მღვდელმან: კურთხეულ არს ღმერთი ჩუენი, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მკითხველმან: ამინ. დიდება შენდა, ღმერთო ჩვენო, დიდება შენდა.
მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევაჲ, ძალი და დიდებაჲ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
უფალო შეგვიწყალენ (12–ჯერ).
უფალო, შეისმინე ლოცვისა ჩემისაი, ყურად-იღე ვედრებაი ჩემი ჭეშმარიტებითა შენითა, შეისმინე ჩემი სიმართლითა შენითა; და ნუ შეხუალ საშჯელსა მონისა შენისა თანა, რამეთუ არა განმართლდეს შენ წინაშე ყოველი ცხოველი, რამეთუ დევნა მტერმან სული ჩემი და დაამდაბლა ქუეყანად ცხორებაი ჩემი, დამსუა მე ბნელსა შინა, ვითარცა მკუდარი საუკუნოი. და მოეწყინა ჩემთანა სულსა ჩემსა, და ჩემ შორის შემიძრწუნდა გული ჩემი. მოვიხსენე დღეთა პირველთაი, და ვიწურთიდ ყოველთა მიმართ საქმეთა შენთა და ქმნულსა ხელთა შენთასა ვზრახევდ. განვიპყრენ შენდამი ხელნი ჩემნი, და სული ჩემი, ვითარცა ქუეყანაი ურწყული შენდამი. მსთუად შეისმინე ჩემი, უფალო, რამეთუ მოაკლდა სულსა ჩემსა; ნუ გარე-მიიქცევ პირსა შენსა ჩემგან, და ვემსგავსო მათ, რომელნი შთავლენან მღვიმესა. მასმინე მე განთიად წყალობაი შენი, რამეთუ მე შენ გესავ; მაუწყე მე, უფალო, გზაი, რომელსაცა ვიდოდი, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი. მიხსენ მე მტერთა ჩემთაგან, უფალო, რამეთუ შენ შეგევედრე. მასწავე მე, რაითა ვყო ნებაი შენი, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩემი; სული შენი სახიერი მიძღოდეს მე ქუეყანასა წრფელსა. სახელისა შენისათვის, უფალო, მაცხოვნო მე და სიმართლითა შენითა გამოიყვანო ჭირისაგან სული ჩემი. და წყალობითა შენითა მოსრნე მტერნი ჩემნი და წარსწყმიდნე ყოველნი მაჭირვებელნი სულისა ჩემისანი, რამეთუ მე მონაი შენი ვარ.
წარგზავნილმან წმიდათა ნაწილთათვის, შენითა მით უაღრესითა წინა აღრჩევითა ჭეშმარიტად ივნე ქრისტესთვის უმტკიცესად, ყოვლადქებულო, და უკუნ-იქეც სახითა წმიდათა ნაწილთაითა სარწმუნოებისათვის წარმგზავნელისა შენისა, წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
წარგზავნილმან წმიდათა ნაწილთათვის, შენითა მით უაღრესითა წინა აღრჩევითა ჭეშმარიტად ივნე ქრისტესთვის უმტკიცესად, ყოვლადქებულო, და უკუნ-იქეც სახითა წმიდათა ნაწილთაითა სარწმუნოებისათვის წარმგზავნელისა შენისა, წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ქრისტესა ღმერთსა მოტევებისათვის ცოდვათა ჩუენთასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
არასადა დავსდუმნეთ, ღმრთისმშობელო, ძლიერებათა შენთა ქებად, უღირსნი ესე მონანი შენნი. რამეთუ არათუმცა შენ გვფარევდი ოხითა შენითა, ვინმცა სადა გვიხსნნა ჩუენ ესოდენთა ჭირთაგან; ანუ ვინმცა დაგვიცვნა ჩუენ აქამომდე ფლობილად? არასადა განგეშორნეთ ჩუენ, დედოფალო კურთხეულო, რამეთუ შენ იხსნი სულთა ჩუენთა ყოველთა განსაცდელთაგან.
ფსალმუნი 50
1. მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა ახოცე უშჯულოებაი ჩემი.
2. უფროის განმბანე მე უშჯულოებისა ჩემისაგან და ცოდვათა ჩემთაგან განმწმიდე მე.
3. რამეთუ უშჯულოებაი ჩემი მე უწყი, და ცოდვაი ჩემი წინაშე ჩემსა არს მარადის.
4. შენ მხოლოსა შეგცოდე და ბოროტი შენ წინაშე ვყავ; რაითა განმართლდე სიტყუათაგან შენთა და სძლო შჯასა შენსა.
5. რამეთუ ესერა უშჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან.
6. რამეთუ ესერა ჭეშმარიტებაი შეიყუარე, უჩინონი და დაფარულნი სიბრძნისა შენისანი გამომიცხადენ მე.
7. მასხურო მე უსუპითა და განვწმიდნე მე, განმბანო მე და უფროის თოვლისა განვსპეტაკნე.
8. მასმინო მე გალობაი და სიხარული, და იხარებდენ ძუალნი დამდაბლებულნი.
9. გარე-მიაქციე პირი შენი ცოდვათა ჩემთაგან და ყოველნი უშჯულოებანი ჩემნი ახოცენ.
10. გული წმიდაი დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა.
11. ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან.
12. მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე.
13. ვასწავლნე უშჯულოთა გზანი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ.
14. მიხსენ მე სისხლთაგან, ღმერთო, ღმერთო ცხორებისა ჩემისაო, იხარებდეს ენაი ჩემი სიმართლესა შენსა.
15. უფალო, ბაგენი ჩემნი აღახუნე, და პირი ჩემი უთხრობდეს ქებულებასა შენსა.
16. რამეთუ უკეთუმცა გენება, მსხუერპლი შე-მცა-მეწირა, არამედ საკუერთხი არა გთნდეს.
17. მსხუერპლი ღმრთისა არს სული შემუსრვილი, გული შემუსრვილი და დამდაბლებული ღმერთმან არა შეურაცხ-ჰყოს.
18. კეთილი უყავ, უფალო, ნებითა შენითა სიონსა და აღეშენნენ ზღუდენი იერუსალემისანი.
19. მაშინ გთნდეს მსხუერპლი სიმართლისაი, შესაწირავი და ყოვლად-დასაწუელი; მაშინ შეიწირნენ საკურთხეველსა შენსა ზედა ზუარაკნი.
გალობაი 1, უგალობდითსა
ძლისპირი: დაანთქენ ვნებანი სულისა ჩემისანი სიღრმესა ვნებათა ძლევისასა, უფალო, ქალწულისაგან შობილო, ვითარ დაანთქ ძლიერებაი აღჭურვილთა სპარაზენთაი და გიგალობდეს შენ ძლევისა ებნითა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ბრწყინავს სახსენებელი შენი, ჰოი, ქრისტესთვის წამებულო ბონიფატე, ვითარცა ბრწყინვალებაი მზისაი, და საღმრთოთა მადლთა ნათლითა განანათლებს რაი სულთა მოსავთა შენთასა, განსდევნის არმურსა ცოდვათა და ვნებათასა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
იხილენ რაი ეშმაკისა მახენი, ბოროტად განფენილნი ქუეყანასა ზედა, ტრფიალებითა საღმრთოითა უშიშად შეხვედ ასპარეზსა მას შინა ღუაწლისასა. აწ ჩუენცა დაგვიფარენ ბოროტთა ეშმაკთა და უკეთურებათაგან მისთა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ამა სოფლის საცთურისა სიმტკიცენი ძლიერად დააკვეთენ, და ახოვანითა სულითა მოშურნე ექმენ ღუაწლთა წმიდათასა, აწცა დაგვიცევ მოსავნი შენნი ანუ მახლობელნი ჩუენნი (სახელები), და გვიხსენ საფრხისაგან ეშმაკისა და საცთურისაგან სოფლისა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელი დანიელ პირველვე მთად ქადაგა, კარავსა სიწმიდისასა, და ფიცართა სჯულისასა, და წმიდასა წმიდათასა, და ტაბლასა პურისა მის საღმრთოისასა, ვითარცა ქალწულსა, გალობით უგალობდეთ.
გალობა 3, განძლიერდასა
ძლისპირი: არა სიბრძნითა, არცა ძალითა, არცა სიმდიდრითა თავით თვისით ვიქადით, არამედ შენგან, ღმრთისა სიბრძნეო, რამეთუ არავინ არს წმიდაი შენებრ კაცთმოყვარე.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
სოფლისა ამაოებასა შინა შთაფლული შეგაცდუნა რაი სიძვითა შუენიერებამან ქალბატონისა შენისამან, ღმერთმან მადლითა თვისითა შეგაგონათ და განგიღოთ კარი სარწმუნოებისა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
არცა განფიცხდა გული შენი ცოდვათა შინა, და გულსმოდგინებითა მსახურებდი რაი მწირთა და მოგზაურთა, ქურივთა და ობოლთა იფარვიდი და მდიდართა ასწავებდი გულმოწყალებასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
სუროდა რაი ვნებათა მონებისაგან გამოხსნაი აღლაიდას, ვერღა შეუძლო სიყუარულისათვის შენისა, და თვისსა მამულსა შინა მარტვილთა დაკრძალვითა ეწადა აღჭურვაი სულიერითა საჭურველითა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
რომელმან-იგი არა დააცალიერნა მამულნი წიაღნი, თავი თვისი ზეშთა ბუნებისა დაამდაბლა და იქმნა ძედ შენდა, ძე ღმრთისაი, უბიწოო.
მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩვენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ღმრთივ–დაცულისა ერისა ჩუენისა და მეუფებისა მისისათჳს (მთავრობისა და მხედრობისა) მისისათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქისა და მცეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტისა, დიდისა მეუფისა, მამისა ჩუენისა ილიასათჳს, და ყოვლადუსამღვდელოესისა... (აქა მოიხსენეთ ადგილობრიბი მღვდელმთავარი), და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩუენთათვის.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა ვევედრნეთ უფალსა ღმერთსა ჩუენსა, რაითა შეიწყალნეს... (აქა მოიხსენეთ სახელდებით ისინი, ვისთვისაც ევედრებით ღმერთს).
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: განამრავლე, უფალო, ჟამნი და წელნი ცხოვრებისა მათისანი, და იხსნენ იგინი, უფალო, ყოვლისაგან ჭირისა, რისხვისა და იწროებისა, და ყოვლისაგან წყლულებისა სულისა და ხორცთასა, და მიუტევენ მათ ყოველნი შეცოდებანი მათნი, ნებსითნი და უნებლიეთნი.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით ყოველთა ძმათა და ყოველთა ქრისტიანეთათჳს.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
მღვდელმან: რამეთუ მოწყალე და კაცთმოყვარე ღმერთი ხარ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
წარდგომა, ხმაი 1
გსუროდა რაი დიდებისა საუკუნოისად, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, იჯმენ ცოდვისაგან და შეუდეგ ქრისტესა, ხოლო ჯუარითა შეჭურვილი განხვედ რაი ღუაწლთა და წყობათა მიმართ, ტკივილნი მწარენი დაითმინენ უშიშითა გონებითა, და უჭირველსა მას შუებასა მიიცვალე, ღმერთშემოსილო, და ღირს იქმენ მოღებად ზეცისა ნიჭთა და გვირგვინთა, ამისთვის ვაქებთ ხსენებასა შენსა, და გევედრებით: გვიხსენ ბრალთაგან მეოხებითა შენითა, წმიდაო, და ჭირთაგან და კაცთა უკეთურთა ბოროტისყოფისაგან.
სხუაი წარდგომა, ხმაი 4
მსხურპლად უბიწოდ ნებსით შეწირულად თავი თვისი შესწირე ჩუენთვის ქალწულისაგან განკაცებულისა ღმრთისა, წმიდაო, და სამართლად პატივცემულ იქმენ მის მიერ, რამეთუ შეგამკო შენ გვირგვინითა საღმრთოისა დიდებისაითა, მოწამეთა სამკაულო ნეტარო ბონიფანტე.
გალობა 4, მესმასა
ძლისპირი: სიყუარული წყალობისა ძეთა კაცთაისა ჯუარსა ზედა აღმაღლდი და დადნეს ჰურიანი, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, სასოი და ძალი ჩემი.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
წარგავლენდა რაი აღლაიდა წმიდათა ნაწილთა მოძიებად, წინაისწარმეტყუელე აღსასრული შენი და რქვი: „უკუეთუ ნეშტსა ჩემსა მოგიტანენ, ნაცვლად ქრისტეს მოწამეთა ნაწილთა, მიიღებ პატივითა?“.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მოგეახლა რაი ცხოველსმყოფელი მადლი მაცხოვრისაი, ხორცთა ზრახუასა ზეშთა ექმენ განახლებითა საღმრთოითა, და მტკიცედ რქვი გულსა თვისსა: „კმა არს მონებაი ცოდვისაი“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მიიწიე რაი ტარსუს, წმიდაო, მსწრაფლ იწყე მოძიებაი მარტვილთაი, და იხილენ რაი ტანჯვიაი მათი, მოთმინებასა მათსა ჰნატრიდი და ნუგეშის-სცემდი ქრისტეს აღმსარებელთა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ქალწულებაი დაბეჭდილი შემდგომად შობისა განიცადე, ქალწულო, და წმიდით წიაღით შენით შობილსა მას სიტყუასა ადიდებდი სულითა.
გალობა 5, ღამითგანსა
ძლისპირი: ნათელი შენი, უფალო, მომფინე ჩუენ ზედა, და მიხსნენ ბნელისაგან, ჩუენ ცოდვილნი, და მოწყალებაი შენი, სახიერ, ზეცით გარდამოგვივლინე.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გკითხვიდეს რაი მტარვალნი, თუ ვინაი იყავ, აღიგზე შურითა საღმრთოითა, წმიდაო, და რქვი: „მე ქრისტეანე ვარ“, და უშიშად ამხილებდი უმეცრებასა მათსა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
განგიჩინა რაი უსჯულო მთავარმან შოლტითა გუემაი და სიკუდილი ტანჯვითა, ყოველივე ახოვნად დაითმინე, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, და მძლე ექმენ მთავარსა ბნელისასა.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ფოცხუთა მიერ დაბძარულსა ფრჩხილთა აღმოგფხურიდენ რაი მახვილითა, მწარედ განკაფული ღაღადებდი: „მეუფეო, დაიცევ სული ჩემი ღონეთაგან ეშმაკისაითა“.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მწიკულისაგან ვნებათაისა განწმიდე სული ჩემი, ქალწულო, და მაცხოვნე, გევედრები, რომელმან ჰშევ ღმერთი მაცხოვარი, ხორცითა ზეშთა ცნობისა.
გალობა 6, ღაღადყავსა
ძლისპირი: ღაღადებდა წინაისწარმეტყუელი იონა უფსკრულით გამო, და მოასწავა სახე სამ დღე დაფლვისაი და იტყოდა: მიხსენ განხრწნისაგან, იესუ, შენ, მეუფეო ძალთაო.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ენება რაი სიმტკიცისა შენისა დახსნაი მძლავრსა მას უწყალოსა, ბრპენი აღდუღებული შთაგასხა პირსა, გარნა დახსნდა სიცბილი მისი, ცუარითა საღმრთოითა ეგე რაი უვნებელად.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვერღარა გავნეს რაი უსჯულოთა, წარგკვეთეს წმიდაი თავი შენი, ნეტარო, და გარდამოდინდა რაი სისხლი და სძე, ქრისტესა აღიარებდა სასწაულითა ამით ახოვან-ქმნილი ურიცხვი ერი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
მოჰკვედ რაი ქრისტესთვის წადიერებითა, მხნეო, მის მიერ მოგენიჭა მადლი ყოველთა ცუდთა ჩუეულებათა ოტებისაი, და ვნებათა მძლავრებისაგან მომკუდართა კურნებისაი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წინაისწარვე გამოგსახა მაყვალმან მოტყინარემან, უბიწოო, ხოლო ყოვლადვე არა შემწვარმან, რამეთუ შენ ცეცხლი ღმრთეებისაი გვიშევ და არა შეიწუ.
კონდაკი, ხმაი 3
განწმედილად და უბიწოდ გიჩინა შენ თვით მნებებელობით, რომელსა ქალწულისაგან შენთვის შობაი ეგულების, გვირგვინშემოსილო, წმიდაო ბრძენო ბონიფანტე!
სხუაი კონდაკი, ხმაი 3
ჰრომითგან აღმოსავალსა წარემართე რაი მოღებად ნაწილთა მარტვილთასა, სჯულიერისა სარწმუნოებისათვის ვნებულთა, აჩუენე ახოვანებაი შენი და ქრისტეს აღსარებითა თავს-ისხენ სატანჯველნი, რომლისა მიერ მოიღე ძლევისა პატივი ვნებათათვის შენთა, წმიდაო ბონიფანტე, და გამოსჩნდი სასწაულთა მოქმედად, და მოწყალედ საკვირველად.
იკოსი
ძვირთა სიღრმეთა შინა შთავრდომილი აღგამაღლა რაი მრავალმოწყალემან თავსა მაღალთა კეთილთასა და დიდებულსა წამებათა ღუაწლთასა, ვითარცა წყობათა შინა სახელოვანი, შემძლებელ ხარ დახსნად სიბორგილესა ეშმაკთასა, რამეთუ არარაი არს ესრეთ საყუარელ და საწადელ მისა, ვითარ შუებაი და მთრვალობაი, რამეთუ წყაროი არს ესე ყოველთა ბოროტთაი, ამისთვის საწუთოისა ბნელისაგან დამწუხრებულნი გევედრებით, წმიდაო ბონიფანტე, აღლაიდას თანა შეეწიე სიმთრვალითა და ყოველთა წარწყმედელთა მათ ვნებათაგან შეპყრობილთა (სახელი), რაითა სინანულითა აღძრულნი მოიღებდენ ღმრთისა მიერ მადლსა, კურთხევასა და წყალობასა.
დიაკონმან: სიბრძნით. მოხედენ.
მღდელმან: მშვიდობა ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: წარდგომა ფსალმუნისაგან დავითისა, ხმაი 4: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
მგალობელთა: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: იქადიან წმიდანი დიდებითა და იხარებენ სარეცელსა ზედა მათსა.
მგალობელთა: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა, ღმერთი ისრაელისა.
დიაკონმან: საკვირველ–არს ღმერთი წმიდათა შორის მისთა,
მგალობელთა: ღმერთი ისრაელისა.
მღდელმან: უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ!
მღდელმან: რამეთუ წმიდა ხარ შენ, ღმერთო ჩუენო, და რომელი წმიდათა შორის განისუენებ, და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე,
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: ყოველი სული აქებდით უფალსა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: აქებდით ღმერთსა წმიდათა შორის მისთა, აქებდით მას სამყაროთა ძალისა მისისათა.
გუნდი: ყოველი სული აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ყოველი სული
გუნდი: აქებდით უფალსა.
დიაკონმან: ღირსყოფად ჩუენდა სმენად წმიდისა სახარებისა უფალსა ღმერთსა ჩუენსა ვევედრნეთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: სიბრძნით აღემართენით და ისმინეთ წმიდა სახარება.
მღვდელმან: მშჳდობაჲ ყოველთა.
მგალობელთა: და სულისაცა შენისა თანა.
დიაკონმან: მათესაგან წმიდისა სახარებისა საკითხავი.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
დიაკონმან: მოხედენ.
სახარება მათესი
ჰრქუა უფალმან თვისთა მოწაფეთა: აჰა, მე მიგავლინებ თქუენ ვითარცა ცხოვართა შორის მგელთა; იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკონი ვითარცა ტრედნი. ეკრძალებოდეთ კაცთაგან, რამეთუ მიგცემდენ თქუენ კრებულსა და შორის შესაკრებელთა მათთა გტანჯვიდენ თქუენ; და წინაშე მთავართა და მეფეთა მიგიყვანენ თქუენ ჩემთვის საწამებელად მათდა და წარმართთა. და რაჟამს მიგცნენ თქუენ, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ ანუ რასა იტყოდით, რამეთუ მოგეცეს თქუენ მას ჟამსა შინა, რასა-იგი იტყოდით. რამეთუ არა თქუენ იყვნეთ მეტყუელნი, არამედ სული მამისა თქუენისაი, რომელი იტყოდის თქუენ შორის, რამეთუ მისცეს ძმამან ძმაი სიკუდიდ, და მამამან შვილი; და აღსდგენ შვილნი მამა-დედათა ზედა და მოჰკვლიდენ მათ; და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათვის, ხოლო რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს.
მგალობელთა: დიდებაჲ შენდა, უფალო, დიდებაჲ შენდა.
მკითხველმან: დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
მეოხებითა წმიდისა მოწამისა ბონიფანტეისითა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩუენთა სიმრავლენი.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მეოხებითა წმიდისა ღმრთისმშობელისათა, მოწყალეო, აღხოცენ ცოდვათა ჩემთა სიმრავლენი.
მიწყალე მე, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, და მრავლითა მოწყალებითა შენითა აღხოცენ უსჯულოებაჲ ჩემი და შემიწყალე მე, ღმერთო.
გერი: შენდა მომართ იხარებენ შვილნი ეკლესიისანი, ქრისტეს ახოვანო მხედარო ბონიფანტე, რომელი არცაღა დაივიწყებ ცოდვილთა, აღამაღლე აწ ლოცვანი ჩუენნი წინაშე ზეციერისა საკურთხეველისა, და გვითხოვე ქრისტეს მიერ შეურყეველად დაცვაი ეკლესიათაი; მოცემად ჯუარითა ძლევაი ერსა ჩუენსა; სიმტკიცე მორწმუნეთა და აღმაღლებაი რქისა მათისაი მწვალებელთა ზედა, მშვიდობაი სოფელსა და წყალობაი სულთა ჩუენთა.
ლოცვა მღვდლისა მიერ სათქუმელი
აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი, და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, მოხედენ სოფელსა შენსა წყალობითა და მოწყალებითა, აღამაღლე რქაი ქრისტეანეთა მართლმადიდებელთაი, და გარდამოავლინენ ჩუენ ზედა მდიდარნი წყალობანი შენნი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა, და მარადის ქალწულისა მარიამისაითა; ძლიერებითა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯუარისაითა; მეოხებითა პატიოსანთა უხორცოთა ზეცისა ძალთაითა; პატიოსნისა, დიდებულისა, წინაისწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანესითა, წმიდისა დიდისა წინაისწარმეტყველისა ელია თეზბიტელისა და მართლისა ენუქისითა; წმიდათა დიდებულთა და ყოვლად–ქებულთა მოციქულთა თავთა, პეტრესა და პავლესითა; წმიდისა მოციქულისა თომასი და საქართველოს განმანათლებელთა მოციქულთა: ანდრია პირველწოდებულისა, სვიმონ კანანელისა, ბართლომესი, თადეოზისა და მატათასითა; ღირსისა დედისა ჩვენისა, მოციქულთა სწორისა, ქალწულისა ნინო ქართველთ განმანათლებელისათა და წმიდათა მოციქულთა სწორთა: მეფისა მირიანისა და დედოფლისა ნანასითა; წმიდათა შორის მამათა ჩუენთა და მსოფლიო დიდთა მოძღუართა და მღდელმთავართა: ბასილი დიდისა, გრიგოლი ღმრთისმეტყველისა, და იოანე ოქროპირისათა; წმიდათა შორის მამისა ჩვენისა ნიკოლოზ მირონ–ლუკიის მთავარეპისკოპოსისა და საკვირველთმოქმედისაითა; წმიდისა დიდებულისა და ღუაწლისა–მძლისა მოწამისა, ძლევა–შემოსილისა გიორგისა და წმიდათა დიდთა ქალწულ–მოწამეთა ბარბარესითა და მარინესითა; წმიდათა მამამთავართა ჩუენთა: პეტრე, სამუელ, სარმეან, მამაი, არსენ, მელქისედეკ, იოანე–ოქროპირ, ნიკოლოზ, ევდემოზ, იოსებ, კირიონ, და ამბროსისაითა; ღირსისა მამისა ჩუენისა იოანე ზედაზნელისა და ათორმეტთა მისთა მოწაფეთა, მეორედ განმანათლებელთა საქართველოს ეკლესიისა და მარადის მფარველთა მისთა და წმიდისა მღდელმოწამისა ნეოფიტე ურბნელისათა; ღმრთივ–განბრძნობილთა ნეტართა მამათა ჩუენთა: ილარიონ ქართველისა, სერაპიონ ზარზმელისა, გრიგოლ ხანძთელისა და საბა იშხნელისათა; ღირსთა მამათა ჩუენთა ათონელთა: იოანე და გაბრიელ ქართველთა, იოანე თორნიკე–ყოფილისა და ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელთა; წმიდათა დიდებულთა და ღუაწლისა–მძლეთა მოწამეთა ჩუენთა: რაჟდენისა, ევსტათი მცხეთელისა, აბო თბილელისა, მიქაელ–გობრონისა, თევდორე მღვდლისა, ქრისტეფორე გურულისა, ნიკოლოზ დვალისა, კოზმანისა, არგვეთის მთავართა დავით და კონსტანტინესითა და კონსტანტინე მთავრისათა; წმიდისა მთავარ–მოწამისა ბიძინასი და წმიდათა დიდებულთა მოწამეთა: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავთა; წმიდისა მოწამისა შალვა ახალციხელისა და წმიდათა ათთა–ბევრთა მოწამეთა, თბილისს ხვარაზმელთაგან მოწყუედილთა; წმიდათა მოწამეთა ექვსი ათასთა გარეჯელთა ბერთა და მრავალთა წმინდათა მამათა და დედათა, აჭარაში თურქთაგან წამებულთა; წმიდათა ღუაწლის-მძლეთა მეფეთა და დედოფალთა: მირდატ, აშოტ, არჩილ, დემეტრე, ლუარსაბ, შუშანიკ და ქეთევანისათა და წმიდათა კეთილ–მორწმუნეთა და დიდთა მეფეთა ჩუენთა: ვახტანგ გორგასალისა, დავით აღმაშენებელისა, დემეტრე–დამიანესი, თამარისა და სოლომონისაითა; წმიდისა ილია მართლისა, ექვთიმე ღმრთისკაცისა და ექვთიმე აღმსაარებლისაითა; წმიდათა აღმსარებელთა მამათა ჩუენთა, იოანესი და გიორგი–იოანე ბეთანიელთა და ღირსისა მამისა ჩვენისა არქიმანდრიტისა გაბრიელისა, აღმსარებელისა და სალოსისაითა; წმიდათა და მართალთა მშობელთა ღმრთისათა იოაკიმ და ანნაისითა (და წმიდისა სახელი, რომლისა არს ტაძარი და დღის წმიდანი მოიხსენიოს), და ყოველთა წმიდათა შენთაითა გევედრებით შენ, მრავალ–მოწყალეო ღმერთო, შეისმინე ჩუენ ცოდვილთა ვედრებაი, და შეგვიწყალენ ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: წყალობითა და მოწყალებითა და კაცთმოყუარებითა მხოლოდშობილისა ძისა შენისაჲთა, რომლისა თანა კურთხეულ ხარ, თანა ყოვლადწმიდით, სახიერით, და ცხოველსმყოფელით სულით შენითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
გალობა 7, კურთხეულარსა
ძლისპირი: აბრამეანთა ყრმათა ბაბილოვნისა ცეცხლი სარწმუნოებითა მოაუძლურეს და ესრეთ ღაღადებდეს: მამათა ჩუენთა ღმერთო, კურთხეულ ხარ მარადის.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გეძიებდენ რაი მეგობარნი შენნი, ნეტარო ბონიფანტე, თავწარკვეთილი გპოეს სტადიონსა მას და მიაახლეს რაი წმიდაი თავი შენი ტანსა შენსა, განახუენ თუალნი და უმზერდი მათ სიტკბოებითა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მრავალვნებული ნეშტი შენი წარიხუნეს რაი ჰრომსა, ნეტარო, ანგელოზმან ახარა აღლაიდას: „აჰა, მიიღე ყოფილი ყმაი შენი, და აწ ძმაი ჩუენი სულიერი, და განუსვენე კეთილად“.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
გიხილა რაი ტვირთი შუენიერი ქრისტეს მხევალმან აღლაიდა, ღაღადყო: „მონაი წარგავლინე, და ბატონსა შეგიწყნარებ, მხსნელსა ჩემსა ბოროტთა მონებისაგან“, და გევედრებოდა დაცვასა და მეოხებასა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
გევედრების შენ ერი შენი, დედაო ღმრთისაო, განგვარინენ ჩუენ ყოვლისაგან რისხვისა და მძლავრებისა, და საუკუნოისაგან დასჯისა, ყოვლად წმიდაო დედოფალო.
გალობა 8, აკურთხევდითსა
ძლისპირი: მხსნელო ყოველთაო, ძლიერო ღმერთო, ცეცხლსა შეთხეულნი ყრმანი იხსნენი, რაჟამს-იგი შეაცურიე, სახუმილით ღაღადებდეს: აკურთხევდით დღესა საქმენი უფლისანი უფალსა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
მამულსა თვისსა აღგიშენა რაი ტაძარი ბრწყინვალე ნეტარმან დედაკაცმან, მას შინა დაასუენა წმიდაი ნეშტი შენი, და მომკუდართა ვნებათა მძლავრებისაგან ჰკურნებდი საკვირველად.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
გალობითა და ლოცვითა ზეშთა ექმნებოდა აღლაიდა ყოველთა ვნებათა წინაშე წმიდათა ნაწილთა შენთათა, და მრავალთა მიიყუანებდა რაი ღმრთისა მიმართ, მოიღო მის მიერ მადლი ეშმაკთა განსხმისაი და ჭირვეულთა შეწევნისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
შენთანა დაეფლა რაი ნეტარი აღლაიდა შემდგომად სიკუდილისა, ღმრთივბოძებულითა მადლითა აღასრულებდით მრავალთა ნიშთა და კურნებათა, და შერაცხილ იქმნა იგიცა წმიდათა დასთა თანა.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
სიტყუაი ღმრთისაი მხოლოი დაუსაბამოი განკაცნა შენ მიერ, ვითარცა უწყის და ღმერთ ყო ბუნებაი კაცთაი და გალობენ: ქალწულო, აკურთხევდით საქმენი უფლისანი უფალსა.
გალობა 9, ადიდებდითსა
ძლისპირი: ევა ოდესმე ურჩებითა წყევაი სოფლად შემოიღო, ხოლო შენ, ღირსო, წმიდა ქალწულო ღმრთისმშობელო, მორჩისა მუცლადღებითა უთესლოდ აღმოუყვავილე სოფელსა კურთხევაი, ამისთვისცა ყოველნი გადიდებთ.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
ვითარ მეოხად და მხსნელად გპოვეს თქუენ, მთხრებლსა მას შინა შთაცვინულთა, ბოროტისა მტერისა განზრახვითა, აწ ჩუენცა ნუ დაგვიტევებთ თვინიერ შეწევნისა, სანატრელნო, და გვიხსენით ყოვლისაგან ვნებისა და საფრხეთაგან ბოროტისა.
წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, ევედრე ღმერთსა ჩუენთვის.
შემწედ გპოვეს რაი მემთრვალეთა და ბილწითა გულის-თქუმითა განცოფებულთა, ღირსად ჩინებულნო, თქუენდა მოივლტიან მხურვალედ შეწევნისა სასოებითა, აწ გულსა შინა მათსა (სახელები) დანერგეთ შიში და მოძაგებაი ცოდვისაი და სიყუარული სათნოებისაი.
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა
ვითარცა მძლე ექმენ ვნებასა და განეშორე თაფლუჭისა შუებასა, ეგრეთვე აწ უსჯულოებათა და ცოდვათა შინა შთაფლულთა (სახელები) ზუაობაი და სილაღე დაამდაბლე, ყოვლად ნეტარო ბონიფანტე, და განათავისუფლე ყოველთა მანკიერთა ზნეთაგან.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
განმანათლე ნათლითა შენითა, ბნელითა ცოდვისაითა შეპყრობილი ესე, ყოვლად უბიწოო ღმრთისმშობელო, და საღმრთოთა მცნებათა ბრძანებისა სლვად ღირს მყავ მე, სძალო ღმრთისაო, რაითა ქებით გიგალობდე შენ.
მგალობელთა: ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ. ("ღირს - არს" - ის ნაცვლად საკითხავი საგალობლები)
მღვდელმან აკმიოს.
მკითხველმან: არა ჰრიდე ჰასაკსა მას შენსა სიჭაბუკისასა, ყოვლად ქებულო ბონიფანტე, არამედ შეურაცხ-ყავ ქადებაი იგი მძლავრისაი სახელისათვის ქრისტესა და შერთული კრებულსა მას მოწამეთასა ჰსუფევ წინაშე მისსა, აწ მეოხ გვეყავ ღმრთისა მიმართ, განაშოროს მახლობელნი ჩუენნი (სახელები) ლაღობისაგან და მთრვალობისა, რაითა სიწმიდითა აღასრულნონ დღენი ცხორებისა მათისა.
ხედვიდა რაი ერი უსჯულოი შენზედ გამობრწყინვებულსა ძალსა ღმრთისასა, შეიტკბობდა ქრისტეს ჭეშმარიტსა სარწმუნოებასა და გევედრებოდა მფარველობასა და შეწევნასა, აწცა დახსენ სულთა ჩუენთა ვნებანი აღძრულნი და ხორცთა სალმობანი ოხითა შენითა, და გამოგვაჩინე სათნომყოფელად ღმრთისა ჩუენისა.
ვითარცა გესლი გუელისაი მოსწამლავს და მოაკუდინებს კაცსა, ეგრეთცა სიხარბითა სასუმელისა სმაი და ბანგისა ხუმევაი მოსწამლავს გულსა და სულსა კაცისასა, და მოაკუდინებს სიყუარულსა ღმრთისა და მოყუასისასა, ამისთვისცა მომთრვალენი და ყოველთა ბოროტთა ვნებათაგან ღელვაგვემულნი (სახელები), შეაწყნარენ ქრისტესა ღმერთსა, რაითა თავი გუელისაი შეჰმუსროს, რომელი განგმირავს მათ გესლითა ცოდვისაითა, და გულისხმა-მოგებულნი განეშორნენ ბილწთა მათ ჩვეულებათა თვისთა.
ვითარცა ხარ მეოხი ურცხვენელი, და მკურნალი მომწოდებელთა შენთაი ჭირთა და სალმობათა შინა, ეგრეთცა წმიდანი ნაწილნი შენნი, ყოვლად ნეტარო ბონიფანტე, წყაროი არს კურნებისაი, და საძვალე შენი მდინარე ნიშთა საკვირველთა, რომელსაცა მიახლებულნი და სურვილითა შევრდომილნი გათავისუფლდებიან ყოველთაგან სენთა და ვნებათაგან, წმიდაო, და იხსნებიან მრავალსახეთაგან სალმობათა და მანქანებათაგან ეშმაკთასა.
ეჰა, საქმე საკვირველი, ვითარ სიღრმესა ბოროტთასა პირველ ურწმუნოებითა დანთქმული მყის თავსა სათნოებათასა აღმაღლდი, წმიდაო, და მოიხუენ დაუჭნობელი გვირგვინი ძლევისაი, აწ მარტვილებრივითა კადნიერებითა შეგვავედრე მარიამ ღმრთისმშობელსა, რაითა განჰბანოს გულნი ჩუენნი ვნებათაგან ბიწიანთა, და ღირს-გვყოს მარადის ქებად და გალობად ღმრთისა:
წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
ყოვლადწმიდაო სამებაო, შეგვიწყალენ ჩვენ, უფალო, გვიხსენ და გვილხინე ცოდავათა ჩვენთაგან,მეუფეო, შეგვინდევ უსჯულოებანი ჩვენნი, წმიდაო, მოიხილე და განჰკურნენ უძლურებანი ჩვენნი სახელისა შენისათვის.
უფალო შეგვიწყალენ (3-გზის).
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, მოვედინ სუფევა შენი, იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს, და მომიტევენ ჩვენ თანანადებნი ჩვენნი, ვითარცა ჩვენ მივუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსენ ჩვენ ბოროტისაგან.
მღვდელმან: რამეთუ შენი არს სუფევა, ძალი და დაიდება, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
მკითხველმან: მიწყალენ ჩუენ, უფალო, შემიწყალენ ჩვენ, რამეთუ ყოველსავე სიტყვის-მიცემისაგან უღონო ვართ, გარნა ამას ვედრებასა შენ, მეუფისა სახიერისა, ცოდვილნი ესე შევსწირავთ. მიწყალენ ჩუენ, უფალო, შეგვიწყალენ ჩუენ.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა.
უფალო, შემიწყალენ ჩუენ, რამეთუ შენ გესავთ, ნუ განმირისხდები ჩუენ ფრიად, და ნუცა მოიხსენებ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ მოიხილე ჩუენზედა წყალობით, ვითარცა სახიერ ხარ, და გვიხსენ ჩუენ სამართლად რისხვისაგან შენისა, რამეთუ შენ ხარ ღმერთი ჩუენი, და ჩუენ ვართ ერნი შენნი, ყოველნივე ქმნულნი ხელითა შენთანი ვართ და სახელი შენი წოდებულ არს ჩუენზედა, და შემიწყალენ ჩუენ.
აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მოწყალების კარი განგვიღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო, რათა, რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა.
მცირე მრჩობლი კვერექსი
დიაკონმან: შეგჳწყალენ ჩუენ, ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგჳწყალენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიაკონმან: მერმეცა გევედრებით, მოწყალებისა, სიცოცხლისა, მშჳდობისა, სიმრთელისა, დღეგრძელობისა, მყუდროებისა, განათლებისა, ცხორებისა, შეწევნისა, შენდობისა და ცოდვათა მოტევებისათჳს ყოველთა შვილთა ჩუენისა ეკლესიისა, რაჲთა დაიცვას უფალმან ღმერთმან ჩუენმან სამეუფოჲ ქალაქი ესე ჩუენი და წმიდაჲ ესე მონასტერი (ანუ ეკლესია) და ყოველი სოფელი სიყმილისაგან, სრჳსა, ძრჳსა, მახჳლისა, ზედა მოსლჳსაგან უცხო თესლთასა და ყოვლისაგან ბოროტისა; რაჲთა მოწყალე გუექმნეს ჩუენ ღმერთი კეთილად დგომისათჳს სახიერებითა და კაცთმოყუარებითა თჳსითა, და გარე წარაქციოს რისხვაჲ, მარადის ჩუენ ზედა მომავალი, და გჳჴსნეს ჩუენ სამართლად ჩუენ ზედა მოწევნულისა რისხვისაგან, და შეგჳწყალნეს ჩუენ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ (12-გზის).
მღდელმან: შეისმინე ჩუენი, ღმერთო, მაცხოვარო ჩუენო, სასოო ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, და რომელნი არიან ზღუათა შინა შორს და ცასა შინა, და მლხინებელ, და მოწყალე ექმენ შეცოდებათა ჩუენთა, და შეგჳწყალენ ჩუენ, რამეთუ მოწყალე და კაცთმოყუარე ღმერთი ხარ და შენდა დიდებასა აღვავლენთ, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: მუხლმოდრეკით უფლისა მიმართ ვილოცოთ.
მგალობელთა: უფალო, შეგჳწყალენ.
კვერექსის ნაცვლად ერისკაცი იტყვის – უფალო, შეგვიწყალენ 3-გზის. დიდებაი… აწდა…
სავედრებელი ლოცვა
ჰოი, წმიდაო, დიდო მოწამეო ბონიფანტე, და ყოვლად ქებულო მართალო აღლაიდა, უღირსებისაგან ღირს-ქმნილნო და ქრისტეს სამწყსოსა შერთულნო, მეოხად მიგავლენთ მისა მიმართ, რაითა მოგვიტევოს შეცოდებანი ჩუენნი, და არღა განაშოროს მოწყალებაი თვისი შვილთაგან თვისთა, არამედ ბრძოლათა შინა ვნებათასა განგვაძლიეროს და განგვარინოს საუკუნოისაგან სასჯელისა.
ჰოი ღუაწლითშემოსილო, ახოვანო მხედარო ქრისტეს ღმრთისაო ბონიფანტე! მოსავთა შენთა მსწრაფლ-შემწეო და ჭირთა შინა ურცხვენელო ხელის აღმპყრობელო, ნუ უგულებელს-ყოფ ვედრებასა ჩუენსა, და მემთრვალეობისა სასტიკითა სენითა შეპყრობილნი და ვნებათა ბილწებითა და ცოდვათა გულისთქუმითა წარტაცებულნი (სახელები) აღმოიტაცე სიღრმეთაგან წარწყმედისაითა, რაითა შეეხოს მათ განმაცხოველებელი მოქმედებაი სულისა წმიდისაი და ელტვოდეს გონებისა და ცნობის მიმხდელთა ჩუეულებათა. კუალად მიითუალე სულთქუმაი და ცრემლი დედათა, დათა, და პატიოსანთა მეუღლეთაი, ქმართა ზედა თვისთა მგოდებელთაი და ყრმათა შეჭირვებულთაი, და წინაშე ხატისა შენისა შევრდომილთა მართლმორწმუნეთა ქრისტეანეთაი, რაითა ლოცვაი და მხურვალე ვედრებაი მათი შეწირულ იქმნას წინაშე ღმრთისა, რომელი უბოძებს ყოველთა მოსავთა მისთა ხსნასა სულისა და ხორცისასა, და შევედრებულთა შენთა იფარავს ბოროტისა მანქანებისაგან და მარადის იცავს ბრძოლათაგან ეშმაკისაითა. მრავალშემძლებელითა ძალითა შენითა განაძლიერე უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, მამაი ჩუენი (სახელი) და ყოვლად-სამღდელონი მიტროპოლიტნი, მთავარეპისკოპოსნი და ეპისკოპოსნი, წინამძღუარნი მონასტერთანი, მწყემსნი და მოძღუარნი, მოღუაწენი და აღმსარებელნი, მონაზონთა სიმრავლენი და ყოველნი ზიარნი მართლმადიდებელისა ეკლესიისანი; განანათლენ ქრისტესმოყუარენი მთავრობანი და მხედრობანი; დაიცვენ კეთილისმყოფელნი ჩუენნი და ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი.
ჰოი, ყოვლად დიდებულო, მხნეო მოწამეო ბონიფანტე და ყოვლად ნეტარო აღლაიდა! ვითარცა გაქუთ კადნიერებაი დიდი, იმეოხეთ წინაშე ღმრთისა, რაითა მოჰმადლოს ეკლესიათა დიდებაი, სამღდელოთა პატიოსნებაი, მთავართა კეთილად მწყსაი ერისაი, მხედართა მამაცობაი, ერისაგანთა უცოდველობაი და დედათა კრძალულებაი, ხოლო ჩუენ აღგვიდგინოს ღმრთისმოსაობაი, სიმართლისმოყუარებაი, მრავალშვილიანობაი, და ქვრივ-ობოლთა შეწყალებაი. მოგვანიჭოს სიწმიდით ცხორებისა სიყუარული, უჯეროთა საქმეთა სიძულვილი და გულისა შემუსრვილებაი, წმიდათა თანა გვირგვინოსნებაი და ცათა სასუფეველისა დამკვიდრებაი, რაითა ჩუენცა თქუენ თანა ვადიდებდეთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
მგალობელთა: ამინ.
დიაკონმან: სიბრძნით! ყოვლადწმიდაო ღმრთისმშობელო, გუაცხოვნენ ჩუენ.
მგალობელთა: უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყჳსა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ.
მღდელმან: დიდებაჲ შენდა, ღმერთო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.
მგალობელთა: დიდებაჲ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
სახელითა უფლისათა, უწმიდესო და უნეტარესო მეუფეო გუაკურთხენ.
მღვდელმან: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლად წმიდისა დედისა შენისათა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთათა და ყოველთა წმიდათა შენთათა, შეგვიწყალენ ჩვენ, ამინ.
მგალობელთა: ამინ. უფალო, შეგჳწყალენ (3-გზის).
დიდებაი მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის),
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, ლოცვითა ყოვლადწმიდისა დედისა შენისაითა, წმიდისა მოწამისა ბონიფანტესა და მართლისა აღლაიდაისა და ყოველთა წმიდათაითა, შეგვიწყალენ ჩუენ, ამინ.
ყოვლისა კეთილისა შემწეო და წარმმართებელო ყოველთა მვედრებელთა შენთაო, წმიდაო მოწამეო ბონიფანტე, კრძალვით შეუვრდებით ყოვლად პატიოსანსა ხატსა შენსა, რომელი უშურველად აღმოაცენებს სიმტკიცესა, მადლსა და წყალობასა, და ვითხოვთ შენ მიერ შეწევნასა, ვინაითგან სისხლი დასთხიე ქრისტეს სიყუარულითა, ნეტარო, კადნიერებაი გაქუს წინაშე მისსა, და გვითხოვე, რაითა უვნებელად დავიცუნნეთ ყოველთა წარწყმედელთა ვნებათა და განსაცდელთა.
დედოფალო, ყოვლად ბრწყინვალეო მარიამ, წმიდისა მოწამისა ბონიფანტესა და მართლისა აღლაიდას ლოცვითა წარგვივიმართენ დღენი ცხორებისა ჩუენისანი, სადიდებელად ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა, ამინ.
შეადგინა თინათინ მჭედლიშვილმა