადლი ჭირვეულთა შეწევნისაი, აწ ჩუენცა მოგვიხსენე წინაშე მისსა, რაითა არა განგვირისხდეს უსჯულოებათაებრ ჩუენთა, არამედ მოგვიტევოს ბრალნი და უსჯულოებანი ჩუენნი და მოგუმადლოს შენებრი მხურვალებაი სარწმუნოებისაი და საღმრთოი მოშურნეობაი მამულისაი, ხოლო ქუეყანაი ჩუენი დაიფაროს მტერისა საფრხისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან და ურთიერთსიყუარული და პატივისცემაი მოჰმადლოს ყოველთა მართლმორწმუნეთა ერთა, რაითა, რომელნი ქრისტემან ღმერთმან ჩუენმან ხორცითა და სისხლითა თვისითა მოგვიყიდნა, კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხონდებოდეთ, და არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა. ყოვლადძლიერითა მადლითა ლოცვისა შენისაითა დაიფარე და განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოზ პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფე, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი და ყოველნი სამღდელონი და სამონოზნო წესნი, მხედართმთავარნი და ქალაქმთავარნი, ქრისტეისმოყუარენი მხედრობანი, და კეთილისმყოფელნი ჩუენნი, და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად ქებულო მამადმთავარო, წმიდაო მოწამეო ევდემოზ, ზრუნვაი დიდი გიხმდა რაი სამწყსოისათვის შენისა, მარადის იცავდი ორგულთა და მტერთაგან, და ვითარცა მესაჭეი დიდად ხელოვანი, ესრეთ მართებდი ეკლესიისა ხომალდსა მღელვარესა ზღუასა შინა განსაცდელთასა, აწ ჩუენცა გვიოხე ღმრთისა მიმართ, რაითა აღმოგვყუანოს ჩუენ სიღრმეთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა და ზედა დასხმისაგან მტერთაისა, განმხრწნელისაგან ქარისა, და უცნაურისაგან სიკუდილისა, რაითა კეთილდღეობითა და მშვიდობით ვსცხონდებოდეთ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა დაუცხრომელად ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, რომელსა შუენის ყოველი დიდებაი, პატივი, და თაყუანისცემაი, უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მღდელმოწამისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ,
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ცხორებისა სიწმიდეი და სიმტკიცეი სარწმუნოებისაი აჩუენე, ჰოი, მამადმთავარო საკვირველო, და წამებისა სისხლითა განაშუენე რაი ეკლესიაი ქრისტეისი, პატიოსანსა ხატსა შენსა შევრდომილნი გევედრებით მეოხებასა წინაშე მისა, რაითა ხორცთა სენისა და სულთა ცოდვისაგან განგვკურნოს, და დაგვიფაროს გარე მოდგომილთა მძვინვარეთა ჭირთა და საცთურთაგან.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა ევდემოზ კათოლიკოზისაითა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი.