მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
ჭეშმარიტად საკვირველ არს სიყუარული შენი, და ღმრთისმსახურებაი, წმიდაო დედოფალო ელენე, რამეთუ ძელი ცხორებისა ჩუენისაი, შურითა დაფარული სიღრმესა შინა ქუეყანისასა, აღმოიყვანე, და ხელითა მღდელთმთავართაითა აღამაღლე რაი სასოდ ყოვლისა სოფლისა, ადგილთა მათ წმიდათა ტაძარნი აღაშენენ, და აკურთხევდი ჩუენთვის ვნებულსა ქრისტესა ღმერთსა, მას ევედრე, აწ ხსნად ჩუენდა ჭირთაგან, რომელნი აღვასრულებთ სახსენებელსა შენსა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დასაბამ ქრისტეის მორწმუნეი იქმენ შენ შორის ყოველთა დედოფალთა, დიდებულო ელენე, რამეთუ ძისა შენისა თანა ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერ წარმართული ცდომილებაი ყოველსა ქუეყანასა და მრავალნი ერნი მიჰგვარეთ ღმერთსა, მას ევედრე აწ ჩუენთვისცა, რაითა გვიხსნნეს ყოველთაგან ჭირთა და განსაცდელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ქუეყანასა მწყურნებსა, ვითარცა ხმელსა, განვიდა და შრომათაგან ეგვიპტისათა განერა ერი ისრაელთაი, და ღაღადებდა: მხსნელსა ჩუენსა და უფალსა უგალობდეთ.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოჩინებაი ჯუარისაი იხილა რაი ძემან შენმან ცათა შინა, სძლია წინააღმდგომნი შეჭურვილმან ძალითა მისითა, და რწმენა რაი ქრისტე, შენცა განგსწავლიდა მცნებათა შინა მისთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
საცნობელნი შენნი აღიხილენ ზეცად მიმართ, დედოფალო, და იცან რაი ყოველთა უფალი, განათლდი ემბაზითა ნათლისღებისაისა, და ახოვნად იღუაწე სადიდებელად მისა. საცნობელნი შენნი აღიხილენ ზეცად მიმართ, დედოფალო, და იცან რაი ყოველთა უფალი, განათლდი ემბაზითა ნათლისღებისაისა, და ახოვნად იღუაწე სადიდებელად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ქრისტესა შეუდეგ შენ, დედოფალო, და მრავალთა მოიმოწაფებდი რაი თაყუანის–ცემად მისა, აწ ჩუენცა წარგვიმართე გზასა მას ჭეშმარიტსა და აღგვძარ დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ბჭეო აღმოსავალისა საღმრთოისაო, განმიხვენ მე კარნი სინანულისანი და შუამდგომელობითა შენითა მიხსენ მე, ყოვლადწმიდაო ქალწულო, ბჭეთაგან სიკუდიდ–შემოსილისა ცოდვისათა.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: განმაძლიერებელ მექმენ მე, დამბადებელო ცისაო და ქუეყანისაო წყალთა ზედა. დამამტკიცე მე, ქრისტე, ეკლესიისა კლდესა ზედა, რამეთუ არა ვინ არს წმიდაი შენებრ, კაცთ–მოყუარე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შეჭურვილი ეგე მარხვითა, ლოცვითა და მღვიძარებითა, ნეტარო დედოფალო, მარადის იხსენებდი საშინელსა მას სასჯელსა, და შიშითა მით განაკრძალებდი სულსა თვისსა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ფრიად უყვარდი რაი ძესა შენსა, ელენე დედოფალო, პატივს–გცემდა, ვითარცა ბრძენსა, და გარწმუნა რაი საჭურჭლეი თვისი, ნეტარო, შეეწეოდი ქურივ–ობოლთა, და უხუებითა ზრდიდი ღატაკთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ჟამსა მას არიოზისა საცთური აღელვებდა რაი ეკლესიასა, შეკრიბნა მეფემან ებისკოპოსნი ქალაქსა ნიკეასა, წარმართებად მართლისა სარწმუნოებისა და დამხობად მწვალებლობისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოქალაქობისაგან წმიდისა განვვარდი, ყოვლადწმიდაო, და ვებაძუე პირუტყვთა და ყოვლითურთ დასჯილ ვიქმენ, მშობელო მსაჯულისაო, ყოვლისაგან დასჯისა მიხსენ და მაცხოვნე მე.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 40-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა 4
შეიყუარე შენ ქრისტე, წმიდაო დედოფალო ელენე, და მოძღურებითა მისითა განათლებულმან მრავალთა წარუმართე რაი მისა მიმართ, შენ მიერ წმიდასა მას ქალაქსა შინა განცხადებულად გამოაჩინა ნათლითა შემკული პატიოსანი ჯუარი, რომელი მძლე ექმნა ღუაწლსა და წინა–აღმდგომთა ბრძოლისათა, და აღძრვიდა ყოველთა დიდებად ღმრთისა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: მესმა, უფალო, განგებაი საიდუმლოთა შენთა გამოუთქუმელთაი, განვიცადენ საქმენი შენნი და აღვიარე მე ღმრთეებაი შენი.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ზეგარდამოითა ჩუენებითა გებრძანა რაი მოძიებაი ქრისტეს ჯუარისაი, არა ჰრიდე მხცოვანებასა შენსა, ღირსო, და ყოველივე აუწყე რაი ძესა შენსა, საფასითა მრავლითა წარგგზავნა იერუსალეიმსა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეწადა რაი წმიდათა ადგილთა გამოჩინებაი ქრისტესა, სიყუარულისათვის დედისა თვისისა დედაკაცივე წარგავლინა მოძიებად ყოველთა სიწმიდეთა თვისთა, აწ ჩუენცა აღგვძარ დიდებად მისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
სიხარულითა შეგემთხვია რაი მაკარი იერუსალეიმელი სამღდელოთა თანა, ჰკითხვიდი წმიდათა ადგილთათვის და ძელისათვის ცხოველისა, გარნა არა რაი უწყოდენ მათ, და იწყეთ ლოცვაი ღმრთისა მიმართ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცისკროვან–ჰყავ სული ჩემი, დაბნელებული შეცოდებათა სიმრავლითა, რომელმან ჰშევ მზეი სიმართლისაი, მარადის ქალწულო.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: განგუანათლენ ჩუენ ნათლითა შენითა, უფალო, და მკლავითა მაღლითა მორწმუნეთა მშვიდობაი შენი ზეცით მომეც ჩუენ, კაცთ–მოყვარე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მაშინ შეკრებდი იერუსალეიმსა შინა იუდეანთა, და ვითარცა მეცნიერი წერილისაი ამხილებდი სიტყვითა წინაისწარმეტყველთა მათთაისა, რამეთუ ვერცა მათ იცნეს მხსნელი მსგავსად მამა–პაპათა თვისთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გამოირჩიეს რაი იუდა ჰურიათა შორის თვისსა, ვითარცა კეთილად მცოდნეი წერილისაი, ეტყოდი, რაითა გიჩუენოს ჯუარი უფლისაი, დაფარული შურისათვის და სიძულილისა მათმიერისა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
დაღათუ ექადოდი ჰურიასა მას სასჯელითა, უმეცარ ჰყოფდა თავსა თვისსა, და შთასვი რაი ჯურღმულსა, ითხოვა აღმოყვანებაი დღესა მას მეშვიდესა, და განგიმხილა საყოფელი იგი ჯუარისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განსწმიდე სული ჩემი, ღმრთისმშობელო ქალწულო, შეგინებული სიტკბოებითა ხორციელითა, ზაკუვათა მიერ გუელისაითა და გვიხსენ სნეულებისგან ხორცთაისა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ვედრებასა ჩემსა განვჰფენ უფლისა მიმართ და მას აუვარებ ბრალთა ჩემთა მარადის, რამეთუ ბოროტითა აღივსო სული ჩემი და სიმტკიცე ჩემი ჯოჯოხეთად მიიწია, და იონაისებრ ვღაღადებ: აღმომიყუანე მე, ღმერთო ჩემო, უფსკრულისაგან ცოდვისა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ადგილი იგი სანატრელი განეცხადა რაი ებისკოპოსსა მაკარისა, მიისწრაფეთ თხემისა ადგილსა, და ბრძანე რაი დარღვევაი კერპთა ტაძრისაი, საღმრთოითა მადლითა განათლდა გული იუდაისი, და ევედრებოდა ღმერთსა გამოჩინებასა ჯუარისასა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ეჰა, სასწაული ღმრთეებრივისა მადლისაი, აღმოხდა რაი სულნელებაი საკვირველი, იწყეთ თხრაი და პოვეთ რაი ადგილი გოლგოთისაი, გამოჩნდენ სამნი ჯუარნი, მუნ დაფლულნი, და მადლსა და დიდებასა შეწირვიდით ჯუარცმულსა ქრისტესა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
არა უწყოდით რაი სამთა მათ ჯუართა შორის, რომელ იყო უფლისაი, დედოფალო, თვითეულად შეახეთ მკუდარსა და აღადგინა რაი მესამისა ჯუარისა შეხებამან, ფრიად სნეულიცა განკურნა გარდასახვამან მისმან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განჰკურნე უკურნებელი და უძლური გული ჩემი, ღმრთისმშობელო, დაპყრობილი ვნებითა და სიბოროტითა, და შენმიერსა კურნებასა ღირს–მყავ და მაცხოვნე მე, მეოხებითა შენითა, ყოვლადწმიდაო დედაო და ქალწულო.
გვიხსენ განსაცდელთაგან მონანი შენნი, ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო ქალწულო, რამეთუ ჩუენ, ყოველნი, შემდგომად ღმრთისა შენდა მოვივლტით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა.
მოიხილე ჩუენ ზედა, ყოვლადქებულო ღმრთისმშობელო, და ხორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 12-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე კვერექსი
კონდაკი, ხმა 8
შემდგომად ქრისტეს სარწმუნოებად მოსლვისა შენისა, დედოფალო, და ცნობად ჭეშმარიტისა ღმრთისა, მადლითა და ძალითა მისითა დედაი ეგე მეფისაი მიხვედ მოსწრაფებით ადგილსა მას წმიდასა, სადა იგი ჯუარს ეცვა ნებსით მაცხოვარი ჩუენი ცხორებად ჩუენდა, და ჰურიათა და წარმართთა მიერ შურითა დაფარული პატიოსნი ძელი გამოაჩინე და აღმართე სადიდებლად მისა.
სხუაი კონდაკი
დასაბამ კეთილმსახურებისა იქმენ შენ, შორის ყოველთა დედოფალთა, ელენე, სამ–გზის სანატრელო, რამეთუ ძისა შენისა თანა ძალმოსილებითა სამეუფოითა აღმოფხუერ წარმართული ცდომილებაი და მრავალნი ერნი მიჰგვარეთ რაი ქრისტესა ღმერთსა, სიხარულითა თაყუანს–სცემდენ პატიოსანსა ჯუარსა მისსა და ევედრებოდენ ცოდვათა შენდობასა და წყალობასა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
დიაკონმან: ამისთვის გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან ჩუენმან.
მგალობელთა: და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა.
დიაკონმან: და აღვამაღლო რჩეული
მგალობელთა: ერისაგან ჩემისა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: იოანესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება იოანესი
ჰრქუა უფალმან მოსრულთა მათ მისა მიმართ ჰურიათა: მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს; შევიდეს და გამოვიდეს და საძოვარი ჰპოვოს. ხოლო მპარავი იგი არა მოვიდეს, არამედ რაითა იპაროს, და დაკლას და წარწყმიდოს. ხოლო მე მოვედ, რაითა ცხორებაი აქუნდეს და უმეტესი აქუნდეს. მე ვარ მწყემსი კეთილი: მწყემსმან კეთილმან სული თვისი დადვის ცხოვართათვის. ხოლო სასყიდელით დადგინებულმან და რომელი არა არნ მწყემსი, რომლისა არა არიედ ცხოვარნი თვისნი, იხილის–რაი მგელი მომავალი, დაუტევნის ცხოვარნი და ივლტინ, და მგელმან წარიტაცნის იგინი და განაბნინის ცხოვარნი. ხოლო სასყიდლით დადგინებული იგი ივლტინ, რამეთუ სასყიდლით დადგინებულ არნ, და არარაი სჭირნ მას ცხოვართათვის. მე ვარ მწყემსი კეთილი და ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ. ვითარცა მიცის მე მამამან, ვიცი მეცა მამაი და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათვის. და სხუანიცა ცხოვარნი მიდგან, რომელნი არა არიან ამის ეზოისაგანნი; იგინიცა ჯერ–არიან მოყუანებად ჩემდა, და ხმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისაითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: გამოსჩნდი რაი სუეტად კეთილმსახურებისად და მოციქულებრ ჰქადაგე წმიდაი სამებაი, აღამაღლე აწ ლოცვანი ჩუენნი წინაშე მისსა, და გვითხოვე შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი; მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცეი მორწმუნეთა და ამაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და მადლი და წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა მოციქულთასწორისა დედოფლისა ელენეისითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: ყრმანი ებრაელნი სახუმილსა შინა ვიდოდეს ცეცხლსა ზედა კადნიერებით შეცურეულნი ღაღადებდეს და იტყოდეს: კურთხეულ ხარ შენ, უფალო ღმერთო, უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ესმათ რაი სასწაულნი და კურნებანი, აღსრულებულნი ჯუარისაგან, იხარებდენ იერუსალეიმელნი, და გევედრებოდენ რაი ჩუენებასა, უბრძანე გოლგოთას აღმაღლებაი მისი მაკარის, და თაყუანი–სცეს ყოველთა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ნათელ იღო რაი იუდა კვირიაკოსის სახელითა, იქმნა ებისკოპოს, და ერთობითა იწყეთ რაი მოძიებაი სამსჭვალთაი, იხილეთ ნათელი ელვარეი, და პოვეთ იგინი ფიცრისა თანა პილატეს წარწერითა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ღუაწლი შენი, ვითარცა საუნჯეი ოქროისა, შეუმოსია ეკლესიასა, და მსგავსად სამეუფოისა გვირგვინისა დაუდგამს თავსა თვისსა, რაითა ჰნათობდეს მას შინა შესრულთა და აღძრვიდეს დიდებად ღმრთისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნებითა ჩემითა შეცოდებული და დამონებული ჩუეულებისაგან უჯეროისა, მოწყალებისა მომართ შენისა მოვივლტი განწირული, და გევედრები: მაცხოვნე მე, ყოვლად უხრწნელო ქალწულო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შვიდწილ აღაგზნა სახუმილი მძლავრმან ქალდეველმან ყრმათათვის, გულისწყრომითა და რისხვითა, და ძალითა მაღლისაითა იხილნა უვნებელად დაცულნი ცეცხლისაგან განუხრწნელად, და დამბადებელისა მიმართ და მხსნელისა ღაღად–ყო: აკურთხევდით ყრმანი, და მღდელნი უგალობდით, ერნი უფროისად ამაღლებდით მას უკუნისამდე.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ქადაგ–იქმენ რაი სანატრელისა მის ჯუარისა, ერთი ნაწილი მისი და სამსჭუალნი წარუგზავნე ძესა შენსა, ხოლო მეორე შეამკვე ოქროითა და ანთრაკითა, და შექმენ რაი მისთვის ლუსკუმაი ვეცხლისაი, მიეც მაკარი იერუსალეიმელსა მოსახსენებლად ქრისტეს ჯუარცმისა, აწ ჩუენთვისცა ევედრე მას, მოცემად მადლისა და წყალობისა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
პოვე რაი ადგილნი იგი წმინდანი იუდიანთა მარცხვენელად, ნეტარო დედოფალო ელენე, ბრძანე, ყოვლად დიდებულთა ტაძართა აღშენებაი არა ხოლო თუ ღმრთივ–შემწყნარებელსა მას სამარხოსა, არამედ ბეთლემსა, ქუაბსა ზედა, რომელსა შინა მოიღო ქრისტემან შობაი კაცობრივი; და მთასა მას ზეთის ხილთასა ელეონსა, სადა იგი ამაღლდა დიდებითა; და წარემართე ჰრომსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
ვიდოდით რაი ზღვითა, დედოფალო, იწყო ღელვაი დიდი და უფალსა ევედრებოდი რაი შეწევნასა, გარდახვედით კვიპრესა მშვიდობითა და ძუელსა მას ნატაძრალსა აღაგე რაი მონასტერი წმიდისა ნიკოლოზისაი, ომოდოსისა და სტავროვუნისა სავანეთა მიუბოძე ნაწილნი ჯუარისანი, და წყაროი მაკურნებელი აღმოხდა რაი ჟამსა ლოცვისა შენისასა, აღაშენე მუნ ტაძარი თეკლა მოწამისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისა ჩემისანი განჰკურნენ სიტკბოებითა, ყოვლად საგალობელო დედოფალო, დაამშვიდე ცხორებაი და განანათლე სული ჩემი და წარმიმართე გზათა საღმრთოთა, რაითა მარადის გაკურთხევდე შენ, უბიწოო ქალწულო, და ვადიდებდე ძესა და ღმერთსა შენსა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: განკვირდეს ზესკნელს ცანი, და კიდენი ქუეყანისანი შეძრწუნებულ იქმნნეს, რაჟამს ღმერთი შენ მიერ კაცთა გამოუბრწყინდა და საშოი შენი უმაღლეის ცათა საყდართა გამოაჩინა. ამისთვის, ღმრთისმშობელო, ანგელოზნი და კაცნი, ვითარცა ღირს ხარ, გადიდებენ შენ.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მრავალნი ქუელის–საქმენი ქმენ რაი ჰურიასტანსა და კვიპრესა, სიხარულითა შეგიწყნარა ძემან შენმან, დედოფალო, და განაწესეთ რაი დღესასწაული ჯუარისაი, ნაწილნი მისნი მიუბოძეთ ებისკოპოსსა ჰრომისასა, და საფასეი დიდი წარუგზავნეთ მაკარი იერუსალეიმელსა – განსასრულებლად და შესამკობელად ტაძართა.
წმიდაო მოციქულთასწორო დედოფალო ელენე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წადიერებითა აღაშენებდა რაი ძეი შენი კონსტანტინეპოლეს – სამეუფოსა მას ქალაქსა, შენცა მოიხილე და იხარებდი რაი მჭურეტელი დიდებულთა ტაძართა და შენებულებათა, უკუნ იქეც პალატთა თვისთა და ფრიად დაუძლურებული ევედრებოდი ძესა შენსა, რაითა კეთილად მსახუროს ქრისტესა ღმერთსა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა,
განასრულე რაი საღმრთოი ეგე სრბაი შენი, ყოვლად ქებულო დედოფალო, ლოცვითა შეჰვედრე სული თვისი ღმერთსა, და დიდისა ღუაწლისა შენისათვის შეგრთო რაი სიმრავლესა მას წმიდათასა, ნეტარო, მოგანიჭა მადლი ეშმაკთა განსხმისაი და ყოველთა ჭირვეულთა შეწევნისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ
ყოველთა შემოქმედი და უფალი, მიდგომილმან შევ უკუე, ქალწულო, და აჰა, მდგომარეი არს მარჯვენით მამისა, და აწ ვითარცა დედაი მისი, შემეწიე წინაშე მისა, რაითა დღესა მას შინა სასჯელისასა მიხსნნეს მე ნაწილისაგან მარცხენისა, და აღმრაცხოს მარჯვენითთა ცხოვართა თანა.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღუდელმან აკმიოს.
მკითხველმან: წმიდაი ნეშტი შენი, დედოფალო, ძემან შენმან პირველ დაასუენა ეკლესიასა შინა ჰრომისასა, და განასრულა რაი კონსტანტინეპოლი და ჰყო სამეფოდ ქალაქად, გარდაასუენა ლუსკუმაი შენი დიდებულსა მას ტაძარსა მოციქულთასა, და ყოველნი იხსენებდენ სიქველესა და სიმხნესა შენსა, რომლისა მიერ ხსნილ იქმნენ მონებისაგან ეშმაკისა, აწ ჩუენცა დაგვიფარე კაცთა ბოროტებისა და ეშმაკის საცთურთაგან, და ეკლესიაი დაიცვევ მწვალებელთაგან.
დიდად იღუაწა რაი ქრისტეისთვის კოსტანტინე დიდებულმან, მშვიდობითა შეჰვედრა სული თვისი ხელთა მისთა, და ნეშტიცა მისი შენთანა დააბრძანეს რაი ლუსკუმითა, წმიდანი სამარხონი თქუენნი იქმნა უძლურთათვის, ვითარცა საუნჯენი მადლისანი და წყარონი კურნებათანი, და მრავალი ერი ქრისტეანეი მოისწრაფდა რაი შევრდომად მათდა, თქუენცა მიანიჭებდით სულთა და ხორცთა სიმრთელესა და აღძრვიდით ქებად თქუენდა და დიდებად ღმრთისა.
ძუელნი მატიანენი გვაუწყებენ ქართუელთა, თუ ვითარ წარმოგზავნა პატრეარქი ანტიოქიისაი ქუეყანასა ჩუენსა ძემან შენმან, მიართუეს რაი წერილი ნინოისი, თხოვად მღდელთა, და წარმოატანა რაი ხატი მაცხოვრისაი, ფიცარნი ფერხთაი და სამსჭუალნი ხელთაი, ნაწილი ძელისა მის ცხორებისაი წარუგზავნე შენ ქალწულსა ნინოს – განმანათლებელსა ჩუენსა, და უწოდდი რაი ეპისტოლესა შინა თანაზიარად მოციქულთა, ნანა დედოფალსა სახელსდევ სანატრელად, და აჰა, აწ ერთობითა სუფევთ ზეცათა შინა, ვითარცა მოციქულთასწორნი დედანი, და მეოხ ხართ მოსავთა თქუენთა.
ყოვლად საკვირველი ღუაწლი ეგე შენი, დედოფალო, განადიდა რაი ეკლესიამან ქრისტეის ღმრთისამან, ვითარცა მოციქულთასწორი, წმიდათა შორის შეგრაცხა ძისა შენისა თანა, და სახსენებელად საუკუნოდ შესხმაი თქუენი განგვიწესა შვილთა თვისთა, აჰა, აწ ჩუენცა პატივსა გცემთ და გაქებთ შენ, ახოვან ქმნილნი ღუაწლითა შენითა და გევედრებით შეწევნასა ღმრთისა მიმართ, რაითა მოსცეს მშვიდობაი ერსა ჩუენსა, განგვარინოს ყოველნი განსაცდელნი და ღირს გვყოს დიდებად მისა.
საღმრთოითა სწავლითა განათლდი შენ, დედოფალო, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი და თანა–მოქმედი ღუაწლისა მისისაი გამოსჩნდი შეუძრველ სიმტკიცედ ქრისტეს სარწმუნოებისა, და ურიცხვი სული იხსენ რაი დანთქმისაგან ცოდვათათსა, აჰა, აწ განაპყარ ნეტარნი ეგე ხელნი შენნი, რომელსა შინა შეიწყნარე წმიდაი იგი ჯუარი უფლისაი და ევედრე მას ზედა ნებსით შემსჭვალულსა, მომადლებისათვის ჩუენდა სინანულისა, და ხსნაი ყოვლისაგან ბოროტისა.
დიდად მოღუაწედ გამოსჩნდი შენ, წმიდაო დედოფალო, და მრავალთა მიიყუანებდა რაი ქრისტეის მიმართ, მოიღე მისგან მადლი მეოხებისა, და აჰა, აწ ხსენებისა შენისა აღმასრულებელთა ხსნაი გვითხოვე შეცოდებათაი და შეგვავედრე ყოვლადწმიდასა ღმრთისმშობელსა, რაითა განგვარინოს ყოველნი განსაცდელნი წილხვედრსა ერსა თვისსა და აღგვძრას მარადის დიდებად ყოვლადწმიდისა სამებისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის: – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.'
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, ეკლესიისა დიდო მნათობო და საღმრთოისა დიდებისა მხურვალეო მღაღადებელო, წმიდაო მოციქულთასწორო ელენე, ძისა შენისა თანა წარმართულთა ცდომათა აღმომფხურელო და მართლისა სარწმუნოებისა მცველო და მქადაგებელო; ქრისტეს ცხოველსმყოფელისა ჯუარისა და სხუათა სიწმიდეთა მომპოვნებელო და წმიდასა ქალაქსა შინა იერუსალეიმსა პირველთა მათ ტაძართა აღმგებელო; ყოველთა მოსავთა შენთა მსწრაფლ–შემწეო, და მხურვალედ მვედრებელთა შენთა მეოხო და შუამდგომელო!
ჰოი, ღმრთივსათნოითა დედობითა განშუენებულო და საქმითა მოღუაწებისაითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო! ზეცით უწყებითა და ღმრთისა მიერ გამოცხადებითა მოიძიე რაი ქუეყანასა შინა დაფარული ცხოველსმყოფელი ჯუარი მაცხოვრისაი, სრულ ყავ ქადაგებაი იგი ჭეშმარიტებისაი, და კერპთ–მსახურებისაგან ხსნილი მრავალი ერი დაუმორჩილე ძალსა მისსა, რაისთვისცა პატივ–გცა მან უფროის ყოველთა დედოფალთა, და მოგანიჭა რაი მადლი შეწევნისაი, აწცა გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა მშვიდობაი მოსცეს ეკლესიასა და კეთილდღეობაი ყოველსა სოფელსა, ხოლო ჩუენ მოგუმადლოს მხურვალე სიყუარული ღმრთისა და მოყუასისაი, და აღგვიდგინოს ცხებული ღმრთისაი, რომელიცა სარწმუნოებითა მტკიცითა მოჰკრძალავს საზღუართა საქართუელოისასა და აღამაღლებს და აღადგენს ღირსებასა და ძლიერებასა მისსა, რაითა ვიყოთ ერთ სამწყსოი და უფალი იყოს მწყემს ჩუენდა. ღმრთივმონიჭებულითა ძალითა შენითა დაიცევ და მსახურებასა შინა განაძლიერე დიდი მეუფე ჩუენი, უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართუელოს კათოლიკოს–პატრიარქი, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი ილია და ყოვლად–სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარ–ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტეისმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, საჩინოთა დედათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო ელენე დედოფალო, შრომანი შენნი და სიწრფოებანი გულისანი იხილნა რაი ქრისტემან, მოხედვა–ყო წყალობითა, და ვითარცა, დედაი კეთილმსახურისა მეფისაი, მიგავლინა მოძიებად ჯუარისა თვისისა და ყოველთა სიწმიდეთა, და აღუშენენ რაი ტაძარნი დიდებულნი ადგილთა მათ წმიდათა, სადა იგი უხრწნელნი ვნებანი ჩუენთვის ხორცითა დაითმინა, აწ გაქუს კადნიერებაი მისა მიმართ, რაითა აღმოგვიყუანოს უფსკრულთაგან ცოდვათასა, და გვიხსნნეს სიყმილისაგან, სრვისა, ძრვისა, ცეცხლისა, მახვილისა, ზედამოსვლათაგან მტერისა, უცნაურისა სიკუდილისა და გარემოდგომილისაგან ბოროტისა, რაითა ყოველნი ვცხონდეთ და ზეცათა იერუსალეიმსა შინა შენთანა ვადიდებდეთ მას, თანა დაუსაბამოით მამით მისით, და ყოვლად–წმიდით და ცხოველს–მყოფელით სულითურთ, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
ყოველთა მოგვიგიე რაი უფლისა მიმართ მვედრებელად, წმიდაო დედოფალო ელენე, სიღრმით გულისაითა, მუხლმოდრეკით მლოცველნი შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა და გევედრებით ღმრთისა მიმართ შეწევნასა, რაითა დაგვიფაროს ყოველთა ვნებათაგან, და საცთურისაგან ეშმაკისა.
ღმრთისმშობელო ქალწულო, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი, რომელმან გამოიღე ტევანი ცხორებისაი, შენ გევედრებით, მიმადლებულო, მოციქულთასწორისა ელენე დედოფლისა თანა, მეოხ გვეყავ ცხორებისათვის სულთა ჩუენთაისა.
შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი