მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

სავედრებელი პარაკლისი
წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისა

 

 მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.

 

 მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
 

 

 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ მეუფესა ჩუენსა, ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ ქრისტესა, მეუფესა ჩუენსა ღმერთსა.
 
 მოვედით, თაყუანის-ვსცეთ და შეუვრდეთ თჳთ ქრისტესა, მეუფესა და ღმერთსა ჩუენსა.
 
 
ფსალმუნი 142
 

უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.

 
 
 დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
 

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო.

 

 ალილუია, ალილუია, ალილუია, დიდებაჲ შენდა ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 

 დიაკონმან: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ა. აუარებდით უფალსა, რამეთუ კეთილ, რამეთუ უკუნისამდე არს წყალობაჲ მისი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი ბ. ყოველი თესლები გარე მომადგეს მე და სახელითა უფლისათა ვერეოდი მათ.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი გ. არა მოვკვდე, არამედ ვსცხონდე, და განვსთქვნე მე საქმენი უფლისანი.
 
 მგალობელთა: ღმერთი უფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა.
 
 დიაკონმან: მუხლი დ. ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა, უფლისა მიერ იყო ესე და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩუენთა.

 

 

ტროპარი

 

  საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინენ, მამულისა სალმობათა მკურნალო, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

  საუნჯენი ერისა შენისანი ხელთაგან მტერთაისა განარინენ, და ექსორიობასა შინა ჭირნი მრავალნი დაითმინენ, მამულისა სალმობათა მკურნალო, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.

 

 

ფსალმუნი 50

 

1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი. 

 

2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე. 

 

3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის. 

 

4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა. 

 

5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან. 

 

6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე. 

 

7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე. 

 

8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი. 

 

9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ. 

 

10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა. 

 

11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან. 

 

12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე. 

 

13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ. 

 

14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა. 

 

15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა. 

 

16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს. 

 

17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს. 

 

18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი. 

 

19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.

 

 

გალობაი 1, უგალობდითსა

 

ძლისპირი: წამის ყოფითა, ღმერთო, ბუნებანი მდინარენი ზღუდედ აღამაღლენი და მათ შორის განიყვანე ერი ისრაელთაი ხმელად, და გალობდა გალობასა ძლევისასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

უმეტესად ჯერ-არს ჩუენდა, რაითა ვაქებდეთ დიდებულთა საქმეთა შენთა და ვადიდებდეთ ღმერთსა, მოგუმადლა რაი ესევითარი მზრუნველი და მოღუაწეი, ხსნად წინაპართაგან დატევებულისა საუნჯისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

შური გაქუნდა რაი, ექვთიმე, სწავლისაი, რომელი შეიყვარე სიყრმითგან, აღირჩიე სრბაი იწროსა მას გზასა, და შეუძრველად იღუწიდი, და იქმენ ბრწყინვალეი მნათობ საქართველოისა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა

შუენიერსა მას აღხედ კიბესა მაღალსა, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, ცად აღმყვანებელსა სიმდაბლესა და აღიწიე ზესთა მოქალაქობასა, კეთილო მუშაკო ერისა შენისაო.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

დახსნდა წყევაი ევაისი, პირველისა მის დედისაი, რაჟამს უსძლომან შვა უაღრესი ბუნებათაი, ხოლო ერი მორწმუნეთაი, ვითარცა ღირს არს, სამართლად ადიდებენ.

 

 

გალობა 3, განძლიერდასა

 

ძლისპირი: ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, ყოვლისა დამბადებელო, რომელმან სიტყვით დაამყარენ ცანი მაღალნი, ყოვლით ძალით მათით და სულითა მით საღმრთოითა დამამტკიცენ ჩუენ ერთობით კლდესა ზედა სარწმუნოებისასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

გამოჩნდი რაი ვითარცა კეთილი მუშაკი, სანატრელო, მასწავლელად დაგადგინეს სასწავლებელსა შინა, და მსგავსად ბრძენისა მის მიწისმოქმედისა, განჰმზადებდი გონებასა მოწაფეთა შენთასა შეწყნარებად ჭეშმარიტებისა წმიდისა თესლისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ღმრთისა მიერ შენდა მოცემული მადლი განამრავლე რაი სიბრძნითა, სხუათაცა გადასცემდი და აღსძარცვიდი ზრქელსა საბურველსა თუალთაგან სულისათა. აწ ჩუენცა მოგვანიჭე გულისხმისყოფაი კეთილისა და ბოროტის განრჩევისაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაუცხრომელად იღუწიდი რაი აღზრდად სულთა და გონებათა ყრმათასა, მრავალთა შეუძლეს შენ მიერ ცნობად ჭეშმარიტებისა, აწ გვიმეოხენ წინაშე ღმრთისა, რაითა განმარინნეს ჩუენ უმეცრებისა და ურწმუნოებისგან.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

მხსნელო ჩუენო იესუ, ვედრებითა მშობელისა შენისაითა მშვიდობაი სოფელსა მოჰმადლე, და ძლევაი ჯუარითა მოეც ერსა ჩუენსა ღმრთისმოყუარესა მტერთა ზედა ურწმუნოთა, და მორწმუნენი ღირს-მყვენ შენდობასა.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.

 

  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

წარდგომა

 

  აღმოცენდი რაი ძირთაგან პატიოსანთა აზნაურთა, მორჩ იქმენ კეთილ და ობლობასა შინა აღზრდილი აღორძნდი, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, ვითარცა ხეი კეთილი, დანერგული თანა-წარსადინელსა წყალთასა, და მრავალნი ნაყოფნი საწადელნი გამოიხუნე რაი ჟამსა თვისსა, ეკლესიამან ჩუენმან, ვითარცა მოღუაწეი, გპოვა შენ, ნეტარო, და სიხარულითა შეგიწყნარა.

 

 

გალობა 4, მესმასა

 

ძლისპირი: მოხვედ ჩუენდა, ქალწულისაგან არა ანგელოზი, არამედ თვით უფალი, განხორციელებული ღმერთი, და მიხსნენ ჩუენ ყოვლითურთ, რომელნი ვღაღადებთ: დიდებაი ძალსა შენსა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღეტყინე რაი მოღუაწებისა სურვილითა, სიბრძნითა საღმრთოითა საკვირველად აღვსილი იყავ ფიცხელსა მას ღუაწლსა შინა, დაცვისათვის ეკლესიისა და განსამტკიცებლად ერისა შენისა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

საქმენი შენი უზეშთაეს მზის-თუალისა განჰბრწყინდა, სანატრელო, მიმოსვლასა შინა საქართველოისა, ეძიებდი რაი წმიდათა წერილთა, საეკლესიოთა ჭურჭელთა და სიგელ-გუჯართა და სიწმიდეთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად აღეგზე რაი დაცვისათვის წინაპართა მემკვიდრეობისაი, მოღუაწეთა ქებულთა შორის, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, და რჩეულად გამოსჩნდი და აწ ჰბრწყინავ საკვირველად.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ჭეშმარიტო ღმრთისა დედაო, ევედრე შენ, ძესა შენსა დამბადებელსა, რაითა მიმიძღუეს ჩუენ ნავთსადგურად მყუდროდ და განმარინნეს დანთქმისაგან ცოდვათა ჩუენთასა.

 

 

გალობა 5, ღამითგანსა

 

ძლისპირი: სული მაცხოვარებისაი, უფალო, რომელ-იგი მიუდგა გულსა შინა პირველთა წინაისწარმეტყუელთასა და იშვა ქუეყანასა, მან მაუწყა ჩუენ მოსლვაი შენი ქუეყანად მორწმუნეთა ცხორებად, და აწ განათლებულნი გალობით გადიდებთ.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

განარინეს რაი საუნჯეი ერისა და ეკლესიისაი ღმრთისმბრძოლთა მთავრობათა, ვითარცა უპატიოსნესი მოღუაწეი, გყვეს შენ მცველ მისა, და მეუღლითურთ დაუტევე რაი სამშობლოი, ღირსო ექვთიმე, წარყევ განძსა მას უცხოსა ქუეყანასა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

წამის-ყოფამან საღმრთოისა ნებისამან რწმუნებულ გყო რაი განძი საქართველოისა, მრავალსა წელსა იცავდი საკვირველითა მით მოშურნეობითა, რამეთუ ხელთაგან მცბიერთაისა მრავალგზის განარინე, და ვერცავინ გაცთუნა შენ საფასითა დიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

დაღათუ ხელთ გაქუნდა ოქრო-ვერცხლი და თვალ-მარგალიტი მრავალსასყიდლისაი, აღესრულა ერთგული თანამეცხედრეი შენი უპოვარებასა შინა და შეერთო წიაღსა მას სამარადისოსა, ხოლო შენ მწუხარებისა მის სიმხნითა დამრთგუნველი ეძიებდი ძუელთა მათ სიწმიდეთა მამულისათა და შეისყიდდი მეცადინეობითა დიდითა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ცანი და ქუეყანაი განათლდეს შენ მიერ, უქორწინებელო დედაო იესუისო, რამეთუ გამოგვიბრწყინვე შენ ნათელი დაუშრეტელი, ღმერთი ყოველთაი, რომელმან ბნელსა შინა შეყენებულნი მიხსნნა და ზეცისა სასუფეველისა მკვიდრად გვიჩინნა.

 

 

გალობა 6, ღაღადყავსა

 

ძლისპირი: დანთქმული ღელვათა სოფლისა ამის განსაცდელთა ნავითა ცოდვისაითა შთავრდომილი და მიგდებული მხეცსა სულთა მომსრველსა, გიღაღადებ: ვითარცა იონა იხსენ განხრწნისაგან და სიკუდილისა, ეგრეთცა მიხსენ მე, ქრისტე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მარადის ევლტოდი რაი ვერცხლისმოყვარეობასა მას ბოროტსა და დიდებასა კაცთა მიერსა, დიდსა შეჭირვებასაცა შინა ვერა შეარყია ანგარებამან სიმტკიცეი გონებისა შენისაი, არამედ მარტოობასა და სნეულებასა შინა დაითმენდი მწარეთა სალმობათა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერცაღა მოაუძლურა იწროებამან საღმრთოი მოქალაქეობაი შენი, ყოვლადქებულო, რამეთუ მადლი ღმრთისაი გცვიდა კრძალულად, და დიდებული განძი იგი ერისა ჩუენისაი უკუნ აქციე რაი სამშობლოსა, ყოველნი ანგარნი აღავსე სირცხვილითა და რიდითა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

ფრიად მხცოვანი მოიწიე რაი საყუარელსა მამულსა შენსა, მსწრაფლ ქუე დაეხუე, სანატრელო, და ამბორს უყავ რაი სასოებითა ქუეყანასა შენსა, ფრიად შეგიყვარეს ქართველთა და იქეც მათთვის ხატად პატიოსნებისა და სიწმიდისა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

წინაისწარ მოასწავა საიდუმლოი შენი, ქალწულო, პირველ კიდობანმან შჯულისამან, შემწყნარებელმან საღმრთოთა წერილთამან, და ტაკუკმან ოქროისამან, სამკვიდრებელმან მანანაისამან და კუერთხმან.

 

 

  გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩვენ ყოველნი, შემდგომად ღმრთისა, შენდა მოვილტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
 
  მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.

 

 

მცირე კვერექსი
 
 დიაკონმან: მერმე და მერმე მშჳდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: შეგუეწიენ, გუაცხოვნენ, შეგჳწყალენ და დაგჳცვენ ჩუენ, ღმერთო, შენითა მადლითა.
 
 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
 
 დიაკონმან: ყოვლადწმიდისა, უხრწნელისა, უფროჲსად კურთხეულისა, დიდებულისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისა, და ყოველთა წმიდათა მომჴსენებელთა, თავნი თჳსნი და ურთიერთარს, და ყოველი ცხორებაჲ ჩუენი ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა შევვედროთ.
 
 მგალობელთა: შენ, უფალო.
 
 მღდელმან: რამეთუ შენ ხარ მეუფჱ მშჳდობისაჲ, და მაცხოვარი სულთა ჩუენთაჲ, და შენდა დიდებასა აღუავლენთ მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
 
 მგალობელთა: ამინ.

 

 

კონდაკი

 

 სიწმიდისა მუშაკად დაუძინებელად გამოსჩნდი, და შრომანი შენნი და ღვაწლნი დაუცადებელნი შეწირულ იქმნეს წინაშე წმიდისა სამებისა, ამისთვისცა გიღაღადებთ: გიხაროდენ, ბრძენო მეჭურჭლეო საქართველოისაო!

 

იკოსი

 

 ყოვლადვე არასადა შეაპყარ თავი თვისი შუებასა და განცხრომასა, არამედ შეჭურვილი მღვიძარებითა საღმრთოითა მოშურნედ იქეც მოსახელისა შენისა ექვთიმისა, და ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისასა მისებრ განჰლევდი მოძიებასა განბნეულთა სიწმიდეთა და წიგნთა ღმრთივსულიერთასა, და უძუელესთა მათ ხელნაწერთა და ძეგლთა და ეკლესიათა აღწერითა და საუნჯეთა ჩუენთა უვნებელად დაცვითა გამოაჩინე რაი სიდიადეი ღუაწლისა შენისაი, გამოჩნდი კანონად პატიოსანთა მეცნიერთა და მამულიშვილთა, და საღმრთოი სიხარული მოგუფინე ყოველთა და აღგვძარ გალობად შენდა: გიხაროდენ, ბრძენო მეჭურჭლეთუხუცესი საქართველოისაო!

 

 

 დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.

 

 მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან:   უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.

 

 მგალობელთა: პატიოსან–არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 დიაკონმან: პატიოსან–არს წინაშე უფლისა

 

 მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.

 

 მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!

 

 მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.

 

გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ყოველი სული

 

გუნდი: აქებდით უფალსა.

 

 დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.

 

 მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.

 

 მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.

 

 დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 დიაკონმან: მოხედენ.

 

სახარება ლუკასი

 

  ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა, ნეტარ-ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაი. ნეტარ-ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განჰსძღეთ. ნეტარ-ხართ რომელნი ჰსტირთ აწ, რამეთუ იცინოდეთ. ნეტარ-იყუნეთ რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ და გაყუედრებდენ და განხადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაი ძისათვის კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყუენით, რამეთუ აჰა, ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ-არს ცათა შინა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.

 

 მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 მეოხებითა წმიდისა ექვთიმე ღმრთისკაცისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.

 

 აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. 

 

 მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.

 

მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.

 

 

  გერი: სანთელად ცეცხლმთებარედ გამოუჩნდი ბნელსა შინა უმეცრებისა შთავრდომილთა სულთა და დაუღამებელისა ნათლისა მიმართ წინამძღუარ ექმენ, ყოველთა მოუწოდე რაი მსახურებად მამულისა და ღმრთისა, რომელსაცა ევედრე აწ, რაითა მოჰმადლოს სოფელსა მშვიდობაი და კეთილმორწმუნესა ერსა ჩუენსა ძლევაი მტერთა ზედა, შეურყეველად დამტკიცებაი ეკლესიათაი, და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.

 

 

ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი

 

 მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 

გალობა 7, კურთხეულარსა

 

  ძლისპირი: ყრმათა ბაბილონს სახუმილსა მას შინა ცუარი ეცურია ზეგარდამოი. ღმრთისა მიერ ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ-ხარ, უფალო მამათა ჩუენთაო, ღმერთო უკუნისამდე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

აღავსე რაი განძსაცავი ჩუენი, არა ხოლო თუ ხატთა მიერ და სამკაულთა, არამედ ხელნაწერთა მიერ საეკლესიოთა და საეროთა, აწ ახარებენ გულთა ჩუენთა და აღგვძრავენ ქებად შენდა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

პირველ პატივსგცემდენ, ღირსო, და მასწავლელად დაგადგინეს რაი სასწავლებელსა შინა უმაღლესსა, აღგიყვანეს მაღალსა ხარისხსა ზედა მეცნიერისასა და სიყუარულითა მოძღურიდი მოწაფეთა შენთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მრავალჭირნახული ეგე მოღუაწეი უსამართლოდ შეგრისხეს ხელისუფალთა, და ნაცვლად მადლიერებისა პყრობილ-გყვეს სახლსა შინა, გარნა დაუცხრომელად იღუწიდი და აღწერდი ხელნაწერთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

გიხაროდენ შენ, ასულო ადამისო, გიხაროდენ, სძალო ღმრთისაო, გიხაროდენ, მშობელო მაცხოვრისაო, რომელმან დაიტიე შემოქმედი შენი, მეოხ-გვეყავ მარადის.

 

 

გალობა 8, აკურთხევდითსა

 

  ძლისპირი: შეუწუელმან მაყუალმან სინას აუწყა ღმერთი მოსეს, ხმითა წულილსა და ენა-მძიმესა, და შურმან საღმრთომან ყრმანი იხსნნა სახუმილისაგან და გალობით ღაღადებდეს: ყოველნი საქმენი აკურთხევდით დღეს ღმერთსა და უფალსა, უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მსგავსად მზისა გამოუჩნდი რაი ერსა ჩუენსა და განსწავლიდა სიყუარულსა შინა ღმრთისა, და ერისასა, ყოვლისა პატივისაგან განვრდომილი მიიცვალე წინაშე ღმრთისა, გარნა მხიარულებითა სულებმან მართალთამან შეიწყნარეს სული შენი, რომელთა შორის იშვებ, ღმერთშემოსილო, და მეოხ ხარ მოსავთა შენთა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

ვერა დაჰფარა რაი ჟამთა დინებამან მოღუაწებაი შენი, ღირსად სანატრელო ექვთიმე, ეკლესიამან ჩუენმან წმიდანად დაგადგინა და ღმრთისკაცი გიწოდა რაი დიდსა მას მეჭურჭლეთუხუცესსა ერისა ჩუენისასა, სახსენებელად საუკუნოდ ნეტარებაი და ქებაი შენი განგვიწესა ყოველთა შვილთა თვისთა.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

მოღუაწეთა ქებულთა შორის, ჰოი, ღირსო ექვთიმე, რჩეულად გამოსჩნდი და ბრწყინავ რაი საკვირველად, აწ ჩუენთვისცა ევედრე კაცთმოყუარესა ღმერთსა, მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიცვას განსაცდელთაგან უხილავთა და ხილულთა მტერისათა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ბუნებაი კაცთაი პირველ ცოდვისაგან განხრწნილი განახლდა შენ მიერ, ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენ მხოლომან უშევ კაცთა მაცხოვარი ყოველთაი და ღაღადებენ: საქმენი უფლისანი აკურთხევდით უფალსა.

 

 

გალობა 9, ადიდებდითსა

 

  ძლისპირი: მტვირთველმან გამოუცდელმან უხრწნელებისამან, სიტყუასა დამბადებელსა ავასხა ბუნებათა. მოვედ, უბიწოო ქალწულო, ღმრთისმშობელო, შენგან შობილსა თანა მასწავე მორწმუნეთა, რაითა ღირს ვიქმნეთ ჩუენ დიდებად შენდა.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

კეთილად მოღუაწესა გპოვებთ შენ, ჰოი, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, რამეთუ სილტოლვითა ანგარებათა და ფუფუნებათაგან უარჰყავ თავი თვისი, ნეტარო, და გვიჩვენე რაი სიმაღლეი სიმდაბლისაი, სახეი გვექმენ პატიოსნებისა და ერთგულებისაი.

წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.

მაშურალად დიდად ერისათვის შენისა მოგიგეთ რაი მორწმუნეთა, ხმამაღლად გადიდებთ და მოვისწრაფით მიმთხვევად სამარხოსა შენსა, რამეთუ იქმნა იგი უძლურთათვის, ვითარცა საუნჯეი მადლისაი და წყაროი კურნებათაი.

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

განმაძლიერებელმან შენმან ქრისტემან ღმერთმან გამოაცხადნა რაი სიმხნენი ღუაწლთა შენთანი და მოგანიჭა მადლი შეწევნისაი, ღირსად სანატრელო ექვთიმე, აწ წარჰმართენ სლვანი ჩუენნი მცნებათა მიმართ მისთა.

აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

ძუელი შჯული მოგასწავებს, ქალწულო წმიდაო, და ახალი აღგიარებს ღმრთისმშობლად, უსძლოო, და ჩუენ მორწმუნენი სარწმუნოებით ვიტყვით: მშობელო სიტყვისაო, ვედრებად ნუ დასცხრები ღმრთისა მიმართ მოსავთა შენთათვის.

 

 

 მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)

 

განმანათლებელი

 

 მოღუაწებამან შენმან მამულსა შინა, გინა უცხოებასა, დაგადგინა შენ სასანთლესა მაღალსა, და ჰნათობდი რაი საქმეთა შენთა ელვარებითა ქუეყანასა შენსა, იხარებს ეკლესიაი ქართველთაი, და ხსენებასა შენსა გვიწესს შვილთა თვისთა, რომელი მართალთა თანა უგალობ ზეცათა მეუფესა და ღმერთსა.

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

მსგავსად მნათობთა დიდთა განმტევებელი ბრწყინვალეთა შარავანდედთა ელვარე ჰყოფ ყოველთა ხსენებისა შენისა მედღესასწაულეთა და საღმრთოსა მადლსა მიჰფენ სულსა ზედა მორწმუნეთასა, რომელნი სარწმუნოებითა და სურვილით ვაქებთ დღესასწაულსა შენსა განათლებულსა და ღირსსა ქებისასა.

მღვდელმან აკმიოს.

 

 მკითხველმან: არა ჯერ-იყო დუმილით თანა-წარსვლაი ღუაწლისა შენისა ხსენებისა, რამეთუ ჟამსა მას დევნულებათასა ყოვლისავე საქმისა ქართულისა, გამოსჩნდი ნუგეშად ერისა შენისა, და ვითარ წინამძღვარი ერისკაცთაი, არაცაღა დასცხრებოდი დაცვისათვის ენისა, მამულისა და სარწმუნოებისა, აწ გვიოხე წინაშე ღმრთისა, გარე წარაქციოს რისხვაი აღდგომილი ჩუენ ზედა, სიმრავლისათვის ცოდვათა ჩუენთასა, და გვიხსნეს ჩუენ ძმათა შორის ბრძოლისაგან და ზედადასხმისაგან მტერთასა.

სიყუარული შენი სიმდაბლისა მიმართ და ცხორებისა სიმარტივეი და სიწმიდეი იხილა რაი ღმერთმან, მოგმადლა შენ ნიჭნი მრავალნი და სიყუარულითა განსწავლიდი ყოველთა, რაითა აღორძინდენ სულიერითა და ხორციელითა კეთილითა, და მარადის მოუწოდდი დაცვად წინაპართა მემკვიდრეობისა და მსახურებად მამულისა და ღმრთისა, მას ევედრე აწ ხსნად ქუეყანისა ამის ჩუენისა და მკვიდრთა მისთა სულიერისა და ხორციელისა განსაცდელისა და ვნებულებისაგან.

უცხოებასაცა შინა ჯვარს-აცუ თავი შენი მოღვაწებითა, ღმრთივსანატრელო ექვთიმე, ნაკლულებასა და იწროებასა შინა ცხოვნდებოდი მეუღლითა შენითა და არცაღა დააკლებდი რაი საუნჯესა მას ჩუენსა, მოიღე სასყიდელი მოღუაწებისაი ღმრთისაგან, და ნუცა დასცხრები აწ ჩუენთვის მეოხებად წინაშე მისა, რაითა გვიხსნნეს ჩუენ მოწევნადთა ძვირთაგან, და ღირს-გვყოს დამკვიდრებად შენ თანა.

აწ ჩუენცა არა უმეცარ ვართ ღუაწლთა შენთა, სანატრელო, რამეთუ შენ მიერ საკვირველად დაცული ხატნი და სიწმიდენი და საუნჯენი მრავალსასყიდლისანი დავანებულ არს განძთსაცავსა შინა ჩუენსა და საქმეთა შენთა ქადაგებს ყოველთა სასმენელად, რაისთვისცა იხარებს ერი ქართველთაი შენთვის, ექვთიმე ღმრთისკაცო, და ევედრება ქრისტესა, ღმერთსა ჩუენსა, რაითა განგვიმრავლოს მოღუაწენი, მსგავსნი შენნი, აღსაორძინებლად საქართველოისა.

ზეცით მოიღე რაი მადლი დიდისა ღუაწლისაი, ვითარცა ანგელოსი კაცთა შორის ჰბრწყინავდი საღმრთოითა მოქალაქეობითა, და აწ გაქუს კადნიერებაი ყოვლადწმიდისა მიმართ ღმრთისმშობლისა, რაითა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს მეოხებასა მისსა წილხვედრთა თვისთა, არამედ აღაგზოს გულსა შინა ჩუენსა საღმრთოი ცეცხლი მოშურნეობისაი, რაითა არცაღა განმცემელ ვექმნნეთ სიქადულსა ჩუენსა მართლმადიდებლობასა, და მარადის ვაქებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა:

 

 

 წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.

 

 უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.

 

 მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.

 

 დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.

 

 უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.

 

 აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

 მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.

 

 

მცირე მრჩობლი კვერექსი

 

 დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა  მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი  სოფელი  სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა;  რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).

 

 მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.

 

 მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ. 

 

 კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…

 

სავედრებელი ლოცვა

 

  ჰოი, კაცო ღმრთისაო ექვთიმე, მეჭურჭლეთუხუცესო ერისა შენისაო, და ბრწყინვალეო მნათობო საქართველოისაო; სახეო პატიოსნებისა და სიმდაბლისაო, და ხატო მამულის ერთგულებისა და სიყუარულისაო; სათნოებათა საუნჯეო და შესავედრებელო და ძალო სარწმუნოებითა შენდამი შევრდომილთაო!

ჰოი, სიწმიდისა მუშაკო მიურულებელო, ღირსო ექვთიმე ღმრთისკაცო, ხედვიდი რაი მუშაკთა სიმცირესა და სამკალთა სიმრავლესა, აღირჩიე გზაი იგი იწროი და საჭირველი, რომლისათვისცა სიყრმითგანვე განიმზადებდი თავსა თვისსა, და მრავალთა საქმეთა იტვირთვიდი სადიდებელად ღმრთისა, არცაღა დასცხრებოდი რაი მოკრებად და დაცვად აღსახოცვად განწირულისა წინაპართა მემკვიდრეობისა, ვითარცა სიწმიდეთა და ხატთა, ეგრეთვე სიგელ-გუჯართა და ხელნაწერთა. ამისთვისცა ვიქადით და მეოხ-გყოფთ წინაშე ღმრთისა, რაითა წმიდაი ეკლესიაი თვისი დაიცვას შეურყეველად და შეგვჭურნეს ჩუენ ძალითა თვისითა უძლეველითა, ყოველთა ხილულთა და უხილავთა მტერთა ზედა, მოგუანიჭოს შენებრი სიყუარული ღმრთისა, მამულისა და მოყუასისა, და დაგვიფაროს მონებისაგან მამონაისა. ოხითა შენითა და შეწევნითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოის კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, დიდი მეუფეი, მამაი ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, პატიოსანნი მღდელნი, ქრისტეს მიერ დიაკონნი და ყოველნი სამონაზვნო წესნი, ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი და ყოველნი მართლმორწმუნენი ქრისტეანენი.

ჰოი, ყოვლად საქებელო წმიდაო ექვთიმე ღმრთისკაცო! მოქალაქობასა მას ზეცისა უხორცოთასა აღხვედ კიბითა მით მოღუაწებისაითა, და აწ გაქუს რაი კადნიერებაი ღმრთისა მიმართ, შეგვეწიე, რაითა მოგვანიჭოს მშვიდობაი და სიმრთელეი ყოველთა მართლმადიდებელთა, აღმოგვიყვანოს სიღრმეთაგან ცოდვათასა და დაგვიფაროს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, განმხრწნელისაგან ქარისა, მახვილისა, ზედა მოსლვისაგან უცხო თესლთაისა და ძმათა შორის ბრძოლისაგან; უცნაურისა სიკუდილისა და ყოვლისაგან ბოროტისა, და მოგუანიჭოს მხურვალებაი სარწმუნოებისაი და ახოვანებაი სულისაი, რაითა უბრკოლველად თანა-წარვხდეთ საცთურთა მათ საწუთოისასა, და მივეახლოთ სანატრელსა მას პალატსა სამოთხისასა, სადაცა წარდგომილ-ხარ წინაშე მაცხოვრისა, რაითა მარადის შენთანა უგალობდეთ მას, თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,

 

 მგალობელთა: ამინ.

 

 დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.

 

 მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზე­სთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.

 

 მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

 

 მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

 სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.

 

 მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.

 

 მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).

 

დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),

უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.

 

ხატისა მთხვევასა ზედა ვჰგალობთ ესრეთ:

 

ქუეყანასა ჩუენსა განითქვა მადლთა შენთა სიმრავლეი და ცხად-ჰყოფს ბრწყინვალებაი დიდისა საუნჯისაი, რომელი იგი ახარებს გულსა ჩუენსა და აღგვძრავს ქებად შენდა და დიდებად ღმრთისა. აწ ჩუენცა მოგვიხსენენ წინაშე მისსა, ყოვლად ნეტარო ექვთიმე, რაითა მოგუმადლოს სინანული და მოტევებაი ცოდვათაი და დაგვიფაროს ყოველთაგან მაჭირვებელთა ვნებათა და ეშმაკთა მახეთაგან.

ყოვლადწმიდაო დედოფალო, ღმრთისმშობელო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებითა თაყუანის-მცემელთა და სურვილითა ამბორისმყოფელთა პატიოსანისა ხატისა წმიდისა ექვთიმე ღმრთისაკაცისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაი შენი თანა-მავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისაითა.

 

შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა