მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
1. უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა;
2. და ნუ შეხუალ სასჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი.
3. რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხოურებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი.
4. და მოეწყინა ჩემ თანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი.
5. მოვიხსენე დღეთა პირველთაი და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ.
6. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი.
7. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა, ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა.
8. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი.
9. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე.
10. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი, სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.
11. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი.
12. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
გარეჯითგან ჰბრწყინევდი, ვითარცა სანთელი მაღალსა ზედა სასანთლესა მღდელობისასა, და სამებისა ნათლითა ჰნათობდი რაჲ ქუეყანასა ჩუენსა, მონაზონთა გულსმოდგინებასა აღაორძინებდი და სხუათა უმრავლესთა აღადგინებდი სურვილად მონაზონებისა, სჯულისა განმწმედელო მამაო დოდო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათჳს.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უდაბნოსა მოქალაქედ და ჴორცითა ანგელოსად, და სასწაულთა მოქმედად გამოსჩნდი ღმერთშემოსილო მამაო დოდო, მარხვითა, მღვიძარებითა და ლოცვითა მადლი ზეცით მოიღე, და ჰკურნებ უძლურთა სენთა და სულთა, რომელნი სარწმუნოებითა შენდა მოივლტიან; დიდებაჲ, რომელმან მოგცა შენ ძალი; დიდებაჲ, რომელმან გჳრგჳნოსან-გყო შენ; დიდებაჲ, რომელი იქმს შენ მიერ ყოველთა ზედა სასწაულთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთსმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედუფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობა 1, უგალობდითსა
ძლისპირი: ეტლთა სიმრავლე მხედრებითურთ ზღვასა მეწამულსა სიღრმესა შთაითხივნეს სიმტკიცითა მკლავისათა, ქრისტეს მიერ იჴსნნეს ისრაელნი და ახლად იტყოდეს ძლევისა გალობასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ვაქებთ საკჳრველთა მათ ღუაწლითა შენთა და მადლობასა შევსწირავთ ღმერთსა, რომელმან მოგავლინა მოღუაწედ და მლოცველად ერისა ჩუენისა და დიდებად და სიმტკიცედ კახეთისა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ნერგად ღმრთივშუენიერად აღმოსცენდი ძირთაგან წარჩინებულთასა, და სიყრმითგან ევლტოდი რაჲ შფოთთა სოფლისათა, ისწრაფდი ანგელოსებრივისა მიმართ ღუაწლისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გამოგირჩია რაჲ უფალმან ჭურად რჩეულად, დამტევნელად მადლთა მათ თჳსთა, უპოვარებისა მოყუარჱ დაეყუდე ნინოწმიდას და ღუაწლითა ძლიერითა სათნო ეყავ ღმერთსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ ჭეშმარიტად დედაჲ ღმრთისაჲ, წმიდაჲ, სამოთხისა სამკაული და მეფეთა ძლევაჲ, და აწ შემსხმელნი შენნი გჳჴსნენ მტერთა უხილავაგან, ძლევისა გალობითა დღეს.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: რომელმან დააფუძნე ქუეყანაჲ წყალთა ზედა და მიეც ნაყოფიერებაჲ ყოვლადვე კლდესა ზედა, ქრისტე, მცნებათა შენთასა შეუძრავსა დაამტკიცე ეკლესიაჲ შენი, მხოლოო სახიერ და კაცთმოყუარე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
გესმა რაჲ საკჳრველნი საქმენი დავითისა, ასურეთით ქართლად მოსრულისა და მოწაფისა თჳსისა ლუკიანესა თანა გარეჯად დამკჳდრებულისა, აღიძარ ხილვად მისა და მიიწიე კარსა ზედა სენაკისა მისისასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
გიხილა რაჲ, გულისჴმა-ყო სიწმიდჱ შენი ნეტარმან დავით, და აღივსო სიხარულითა, ხოლო იუბნეთ რაჲ მოძღურებაჲ საღმრთოჲ და სულიერი, ევედრებოდით ღმერთსა, რაჲთა ივერთა ერი დაიფაროს ყოველთაგან ვნებათა და განსაცდელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
გხედვიდა რაჲ ფრიად მოღუაწესა, წმიდაჲ იგი გიჩვენებდა გაღმართ კლდესა, და გეტყოდა: „ქმენ სადგური და ეკლესიაჲ სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა", და გაკურთხა იწროსა მას გზასა ზედა დაყუდებისასა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ურიცხუთა განსაცდელთა შინა შთავვარდი უბადრუკი, ჩემთა მათ აურაცხელთა ცოდვათა მიერ და სიღრმედ ბოროტთა მივიწიე საწყალობელი, ხოლო შენ, დედოფალო, წმიდაო, მიჴსენ მონაჲ შენი და მაცხოვნე მე.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..
მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა. ხმა
იშუებს აწ ერი ჩუენი ღმრთივბრწყინვალესა მას დღესასწაულსა შენსა, და ძალნიცა ზეცისანი უხილავად გალობენ ძნობითა, ხოლო ბანაკი მონაზონთაჲ იხარებს, მოქადული შრომათათჳს შენთა, უდაბნოსა შინა აღსრულებულთა, ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ქრისტესა ღმერთსა, ცოდუათა მოტევებისა მონიჭებად, სურვილით პატივისმცემელთა წმიდისა ჴსენებისა შენისათა.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: ესმა მოსვლა შენი დიდებული, დაუკჳრდა ამბაკუმს, ქრისტე, და შიშით ღაღადებდა: გამოხვედ მაცხოვრად ერისა შენისა და ჴსნად ცხებულთა შენთა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ერჩდი ბრძანებასა წმიდისა მამისასა, და განხვედ რაჲ რქასა მას, ნეტარო, დაემკჳდრე იწროსა მას ნაპრალსა კლდისასა, და შრომითა და მოღუაწებითა სათნო ეყოფვოდი ღმერთსა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
იყავ რაჲ მხედველი დაფარულთა ვნებათა და საცთურთა ბოროტისათა, განჭურეტდი ყოველთა გულისწადილთა შენდამი მოსწრაფეთა, და განამტკიცებდი ღუაწლთა და სათნოებათა შინა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
დაღათუ არს ადგილი ეგე ურწყული და უნუგეშისცემოჲ, ნეტარო, მრავალნი შეუდგნენ კუალსა შენსა, და იქმნებოდენ რაჲ მონაზონ, ქუაბთა და სენაკთა გამოკუეთდენ კლდეთა შინა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ვნებანი სულისანი განკურნენ და განმინანათლე გონებაჲ და გული, დედაო ღმრთისაო, რომელმან ნათლისა მომცემელი, ქრისტე მაცხოვარი უშევ კაცთა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: რომელმან შეიმოსე ნათელი სამოსლად, შენდა მოვილტვი, შენ გიღაღადებ: განანათლე სული ჩემი დაბნელებული, ვითარცა ხარ მხოლო მრავალმოწყალე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ასწავებდი რაჲ სჯულსა ქრისტეანობისასა წარმართთა, ნათელ-სცემდი მათ, რამეთუ მღდელ იყავ შემწირველი მსხუერპლისაჲ, და ასწავებდი გზასა მას სასუფეველად მიმყუანებელსა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
რომელთა აღირჩიეს შენთანა მოღუაწებაჲ, სანატრელო, აღუშენე ტაძარი სახელსა ზედა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა, და აღმართენ მონასტერნი საყოფელად მათდა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოისწრაფდენ რაჲ ერნი შენდა უდაბნოს, ჰკურნებდი უძლურთა და ბოროტითა სენითა შეპყრობილთა, და განამტკიცებდი მორწმუნეობასა მათსა. აწ სულთა ჩუენთა წყლულებანი განჰკურნე და სიმრთელჱ მოანიჭე ჴორცთა ჩუენთა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ღმერთი წმიდაჲ ჴორც-შესხმული ჰშევ, ქალწულო, წმიდაო, წმიდა-მყოფელად ჩუენდა, რომელნი სარწმუნოებით და შიშით წმიდა-ვჰყოფთ წმიდასა, წმიდა-მყოფელსა ჩუენსა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ზღუაჲ აღძრული ღელვითა წარწყმედელი დააცხრვე, ქრისტე, შერისხვით დააყუდე. მეცა დანთქმული ცოდვათაგან აღმომიყვანე, მოწყალე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ღუაწლსა მას ფიცხელსა შედგომილი განძლიერდი და ცრემლთა დინებითა სულნელ იქმენ, ვითარცა ნელსაცხებელითა, აწ გუასხურე ცუარი მადლისა შენისაჲ და მოგვანიჭე მოშურნეობაჲ უბიწოჲსა ცხორებისაჲ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ცოდვილთა და შეცთომილთა მოაქცევდი სინანულად, და უფალსა ევედრებოდი რაჲ გაძლიერებასა მათსა, სიყურულითა გმორჩილებდენ, მამაო, და ადიდებდენ ღმერთსა. მას ევედრე აწ, რაჲთა გჳჴსნეს ვნებათაგან სულიერთა და ჴორციელთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მრავალსა ჟამსა დაჰყავ რაჲ წინამძღურობასა შინა, მზეებრ განანათლე უდაბნოჲ ესე მჴეცთა სადგური და ეშმაკთა საყოფელი, და მათ წილ დაამკჳდრე კაცნი ანგელოზთა სწორნი, რაჲთა მარადის ადიდებდენ ღმერთსა, ყოვლად ძლიერსა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ნუგეშინისმცემელად, და ძალად და შესავედრებელად, და ჴელისაღმპყრობელად გვაქუ შენ, ქალწულო, ყოვლად წმიდაო, მოსავნი შენნი გჳჴსენ ყოველთა ჭირთაგან და განსაცდელთა.
გჳჴსენ განსაცდელთაგან მარადის მსასოებელნი სიწმიდისა შენისანი, წმიდაო, დიდო მღდელთმთავარო სპირიდონ, რამეთუ ჩვენ, ყოველნი შენდა მოჳლტვით, ვითარცა უძლეველისა ზღუდისა და შუამდგომელისა..
მოიხილე ჩუენ ზედა, წმიდაო, საკჳრველთმოქმედო მღდელთმთავარო სპირიდონ, და ჴორცთა ჩუენთა წყლულებანი ბოროტნი განჰკურნენ, და სულისა ჩუენისა სნეულებანი.
კონდაკი
სიყრმე უსრული სიჩჩოსა, ჰასაკ სრულ სიბერედ ისხენ და დანერგენ შორის შენსა ღუაწლნი მამათანი, რწყულნი იგი მათ მიერ მდიდრად ცრემლითა, და შენცა არავე უდებ-ჰყავ ნამცნებნი მათნი, და გამოგვიჩნდი შვილთა ეკლესიისათა მფარველად, თანამოდასეო ზეცისათა მათ ძალთაო, და თანამოკარვეო დავით გარეჯელისაო, სრულებაო მამათაო, ღირსო დოდო.
სხუაჲ კონდაკი
იხარებს ქართველთა ეკლესიაჲ შვილთა თანა თჳსთა, და იქადის კახეთი აღმოცენებისათჳს შენისა, განანათლე რაჲ მკჳდრნი მისნი საღმრთოჲთა სწავლითა, და გარეჯის უდაბნოსა შინა განამრავლე სავანენი და აღავსე მამათა მიერ სულიერთა, ჰმწყსიდი რაჲ შიშითა ღმრთისაჲთა და ჭეშმარიტითა მოძღურებითა, ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, და ჰბრწყინავ ზეცათა შინა.
იკოსი
მადლითა საღმრთოჲთა განანათლენ რაჲ მხარჱ კახეთისაჲ, მაუწყებელ-არს „დოდორქაჲ“ მოღუაწებათა შენთა საკჳრველთა და ღაღადებს შენთა შრომათათჳს მათ შორის აღსრულებულთა, ამისთჳს მოჳჴსენებთ ნაშენებთა შენთა და ვევედრებით განმადიდებელსა შენსა, რაჲთა ღირს-გვყოს გარეჯის სავანეთა აღდგინებისა, და მათ შინა მოღუაწეთა მამათა განმრავლებისა და მსახურებასა შინა შენმიერითა მადლითა განმტკიცებისა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უგალობდეთ ღირსნი მისნი უფალსა.
მგალობელთა: პატიოსან-არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: პატიოსან-არს წინაშე უფლისა.
მგალობელთა: სიკუდილი წმიდათა მისთა.
დიაკონმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
მგალობელთა: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული.
მგალობელთა: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: ლუკასაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება ლუკასი
მას ჟამსა შინა დადგა იესო ადგილსა ველსა, და ერი იგი მოწაფეთა მისთაჲ და სხჳსა ერისა სიმრავლე ფრიადი ჰურიასტანით და იერუსალჱმით და ზღჳს-კიდისაჲ, ტჳროსით და სიდონით, რომელნი მოსრულ იყვნეს სმენად მისგან და განკურნებად სნეულებათაგან მათთა; და ურვილნი იგი სულთაგან არაწმიდათა განიკურნებოდეს. და ყოველი იგი ერი ეძიებდა შეახლებად მისა, რამეთუ ძალნი გამოვიდოდეს მისგან და განჰკურნებდეს ყოველთა. და თავადმან აღიხილნა თუალნი მისნი მოწაფეთა მიმართ და ეტყოდა: ნეტარ ხართ გლახაკნი სულითა, რამეთუ თქუენი არს სასუფეველი ღმრთისაჲ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელთა გშიის აწ, რამეთუ განსძღეთ; ნეტარ ხართ თქუენ, რომელნი სტირთ აწ, რამეთუ იცინოდით; ნეტარ იყვნეთ, რაჟამს მოგიძულნენ თქუენ კაცთა და ოდეს გამოგასხნენ თქუენ და გაყუედრებდენ და განჴადონ სახელი თქუენი, ვითარცა ბოროტთაჲ, ძისათჳს კაცისა. გიხაროდენ მას დღესა შინა და მხიარულ იყვენით, რამეთუ აჰა ესერა სასყიდელი თქუენი მრავალ არს ცათა შინა.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა ღირსისა მამისა ჩუენისა დოდო გარეჯელისაჲთა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: შენ, ქადაგსა ჭეშმარიტებისასა და ყოვლად ბრწყინვალესა მნათობსა ქართველთა ერისასა ქებით შეგამკობთ, მამაო სანატრელო, დოდო გარეჯელო, და გევედრებით წადიერად: აღაპყრენ აწ ჴელნი შენნი ყოვლადწმიდისა მიმართ სამებისა და გვითხოვე შეუძრველად დაცვაჲ ეკლესიისა, ჴსნაჲ ივერიისაჲ ზედამოსვლათაგან მტერისა და მოცემად ჯუარითა ძლევაჲ ერსა ჩუენსა, და მორწმუნენი ღირს-გვყოს შენდობასა და წყალობასა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
მღდელმან: აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყუელისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოვანეისითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყუელისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა, და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრეისა და პავლეისითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათაისითა; ღირსისა დედისა ჩუენისა, მოციქულთა სწორისა ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანაისითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა, და მსოფლიოთა დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყუელისა, და იოვანე ოქროპირისაითა; წმიდათა შორის მამისა ჩუენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარეისა და მარინეისითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმიან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდიმოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოვანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისაითა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისაითა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოვანე და გაბრიელ ქართველთა, იოვანე თორნიკ–ყოფილისა და ეფთვიმე და გიორგი მთაწმინდელთაითა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, ჰაბო ტფილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთისა მთავართა დავით და კონსტანტინეისა და კონსტანტინე მთავრისაითა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასა და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთაითა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, ტფილისს ხუარაზმელთაგან მოწყუედილთაითა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთაითა; წმიდათა ღუაწლისამძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისაითა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანეისა, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოვანეისი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩუენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსაარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისაითა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და წმიდისა დიდისა მღდელმთავრისა, შანხაისა და სან–ფრანცისკოს მთავარეპისკოპოსისა იოანესი, განმანათლებლისა და საკვირველმოქმედისაითა, და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: უფროჲსად ამაღლებულმან, ღმერთმან მამათა ჩუენთამან, სახუმილი მოტყინარე ყრმათა მათ განუქარვა და იგინი ღაღადებდეს: ღმერთო შენ კურთხეულ ხარ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ზეგარდამო გეუწყა რაჲ აღსასრული შენი, მამაო, აკურთხევდი და განამტკიცებდი მოწაფეთა შენთა, რამეთუ მწუხარებდენ განშორებისათჳს მოძღურისა მათისა და მოღუაწისა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ვითარცა მწყემსმან კეთილმან, შეჰვედრე რაჲ სამწყსოჲ და მერმე სული თჳსი უბიწოჲ უფალსა, წარგიძღუა ანგელოზთა გუნდი, და აღგიყვანა წინაშე საყდარსა მისსა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
ხედვიდენ რაჲ პირსა შენსა, ვითარცა ანგელოზისასა, მრავალმოღუაწჱ გვამი შენი შეხვიეს ძაძასა, და დაფლეს რაჲ სენაკსა შენსა, დაადეს ლოდი და დაუტევეს ხურელი აღმოსაღებად მიწისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ცხოვრებისა საყუდელად გიცნობთ ყოველნი, ქალწულო, ღელვანი ვნებათანი შესცვალენ მყუდროებითა, და სინანულისა მოგებაჲ მოეც მოსავთა შენთა.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: შენ მხოლოსა, დამბადებელსა ყოველთასა, გალობა სულიერი გიღაღადეს ყრმათა, ყოველნი საქმენი უფალსა უგალობდით და ამაღლებდით მას უკუნისამდე.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
დაღათუ საფლავმან დაგფარა, ღუაწლი შენი, ღმრთივგანბრძნობილო, არცა-ღა დაინთქა სიღრმესა დავიწყებისასა, არამედ სავანესა მას უწოდეს „დოდორქაჲ“, და სენაკი შენი, შექმნილი ეკლესიად, შეამკეს დიდებულად.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
პატივი სიწმიდისაჲ არცა სიკუდილისა მიერ განგეშორა, რამეთუ ღუაწლი შენი განადიდა ეკლესიამან და ნაწილთა შენთა სამარხოჲ, ვითარცა უფსკრული მადლთაჲ ეპყრა ქართველთა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
სავანჱ შენი მრავალგზის აოხრდა რაჲ მტერთაგან, საფლავი შენი იქმნა მიუდგომელ, და დაშრტა კანდელი წინაშე მისსა, ამისთჳს გარდასვენებაჲ შენი დავითის ლავრსა განიზრახა ბერმან მიქაელ-გობრონ საბინინმან.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
შენ ხარ სასანთლე ბრწყინვალე ქრისტეს მჴსნელისა, და შენდა შევწირავთ მსოფლიოსა ქებასა, გიხაროდენ, ქალწულო, სასოო სოფლისაო, გიხაროდენ შენ, სნეულთა ძალო და მკურნალო.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ისაია მხიარულ-იყავ, ქალწულმან მუცლად-იღო, ჰშვა ძე დაუსაბამო, ემმანუილ ღმერთი და კაცი, აღმოსავალ სახელი მისი, მას ვადიდებდეთ და რომელმან ჰშვა იგი, ვნატრიდეთ.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
ძნიადღა პოეს დოდორქას ტაძარი შენი ბერთა, და აღმოწმიდეს რაჲ აღვსილი ლამითა და ქვითა, აღასრულეს პარაკლისი და ვითარცა წმიდასა ეკლესიისასა, გევედრებოდენ შეწევნასა.
ღირსო მამაო დოდო გარეჯელო, ევედრე ღმერთსა ჩუენთჳს
აღხადეს რაჲ ლოდი სამარხოსა, აღმოჴდა მისგან სული სულნელებისაჲ, და ყოველნი ძრწოლით გაქებდენ შენ, ღირსო, და ადიდებდენ ღმერთსა, მას ევედრე აწ განმტკიცებისათჳს სარწმუნოებისა ჩუენისა.
დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
აღმოასვენეს რაჲ წმიდაჲ ნეშტი შენი, ნეტარო, წარიხუნეს გალობითა, და აჰა, წინა მიეგებნეს მამანი ლიტანიითა, და შეასვენეს რაჲ ეკლესიასა, დაკრძალეს მახლობლად დავითისა.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განმანათლე მე, ღმრთისმშობელო, ვნებათა ბნელსა შინა შეყენებული ესე, გამომჴსენ ცეცხლისა მისგან, ცოდვილი ესე საწყალობელი, შემდგომად ღმრთისა სასოო ჩემო, ყოვლადწმიდაო.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღუდელმან აკმიოს.
მკითხველმან: მსმენელნი ღუაწლისა შენისანი დიდისა დავითისა თანა გაქებთ, მნათობო ქართველთა ერისაო და უმეტეს კახეთისაო, მონაზონთა შორის ბრწყინვალეო მამაო დოდო, და მოვისწრაფით გარეჯსა - ნაწილთა თქუენთა წმიდასა საყოფელსა, რომელ ვითარცა წყაროჲ დაუწყვედელი, აღმოაცენებს მადლთა სურნელებასა და გევედრებით: წარმწყმედელთა გზათაგან განგვარინეთ და დაგჳფარეთ ცოდვით დაცემისაგან.
ეჰა, ვითარნი ღუაწლნი აჩუენე ქრისტეს სამწყსოსათჳს, სანატრელო მამაო, რამეთუ დიდებულად შეამკევ წმიდაჲ ეკლესიაჲ ცხორებისა ბრწყინვალებითა, და ღაღადებს უდაბნოჲ გარეჯისა და გვიჴმობს ქებად ღუაწლისა შენისა და სიწმიდისა, ხოლო ჩუენ ვიხარებთ სულითა და ვითხოვთ შენმიერსა შეწევნასა წინაშე ღმრთისა, რაჲთა განაშოროს ყოველი სილაღჱ და ამპარტავნებაჲ დაბნელებულისაგან გონებისა ჩუენისა და დამგვამტკიცეთ კლდესა მას ზედა ქრისტეს მცნებათასა.
შემოვკრბეთ, ჵ, ერნო ქართველთანო, და შესჴმითა სულიერითა შევამკობდეთ სანატრელსა მამასა ჩუენსა დოდოს, ვითარცა უდაბნოსა სავანთა განმამრავლებელსა და მართალსა სარწმუნოებასა შინა ქართველთა დამამტკიცებელსა, რომელმან მდიდრად მოჰფინა მადლი და კურნებანი ქუეყანასა ჩუენსა და ვადიდებდეთ ქრისტესა ღმერთსა, რამეთუ მოსცა ესევითარი მამაჲ და მეოხი დედისა მისისა წილ-ხუდომილსა ერსა ჩუენსა.
ჵ, სანატრელო მამაო ჩუენო დოდო, ყოვლად ბრძენო, არა მხოლოჲ მკჳდრ ხარ შენ ზეცისა, არამედ მლოცველი და მსწრაფლშემწჱ, და ყოვლად ძლიერი მფარველი მრავალჭირნახულისა ერისა ჩუენისა, ამისთჳს აღგძრავთ შენ მეოხებად ღმრთისა მიმართ, განაქარვოს მზაკუვარებაჲ მტერთა ჩუენთაჲ და ძალი, სიბრძნჱ, და ერთსულოვნებაჲ მოჰმადლოს განბნეულსა ერსა ქართველთასა.
მოღუაწებრითა კადნიერებითა მოიხილე ჩუენ ზედა, რომელნი გიხმობთ შენ, ჵ, მამაო საკჳრველო, და შეგვაწყნარე მფარველსა ერისა ჩუენისასა, შენ მიერ შეყუარებულსა ღმრთისმშობელსა, რაჲთა თქმულნი მისნი აღასრულოს, ვითარცა მოწყალემან და ნუ განგვაშორებს ყოვლადწმიდასა საფარველსა თჳსსა, არამედ შეგვეწიოს ყოველსავე ჭირსა და საცთურსა შინა და აღგვავსოს მღჳძარებითა საღმრთოჲთა, რაჲთა ყოველნი ვიქმოდეთ სამართალსა, და მადლსა და დიდებასა აღუვლენდეთ ღმერთსა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
სავედრებელი ლოცვა
ჵ, ნათელ-ცისკროვნო ვარსკვლავო უდაბნოჲსაო, ღირსო მამაო ჩუენო დოდო გარეჯელო, დიდო იღუმენო „დოდორქის“ საღმრთოჲსა სავანისაო და სიქადულო საუფლოჲსა ერისა ჩუენისაო; მოღუაწებისა ძეგლო და მტკიცეო კლდეო სარწმუნოებისაო; მამათა წინამძღუარო და შუენიერო სამკაულო ქრისტეს ეკლესიისაო; მრავალთა სასწაულთა მოქმედო და მეოხო ჩუენო წინაშე მაცხოვრისა და ყოვლადწმიდისა დედისა მისისაო!
ჵ, მამათა შორის კეთილმსახურებითა განბრწყინვებულო, დიდო საკჳრველთმოქმედო დოდო გარეჯელო! რომელი ზეგარდამოჲთა განგებულებითა ღმრთისაჲთა მიიწიე გარეჯისა უდაბნოსა ნავთსაყუდელად სულთა და განმამრავლებლად სავანეთა, სრულ ყავ ანგელოსებრივი სრბაჲ შენი ქუეყანასა ზედა, და აღმაღლდი რაჲ ჴორცთაგან წინაშე ქრისტჱს ღმრთისა და მაცხოვრისა, მოჰმადლე ყოვლად ქებული ნაწილნი შენნი წმიდასა ეკლესიასა, ნათლად და გჳრგჳნად მადლთა, და თაყუანის-ვსცემთ მათ და გევედრებით: მეოხ გუეყავ წინაშე მისსა, რაჲთა მადლი თჳსი და წყალობაჲ განუახლოს დედისა თჳსისა წილხდომილსა ერსა ჩუენსა, მტჳრთველსა საუფლოჲსა ჯუარისაჲსა ქუეყანასა ზედა, და დაგვიცვას მტერისა საფრჴისაგან და ანტიქრისტეს სიცბილისაგან და მძლავრებისა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა დაიფარე და განამტკიცე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაჲ ჩუენი ილია, ყოვლადსამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, და ყოველნი სამღდელო და სამონაზვნო წესნი. განაძლიერე ღმრთისმსახურნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტიანენი.
ჵ, უქმთა უდაბნოთა ქალაქმყოფელო და კეთილად განმგებელო მოღუაწეო, ღირსო მამაო ჩუენო, წმიდაო დოდო გარეჯელო! რომელმან აღირჩიე ცხოვრებაჲ ანგელოზებრივი და შეიმოსე წმიდაჲ იგი სქემაჲ მონაზონებისაჲ, აწ მოგჳჴსენენ წინაშე ღმრთისა, რამეთუ გაქუს კადნიერებაჲ დიდი მისა მიმართ, რაჲთა მოჰმადლოს ეკლესიათა განბრწყინვებაჲ, სამღდელოთა - პატიოსნებაჲ, მთავართა და განმგეთა ჩუენთა - კეთილად მწყსაჲ ერისაჲ, მჴედართა - მამაცობაჲ, ერისაგანთა - უცოდველობაჲ და დედათა - კრძალულებაჲ, ხოლო ჩუენ აღგვაორძინოს და განგვამრავლოს და აღგვავსოს სულითა სიბრძნისაჲთა, ურთიერთასისა სიყუარულითა და საღმრთოჲსა გულისჴმის-ყოფისაჲთა, აღგვიდგინოს სიმართლისმოყუარებაჲ, მრავალშვილიანობაჲ და ქურივ-ობოლთა შეწყალებაჲ. მოგუანიჭოს სიწმიდითა ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაჲ, რაჲთა არა გვეუფლოს განმხრწნელი იგი სული ამა საუკუნისაჲ, და ზეცისა მოქალაქობასა ღირს-ქმნილნი შენ თანა უგალობდეთ, ვაკურთხევდეთ და დიდების-ვმეტყველებდეთ ყოვლადწმიდასა სამებასა, რომელსა მხოლოსა შუენის ყოველი დიდებაჲ, პატივი და თაყუანის-ცემაჲ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
ხატისა მისისა მთხვევასა ზედა ვგალობთ ესრეთ:
გჳვი შენ მცველად მიურულებელად, სამ-გზის სანატრელო წმიდაო დოდო, და გევედრებით: გვიმეოხე წინაშე ღმრთისა, რაჲთა სულნი ჩუენნი იჴსნნეს მონებისაგან ბნელისა ეშმაკისა და ტყვეობისაგან ვნებისა, ხოლო ჟამსა მას შინა განსჯისასა განგვარინოს საუკუნეთა მათგან მწარეთა სატანჯველთა.
ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, უბიწოო სძალო და დედაო, ქალწულო მარიამ, მოგუხედენ სარწმუნოებით თაყუანის-მცემელთა და სურვილით ამბორის-მყოფელთა, პატიოსანისა ხატისა წმიდისა დოდო გარეჯელისასა, ხოლო მადლი მისი და წყალობაჲ შენი თანამავალ მეყავნ ჩუენ ყოველთა დღეთა ცხორებისა ჩუენისათა.
ავტორ-შემდგენელი: თინათინ მჭედლიშვილი